ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები

2

საზოგადოების ჩაკეტილობა, განსხვავებით მისი ღიაობისაგან, ისეთი მდგომარეობაა, როდესაც საზოგადოება არათუ არ ან ვერ ვითარდება, არამედ იგი მაქსიმალურად ეწინააღმდეგება ყოველ სიახლეს, რომელსაც მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა შეეძლებოდა. თუმცაკი, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ჩაკეტილი საზოგადოება არ იცვლებოდეს. მისი ცვალებადობა მიმართულია არა სიახლისაკენ, არამედ სიძველის გაცოცხლებისა და გატოტალურებისაკენ, რასაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოება თვითიზოლაციისაკენ მიჰყავს, აუცხოებს სამყაროსა და ეპოქისაგან და მას ანაქრონულს  ხდის. დროსთან შეუსაბამობა კი ჩაკეტილ საზოგადოებაში წარმოშობს კონფლიქტებს გარე სამყაროსთანაც და თავად საზოგადოების წიაღშიც, რაც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ არაადეკვატური რეაქციებით, არამედ ერთგვარი კოლექტიური პარანოიითაც ვლინდება ყოველივე ახლის, უცნობისა თუ უცხოს მიმართ.
ჩაკეტილ საზოგადოებას ჰყავს თავისი "დარაჯები" - იდეოლოგიური კასტა, რომელიც მუქარით, დაშინებით, წამქეზებლობითა თუ მანიპულაციით ცდილობს, წინ აღუდგეს სიახლეებს და არ დაუშვას საზოგადოების გახსნა, რაც, პირველ რიგში, მათი ძალაუფლების დაკარგვას მოასწავებს. ამისათვის ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, სრულ აბსურდამდე მიიყვანონ საკუთარი წარმოდგენები, რომლებიც მათ ერთადერთ და უეჭველ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, და ხშირად ძალადობის მეშვეობითაც კი თავს მოახვიონ იგი საზოგადოებას. XVI-XVII საუკუნეებში ასეთ მოვლენას ევროპულმა განმანათლებლობამ ობსკურანტიზმი, ანუ სიბნელის მიმდევრობა (ლათ.Obscura - "ბნელი") უწოდა. ობსკურანტები იყვნენ ადამიანები, რომლებიც რაციონალურ, დოგმატიკისგან თავისუფალ და მეცნიერულ აზროვნებას კიდევ უფრო გაბუნდოვნებულ და გააბსურდულებულ რელიგიურ დოგმებსა და მითებს უპირისპირებდნენ და საღი და ნათელი აზრების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. მოგვიანებით ობსკურანტიზმი ტოტალიტარული რეჟიმების მთავარ იდეოლოგიურ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ყოველგვარი კრიტიკული და თავისუფალი აზროვნების ჩასახშობად გამოიყენებოდა. თანამედროვე, "პოსტტოტალიტარულ" ხანაში ობსკურანტიზმის გამოვლინებებია სხვადასხვა სახის ფუნდამენტალიზმები, რომლებიც ფსიქიკური თუ ფიზიკური ძალადობით ებრძვიან დემოკრატიას და მისი არსებობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს - ლაიციზმს, ანუ სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუციების გამიჯვნას. ამ მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი მაგალითია ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდა, რომელიც უკვე თავის სახელწოდებაშივე აცხადებს საკუთარ მიზნებს (არაბ. ალ-ყაიდა - "ყაიდაზე დგომა"), სადაც ყაიდის, წეს-ჩვეულების დაცვა იგულისხმება. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა მთელი მსოფლიო ისლამურ ფუნდამენტალიზმსა და მის საფრთხეზე აალაპარაკა, რამაც ყურადღება მოადუნა ფუნდამენტალიზმის იმ ფორმებზე, რომლებიც სხვა რელიგიებიდან, კერძოდ კი ქრისტიანობიდან მომდინარეობს. ეს, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩენილ მართლმადიდებლურ ფუნდამენტალიზმს ეხება, რომელიც უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე სულ უფრო მეტად ექსტრემალურ და, ამასთანავე, კურიოზულ სახესაც იღებს რუსეთსა და საქართველოში, რომლის "იდეალი" არა ქრისტიანული უნივერსალიზმი ან "მოყვასის სიყვარულის" იდეაა, არამედ სტალინური ყაიდის ტოტალიტარიზმი და არათავისუფალი აზროვნება.

