ზურა ლეჟავა - "რაფაელ ზა რეშოტკოი"

 ზურა ლეჟავა -
ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ მოვხვდი ციხეში. პირველად ვიყავი თეთრკბილებიანი ლაქი მენი, კეთილსინდისიერი მოქალაქე, კარგი მაგალითის მიმცემი, რომელსაც არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ცხოვრება უნდა ესწავლებინა და წარმატების ფორმულები ეყიჟინა. მეორედ გაკოჭილი შემიყვანეს, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის მტერი, ადამიანი, რომლის იზოლაცია აუცილებელია გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის. ვაღიარებ, პირველს მეორე სჯობდა. პირველისგან განსხვავებით, მეორედ თავი მძღნერად არ მიგრძვნია. თუმცა, მაინც კარგია, რომ ორივე ამპლუა მოვსინჯე. განსხვავებული პერსპექტივა ყოველთვის საინტერესო და აუცილებელიცაა მეტ-ნაკლებად ზუსტი შეფასებებისთვის.

ოთხ კედელში ერთი დღეც საკმარისია, რომ მიხვდე - პატიმრობაში პიროვნება უბრალოდ ქრება. აი, ასე, თვალსა და ხელს შუა, როგორც ქვიშა პეშვიდან, სადღაც იწრიტება. საბოლოოდ, მისგან რჩება მხოლოდ ნომერი და რაღაც ჩანაწერი ვიღაცის ანგარიშში. არავის აინტერესებს, ვის უყვარს ან სძულს იგი, როგორ გამოიყურება ან რას აკეთებს ცხოვრებაში. საერთოდაც, არავინ აგდებს აინუნში, თუკი, რა თქმა უნდა, რაღაც ხათაბალას არ იკისრებს.

საკანში ცხოვრება წყდება. "კედელი მყარია, დღე - როგორც წელი, ამ წლის დღეები - გრძელზე-გრძელი" (ოსკარ უაილდი). მგონი, არასოდესაა გრძნობების გავარჯიშება ისე სასიცოცხლოდ აუცილებელი, როგორც - ციხეში. უნდა გძულდეს, უნდა გშურდეს, უნდა გახარებდეს, უნდა გატირებდეს, უნდა გიყვარდეს. რა მნიშვნელობა აქვს - ვინ. უნდა შეიყვარო, თუნდაც, ობობა, აი, ის, ქსელს რომ ხლართავს ჭერზე შენი ნარის გასწვრივ და სქესობრივი აქტის შემდეგ შეყვარებულს ჭამს. სხვა გზა არ გაქვს, უნდა შეიყვარო და თუ ისე შეიყვარებ, რომ თავად თხოვ შემჭამეო, მაშინ შანსი გაქვს, გადარჩე.

მე დიდხანს არსად გამოვუკეტივარ უმიზეზოდ და ჩემი ნების წინააღმდეგ (თუ არ ჩავთვლით თსუ-ს მაღლივ კორპუსში გატარებულ ოთხ წელს), მაგრამ იმ საღამოს, საკანში, ვგრძნობდი, რომ ეს გაქრობა, სიცარიელის მორევში შაქრის ნატეხივით გახსნა თითქოს უკვე განმეცადა. განმეცადა კულწია, "რომელიც უკვე აღარ არის მხოლოდ თავისი ყოფილი კიდურის დაფეხვილი, ნახევრად სიცოცხლეჩამქრალი, ლპობაშეპარული ხორცის ნაგლეჯი, არამედ არის სავიზიტო ბარათი, სახელი, გვარი, მამის სახელი, ეროვნება და, თუ გნებავთ, პროფესიაც". განმეცადა ზლატაუსტის ციხის რეზინის ხელჯოხები. განმეცადა მეზობელი ელვირას იმპორტული უნიტაზის მაცდური ელვარება, როცა თავად იძულებული ხარ, საკუთარ აბაზანაში რეზინის ბოტებით იბანავო, რომ დენმა არ გგლიჯოს. განმეცადა ციხიდან ახალგამოსული ზარღრას სასოწარკვეთა, 25 მანეთისთვის "უდავკა" რომ ჩამოაცვა ტაქსისტს და ამ ბასრი სიმით ძვლამდე ჩაჭრა ტყავიცა და ხორციც. განმეცადა "ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში..."  განმეცადა, დიახაც, განმეცადა და არა - წამეკითხა. კითხულობ მარკესს, ვერბერს, კოტე ჯანდიერს. ხოლო ზურაბ ლეჟავასნაირ მწერლებს - განიცდი.

