"კმარა! ანუ 10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ"

ხუთი წლის შემდეგ

ილუსტრაცია: ლევან მინდიაშვილი
იდეის ავტორი: კახა თოლორდავა

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს სამოქალაქო საზოგადოება მომზადებული შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა, საფუძვლიანი განსჯისა და ანალიზის შედეგად, ძირითად პოსტულატებად ჩამოაყალიბეს ის აუცილებელი ცვლილებები, რაც საქართველოს წინსვლისთვის იყო საჭირო. ფუნდამენტური რეფორმები ათ ნაბიჯად დაიყო და მანიფესტის სახით ჩამოყალიბდა. მალევე იმავე პოსტულატების მიხედვით გადაიღეს ფილმი "კმარა! ანუ ათი ნაბიჯი თავისუფლებისკენ", რომლის მიზანიც გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობაში საზოგადოების დარწმუნება იყო. ფილმი მაშინდელი არასამთავრობო სექტორის მთავარ ფიგურებთან ჩაწერილი ინტერვიუებით აიგო. ექსპერტები საუბრობდნენ უკუსვლაზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და საბაზრო ეკონომიკის მხრივ შეინიშნებოდა; საუბრობდნენ გაუცხოებაზე, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს შორის არსებობდა; საუბრობდნენ პოსტკომუნისტური სისტემის ნარჩენებზე, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობდა, ხოლო საქართველოს უწოდებდნენ დემოკრატიული ქვეყნის ნახევრად ავტორიტარულ პაროდიას.
მაშინ საკითხი იდგა ასე: 2003-2005 წლებში საქართველო ან გადადგამს ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს, ან დარჩება კარიკატურულ, ბანანის რესპუბლიკად ბანანების გარეშე!
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ფილმ-მანიფესტში მონაწილე ადამიანები აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვნენ. მათი ნაწილი ხელისუფლებაში მოვიდა, ნაწილი, თანდათანობით, აქტიურ ოპოზიციად ჩამოყალიბდა. ფილმის გამოსვლიდან უკვე 5 წელი გავიდა. 21 მაისს მორიგი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. საერთო სიტუაცია და საზოგადოებრივი განწყობა კი თითქმის ისეთივე დაძაბული და მოლოდინით აღსავსეა, როგორიც 2003 წლის არჩევნებზე იყო.
ხუთი წლის წინ დაგეგმილი "ათი ნაბიჯის" გახსენება და მისი ახალი საჟურნალე ვერსიის გაკეთება ამიტომაც გადავწყვიტეთ. დავუკავშირდით თითქმის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ფილმში მიიღო მონაწილეობა და ვთხოვეთ, შეეფასებინათ მოვლენები: დავიწყეთ თუ არა დასახული ათი ნაბიჯით სიარული; გამოიჩინა თუ არა ახალმა ხელისუფლებამ ნება ამ ნაბიჯების გადასადგმელად; რომელი რეფორმები შესრულდა, რომელი გადავადდა ან გადაფასდა; რით მოხდა მათი ჩანაცვლება...
თუ ჩვენი რესპონდენტების გვარებს გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ 2003-ში ერთი რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებული გუნდი ხუთი წლის შემდეგ აბსოლუტურად სხვადასხვა მხარეს დგას. მათ ქვეყნის მოწყობის და წინსვლის განსხვავებული ხედვა აქვთ და ამიტომ შესაძლოა, მათი შეხედულებებიც გადადგმულ, გადასადგმელ თუ დავიწყებულ ნაბიჯებზე რადიკალურად პოლარიზებული გეჩვენოთ. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ პოლარიზების კირკიტი არ ყოფილა. გვსურს, იმ ადამიანებისგან, რომელთაც არშემდგარი სახელმწიფოს განვითარება ევალებოდათ, მოვისმინოთ შეფასებები და პასუხები, ახსნა-განმარტებები და გეგმები. რეალობა არ არის სწორხაზოვანი და გვსურს, განსხვავებული მსჯელობის გვერდიგვერდ დადებით, საზოგადოებას ადეკვატურ, რეალურ და არა პოლარიზებულ შეფასებაში დავეხმაროთ.
ხუთი წლის წინ დასახული ათი ნაბიჯის გახსენება კიდევ ერთი მიზეზის გამო გადავწყვიტეთ - 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოებამ არათუ მსგავსი დეკლარაციის მიღება ვეღარ მოახერხა, არამედ საერთოდ გაქრა აქტიური ასპარეზიდან. მიზეზების ძიება ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ, უბრალოდ, გვსურს, შეგახსენოთ, რომ გააქტიურების და მობილიზების დროა; რომ ადამიანების გონებისა და სამოქალაქო თვითშეგნების გასავარჯიშებლად, მთავრობის 50-დღიანი პროგრამის იმედად ყოფნაზე გაცილებით სასარგებლო სიტუაციის საფუძვლიანი ანალიზი და მორიგ ნაბიჯებზე ჩაფიქრება იქნებოდა. [pagebreak]
ნაბიჯი პირველი
სიტყვის თავისუფლება
2003

8

ლევან ბერძენიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკა: საბერძნეთი წარმოუდგენელია სიტყვის თავისუფლების გარეშე. როგორი თავისუფლებაა ეს? ეს არის ნებისმიერი სიტყვის  -  მართალი და არა მართალი სიტყვის თავისუფლება.

9

თინა ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: ყველას ავიწყდება უმთავრესი და უმარტივესი არსი სიტყვის თავისუფლებისა. ეს არის უფლება, რომ ილაპარაკო ყველაფერზე, რაც გინდა და ამასთანავე, ეს არის უფლება იმისა, რომ ისმენდნენ შენს საუბარს და თანამდებობის პირები ანგარიშვალდებულნი იყვნენ საკუთარი მოქალაქეების წინაშე.

რატი ამაღლობელი, პოეტი: ადამიანს ღმერთისგან მონიჭებული უფლება აქვს, რომ დაარქვას გარკვეულ მოვლენებს სახელი და მას აქვს, აქედან გამომდინარე, სიტყვის თავისუფლება. მისი მთავარი ფუნქცია და ღირსება არის ის, რომ მას შეუძლია სახელდება მოვლენებისა.

9

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი

2008

მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა გვაქვს სიტყვის და გამოხატვის სფეროში. ძალიან ცოტა ქვეყანა თუ მოიძებნება, მსგავსი საკანონმდებლო გარანტიები რომ ჰქონდეს. ჩვენს კანონში ყველა საიმისო გარანტიაა ჩადებული, რაზედაც შეიძლება ნებისმიერმა ჟურნალისტმა იოცნებოს. კანონის მიხედვით, ჟურნალისტი გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან, რადგან სამართლებრივ ურთიერთობებში მხარედ ითვლება მისი დამქირავებელი ორგანიზაცია და არა პირადად ის. კანონში ყველანაირი გარანტიაა ჩადებული საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვისაც, არის ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობის გარანტიები და ვერავინ აიძულებს ჟურნალისტს, წყარო გაამხილოს. ჩვენი კანონმდებლობა უფრო შორს მიდის, ვიდრე ამას ტრადიციულად ითვალისწინებს ხოლმე საერთაშორისო გარანტიები. ჟურნალისტი დაცულია არა მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ კერძო სუბიექტებთან მიმართებაშიც, მაგალითად დამქირავებელთან. მას სრული უფლება აქვს, იმოქმედოს საკუთარი სინდისის და პროფესიული ეთიკის შესაბამისად და არ შეასრულოს ისეთი დავალება, რომელიც მის წარმოდგენებს ეთიკასა და ჟურნალისტურ პროფესიონალიზმზე ეწინააღმდეგება.
ის, რაც შეიძლება, გააკეთოს სახელმწიფომ - მიიღოს კანონი და უზრუნველყოს ამ კანონის გამოყენება სასამართლოს მეშვეობით - უკვე ძირითადად გაკეთებულია. რევოლუციის შემდეგ, რამდენადაც ოფიციალური სტატისტიკის მოძიება შევძელით, 13 საქმის სასამართლო განხილვა მოხდა, რომლებშიც მედია მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა. ამ ცამეტიდან მედიამ მოიგო პრაქტიკულად ყველა საქმე ან პირველივე, ანდა მეორე ინსტანციის სასამართლოებში.
სამართლებრივი გარემო ჩვენთან საკმაოდ ლიბერალურია და ყველა წინაპირობაა იმისთვის შექმნილი, რომ მედია განვითარდეს. თუმცა, პრობლემაა ის, რომ სამართლებრივი ნორმები და რეალობა ყოველთვის ერთმანეთთან თანხმობაში არ არის და ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა იძლევა, სრულად არ არის გამოყენებული. მეეჭვება, რომ ამ მხრივ რაიმე ისეთი პრობლემა იყოს, რისი შეცვლა ან გამოსწორება სახელმწიფოს შეუძლია. ვთქვათ, რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას, ეს არის, პირველ რიგში, იმ კულტურის ნაწილი, რაც ჩვენს მედიაშია დამკვიდრებული და აქ თვით ჟურნალისტებს შორის უნდა შეიცვალოს მიდგომა საკუთარი პროფესიული სტანდარტების მიმართ.
რაც შეეხება "იმედს", ის რაც ამ ტელევიიზის მიმართ მოხდა, მაინც ვფიქრობ, ეს არ იყო ქართული მედიისთვის ტიპური მოვლენა. ამიტომაც, ამ ერთი შემთხვევის საფუძველზე საერთო მედია ტენდენციებსა და სიტყვის თავისუფლების ხარისხზე რომ ვისაუბროთ, არ იქნება სწორი. მიჭირს, "იმედი" განვიხილო, როგორც დამოუკიდებელი მედიის ტიპური მაგალითი, თუ გავიხსენებთ, ვინ იდგა ამ ტელევიზიის სათავეში. ცხადია, მფლობელთან ერთად, ამ ტელევიზიაში მომუშავე ადამიანების ნაწილსაც, კონკრეტული პოლიტიკური ამოცანები ამოძრავებდათ. ერთ-ერთ პრობლემად ხშირად სახელდება ის, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ თანამშრომლობდნენ "იმედთან". მაგრამ თუკი "იმედს" განვიხილავთ, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, მაშინ გამოვა, რომ "იმედსა" და მმართველ პარტიას შორის დაახლოებით ისეთივე თანამშრომლობა იყო, როგორიც მმართველ პარტიას და რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას შორის. ანუ პრობლემა არა მხოლოდ პოლიტიკოსებშია, არამედ მედიის შიგნითაც. ჩემი აზრით, მედიის დღევანდელი პრობლემა არის ის, რომ არ არის საკმარისი საკუთრების პლურალიზმი. პირველ რიგში, ვგულისხმობ საინფორმაციო საშუალებების ათვისებას. ჩვენთან ძალიან მცირედაა ათვისებული ინტერნეტი, რომელიც განსხვავებული აზრების წარმოჩენისთვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და ყველას აძლევს საშუალებას, თავისი თვალსაზრისი მიაწოდოს საზოგადოებას. პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენთან პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების შერწყმა ხდება და მედიას ცალკეული მფლობელები ინსტრუმენტად იყენებენ, აქედან გამომდინარეობს მედიის შიგნით არსებული გამჭვირვალობის პრობლემა. საინტერესოა ასევე, მესაკუთრეების პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესები რა გავლენას ახდენს სარედაქციო პოლიტიკაზე, ეს კომპლექსურად ბევრგან იჩენს ხოლმე თავს, ვგულისხმობ, იგივე "იმედს". თუმცა, "იმედის" შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ეს ტელევიზია მისი მფლობელის ბრმა იარაღად იქცა. "იმედი" არცთუ ბრმა იარაღი იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ტელევიზიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ცნობილი პოლიტიკოსი და ასლან აბაშიძის თანამებრძოლი, რომელმაც მისი პოლიტიკური ძალის გაკოტრების შემდეგ გამოიცვალა ადგილი და მოგვევლინა ჟურნალისტიკაში, მის ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტებს გაუჭირდათ ამ ადამიანთან ურთიერთობა გაეგრძელებინათ, როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტთან.
ესაა ის, რაც "იმედის" შემთხვევას ხდის უნიკალურს და მისი განზოგადება არ არის სასურველი მთელ ქართულ მედიაზე. თუმცა, ცხადია, "იმედის" დახურვა და ის, თუ რა ფორმით დაიხურა "იმედი", რბილად რომ ვთქვათ, საკამათო იყო. საერთოდ, ნებისმიერი ტელევიზიის დახურვა ყოველი დემოკრატიული ქვეყნისთვის ამ დემოკრატიის სერიოზული კრიზისის მანიშნებელია და სერიოზული გამოცდაა მისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მაგალითიდან ყველამ სათანადო დასკვნა უნდა გააკეთოს და ეს პრობლემაც რაღაცნაირად აღმოიფხვრას. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება გაცილებით უფრო წარმატებულად ახერხებდა საქართველოში გატარებული რეფორმების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას, ასევე იმ მიღწევების თუ იმ სირთულეების, დაბრკოლებების თუ წარუმატებლობების შესახებ უცხოელი აუდიტორიის ინფორმირებას და დარწმუნებას, ვიდრე - საკუთარი ქვეყნის შიგნით. თუმცა, ბუნებრივია, ამომრჩეველს პრობლემის ახნა არ სჭირდება, მას გადაწყვეტა უფრო სჭირდება. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო - პირველ რიგში, პოლიტიკურ კულტურას ვგულისხმობ - როცა სერიოზული საკითხების შესახებ საფუძვლიანი დისკუსიები პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და არის ძირითადად მხოლოდ ლანძღვა-გინების კორიანტელი, ძნელია, ელაპარაკო საზოგადოებას ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო სფეროს რეფორმის ნიუანსებსა და ავ-კარგზე.
რაც შეეხება გაუცხოებას ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ჩემი აზრით, ცოტა მარქსიზმის ელფერი დაჰკრავს ამ სიტყვას. მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი საჭიროებები და რამდენად ადეკვატურად პასუხობს ამ საჭიროებებს ხელისუფლება, დღეს უფრო თვალნათლივ ჩანს, ვიდრე გარკვეული პერიოდის წინ იყო. თუკი სოციოლოგიურ გამოკვლევებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველა გამოკითხვით პირველ პრობლემად უმუშევრობა სახელდება, ასევეა ფასების ზრდა, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა და სიღარიბე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი მიღწევაც გვაქვს, მაგრამ საზოგადოებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ფუნდამენტური პრობლემები ჯერჯერობით მოუგვარებელია.

ივლიანე ხაინდრავა

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია

უპირატესად, ტელემედიაზე ვისაუბრებ – გაზეთებში ბევრი რამ არ შეცვლილა; თანაც, ნაბეჭდი მედიის გავლენა საზოგადოებაზე გაცილებით ნაკლებია. მედიასივრცე შეიზღუდა - უშუალოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ აორთქლდა მეცხრე არხი, "რუსთავი-2" გადაიქცა "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად", ანუ – სააკაშვილის გუნდის არხად; "მზე" ჩაჯდა "რუსთავთან" ერთ პაკეტში. შედარებით ახალი ამბავია ის, რაც "იმედს" დაატყდა თავს – არხი, არსებითად, გაანადგურეს ფიზიკურად და მორალურად და არ ვიცი, მოხერხდება თუ არა მისი სრულფასოვანი რეანიმაცია. მედიის ქმედითობა კითხვის ნიშნის ქვეშ შევარდნაძის დროსაც იდგა; გავიხსენოთ პოპულარული გადაცემა "60 წუთი", რომელიც თავიდან რეზონანსული იყო, შემდეგ საერთოდ დაკარგა აზრი – რაც გინდოდა, ის გემტკიცებინა, არაფერი შედეგი მოჰქონდა. დღეისთვის, ხელისუფლებაზე მედიის ზემოქმედების თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა, ხოლო თავისუფალი სივრცე შეიკვეცა - ვუწერთ მინუსს.
ხელისუფლებამ განაცხადა, არც კი ვკითხულობთ, რაც იწერებაო. რა თქმა უნდა, კითხულობენ, საქმის კურსშიც არიან და სათანადო დასკვნებსაც აკეთებენ. ოღონდ – არა საზოგადოებისთვის სასიკეთო დასკვნებს, არამედ – საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობენ. გახსოვთ, ალბათ, ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც დებატებზე უარი თქვა – პირდაპირი პოლიტიკური დებატები გამქრალი იყო ტელესივრციდან; საუკეთესო შემთხვევაში ერთ არხზე იჯდა ხელისუფლება, მეორეზე – ოპოზიცია. ეს არანორმალური მდგომარეობაა; პოლიტიკური დებატები დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამის გარეშე არც უკუკავშირია პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის, არც იდეების, თვალსაზრისების, მიდგომების შეჯიბრი. ახლა ერთგვარი გამოცოცხლებაა არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ არხების უმრავლესობა ხელისუფლების კონტროლქვეშაა და სახელისუფლო კანდიდატებს მოურიდებელ რეკლამირებას უწევენ. არ შემიძლია არ ვთქვა, აგრეთვე, რომ ხშირად ჟურნალისტების დონე არ უწყობს ხელს სერიოზულ დებატებს და დისკუსიებს. ჟურნალისტი არანაკლებ უნდა იყოს მომზადებული დისკუსიის თემისთვის, ვიდრე მონაწილე პოლიტიკოსები.[pagebreak]

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი

თამამად შემიძლია, ვთქვა, ვარდების რევოლუციის შემდეგ სიტყვის თავისუფლების ხარისხმა მკვეთრად იკლო.
ადრე მთავარი პრობლემა ის იყო, რომ რაზეც პრესაში იწერებოდა და ტელევიზიით შუქდებოდა, შესაბამისი უწყებები რეაგირებას არ ახდენდნენ, დღეს კი, შეიძლება ითქვას, ხელისუფლება მედიას სრულად აკონტროლებს და არ აძლევს საშუალებას, სააშკარაოზე გამოიტანოს ის, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში.
მაგალითად, "რუსთავი 2" რევოლუციამდე იყო ძლიერი და გავლენიანი არხი, მას ხალხი ძალიან ენდობოდა. თუ მაშინ რამე ინფორმაცია იბლოკებოდა, ეს იყო მფლობელის გადაწყვეტილება. მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო კარგი ურთიერთობა ჩინოვნიკთან ან თუნდაც ქრთამი, მაგრამ ხელისუფლების მიმართ შიშის გამო სიუჟეტი არ იბლოკებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ერთ არხზე არ გავიდოდა ინფორმაცია, სხვაზე მაინც გაშუქდებოდა.
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დღეს რომელიმე არხზე "დარდუბალა" გადიოდეს?! ავტორებს, ალბათ, დააპატიმრებენ, დახვდებიან, ცემენ, აწამებენ, დაემუქრებიან. დღეს მსგავსი გადაცემა ქართულ მედიაში ვერ გავა, ეს წარმოუდგენელია, ამის გაკეთებას ვერავინ გაბედავს.
სიტყვის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც რევოლუციის შემდეგ მივიღეთ, მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან კანონი არ სრულდება. სად წერია, რომ უნდა შეიჭრა ტელევიზიაში - "იმედში" - დაამტვრიო აპარატურა, ტელევიზიას მილიონის ზარალი მიაყენო, ჟურნალისტები ერთი საათის განმავლობაში იატაკზე პირქვე დააწვინო და მერე რეზინის ტყვიებით და გაზის ყუმბარებით მათზე ინადირო?!
რომელ კანონში წერია, რომ ყოველგვარი ლეგალური საფუძვლის გარეშე უნდა დახურო "კავკასია", რადიო "იმედი", "ტვ-25" ბათუმში?! "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის ცვლა ხომ საერთოდ ლეგენდებად არის ქცეული. ანუ, ფაქტობრივად, დღეს სახელმწიფო ტელევიზიებს ძალიან მკაცრად აკონტროლებს. გამონაკლისი იყო "იმედი" და დღეს არის "კავკასია".
მთავარი განსხვავება შევარდნაძისა და დღევანდელ სისტემას შორის ის არის, რომ მაშინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა სახელისუფლებო ვერტიკალი, ხელისუფლება ვერ მართავდა ვითარებას, მინისტრები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, როგორიც თავისთვის მიაჩნდათ უკეთესად.
დღევანდელი სისტემა კი ყველაზე ცენტრალიზებული სისტემაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. თვითმმართველობა, პარლამენტი, სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, ადვოკატთა კორპუსი, დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებები, ყველაფერი კონტროლდება რამდენიმე ადამიანის მიერ.
მაგალითად, ერთი ადამიანი წყვეტს, რაში დაიხარჯოს ჩხოროწყუს და დმანისის ბიუჯეტები, როგორი ფორმა უნდა ეცვას მებაჟეს და მესაზღვრეს და რა იარაღით უნდა იყვნენ ისინი შეიარაღებული, რა თანმიმდევრობით უნდა გავიდეს ტელევიზიაში ნიუსები და რა ფერად უნდა შეიღებოს ფასადები... ეს არის ცენტრალიზების წარმოუდგენელი დონე. ეს არის მთავარი განსხვავება და სწორედ ეს არის დემოკრატიის, მრავალფეროვნების და პლურალიზმის ნაკლებობა.
ამის მიზეზია გამარჯვებულთა პოზიცია, - ჩვენ გავიმარჯვეთ და აწი არ გვაინტერესებს არავინ და არაფერი, გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა, რადგან გამარჯვებული უკვეთავს მუსიკას.

კახა ლომაია

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

ძნელია, მოიძებნოს მეორე ისეთი სახელმწიფო, სადაც საკანონმდებლო საფუძველი სიტყვის თავისუფლებისთვის მსგავს ლიბერალურ გარემოს უზრუნველყოფს. სიტყვის თავისუფლება ჩვენთან პრაქტიკულად არაფრითაა შეზღუდული, ჟურნალისტის განათლების, მისი ეთიკის და სარედაქციო პოლიტიკის გარდა. უნდა ითქვას, რომ მასმედიის უდიდეს ნაწილში სარედაქციო პოლიტიკა, როგორც დოკუმენტისა და პრაქტიკის ერთიანობა, არ არსებობს. ეს კი ძალიან სამწუხაროა. ჯერჯერობით არ ამუშავებულა არც ჟურნალისტური ეთიკის თვითრეგულირების მექანიზმი - სამწუხაროდ, აქაც ვერ მოხდა შეთანხმება მედიას შორის. მოდით, ვთქვათ ისიც, რაც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკა საქართველოში სანთლით საძებნელია. იქნება ეს ტელე, რადიო თუ ბეჭდვითი სივრცე, პრაქტიკულად ტაბლოიდური პრესის მიერ არის დაკავებული. ეს კი, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული პრობლემაა. თითქმის ყველა ანგარიში, რომელიც პრესის შეფასებას ისახავდა მიზნად, ადასტურებს, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკის სტანდარტები ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენთან არ გაუმჯობესებულა. ისმის კითხვა - არის თუ არა სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში. პირადად მე, მომხრე ვარ სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩარევისა, რადგან მიმაჩნია, რომ თვითონ ჟურნალისტების მოვალეობაა, ხარისხიანი ჟურნალისტიკის სტანდარტებს მიაქციონ დიდი ყურადღება, შექმნან ქმედითი მექანიზმები, რომლებიც დაარეგულირებდა გარემოს და, საბოლოო ჯამში, მიზნად დაისახავდა მაღალი სამოქალაქო სტანდარტების დანერგვას. მე ამ სფეროს ექსპერტი არ ვარ, ვაფასებ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ეცნობა ჩვენს მედიას და უნდა ვთქვა, რომ, სწორედ ხარისხის და ეთიკის მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ჩამოვრჩებით საუკეთესო, თუნდაც, აღმოსავლურ ევროპულ მაგალითებს.
ასევე დგას პრობლემა - აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ევალება, ითვალისწინებს თუ არა მასმედიით გავრცელებულ საზოგადოებრივ აზრს. პირადად მე, ბევრჯერ მინახავს მაგალითი, როცა გარკვეული სიუჟეტის ან პუბლიკაციის შემდეგ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადაუდგამს. სულ ბოლოს, მაგალითად, ასეთი პრეცედენტი მოხდა დავიწყებულ სოფელთან დაკავშირებით, რომელიც სააგარაკო დასახლებად არსებობდა, მაგრამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად რეგისტრირებული არ იყო და მის მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ საშუალება, თავიანთი უფლებები განეხორციელებინათ. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი მათთვის უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა.
თუმცა, ცხადია, მესმის, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობისთვის საჭირო უფრო გამართულ მექანიზმზე. დაგეთანხმებით, რომ ეს მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ამ მიმართულებით ორივე მხარეს აქვს სამუშაო.
არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალისტურ შეკრებაზე გამოიკვეთა. ჩვენთან ერთი სამწუხარო წესი ჩამოყალიბდა, რომ, როგორც ჟურნალისტის ყურადღების ობიექტი, თითქოს, არსებობს მხოლოდ მთავრობა, რომელსაც ეკისრება ყველა პრობლემის მოგვარების ტვირთი. იმ შეკრებაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი თქვა, რომ არსებობს ბევრი ჟურნალისტი, რომელიც ყოველდღიურად მძაფრად აკრიტიკებს მთავრობას, მაგრამ ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, რომელიც აკრიტიკებს საზოგადოების ამა თუ იმ ჩვევას.
ქართულ ჟურნალისტიკას ძალიან აღარიბებს ეს ორგანზომილებიანი დამოკიდებულება - არსებობს მხოლოდ მთავრობა როგორც კრიტიკის ადრესატი. ცხადია, მთავრობა ყოველთვის პროჟექტორის სხივებს ქვეშ უნდა იყოს დაშუქებული, მაგრამ ცხოვრება გაცილებით რთული და საინტერესოა, ვიდრე დამოკიდებულება მთავრობასა და პრობლემას შორის, ხოლო ჟურნალისტის ამოცანა - უფრო მრავალწახნაგოვანი, ვიდრე მუდმივად იმის განხილვა, თუ რა თქვა ჩინოვნიკმა # ოპოზიციონერ #-ზე და როგორ უპასუხა მან პირველს. მსგავსი მიდგომით ხდება საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაპრიმიტიულება, და ამ დროს უკანა პლანზე გადადის საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც საჭიროა, იკვლიო თავის მრავალფეროვნებაში, სირთულესა და წინააღმდეგობებში. მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებ, კითხვის ნიშნები მაინც უნდა დაისვას პროფესიონალურად და კვალიფიციურად. ვფიქრობ, რომ ეს სამუშაო ჩვენს ჟურნალისტიკას ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს.

დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია

კანონი "სიტყვის თავისუფლების" შესახებ ნამდვილად კარგი მივიღეთ, მაგრამ ეს კანონი რეალურად არაფერს ცვლის, რადგან ჩვენთან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის უფრო არაფორმალური მეთოდები გამოიყენება, ვიდრე - ლეგიტიმური. გასაჩივრებას კი, აზრი აქვს დაკარგული, რადგან სასამართლო ხელისუფლება ფაქტობრივად არ არსებობს. სიტყვის თავისუფლება, ერთი შეხედვით, არ იზღუდება განსაკუთრებით გაზეთებში - რაც გინდა ის წერე, არავინ მოგთხოვს პასუხს. რაც შეეხება ტელევიზიებს და ელექტრონულ მედიას, აქ ძალიან სერიოზული პრობლემებია. სახელმწიფოს სრული მონოპოლია აქვს ნაციონალური მასშტაბის ტელევიზიებზე და  დიდ ენერგიას და რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ საკუთარ კონტროლქვეშ მოიქციოს მთელი ტელემედია. ასევე, ბოლო დროს შეიმჩნევა ხელისუფლების ინტერესი ინტერნეტ ფორუმების მიმართ. უშიშროების თანამშრომლები პირდაპირ არიან მიმაგრებულები ამ ფორუმებზე. მართალი გითხრათ, ამას მხოლოდ ჩვენი სახელისუფლო ელიტის თავისებური სნობიზმით ვხსნი - არ მგონია, რომ ეს ფორუმები მოსახლეობის დიდ წრეს მოიცავდეს. მაგრამ, იქაც კი მუშაობენ.