 

"სწორი აზრის ქონა"
მართლმადიდებლობა ბერძნული სიტყვის orthodoxein-ის ქართული თარგმანია და სიტყვასიტყვით "სწორი აზრის ქონას" ნიშნავს. "სწორ აზრზე", ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის პრეტენზია ყველა რელიგიას აქვს, რაც შუა საუკუნეებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არსებულ სამყაროს წესრიგს გამოხატავდა. "ახალი დროება" კი, რომელიც განმანათლებლობითა და სეკულარიზაციით ანუ საკრალური სააზროვნო და ყოფითი პრინციპების "გამიწიურებით" დაიწყო და მან, ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის ნაცვლად, აზრთა სხვადასხვაობა, მათი მშვიდობიანი თანაარსებობა და დიალოგი დაამკვიდრა. ეს კი თანამედროვე დასავლური ტიპის დემოკრატიული საზოგადოების არსებობის საფუძველია, სადაც ადამიანი თავად ირჩევს საკუთარი აზროვნებისა თუ ყოფის პრინციპებს და მისი რეგლამენტირების უფლება მხოლოდ კონსტიტუციას აქვს. ერთი რომელიმე რელიგიური თუ პოლიტიკური ძალის მიერ ჭეშმარიტებაზე კვლავაც საავტორო უფლების დატაცება დღეს უკვე ფუნდამენტალიზმია, რომლის გამარჯვებაც მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმების მეშვეობითღაა შესაძლებელი. ამის ბოლო ყველაზე წარმატებული ნიმუში ირანის ისლამური რევოლუციაა, რომლის შედეგადაც ამ ქვეყნის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაცა და ყოფითი სფეროც სასულიერო პირების მიერ კონტროლდება.
თუმცაკი ტოტალიტარიზმი არამხოლოდ სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებსა და რეპრესიებზეა დამყარებული. მისი უმნიშვნელოვანესი საფუძველი თავად მოქალაქეების მხრიდან არჩევანის თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა და მისი რომელიმე ავტორიტეტული ინსტანციისთვის მინდობაა, რომელსაც მერე ისინი უსიტყვოდ და უკრიტიკოდ ემორჩილებიან, რადგანაც, მათი რწმენით, ამ ინსტანციამ იცის, რა არის "სწორი აზრი", განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის ზებუნებრივი ძალების სახელით ლაპარაკობს. ეკლესია მზა პასუხებს იძლევა და "მართალი" ცხოვრების ნორმებს აწესებს, რომლისადმი მორჩილებაც ადამიანებს გარკვეულ გონებრივ "კომფორტს" უქმნის, განსხვავებით თავისუფალი აზროვნებისაგან, რომელიც არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს, რაც უსასრულო სულიერ შრომასა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. შემთხვევითი არაა, რომ "მწვალებლობის" აღმნიშვნელი ქრისტიანული ტერმინი "ერესი" (ბერძნ. ჰაირესის) "არჩევანს", "ამორჩევას" ნიშნავს. "მწვალებლები" ყოვლისმცოდნე ინსტანციის ავტორიტეტს არ აღიარებენ ან მათ მზა პასუხები და რეცეპტები არ აკმაყოფილებთ და დაწესებული ნორმებისა თუ დოგმებისაგან დამოუკიდებელ ცხოვრებასა და აზროვნებას ცდილობენ. თუ საზოგადოება თავისუფალია, თავისუფალია იმის ფასად, რომ მას აბსოლუტური ჭეშმარიტების ერთი ნიმუში არ გააჩნია და იგი იძულებულია, ჭეშმარიტებათა უსასრულო სიმრავლეში საკუთარი არჩევანი გააკეთოს, იპოვოს ან თავად შექმნას ის, რაც მის სულიერ თუ ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა.