გიგი თევზაძე

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი

სიტყვის თავისუფლებას ბევრი ასპექტი აქვს. დღეს საქართველოში ის კი არ არის პრობლემა, რომ ვინმე რამეს ვერ ამბობს, არამედ, ის, რომ ამ ნათქვამის (მოთხოვნის) განხორციელების, შესრულების შანსი ძალიან პატარაა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველა ყველაფერს ლაპარაკობს, თან ისე, რომ  ძალიან ხშირად ელემენტარული ეთიკური ნორმების დაცვა არ ხდება. მაგალითად, ხშირად არა მარტო ჟურნალისტური სტანდარტის, არამედ, ეთიკური ნორმების დარღვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც მედიაში ხდება ბავშვების მონაწილეობით შემთხვევების გაშუქება. სიტყვის თავისუფლება ტოტალიტარული საზოგადოების კი არა, დემოკრატიული საზოგადოების პრობლემაა. ტოტალიტარულში ის უბრალოდ არ არსებობს და მისი არარსებობაა პრობლემა. ნებისმიერ სისტემაში, რაც არ უნდა ღია იყოს, თავისუფლება ქმნის ოპერაციულ პრობლემებს. ამიტომ, გარკვეული აზრით, დემოკრატიული საზოგადოება არის მცდელობა შეუთანხმებელი შეთანხმდეს – ერთი მხრივ სახელმწიფო სისტემა, რომელიც ყველაზე რაფინირებულ დემოკრატიულ ქვეყანაშიც ძალადობის აპარატია, ხოლო მეორე მხრივ – პიროვნული თავისუფლება. დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ სახელმწიფო სისტემას არ უპირისპირდება თავისუფლება – არამედ – ყოველგვარ ნორმას, რომელსაც საზოგადოება ადგენს იმისათვის, რომ არ განადგურდეს და განვითარება შესძლოს. სიტყვის თავისუფლებაც პიროვნული თავისუფლების ნაწილია: ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ჯერ ვიბრძოდით იმისათვის, რომ სიტყვის თქმის უფლება მიგვეღო, შემდეგ კი ნათქვამის განხორციელებისათვის. ეს უკანასკნელი - პრობლემაა საქართველოში, რადგანაც ჩვენ XIX საუკუნის პოლიტიკური კულტურით და სოციალური კოდირების სისტემით ვმუშაობთ. ეს არ არის ძალიან ცუდი, რადგან შევარდნაძის დროს შუასაუკუნეების საზოგადოებრივ კულტურაში ვცხოვრობდით. სიტყვის თავისუფლების მხრივაც XIX საუკუნის პოლიტიკურ კულტურაში ვართ. დღეს საქართველოში შეთანხმება ყველა პოლიტიკოსს ესმის, როგორც დათმობა და წაგება და არა როგორც მეტის მიღწევის საშუალება. პრობლემა სწორედ ეს ოპერაციული სისტემაა, რომელიც XIX საუკუნისაა და რომელსაც რა ეშველება, ზუსტად არ ვიცი. ალბათ, უშველის ბევრი განათლებული ხალხი, ლიბერალური ღირებულებები, რამდენიმე კარგი გაზეთი და სკოლა, სადაც მხოლოდ ლექსებს კი არ დააზეპირებინებენ ბავშვებს, არამედ კამათს და საკუთარი აზრის გამოთქმას ასწავლიან. თანამედროვე ცივილიზებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენთან სიტყვის თავისუფლების პრობლემა დგას, მაგრამ გამოთქმის თავისუფლების შეზღუდვის კი არა, არამედ, გამოთქმული სიტყვის ძალის და ღირებულების პრობლემა: ანუ, საქართველოში ჯერ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ ამბობს (უმრავლესობა, ოპოზიციური პარტია, აკადემიკოსი, სასულიერო პირი), და არა იმას, თუ რა არის ნათქვამი. შევარდნაძის დროს გარკვეულ თემებზე და პიროვნებებზეც კი არსებობდა ტაბუ - შევარდნაძეზე შეიძლებოდა რაღაცა გეთქვა, მაგრამ ვიღაცაზე ვერაფერს იტყოდი. თან ხიფათიც იყო, რა მოგივიდოდა ამ თქმის შემდეგ, არ იცოდი. დღეს ეს ხიფათი აღარ არსებობს. დღევანდელ ტაბუებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათი რიცხვი არცთუ ისე დიდია. დღეს ეკლესიის განხილვაზე არსებობს ტაბუ, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ უმეტესობამ არ იცის, როგორ უნდა ილაპარაკო ეკლესიის შესახებ: სულ ორი კაცია საქართველოში, ვისაც ეკლესიის პრობლემებზე კონფრონტაციიის გარეშე შეუძლია ლაპარაკი. XIX საუკუნეს ხშირად რომ ვახსენებ - ეს არ არის მეტაფორა: ჩვენ ჩავატარეთ პოლიტიკური პარტიების ღირებულებების კვლევა და აღმოჩნდა, რომ ის ოპერაციული სისტემა, რომელიც დღეს საქართველოშია, არანაირად არ ეკუთვნის მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს და ნამდვილად XIX საუკუნისაა. ეს კვლევაც და ანალიზიც გამოიცა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია
სიტყვის თავისუფლება დღევანდელი ხელისუფლების მიერ ბლოკირებულია. მარტივი მიზეზის გამო, სააკაშვილმა შევარდნაძისგან განსხვავებით, იცის - როდესაც ავტორიტარიზმის გაქანება დიდი გაქვს, მაშინ სიტყვის თავისუფლება ძალიან სახიფათოა. ისიც კარგად იცის, რომ სწორედ იმ ტიპის სიტყვის თავისუფლების პირობებში, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში იყო, გახდა შესაძლებელი ვარდების რევოლუცია. ასევე, კარგად იცის, რომ სწორედ "რუსთავი2" იყო მთავარი ინსტრუმენტი ხალხის აბობოქრებისა და აზვირთებისა, და ჩემთვის დღესაც ძვირფასი დღეებისა, რომლებიც 2003 წლის ნოემბერში გავიარეთ. ამ ხელისუფლებამ პირველი დარტყმები სწორედ საჯარო დისკუსიის ოაზისებზე (ჟურნალისტების პროფესიონალიზმს არ ვგულისხმობ) განახორციელა, როდესაც, მოსვლისთანავე ორი ტელეგადაცემა დახურეს, და დახურეს ძალიან კონკრეტული მიზეზით - ქვეყანაში იღებდნენ ნეობოლშევიკური სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებელ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომლებიც ამ გადაცემებში გააკრიტიკეს, დილით კი - გადაცემები დახურეს. ამის შემდეგ ტელევიზიების ეთერიდან გაქრობის, ჟურნალისტებზე თავდასხმების მთელი სერიალი ვნახეთ. ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების  43 ფაქტოლოგიურად დადასტურებული შემთხვევა არსებობს - სამეგრელოში, კახეთში, იმერეთში, შიდა ქართლში. დაბოლოს, "იმედის" დარბევაც, ჟურნალისტებზე ძალადობაც პირდაპირ ეთერში ვნახეთ. ამისთვის ჯერჯერობით არავინ დასჯილა. ის ხაზი, რომელიც დღეს ხელისუფლებას და "თავისუფლების ინსტიტუტს" უჭირავთ, როცა ამბობენ, სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული კანონი გვაქვსო, რეალურად, არაფერს ნიშნავს. უმძიმესი ვითარებაა, 7 ნოემბერი არ იყო მშიერი ხალხის ამბოხი, ეს იყო სასოწარკვეთილი, გაბრაზებული ხალხის ამბოხი, რომლის ხმაც ოთხი წლის განმავლობაში არ ესმოდა ხელისუფლებას. მთელი ამ ხნის მანძილზე სიტყვა იკარგებოდა, ხელისუფლებამდე ვერ აღწევდა და ერთადერთ რამეს ახერხებდა - ხალხს კიდევ უფრო აბრაზებდა. თავისუფალი სიტყვის მიზანი არ არის ვინმეს გაბრაზება, მისი მიზანია მიგითითოს, დაგანახოს და თუ გონიერი ხარ, გამოგასწორებინოს შეცდომები. [pagebreak]

ალექსანდრე რონდელი

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი

ჩემი აზრით, დღეს საქართველოში არ დგას სიტყვის თავისუფლების პრობლემა. დღეს უფრო ლანძღვის თავისუფლების პრობლემა უნდა გვაწუხებდეს. დღევანდელი ხელისუფლება, ვფიქრობ, რომ უფრო უსმენს თავის ამომრჩეველს და, ამიტომაც, სხვადასხვა ინსტანციებამდე აღწევს კიდეც ხალხის მოთხოვნები.
ვფიქრობ, რომ ნოემბრის მოვლენები არ შეიძლება მხოლოდ უკმაყოფილო ხალხის გამოსვლად შეფასდეს. ჩემი აზრით, აქ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების ელემენტებიც იყო, განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ განსვენებული ოლიგარქის საქმიანობას. სწორედ ამიტომაც ქუჩაში გამოსული ადამიანების რიცხვმა დღითი დღე იკლო.
ასე რომ, დღეს საქართველოში აზრის გამოხატვის თავისუფლება არსებობს. ჩემთვის ერთადერთი დიდი პრობლემა მხოლოდ მედიაა, რომელიც, წესით, სიტყვის თავისუფლების ხარისხზე უნდა მუშაობდეს, მაგრამ ამას არ აკეთებს. მედია ეძებს ინტრიგას და სენსაციებს, ქმნის სტერეოტიპებს, მაგალითად, ისევე, როგორც შექმნეს სტერეოტიპი, რომ გიგა ბოკერია არის მონსტრი, რაც, ჩემი აზრით, დანაშაულია. გიგა ბოკერიას რომ ქვეყნის მტრად დაასახელებენ, ეს უნამუსო თამაშია უფრო.
ეს ყოველთვის ასე იყო - მედია მანიპულირებდა პოლიტიკით და მანიპულატორის როლი იმდენად მოეწონა, რომ ძალიან ღრმად შეტოპა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბეჭდვით მედიასაც. ჩემი აზრით, ელექტრონულთან ერთად, ვერც ბეჭდვითმა მედიამ გამოიყენა სიტყვის თავისუფლება.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მედიაზე ზეგავლენის მოხდენის ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც "რუსთავი-2" ამის ნათელი მაგალითია, მაგრამ, მეორე მხრივ, გვაქვს "კავკასიაც" რომელიც, ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა არ არის, ის უფრო პოლიტიკური პროპაგანდაა.

ლაშა ბაქრაძე
ისტორიკოსი
სამწუხაროდ, სიტყვის ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ არანაირი სერიოზული ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. პირიქით, დღეს სიტყვის თავისუფლება უფრო შეზღუდული გვეჩვენება, ვიდრე იყო ე.წ. რევოლუციამდე. შესაძლებელია, საზოგადოება ამ ფაქტს სუბიექტურად აღიქვამს,  მაგრამ აშკარად უკმაყოფილოა ინფორმაციის მიწოდების იმ ხარისხით, რომელიც დღეს ქართულ მედიაშია გაბატონებული. პირველ რიგში, რასაკვირველია, ეს ეხება ელექტრონულ მედიას და, უპირველეს ყოვლისა, ტელევიზიას. სახელისუფლებო მხარე მეუბნება, ხომ არის გაზეთები, რომლებიც წერენ იმას, რაც უნდათო. ხელისუფლებამ დაინახა, რომ დაბეჭდილი სიტყვის გავლენა საზოგადოებაზე ძალიან სუსტია და შესაბამისად, ამ საკითხს უფრო ლიბერალურად უყურებს, ვიდრე საზოგადოებრივ აზრზე დიდი ზეგავლენის მქონე ტელევიზიებს. ფაქტობრივად, მოხდა ყველა სერიოზული ტელევიზიის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში კონცენტრაცია. სამწუხაროდ, გვიჭირს ვილაპარაკოთ, თუ ვინ დგას დღევანდელი ტელევიზიების უკან, რადგან ამ მხრივადაც ინფორმაცია არ არსებობს.
იმის მაგალითი, რომ ხელისუფლება არ აპირებს ოდნავ მაინც გაუშვას სადავეები ხელიდან, საზოგადოებრივი არხის დღევანდელი მდგომარეობაა. თავის დროზე, რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებამ (შეიძლება, უფრო დავაკონკრეტოთ - გიგა ბოკერიამ) ტელევიზიაში დააბრუნა ზაზა შენგელია. დღეს კი შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ზაზა შენგელიას მესამედ მოსვლა. დაკვეთების შემსრულებელნი საქართველოში ყოველთვის პატივში იყვნენ და არიან.
სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფალნი არ ისმენდნენ ხალხის ხმას, ხალხი იძულებული გახდა, ისევ ქუჩაში გასულიყო და მიტინგების საშუალებით მიეწვდინა ხმა ხელისუფლებისათვის. ხელისუფლება ხელს არ უწყობს საზოგადოების მხრიდან, რომელიც, თავისთავად, ძალიან სუსტია, ისეთი ბერკეტების ჩამოყალიბებას, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს მისცემდა საშუალებას, ზეგავლენა მოეხდინათ გადაწყვეტილების მიღებაზე და თავისი აზრი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებამდე მიეტანათ. ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორია.
ხელისუფლება არ აძლევს ხალხს საშუალებას, გამოიჩინოს ინიციატივა. ინიციატივა უნდა მოდიოდეს ქვემოდან, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. როცა ყველა ინიციატივა მართვადია ზემოდან, მაშინ შეუძლებელია, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს პასუხისმგებლობა. შეუძლებელია, პატრიოტული სიმღერების კონკურსებით საზოგადოებაში პატრიოტიზმის და მოქალაქეობის გრძნობა გაჩნდეს, ეს იგივე შეცდომაა, რასაც კომუნისტები უშვებდნენ.
ვაგლახ, საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ვერც ოპოზიცია, რომელიც სერიოზულ ალტერნატივას შესთავაზებდა საქართველოს მოქალაქეებს, მისცემდა მას ნამდვილი არჩევანის საშუალებას.

გიგი უგულავა

გიგი უგულავა
თბილისის მერი

სახელმწიფოს ვალია, შექმნას გარანტიები. გარანტიები კი, პირველ რიგში, კანონით და პრაქტიკით იქმნება. საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვას გულისხმობს, ჩვენ უკვე წინ ვართ, რაც შეეხება პრაქტიკას, ვიყოთ გულწრფელები, მას სჭირდება დრო და განვითარება. მედია კი, და განსაკუთრებით ბეჭდვური მედია, დღეს სიყვითლისკენაა მიდრეკილი. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ რაც არ უნდა მწვავე იყოს ესა თუ ის საკითხი, კამპანიის წარმოება ჟურნალისტის და მედია-საშუალების საქმე არაა. კამპანია უნდა აწარმოონ პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ფირმებმა, მაგრამ არა მედიამ. ბოლო პერიოდში კი, "იმედის" სახით, ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცა კონკრეტული პოლიტიკოსის კამპანიის იარაღად ტელევიზია. "იმედის" მფლობელს გაუჩნდა მკაფიო და კონკრეტულად არტიკულირებული პოლიტიკური ინტერესები და ამას შესწირა კიდეც ტელევიზია.
აქედან გამომდინარეობს მეორე პრობლემაც და ესაა ვექტორის მხოლოდ ხელისუფლებისკენ მიმართვა. ბავშვობაში, როცა ეზოში კალათბურთის მხოლოდ ერთი ფარი იყო დამაგრებული, ცალკარას ვთამაშობდით, თითის მხოლოდ ხელისუფლებისკენ გაშვერა კი სწორედ ცალკარას თამაშს მაგონებს. მედიას ტყუილად არ ეძახიან მეოთხე ხელისუფლებას. მისი სარედაქციო ავტონომიურობა დაცული უნდა იყოს არა მარტო ხელისუფლებისა და, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, არამედ მეპატრონის პოლიტიკური ინტერესებისგანაც. მით უფრო, რომ ხელისუფლების გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე გაცილებით უფრო იოლი შესამჩნევია. ბევრად უფრო რთულდება საქმე, როცა სარედაქციო დამოუკიდებლობა მეპატრონის მხრიდან ილახება. მაშინ საკითხი ასე დგება - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყენებს მედიას საკუთარი მანიპულაციებისთვის, პრევენცია ორივე შემთხვევაში საჭიროა და დაუშვებელია ბურთის მხოლოდ ცალ ფარში სროლა.
რაც შეეხება "იმედის" დახურვას და 7 ნოემბერს, არავინ დავობს, რომ ეს მძიმე ფაქტი იყო, მაგრამ მე მას მაინც განვიხილავდი, როგორც გლობალური სურათის ერთ-ერთ მტკივნეულ მომენტს. მას შემდეგ განვლილმა თვეებმა დაგვანახა, რომ სურათი არ იყო მხოლოდ თეთრი ან შავი. ხელისუფლების საბოლოო პასუხისმგებლობა კი იმ კონკრეტულ მომენტში იდგა ასე - თავიდან უნდა აგვეცილებინა გაცილებით უფრო დიდი უბედურება, ვიდრე ის იყო, რაც მოხდა. ამის რეალური საშიშროების წინაშე ქვეყანა იდგა. 7 ნოემბერი ყველასთვის, მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ საჭიროა მოხდეს პოლიტიკის დერადიკალიზაცია, ექსტრემისტული მუხტის პოლიტიკისგან მოშორება და მისი რაციონალიზაცია. თუ ამას მივაღწევთ, მაშინ ამით ისევ და ისევ მხოლოდ საზოგადოება იხეირებს, თუ ვერა, მაშინ ყოველთვის ასეთ ტურბულენტურ ზონაში დავრჩებით. ვიტყოდი, რომ ხელისუფლებამ მიმდინარე მოვლენებისგან გაცილებით უფრო მეტი ისწავლა, ვიდრე ოპოზიციამ. რადგან აშკარაა, რომ პოლიტიკის ექსტრემიზაცია სწორედ ოპოზიციას აწყობს.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია
სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსვლისთანავე არა მარტო დახურა და გააქრო 13 გადაცემა, არამედ, მეთოდურად წაიმუშავა საზოგადოებისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. თანაც, მათ იცოდნენ სიტყვის თავისუფლების ფასი. დემოკრატები მოვიდნენ და სწორედ იმ ხალხმა იბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ვინც წესით, მისი დაცვის გარანტი უნდა ყოფილიყო. შეიძლება, ახლა ძალიან არაპოპულარული რამე ვთქვა, მაგრამ როდესაც რომელიმე ოპოზიციონერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობს სიტყვის თავისუფლებაზე, უნდა დავფიქრდეთ - საფრთხე შეიძლება იყოს ის, რომ მან ამ თავისუფლების მოქმედების მექანიზმები იცის. ეს ხელისუფლება კანონებით და რეგულაციით კი არა, პირდაპირ, ადამიანის დონეზე დაუპირისპირდა სიტყვის თავისუფლებას. ყველამ ვნახეთ, როგორ ანგრევდნენ "იმედს" - ჟურნალისტებს სთავაზობდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურს, უცხოეთში სწავლის გაგრძელებას და ა.შ. ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მძიმე, რაც მოხდა, ისაა, რომ მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას კი არა, ჟურნალისტის თავისუფლებასაც შეექმნა საფრთხე. სამაგიეროდ, სრულიად თავისუფალია ჟურნალისტიკა იმ სფეროებში, რომელიც შევარდნაძის დროს, უბრალოდ, არ არსებობდა. ვგულისხმობ სქელტანიან ჟურნალებს, რომელიც ხელისუფლებას ჯერ არ აღელვებს, იმიტომ, რომ მათი აზრით, ის არ ლაპარაკობს ძირითად ქულების მომტან თემებზე. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ როგორც თავის დროზე ინტერნეტი გაეპარათ და შემდეგ, როგორც თავად ჰგონიათ, ამოსდეს ლაგამი, ალბათ, ასევე შეეცდებიან სქელტანიან და მაღალპოლიგრაფიული დონის ჟურნალებსაც მიხედონ. დღეს იქ თავისუფლებაა და ეს შემოქმედებითი, ნამდვილი თავისუფლებაა, მაგრამ ამ ჟურნალებს მასები არ ეცნობა. სააკაშვილის ხელისუფლებას აშენება არ შეუძლია, თორემ, დესტრუქციის დიდი ნიჭი აქვს - მეთოდურად დაანგიეს სიტყვის თავისუფლება, ზუსტად ვიცი, როგორ ხდება ინტერნეტ ფორუმებზე სიტყვის თავისუფლების დანგრევა - შსს განყოფილებებს ევალებათ ეს, შემოდიან სამ-სამი ნიკით და მიზანმიმართულად ანგრევენ თემებს. გვახსოვს "იმედი", რომელიც მართალია, არ ყოფილა დამოუკიდებელი დამკვეთისგან და მეპატრონისგან, მაგრამ მისი არსებობის შემთხვევაში ქართულ მედიაში ორი მხარე იყო წარმოდგენილი - ხელისუფლების და ოპოზიციის და ეს ორივე მხარეს აიძულებდა, რაღაც ბალანსი დაეცვათ. დღეს ტელევიზიის მეპატრონეები მონები არიან ხელისუფლებისა. ამიტომ ვიბრძვით, რომ რამენაირად გავაცოცხლოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმის ილუზია, რომ BBC-დ ვაქცევეთ მას, არა მაქვს, მაგრამ დღეს უკვე ამ ტელევიზიის ყურება შეიძლება და ეს მიღწევაა.
შემაშფოთებელია ისიც, რომ საუკეთესო კადრები წავიდნენ ჟურნალისტიკიდან, წავიდა ნათია ზამბახიძე, რომელსაც ეკუთვნის მსოფლიო რეზონანსის ტერმინი - "ვარდების რევოლუცია". იყო ტელევიზია, რომელსაც ვუყურებდით იმიტომ, რომ იქ იყო გადაცემა "არჩევანის ზღვარზე", დღეს აღარც გადაცემაა და აღარც ჟურნალისტი ქართულ მედიაში. ჩვენ არა ვართ განებივრებული ტალანტებით, ამიტომაც, პოლიტიკურ ჟურნალისტებს გაფრთხილება სჭირდებოდათ. გვაქვს სხვა მაგალითიც - როცა ჟურნალისტმა მოიარა თითქმის ყველა ტელევიზია და დღეს მეორე წრეზეა წასული. ჩვენ მისგან კვალიფიკაციას კი ველით, მაგრამ პრინციპულობა, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ის, რომ ძალადობა, აგრესია და სისხლი შეიყვარა ჩვენმა მედიამ, არ მაკვირვებს, ტელევიზიებს ჰგონიათ, რომ ეს ხალხის მოთხოვნაა. სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ტელევიზიებში თავი მოიყარა ბევრმა გაუნათლებელმა ადამიანმა. ხალხის მოთხოვნაა კარგი გასართობი გადაცემები, იუმორი. რაც შეეხება გაზეთებს, იქ იმდენად ცოტაა რამაა წასაკითხი, ხანდახან მეშინია, ქართულად კითხვა არ დამავიწყდეს. და თუკი ტალანტი გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები მის პოლიტიკურ პოზიციას, ლამის გაფეტიშებული მყავს. კვალიფიკაციის პრობლემა ერთია, მეორეა შსს-ს ზედმეტი დიფუზია ამ სფეროებში. რეალურად, მდგომარეობა უარესია, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო, მაგრამ საკანონმდებლო თვალსაზრისით რაკი ყველაფერი რიგზეა, თუ გამოჩნდებიან კარგი ჟურნალისტები და თუ ხელისუფლება შეწყვეტს ხელის ფათურს, რაღაც აუცილებლად შეიცვლება. [pagebreak]

ნაბიჯი მეორე
განათლების რეფორმა
2003

გიგი თევზაძე, სოციოლოგი: ყველაფერი, იქნება ეს დირექტორის არჩევა თუ ახალი პროგრამები, თვითმიზანი არ არის, თვითმიზანი არის ერთადერთი - ბავშვი ივლის ისეთ სკოლაში, სადაც ის გაიზრდება, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე და ექნება ლიბერალური ღირებულებები.

ლევან თარხნიშვილი, სოციოლოგი: უნდა შეიქმნას მშობელთა საბჭოები, მასწავლებელთა საბჭოები, რომლებიც შემდეგ შექმნიან გაერთიანებულ საბჭოს, დაიქირავებს დირექტორს, დირექტორი ამ შემთხვევაში იქნება არჩევითი თანამდებობა.