რელიგიური განწყობის მომძლავრება კი, რომელიც ბოლო დროს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი პოსტტოტალიტარულ სივრცეში შეიმჩნევა, სულიერი კულტურის კრიზისსა და, საზოგადოდ, სულიერების ვაკუუმზე მიუთითებს, როდესაც ადამიანები უამრავ რთულ და მწვავე პრობლემაზე კულტურიდან ვეღარ იღებენ პასუხს. ასეთ დროს ეკლესია ხშირად ფსიქიკურ კრიზისში მყოფ ადამიანებს სულიერების ფასტ-ფუდით ამარაგებს, მორჩილებითა და რიტუალის დაცვით რთული პრობლემების მოგვარებას ჰპირდება. როდესაც მარქსი ან ნიცშე რელიგიას ნარკოტიკს უწოდებდნენ, ასეთი შედარებით ისინი რელიგიის ტკივილგამაყუჩებელ და გამაბრუებელ ეფექტს უსვამდნენ ხაზს, რისი მეშვეობითაც მხოლოდ სინამდვილეზე და ტკივილებზე დროებით თვალის დახუჭვაა შესაძლებელი. ასეთი სუროგატები კი არათუ პრობლემას ვერ აგვარებენ, არამედ მათ საზოგადოება გარე სამყაროსადმი გაუცხოებასა და შიდა რეალობასთან კონფლიქტებამდე მიჰყავს, რისი პირველი ნიშანიცაა რელიგიურ გარემოებში აგრესიისა და ფუნდამენტალიზმის ზრდა. ფუნდამენტალიზმი კი მაშინ ჩნდება, როდესაც რელიგია მთლიანად პოლიტიკურ შინაარსს იძენს და იდეოლოგიებს ჩაენაცვლება და შემდეგ აგრესიული ფორმით იწყებს საკუთარი ერთადერთი და უეჭველი ჭეშმარიტების საზოგადოებისათვის თავზე მოხვევას. თუ უკანასკნელი ოცი წლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მართლმადიდებლობამ პოლიტიკური იდეოლოგიების ადგილი დაიკავა, მათ ჩაენაცვლა და სრულიად გეგმაზომიერად კონტრსეკულარიზაციის შესრულება დაიწყო, რომელიც თანდათანობით სრულიად ფუნდამენტალისტურ სახეს იღებს და ქართული საზოგადოების პოლიტიკური და ინტელექტუალური განვითარების მთავარ შემფერხებელ ფაქტორად გადაიქცევა.

"საქართველო გაბრწყინდება!" ანუ პოლიტიკური მართლმადიდებლობა
საკმაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რომლის ერთ-ერთი პირველი ავტორიც ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევია, საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგია არა მარქსიზმიდან, არამედ მართლმადიდებლობიდან აღმოცენდა. გერმანელი ფილოსოფოსის ოსვალდ შპენგლერის აზრით კი, რუსეთში კომუნისტების გამარჯვება ჯერ კიდევ პეტრე I-ის მიერ დაწყებულ რუსეთის გაევროპულების მცდელობაზე ტრადიციული რუსული მართლმადიდებლობის რევანში იყო. სტალინის პიროვნებაში მართლმადიდებლობის სამშობლოს - ბიზანტიის იმპერატორის ტიპის აბსოლუტისტური ხელისუფლება აღდგა. იმპერატორი კი მართლმადიდებლურ პოლიტიკურ თეოლოგიაში ქრისტეს თანაარსად და, ამდენად, უმაღლეს რელიგიურ ავტორიტეტად აღიქმებოდა. შესაბამისად, მართლმადიდებლობას ბიზანტიაშიც და მის "სამართალმემკვიდრე" რუსეთშიც ხელისუფლების მთავარი იდეოლოგიური ფუნქცია ჰქონდა. ოქტომბრის რევოლუციისა და 20-იანი წლების მოდერნისტული ექსპერიმენტების შემდეგ საბჭოთა კავშირში სტალინმა გაიმარჯვა, რომელმაც ევროპიდან შემოსული სეკულარიზაცია შეაჩერა და მის მიერ შემოტანილი განმანათლებლური თუ ლიბერალური იდეები საბოლოოდ ალაგმა და მთელი ახალი საბჭოთა იმპერია თავის მართლმადიდებლურ-მესიანისტურ ფესვებთან დააბრუნა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეკლესიას კომპარტია ჩაენაცვლა, სამებას - ცოცხალი თუ უკვდავი ბელადები. ძირითადი პრინციპი კი უცვლელი დარჩა: არსებობს ერთადერთი "სწორი აზრი" და მისი განმსაზღვრელი ერთადერთი ინსტანცია (ეკლესია/პარტია), ხოლო ვინც მას არ იზიარებს და თავისუფალ ან კრიტიკულ აზროვნებას ცდილობს, როგორც ერეტიკოსი თუ "ხალხის მტერი", განადგურებას საჭიროებს. 1937 წლის რეპრესიები ბევრი საბჭოთა მოქალაქისათვის განკითხვის ჟამად აღიქმებოდა, რომელსაც კომუნიზმის სახით "ათასწლოვანი სამეფოს" აშენება უნდა მოჰყოლოდა. შემთხვევითი ფაქტი არაა მართლმადიდებლური ეკლესიის ლოიალობა სტალინის მიმართ: განსხვავებით ლენინისაგან, ეკლესიას სტალინი არასდროს აღუქვამს "სატანად" ან "ანტიქრისტედ" და უკვე 30-იანი წლების ბოლოდან მის სახელზე ლოცულობდა. ამისი მიზეზი კი არა მხოლოდ შიშია, არამედ უფრო მეტად ის, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილ მოსწავლეში ეკლესია, თუმცა სახელშეცვლილ, მაგრამ მაინც ბიზანტიურ-მართლმადიდებლური იმპერიის ამაღორძინებელს ხედავს (ამდენად, სრულიად ლოგიკური იქნებოდა ოდესმე სტალინის წმინდანად შერაცხვა!).
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში მართლმადიდებლური ეკლესია იმის დაბრუნებას შეუდგა, რაც მას არა მხოლოდ საბჭოთა იდეოლოგიამ, არამედ ჯერ კიდევ ევროპიდან შემოსულმა სეკულარიზაციამ წაართვა. ასეთი წარმოდგენა მხოლოდ ზედაპირულ სიმართლეს ასახავს, რომელშიც ნაკლები ყურადღება ექცევა ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს, რომელიც პოსტსაბჭოთა ხანაში მართლმადიდებლური ეკლესიის მომძლავრების გადამწყვეტი ფაქტორია: მართლმადიდებლობა ენაცვლება საბჭოთა იდეოლოგიას, ინახავს და რეანიმირებს სტალინისტურ სააზროვნო და მსოფლმხედველობით პრინციპებს. თუკი ადრე საბჭოთა იდეოლოგიური აპარატი იცავდა მოქალაქეებს დასავლური და ლიბერალური იდეებისაგან, დღეს ამ ფუნქციას ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესია და მასთან არსებული სრულიად ფუნდამენტალისტური შინაარსის საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასრულებენ, რომლებიც სტალინური ყაიდის ტოტალიტარული ცნობიერების მთავარ ბასტიონს წარმოადგენენ. ასეთი ზეგავლენის მოპოვება კი ეკლესიამ არა მხოლოდ იდეოლოგიური ვაკანსიის დაკავებით, არამედ ახალი იდეოლოგიური ჰიბრიდის შექმნით შეძლო. ეს ჰიბრიდი კი ნაციონალიზმის საკრალიზაციითა და საკრალურის ნაციონალიზაციითაა მიღებული. ეკლესიამ სეკულარულ სამყაროს ეროვნულობის იდეა წაართვა და მთელი "მიწიერი" სფეროების დაუფლებას შეუდგა. [pagebreak] 