2008

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
ახლა რასაც მოგახსენებთ, ჩემი აზრი არ გახლავთ. საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების საერთო აღიარებით, იმ სისტემურ რეფორმებს შორის, რომლებიც საქართველოში გატარდა, ერთ-ერთი თვალსაჩინო განათლების რეფორმაა. ამ რეფორმამ შეცვალა ოთხი ბურჯი, რომელზეც ნებისმიერ ქვეყანაში განათლების სისტემა დგას, ეს არის მართვის მოდელი, დაფინანსების მოდელი, სწავლისა და სწავლების შინაარსის მოდელი და რესურსები. სულ ბოლო შეფასება, რომელიც ამ წლის დასაწყისში გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა საერთაშორისო შემფასებელმა იაპონურმა კომპანია "პადეკომ", ასეთი გახლავთ: ქართული რეფორმები უპრეცედენტო და წარმატებულია, როგორც მათი მასშტაბით, ისე სისწრაფით. ამავე აზრს იზიარებს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია, რომელმაც 2007 წლის მაისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში განაცხადა, რომ ქართული განათლების რეფორმა სანიმუშოდ უნდა ჩაითვალოს, ხოლო იმ სახელმწიფოებმა, რომელთაც ჯერ ეს რეფორმა არ განუხორციელებიათ, მაგალითი საქართველოსგან უნდა აიღონ.
ვნახოთ ის, რისი გაკეთებაც მოხერხდა 2004 წლიდან დღემდე: სისტემაში სამართლიანი კონკურენცია გაჩნდა, შემოვიდა ობიექტური შეფასების მეთოდები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებმა შეიძინეს ავტონომიიის მაღალი ხარისხი, სკოლებში სამეურვეო საბჭოების სახით, უნივერსიტეტებში აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოებისა და სამეცნიერო დაწესებულებებში სამეცნიერო საბჭოების სახით. არჩევითობის საფუძველზე ისინი თვითონ წყვეტენ ხელმძღვანელის ვინაობას და თვითონვე განაგებენ ადმინისტრაციულ და აკადემიურ საკითხებს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა კი უპრეცედენტოა მსოფლიოს ამ ნაწილში.
რაც შეეხება სწავლის შინაარსს, ჩვენ უკვე სრულიად თანამედროვე მეთოდიკაზე გადავედით, რომელიც უარს ამბობს მექანიკურ დამახსოვრებაზე და მოსწავლეში განავითარებს ანალიტიკურ, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ უნარებსა და ცოდნას. დაფინანსება მთლიანად მოსწავლეზე, სტუდენტსა და მეცნიერზეა ორიენტირებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაა ძველი სისტემიდან.
გარდა ამისა, მოხდა მატერიალური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განახლებაც. განათლების სისტემაში ჩაიდო ინვესტიცია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში სისტემას არ ენახა.
თუმცა, ცხადია, ყველა რეფორმა განწირულია წარუმატებლობისთვის, თუ მას არ ახლავს შეფასება, ანალიზი და კორექტივები. ამიტომ, ბოლო დროს პრეზიდენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები განათლების რეფორმის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. მან, ძირითადად, ორი მიმართულება დასახა. პირველი იყო სკოლებში მასწავლებელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მეორე - მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი. სახელმწიფომ უნდა შექმნას ის გარემო და პირობები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს საჯარო სკოლების 70 ათასამდე მასწავლებელს, ჩაერთოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში. ჩვენი საუკეთესო პედაგოგები ყოველთვის ზრუნავდნენ თვითგანვითარებაზე, მაგრამ დღეს საჭიროა შეიქმნას საამისო სისტემა და მასწავლებლის კვალიფიკაციის ზრდა არ იყოს დამოკიდებული ცალკეული პიროვნებების ენთუზიაზმზე.
პრეზიდენტი აგრეთვე შეეხო სასწავლო გეგმებს. ვფიქრობ, რეფორმის ამ ნაწილში ძალიან კარგი საფუძველი გვაქვს ჩაყრილი, შეიქმნა ახალი პროგრამები, ახალი სახელმძღვანელოები და ეროვნული სასწავლო გეგმაც დამტკიცდა. სხვათა შორის, ეს გახლავთ 200-300 გვერდიანი უნიკალური დოკუმენტი, რომელიც მანამდე არ გვქონდა. ანუ გვქონდა ზოგადი განათლების სისტემა, მაგრამ არა ეროვნული სასწავლო გეგმა. დღეს ეს გეგმა გვაქვს, მაგრამ საჭიროა, ამ სასწავლო გეგმებში პედაგოგთა მონაწილეობის ხარისხის გაზრდა.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია
საქართველოში განათლების სისტემას ნამდვილად სჭირდებოდა გამოცვლა; არ გვქონია საკუთარი განათლების სისტემა, საბჭოთა განათლების სისტემა კი, მოგეხსენებათ, საბჭოთა ადამიანებს ზრდიდა; კორუფცია იყო შეჭრილი განათლების სისტემაში - უნივერსიტეტებში, სკოლებში. გამოცდები გამოვიდა უნივერსიტეტებიდან და სკოლიდან, გახდა დამოუკიდებელი და ეს მაღალ პროფესიულ დონეზე გაკეთდა, მაია მიმინოშვილმა ძალიან კარგად იმუშავა; მაგრამ, სანამ ერთი საქმე კეთდებოდა, მეორე ფუჭდებოდა. ვიღაცამ მოიფიქრა, რომ ამ კარგად ორგანიზებულ გამოცდებზე უნარ-ჩვევების ტესტის მიხედვით უნდა განგვესაზღვრა სახელმწიფო გრანტის გაცემა. ეს არაა ქართული იდეა, ეს არც ევროპული იდეაა. ამგვარი სისტემით ჩვენ ახლა ვეძებთ არა ტალანტებს, არამედ იმათ, ვისაც მიმეტეტიკური აზროვნება აქვთ, მიმეტიკით აღჭურვილნი კი, ძირითადად, საშუალო ნიჭის ადამიანები არიან, მათ შორის ე.წ. მზუთხველებიც. ამ გამოცდას ვერ ჩააბარებდა გალაკტიონ ტაბიძე. საშუალო ტალანტის ადამიანი ამას იოლად გაკვნეტს. ჩემთვის ეს თავიდანვე გაუგებარი იყო და ამას თავიდანვე ვამბობდი. რეალურად, მდგომარეობა ახლაც მძიმეა, სკოლაც ძალიან ცუდად მუშაობს. საქმე ისაა, რომ თურმე, საქართველოში მასწავლებელმა ბავშვებს უხელფასოდ უნდა მისცეს ისეთი განათლება, რომელიც მსოფლიოში იქნება კონკურენტუნარიანი. სკოლების აღჭურვა ხდება ასე - მთავარია, სკოლას ჰქონდეს მეტალოპლასტიკის კარ-ფანჯარა და ერთი-ორი კომპიუტერი. აქ მოხდა განსაკუთრებული კაზუსი, ბავშვებს სკოლაში დაახვედრეს ძალიან მძიმე პროგრამული პროდუქტი, ლინუქსი, გადაწყვიტეს, ეს ბარიერი აღემართათ ბავშვსა და კომპიუტერს შორის, რომელსაც ბავშვები სახლებსა და ინტერნეტ კაფეებში ანგრევენ. მასწავლებლების გადამზადება არ მომხდარა, გაკვეთილის სტრუქტურა არ შეცვლილა, არავითარი ინტერაქცია არ მიდის გაკვეთილზე, ხდება ცოდნის დემონსტრირება, თანაც, ეს ცოდნა შეიძლება 30 წლის წინანდელი იყოს. ძველი კადრები არ გარდაქმნილან. 135 ლარად ვერც ვერავინ გარდაიქმნება. ჩვენ, რესპუბლიკელებს, გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც განათლებას ეკუთვნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%, ამჯამად ეს 2%-იც არ არის, და რაცაა ისიც, ძირითადად, კარ-ფანჯრებზეა დახარჯული, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარი მაინც უნდა იყოს და ასეთ მასწავლებლებთან უკვე შეიძლება მუშაობა, თანაც, ნელ-ნელა, ეტაპობრივად და არა რევოლუციურად.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი
არსებული განათლების სისტემა უნდა დანგრეულიყო, ეს ფაქტია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორი სისტემაც გვქონდა და ამიტომ, ვფიქრობ, უადგილოა ტირილი და წუწუნი, რომ გუშინ ის პროფესორი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, დღეს - ეს, და რომ ახალი რეფორმის ავტორებმა დაანგრიეს უნივერსიტეტი. ეს არ იყო კარგის ნგრევა - მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში ვმუშაობდი და კარგად ვიცი, რომ დასანგრევი კი არა, დასაწვავი იყო ის სისტემა, რომელიც მაშინ გვქონდა. მაგრამ როცა ანგრევ, უკეთესი უნდა ააშენო, საამისო კადრები და გამოცდილება კი ჯერ არ გვაქვს. აშკარაა, რომ დღეს განათლების სისტემაში პრინციპი უკეთესია, რომ არსებობს რეფორმების შედეგად გამოჭრილი უკეთესი სქემა და თარგი, მაგრამ ამ პრინციპს ხორცშესხმა სჭირდება, ხორცშესხმას კი - სათანადოდ მომზადებული კადრები. სისტემა, რომელიც დასავლეთიდან გადმოვიღეთ, იქ საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ჩვენთან ორ დღეში როგორ უნდა დაიხვეწოს?! პრობლემას ქმნის დაფინანსებაც, რაც აისახება იმაზე, რომ კარგი კადრების მოზიდვა ჭირს.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ განათლების რეფორმა წარმატებულია, ჯერ მარტო მისაღები გამოცდებისთვის ღირდა ეს ცვლილებები. მაგრამ როგორც ნებისმიერ რეფორმას, მას თან მოჰყვა ბევრი გაუგებრობა, სირთულე, შეცდომა და ფაქტია, რომ ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. წარმატებული რეფორმა არ ნიშნავს იმას, რომ ის სწრაფად ხდება, განათლების სისტემის შეცვლას ყველაზე მეტად სწორედ დრო სჭირდება.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია
რასაც ვამბობდით და ვგეგმავდით, იქიდან ბევრი რამ გაკეთებული არ არის. ერთიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა დახარჯულიყო განათლებაზე, რაც არ მოხდა. სტიპენდიური სისტემა არ მუშაობს, დაფინანსების ის ვაუჩერული სისტემა კი, რაც ჩვენთან დანერგეს, უნიკალურია - ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ყველგან უნივერსიტეტებს აფინანსებენ და არა სტუდენტებს. ეს ამათი ინოვაციაა. კი, ამუშავდა სამეურვეო საბჭოები და დირექტორების არჩევითობის პრინციპიც, მაგრამ ყველგან, ევროპაშიც და ამერიკაშიც, დირექტორებს ან მუნიციპალიტეტი ან ცენტრალური ხელისუფლება ნიშნავს. ერთიან ეროვნულ გამოცდებს რაც შეეხება, ეს ერთადერთი წარმატებული პროექტია და ისიც შევარდნაძის ეპოქაში მომზადდა. ბევრი რამ აქაც ხარვეზიანია, სრულიად გაუგებარია, რატომ ხდება მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტების მიხედვით სტუდენტის დაფინანსება (ან სულაც, რა საჭიროა ასეთი ტესტი?), და რატომაა იგნორირებული სხვა საგნების შედეგები და ა.შ. გარდა ამისა, სკოლაში სწავლა საერთოდ ყოველგვარ მოტივაციას მოკლებულია - უმაღლესში ჩაბარებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს კარგი ნიშნები გაქვს თუ ცუდი. ახალი სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები უკიდურესად არაკვალიფიციურადაა შედგენილი, ცალკე საკითხია საჯარო სკოლების აკრედიტაცია - ეს არის სრული აბსურდი: გამოდის, რომ სახელმწიფო საკუთარ თავს უწესებს რაღაც მოთხოვნას და თუ ეს მოთხოვნა არ სრულდება, სკოლას ხურავს, ანუ საკუთარ თავს სჯის. ყველანაირი უმაღლესი სასწავლებლების მართვის სტრუქტურა კანონითაა განსაზღვრული, რაც პროკრუსტეს სარეცელს უფრო წააგავს და ავტონომიურობის პრინციპს ეწინააღმდეგება... შემიძლია დიდხანს გავაგრძელო, თუმცა, რაც ვთქვი, ალბათ, ისიც საკმარისია.[pagebreak]
გიგი უგულავა
თბილისის მერი
განათლების რეფორმა საზოგადოების ტრანსფორმაციის ქვაკუთხეთად მიმაჩნია. თუმცა, ჩემი აზრით, მისი პრაქტიკაში გატარება ყველაზე უფრო უმადური და რთული საქმეა, რადგან ხელშესახები შედეგები გვიან მოსდევს.
საერთოდ, ჭკუას სწავლობს ის, ვისაც აქვს ჭკუა და შეცდომასაც ის უშვებს, ვინც რაღაცას აკეთებს. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ ამ რეფორმის განხორციელებისას რაიმე ფუნდამენტური შეცდომა იყო დაშვებული და ეს არც პრეზიდენტს უგულისხმია პედაგოგებთან შეხვედრისას. პირიქით, ჩემი აზრით, განათლების რეფორმის ავტორებმა სისტემის ფუნდამენტური ცვლილება შეძლეს. ამის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დასტურია ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება. ყველას გვახსოვს, რომ ძველი რეჟიმის კორუმპირებულობის სიმბოლო საგზაო პოლიციასთან ერთად მისაღები გამოცდები იყო. უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ქრთამის აღება რეფორმის შედეგად მოისპო. დღეს უკვე ვერავინ იტყვის, რომ გამოცდებში ვიღაც ფულს აკეთებს. ამას მარტო იმიტომ ვერ იტყვიან, რომ ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებზე 10-15 პარლამენტარის და ძირითადად, უმრავლესობის დეპუტატების შვილები იჭრებოდნენ.
ფუნდამენტური ცვლილება იყო ასევე სკოლების თვითმმართველობის შემოღება. დღეს უკვე 400 ათასი ადამიანია არჩეული საქართველოს 3 ათასი სკოლის სამეურვეო საბჭოებში. მშობლებმაც აქტიური მეურვეობა დაიწყეს სკოლებზე, რომლებშიც მათი შვილები სწავლობენ. თუმცა, მასაც თავისი სირთულეები ახლდა - დირექტორთან შეუთავსებლობა, სამეურვეო საბჭოს შიგნით წამოჭრილი პრობლემები, მაგრამ ზუსტად ესაა დემოკრატია. დემოკრატია აქედან იწყება - სკოლის თვითმმართველობიდან და სოფლის თვითმმართველობიდან.
ვფიქრობ, რომ განათლების რეფორმა იმდენად სწორ ფუნდამენტზე აეწყო, რომ ახლა უკვე შეუქცევადი პროცესია. ახლა გადავდივართ მორიგ ეტაპზე, როცა მოხდება საუნივერსიტეტო რეფორმა, ფაკულტეტების გამსხვილება, ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე გადასვლის უფრო მოქნილი მექანიზმების დანერგვა, უმაღლესი განათლების იმ სტანდარტამდე მიყვანა, როცა აქ ცოდნამიღებული ადამიანი კონკურენტუნარიანი გახდება საერთაშორისო ბაზარზე. ჩემი აზრით, ინტელექტი უსაზღვროა, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, თუ პროფესიონალი ადამიანი სამუშაოდ უცხოეთში წავა ანდა პირიქით, უცხოელი ჩვენთან ჩამოვა. რადგან ინტელექტუალური ბაზარი ინტეგრირებული და ღიაა. ანუ ის რადიკალურად განსხვავდება მექანიკური სამუშაო ადგილებისგან, რომლის უცხოელი კადრებისგან მაქსიმალურად დაცვაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა სცადოს, რათა რაც შეიძლება მეტი საკუთარი მოქალაქე დაასაქმოს. ინტელექტუალური ბაზარი კი გახსნილია და რაც უფრო მეტი შემოდის და მეტი გადის, მით მეტი გამოცდილება გროვდება და მით მეტად ვითარდება ქვეყანა. განათლების რეფორმის მიზანიც ესაა - საზღვრებგახსნილი ინტელექტუალური ბაზრისთვის პროფესიონალი კადრების მომზადება. ამ მიზანს კი, ვფიქრობ, სწორი გზით ვადგავართ.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია
ეს ის მიმართულებაა, სადაც ვერ ვიტყვით, რომ არაფერი გაკეთებულა. ეროვნული გამოცდების ცენტრმა ცაიტნოტის პირობებში იმუშავა და არდაფასება იმ ადამიანებისა, რომლებმაც ერთ წელიწადში გასაკეთებელი საქმე ორ თვეში გააკეთეს, უმადურობა იქნებოდა. კორუფციამ მისაღებ გამოცდებზე სერიოზულად დათმო პოზიციები. იყო ხარვეზებიც; მაგალითად - ეროვნული უმცირესობები რომელიღაც ეტაპზე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ენობრივი პრობლემის გამო. ეს შეცდომა კი გამოასწორეს, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე თემაა და შეიძლებოდა ამ გაუგებრობის თავიდან აცილება. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების სტილია ძალადობრივი ელემენტის შეტანა ყველგან და ყველაფერში და ბუნებრივია, ვერც განათლების სისტემა გადაურჩა ამას. ის, რაც მოხდა უნივერსიტეტში, არ იყო მისაღები. ფორმას გადავაყოლეთ ბევრი რამ, შინაარსი გვერდით დაგვრჩა - განათლების ხარისხი დაეცა. ხელისუფლების მოქმედების სტილი ასეთია: რაღაც სქემა ხდება დომინანტი, და რეალობა ეტევა თუ არა ამ სქემაში, ამაზე აღარავინ ფიქრობს. ადამიანი სრულიად უგულებელყოფილია. ეს მექანისტური მიდგომაა, რომელსაც ხშირად ეწირება არსი და ათასობით ადამიანი, თავისი უნარით, გამოცდილებით, და სურვილით, რაიმე აკეთოს.
ზოგადად კი – ქართველებს შრომის დაბალი კულტურა გვაქვს, პოლიტიკოსებს ეზარებათ კონსტიტუციის წაკითხვა, ჟურნალისტებს იმის გარკვევა, რას წარმოადგენს რესპონდენტი; ზოგი მასწავლებელი გაკვეთილზე დღესაც იმ ცოდნით შედის, რომელიც 30 წლის წინ ინსტიტუტში მიიღო.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია
განათლების რეფორმა კარგად დაწყებული და მერე ძალიან გაფუჭებული საქმის კიდევ ერთი მაგალითია. რასაც ვამბობდით 2003 წელს "10 ნაბიჯში" თითქოს ყველაფრის განხორციელება დაიწყო. თუმცა, დაავიწყდათ მთავარი. ხარისხიანი განათლება მხოლოდ მძიმე ადამიანური შრომის შედეგია და სწორედ ეს ადამიანები, მასწავლებლები დაივიწყეს. დაივიწყეს, რომ შედეგიან რეფორმას ადეკვატური დაფინანსება სჭირდება. ესეც კლასიკური მაგალითია ამ დაკოჭლებული რეფორმებისა, რასაც ატარებს ჩვენი ხელისუფლება: მიიღო კარგი კანონი სიტყვის თავისუფლებაზე და აკრძალა თავისუფალი მედია. ასე მოხდა აქაც. დღესაც ვთვლი, რომ კანონები, განსაკუთრებით, ზოგადსაგანმამათლებლო ნაწილში, არ იყო ცუდი. ჩანასახი და მიმართულება განათლების რეფორმისა სწორი იყო, მაგრამ არ შეიძლება მასწავლებელი სკოლაში მოდიოდეს და იმაზე ფიქრობდეს, რომ მეორე სამსახურში, მაგალითად, ბაზრობაზე, როგორ წაუვა საქმე. ჩვენი ქვეყანა გახდა ძალიან ბევრი კლიშეს მსხვერპლი. ამბობდნენ, რომ ასე ხდება საფრანგეთში ან აშშ-ში და ამიტომაც ჩვენთანაც ასე უნდა იყოსო. ამგვარი განცხადებების შემდეგ კი სრულდებოდა განსჯა, დიალოგი, კამათი. დღეს განათლების სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემაა. თუ მოზარდებთან დაკავშირებით არ გავითვალისწინეთ ის უზარმაზრი სოციალური უთანასწორობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია, არაჯანსაღ და დაბოღმილ თაობას, რევანშისტული მოტივებით გაჟღენთილ თაობას მივიღებთ. სკოლაში, სრულიად გაუმართლებელია პოლიციელის ინსტიტუტის დამკვიდრება, ეს არ არის ჯანსაღი პრაქტიკა, ნონსენსია. ხელისუფლება დაუპირისპირდა სოციალურ გარემოს სკოლაში, თქვეს, რომ ძნელად აღსაზრდელი ბავშვები რაღაც "შავ სიაში" უნდა შეიყვანონ, ეს კი მხოლოდ ამ ბავშვების მარგინალიზაციას უწყობს ხელს. არ შეიძლება სისტემა ხელს უწყობდეს იმას, რომ არსებობდნენ თითით საჩვენებელი ბავშვები, შავ დაფაზე, ან ინტერნეტის შავ გვერდებზე გამოკიდებული სახელები და გვარები იმ მოზარდებისა, რომლებმაც უნდა ააშენონ ჩვენი ქვეყენა, და ვისთვისაც გვინდა პროგრესი.

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი
ის, რაც დღეს გვაქვს - მხოლოდ რეფორმის დასაწყისია. არ ვთვლი, რომ ამ რეფორმის მთავარი მიღწევა ერთიანი ეროვნული გამოცდებია. ჩვენ, უბრალოდ, მოვსპეთ კორუფცია – მართალია, ეს ძალიან კარგად და პროფესიონალურად გაკეთდა. სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა ბევრი ასპექტით კვლავ ელიტისტურია. ელიტისტური არის სისტემა, როდესაც მასში არსებული ბარიერების გადასალახავად განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო და როდესაც ამ ზომათაგან უმეტესობა ან წარმოშობას, ან ქონებას უკავშირდება. მაგალითად, ჩვენი განათლების სიტემა ელიტისტურია ეროვნული უმცირესობების მიმართ. ამის გამოსწორება პოლიტიკურად რთულია - თავიდან ყველა უკმაყოფილო იქნება - ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებიც და ეთნიკური ქართველებიც. საქმე შემდეგშია: იმისთვის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა დაკარგოს ელიტისტურობა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ, ქართულ ენაში გამოცდის ტიპი უნდა შევცვალოთ: გამოცდა უნდა იყოს არა ქულების შეჯიბრისათვის, არამედ ბარიერის გადალახვისთვის. ამის გაკეთება მარტივი არ არის: სირთულეები ბევრი იქნება. მაგალითად - ჩაუჭრელობისათვის უკვე აღარ იქნება საკმარისი 15 ქულა, ალბათ, 40-50 ქულა დასჭირდება ამ ბარიერის გადალახვას. ეს ეროვნული უმცირესობების უკმაყოფილებას გამოიწვევს - მათ უფრო მეტ ცოდნას მოსთხოვენ და გამოიწვევს ე.წ. ნაციონალისტების უკმაყოფილებასაც - იტყვიან, რომ ქართულ ენაში ქულები აღარ იწერება, ამით ქართული ენის როლის მცირდება და ა. შ. მოკლედ, როგორც მაკიაველიმ თქვა, როდესაც რეფორმას ატარებ, შენი უკმაყოფილო იქნება ყველა, ვინც რამეს კარგავს ამ რეფორმით, და ასევე - ძალიან ცოტა მხარდამჭერი გეყოლება იმათგან, ვინც ამ რეფორმით რამეს იგებს. ჩვენ ადამიანური რესურსები ცოტა გვაქვს, და ყველა, ვინც ცხოვრობს ამ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია. რაღაც მომენტში აუცილებლად დავინახავთ, რომ ეთნიკური ქართველების რესურსი აღარ იქნება საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წელს, როცა ეროვნულ უმცირესობებს მიეცათ საშუალება მშობლიურ ენაზე ჩააბარონ უნარების გამოცდა. მაგრამ ქართული ენის გამოცდის ტიპი იგივე დარჩა და ეს საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელია.
მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემა მაქსიმალურად გაიწმინდა კორუფციისაგან, სისტემა მაინც ელიტისტური დარჩა: ნელ-ნელა გამოცდების წარმატებით ჩაბარება ხდება რეპეტიტორებთან მომზადებაზე დამოკიდებული. ეს კი ნიშნავს, რომ მდიდარს მეტი შანსი აქვს, ვიდრე ღარიბს. მომავალში აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ გამოცდების სისტემა უპირატესად აგებული იყოს ბარიერის გადალახვაზე და არა ქულების დაგროვებაზე. მაგრამ ესეც არ იქნება საბოლოო წარმატება: საერთაშორისო ტენდენციაა, რომ უმაღლეს სასწავლებელში ნებისმიერი მისაღები გამოცდების სისტემა ადრე თუ გვიან ელიტისტური ხდება. ამიტომ, დროდადრო საჭიროა მისი ცვლილება, რომ კვლავ ისეთი სისტემა მივიღოთ, როგორც თავიდან გვქონდა ჩაფიქრებული.  შორეულ მომავალში, უნივერისტეტებსაც კი უნდა მივცეთ სტუდენტების მიღებისას რაღაც როლი, ოღონდ ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა.
განათლების დაფინანსება ერთიანი ეროვნული პროდუქტის 7 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. თუ დაიწყო სკოლის დაფინანსების ზრდის პროცესი, მაშინ, ყველაფერი მეტ-ნაკლებად ჩადგება კალაპოტში - მასწავლებლებს მეტი მოტივაციაც გაუჩნდებათ, კონკურენციაც იქნება და სერტიფიცირების დროც დადგება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სასკოლო საბჭოების შექმნა. არც ველოდით, რომ არჩევიდან მეორე დღესვე ეს საბჭოები დაიწყებდა მუშაობას. თავიდან არც მასწავლებლებს და არც მშობლებს არ სჯეროდათ, რომ ეს სისტემა მათთვის კეთდება, ფორმალობა ეგონათ. მაგრამ ერთი წლის შემდეგ აშკარაა, რომ ბევრგან სასკოლო საბჭო ასრულებს თავის ფუნქციას. საქართველოში სასკოლო საბჭოები საზოგადოების დემოკრატიულობის საფუძველია - ცოტა ხანში შეგვეძლება საზოგადოების დემოკრატიულობა სასკოლო საბჭოების ფუნქციონირებით გავზომოთ.  სასკოლო საბჭოები არჩევითობის და დემოკრატიის ძალიან კარგი სკოლაა და ის, რაც სკოლაში სასწავლო გეგმით ჯერ ვერ შედის, შეიძლება ამ გზით შევიდეს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გადასაჭრელია, და უკავშირდება განათლების დაფინანსების ზრდას, ჩვენში მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობის არარსებობაა: თუ მასწავლებლის პროფესია არ იქნება მიმზიდველი, ჩვენს განათლების სისტემას ძალიან გაუჭირდება. ბევრ ქვეყანაში ეს პროფესია პრესტიჟულია, და ამ ქვეყნებში კონკურსიც კი არის განათლების ფაკულტეტებზე მოსახვედრად. წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრიატის დონეზე სწავლების ლიბერალური სისტემაა და სტუდენტი თვითონ ირჩევს მიმართულებას, 1000 სტუდენტიდან მხოლოდ 60-მა აირჩია დაწყებითი სკოლის მასწავლებლობა. თუკი საერთაშორისო პრაქტიკას შევხედავთ, ყოველწლიურად დაახლოებით 200-250 ახალი მასწავლებელი გვჭირდება, იმისათვის, რომ მასწავლებლების ნორმალური როტაცია არსებობდეს. თუ სერიოზიული ცვლილება არ მოხდა, მასწავლებლების ახალი თაობა, უბრალოდ, აღარ გვეყოლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოფლებში მასწავლებელს მაღალი სოციალური სტატუსი აქვს შემორჩენილი და არსებული მცირე ხელფასიც მეტს ნიშნავს, ვიდრე თბილისში და დიდ ქალაქებში. ახლა ჩვენ ვიწყებთ მასწავლებლების მომზადების პროექტს გორის უნივერსიტეტთან, სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებთანაც ვაპირებთ იმავე პროექტების გაკეთებას. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რამდენიმე წელიწადში სოფლებში უკეთესი სკოლები იყოს, ვიდრე ქალაქებში.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას და იმას, რომ დღეს არსებობს ელიტისტური (არა ელიტური) სასწავლებლები, სადაც ოთხ წელიწადში აძლევენ პროფესიას, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადია, ერთ მაგალითს მოგიყვანთ: წინა საუკუნის 80-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერმა ჩაატარებინა კვლევა, იმის განსასაზღვრად, სტუდენტები რა საგნებს ირჩევენ სწავლისას და მერე როგორ შოულობენ სამუშაოს. ის სტუდენტები, რომლებიც ფილოსოფიას, როგორც ერთ-ერთ საგანს (და არა პროფესიას) ირჩევდნენ, სწავლის დამთავრებისთანავე ვერ შოულობდა სამუშაოს, განსხვავებით მათგან, ვინც ეკონომიკას, ბიზნესს და კომპიუტერულ მეცნიერებებს ირჩევდა. ტეტჩერმა თქვა - რა საჭიროა ფილოსოფიის სწავლა, მოდით, ვასწავლოთ ეკონომიკა, ბიზნესი და ა.შ. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, და ასე არ მოხდა. 10 წლის შემდეგ კი, როცა გამოიკვლიეს იმავე ხალხის მდგომარეობა, აღმოაჩინეს, რომ ის ადამიანები, ვინც იოლად იშოვა სამსახური, როგორც წესი, იმავე თანამდებობებზე დარჩნენ, ისინი კი, ვინც ფილოსოფიას სწავლობდა, უკვე მათი მენეჯერები იყვნენ.
არ მგონია, რომ ვიწრო პროფესიული მომზადება ძალიან მომხიბვლელი იქნება საქართველოში. ადრე შესვლა ბაზარზე სულ არ არის იმის ნიშანი, რომ წარმატებული კარიერა გექნება. ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან მოქნილი და ღია სამუშაო ბაზარი იქნება, ადამიანებს მოუწევთ ხშირად შეიცვალონ პროფესია ან პროფესიის მიმართულება. ბაზარზე ადრე შესვლა სულ არ არის იმის გარანტია, რომ გექნება წარმატებული კარიერა, თუ, რა თქმა უნდა, არ გადაემზადე. დაახლოებით აქაც ისევეა, როგორც სპორტში. ბევრი ადამიანია სპორტით დაკავებული, მაგრამ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ერთეულები ხდებიან. ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი, რომ ადამიანი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირებას ან საბანკო საქმეს ისწავლის, აუცილებლად კარგ კარიერას გაიკეთებს, აქაც ერთეულები ხვდებიან ძალიან სერიოზულ თანამდებობებზე. როგორც ამბობენ, უოლ სტრიტზე ფინანსური ანალიტიკოსები არიან ისინი, ვისაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ფიზიკაში Ph.D აქვს მიღებული. ხუმრობენ კიდეც, რომ თუ NYU-ში ფიზიკაში Ph.D გააკეთებ, უოლ სტრიტზე ადგილი გელოდება, და იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხდები, რომ აღარ ივლი მანქანით და მხოლოდ ვერტმფრენით იფრენ. თანამედროვე უმაღლესი განათლება იმდენად რთულია, იმდენი სხვადასხვა ფაქტორი მუშაობს შიგნით, რომ წარმატება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ ან ორ რამეზე. დღეს საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლებიდან უმეტესობა ელიტისტურია, მაგრამ ელიტარული არ არის. ელიტისტურია იმიტომ, რომ იქ სასწავლად ბევრი ფული გჭირდება. მაგრამ საბოლოოდ, ის არ იძლევა იმ განათლებას, რაც ელიტას სჭირდება. აქ, ჩვენს უნივერსიტეტში ვცდილობთ რომ ეს გავაკეთოთ, ვცდილობთ მოვახდინოთ ელიტის წარმოება და კვლავწარმოება, ელიტის არა იმ აზრით, რომ რაღაც ელიტარული კლუბის წევრებს ვუშვებთ, არამედ იმ აზრით, რომ როდესაც დაამთავრებენ, ის ცოდნა და უნარები ჰქონდეთ, არ გაუჭირდეთ არა მარტო მეცნიერებაში დარჩენა, არამედ - სერიოზულ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობაც. დღეს სულ უფრო და უფრო მეტი აღმასრულებელი თანამდებობა მოითხოვს Ph.D-ს: არა იმ აზრით, რომ რამე კონკრეტული მეცნიერებაა საჭირო, არამედ, იმიტომ, რომ როდესაც მეცნიერებით ხარ დაკავებული, ისეთი უნარები მუშავდება, მაგალითად კვლევის და დასკვნის გაკეთების უნარი, რომელიც აუცილებელია თანამედროვე მაღალი დონის მენეჯერისათვის. ჩვენ ახალი პროექტი გვაქვს - Ph.D-ის სტუდენტები გაივლიან ბიზნეს ადმინისტრირების მოკლე კურსს, რომ შემდეგ, თუ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობა მოუწევთ, არ დაიწყონ ველოსიპედების გამოგონება და მართვაზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. პრეზიდენტის შეფასება რეალურად არ იყო რეფორმის წინააღმდეგ მიმართული. პრობლემები, როგორც უკვე ვთქვი, გვქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი სისტემა მასწავლებლების მიმართ სანქციურად გამოიყურებოდა: ჩვენ ვეუბნებოდით - უნდა გააკეთო ამდენი რამ, მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემაში დარჩე. ჯილდო სისტემაში დარჩენა იყო, ხელფასების მომატებას ვერ ვპირდებოდით. ძალიან კარგია გარემონტებული სკოლა და კომპიუტერები, მაგრამ წარმატებული სკოლისათვის საკმარისი არ არის. ეს არ ყოფილა განათლების რეფორმის შეცდომა, ეს იყო მთავრობის პოლიტიკური შეცდომა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეეძლო მასწავლებლებისთვის ხელფასი არ მოემატებინა, და ისე მოეთხოვა ამდენი რამ. ხელფასების პირდაპირ მომატებაც შეცდომაა, ახლა მოემატათ ხელფასები მასწავლებლებს, და მოხდა ისე, რომ ვაუჩერული დაფინანსება სკოლების მხოლოდ 37%-ს ყოფნის. იმიტომ, რომ ვაუჩერში ხელფასების წილი გაიზარდა.
პრეზიდენტის ნათქვამი იყო რეაქცია არა რეფორმაზე, არამედ იმ შეცდომების აღიარება, რაც მთავრობამ დაუშვა. მე აქ უფრო საკუთარი შეცდომების აღიარება დავინახე. [pagebreak]

ნაბიჯი მესამე
ძალოვანი სტრუქტურების
დეცენტრალიზაცია და
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

2003

თინა ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი სისტემის დეცენტრალიზაცია. ქვეყანა უნდა გადავიდეს მოდელზე, როდესაც ყველა გადაწყვეტილების მისაღებად არ იქნება აუცილებელი მიმართვა თბილისიდან, როცა არ იქნება სისტემა, სადაც ნებისმიერ დაკავებაზე ბრძანებას მინისტრი გასცემს.

ლევან რამიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი: სამართალდამცავი სისტემის და მთლიანად, სამართლებრივი სისტემის დემოკრატიზაცია, პირველ რიგში, თავად სამართალდამცავების ინტერესში უნდა შედიოდეს, რადგან თუ მათ არ ექნებათ საზოგადოების ნდობა, თუ საზოგადოება ვერ გაიგებს, კანონი და სამართალდამცავები რა მიზნებს ემსახურებიან, არ იქნება არანაირი თანამშრომლობა.
ამ სახელმწიფოში ვირჩევთ ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელებს, ვირჩევთ პარლამენტს, პრეზიდენტს, მე მგონი, არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს ამის შემდეგ, რომ მოსახლეობას მივცეთ იმის საშუალება, რომ მან აირჩიოს თავისი ქალაქის მერი, პოლიციის შერიფი, ადგილობრივი პროკურორი, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამათზე მეტად, ეს არის ნაფიცი მსაჯულების სახით მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელებაში. იმიტომ, რომ არავინ ისეთი პირუთვნელი მსაჯული არ იქნება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.

გიგა ბოკერია, თავისუფლების ინსტიტუტი: რაც შეეხება იმ აზრს, რომ ბნელია ხალხი, ეს თავისთავად ძალიან მცდარი არგუმენტია. არა მგონია, მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერია მაგალითი ყოფილიყო ძალიან განათლებული და წინწასული საზოგადოებისა, თუმცა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი მუშაობდა და როდესაც ებრაელებს არბევდნენ, იღებდა ებრაელების გამამართლებელ განაჩენებს. საინტერესოა, რომ ნაცისტების მოსვლამდე გერმანიაში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი გააუქმეს. ეს ითვლება, როგორც ნიშანი დემოკრატიის კრიზისისა.

სოზარ სუბარი, ჟურნალისტი: ბევრი მიიჩნევს, რომ ვთქვათ ქართული საზოგადოება არ არის მზად, რომ იყოს ნაფიცი მსაჯულები ჩვენთან, რომ ეს არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის ბუნებრივი. ჩემთვის ამგვარი მსჯელობა კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოება გაცილებით მეტად არის მზად, ვიდრე ის მოსამართლეები, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე დახუჭონ თვალი და აიღონ ქრთამი ნებისმიერი დამნაშავის გაშვებაში.

2008

სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი
სასამართლოები მთლიანად კონტროლდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. ამ მხრივ არაფერი იცვლება, ან თუ იცვლება, მხოლოდ გარეგნულად.
ერთ მაგალითს მოვიყვან: შარშან, სასამართლოების მიერ განხილული დაახლოებით 20 ათასი საქმიდან მხოლოდ 17 გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი - შეუძლებელია, ასე ცოტა გამამართლებელი განაჩენი ყოფილიყო რეალურად.
ახლა ოდნავ შეიცვალა სიტუაცია - იმატა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ. ეტყობა, მოსამართლეებმა ახალი ბრძანება მიიღეს - ცოტა მეტი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეთ, თორემ ძალიან გვაკრიტიკებენო. ანუ, არსი არ შეცვლილა, შეიცვალა ბრძანება - სასამართლო ისევ აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანებებს ასრულებს.
განსხვავებული თემაა პოლიცია. რევოლუციის შემდეგ პოლიციის მუშაობა აშკარად უფრო ეფექტური გახდა. ამის მანიშნებელი იყო პატრულის მიმართ ნდობის ძალიან მკვეთრი ზრდა. ნდობის გაზრდის მიზეზი კი შევარდნაძის დროინდელი აბსოლუტურად კორუმპირებული საგზაო პოლიციის პატრულით ჩანაცვლება იყო. მძღოლებს აღარ ხვდებოდათ ბუჩქებში ჩასაფრებული და მოწუწუნე საგზაო პოლიციელები, რომლებიც ორ ლარს ითხოვდნენ. სწორედ ამ ფონზე ავარდა პატრულის რეიტინგი ზევით და ერთი პერიოდი მის მიმართ ნდობამ 80 პროცენტსაც მიაღწია. თუმცა, შემდეგ სადღაც გაქრა პატრულის ზრდილობა და ისინი გადავიდნენ უხეშ ურთიერთობაზე.
მოხდა ტრაგედიაც - პატრულის თანამშრომელმა მოკლა ახალგაზრდა უდანაშაულო კაცი – ამირან რობაქიძე და იმის ნაცვლად, რომ დანაშაული ეღიარებინათ, ეთქვათ, რომ ასეთი ფაქტი ყველგან შეიძლება მოხდეს და დამნაშავე დაესაჯათ, ხელისუფლებამ დაიწყო საქმის გაყალბება. გამყალბებლები და დამნაშავე კი დღესაც არ არიან დასჯილნი. დღეს პოლიციაში მთელი კასტაა ადამიანებისა, რომლებიც დანაშაულს ჩადიან და არ ისჯებიან, რაც აისახება კიდეც პოლიციის მიმართ ნდობაზე. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით პატრულის მიმართ ნდობა დაახლოებით 30 პროცენტამდე დაეცა. არც ეს არის დაბალი ციფრი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა 15 პროცენტამდე მერყეობს.
2003 წელს საუბარი იყო საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების დეცენტრალიზებაზე, მაგრამ ეს არ მომხდარა. პირიქით, უშიშროების სამინისტრო შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ის ფაქტი, რომ შეიქმნა ფინანსური და სამხედრო პოლიცია, არ ნიშნავს დეცენტრალიზაციას. ნამდვილი დეცენტრალიზაცია გვექნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ შეიქმნებოდა ადგილობრივი პოლიციები, რომლებიც თვითმმართველობებთან იმუშავებდნენ, მათივე ბიუჯეტით დაფინანსდებოდნენ და შეხება არ ექნებოდათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან; თუ მათი სამუშაო პროფილი იქნებოდა ოჯახური ძალადობა და მსუბუქი დანაშაულები, ვთქვათ, ბავშვებთან მუშაობის ან ოჯახური ძალადობის კუთხით.
რეალური დეცენტრალიზაცია იქნება ასევე, თუ მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს დაყოფა, მათი ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა. დეცენტრალიზაცია იქნება, თუ დაზვერვა გამოეყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
რაც შეეხება პროკურატურას, დღეს ის ნამდვილ მონსტრად იქცა. პროკურატურა აკონტროლებს ყველაფერს, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაწყებული საგარეო პოლიტიკით დამთავრებული. ამის შესამჩნევად არ არის საჭირო სპეციალური გამოძიებები ჩაატარო, ეს ისედაც ნათლად ჩანს. გავიხსენოთ, 2004 წელს, როცა აეროპორტის გზატკეცილი იგებოდა, ვინ გასცემდა ბრძანებებს, ქალაქის მერი? არა, მაშინ ბრძანება გზის დროულად დამთავრებაზე პირდაპირ ეთერში მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა გასცა და დაამატა კიდეც, თუ იმ ვადებში ვერ შეასრულებთ, როგორც გიბრძანეთ, ყველას დაგიჭერთო;
როდესაც რთველის პრობლემა დადგა, ვის მიეცა დავალებები, რომ რთველი "წარმატებით" ჩატარებულიყო? - თავდაცვის მინისტრს და გენერალურ პროკურორს; ვინ ააშენა სიღნაღი და ვის გადაუხადა პრეზიდენტმა მადლობა სიღნაღის კარგად აშენებისთვის? გენერალურ პროკურორს; ქუთაისის გალამაზების დავალება ვინ მიიღო? გენერალურმა და სამხარეო პროკურატურებმა. ეს არ არის დეცენტრალიზაცია, ეს არის ცენტრალიზების წარმოუდგენლად მაღალი ხარისხი, როგორიც შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეაში ან რუსეთში და არსად სხვაგან.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი
ნუ დაგვავიწყდება, რომ რევოლუციის შემდეგ, ფაქტობრივად, პირველად დაიწყო ჩამოყალიბება დამოუკიდებელი საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურამ. დღეს, სამწუხაროდ, ბევრს აღარ ახსოვს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ეს სტრუქტურა ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელზე სერიოზულად იყო მიბმული. ამ რეფორმის შედეგად კი მოხდა მისი რეორგანიზაცია, ახალი კადრები მოვიდნენ, რომელთაც განათლება უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ჰქონდათ მიღებული. შეიქმნა საპატრულო პოლიციაც, რომელიც აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. მანამდე არსებული პოლიცია ხომ შემზარავი სტრუქტურა იყო საბჭოთა საქართველოშიც და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც. დღეს კი ნდობა საპატრულო პოლიციის მიმართ გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დღევანდელ პატრულშიც საკმაოდ არიან ძველი მენტალობის ადამიანები და ეს გასაკვირი არცაა, აბა, კადრებს მარსიდან ხომ არ ჩამოიყვანდნენ... ამიტომ, ნუ გაგვიკვირდება, რომ ზოგიერთი პატრული ძალასაც იყენებს ზედმეტად.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სასამართლოს რეფორმა. ინგლისის სასამართლო მეფის გავლენის სფეროდან მეთორმეტე საუკუნეში გამოვიდა და ამან ქვეყნის განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი. დღეს ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ სამწუხაროდ მაინც სასამართლოზე ხელისუფლების გავლენის შესახებ გვიხდება საუბარი.
საბჭოთა კავშირის დროს სასამართლო ყოვლად დამპალი სისტემა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი სასამართლოები სათანადო დონეზე არ დგანან. პრობლემა არის ის, რომ მოსამართლეებს მნიშვნელოვან საქმეებში ზემოდან ეუბნებიან, რა უნდა გააკეთონ, ესენიც სარგებლობენ და თავიანთ საქმეებსაც აკეთებენ. მაგრამ ის, რომ დღეს სამართალწარმოება ოდნავ უკეთესია, ესეც ფაქტია.
ჩემთვის კიდევ ერთი მომენტია არანაკლებ მნიშვნელოვანი. სასამართლომ ძალიან მაღალკვალიფიციურად უნდა შეასრულოს თავისი როლი ბიზნესთან დაკავშირებულ საქმეებში. ამის გარეშე წინსვლა ფაქტობრივად წარმოუდგენლად მეჩვენება. ჩვენს ხელისუფლებაში ვხედავ პოლიტიკურ ნებას სასამართლო სისტემის ეფექტური რეფორმირებისა და მისი გავლენებისგან გათავისუფლებისთვის, მაგრამ ასევე ვხედავ იმასაც, რომ საქართველო ჯერაც თვითგადარჩენისთვის იბრძვის. ბუქარესტში ხომ ფაქტობრივად საკითხი იდგა ასე - დატოვონ საქართველო რუსეთის სფეროში თუ არა. გარდა ამისა, ორი ტერიტორია გვაქვს წართმეული და იქ ჩვენი ტერიტორიების დე ფაქტო ანექსია მიმდინარეობს, განა, მალავს ვინმე რამეს? ამიტომ, რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმირების პოლიტიკური ნება არის, ძალაუფლების კონცენტრირების ცდუნებაც ძლიერია.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია
თავიდან, პატრულის შექმნა მართლაც დადებითი იყო, თუმცა, მოსახლეობის დიდი ნდობა მაინც ვერ მოიპოვა; თუ პროკურატურაზე ვისაუბრებთ, ეს ნამდვილად სადამსჯელო აპარატია, და რა ნდობაზეა საუბარი? ბუნებრივია, 7 ნოემბრის შემდეგ, ჩვენი სამართალდამცავების მიმართ ნდობა კიდევ უფრო მეტად დაეცა. რევოლუციის შემდეგ, ძალოვანი სტრუქტურები კიდევ უფრო ავტორიტარული გახდა. ისედაც დიდი  ძალაუფლება ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიერთეს უშიშროებაც, და თანაც, ბევრი რამ პერსონალიზაციის ნიშნით გაკეთდა - მთელი ძალაუფლება ჩააბარეს პირადად მერაბიშვილს, შედეგად მივიღეთ ის, რომ პოლიციაც, უშიშროებაც და პროკურატურაც ერთი ორგანოა - შეიქმნა ნკვდ-ს ტიპის მონსტრი.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე დიდი ხანია, არის ლაპარაკი, მაგრამ რახან ჩვენთან სასამართლო, პრაქტიკულად მოკვდა და ახლა პროკურატურა განაგებს ყველაფერს, მაინცდამაინც, აღარ აწყობთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუმცა, ვალდებულება აქვთ აღებული და ახლა არის მცდელობა, რომ დანერგონ ეს ინსტიტუტი, მაგრამ ისე, რომ არ იმუშავოს. ბოლო პროექტის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემა საქმე, როცა ორივე მხარე, პროკურატურაც და ადვოკატიც, თანახმანი არიან. გასაგებია, რაც მოხდება, პროკურატურას არასდროს მოუნდება, საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაეცეთ, თუ წინასწარ დარწმუნებულნი არ იქნებიან, როგორი იქნება ვერდიქტი.

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი
სასამართლო სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნაკლებად სისტემური. ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი განათლებული იურისტი. იქ, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არსებობს, ზოგადად, იურიდიული განათლების დონე ძალიან მაღალია. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც წესი, ინიცირებული საქმეების მხოლოდ 10 და ნაკლები პროცენტი გადაეცემა ხოლმე. დანარჩენის გადაჭრა, დასრულება მანამდე ხდება. აქ ის არის გადამწყვეტი, იურიდიული განათლების როგორი სისტემა გაქვს. ვერაფრით ვერ გადახვალ ამ სისტემაზე, სანამ არ გეყოლება განათლებული იურისტების მთელი სპექტრი. სამწუხაროდ დღეს იურიდიული განათლება იგივეა, რაც საბჭოთა კავშირში იყო, არაფერი შეცვლილა, უნივერსიტეტებში ისევ ისე ასწავლიან, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ასწავლიდნენ. იმიტომაა, რომ ჩვენთან იურიდიულ განათლება მიღებულ ადამიანთა უმეტესობა ყველა სოციალურ ან პოლიტიკურ პროცესს შეთქმულების თეორიით ხსნის - ეს ყველაზე ადვილი და "საღაზროვანი" თეორიაა. აქედანვე გამომდინარეობს კიდევ ერთი პრობლემა - ის, რომ მოსამართლეების უმეტესობას ეშინია პროკურორის მოთხოვნის წინააღმდეგ წასვლა. არა იმიტომ, რომ პროკურორისთვის წინააღმდეგობის გაწევას უფრთხის, არამედ იმიტომ, რომ არ არის დარწმუნებული, რომ მისი გადაწყვეტილება იურისპრუდენციის მხრივ გამართული იქნება და იცის, რომ არასწორი გადაწყვეტილების გამო დასჯიან. აქაც იურიდიული განათლების პრობლემა დგას. რაც შეეხება სამართლადამცავების მიერ  ძალის გადამეტებას, შეიძლება, ცოტა ცინიკურაც ჟღერს, მაგრამ ძალოვანების ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი იწყება პრეცედენტების შემდეგ და მათი საშუალებით: როდესაც ხდება ტრაგიკული შემთხვევა, ამას საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვება და სწორედ ამის შემდეგ იწყება ამ სისტემის დარეგულირება. სამწუხაროა, მაგრამ ეს ყველგან ასე ხდებოდა და ხდება. პოლიციელიც ამ, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ერი-სახელმწიფოს ნაწილია, და სანამ არ ნახავს, რომ ნებისმიერ, თუნდაც, იმ მომენტში ძალიან საჭირო და თითქოსდა, გარდაუვალ გასროლას შეიძლება დიდი მღელვარება მოჰყვეს, მანამ ვერ ხვდება, რას ნიშნავს ფრთხილად ყოფნა. ამ მხრივ ჩვენც ვერ ავერიდეთ საერთო ლოგიკას. ჩვენში დანაშაულის დონემ რეალურად დაიწია, როგორც ზრდასრულების, ასევე არასრულწლოვანთა შორის. მძიმეა იმის თქმა, რომ ციხეებში ბევრი ხალხი უნდა იყოს, მაგრამ როგორც დამყარებული წესრიგი გვიჩვენებს - მსგავს ვითარებებში ციხეებში პატიმრების დიდი რაოდენობა განაპირობებს ციხის გარეთ საზოგადოებრივ წესრიგს. სხვა საქმეა და პრობლემა, თუ როგორ ექცევიან ამ ადამიანებს ციხეებში. ამის გამოსასწორებლად ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ. ციხე, ისევე როგორც თეატრი, კინო, უნივერსიტეტი – ქვეყნის სახეა და ჩვენი ცივილიზებულობა ამით იზომება. გახსოვთ, რა თქმა უნდა, ალექს ტოკვილის მოგზაურობა ამერიკაში სწორედ პენიტენციალური სისტემის შესასწავლად დაიწყო, რასაც მოჰყვა წიგნი "დემოკრატია ამერიკაში". [pagebreak]
გიგი უგულავა
თბილისის მერი
ჩვენმა გუნდმა, ვფქრობ, სამი ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება შეძლო: განათლების, თავდაცვის სისტემისა და პოლიციის. იმ უამრავი ლანძღვის შემდეგ, რაც პოლიციამ გამოიარა, შევარდნაძის პერიოდში მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის შემდეგ, დღეს ამ სტრუქტურას 75-80% ენდობა. თუ შევარდნაძის პერიოდში, მოსახლეობის 85% იძახდა, რომ ქრთამი პოლიციაში ყოველდღიურობაა, დღეს შეკითხვაზე - მიგიციათ თუ არა პოლიციელისთვის ქრთამი, 98% ამბობს, რომ - არა. ეს პროცენტული მაჩვენებლები კი ნიშანია იმისა, რომ უკვე სახეზეა ფუნდამენტური ცვლილება არა მხოლოდ პოლიციაში, არამედ მთელ საზოგადოებაში. ასე რომ, რაც არ უნდა ეცადონ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბუად წარმოადგინონ, დაცულობის გრძნობა მოსახლეობაში მაინც დაუძლეველია. ჩემი აზრით, წარმატებული იყო უშიშროებისა და პოლიციის გაერთიანებაც. უშიშროების მინისტრის მოადგილედ მიმუშავია და ვიცი, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ასე დაყოფილი ორგანოები არ სჭირდება, რადგან შევარდნაძეს ეს მხოლოდ მათი დაბალანსებისთვის სჭირდებოდა. მთავარ საკითხად რჩება სასამართლო და პენიტენციალური სისტემა. დღეს არსებობს დაუმსახურებელი კლიშე სასამართლოს მიმართ, რომ ის გავლენების ქვეშაა. თუმცა, ჩვენივე კანონმდებლობით, სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკას სასამართლო არ განსაზღვრავს, ამას განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლება, პროკურატურა და პარლამენტი. ეს იმიტომ, რომ ჩვენი პირველი ამოცანა იყო, ქვეყანას მიეღო რაღაც ფორმა და ჩვენც მთავარი აქცენტი გადატანილი გვქონდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებაზე. ეს კეთდებოდა საზღვრების დადგენის თვალსაზრისითაც და სახელმწიფოებრიობის განცდის გასაჩენადაც. ეს განცდა კი, პირველ რიგში, ცენტრალურ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული და შემდეგ დანარჩენებთან. შედეგსაც მივაღწიეთ - საკანონმდებლო კუთხით, ტრენინგებისა და მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, სასამართლოს მთელი ინფრასტრუქტურა აწყობილია. დღეს უკვე არავინ, თვით სასამართლო რეფორმის უკიდურესი მაწყევარიც კი, აღარ ამბობს, რომ მოსამართლეები იღებენ ქრთამს. ახლა ამბობენ, რომ პროკურატურას აქვს აქტიური როლი სისხლის სამართლის საქმეებში, რომ მოსამართლეს არ შეუძლია გამოიტანოს იმაზე მეტი, რასაც პროკურატურა მოითხოვს. თუმცა, ეს კანონითაა უზრუნველყოფილი. ანუ, დღეს უკვე მივაღწიეთ იმას, რომ სასამართლო კორუფციული მინარევებისგან გაიწმინდა. მეორე საკითხია, სასამართლოს მორალური ავტორიტეტი და კომპეტენცია. ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მორალური ავტორიტეტის მოპოვებას დრო სჭირდება და ამას შეიძლება ერთი ხელისუფლებაც არ ეყოს. მთავარია, რომ ჩვენი ძირითადი პოლიტიკური ამოცანა სასამართლოსთან მიმართებაში უკვე შევასრულეთ: აღმასრულებელი ხელისუფლება გამოვიდა დისციპლინალური წარმოებიდან, იუსტიციის საბჭო დაკომპლექტებულია მოსამართლეებით და საკანონმდებლო დონეზეც გაცილებით უფრო მეტად დაცულია. შემდეგი ნაბიჯი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მორალური ავტორიტეტის მოპოვებაა.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია
ძალოვანი სტრუქტურების ცენტრალიზაცია კი არა, პერსონალიზაციაც მოხდა, ჩვენ ახლა გვაქვს სისტემა, სადაც შეიძლება მუშაობდეს კაცი, რომელიც ოფიციალურად იქ არ მუშაობს. მაგალითად, დათა ახალაია არ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის ხელფასს საიდუმლო ფონდიდან იღებს და ძალიანაც რომ მოუნდეს საქართველოს პრეზიდენტს, დათა ახალაიას ორდენს ვერ მიანიჭებს, ან სადმე საიდუმლო კრებაზე უნდა მიანიჭოს ეს ორდენი და უთხრას - დათა, ხომ იცი, შენ აქ არ მუშაობ და ამას საჯაროდ ვერ გავამხელო. ეს იდიოტიზმი  იმიტომაც ჩამოყალიბდა, რომ ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დასაყრდენია, მისი არსებობის გარანტია. მიშასთან ყველაზე ახლოს არის ვანო, რა შუაშია აქ საქართველო! ხვალ მიშას ადგილს სხვა დაიკავებს, ვანოსას სხვა და ეს ურთიერთობა ვეღარ შედგება. ეს იცით რას ჰგავს? კაცობრიობამ რომ დაივიწყოს ამხელა რელიგიური გამოცდილება და ანტიკური, წარმართული ღმერთების დროს დაუბრუნდეს. ვანო და ოქრუაშვილი, როგორც ანტიკური ღმერთები, ისე ებრძოდნენ ერთმანეთს. მაგალითად, ჰერმესი იყო ქურდი და მფარველობდა ქურდებს, აპოლონი - სინათლის ღმერთი ვერ ეგუებოდა ამას და ამათ შორის მიმდინარეობდა ბრძოლა და ომი. ხოლო ზევსი, იმის მიხედვით, როგორ ხასიათზეც იყო, ამ დაპირისპირებას არეგულირებდა. დღევანდელი ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების ურთიერთობა ძალიან ჰგავს ამ ანტიკურ ურთიერთობებს. არ ჩამოყალიბდა სტრუქტურები. დეცენტრალიზაცია კი არა, პირიქით - ორი უწყების შეერთება მოხდა, რაც დანაშაული იყო. ვანო და მისი თანმდებობა ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ წარმოუდგენელია დღეს ვანო მინისტრობის გარეშე. ვანო მიეწება თავის სამინისტროს. გაჩნდნენ მონსტრი მინისტრები, მინისტრები - ანტიკური ღმერთები. ვანოს შეუძლია თქვას - სამინისტრო ეს მე ვარო და მართალიც იქნება. ვანო რომ არ იქნება, ეს სამინისტრო იქნება სხვა რამ - მინიმუმ ორი სხვადასხვა უწყება. ხდება წარმოუდგენელი რამეები, ხალხი არ მუშაობს და მუშაობს, შეიქმნა არაფორმალური იერარქია და ა.შ. ვანოს მეუღლეს ვინ ახლავს რესტორანში, ამას აქვს მნიშვნელობა. ისევე, როგორც ანტიკურობაში, რომელი ღმერთი რომლის გვერდით დაჯდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს შეიძლება მაღალი თანამდებობის პირი და დაბალი თანამდებობის პირი იმით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რომ ერთი უფრო ახლოს იყოს ვინმე თაკოსთან, მეორე - ნაკლებად, ანუ დაბალი იყოს მაღალი და პირიქით. ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა ეს სიმახინჯე. თავისუფლების ინსტიტუტი აღმოჩნდა პოლიციური ტიპის სახელმწიფოს მშენებელი. მათი მთავარი შეცდომა, რომელიც შემდეგ გადაიზარდა დანაშაულში ისაა, რომ მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს ნაციის აშენება. ბევრი შეცდომა ამ ხალხის ამბიციებიდან მოდიოდა, მათ ჩათვალეს, რომ, მაინცდამიანც, პოლიციასთან თანამშრომლობაში უნდა დაბადებულიყო ახალი ქართველი ადამიანი და ქართველი ნაცია ასე უნდა შეექმნათ.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი
სამართალდამაცვი სისტემის დეცენტრალიზაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს, მაგრამ, ჯერ საჭიროა, ადგილობრივი თვითმართველობის ინსტიტუტები იყოს მზად ცენტრალური ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის გადასაბარებლად. ამ პროცესის გასაადვილებლად, აუცილებელი იყო პოლიციის გაწმენდა ტოტალური კორუფციისგან, ვგულისხმობ პოლიციას, რომელიც, ფაქტობრივად, შეზრდილი იყო ორგანიზებულ დანაშაულთან. ხშირად იმ ქვეყნებში, სადაც დეცენტრალიზებული სამართალდამცავი სისტემაა, ადგილობრივი პოლიციის დანაყოფები კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის გავლენისგან დაცულნი არ არიან. აშშ-ში გამოძიების ფედერალური ბიუროს შექმნა ნაკარნახევი იყო ჩიკაგოს ყბადაღებული მაგალითის შემდეგ. ჩიკაგოს პოლიცია იმდენად იყო გახრწნილი, რომ საჭირო გახდა ინტერვენცია ცენტრიდან. საჭიროა, მნიშვნელოვანი ფუნქციები გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, მაგრამ ასევე საჭიროა ეფექტური ინსტრუმენტების დატოვება ცენტრალური ხელისუფლების ხელში.
ამისთვის გარკვეული პირობები ნაწილობრივ უკვე შექმნილია. პოლიციაშიც რეფორმები გატარებულია, მაგრამ საჭიროა კიდევ რამდენიმე რეფორმის გატარება. ვფიქრობ, სამართალდამცავ სტრუქტურაში არა მხოლოდ დეცენტრალიზება უნდა მოხდეს, არამედ კონსოლიდირებაც - შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო - ეს სამი დამოუკიდებელი უწყება ერთიანი ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს და უნდა გვყავდეს ერთი კონკრეტული მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამართლებრივი პოლიტიკის გატარებაზე. საჭიროდ მიმაჩნია, ამ მიმართულებით შემდეგი მოწვევის პარლამენტში აუცილებლად გაგრძელდეს მუშაობა და ეს საკითხი მთავრობისთვისაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად დარჩეს.
ვფიქრობ, აუცილებელია ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს დაჩქარება. ჩემი აზრით, ეს სისტემა არა მხოლოდ სისხლის სამართლის დავებისას უნდა გამოიყენებოდეს, არამედ ის საერთოდ მართლმსაჯულების ძირითად ფორმად უნდა იქცეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მორიგებას ექნება მხარეებს შორის ადგილი. ეს გაზრდის ნდობას სასამართლოსადმი და შექმნის დამატებით გარანტიებს იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს დამოუკიდებელი სხვადასხვა გავლენებისგან.
გავიხსენოთ, რომ როცა, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების გამო, ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია მოხდა და ხელისუფლების ორი შტო შეიცვალა, ბუნებრივია, მესამე შტო ამ ცვლილებების მიღმა ვერ დარჩებოდა. თუ არ მეშლება, მაშინ პრაქტიკულად, ალბათ, 80 პროცენტი საზოგადოებისა თვლიდა, რომ სასამართლო კორუმპირებული იყო და ბუნებრივია, ხელისუფლება, რომელიც რევოლუციის შედეგად მოვიდა სათავეში, ამ სოციალურ დაკვეთას - წმენდა განეხორციელებინა სასამართლოში, ვერ გაექცეოდა. თუკი ლაპარაკი იყო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე, სასამართლოს მხარდაჭერის გარეშე მათი წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა. თავად განსაჯეთ, წარმოუდგენელი იქნებოდა ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან. ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა, თუ არ გაიწმინდებოდა სასამართლო სისტემა. თუმცა, საგულისხმოა ერთიც: როცა პოლიტიკური შტო ახდენს სასამართლოს რეფორმირებას, ეს უკვე მისი პოლიტიზების საფრთხეს შეიცავს, როცა ერთი ხელისუფლების შტო ერევა მეორეს საქმეებში, და ამ შემთხვევაში სასამართლოს საქმეებში, ეს მისი დამოუკიდებლობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, ბევრი თვლის, რომ სასამართლოს რეფორმა სხვაგვარად, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. სხვადასხვა მექანიზმებით სასამართლოების გადახალისება მაინც მოხერხდა. თუმცა ამ პროცესს ზოგჯერ აკლდა გამჭვირვალეობა. მოხდა მოსამართლეობის ასაკის დაწევაც, რაც ერთი მხრივ კარგია - ახალგაზრდებს არ აქვთ ის უარყოფითი გამოცდილება, რის გამოც სასამართლოს რეფორმა გახდა საჭირო, მაგრამ ახალგაზრდას დადებითი გამოცდილებაც აკლია და სანამ ის საჭირო გამოცდილებას დააგროვებს, დროა საჭირო. გარდა ამისა, დღემდე არსებობს მოსამართლის ასამდე ვაკანსია. სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის კი სამასი მოსამართლე მაინც არის საჭირო. ბუნებრივია, ეს დატვირთვას ზრდის მოქმედ მოსამართლეებზე, და ეს მართლმსაჯულების ხარისხზეც მოქმედებს. საქმეები სწრაფად არის განსახილველი და ესეც გარკვეულწილად მოიკოჭლებს ხოლმე.
ბუნებრივია, იმ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობის ტრადიციები უფრო მყარია, ვიდრე საქართველოში, ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა სასამართლოში ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის, მაგრამ ჩვენთან, ამ ტრადიციების არარსებობის გამო, როცა აქცენტირება ხდება დამოუკიდებლობის, სუსტდება ანგარიშვალდებულება და როცა ამ უკანასკნელის გაძლიერება ხდება, საფრთხე ექმნება დამოუკიდებლობას. ეს პრობლემა შეექმნა ჩვენს სასამართლო სისტემასაც. როცა რეფორმები ტარდებოდა, ნაკლები ყურადღება მიექცა იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, გარკვეული ზომები უნდა მიგვეღო სასამართლოს მიმართ ნდობის გასაძლიერებლად და ამის უგულებელყოფის შედეგია ის, რაც გვაქვს.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია
2003 წელს ვსაუბრობდით, რომ საჭირო იყო ძალოვანი სტრუქტურების დეცენტრალიზაცია, მაგრამ მოხდა სრულიად საპირისპირო რამ, მოხდა მაქსიმალური ცენტრალიზაცია. ვანო მერაბიშვილი ხერხემალია, უზარმაზარი ძალაუფლება აქვს. შევქმენით საბჭოური ტიპის "ნკვედ", პოლიციელებს მიუთითეს ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთო. ყველას დაავიწყდა, რომ მუნიციპალურ პოლიციას შეპირდნენ ხალხს.
რატომ არ გვაქვს დღემდე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ამაზე ბევრი პასუხი არსებობს. შეეშინდა ხელისუფლებას,  სასამართლოში, სადაც პროკურორი წარმართავს შოუს, რთულია ბევრი უტყვი მონაწილის მოძებნა, ადვილია ერთი მოსამართლე დააშინო ან მოისყიდო, გაცილებით ძნელია 10 ან 12 მოქალაქე მოისყიდო და შეაშინო. ალბათ, ეს არის ყველაზე სტანდარტული პასუხი. თუმცა, ეს იყო ყველაზე დიდი დაპირება, რომელიც სასამართლოს გაჯანსაღების თვალსაზრისით, ხელისუფლების ქორებისაგან ისმოდა.
ოთხი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არაფერია გაკეთებული. "ნაციონალური" პასუხი მარტივად ჟღერს – ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საშიშია წარმატებული მანიპულირებისათვის.