საქართველოში კონტრსეკულარიზაციის დასაწყისის თარიღი 1987 წელია, როდესაც ეკლესიამ საქართველოში სეკულარიზაციის პირველი ავტორი, საეკლესიო ენის საეროთი შეცვლის მთავარი ინიციატორი ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა. ამით სეკულარიზმი, როგორც ეროვნული იდენტობის საფუძველი, საეკლესიო მფლობელობაში გადავიდა, ილია ჭავჭავაძე კი ახალი ქართული პოლიტიკური მართლმადიდებლობის პირველ იდეოლოგიურ სიმბოლოდ იქცა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ილია ჭავჭავაძის სიტყვები - "ენა, მამული, სარწმუნოება" მთავარ საბჭოთა ლოზუნგს - "პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!"-ს ჩაენაცვლა. ასეთი სინთეზით კი თავად მართლმადიდებლობამ დაიწყო ქართული ნაციონალიზმის იდეოლოგიურ ბაზისად ჩამოყალიბება, რომელშიც, ერთი მხრივ, საერო პიროვნებებისა და ღირებულებების გასაკრალურება, მეორე მხრივ, ზენაციონალური და უნივერსალური ქრისტიანული სიმბოლიკის ნაციონალიზაცია და მისი გაქართულება მიმდინარეობს. ეროვნული მოძრაობის ეთნოცენტრიზმს ერწყმის მართლმადიდებლობის, როგორც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელის ფაქტორი, რაც უკვე არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართველებს რიყავს საქართველოსგან, არამედ ყველა ქართველ არამართლმადიდებელსაც. ასეთი ჰიბრიდის პირველი პოლიტიკური ძალის დემონსტრაცია იყო 1990 წლის 28 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანება: "სახელითა მამისა და ძისათა და სულისა წმიდისათა ვბრძანებ: დღეიდან ყოველი ქართველი ადამიანის მკვლელი, მიუხედავად მსხვერპლის (მოკლულის) დანაშაულისა ან უდანაშაულობისა, გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად. მკვლელის სახელი და გვარი შეტანილ იქნას საპატრიარქოს სპეციალურ წიგნში და გადაეცეს თაობიდან თაობას, როგორც სამარცხვინო და დასაგმობი. საგანგებო ბრძანება ესე მიღებულია, რათა საქართველოში იქნას თავიდან აცილებული უმძიმესი ცოდვა და დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე - ძმათა კვლა" (ხაზგასმები სტატიის ავტორისაა). ასეთი შინაარსის ბრძანების მართლმადიდებლურობაზე მსჯელობა თეოლოგებს მივანდოთ. ყურადღებას კი მხოლოდ ორ მომენტზე გავამახვილებ: პირველია ქართველი ერის როგორც ძმათა, ანუ სისხლით მონათესავე თვისტომთა ერთობის განსაზღვრება, დაფუძნებული ნათესაობის ელემენტარულ სტრუქტურაზე, რომელიც გვაროვნული თემისგან არ განსხვავდება, ხოლო თანამედროვე ტერმინოლოგიით ეთნოცენტრიზმი ეწოდება. მეორეა თავად ტერმინი "ერის მტერი", რომელიც სტალინისეული "ხალხის მტრის" პარაფრაზაა და ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ლექსიკონშიც მათი სტალინისტური აზროვნების პროდუქტად გაჩნდა. ამ ბრძანების მნიშვნელოვანება კი ისაა, რომ პატრიარქი არა მხოლოდ ქართველი ერისა და მისი მტრის განსაზღვრებას იძლევა, არამედ საერო ხელისუფლების უფლებამოსილების იურიდიულ ფორმას - "ბრძანებას" გამოსცემს და ამით საკრალურ და საერო სფეროებს აღრევს. თუმცაკი  ასეთი აღრევა უფრო უკეთ გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი ახალი ქართული "ეროვნული იდეა" ამ სფეროების აღრევითა და სინთეზითაა მიღებული. 