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
სამართალდამცავ სისტემაში ჩატარდა ისეთი სისტემური ტიპის რეფორმა, რომელმაც მთლიანად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება სამართლდამცავი სტრუქტურების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცალკეული შემთხვევები, რომელთა დროსაც საზოგადოების მხრიდან სამართლიანი კრიტიკა გაისმის, და ზოგჯერ ძალიან მწვავეც, მთლიანობაში, და ამაზე მეტყველებს 80 პროცენტიანი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ძნელია, არ დაინახო ის სისტემური ცვლილება და გაუმჯობესება, რაც ამ სფეროში მოხდა.
ასეთივე თვალსაჩინო პროგრესი არ გვაქვს სასამართლო სისტემაში და ხშირად პრეტენზიები სასამართლო უწყების მიმართ ასევე დასაბუთებულია. მაგრამ თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ჩვენთან აღარ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიც კორუმპირებული მოსამართლე იყო, თუნდაც, ოთხი წლისწინანდელი რეალობა რომ გავიხსენოთ, ასეთ რამეს ძნელად წარმოვიდგენდით.
თუმცა ის, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ შორის, ვგულისხმობ სასამართლოს დამოუკიდებლობას საზოგადოებრივი აზრისა და აღმასრულებელი სტრუქტურების ზეგავლენისგან, გზა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. მაგრამ ასევე საგულისხმოდ მეჩვენება გარკვეული სტატისტიკაც: 2007 წლის განმავლობაში სახელმწიფომ წააგო იმ საქმეების 60 პროცენტი, რომლებიც მასსა და კერძო პირს ან კერძო ორგანიზაციას შორის წარმოებდა. ეს იმედისმომცემი და მისასალმებელი ტენდენციაა: როცა მოსამართლეს შეუძლია გამოიტანოს განაჩენი ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურის საწინააღმდეგოდ და კერძო პირის სასარგებლოდ, სწორ მიმართულებაზე მიუთითებს. ეს, ცხადია, მხოლოდ ერთი წლის შედეგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა ძალიან რთული იყო, და ჩვენ ვხედავთ გაუმჯობესების ნიშნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესი ადგილიდან დაძრულია.
რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, ამ მხრივ საკანონმდებლო ინიციატივები უკვე დაიწყო. 2008-09 წლებში უკვე გვექნება პირველი პრეცედენტები იმისა, რომ ყველაზე მძიმე დანაშაულობების შემთხვევაში, რომელთაც სისხლის სამართლის კოდექსით შეეფარდებათ სამუდამო პატიმრობის მუხლი, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამოქმედდება. ანუ ამ მიმართულებითაც პირველი ნაბიჯები გადადგმულია.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია
ძალოვანი სტრუქტურების დეცენტრალიზაცია ნამდვილად არ მომხდარა. საპატრულო პოლიცია გაი-ს კი სჯობს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სახით ტიპური საბჭოთა მონსტრები გვყავს. უფრო მეტიც, მოხდა პოლიციის შერწყმა უშიშროებასთან, რაც კონსტიტუციის 1995 წლის რედაქციით აკრძალული იყო სწორედ იმიტომ, რომ საბჭოური ტიპის მონსტრი აღარ გვყოლოდა.
დღეს საქართველოში სასამართლო სისტემა კატასტროფულ მდგომარეობაშია. არ მგონია, ცალკე აღებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომლის შემოღება, სხვათა შორის, კვლავ გადაიდო, ვითარება კარდინალურად შეცვალოს; მით უფრო, რომ საექსპერტო წრეებში დიდი ეჭვებია იმის თაობაზე, თუ როგორ იმუშავებს ეს სქემა საქართვლოში. იმ ქვეყნებში, სადაც იგი მუშაობს, სხვა ტრადიციაა. ჩვენ საერთოდ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრული ვინეგრეტი მივიღეთ სხვადასხვა სისტემისთვის დამახასიათებელი ელემენტების მექანიკური შერწყმის მცდელობით. როგორც ჩანს, ხელისუფლება გამოდის იმ ალოგიკური (რომ არ ვთქვათ – აბსურდული) მოსაზრებიდან, რომ დემოკრატიისკენ გზაზე არ არის აუცილებელი დემოკრატიული პროცედურების დაცვა და შეიძლება, რომ რაღაც ეტაპზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებები ფაქტობრივად ერთ ოფისში იყოს თავმოყრილი, იქიდან იმართებოდეს ცენტრალიზებულად და ვოლუნტარისტულად. კატეგორიულად არ ვეთანხმები ხელისუფლებას ამ ფუნდამენტურ საკითხში და ამიტომაც ვარ ოპოზიციაში. [pagebreak]

ნაბიჯი მეოთხე
გაფართოებული თვითმმართველობა
2003

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი: დემოკრატია ისევე, როგორც ნებისმიერი შენობა, ქვემოდან შენდება. ბაზისური დემოკრატია არის ადგილობრივი თვითმმართველობა. გერმანიაში, მაგალითად, როდესაც სახელმწიფო აღარ არსებობდა, 1945 წლის შემდეგ, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობა იყო ის ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელმაც შეინარჩუნა წესრიგი და რომელმაც შეძლო შემდეგში ელემენტარული კეთილდღეობის შექმნა.

დავით ზურაბიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი: ამაზე ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წერდა თავის დროზე, როცა სახელმწიფოებრიობა არც გვქონდა, ციკლში "ცხოვრება და კანონი", სადაც პირდაპირ მიდის მტკიცება, რამდენად მნიშვნელოვანია, ის, რომ ადამიანები სოფლებში, პატარა დაბებში თვითონ მართავენ თავიანთ ყოფას და მათ ეკითხებათ ეს ამბავი. ეს მთელი სახელმწიფოსთვის არის სარგებლობის მომტანი.

2008

გიგი უგულავა
თბილისის მერი
პირველი თვითმმართველობის არჩევნები 1998 წელს ჩატარდა. მაშინ ორი გამონაკლისი იყო, თბილისი და ფოთი. მაშინდელ ხელისუფლებას კი კონკრეტული პოლიტიკური არგუმენტები ჰქონდა: ცენტრი ვერ აკონტროლებდა აჭარას და ამიტომ ფოთი ითვლებოდა ბოლო კარიბჭედ. ხელისუფლებას დანაწევრებული ქვეყნის გამო სჭირდა ფობია, რომ თვითმმართველობა ასუსტებს ცენტრალურ ხელისუფლებას, ამიტომ, ფოთი ის ციხესიმაგრეა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. თავისი საფუძველი ჰქონდა თბილისის მიმართ ფობიასაც - მათი წარმოდგენით, ჩვენი ქვეყნის ზომისთვის ეს ქალაქი არათანაბრად დიდია და ამიტომ თვითმმართველობის აქ გაძლიერება სახიფათო იქნება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის რეალური არჩევნები სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაატარა. ანუ სრული სახით ის მხოლოდ 2006 წლის არჩევნების შედეგად განხორციელდა.
თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად ავტორიტეტულია თვითმმართველობა დღეს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენმა თვითმმართველობამ იცის თავისი ფუნქცია და საზღვრები. ნელ-ნელა ეს საზღვრები აუცილებლად გაიზრდება, მაგრამ ეს ვერ იქნება უხეში და მექანიკურად გადმოღებული პროცესი, იქედან გამომდინარე, რომ სულ რაღაც 5 წლის წინ ჩვენ გვყავდა ასლან აბაშიძე და გუბერნატორები, რომლებიც პრაქტიკულად ფეოდალებივით ცხოვრობდნენ. ანუ, გულწრფელად რომ ვთქვათ, წინა ხელისუფლების შიში არ იყო ყურით მოთრეული. დღეს ეს შიში, რომ თვითმმართველობამ შეიძლება შექმნას ქვეყნის ერთიანობის პრობლემა, მოხსნილია. ამას გარდა, მაშინ დავა თვითმმართველობის შესახებ დაყვანილი იყო თბილისის მერის არჩევაზე. დღეს საკითხი აღარც ასე დგას - თბილისის მერს საკრებულო ირჩევს. შეიძლება დადგეს დრო, როცა მერის პირდაპირი არჩევნების წესით არჩევაც მოხერხდება, მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპობრივადაა გასაკეთებელი. ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ იმ სისტემაზეც, როცა  საკითხების გადაწყვეტა პირველივე დონეზე მოხდება, და არა მისი გადასროლა მეორე და მესამე დონეებზე. ვფიქრობ, ამისთვის საზოგადოების ფსიქოლოგიური მომზადებაცაა საჭირო. ჩვენთან ხომ დღეს ასეთი ტენდენცია მოქმედებს, რომ ყველაფერი ქვეყნის პირველ პირამდე მივიტანოთ. არადა, რაც უფრო მეტი დებატებია, ქვედა და თვითმმართველ რგოლებში, მით უფრო მეტად ეფექტურად და სწრაფად ხდება პრობლემის ლოკალიზაცია. მით უფრო აღარ ცხადდება ყოველი პრობლემა საერთო ნაციონალურ უბედურებად და მით უფრო აღარ მიდის ყველაფერი ერთ პიროვნებამდე.
ეს რომ ასე აღარ იყოს, საკანონმდებლო დონეზე გარანტიები უკვე შექმნილია. საზოგადოების ფსიქოლოგიურ გადაწყობას კი, შეიძლება, თაობაც დასჭირდეს. საჭიროა, გავიაზროთ, რომ საკითხისადმი ასეთი მიდგომა ქვეყნის სტაბილურობისთვისაცაა აუცილებელი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიქმნება ბევრი ბუფერული ზონა, რომელიც, საბოლოოდ, პასუხისმგებლობას გადაანაწილებს და აღარ გამოიწვევს კატაკლიზმებს, რომ ან ის ერთია ღმერთი და ან ის ერთია ეშმაკი. ამისკენაა მიმართული თვითმმართველი ინსტიტუტების შექმნაც.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია
ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს დღევანდელმა ხელისუფლებამ  თვითმმართველობა წაართვა, არსად ირჩევენ გამგებლებსა და მერებს. თბილისის მერსაც კი არ ვირჩევთ. ხელისუფლების იდეოლოგიის, უფრო სწორად, იდეოლოგიის მაგვარი ბუნდოვანი წარმოდგენების ერთ-ერთი უმთავრესი პოსტულატი არის ის, რომ "ხალხი ბნელია," ეს ძალიან მძიმე ამბავია. ხელისუფლებაში ბოლო დრომდე თვლიდნენ, რომ ქართველი ხალხი არის უაღრესად დაბალი ყოფითი და პოლიტიკური კულტურის მქონე, ულტრაკონსერვატორი და რელიგიურ-ეთნიკური ექსტრემიზმისკენ მიდრეკილი; არადა, ეს სრული სისულელეა - თუკი ვინმეს ჰგონია, რომ კანზასელი ფერმერი ან ბურგუნდიელი მევენახე კახელ გლეხზე ნაკლებად ტრადიციონალისტია, ძალიანაც ცდება. საერთოდ, "ხალხი," ანუ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყველგან ტრადიციონალისტია. უბრალოდ, ამა თუ იმ საზოგადოების დემოკრატიულობის დონე პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ხანი ცხოვრობს ეს საზოგადოება მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების პირობებში. ასეთი გამოცდილება კი სახელმწიფო ინსტანციების მიერ მოქალაქის კულტურული მენტალიტეტის გადაკეთებით არ მიიღწევა. ეს შეუძლებელია და თანაც სახიფათო, რადგან, კულტურაზე ძალადობა მხოლოდ უკულტურობას და განუკითხაობას ამკვიდრებს. ეს იგივეა, ქალწულის გამოზრდა რომ დააპირო მისი სისტემატური გაუპატიურების გზით... დემოკრატიის გამოცდილება შესაძლოა დაგროვდეს მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედებით და არავითარ შემთხვევაში - ავტორიტარული მეთოდებით. რეალურად, დემოკრატია დგას თვითმმართველობასა და დამოუკიდებელ სასამართლოზე. თუ ეს ორი სისტემა მუშაობს, მერე ყველაფერი მოვა. 

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი
ვერ ვიტყვი, რომ ამ საკითხში დადებითი შედეგები გვაქვს. ამის გამართლება, ბუნებრივია, არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება გაგება: როდესაც ქვეყანაში დაძაბულობა და პოლიტიკურად მძიმე ვითარებაა, მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ ყველა პრობლემა ძალიან სწრაფად უნდა გადაჭრას. ამას ემატება ძლიერი ზეწოლა გარედანაც და, ბუნებრივია, ასეთ პირობებში, ცენტრალურ ხელისუფლებას თვითმმართველი ინსტიტუტების განვითარების დიდი ინტერესები არ აქვს. პირიქით, ასეთ პირობებში, ცენტრს უფრო გამართლებულად ხელისუფლების ძლიერი კონცენტრირება ეჩვენება გამოსავლად. ეს მას საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები - რაც იმ მომენტისთვის უმთავრესად მიაჩნია. თუმცა, საკითხისადმი ასეთი მიდგომა სახელმწიფო ინსტიტუტებს ასუსტებს. თვითმმართველობა კი ის ინსტიტუტია, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.
ვფიქრობ, რომ განვითარების გარკვეულ ეტაპზე ხელისუფლების კონცენტრაცია მისაღები მეთოდია და უფრო ამართლებს ხოლმე, მაგრამ მთავარია, ეს ხელისუფლებისთვის თვითმიზნად არ იქცეს. როცა ხვდები, რომ აღარ ამართლებს, უნდა გამოასწორო. ფაქტია, რომ ახლა ის დრო დადგა, როცა თვითმმართველობის დონე ქვეყანაში უნდა ამაღლდეს. უკვე აუცილებელია რეალური თვითმმართველობის ამოქმედება თუნდაც იმიტომაც, რომ ცენტრისგან მოშორებით მცხოვრებმა მოსახლეობამ თავის ბედზე ზრუნვა და თვითდისციპლინა ისწავლოს, არ შეიძლება ყველა შეჰყურებდეს ცენტრს.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია
იმის მაგივრად, რომ გაგვეფართოვებინა თვითმმართველობა, 3500 ერთეულიდან დავედით 75-მდე. საქართველოში თვითმმართველობა დაინგრა, გაუქმდა, პატარა ქალაქის, სოფლის დონეზე თვითმმართველობა არ არსებობს, ადამიანები იძულებულები არიან, შორს იარონ პატარა ან დიდი პრობლემების გადასაჭრელად. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩემგან უფრო შორს წავიდა. თვითმმართველობა რითია ძვირფასი? პატარა პრობლემებს ჩვენ ვაგვარებთ და სახელმწიფოს ნაკლებად ვაწუხებთ. ჩვენთან თვითმმართველობა მოსპეს. მოსპეს იმის შიშით, რომ ეს დაანგრევდა ცენტრალიზებულ სახელმწიფოს. შეეშინდათ, რომ რომელიმე მმართველი შეიძლებოდა არ დათანხმებოდა პრეზიდენტის კურსს და მის პარტიას. წლების განმავლობაში ერთი კაცის ხელისუფლება შენდებოდა და ამის გამო ყველა ძვირფასი იდეა გადააგდეს, მათ შორის ისინიც, რომელიც, თვითონ რომ ჰკითხოთ, ოდესღაც, ესმოდათ. ლიტერატურა არ ესმის სააკაშვილს, თორემ, თვითმმართველობა გადასარევად იცოდა. მაგრამ ახლა დეცენტრალიზაციის და ფედერალიზმის ხსენებისა ძალიან ეშინია, ეჩვენება - ხალხს სჭირდება ეს ძლიერი ხელი...[pagebreak]
კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
ალბათ, პოლიციის შერიფის და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსის არჩევნები ძნელი წარმოსადგენია, რაც შეეხება თბილისის მერს, ის არჩეული მერია, ის არავის დაუნიშნავს. მართალია, ის არ არის პირდაპირ არჩეული, მაგრამ ჩვენს მიერ ხუთი წლის წინ შედგენილ დოკუმენტში არც ეწერა, რომ მერი პირდაპირი არჩევნების გზით უნდა ყოფილიყო არჩეული. თბილისის მერი არჩეულია საკრებულოს მიერ და სოციოლოგიური კვლევების გავითვალისწინებით, გიგი უგულავას დღესაც დიდი მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება სრულ არჩევითობას, დღეს მეჩვენება, რომ ოდნავ რომანტიკული იყო მაშინ ჩვენი ეს სურვილი და, ალბათ, დიდი დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ შევძლოთ, თუნდაც, პოლიციის უფროსების არჩევა. ალბათ, გარკვეული მზაობის შექმნისთვის, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.
ცხადია, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების საკითხიც. თუმცა, 5 იანვრის შემდეგ ჩვენ ამ ტენდენციასაც ვხედავთ. ბევრ პროექტს, რომელსაც მანამდე ცენტრალური უწყებები ახორციელებდა, დღეს უკვე ეს უფლებამოსილებები მხარეებსა და რაიონებს გადაეცათ. ეს მხოლოდ მისასალმებელი ფაქტია. მაგალითად დავასახელებ სკოლების რეაბილიტაციის პროექტს - "იაკობ გოგებაშვილი".

ლაშა ბაქრაძე
ისტორიკოსი
ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეცდომა არის ის, რომ ძალაუფლების სრული კონცენტრაცია მოხდა გადაწყვეტილების მიმღებთა უაღრესად ვიწრო წრეზე. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ცდილობს, მინისტრიდან დაწყებული ტუალეტის ჩამრეცხავამდე ყველა ადამიანი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს და ისინი ამა თუ იმ თანამდებობაზე პარტიის ერთგულების ნიშნით დანიშნოს, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების არამდგრადობას იწვევს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეს პათოლოგიური სწრაფვა სრული კონტროლისკენ გახდა დამახასიათებელი მთელი ხელისუფლებისთვის, და რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, სასამართლო ხელისუფლებისთვისაც.
მთავრობის და პარტიის ისერიგად შერწყმა, როგორიც დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს, ტოტალიტარული სახელმწიფოთათვის არის დამახასიათებელი. სამწუხაროდ, ეს კარგად ჩანს თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებშიც. თვითმმართველობის არჩევნები ჩვენთან ხელისუფლების არანორმალური ზეწოლის პირობებში ჩატარდა და ამ ორგანოებში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები მოხვდნენ. ანუ რეალურად თვითმმართველობა, რომელიც დამყარებულია ბაზისზე, ჩვენთან არ შედგა, აქ თვითმმართველობა განხორციელდა ზემოდან დანიშვნების სახით, რამაც, რასაკვირველია, ხალხში ხელისუფლებისადმი და საერთოდ, სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობა არ გაზარდა. ხალხმა ვერ დაინახა მმართველობის ორგანოებში ჩართვის (პარტიციფაციის) პერსპექტივა.
როდესაც ძალაუფლება ქვემოდან კი არ იქმნება, არამედ იქმნება ზემოდან, სახელმწიფოსთვის ეს ყოველთვის დამღუპველია. არაფერი დაშავდებოდა, დუშეთის ან სენაკის თვითმმართველობის ორგანოებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაცვლად, სხვა პარტიის წარმომადგენლები რომ გასულიყვნენ, რადგან ეს გამოიწვევდა ამ პარტიების პასუხისმგებლობის გაზრდას და გაათავისუფლებდა დიდი პასუხისმგებლობისგან ქვეყნის მმართველ პარტიასაც. რაც მთავარია, ამ შემთხვევაში გაიზრდებოდა საზოგადოების ნდობა, პასუხისმგებლობა თვითმმართველობის ორგანოებისა და, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
დღევანდელმა ხელისუფლებამ კი ვერ მოახერხა სახელისუფლებო ორგანოებისადმი ხალხის გაუცხოების პრობლემის გადაჭრა, რაც, ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე, ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა.
არაფერს ვამბობ დეცენტრალიზაციასა და ფედერალიზმისკენ გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი
როცა ვლაპარაკობთ თვითმმართველობაზე, ცხადია, რეალობა ძალიან შორსაა მოლოდინისგან, მაგრამ ყველა საკანონმდებლო წინაპირობა ეფექტური თვითმმართველობისთვის უკვე შექმნილია და საფუძველიც ჩაყრილია. ვგულისხმობ თვითმმართველობის ძალიან კარგ კანონმდებლობას, რომელიც ბოლო დროს შევქმენით. მასში ჩადებულია, არა მხოლოდ თვითმმართველობის პოლიტიკური გარანტიები, არამედ ეკონომიკური საფუძვლებიც. ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ კანონი ქმნის საამისო წინაპირობებს, ვინაიდან დაფინანსება თვითმმართველობისა დამოკიდებულია არა, ვთქვათ, სუბიექტურ ფაქტორებზე - აქვთ თუ არა ერთი და იგივე პოლიტიკური შეხედულება ამა თუ იმ თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ მოცემულია კონკრეტული ფორმულა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ამ თანხის გაანგარიშება, რომელიც თვითმმართველობამ ცენტრალური ბიუჯეტისგან უნდა მიიღოს.
მთლიანობაში, ის, რაც გაკეთდა სკოლების დეცენტრალიზაციის და უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველი ინსტიტუტების განსავითარებლად. ადრე ხომ სკოლები და ინსტიტუტები ფინანსდებოდა იმის გათვალისწინებით, თუ ვის რა პოლიტიკური გავლენა ჰქონდა, ახლა კი ეს დაფინანსება არის ვაუჩერული, ანუ ის, თუ რა თანხას მიიღებს ესა თუ ის სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი, განპირობებულია იმით, თუ რამდენ სტუდენტს და მოსწავლეს მოიზიდავს.
აღსანიშნავია იგივე ქველმოქმედების შესახებ საკანონმდებლო ნორმებიც, რომელიც საგადასახადო კოდექსშია ჩადებული, ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის წინაპირობებს იმისა, რომ საზოგადოებაში არსებობდეს ბევრი თვითმმართველი ინსტიტუტი. მათ შორის არის ადგილობრივი თვითმმართველობაც.
როცა ვლაპარკობთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, მოლოდინი გვაქვს, ალბათ, იმისა, რომ თვითმმართველი ინსტიტუტები მოქმედებდნენ ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს დამოუკიდებლობა არანაირ კავშირში არაა თვითმმართველობის კანონმდებლობასთან; არამედ ეს ურთიერთობა ცენტრსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს შორის, განპირობებულია არჩევნების შედეგებით. როცა ადგილობრივი თვითმმართველობაც და ცენტრალური ხელისუფლებაც ერთი და იმავე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული; როცა ეს პოლიტიკური პარტია საკმაოდ ცენტრალიზებულია და გადაწყვეტილებების მიღებაც ცნობილია, როგორც ხდება, კოორდინაციის ხარისხი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის ძალიან მაღალია. დროთა განმავლობაში, როცა პოლიტიკური სიმპათიების ასეთი კონცენტრაცია ერთი პარტიისკენ აღარ იქნება მიმართული და უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სპექტრი გვექნება - ხელისუფლების სხვადასხვა ცენტრალურ თუ ადგილობრივ ორგანოებში ფართოდ წარმოდგენილი, მათ შორის წინააღმდეგობის ხარისხიც გაიზრდება და მხოლოდ მას შემდეგ დავინახავთ, თუ რეალურად როგორ მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობა.
ასე რომ, გვაქვს საკანონმდებლო გარანტიები, სურათი კი სხვაა. ფაქტია, რომ თანხების ძალიან მცირე პროცენტს ხარჯავს ადგილობრივი თვითმმართველობა და მთელი ფული იხარჯება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით. ალბათ, ეს პროპორცია ადგილობრივი თვითმართველობის სასარგებლოდ გარკვეულ კორექტირებას მოითხოვს.

სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი
ვფიქრობ, თვითმმართველობის პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას, რადგან რეალურად წინსვლა არც ამ დარგში ყოფილა. თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემა ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც, სუსტი სამოქალაქო საზოგადოების არსებობაა. საერთოდ, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. რევოლუციამდე ძლიერი არასამთავრობო სექტორი რევოლუციის შემდეგ ამავე სექტორის წევრების ხელისუფლებაში გადასვლამ ძალიან დაასუსტა. ამას დაემატა ისიც, რომ დონორებმა, რომლებიც აფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გადაწყვიტეს, რომ ის იდეალები, რისთვისაც არასამთავრობოები არსებობდნენ, ამიერიდან ხელისუფლებას უნდა განეხორციელებინა და დაიწყეს ხელისუფლების დაფინანსება – მაგ. პროკურატურის რეფორმის და ა.შ., რაც, ჩემი აზრით, სერიოზული შეცდომა იყო.
სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ სამოქალაქო სექტორიდან ხელისუფლებაში გადასულმა ადამიანებმა კარგად იცოდნენ დასავლეთთან საურთიერთობო ენა და დიდხანს ატყუებდნენ მათ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო წინა მმართველობასთან შედარებით - შევარდნაძის დროს ხომ ერთ მხარეს იდგა არასამთავრობო სექტორი, მეორე მხარეს კი ჩინოვნიკები, რომლებმაც არ იცოდნენ თანამედროვე პოლიტიკური ენა და ამიტომაც ადვილი იყო მათი მხილება, რომ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. დღეს ეს მხილება ძნელი გახდა იმიტომ, რომ ხელისუფლება დასავლეთისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე ლაპარაკობს.
ამას გარდა გამოვლინდა სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი ნაკლი - აღმოჩნდა, რომ რევოლუციამდე ძლიერ არასამთავრობო სექტორს როგორც კი რამდენიმე ათეული ადამიანი გამოაკლდა, იგი დასუსტდა და გაქრა. ანუ გაირკვა, რომ სინამდვილეში მთელი სექტორის ძლიერებას განსაზღვრავდა ერთი ელიტური ჯგუფი; რომ ეს არ იყო ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება, ეს იყო კარგად დაფინანსებული ორგანიზაციების გუნდი, რომლებიც დასავლეთთან თანამშრომლობდნენ.
ნამდვილი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურად იბრძოლებს სიტყვის თავისუფლებისთვის, შექმნის სრულყოფილ თვითმმართველ ინსტიტუტებს, ჯერ კიდევ ასაშენებელი გვაქვს, ესაა: არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ქსელი, პროფკავშირები, სტუდენტური გაერთიანებები, რომელთაც შეუძლიათ, გარკვეული როლი ითამაშონ სახელმწიფოს ფორმირებაში.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია
ვიტყვი მოკლედ - ადგილობრივი თვითმმართველობა ქვეყანაში გაუქმებულია. ხელისუფლება არ ენდობა საკუთარ მოსახლეობას; ახლა კი უკვე საზოგადოებაც არ ენდობა ხელისუფლებას. ეს – ჩიხია; და რადგანაც მოსახლეობა ნამდვილად ვერ შეიცვლება, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. [pagebreak]

ნაბიჯი მეხუთე
ლუსტრაცია
2003

გიგი თევზაძე, სოციოლოგი: ლუსტრაცია არის გამჭვირვალება, გაცხადება, განათება. აქ იგულისხმება, რომ საზოგადოებას, ანუ სახელმწიფოს უფლება უნდა ჰქონდეს, იცოდეს, ვინ რა თანამდებობაზე იყო საბჭოთა კავშირში.

ლევან ბერძენიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკა:  შური კი არ გვინდა მათზე ვიძიოთ,  ეს ხალხი იმიტომ გვაშინებს, რომ არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებია წარმოდგენილი. მაგალითად, პარლამენტარს რომ ვირჩევ, მაინტერესებს, ავირჩიო პარლამენტარი, რომელმაც მთელი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს და უცებ რომ გაირკვეს,  უშიშროებაში ვიღაც კაპიტანი ან ლეიტენანტი მას პაიკად ხმარობს, ეს ყველამ უნდა იცოდეს.

რატი ამაღლობელი, პოეტი: როგორ შეიძლება, ლუსტრაცია მოხდეს, როცა წლების მანძილზე ხელისუფლების სათავეში არის ადამიანი, რომლის ლუსტრაციაც შეუძლებელია, რადგან თვითონ მართავს ამ სახელმწიფოს და ამ დროს პირველი გამოსამჟღავნებელი ადამიანია, ლუსტრაცია უნდა მოხდეს ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ აზრი ამასთან მიმართებაში, რომ ეს არის დაუშვებელი.

2008

ლაშა ბაქრაძე
ისტორიკოსი
ქართულ საზოგადოებას საერთოდ ურჩევნია მტკივნეულ თემებს გვერდი აუაროს და მათზე არ ილაპარაკოს. ეს ასეა, არა მარტო ლუსტრაციის, არამედ საბჭოთა კავშირის ისტორიის სერიოზულად შესწავლის შემთხვევაშიც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა, ის ბოროტმოქმედება, რაც მაშინ ხდებოდა, რატომ იყო შესაძლებელი. აუცილებელია, საქართველოშიც მოხდეს ლუსტრაცია, მაგრამ იმ სახით, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩატარდა (სადაც ყველაზე კარგად ჩატარდა), ჩვენში აღარ არის საჭირო, რადგან აქ უკვე სახელმწიფო მოხელეების ასაკი გაახალგაზრდავდა, ისინი ფიზიკურად ვეღარ მოასწრებდნენ საბჭოთა კავშირის დროს დანაშაულებრივ საქმიანობას.
მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებდა საბჭოთა კავშირის დროს. მაგრამ კითხვა - ვინ რას აკეთებდა, არ ნიშნავს ვინმეს დასჯას, რადგან დასჯის ვადა უკვე გავიდა. ლუსტრაცია საჭიროა იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და იმ ადამიანებმა, რომელთაც თავის დროზე დანაშაული აქვთ ჩადენილი, არა მხოლოდ სისხლის სამართლის, არამედ, მორალური დანაშაული, დღეს მორალის წაკითხვა აღარ სცადონ. 
მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების კომიტეტის საქმეების დიდი ნაწილი განადგურებულია (უაღრესად საეჭვო ვითარებაში), ლუსტრაცია დღეს მაინც შესაძლებელია გადარჩენილი საქმეების და სხვა არქივებში დაცული დოკუმენტების საშუალებით (მაგალითად, პარტიის არქივში დარჩენილი საქმეები). ეს მასალა მოგვცემს საშუალებას, გარკვეული სურათი აღვადგინოთ, თუ როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროს საზოგადოების და სისტემის თანამშრომლობა.
გარდა ამისა, ლუსტრაციისთვის მონაცემები არსებობს 80-იანი წლების ბოლოდან და შეგვიძლია ვიცოდეთ, თუ ვინ თანამშრომლობდა უშიშროების ორგანოებთან. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. აქ ხელისუფლებას მონოპოლია გააჩნია და არ უნდა, ხელიდან გაუშვას. ყოველგვარი მონოპოლიზაცია ცოდნისა, ბოროტმოქმედების წყაროა, ამით ხელისუფლებას საზოგადოების იმ წევრების შანტაჟის საშუალება აქვს, რომლებიც, თავის დროზე საბჭოური სისტემის სტაბილურობას დანაშაულებრივად უწყობდნენ ხელს.
მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, რომ ეს თემა რამენაირად აქტუალური გახდეს, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ხდება მისი იგნორირება.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია
არ ვისაუბრებ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე – ჩვენ ხომ აგერ უკვე სამი წელია შევიტანეთ პარლამენტში კანონ-პროექტი ლუსტრაციის შესახებ და უმრავლესობამ ისე დაბლოკა, რომ პლენარულ სხდომაზე მისი განხილვაც კი არ მომხდარა. ვიტყვი, რომ არის სიღრმისეული პლასტიც - საზოგადოებაში არის გარკვეული შიში იმისა, ყველაფრის ამოქექვა რომ დავიწყოთ, გაუთხვრელი ცოტა ვინმე თუ დარჩება. ბევრს არ უნდა, რომ გაიხსნას არქივები; ლუსტრაციის კანონის ამოქმედება არქივების გახსნას გულისხმობს, იქიდან კი ბევრი არასასიამოვნო ინფორმაცია გახდება საჯარო და ამის ერთგვარი შიში, ბევრში, ალბათ, არის. ჩვენში, სადაც ოჯახური კავშირები ძალიან ძლიერია, გარკვეული სიფრთხილე მართლაც საჭიროა. არის ფორმალური საკითხებიც: არქივების ნაწილი დაიწვა, ნაწილი რუსეთშია გატანილი, დაკარგულია. მაგრამ პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველგან იყო. მაგალითად, რუმინეთში, სადაც მათი პოლიტიკური პოლიცია – სეკურიტატე – განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. რუმინელებმა, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანამ, რაღაც ნაბიჯები მაინც გადადგეს; ბევრი უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ საკუთარი მძიმე წარსული არ მიჩქმალეს. უფრო ღრმად ვერ წავალ, არ ვიცი, რატომაა ლუსტრაციის პროცესი დაბლოკილი ჩვენში, რა ამოძრავებს სააკაშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას; არ მინდა, რომ აქ პირადი ინტერესი აღმოჩნდეს. ვფიქრობ, მანამდე, ვიდრე ლუსტრაციის კანონს არ მივიღებთ, ჩვენ საბჭოთა პერიოდის მსხვერპლიც დავრჩებით და ჯალათებიც; ლუსტრაციის შესახებ კანონის ამუშავების შემდეგ, ამ ჯალათობისგან გავთავისუფლდებით. თვალთმაქცობაა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმით ლუსტრაციის კანონის ჩანაცვლება; ოკუპაციას არავინ აყენებს ეჭვქვეშ, მაგრამ ლუსტრაციის შეცვლა ამ ფუქსავატური ექსპოზიციით ნამდვილად არ შეიძლება.  

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი
ამ ჩანაწერს "10 ნაბიჯში" სიმბოლური მნიშნვნელობა ჰქონდა და მიმართული იყო იმ ხალხის "შესაშინებლად", რომლებიც მაშინ, შევარდნაძის დროს იყვნენ მმართველობაში. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვეუბნება, ამ ტიპის კანონები გაიძულებს აღიარებას, თუ გქონდა შეხება ტოტალიტარული ქვეყნის სპეცსამსახურებთან, და ასევე, როგორც წესი, შეიცავს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს ტოტალიტარულ სისტემებში მომუშავე საჯარო და პარტიულ მოხელეთა მიმართ. საქართველოში ლუსტრაციის კანონს სერიოზული მნიშვნელობა ექნებოდა, თუ ამ კანონს 90-იან წლებში მივიღებდით. ლუსტრაციის კანონი ყოველთვის არის მიმართული წარსულზე და არასდროს - აწმყოზე. 90-იან წლებში საბჭოთა ნომენკლატურა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ქვეყნის მართვაში აქტიურად მონაწილეობდა.  დღეს ამ კანონის მიღება უფრო მეტად სიმბოლური აქტია, ამ კანონის სუბიექტები უკვე აღარ არსებობენ. საბჭოთა ნომენკლატურა უკვე ნამდვილად აღარ არის მთავრობაში, ერთი-ორი შეიძლება იყოს პარლამენტში, მაგრამ მათზე ყველამ ყველაფერი იცის. არა მგონია, რომ ახლა რაიმე აზრი ექნება ლუსტრაციის კანონის მიღებას.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია
ლუსტრაციის კანონის ვერმიღებას, ბევრი რადიკალურად განსხვავებული მიზეზი აქვს. მაგალითად ასეთი: სიბრალულის განცდა - ამბობდნენ, საბჭოთა სისტემაში ამ ადამიანებს არჩევანი არ ჰქონდათო. თუმცა, რეალური მიზეზი ამ კანონის არმიღებისა, ის იყო, რომ ლუსტრაციისა, საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ ყველა ძალას, მათ შორის, დღევანდელ ხელისუფლებასაც, ეშინოდა. რა თქმა უნდა, ლუსტრაცია, კლასიკური ფორმით, დღეს უკვე დაგვიანებულია. ისე ვეღარ მოხდება, როგორც პოლონეთში, ჩეხეთში, ლიტვაში განხორციელდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სლოვაკური ან უნგრული ვარიანტისთვის გვიანი არასდროს არ არის. ეს ყველაზე უფრო შემწყნარებლური ვარიანტია - ამ დროს ინფორმაცია არ ქვეყნდება, არავის არაფერი ეკრძალება. ლუსტრაციაში ორი ძირითადი მიმართულებაა: პირველი, როდესაც შენს შესახებ ცნობილია ინფორმაცია და კანონით აკრძალული გაქვს მაღალი, საჯარო თანამდებობის დაკავება; მეორე, როდესაც ინფორმაცია არ არის ცნობილი და მხოლოდ იმის შემდეგ გახდება, თუ მაღალი საჯარო თანამდებობის დაკავებას გადაწყვეტ. თავისთავად არაფერი აკრძალული არა გაქვს და ხალხი თუ გადაწყვეტს, რომ კგბ-ს ყოფილი გენერალი, ან ჯალათი ჰყავდეს დეპუტატად, ეს მისი გადასაწყვეტია. ლუსტრაციის ამ, მეორე ვარიანტისთვის გვიანი არასდროს არ არის. ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვის ირჩევს, ვის აბარებს თავისი ქვეყნის მართვას შემდეგი წლების მანძილზე.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია
ლუსტრაციის კანონ-პროექტი ორჯერ მოამზადა სააკაშვილმა, როცა ოპოზიციაში იყო და არ გავიდა, ერთხელ მოვამზადეთ ჩვენ, რაც ოპოზიციაში ვართ და არ გავიდა, სამი მცდელობის შემდეგ არ გავიდა და ახლა პრეზიდენტს, როცა უნდა, ვისაც უნდა, დაუძახებს აგენტს და მერე ეტყვის - გეხუმრეო. ზოგიერთის აზრით, ლუსტრაციის კანონის მიღება დაგვიანებულია; ლუსტრაციის მექანიზმი თუ არ გესმის, მაშინ შეიძლება ილაპარაკო ამ ტერმინებით - ადრე ან გვიან. აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანამ მიიღო ეს კანონი, ზოგიერთი ახლა აპირებს მიღებას. თუ ადამიანი ემსახურებოდა რომელიმე საიდუმლო ორგანიზაციას და არ არის გამოვლენილი, რომ ეს კავშირი არსებობდა, ხვალ ეს ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც მნიშვნელოვან თანამდებობაზე, სადაც ის ორგანიზაცია, ფაქტობრივად, ამ თანამდებობას იგდებს ხელში - ამ საფრთხისგან გვიცავს ლუსტრაციის კანონი. უნდა გვქონდეს გარანტია, რომ მინისტრი მინისტრია და არა რომელიმე ლეიტენანტის დანამატი. მასზე გავლენა აქვთ კანონებს, პარლამენტს და არა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებს. ლუსტრაციის კანონი ორი სიისგან შედგება: პირველი - ვის ეხება, მეორე - რა აკრძალვებია. კარგად ვიცნობ ამ საკითხს, ივლიანე ხაინდრავამ და მე ევროპის ქვეყნებში ვიარეთ და ვისწავლეთ არა მხოლოდ კანონის ტექსტები და ქვემდებარე აქტები, არამედ, მისი მუშაობის მექანიზმებიც - როგორ ინერგებოდა და რა შედეგები მოჰყვა ამას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ძალიან გვჭირდება ლუსტრაციის კანონის მიღება. ადრე იქნება თუ გვიან, მივიღებთ ამ კანონს, ეს არ ნიშნავს ვინმეს დაჩაგვრას. პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები გათავისუფლდებიან და შეწყდება უსაფუძვლო ბრალდებები.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი
ერთ-ერთი ფუნქცია, რაც ლუსტრაციის კანონს უნდა შეესრულებინა და რაც შეასრულა კიდეც რიგ ქვეყნებში, არის ხელისუფლების პერსონალური შემადგენლობის რადიკალური გადახალისება. ჩვენ ლუსტრაციის კანონი არ მიგვიღია, მაგრამ პრაქტიკულად სახელისუფლებო აპარატის ეს წმენდა ისედაც სერიოზულად მოხდა. თუმცა, ჩემი აზრით, ლუსტრაციის კანონის მიღება მაინც სასურველი იყო. როცა სხვადასხვა საბჭოური ორგანიზაციებისთვის ქონების ჩამორთმევა ხორციელდებოდა, ბევრისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ და რა სამართლებრივ საფუძველზე ხდებოდა ეს ყველაფერი. თუ გვექნებოდა ლუსტრაციის კანონი, გარკვეულ ორგანოებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემოდა - გამოცხადდებოდა დანაშაულებრივი რეჟიმის მსახურ ორგანიზაციად და მოხდებოდა მისი ქონების კონფისკაცია, ისე, როგორც დენაციფიკაციის დროს მოხდა გერმანიაში.[pagebreak]

ნაბიჯი მეექვსე
რუსეთის ბაზების გაყვანა
2003

ივლიანე ხაინდრავა, რესპუბლიკური პარტია: რუსეთის ბაზების ყოფნასთან დაკავშირებით კითხვა მარტივად ისმის, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი, რომელიც საკმარისიია იმისთვის, რომ საფრთხე შეუქმნას საქართველოს.

ნიკა ჯანჯღავა, სამხედრო ექსპერტი: საკითხი უნდა დაისვას პრინციპულად და უპირობოდ - რუსეთის  ბაზები უნდა გაიყვანონ აქედან.

2008

გიგი უგულავა
თბილისის მერი
რუსეთის ბაზების გაყვანა არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. მახსოვს, როცა ამაზე იყო საუბარი, შიშობდნენ, რომ რუსის ჯარს ანტიტერორისტული ძალებით ვანაცვლებთ. ჩვენ კი მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორია რუსმა ჯარისკაცებმა საბოლოოდ დატოვეს. ამას უამრავი დადებითი შედეგი მოჰყვა, მაგალითად, გავიდა თუ არა ბაზები, მაშინვე იმ რეგიონების მოსახლეობის სწრაფი ინტეგრაცია დაიწყო დანარჩენ საქართველოსთან. და დღეს, სახელმწიფო თვალსაზრისით, ახალქალაქი და ნინოწმინდა ბევრად უფრო ქართულია, ვიდრე ეს იყო რუსეთის ბაზების დროს.
ჩვენ ამ რეგიონს ის ჰერპესი და ფურუნკული მოვაშორეთ, რაც ამ ძირძველი რეგიონის საქართველოსთან ინტეგრაციას აფერხებდა. ახლა კი ეს უკვე შეუქცევადი პროცესი გახდა.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია
ეს სერიოზული წარმატებაა, რომელსაც ჯერ კიდევ 1999 წელს, შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი. ოთხიდან სამი რუსული ბაზა საბოლოოდ გასულია, თუმცა, დარჩა ბაზა გუდაუთაში; ე.წ. "სამშვიდობო" ჯარებიც დგანან ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, მაგრამ ამ ხელისუფლებას არ მოვთხოვ იმას, რის გაკეთებასაც, შესაძლოა, ვერ მოვასწრებდი, ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავი.

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
რუსეთის ბაზები უკვე გაყვანილია იმ ტერიტორიებიდან, რომელთაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ისინი რჩება მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე. რაც შეეხება ამ ტერიტორიებს, მათ მიმართაც სამშვიდობო გეგმები არსებობს, რომლებიც მოწონებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ მომზადებულ დოკუმენტში საკითხი ასე დავსვით - საჭირო იყო ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომის ჩამოყალიბება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. დღეს ეს გეგმა ჩამოყალიბებულია. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა თათბირი პრეზიდენტთან, როცა უკვე კონკრეტულ სამინისტროებს დაევალათ ამ გეგმის განხორციელება. ანუ, ეს ნაბიჯი შედგა და ახლა საჭიროა, დასახული გეგმის სისრულეში მოყვანა.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი
თუ არ ჩავთვლით გუდაუთის ბაზას, საქართველოს ტერიტორია პრაქტიკულად უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა ოფიციალურად დატოვა. რაც გასათავისუფლებელი გვაქვს, არის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორია. ვფიქრობ, ამისთვის აუცილებელია დაწყებული პოლიტიკის გაგრძელება, ესაა ინტეგრაცია ნატოში და ჯარის გაძლიერება. ვფიქრობ, სახელმწიფო მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის და ყოვლად არასასურველი სცენარის განვითარებისთვის. და, რაც მთავარია, მზად უნდა იყოს არა მხოლოდ ჯარი, არამედ ეკონომიკაც, რადგანაც კონფლიქტის ნებისმიერი ესკალაცია, დიდ დარტყმას გამოიწვევს ეკონომიკაზეც, იგივე ნოემბრის მოვლენების დროს ხომ საინვესტიციო პაუზის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, სწრაფად მოხერხდა ამ პრობლემის დაძლევა. თუმცა, თუკი, ვთქვათ, სერიოზულ ექსცესებს ექნება ადგილი, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები იმისთვის, რომ კონფლიქტის თანმდევი მოვლენების დაძლევა მოხდეს.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი
ეს საკითხი თითქმის ბოლომდე მოგვარებულია. თუმცა, ცხადია, გუდაუთაში დარჩენილი ბაზის მოსაშორებლადაც სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, ვგულისხმობ დიპლომატიურ გზებს. ამის რეალური რესურსი კი ქართულ დიპლომატიას ნამდვილად გააჩნია. ამ მიმართულებით უკანასკნელ წლებში ძალიან ბევრს მივაღწიეთ. გავიხსენოთ თუნდაც ბუქარესტის სამიტი და იქ მიღწეული წარმატება. ანდა, ის ფაქტი, როცა ბაზების გასაყვანად შექმნილი ვითარება და დასავლეთის დამოკიდებულება საჩვენოდ გამოვიყენეთ და ქვეყანა რუსი სამხედროებისგან გავწმინდეთ.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია
საქართვლოდან რუსეთის ბაზების გაყვანა ის იშვიათი პლუსია, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს და განსაკუთრებით, რუსეთის სასახელოდ. მართლა არ გაიყვანა ეს ბაზები? რჩება ერთი კითხვის ნიშანი - გუდაუთა, იქ, უბრალოდ, ვერ ვამოწმებთ, არ ვიცით, რა დონეზეა გაყვანილი. ეს რამდენიმე თაობის მიღწევაა, ეს არის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის დასასრული. ხელშეკრულება დაიდო 1999 წელს, შევარდნაძისა და კლინტონის პრეზიდენტობის დროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რაც მოულოდნელიც კი იყო - რუსეთმა მართლა შეასრულა სტამბულის ხელშეკრულების ეს პუნქტი. აქ ძალიან დიდი იყო სალომე ზურაბიშვილის როლიც, როგორც ცნობილია, სწორედ მან გატეხა ლავროვის წინააღმდეგობა და კარგი მომენტი შეურჩია. მადლობა ღმერთს, რომ ამ 10 ნაბიჯიდან ეს ერთი ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ ჩვენ კი არა, რუსეთსაც უნდა გადაედგა, გადადგმულია.[pagebreak]

 

ნაბიჯი მეშვიდე
ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენა

2003

გიგი თევზაძე, სოციოლოგი: ხელისუფლებას არ უნდა, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. არ უნდა იმიტომ, რომ ვიღაცებს შემოსავალი აქვთ იმ გზებიდან, მაგალითად, ნარკოტიკების გზიდან. ეს არის მათი გამართლებაც. სანამ ჩვენ ჩუმად ვიყავით, ხელისუფლება მუშაობდა იმაზე, რომ დაემტკიცებინა, დამოკრატია პრობლემებს ვერ აგვარებს. 

გიგი უგულავა, ფილოსოფოსი; არ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც იტყვის, თუ რა არის სახელმწიფოს გეზი, პროგრამა ამ პრობლემის გადასაჭრელად. უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისათვის და ავუხსნათ ამ ხალხს, რას ვთავაზობთ. უნდა ავუხსნათ იმ ხალხს, რომ ვთქვათ აფხაზეთს ეყოლება საკუთარი საფეხბურთო გუნდი, როგორც შოტლანდიაშია, და საქართველოსგან დამოუკიდებლად გამოვა ევროპულ ტურნირებზე. თუ ვთავაზობთ საპირისპიროს, რომ უნდა დავიპყროთ აფხაზეთი და შემოვიერთოთ ის როგორც უნიტარული ერთეული და ვთქვათ, აფხაზეთსა და კახეთს შორის არანიარი სხვაობა არ უნდა იყოს.  დღეს საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ საქართველო და რატომ დასჭირდება იმ მხარეს, ვინც ომი მოგვიგო და რომლის უკან დიდი ქვეყანა, რუსეთი დგას.

2008

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი
დღევანდელ ხელისუფლებას გეგმა ნამდვილად აქვს: ორი წლის წინათ იყო ოქრუაშვილის რადიკალური გეგმა. ახლა მთავრობის დამოკიდებულება შეიცვალა. არა მგონია, დღეს ვინმე ფიქრობდეს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად წარმოებული ომი წარმატებული იქნება. ეს იქნება ბოლო და გარდაუვალი, შეიძლება ითქვას, სასოწარკვეთილი ნაბიჯი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ, თუ ეს გარდაუვალი იქნება, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ თავი დაიცვას. ახლანდელი გეგმაა ის შეთავაზება, რომელიც ნატოს სამიტის წინ თქვა სააკაშვილმა. ამ პრობლემის გარედან მოგვარება ძნელია და ალბათ, შეუძლებელიც. ასევე, საკმაოდ პრობლემურია აფხაზების განწყობა ქართველების მიმართ. თუმცა, ისტორიული მაგალითები გვეუბნება, რომ უარესი ომებიც მომხდარა ხალხებს შორის, მაგრამ მერე მათი ურთიერთობა დარეგულირებულა. დარეგულირება და მოლაპარაკების ფორმატში გადასვლა ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი. არსებობს პესიმისტური პროგნოზებიც. მაგალითად, ასეთი - არც ერთი ქვეყანა არ გამოსულა რუსეთის გავლენიდან ტერიტორიის დაკარგვის გარეშე, არც ფინეთი, არც იაპონია. ყველაზე პესიმისტური პროგნოზია, რომ შესაძლოა, ომი და ტერიტორიის რაღაც ნაწილის დათმობა მოგვიწიოს.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია
ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარება გარედან ვერ მოხერხდება; ეს არის ქართული და აფხაზური საზოგადოებების პრობლემა და როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, გამოვდივართ იმ მოსაზრებიდან, რომ საჭიროა არა მხოლოდ აფხაზეთის ან ოსეთის დაბრუნება, არამედ აფხაზების და ოსების შემობრუნება; უნდა მოხდეს ამ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში აფხაზების და ოსების რეინტეგრაცია. აქ უნდა გავმიჯნო ცხინვალის მიმართულება და სოხუმის მიმართულება. ცხინვალის მიმართულებით გადაიდგა სრულიად ავანტიურისტული ნაბიჯი 2004 წლის ზაფხულში და ამ ავანტიურამ 10 წლით უკან გადაისროლა ქართულ-ოსური ურთიერთობები. საბედნიეროდ, უკანასკნელ ზღვარზე გაჩერდა ხელისუფლება და მოვლენათა კატასტროფულ განვითარებას გადავრჩით. ერთგვარი პაუზის შემდეგ სხვა გზას დაადგნენ – ჩემი აზრით, სანაკოევის პროექტი საინტერესოა, მაგრამ რამდენად წარმატებული იქნება საბოლოო ანგარიშით - ვერ გეტყვით. ახლა კვლავ ერთგვარი პაუზაა, არ გამოვრიცხავ, რომ - შეგნებული; ალბათ თვლიან, რომ დრო კოკოითის წისქვილზე არ ასხამს წყალს.
აფხაზეთის მიმართულებით ბოლო დროს არაფერი ხდება სასიკეთო. საქართველოს ხელისუფლებას ძირითადად სწორი პოზიცია ეკავა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს; მერე იყო დიალოგის რეჟიმი. შეიძლება ამას თვალშისაცემი შედეგი არ ჰქონია, მაგრამ ეს რეჟიმი უფრო უსაფრთხოს ხდიდა ქართველების მდგომარეობას გალის რაიონში და ზოგადად ნდობის აღდგენისკენ იყო მიმართული. იყო კარგი გზავნილები თბილისიდან, როდესაც აფხაზეთის დეპუტაციას უფლებამოსილება არ გავუგრძელეთ; ეს იმას ნიშნავდა, რომ ეს ადგილები აფხაზეთს ეკუთვნოდა. უნდა გავიხსენო ირაკლი ალასანიას 2005 წლის 14 აგვისტოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართველების მხრიდან მძიმე შეცდომა იყო დაშვებული და ეს შეცდომა უნდა გავიაზროთ. მერე დაიწყო მინისტრების ცვლა, დიალოგიც შეწყდა. კოდორი, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ მოწოდებულია, როგორც დიდი წარმატება, წინააღმდეგობრივი მოვლენაა: რა თქმა უნდა, მისასალმებელია, კვიციანის ბანდა რომ მოშორდა იქაურობას, მაგრამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები უფრო დამძიმდა. ჩემი შეფასებით, ჩვენ ახლა ისე შორს ვართ აფხაზეთის დაბრუნებისგან, როგორც არასდროს ომის დასრულებიდან. მთელი პოლიტიკის აგება იმაზე, რომ MAP-ს მივიღებთ და მაშინ ჩვენი, როგორც ნატოს წევრობის კანდიდატის, ტერიტორიული მთლიანობა იქნება უზრუნველყოფილი, გულუბრყვილობაა; შეიძლება, ტერიტორიული მთლიანობა ფორმალურად აღიარებული იყოს, მაგრამ ქართველების და აფხაზების რეალური თანაცხოვრების გარეშე ქვეყნის ერთიანობა ვერ აღდგეს.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი
ვფიქრობ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით ჩვენი სახელმწიფო კონკრეტული სტრატეგიით მოქმედებს. ეს გულისხმობს არმიის გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ეკონომიკის განვითარებას და ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის შიდა კონფლიქტი, ეს არის პრაქტიკულად საქართველოს დეკოლონიზაციის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, გვყავს მეზობელი ქვეყანა, რომელსაც კვლავაც ოკუპირებული აქვს ეს ტერიტორიები და რომ დავასრულოთ პროცესი ჩვენთვის სასარგებლოდ, საჭიროა გვქონდეს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც, ასე რომ, ინტეგრაციას ნატოში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია
უკვე მეხუთე წელი დაიწყო და ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის გასაერთიანებლად შემუშავებული, მწყობრად დალაგებული გეგმა და სტრატეგია ჯერ არ გვინახავს. უფრო მეტიც, არ მოგვისმენია საგულისხმო არაფერი, გარდა იმისა, რომ ხან ერთი მინისტრი დათქვამდა ვადას - 1 იანვარს აქა ვარო, ხანაც პრეზიდენტი აკეთებდა არასერიოზულ განცხადებებს. მახსოვს, ერთი დევნილის ოჯახში მივიდა, ოჯახის უფროსს საათი აჩუქა და უთხრა, ამ საათზე ბატარიები რომ გაჩერდება, შენს სახლში იქნებიო. ეს ერთგვარი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლებამ არ იცის, არ ფიქრობს ამაზე და რეალურად არ ვარაუდობს, რომ რაღაც გეგმაზომიერი ქმედებებით შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, ამიტომ, ასე, პიარ-აქციების ფონზე მიდის პროცესი. სააკაშვილის მოქმედების გენერალური ხაზი ასეთია: ისეთ დროს შეთავაზება უნდა გააკეთოს, როცა ზუსტად, გარანტირებულად იცის, რომ აფხაზები უარს იტყვიან და მუდმივად იყოს ამ მდგომარეობაში - მეტი რაღა ვქნა?.. ბოლო გამოსვლა გავიხსენოთ. იყო კოსოვო, შემდეგ დუმის ამბები, შემდეგ ბაღაბშისა და კოკოითის თხოვნა რუსეთისადმი, ლავროვის განცხადება და ამის შემდეგ, გამოდის სააკაშვილი, კეთილი მეფე, რომელსაც, ოთხი წელია აფხაზებისთვის არც ერთი სიტყვა არ უთქვამს წინადადების ფორმატში, გამოდის და ჩამონათვალს აკეთებს ფართო ფედერალიზმზე, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, კონკრეტულ წინადადებებს იძლევა იმ დროს, როცა ზუსტად იცის, შეუძლებელია აფხაზებმა საჯაროდ, არჩევნების წინ გაკეთებულ შეთავაზებაზე დღეს თანხმობა თქვან. სააკაშვილი კი დიალოგს სთავაზობს. დიალოგი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ფაქტის წინაშე კი არ უნდა დამაყენო, უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბაღაფში მოლაპარაკებათა მაგიდასთან ყველაფერზე ხელს მოაწერდა, მაგრამ სახელწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა სწორედ იმას გულისხმობს, რომ შენი პოლიტიკა წინასაარჩევნო პიარს კი არ ეფუძნებოდეს, არამედ, შედეგებზე იყოს ორიენტირებული. ბუნებრივია, როცა წინასაარჩევნოდ, ტელევიზორიდან ეუბნები ამას აფხაზებს, არ არის სერიოზული, ეს წარუმატებლობისთვის განწირული შეთავაზებაა. სააკაშვილს უნდა ესაუბრა ფორმატებზე, ის ფორმატი, რომელიც დღეს არსებობს, უვარგისია, არაფრის მომტანია, როდესაც რუსი გიზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, და ორი-ერთზე ხარ, არაფერი გამოვა. მოსაძებნია ალტერნატიული ფორმატები. ამ დროს სააკაშვილი ამბობს, რომ მას ჰყავს ხუთასი ათასი ლტოლვილი და სხვა ციფრს არ მიიღებს, ეს მაშინ, როდესაც აფხაზეთში სულ ცხოვრობდა ხუთას ორმოცი ათასი კაცი. ამის შემდეგ, სააკაშვილზე საუბარი, როგორც სერიოზულ პოლიტიკოსზე, ნამდვილად არ შეიძლება. დევნილები უნდა დაბრუნდნენ, ამას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ რაც უფრო გავბერავთ ამ ციფრებს, მით უფრო დავაშინებთ აფხაზებს.

სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიული გეგმა, მართალი გითხრათ, არსად მინახავს და არც რეალურად ჩანს სადმე. არსებობს ზოგადი მონახაზები, რომლებსაც, როგორც წესი, უცხოელებს წარვუდგენთ ხოლმე და არა მათ, ვისთან ერთადაც გვინდა თანაცხოვრება - აფხაზებს და ოსებს ვგულისხმობ. ჩემი აზრით, პრაქტიკულად არც დიალოგი არსებობს ორ მხარეს შორის, მართალია, ამ დიალოგმა შესაძლოა, ბევრი ვერაფერი მოგვიტანოს, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც უნდა ვცადოთ, ურთიერთობები გვქონდეს ხალხთან, ვისთან ცხოვრებასაც მომავალში ვაპირებთ. ამის მცდელობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი
ნებისმიერ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მსგავსი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად, იდება ხოლმე რეალიები, ანუ ის ნიუანსები, რასაც რეალური კონტექსტი გვკარნახობს. ჩვენთან კი ამ რეალიებს უმთავრესად რუსეთის ფაქტორი განსაზღვრავს. როცა ხედავ, რომ რუსეთი დღემდე გეუბნება, ჩემთან უნდა დარჩე და სანაცვლოდ სიკეთეს კი არ გაგიკეთებ, უბრალოდ, უარესს არაფერს გიზამო, წარმატების მიღწევა, ცხადია, რთულდება. ცხადია, არსებობდა სამოქმედო გეგმის სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ ყველა ეს გეგმა, შეხედულება და კონცეფცია რუსეთის ინტერესების გამო დაიმსხვრა. ამიტომ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ხელისუფლებას ვერაფერში დავადანაშაულებ. მართალია, ხანდახან გაუმართლებელ ნაბიჯებსაც დგამდნენ და განცხადებებს დაგვიანებით აკეთებდნენ, მაგრამ აქ, ისევ და ისევ, რუსეთთან ურთიერთობაა გასათვალისწინებელი.
რაც შეეხება ნატოს ფაქტორს, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და ნატოში გაწევრიანება იმიტომ კი არაა ჩვენი მიზანი, რომ ნატოს ჯარების გამოყენებას შევძლებთ კონფლიქტების მოსაგვარებლად, არამედ, აქ სამხედრო და პოლიტიკურ გარანტიებზეა საუბარი.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია
არც ძველ ხელისუფლებას ჰქონდა ჩამოყალიბებული გეგმა და სტრატეგია ქვეყნის გასაერთიანებლად და არც დღევანდელს აქვს. შევარდნაძის დროს მიტოვებული და დაკონსერვებული იყო ეს საკითხი. დღეს ჩხიკინი ხდება: შეუჩხიკინებენ, დაანებებენ თავს, ისევ შეუჩხიკინებენ, და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ხან იმუქრებიან, ხან მშვიდობის მტრედს თამაშობენ. საქმე კი წინ არ იძვრის, უფრო პირიქით... გარედან ეს პრობლემა ნამდვილად არ გადაიჭრება. თვით ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ნორმალური და მიმზიდველი ოსებისა და აფხაზებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ უპირველესად, ესაა გასაკეთებელი. იქაურ მოსახლეობასთანაც არის პრობლემა, რა უნდა ვუყოთ ამ ხალხს? შეხვიდე სადღაც და მუდმივად ბომბზე იჯდე, ასე არ გამოვა. წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ, ორივემ ერთნაირი წარმატებით მოახერხა ის, რომ აფხაზურ მოსახლეობაში არანაირი დასაყრდენი არ გვყავს.

გიგი უგულავა
თბილისის მერი
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოება უკვე ხედავს - რუსეთი ამ კონფლიქტებში დაინტერესებული მხარეა; ხედავს, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ხელისუფლების რიტორიკა, ამ აზრს უკვე ნატო, აშშ და ევროკავშირიც იზიარებს.
ეს ოთხი წელი კი ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობისთვის იყო საჭირო. ამ თვალსაზრისით, პირველი, რაც გაკეთდა იყო ის, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსა - საქართველო უკვე ოფიციალურად აღარ შედის ღატაკი ქვეყნების რიგში. პირიქით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ჩართული ქვეყანაა. ჩვენი ამოცანა ახლა რუსეთის სამშვიდობო ფუნქციის და მანდატის ჩანაცვლება იქნება, ვინაიდან ის რეალურად არაა მშვიდობის დამცველი. ის უფრო მცოცავ ანექსიას და დაკანონებას აწარმოებს იმისა, რაც 1993 წელს მოხდა. რაც მთავარია, საქართველო ამ პროცესში მარტო არაა. ხოლო თუ საერთაშორისო რეაქცია მაინც არ იქნება ადეკვატური, ჩვენ უკვე შეგვწევს ძალა, ჩვენივე ზომები მივიღოთ და ეს ზომები იქნება რადიკალური. პარალელურად, საჭიროა, რომ გავაგრძელოთ კონკრეტული შეთავაზებები კონკრეტული ადამიანების მიმართ. საჭიროა დავანახოთ, თუ რა პერსპექტივას ვთავაზობთ მას – ფართო ავტონომიას, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, აბსოლუტურ თვითმმართველობას, რაც გამოიხატება საერთო ვალუტასა და საერთო უსაფრთხოების სისტემაში, დანარჩენი კი - ენა, კულტურა, ავტონომიის ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში დამოუკიდებლად ექნებათ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ - დაწყებული მათი ნაციონალური საფეხბურთო გუნდიდან, დამთავრებული ვალუტით. დიდ ბრიტანეთშიც სწორედ ასეა - ფუნტს შოტლანდიის ბანკიც გამოსცემს და ინგლისისაც, მაგრამ ორივე ფუნტია, უბრალოდ, ერთზე ინგლისელი გმირებია გამოსახული, მეორეზე - შოტლანდიელი. ერთი სიტყვით, ესაა საკითხები, რაზეც მზად ვართ აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები დავიწყოთ.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია
აქ ერთი მილიმეტრით არ წავწეულვართ წინ. აჭარის რევოლუციის შემდეგ ჩვენს ხელისუფლებას შეექმნა ილუზია, რომ საკითხები მარტივად წყდება. მაშინვე დაიწყეს სამხრეთ ოსეთის ოლქში პრობლემის ანალოგიურად მოგვარება, რასაც სრულიად გაუმართლებელი მსხვერპლი მოჰყვა. უფრო დავშორდით იმ დღეს, როცა ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. არის მინიშნებები სავარაუდო ომზე, რომელიც არ იქნება და ვერ იქნება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი.[pagebreak]

ნაბიჯი მერვე
სამხედრო რეფორმა
2003

ნიკა ჯანჯღავა, სამხედრო ექსპერტი: ქართული ჯარი უნდა შემცირდეს. ბალტიისპირეთში სულ ხუთი გენერალია, ერთი ესტონეთში და ორ-ორი ლატვიასა და ლიტვაში. ლიტველებმა ჯარის შექმნა დაიწყეს ათეულებით, ოცეულებით და მერე შექმნეს ძლიერი ქვედანაყოფები და დღეს, ეს ქვედანაყოფები ნატოს ეგიდით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სამხედრო ამოცანებს ასრულებს. ჩვენ ჯერ გენერალიტეტი შევქმენით. ჩვენ არ ვიფიქრეთ იმაზე, თუ რა სჭირდება რიგით ჯარისკაცს. სად უნდა იცხოვროს. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენში ჯარი არაპოპულარულია, ის ასოცირდება არა მხოლოდ ომში დამარცხებასთან, არამედ, იმ ძალიან ცუდ პირობებთან, რომელშიც ჩვენი ჯარისკაცები ცხოვრობენ დღესდღეობით. ჯარი ჩვენს საზოგადოებაში გაიგივებულია დედოვშჩინასთან, კუთხურობასთან, ყველა იმ უარყოფით მოვლენასთან, რაც საზოგადოებაშია, მაგრამ ჯარში ათჯერ უარესი მდგომარეობაა, სადაც კვება არის მინიმალური, სადაც ფორმა არის ორ ჯარისკაცზე ერთი. ჩვენ ქართველების ახალ თაობას არ ვასწავლით ბრძოლას, არამედ ვაჩვევთ რაღაც კრიმინალურ-ძველბიჭურ კანონებს, რაც ჯარში არის ნონსენსი.

2008

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი
ვფიქრობ, ეს რეფორმა იმდენად წარმატებულად ჩატარდა, რომ დღეს საქართველო მზად არის არა მხოლოდ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის მისაღებად, არამედ, სამხედრო რეფორმების თვალსაზრისით, მთლიანად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის არსებობს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ არა პოლიტიკური პრობლემები, ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ ნატოს სრული წევრობისთვის

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია
შევარდნაძის დროს ჯარი ქვეყანას არ ჰყავდა; დღეს ქვეყანას ჯარი ჰყავს. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატება ქართული ჯარის შექმნაა. თუმცა, აქაც სერიოზული ხარვეზებია დემოკრატიული კონტროლის თვალსაზრისით. პრობლემები, მათ შორის, ობიექტური ხასიათისაცაა: იქ, სადაც არ არის ტრადიცია, არ არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ძალიან სუსტია პარლამენტი, რომლის უპირველესი მისიაც უნდა იყოს სამოქალაქო კონტროლის დაწესება ძალოვნებზე და მათ შორის ჯარზეც, გვაქვს ის, რაც გვაქვს. ექსპერტების აზრით, საქართველოს სჭირდება დაახლოებით 16 000 კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარისკაცი, ჩვენ კი დღეს ორჯერ მეტი გვყავს და არ ახსნილა, რისთვისაა ეს საჭირო. თუ გავითვალისწინებთ რეზერვისტების საკმაოდ ძვირიან პროგრამას, კითხვები კიდევ ჩნდება. პრობლემებია მართვაშიც და კადრებშიც. სამხედრო ხარჯებმა გონივრულობის ზღვარს გადააჭარბა: ნატოს სტანდარტის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ეკუთვნის თავდაცვას, ჩვენთან კი სამხედრო ხარჯებმა 2007 წელს 8% მიაღწია, რაც გაუმჭვირვალობის ფონზე, საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ საერთო მილიტარისტული სულისკვეთებაც, რომელიც მკვიდრდება ამ ქვეყანაში. არ მომწონს, როცა თავდაცვის სამინისტროს აქვს საკუთარი სატელევიზიო არხი, რომელიც, კაცმა არ იცის, საიდან ფინანსდება და ვის მიერ იმართება; არ მომწონს პატრიოტთა ბანაკების მილიტარისტულ-ნაციონალისტური სულისკვეთება. მაქვს განცდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბავშვობაში ომობანა არ უთამაშია და ახლა ახდენს ამის კომპენსირებას. პრეზიდენტის რანგში სამხედრო თამაშობებით გადაჭარბებული გატაცება ცოტა სარისკო მგონია. ეს კლიპები, პროგრამები ყურადღების მიღმა არ რჩება არც სოხუმში და არც სხვაგან და ვფიქრობ, რომ ეს ვერაფერი კაპიტალია ურთიერთნდობის აღდგენის გზაზე.

გიგი თევზაძე
ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი
ყველა აღიარებს, რომ საქართველოს ძლიერი ჯარი ჰყავს. შეიძლება უფრო განვითარებულიც კი, ვიდრე ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას შეესაბამება. არსებობს თანხების გაუმჭვირვალობის პრობლემა, მაგრამ ეს ე.წ. "ბუნებრივი" პრობლემაა და რაც უფრო წავალთ ნატოსკენ, მით უფრო მოგვარდება. მაგრამ როგორც ვიცი, ჩვენი ჯარი სისტემური დალაგებისაგან ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა. თითქოს მივდივართ ამერიკული ჯარის მოწყობისკენ, რომელიც მსოფლიოში დღესდღეობით ყველაზე წარმატებულია. როგორც ყველა ექსპერტი ამბობს, ჩვენი ჯარის საბრძოლო უნარი ძალიან მაღალია. მაგრამ საზოგადოებისათვის ბევრ კითხვაზე ცხადი პასუხები ჯერ კიდევ არ არსებობს: არ ვიცით, ინსტიტუციურად რას წარმოადგენენ საველე მეთაური, შტაბის ოფიცერი, რას ნიშნავს სამხედრო კარიერა. ის, რაც, მაგალითად, ყველა ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ იცის საკუთარი ქვეყნის სამხედრო სისტემის შესახებ. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, ესაა საველე სამსახურის, საბრძოლო პროფესიების პრომოუშენი, ჯერჯერობით ჯარზე ისეთივე წარმოდგენა გვაქვს, რაც საბჭოთა ეპოქაში იყო - ჯარი არის ომი. არავინ საუბრობს ჯარზე, როგორც სისტემაზე, როგორც სოციალური სისტემის ნაწილზე. ამაზე წარმოდგენა ნაკლებადაა, ან საერთოდ არ არის. თუმცა, მიმართულება, როგორც ვიცი, აღებულია კარგად სტრუქტურირებული და ფუნქციური ჯარისაკენ, და ეს ძალიან კარგია.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია
სამხედრო რეფორმა შედგა. ამ მიმართულებით მოხდა კოლოსალური გარღვევა, საქართველომ არაფრისგან შექმნა ბრძოლისუნარიანი არმია, მაგრამ ამავე დროს, არმიაში ჩამოყალიბდა სპეციფიკური დამოკიდებულება, ძალიან ბევრმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა ვერ იპოვა იქ ადგილი; დაბოლოს, სამხედროებმა დაიწყეს თავისი საკუთარი სიმღერის თქმა, რაც შემაშფოთებელი იყო. როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება სამხედრო მინისტრის მიერ, ეს საშიშია, ქვეყანას ჰყავს მთავარსარდალი და პოლიტიკური განცხადებები იმან უნდა გააკეთოს. ამიტომაც გვინდოდა, რომ თავდაცვის მინისტრი არ ყოფილიყო სამხედრო პირი. ჯარში, ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, მეორე მხრივ, დემოკრატიის, ღიაობის, ინფორმაციის თვალსაზრისით, ვერ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს.

გიგი უგულავა
თბილისის მერი
როცა ვსაუბრობთ ჯარზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შინაგანი ჯარი თავდაცვის სისტემის ნამდვილი დუბლირება იყო. რეფორმის შედეგად კი, თავდაცვის სისტემა უკვე მთლიანად კონსოლიდირდა და ის ნაბიჯ-ნაბიჯ მთლიანად უახლოვდება ნატოს სტანდარტებს. სწორედ ამის გამოა, რომ ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში იქნება თუ ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში, ჩვენი ჯარი ასე აქტიურად მონაწილეობს.
ხშირადაა დებატები, უნდა გავუშვათ თუ არა ასეთ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი საჯარისო ნაწილები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ეკონომიკაა გლობალური და ჩვენ უცხოურ ინვესტიციებს სამუშაო ადგილების შესაქმნელად ვიზიდავთ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაც, ჩვენგან რაღაცების გაღებას მოითხოვს იმისთვის, რომ ჩვენც ვიყოთ დაცულნი. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ უკვე ამ სისტემის ნაწილი გავხდით. დღეს, ზუსტად ამ წუთებში, საქართველოს უფლებების დასაცავად საქართველოსთან ერთად უამრავი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა იბრძვის. ეს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ საქართველოსთვის თავს არავინ გამოიდებდა, მაგრამ ახლა ის უკვე არის ქვეყანა, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს პრაგმატულად სჭირდება - როგორც წარმატებული, დემოკრატიზაციის გზაზე მდგარი და საერთო უსაფრთხოების სისტემაში მონაწილე ქვეყანა. შესაბამისად, სხვა სახელმწიფოებიც უფრო აქტიურად გვეხმარებიან, ვიდრე, შეიძლება, ამის მოტივაცია ხუთი-ექვსი წლის წინ ჰქონოდათ. [pagebreak]

ნაბიჯი მეცხრე
თავისუფალი მეწარმეობის
ხელშეწყობა

2003

ვაჟა სალამაძე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი: ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკას დიდი პრობლემები აქვს, საკამათო არ არის. ამაზე მიუთითებს ყველა ინდიკატორი: მოსახლეობის ტოტალური სიღარიბე, ბიუჯეტის ქრონიკული დეფიციტი, ერთობლივი პროდუქტის ზრდის ძალიან დაბალი ტემპები.
რეცეპტები უამრავია და ცნობილია: ეს არის საგადასახადო ტვირთის შემცირება, ადმინისტრაციული დონის გაუმჯობესება, აქ უკვე გადავდივართ ზოგადად სახელმწიფო მართვის რეფორმის საკითხზე, ბიუროკრატიის დონის შემცირებაზე. მართვის სფეროში პროფესიონალები უნდა მოვიდნენ, უნდა მოვიდეს ხალხი, ვინც იცის, რა უნდა აკეთოს და ვისაც უნდა, რომ ეს აკეთოს.

დავით ზურაბიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი: მთელი ეკონომიკური პროცესი განისაზღვრება ან უშუალოდ სახელისუფლებო წრეებიდან, ან მათთან დაახლოებული პირებისგან, ბიზნესმენებისგან.

2008

სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი
საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი უფლებაა საქართველოში. ხელისუფლების ოთხწლიანი პოლიტიკა შეიძლება სამ სიტყვაში ჩავტიოთ - "რაც შენია ჩემია"!
თბილისი უნდა გახდეს ლამაზი ქალაქი, სიღნაღი ტურისტებს უნდა მოეწონოთ... და ინგრევა ყველაფერი, რაც არ მოსდის თვალში კონკრეტულ ჩინოვნიკს. გასაგებია, რომ თბილისი ლამაზი უნდა იყოს და სიღნაღი - ტურისტებისთვის მიმზიდველი, ეს ყველას უნდა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში და არა კერძო საკუთრების შელახვის ხარჯზე.
ანდა გავიხსენოთ, თუნდაც ინვესტორ ჰუსეინ ალის საკითხი.  მან 20 მილიონი ჩადო წარმოებაში - შევარდნაძის დროს იყიდა ქარხანა - და დაიწყო სიგარეტის წარმოება. მან თავიდანვე წარმოების ათი პროცენტი ქართველ მოწილეს - ავთო წერეთელს - აჩუქა იმის სანაცვლოდ, რომ მას ბიზნესი "დაეკრიშა". წავიდა შემდეგ ჰუსეინ ალი უცხოეთში და მოდის ვიღაც ერაყელი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს თბილისში არარსებულ მისამართზე. და იგი ამბობს, რომ ჰუსეინ ალის აქვს მისი ვალი 8 მილიონი დოლარი. 8 მილიონი - ეს არის საწესდებო კაპიტალში ჰუსეინ ალის წილი. ქარხნის იურისტი ადასტურებს - დიახ, ჰუსეინ ალის ნამდვილად აქვს ამ მოქალაქის ვალი და თანახმა ვარ, ვალში ეს ქარხანა გადავცეო. რაღაც გაყალბებული ნოტარიალური ხელმოწერის საფუძველზე გადასცემენ კიდეც.
იმავე დღეს მიდის ათი პროცენტის მფლობელი მეწილე ავთო წერეთელი და ჩივის, რომ იმ ვიღაც ერაყელს, რომელიც არ არსებულ მისამართზე ცხოვრობს, წერეთლის ვალი აქვს 8 მილიონი და სასწრაფოდ ითხოვს დაბრუნებას. სასამართლო კი იმ ვიღაც ერაყელის აღიარების საფუძველზე აძლევს ვალს ავთო წერეთელს. ამ დროს ჩამოდის ჰუსეინ ალი და მისი ქონება უკვე მთლიანად სხვის ხელშია. დღემდე ვერ დაადგინა, რა მოხდა, უკვე ოთხი წელია, გრძელდება დავა. ასეთი ამბის შემდეგ, როგორ შეიძლება, საკუთრების უფლება დაცული იყოს?!
და კიდევ ერთი, ბოლო დროის ხელისუფლების ახალი პოლიტიკური სლოგანი – რაც შენია შენია - იმას ნიშნავს, რომ მანამდე ეს ასე არ იყო. როცა ყველას ყველაფერს წაართმევ, მერე ცხადია, ეს მომგებიან დევიზად იქცევა, რომ ახლა შენც არ წაგართვან.
ერთ-ერთი საერთაშორისო გამოკითხვით, საქართველო მე-18 ადგილზე გავიდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის წარმოება ადვილია. თუმცა, აქ ლაპარაკია მარტო კანონებზე და არა პრაქტიკაზე. მაგრამ კანონებიც შეიძლება სხვადასხვანაირად წავიკითხოთ. მაგალითად: როცა გაუქმებულია ავტომანქანების ტექდათვალიერება, შეიძლება ბიზნეს-გარემოს კვლევის თვალსაზრისით წინ წავიწიოთ ერთი პუნქტით იმიტომ, რომ ფაქტია, ადვილია ბიზნესის წარმოება - არავინ შემეკითხება ძველთაძველი "კრაზით" ვაკეთებ საქმეს, თუ ულტრათანამედროვე "მერსედესით", ანუ, ეს ბიზნესისთვის კარგია, მაგრამ რამდენად კარგია ეს უსაფრთხო გარემოსთვის და ადამიანების ჯანმრთელობისთვის? შეიძლება ჩემი "კრაზი" გამონაბოლქვის ნორმაზე მეტ რაოდენობას უშვებდეს და მე გარემოს ვაბინძურებ. გამოდის, რომ მსგავსი ლიბერალიზმი არ არის ყოველთვის დადებითი მოვლენა. დადებითია იმ ნაწილში, რომ ადვილია ახალი ფირმის დარეგისტრირება, რომ გადასახადები არ არის მაღალი, მაგრამ რამდენად იცავენ მომხმარებლის უფლებებს - ესეც ხომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ის მომხმარებელი ჩვენ ვართ.