გარდა მე-12 საუკუნის მიწურულს გაჩენილი საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვედრობის იდეისა, რომელიც გვიანსაბჭოთა ხანაში ქართულ მესიანიზმად იქნა გაგებული ახალი ქართული ნაციონალიზმის იდეოლოგების (აკაკი ბაქრაძე, ზვიად გამსახურდია) მიერ, ეკლესიას შემოაქვს ახალი ჰიბრიდული სიმბოლო: "ზეციური საქართველო". ეს კი იოანეს "გამოცხადების" 21-22 თავებში აღწერილი სრულიად ზენაციონალური "ზეციური იერუსალიმის", რომელიც აპოკალიფსის შემდეგ მიწაზე უნდა აშენდეს, გაქართულებული და, ქრისტიანული მსოფლმხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთობ გავულგარულებული ვარიანტია. 1989 წლის აღდგომის ღამეს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეკლესიის ისტორიაში უანალოგიო ნაციონალისტური ლიტურგიული ფორმულა შემოაქვს: "ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, საქართველო აღსდგა!", რომლის მეშვეობითაც ქრისტეს სხეულის საქართველოსთან გაიგივება ხდება.
ამგვარად სახეცვლილი და განაციონალისტურებული მართლმადიდებლობა ჯერ "პერესტროიკის" ხანის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, შემდგომ კი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ძირითადი პოლიტიკური მოძღვრების სახეს იღებს, რომელიც ერთი, ასევე, სრულიად ბუნდოვანი და შელოცვის მსგავსი ფორმულირებით - "საქართველო გაბრწყინდება!" გვირგვინდება.
"საქართველო გაბრწყინდება!" - ქართული სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივად ერთადერთი პოლიტიკური "დოქტრინაა", რომელიც პოლიტიკური მართლმადიდებლობისა და ქართული ნაციონალიზმის ჰიბრიდმა წარმოშვა და უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში დომინირებს. რადგანაც ამ ხნის მანძილზე საქართველოში მოქმედ არც ერთ პოლიტიკურ ძალას რეალობასთან მიახლოებული ქართული სახელმწიფოებრიობის არანაირი კონცეფცია არ შეუქმნია, ეს ფორმულა ერთადერთი პოლიტიკური რეალობის განსახიერებად იქცა. სწორედ მისი მადლით საქართველო ურჩხულებით, გველეშაპებით და მათთან მებრძოლი გმირებითა და წმინდანებით დასახლებულ ერთგვარ ვირტუალურ სამყაროში იმყოფება და მხოლოდ სრულიად გაზღაპრებული წარსულის რეპროდუქციას ცდილობს. აქედან გამომდინარე, ასევე ლოგიკურია, ერთი მხრივ, პრეზიდენტების ეკლესიაში ფიცის დადების კურიოზული რიტუალი (პრეზიდენტობა, როგორც სეკულარული ინსტიტუცია, თავის არსში გამორიცხავს საკრალურ ლეგიტიმაციას) და მონარქიის აღდგენის, როგორც ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი გზის იდეები, რადგანაც საქართველო თავისი პოლიტიკური ცნობიერებით არა 21-ე საუკუნეში, არამედ საკუთარი ფანტაზიებით გამოგონილ შუა საუკუნეებში იმყოფება. მეორე მხრივ კი, 2002 წელს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება (კონკორდატი), რომელიც ამ ეკლესიას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს და, ფაქტობრივად, გზას უხსნის ერთგვარი თეოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც როგორც პოლიტიკური, ასევე, ყოფითი სფეროებიც საეკლესიო კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. აქედან გამომდინარე კი, მომავალი საქართველოს პროექტი აიათოლა ჰომეინის დროინდელ ირანს უფრო წააგავს, ვიდრე ლაიცისტურ პრინციპზე დაფუძნებულ, ლიბერალური ღირებულებების თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფოს. ამდენად, "საქართველოს გაბრწყინება" თავისი არსით იმის გამოხატულებაა, რასაც ევროპელი განმანათლებლები ობსკურანტიზმს უწოდებდნენ: როდესაც გონებას, რაციონალურ აზროვნებას სრულიად ბუნდოვანი და არაფრის მთქმელი მითოსური ფორმულები უპირისპირდება და მის ჩახშობას ცდილობს. ასეთი განვითარება კი საქართველოში რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და ექსტრემიზმის ნიადაგს ქმნის, რომლის პირველი ნიშნებიც უკვე სახეზეა და ქვეყნისა და საზოგადოების მომავალს სერიოზული საფრთხითაც კი ემუქრება.

მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის სიმპტომები და მეტასტაზები
როდესაც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" აქტივისტებმა და სამღვდელო პირებმა თბილისში ჰელოუინის მოზეიმე ახალგაზრდები დაარბიეს, - ეს ფაქტი ფუნდამენტალიტმის სიმპტომია: რელიგიურ ფანატიკოსთა ჯგუფი ძალადობს და ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს, რომლებიც უცნაურად გამოიყურებიან, მათგან განსხვავებულად გამოხატავენ მხიარულებას, და, საერთოდაც, არ ცხოვრობენ იმ წესების მიხედვით, რაც მათ ერთადერთ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, ანუ არასწორი აზრი აქვთ. ეს კი ამ მართლმადიდებლებისათვის, როგორც "სწორი აზრის მქონეთათვის", არათუ მიუღებელია, არამედ "სატანისტურია" და ლიკვიდაციას ექვემდებარება, რაც უკვე ფუნდამენტალიზმის მეტასტაზებზე მიუთითებს. ფუნდამენტალიზმის მეტასტაზები ადამიანის ფსიქიკურ და მენტალურ უკანსვლას, ანუ დეგენერაციას იწვევს, რის გამოც, ადამიანს კარნავალურ ფორმაში გამოწყობილი მეორე ადამიანი შეიძლება სატანად ან ავსულად მოეჩვენოს, რადგანაც მისი გონება უძლურია სიმბოლო რეალობისგან განასხვაოს და საგნებს იმ სქემის მიხედვით აღიქვამს, რომელიც მასშია ჩაპროგრამებული. ამდენად, ფუნდამენტალისტი გულწრფელია, როდესაც იგი საკარნავალო კოსტუმში გამოწყობილ ახალგაზრდაში სატანას ებრძვის, ისევე, როგორც გულწრფელი იყო არაერთი ფანატიკოსი კომუნისტი, რომელიც 1937 წელს "ხალხის მტრებს" ავლენდა და ხვრეტდა. ასეთ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას სტალინის სახელით გააკეთებ, თუ მართლმადიდებლობის.
ფანატიკოსები ყველგან არსებობენ, მათ შორის - დასავლეთის ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებშიც, მაგრამ ისინი რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ვიდრე საზოგადოებას კანონმდებლობით, მედიითა და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი ინსტიტუტების მეშვეობით მათგან თავის დაცვა და მათი განეიტრალება შეუძლია. მაგრამ როდესაც ფუნდამენტალიზმის მეტასტაზები ფართო მასებში იწყებს გავრცელებას, მაშინ საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც მათგან თავდაცვის იმუნიტეტი უქვეითდება და უძლური ხდება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ექსტრემიზმს, აღასრულოს საკუთარივე კანონმდებლობა და დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება. მედია არათუ არ აშუქებს, არ აჩვენებს მომხდარს, არამედ ერთადერთი გაზეთი "ალია" ტრიბუნას უთმობს ფუნდამენტალისტებს და მათივე სიტყვებით აფასებს ამ ფაქტს, რაც იგივე იქნებოდა, რომ, ვთქვათ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შეფასებისათვის ალ-ქაიდას ტერორისტები მოეწვიათ. ასეთი დუმილისა და უძლურების მიზეზი არა მხოლოდ ისაა, რომ მედიას ან ხელისუფლებას უბრალოდ ეშინიათ ფუნდამენტალისტების, არამედ უფრო მეტად ის, რომ მათშიც შეაღწია ფუნდამენტალიზმის მეტასტაზებმა, დააავადა, დაასუსტა ისინი, დაუკარგა ეთიკური პრინციპები და დაუქვეითა გონებრივი უნარები. სწორედ ამიტომ, შესაძლებელი ხდება ეკლესიის ჩარევა მედიის საქმიანობაში, თვით ყველაზე "პროფანულ" "რიალითი შოუებშიც" კი - ეს მან უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი და როგორი ლიტერატურული თხზულების დაწერის უფლება აქვს მწერალს, როგორი სპექტაკლის დადგმის ამა თუ იმ თეატრს; საერთოდ, შეიძლება თუ არა წმინდანზე ეკლესიისგან განსხვავებული აზრის ქონა (თუ გავითვალისწინებთ, რომ არაერთი წმინდანად შერაცხული პიროვნება "ქართველი ერის წინაშე დამსახურებისთვისაა" ამ რანგში აღზევებული, მათზე არაკანონიკურ ტონში საუბრის აკრძალვა ძალიან წააგავს თანამედროვე რუსული ინტერვენციების ლოგიკას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ჯერ რუსული პასპორტები ურიგდებათ, შემდეგ კი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად რუსეთის ჯარები შემოდიან). კიდევ უფრო სახიფათოა ფუნდამენტალიზმის მეტასტაზების სკოლაში შეღწევა და მოსწავლეებში ობსკურანტული აზრებისა და ყოფის ნორმების გავრცელება, რაც არათუ მხოლოდ მოგვაგონებს საბჭოთა სკოლის სტერეოტიპებს, არამედ მათზე ბევრად უფრო ანაქრონულია და თავად განმანათლებლობის პრინციპების წინააღმდეგაა მიმართული.
ფუნდამენტალიზმის მეტასტაზები იმდენადაა მოდებული მთელ საზოგადოებაში, რომ ადამიანთა საკამოდ დიდი ნაწილი ქრონიკულად რელიგიურ რიტუალში იმყოფება: ეკლესიის დანახვაზე იწერს პირჯვარს, აკურთხებს ბინას, ავტოს, ყოფით ნივთებს, "მოძღვრის" ლოცვა-კურთხევით მიდის შვებულებაში, ექიმთან, იღებს გადაწყვეტილებებს; თუ საჭიროა, იძალადებს კიდეც, რადგანაც ეს ძალადობა "სწორი აზრის ქონას" ემსახურება და მოძალადეს თავი შეიძლება აპოკალიფტურ მხედრადაც წარმოუდგენია, რომელიც განკითხვის ჟამის მოახლოებას იუწყება, მით უმეტეს, რომ მას ისიც ასწავლეს, რომ განკითხვა ქართულ ენაზე ჩატარდება.
სახელმწიფო კი, რომელიც ასევე დასნეულებულია ამავე მეტასტაზებით, უძლურია დაიცვას და განახორციელოს საკუთარი კონსტიტუცია, რომელიც რელიგიურ შუღლს, ადამიანის რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას და ექსტრემიზმს კრძალავს და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ამ აკრძალვებს სისტემატურად არღვევს. სახელმწიფო ვერ ახერხებს მას საკუთარივე კანონმდებლობა დაუპირისპიროს, რადგანაც მას სახელად "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" ჰქვია.
ეკლესიის ასეთი ზესახელმწიფოებრივი უფლებები კი თავად სახელმწიფოს შინაგან რღვევას იწვევს, რომელიც საკუთარ იურისპრუდენციას ვეღარ ფლობს და მთელ ქვეყანას თვითიზოლაციისაკენ მიაქანებს, სადაც თანდათანობით უკვე ყველაფერს ჩაკეტილი საზოგადოების დარაჯები განაგებენ.  

@