ლევან რამიშვილი
თავისუფლების ინსტიტუტი
ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უფრო ყველაზე ლიბერალური ეკონომიკური გარემო, რომელიც მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობისთვის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის რეფორმები, რომლებიც დაწყებულია, მხოლოდ პირველ ნაბიჯებად შეიძლება ჩაითვალოს. ამ რეფორმების გაღრმავებაა საჭირო.
სიმპტომატურია ისიც, რომ თუკი აქამდე ამ რეფორმების ავტორები ძირითადად ისეთი წრეებიდან მოდიოდნენ, რომელთაც ბიზნესთან ნაკლები შეხება ჰქონდათ, დღეს ბიზნესიც მოდის პოლიტიკაში იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები იქნას გადადგმული ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს ჩამოსაყალიბებლად. ბუნებრივია, რომ ბიზნესმენების დიდი ნაწილი ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს; იმიტომ, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით განხორციელებულმა რეფორმებმა ბიზნესს მეტი თავისუფლება და განვითარებისთვის საჭირო მეტი შესაძლებლობები მოუტანა. თუმცა რიგითი მოქალაქეები წარმატებების შედეგებს ჯერ ვერ ხედავენ, მაგრამ ფაქტია, რომ რადიკალური ბრძოლა კორუფციასთან, ულტრალიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარება გახდა იმის საწინდარი, რომ საქართველოში უზარმაზარი ინვესტიციები შემოსულიყო. სტატისტიკას თუ ვნახავთ, 2003 წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა მინიმუმ ოთხჯერ გაიზარდა. დოლარების შემოდინების რეზულტატი კი ეროვნული ვალუტის გამყარებაა, რაც ჩვენი ექსპორტის კონკურენტუნარიანობას ურტყამს და, მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით ინფლაციასაც იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა. ამიტომ არის, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიუხედავად, ვერ ხერხდება უმუშევრობისა და სიღარიბის პროპორციული შემცირება.
ამ პრობლემაზე პასუხია, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს რეფორმები და შემსუბუქდეს ტვირთი, რომელიც სახელმწიფოს სახით ეკონომიკას აწვება, მაგრამ სწორედ აქ არის ბევრი სიძნელე. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადების განაკვეთები შემცირდა, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის შედეგად მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფო სექტორის მოცულობა. თუ ვარდების რევოლუციამდე სახელმწიფო სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 12-13 პროცენტს წარმოადგენდა, ახლა თითქმის 35 პროცენტს აღწევს, ანუ თითქმის იმდენივეა, რამდენიც აშშ-ში (მართალია, ბევრად ნაკლებია უმრავლეს ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, მაგრამ მაინც დიდი ტვირთია ჩვენი ეკონომიკისთვის).
თუმცა, რომც მოვინდომოთ, სახელმწიფო სექტორის მოცულობისა და საბიუჯეტო ხარჯვის შემცირება, უამრავ სირთულეს წავაწყდებით. მაგალითად, ჩვენ გვიწევს, ერთობლივი შიდა პროდუქტის ლამის 7 პროცენტი თავდაცვაზე დავხარჯოთ და ეს იმიტომ, რომ 15 წელია, თავდაცვის სფერო აბსოლუტურად უგულებელყოფილი იყო. თან გვყავს მეზობელი, რომელსაც არა მარტო მიტაცებული აქვს ჩვენი ორი მნიშვნელოვანი რეგიონი, არამედ ვერ ეგუება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობას. ასე რომ, თავდაცვაზე ამხელა ფულის ხარჯვა ჩვენი არჩევანი კი არაა, ნაკარნახევია იმ გარემოებებით, რომელშიც ვიმყოფებით.
ბიუჯეტის დიდ ნაწილს ვხარჯავთ ასევე სოციალურ სფეროზე და ბუნებრივიცაა, სოციალურ სფეროს ამხელა ყურადღება რომ ექცევა. იმ პირობებში, როცა მოსახლეობის 23 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 პროცენტი, თბილისში კი 30 პროცენტი უმუშევარია, ცხადია, ასეც უნდა იყოს. თუმცა, სოციალური მიზნებისთვის თანხის ხარჯვის სისტემა უკიდურესად არაეფექტურია. ალბათ, ეს თანხები რომ ავიღოთ და მოსახლეობას თვითმფრინავიდან გადმოვაყაროთ, უფრო სამართლიანად განაწილდებოდა, ვიდრე იმ სისტემის მიხედვით, როგორითაც ახლა ხდება მისი განკარგვა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, სოციალური სფეროს რეალური რეფორმა არ დაწყებულა ან ამ მიმართულებით მხოლოდ პირველი ნაბიჯებია გადადგმული. ისედაც, როცა ვლაპარაკობთ სიღარიბესა და უმუშევრობაზე, ფილოსოფიური არჩევანია გასაკეთებელი - რა გზით ვაპირებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას, ვინ უნდა დაძლიოს სიღარიბე - კერძო სექტორმა თუ სახელმწიფომ, და თუკი კერძო სექტორმა, მაშინ კერძო სექტორს სჭირდება უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა და იმ ტვირთის შემცირება, რომელიც სახელმწიფოს მეშვეობით აწვება მხრებზე. ანუ, აუცილებელია გადასახადების კიდევ უფრო მეტი შემცირება და, პირველ რიგში, იმ გადასახადებისა, რომლებიც დასაქმებასთან არის დაკავშირებული - პირველ რიგში, საშემოსავლო გადასახადის. ზოგადადაც, თუ ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას ვაშენებთ და მეორე მხრივ, თუკი სოციალურ სფეროში, ჯანდაცვა, საპენსიო უზრუნველყოფა, განათლება ანუ უფრო მეტი ტვირთი გადადის მოქალაქის მხრებზე და სახელმწიფო მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულებს უნდა დაეხმაროს, ასეთ ვითარებაში ლოგიკური არ უნდა იყოს, რომ დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც უფრო მეტ ინიციატივას იჩენს, უფრო მეტ შემოსავალს ნახულობს. ანუ საშემოსავლო და პირდაპირი გადასახადების ნაცვლად უფრო უპრიანი იქნება ირიბი გადასახადების სისტემაზე მეტი აქცენტის გაკეთება - საშემოსავლო და მოგების გადასახადების გაუქმება და რაღაც სხვა, ირიბი გადასახადების გზით იმ თანხების მობილიზება ბიუჯეტში, რაც სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად სჭირდება.
ასე რომ, დასაქმების პრობლემა, რომელიც მთავარ პრობლემად იდგა ვარდების რევოლუციამდე, მთავარ პრობლემად დგას დღესაც. ჯერჯერობით ამ მიმართულებით ძალიან ცოტა რამ არის გაკეთებული. მთავრობამ შეადგინა ახალი 50-დღიანი პროგრამა, და ახლა ამ არჩევნებზე გამოჩნდება, თუ რამდენად ირწმუნა ამომრჩეველმა, როგორც მისი 50-დღიანი პროგრამის, ისე მთავრობის განცხადების, რომ ის ამ პრობლემის გადაჭრას სერიოზულად ეკიდება.[pagebreak]
ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია
აქაც წინააღმდეგობრივი სურათია. მახსოვს ბენდუქიძის სლოგანი - "ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა", რაც, ჩვენთვის, ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, საკმაოდ მიმზიდველი იყო. მაგრამ ძალიან მალე გაიყიდა სინდისიც და ამიტომაც ჩვენ მივიღეთ უსინდისო საბაზრო ეკონომიკა, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ფავორიტიზმი, ელიტარული კორუფცია;  გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური, მიზანმიმართულად დაანგრიეს სტატისტიკის სამსახური, მიიღეს ბარბაროსული კანონები შრომის შესახებ. მემარცხენეობას მე ვერავინ დამწამებს, მაგრამ დაქირავებული მუშაკი დღეს სრულიად უუფლებოა. გამოდის, რომ შევარდნაძის დროს უფრო მკაფიოდ იყო დასანახი ის ავადმყოფობა, რომელიც გვჭირს: დღეს ზედაპირული შრიდან კორუფცია თითქოს აორთქლდა, მაგრამ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოხდა მისი კონდენსირება. დღის წესრიგში კვლავ დადგა პოლიტიკური ელიტის გამოცვლის საკითხი მაშინ, როცა პოლიტელიტა ხეირიანად ჩამოყალიბებული არ არის და ახლა მმართველმა პარტიამ მისი დეპოლიტიზაციაც განიზრახა (გადახედეთ ნაცმოძრაობის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში). ეს მოვლენა ძალიან სახიფათოა არა მხოლოდ ეკონომიკური (პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების სრული შერწყმა), არამედ პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც. სახელმწიფოს მართვა და კომპანიის მართვა სულაც არ გახლავთ ერთი რიგის ამოცანები. მძიმეა ისიც, რომ გაიხრწნა ახალი თაობა, რომელიც სახელისუფლებო კაბინეტებში აღმოჩნდა; გაიხრწნა იმ მექანიზმებით, რომელიც რუსეთიდან ჩამოიტანა და დაამკვიდრა ბენდუქიძემ. მაგალითად, ხელოვნურად გაკოტრება რომელიმე საწარმოსი და მერე იაფად დაუფლება, ბინძური ტენდერები, როცა საზოგადოებას ვერ უხსნიდნენ, თუ რატომ ამჯობინებდნენ ამ კონკრეტულ ინვესტორს, როცა მეორის წინადადებები აშკარად უფრო მისაღებია; როდესაც ერთი და იგივე ობიექტი რამდენჯერმე იყიდებოდა, მაგალითად ჭიათურმანგანუმის ეპოპეაც გამოდგება; არანორმალური აჟიოტაჟია ატეხილი საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით და სხვ. ისეთი გარემო შეიქმნა, რომ შვედი თუ ავსტრიელი, ფრანგი და უნგრელიც კი ასჯერ იფიქრებს, ვიდრე აქ შემოვა. პოსტსაბჭოთა სივრციდან კი, სადაც ელიტარული კორუფცია ასევეა ფეხმოკიდებული - ყაზახეთიდან, რუსეთიდან და ა.შ., შემოდიან ჩვენს ბაზარზე და არ მგონია, ეს პერსპექტიული იყოს ქვეყნისთვის.

კახა ლომაია
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
საქართველო ყველა საერთაშორისო რეიტინგით, მსოფლიო ბანკის, კატოს ინსტიტუტისა და ბევრი სხვა სოლიდური ორგანიზაციის რეიტინგით ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ ეკონომიკებს განეკუთვნება მსოფლიოში. ჩვენთან ადვილია ბიზნესის დაწყება და წარმოება, ადვილია ამ მხრივ ურთიერთობა სახელმწიფოებრივ სტრუქტურებთან. გარდა ამისა, კეთდება დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონებიც, სადაც ბიზნესის წარმოების თავისუფლების ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იქნება.
თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საკუთრების დაცვასაც. უნდა ვთქვათ ღიად, რომ რამდენიმე ცნობილმა მაგალითმა შექმნა განცდა და განსაკუთრებით კი დედაქალაქში, რომ პირადი საკუთრება ჩვენთან დაუცველია. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ინიციატივა და კანონპროექტი, რომლის მეშვეობითაც კატეგორიულად აიკრძალება ყოველგვარი თვითნებური მოქმედება პირადი საკუთრების მიმართ. ყველა ოპერაციას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოს ინიციატივით უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლასთან, სპეციალური კომისია განიხილავს და მას ომბუდსმენი ჩაუდგება სათავეში, როგორც საზოგადოების ერთგვარი წარმომადგენელი და, გნებავთ, არბიტრი. ამ მხრივ, პრობლემები ნამდვილად გვქონდა, მაგრამ მთავარია, რომ ეს პრობლემები დანახულია და უკვე არსებობს ნათელი გეგმები, თუ როგორ დავძლიოთ ისინი.

ვაჟა სალამაძე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
რომ შევადაროთ სამეწარმეო გარემოს მაშინდელი და ახლანდელი მდგომარეობა, მივხვდებით, რომ პრობლემატიკა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. იმ პერიოდის ძირითადი პრობლემა იყო მძიმე საგადასახადო ტვირთი, ძალიან მაღალი დონის კორუფცია და შესაბამისად, ჩრდილოვანი ეკონომიკის ძალიან მაღალი ხარისხი. თუმცა, იყო ერთი არაპირდაპირი პრობლემა, რომელიც დღესაც გვაქვს - ესაა დაკონსერვებული კონფლიქტის ზონები. ეს არაუშუალო ფაქტორი დღესაც აფერხებს მეწარმეობის განვითარებას და ქვეყანაში ინვესტირებას რისკიანს ხდის.
რაც შეეხება საგადასახადო ტვირთს, აქ შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, პოზიტიური ცვლილებები გვაქვს. ძალიან ბევრი გადასახადი შემცირდა და შესაბამისად, ტვირთი ბიზნესისთვის ასატანი გახდა. თუმცა, მე ოდნავ სხვანაირი მიდგომა მაქვს ამ საკითხთან. ვგულისხმობ 25-პროცენტიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც სოციალური და საშემოსავლო გადასახადების შეერთების შემდეგ ერთიან 25-პროცენტიან გადასახადად დადგინდა. ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯით გარკვეულწილად საგადასახადო ტვირთი დაქირავებულზე იქნა გადატანილი. რაც, ჩემი აზრით, ბოლომდე მიზანშეწონილი არ არის.
ანალოგიური რამ მოხდა შრომის კოდექსთან დაკავშირებითაც, რომელიც ასევე ძალიან ლიბერალური გამოვიდა. ამ კოდექსმაც დაქირავებულთან მიმართებაში მეწარმეს ფაქტიურად ხელ-ფეხი გაუხსნა. ეს კარგია მეწარმესთვის, მაგრამ მეორე მხრივ, სერიოზულად ზარალდება დაქირავებულის ინტერესები. ანუ ამ მიმართულებით პროგრესი გვაქვს, თუმცა, ეს პროგრესი სხვა რაღაცების ხარჯზე მოხდა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ დღეს პოლიტიკური აქცენტები გადავიდა სოციალურ დაცვაზე და დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ, ალბათ, შრომის კოდექსი არსებითად გადასახედი გვექნება. ასე რომ, გადასახადების თვალსაზრისით არსებითი გაუმჯობესებაა. არსებითად გამარტივდა ბაზარზე შესვლის პროცედურაც, ფირმების რეგისტრაცია, სამეწარმეო საქმიანობის დაწყება - ესეც პოზიტიური ცვლილებებია.
თუმცა, რჩება კიდევ ერთი საკითხი - ესაა ძვირი ფულის პრობლემა, ანუ კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი. წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესება ამ კუთხითაც გვაქვს - თუ მაშინ, თუ არ ვცდები, წლიური 24 პროცენტი იყო, ახლა სამეწარმეო საქმიანობისთვის ეს პროცენტი საგრძნობლად შემცირებულია და სადღაც 16-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, რაც მაინც ძალიან მძიმეა ბიზნესისთვის. ასეთი კრედიტები რომ აიღო და მერე მისი დაფარვა შეძლო, ძალიან მაღალი მოგება უნდა გქონდეს. ბუნებრივია, რომ ამ პროცენტებს ბაზარი აყალიბებს, თუმცა, სახელმწიფოს ყოველთვის აქვს გარკვეული ბერკეტები, რომ ინტერვენცია მოახდინოს. უბრალოდ, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ ბიზნესს ფული გაუიაფდეს, რაც არსებითად გაზრდის ინვესტიციებს და შექმნის სამუშაო ადგილებს. [pagebreak]

ნაბიჯი მეათე
დაუსაბუთებელი ქონების
ჩამორთმევა

2003

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი: ის, რომ სახელმწიფო მოხელეებს ქონება უნდა ჩამოერთვათ, იმდენად ცხადია, რომ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ ყველა მოქალაქე თანასწორია სამართლის წინაშე, როგორც ჯიბის ქურდს, ისევე სახელმწიფო ხაზინის დამტაცებელს, რომელმაც ეს ქონება ქურდობით იშოვა,  ქონება უნდა ჩამოერთვას.

გიგი უგულავა, ფილოსოფოსი: აქ არ არის ლაპარაკი ნაციონალიზაციაზე ან გაკულაკებაზე ან რაღაც მსგავს მოვლენებზე, რომელიც ძირშივე ნეგატიურია. ჩვენი ამოსავალი წერტილი და "10 ნაბიჯის" სულისკვეთება ქვეყნის მშენებლობაში არის ლიბერალური ღირებულებები და კერძო საკუთრება. მაგრამ კერძო საკუთრება არ ნიშნავს უკანონოდ მოპოვებულს. სწორედ ეს კანონპროექტი და მისი ამუშავება არის საფუძველი, რამაც შეიძლება საზოგადოება და ხალხი მოაბრუნოს სახელმწიფოსკენ.

დავით ზურაბიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი: მთელი ეკონომიკური პროცესი განისაზღვრება ან უშუალოდ სახელისუფლებო წრეებიდან, ან მათთან დაახლოებული პირებისგან, ბიზნესმენებისგან.

2008

გიგი უგულავა
თბილისის მერი
საკუთრების უფლებაზე როცა ვსაუბრობთ, საჭიროა, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი არალეგალური საკუთრება არსებობდა. მაგალითად, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ აშენდა შუშის სახლი რუსთაველის მეტროსთან, როგორ აშენდა "პოსეიდონი", ან თუნდაც თაბუკაშვილის ქუჩის სახლი. ყველას გვახსოვს, როგორ შენდებოდა სკვერებსა და სტადიონებზე ავტოფარეხები და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები - 99 პროცენტ შემთხვევაში ყოველგვარი საბუთის გარეშე.
როგორ უნდა მოვქცეულიყავით ჩვენ - უნდა დაგვეტოვებინა ეს ყველაფერი ხელუხლებლად? ფაქტია, რომ ქალაქი ქალაქს რომ დამსგავსებოდა, გარკვეული გადაწყვეტილება საკუთარ თავზე უნდა აგვეღო. და ჩვენ ეს გავაკეთეთ. სხვათა შორის, თაბუკაშვილის ქუჩის სახლის მცხოვრებლებს პირველი სკოლის უკან ბევრად უფრო კარგი სახლები უშენდებათ და კომპენსაციასაც იღებენ.
ვფიქრობ, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო უკანონო ქონების ჩამორთმევის პროცესი, ჩვენვე უნდა დაგვეწყო და ჩვენვე უნდა დაგვემთავრებინა. დაგვემთავრებინა იმიტომ, რომ სადღაც უნდა დასვა წერტილი - უნდა დასახო პრიორიტეტები, რადგან ყველაფერს ვერ გამოასწორებ. აი, ახლა 21-ე სართულიდან ვუყურებთ თბილისს და აშკარაა, რომ უკანონო მიშენებების თვალსაზრისით დღესაც უამრავი პრობლემა რჩება, მაგრამ ამის მოგვარების ილუზიას არც ვიქმნით. ეს ყველაფერი ეპოქის მოტანილია, რომელსაც წლების შემდეგ ისევ ეპოქა შეცვლის. მთავარია, გამოსწორდა სიტუაცია პრიორიტეტულ უბნებში - რუსთაველის გამზირი, ძველი თბილისი, გზატკეცილები. ეს მოხდა იმისთვის, რომ ქალაქმა კვლავ ისუნთქოს, რომ ის იერსახე დაიბრუნოს, რისთვისაც ის უყვართ.
თუმცა, ისევ გავიმეორებ, ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო, რის გამოც შეიძლება დიდი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ, მაგრამ მოდით, საზოგადოებამ არჩევნებზე გადაწყვიტოს, სწორი იყო თუ არა ჩვენი ურბანული პოლიტიკა.

ივლიანე ხაინდრავა
რესპუბლიკური პარტია
მასობრივად მოხდა დასაბუთებული ქონების ჩამორთმევა, რაც ყოვლად შეუთავსებელია თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან. რომელ ჯანსაღ გარემოზეა საუბარი, როცა პრაქტიკულად დაუცველია კერძო მესაკუთრე? როცა იგი სახელმწიფოს მხრიდან რეკეტის, შანტაჟის, თვითნებობის მსხვერპლია? კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოში კერძო საკუთრება დაცულია, მაგრამ კონსტიტუციას დაცვა სჭირდება და არა მასხრად აგდება.

თინა ხიდაშელი
რესპუბლიკური პარტია
თავისთავად ის, რომ ჩანაწერში გაჩნდა სახელმწიფო თანამდებობის პირები, და არა საჯარო მოხელეები, და არა ზოგადად, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, მიგვანიშნებს იმაზე, რასაც ვგულისხმობდით, როცა ამას ვწერდით. აქ საუბარი იყო მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე, მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისი დასჯაც ამ ფორმით, ერთი მხრივ, დამსახურებულიც იქნებოდა და მეორე მხრივ, სიმბოლური მნიშვნელობისაც ყველა შემდგომი ხელისუფლებისთვის - აღარ გაბედოთ, ამისთვის ისჯებიან. მაშინ ვფიქრობდით, რომ დაბალანსებული ვერსიის გამოყვანაც შეიძლებოდა იმ პირველი ვარიანტიდან, რომელიც პარლამენტში ზურაბ ადეიშვილმა, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, შეიტანა. მაგრამ შემდეგ იმდენი ცვლილება შევიდა ამ კანონში, რომ ჩანასახიც კი აღარ დარჩა თავდაპირველი ვარიანტისა. გაკულაკება შეეხო თანამდებობის პირებს, ბიზნესმენებს, რიგით მოქალაქეებს, ბოლოს ლოჯიების ნგრევამდეც მივიდა საქმე. თუმცა, ამ თითქოს საყოველთაო სამართლიანობის აღდგენის მოძრაობის დროს კანონი ბრმა იყო იმათ მიმართ, ვინც სააკაშვილს მორჩილება გამოუცხადა და ჩაბარდა. ჩვენი მთავარი ამოსავალი ის იყო, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და საკუთრების უფლება არ უნდა შელახულიყო.
რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მოდით, ასე ვთქვათ - მედია ამაზე აღარ ლაპარაკობს, დაშინებულია ან მოსყიდული. თანაც, საქართველოს ხელისუფლებამ გააჩინა მითი ჩინოვნიკების მაღალი ხელფასების შესახებ, რაც გამოყენებულია როგორც არგუმენტი. რეალურად, ჩინოვნიკებს არა აქვთ იმის შესაბამისი ხელფასი, როგორც ცხოვრობენ. მთავარი და ყველაზე საინტერესო, რამაც გაფანტა საზოგადოების წყრომა კორუფციასთან მიმართებაში, ისაა, რომ სააკაშვილმა საქართველო კორუფციის თვალსაზრისით, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო. მაშინ ბიუროკრატიის ყველაზე დაბალი რგოლი თავად იყო ფულის ამკრეფი, დღეს კი სახეზე გვაქვს ელიტარული კორუფცია კლასიკური ფორმით, როდესაც კორუფცია ძირითადად და მასშტაბურად პრივატიზაციის დროს, პროტექციონიზმის ფორმით ხდება, ხდება პირადად სააკაშვილის ხელდასხმით, როდესაც ქვეყნის პრეზიდნტის მიერ ამ მიმართულებით გამოცემული აქტების 90% პირდაპირი შესყიდვის წესს ეფუძნება - ეს უკვე კორუფციაა. რატომ უნდა გადავცეთ სახელმწიფო ქონება კონკურსის გარეშე, ეგებ მეტს იხდის ვინმე? პასუხი მარტივია - მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის ფავორიტია. და მორჩა, ეს არის მთავარი ამოსავალი.

ალექსანდრე რონდელი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი
როდესაც, რევოლუციის შემდეგ, ძველი რეჟიმის ჩინოვნიკებს დაუსაბუთებელი ქონება ჩამოართვეს, დიდი დისკუსია ატყდა. ქონებაწართმეულები ფიქრობდნენ, რომ პროცესი ცუდი ფორმით წარიმართა. მეორე მხარე კი მიიჩნევდა, რომ ჩამორთმევა სრულიად კანონიერი იყო. დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ ცხადია, კანონმა უნდა იკანონოს - ის, რაც დაუსაბუთებელი და კორუფციის გზით აქვს ნაშოვნი, ყველა ჩინოვნიკს უნდა ჩამოართვა - ჩინისა და რეგალიის მიუხედავად. თუმცა, ისიცაა, რომ თვითონ პროცედურა უნდა იყოს იურიდიულად ისე გამართული და დასაბუთებული, რომ ეჭვის საფუძველს არ იძლეოდეს. ამ პრობლემას ისევ სასამართლომდე მივყავართ - უნდა დაამტკიცო, რომ ის ქონება, რომელიც მფლობელს ჩამოართვი, უკანონო იყო.
დღეს დაუსაბუთებელ ქონებასა და ჩინოვნიკების კორუმპირებულობაზე, გეთანხმებით, რომ ნაკლებად მსჯელობენ. არადა, ბევრი გარემოებაა დასაფიქრებელი, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წრეებში. ასე რომ, ეს კითხვა მეც მაწუხებს.

დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტია
მაშინ, 2003 წელს არასამთავრებო სექტორიდან მარტო მე ვეწინააღმდეგებოდი ამ კანონპროექტს. ვხედავდი საფრთხეს - როგორც კი ასეთ საქმეს იწყებ, არ გაქვს მკაცრად გაწერილი პროცედურები, და საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ვერც გექნება, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ყველაფერი პირად ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს. თავის დროზე, ნაციონალური მოძრაობა მოითხოვდა, ნებისმიერ მოქალაქეს შეძლებოდა, შეეტანა სარჩელი, და შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა მსგავსი ინსტიტუტი განიხილავდა საკითხს. ვანო ჩხარტიშვილი კი ამბობდა, რომ ეს საქმეები პროკურატურას უნდა გაერჩია. ჩვენმა ხელისუფლებამ ვანო ჩხარტიშვილის მოდელი აირჩია და რაც მოხდა, ყველას გვახსოვს. გახსოვთ, გოგიჩაიშვილის გადაცემა "60 წუთი"? გოგიჩაიშვილის დღევანდელ გადაცემას რომ უსმინო, თავი შვეიცარიის თუ არა, უნგრეთის მოქალაქე ნამდვილად გეგონება. ძალიან საინტერესოა, ვინმემ რომ გამოიკვლიოს, რა ხდება ამ მხრივ, მაგრამ დღევანდელ ტელევიზიებს დაბლოკილი აქვთ ჟურნალისტური გამოძიებები.

ლევან ბერძენიშვილი
რესპუბლიკური პარტია
მაშინ ვგულშემატკივრობდი მაგ ამბავს, მაგრამ ეს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა აღმოჩნდა ძალიან რევოლუციური რამ, რასაც მოჰყვა ბევრი უსამართლობა. როგორც ჩანს, ქაღალდზე რომ წერ, ადვილია და ვერ წარმოიდგენ, რაში შეიძლება გადაიზარდოს ეს ყველაფერი. ახლა გაცილებით ფრთხილად შევხედავდი ამ საკითხს და არ შევიტანდი აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯების ათეულში.

ვაჟა სალამაძე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
არსებითი გაუმჯობესებაა კორუფციის თვალსაზრისითაც. თუმცა, სამწუხაროდ, არ ვფლობ კონკრეტულ მონაცემებს, თუ რა დონეზე შემცირდა კორუფცია. იგივე შემიძლია გითხრათ ჩრდილოვან ეკონომიკაზეც. შევარდნაძის პერიოდში სხვადასხვა წყაროები ასახელებდნენ, რომ ეკონომიკის 50-75 პროცენტი ჩრდილში იყო. დღეს კი, ემპირიული დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეს პარამეტრები არსებითად გაუმჯობესებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან კორუფციასთან ბრძოლაა დამთავრებული ანდა ჩრდილოვანი ეკონომიკა აღარ არსებობს. ამ მიმართულებით სამუშაოც ისევ ძალიან ბევრია. თუნდაც განვითარებულ ქვეყნებშიც კი ბოლომდე ეს პრობლემები არასდროს გვარდება, უბრალოდ, განსხვავებულია მოცულობები და ჩვენი სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ეს მოცულობა მინიმუმამდე დაიყვანოს;  შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის გამოვლენას და მის ადეკვატურ დასჯას.
რაც შეეხება დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას, დასაბუთებული იქნება თუ დაუსაბუთებელი, ეს ზოგადად ძალიან საფრთხილო თემაა საინვესტიციო გარემოსთვის. თუნდაც დასაბუთებული იყოს ჩამორთმევა, როცა ამის გაპიარება ნეგატიურად ხდება, ეს ყოველთვის ცუდად ურტყამს საინვესტიციო გარემოს, იმიტომ, რომ მეწარმისთვის რთულია ხოლმე განსაზღვროს, რამდენად დასაბუთებული იყო ქონება. მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ასეთი რაღაცები ქვეყანაში ხდება. ჩვენთან კი ეს პროცესები ერთი პერიოდი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. ვიტყოდი, რომ ეს იყო პოსტრევოლუციური გადანაწილების პროცესი, რაც ზოგადად დამახასიათებელია რევოლუციებისთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, როცა ლაპარაკია ქონების ჩამორთმევაზე. მიდგომები უნდა იყოს ძალიან ფრთხილი, ძალიან გამჭვირვალე და დასაბუთებული, საზოგადოებამდე არგუმენტირებულად მიტანილი. ეს ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად ღია იმისთვის, რომ ადამიანებს არ გაუჩნდეთ ასეთ გარემოში ინტეგრირების შიში.
ვფიქრობ, საკუთრების უფლების დაცვა მეწარმეობის განვითარების საფუძველთა საფუძველია. ბიზნესმა უნდა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში საკუთრებას არ ეხებიან და ეს მოგვცემს შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ყველა რევოლუციას ახასიათებს პოსტრევოლუციური ეტაპი, როცა თითქმის ყველა სფეროში არსებითი გადაცდომები ხდება - არა მხოლოდ საკუთრების, არამედ ყველანაირი უფლების დარღვევის თვალსაზრისით. რევოლუციას თავისი კანონზომიერებები და თავისი ვალები აქვს და ეს ვალები უნდა გადაიხადოს. რევოლუცია, ეს არის მკვეთრი ცვლილებები სისტემებში, რასაც მოჰყვება სისტემების დანგრევა, მისი ჩანაცვლება კი მეორე სისტემით მყისიერად არ ხდება. და ვიდრე ახალს ავაშენებთ, იქნება პერიოდი, რომელსაც შეიძლება არსებითი გადაცდომების პერიოდი დავარქვათ. უბრალოდ, ამოცანაა ის, რომ ეს პერიოდი დავიყვანოთ მინიმუმზე. ანუ, საქართველოში რევოლუცია უნდა დამთავრდეს - ეს არის ამოცანა. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვდგავართ, როცა საქართველოში რევოლუცია დასასრულს უახლოვდება და იწყება არა პოსტ, არამედ პოსტ პოსტრევოლუციური პერიოდი - ახალი ეტაპი, როცა ჩამოყალიბებული იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემები. გარკვეული სისტემები უკვე შექმნილია, მაგალითად, სამოქალაქო რეესტრი, ასევე სხვა მიკროსისტემა -  მართვის მოწმობებისა და სანომრე ნიშნების გაცემის მექანიზმი. თუმცა, ეს მხოლოდ მიკროსისტემებია, ჩვენ კი შესაქმნელი გვაქვს გაცილებით უფრო ფუნდამენტური სისტემები, როგორიცაა პოლიტიკური სისტემა თავისი პოზიცია-ოპოზიციით და მათ შორის ერთიანობის და ბრძოლის მექანიზმით; ასევე ეკონომიკური სისტემები, სოციალური სისტემები – რის აუცილებლობაშიც ბოლო პერიოდის გამოსვლებმა დაგვარწმუნა. ფაქტია, რომ სოციალური სისტემა ჩვენთან ფუნდამენტიდანაა დასაწყები და შესაქმნელი, ნებისმიერ მოქალაქეს რომ ჰქონდეს სოციალური დაცულობის გარანტია და არ ჰქონდეს პერმანენტული შიში, თუნდაც, მოხუცებულობის ანდა ავად გახდომის.
ეს არის ჩვენი პრიორიტეტული ამოცანები საშინაო პოლიტიკაში.

@