 

ზურაბ ლეჟავას წიგნს პირველად მგონი 2007 წელს გადავეყარე. ეს იყო მისი პირველი კრებული "მსტოვარი და მზვერავი". მაღაზიაში, ჩამოფასებული წიგნებისთვის განკუთვნილ კალათში ეგდო. ერთ ლარად ვიყიდე, ისე, სასხვათაშორისოდ. თუმცა წაკითხვისთანავე სხვა სამეზობლო შევურჩიე ჩემს თაროზე. ჩარლზ ბუკოვსკისა და ჩაკ პალანიკს შორის მოვათავსე. ეკუთვნის და იმიტომ. ქართულ ლიტერატურულ ლანდშაფტებზე შეუმჩნევლად ამოწვერილმა ამ წიგნმა გამაოგნა და ერთი ნახვით შემაყვარა ავტორი. დავიწყე სხვა ნაწარმოებების ძებნა. ინტერნეტში მივაგენი. უფრო სწორად, მეგობარმა გამომიგზავნა ციფრული ვერსია მისი ნოველისა "იყიდეთ ჩვენი სულები", რომელიც, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ჟურნალ "არილში" იბეჭდებოდა.

2009 წელს ბაკურ სულაკაურის მიერ დაბეჭდილი მეორე წიგნი - "ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში" - ჩემთვის ნაღდი დღესასწაული იყო. 15 მოთხრობა + "იყიდეთ ჩვენი სულები". როცა ცდილობ, ისაუბრო ზურაზე, როგორც შემოქმედზე, მისი ტექსტების გულწრფელობაზე და ფორმალისტური საკმაზების გარეშე მომზადებულ ნატურალისტურ ხელოვნებაზე, რომელიც ერთ ვიწრო სცენაში თუ ხრინწიან ამოძახილში მთელ სამყაროს იტევს, შანსი არაა, ტომ უეიტსი ან ფიროსმანი არ გაგახსენდეს. მაგრამ ეს შედარება ზაზა ბურჭულაძემ დამასწრო. შედარება ზუსტია, ისევე, როგორც ზაზას სხვა რეპლიკა ზურა ლეჟავასთვის მიძღვნილი წერილიდან - თვალები ტრაკში უნდა გქონდეს, რომ მისი წიგნი ვერ შენიშნოო.

ეგრეა, ტაციაობაა ანალოგიებზე. რას იზამ, ქვეყანაზე არც ისე ბევრია ასეთი, ცხოვრების ფსკერზე გართხმული შემოქმედი, რომელსაც დაბალ წყლებზე უზრუნველად მცურავებისთვის ნამდვილი მარგალიტები ამოაქვს მათთვის თვალუწვდენელი ჯურღმულებიდან. ცოტაა ვინც, ნებით თუ უნებლიეთ, უპირობოდ მიიღო პოსტმოდერნული იმპერატივი და ცხოვრება ხელოვნებასთან აბლანდა. ვინც წაშალა ზღვარი ავტორსა და პერსონაჟს შორის. ალბათ, ეს ალქიმია აქცევს ზურას "შესაგრძნობ" ავტორად. ავტორად, რომელსაც შეუძლია, კითხვისას შიზოფრენიკად გაქციოს. ისტერიულად გაცინოს და სვეტზე დაყუდებული ბერივით კარგა ხნით დაგადუმოს წამის შუალედში.

ჰო, ასეთი ავტორი ცოტაა, მცდელობები კი - იცოცხლე. საერთოდ, აუტსაიდერობა მოდაშია. მით უმეტეს შემოქმედებით წრეებში. თუმცა, რატომღაც ეს აუტსაიდერები ხალხის ყურადღებას ელტვიან, ზუსტად იმ ხალხის, რომელსაც, რომ ჰკითხო, არაფრად აგდებენ. ჩვენთვის ისტებლიშმენტის წინააღმდეგ ყოფნა ამ ელიტაში მოხვედრის ასპროცენტიანი გარანტიაა. მგონი, საერთოდაც ასეა: გმირები, რომლებიც დგანან წესრიგის, დავარცხნილი სამყაროს მხარეზე, რეპრეზენტირდებიან როგორც აუტსაიდერები. მაგალითად, თუ იღებენ ფილმს გმირი პოლიციელის შესახებ, ეს პოლიციელი აუცილებლად უხეში ხულიგანი, "ბინძური ჰარი" იქნება. უხეში ხულიგანი, რომელიც სინამდვილეში წესრიგის და კანონის ციტადელია და არასოდეს ჩადის "ნაღდ ბოროტებას". პრობლემა იმაშია, რომ "ბინძური ჰარის" ავტორები არასოდეს არიან ნამდვილად ბინძურები. მეტიც, ისინი თავად არასოდეს არიან პერსონაჟები. ზურა ლეჟავა კი პერსონაჟია. იგი თავად გახლავთ ქვრივი ობობა და ობობას შეყვარებულიც, ეშმაკიც და ბრმა მევიოლინეც, რომელსაც სიმს მოჰპარავენ, სიკვდილმისჯილი სახელად ჩექმა და ხუმრობაც, რომელიც სიკვდილს ამარცხებს, ქურდობის ქალღმერთი ბოჰირი ვარაილაკჰმიც და ჟორა-სემიჩკაც, რომელიც სიკეთემ განაიარაღა. და საერთოდ, თუ ზურა ლეჟავას მიგნება გინდათ, მისი პერსონაჟების კვალს უნდა გაჰყვეთ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მოვიქეცი:

აი, ხიდი სადაც რუსთაველიდან მომავალმა, საჭიდაო ტრიკოებში გამოწყობილმა სქელკისერა და დაბღვერილმა სპორტსმენებმა ჩაიარეს, აი, ბაღი სადაც თავის დროზე საერთაშორისო სპორტის ოსტატმა, საბჭოთა კავშირის ხალხთა მეშვიდე სპარტაკიადაზე ოქროს მედლის მომპოვებელმა მოფარიკავე ქალბატონმა აღათია მამაცაშვილმა ზედ საჯდომზე დაარჭო დაცვის ბიზონს ბასრი ქოლგა. აი, რესტორანი, რომლის შესასვლელშიც ფეხებგაპარსული რომაელი ლეგიონერები დაუყენებიათ კარისკაცებად. აი, ზურა, ქუჩის გადაღმა...

ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგას. საშუალო სიმაღლის, გამხდარი, წმინდად გაპარსული. მორიდებული მიმიკა აქვს და რაღაცნაირად დადის, გრაციოზულად, როგორც ძველ ფილმებში. მორიკონეს საუნდტრეკით უნდა წარმოიდგინო. უცნაური გამოხედვა აქვს, სიმშვიდისმომგვრელი. ვერც კი იფიქრებ, რომ ამ კაცმა თექვსმეტი წელი განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში გაატარა. გაატარა და გადარჩა. გრძნობებს ავარჯიშებდა. ძერწავდა, ხატავდა, წერდა. ადვილი არ იყო, მაგრამ ახერხებდა. ნახატებიდან ფხეკდა საღებავს, რომელსაც სქლად დადებულს, სპეციალურად შეუგზავნიდა ხოლმე ძმა. სკულპტურებს პურისგან ზელდა. მასლოუს პირამიდაში შემოქმედებითი თვითრეალიზაცია სულ ბოლო სართულზეა, ჰოდა ჩვენს ისტერიულ (მაგრამ რაციონალურ!) სოციალურ ინჟინრებს შეუძლიათ, მთელი ეს პირამიდა უკან გაიკეთონ "ბაზრის უჩინარი ხელით". მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ ულუფას ხელოვნებაში ცვლიდა. ძვირფასებო, თქვენ ვერასოდეს გექნებათ მასსავით უშფოთველი თვალები.

ორიოდ კათხა ლუდის შემდეგ წინ მეორე აღმოჩენა მელოდა. ზურამ თავის ნამუშევრებთან მიგვიყვანა. თოკზე ტილოები ეკიდა, მაგიდაზე ხის ნაკეთობები ეწყო. "ბევრი მათგანი გადახატულია", - მეუბნება ზურა, - "ესენი უფრო იყიდება". ნივთს რომ გაყიდის, მეორედაც იდენტურს აკეთებს, კომერციული მოსაზრებით.

"ეს არ არის შემოქმედება, კაცმა ნახა რაღაც ინტერნეტში, გადააკეთა-გადმოაკეთა, გამოიტანა, გაყიდა - ეს ბაღი ამის ადგილია". ორიგინალური და ფასეული ნამუშევრები, ძირითადად, სახლში აქვს. მაინც იშვიათად ყიდულობენ. თანაც, კიჩის და ხელოვნების ათქვეფა არ უნდა. თუმცა ერთი-ორი მაგარი ტილო მაინც აქვს გამოტანილი. როცა ცოტა ფული ჩამივარდება, აუცილებლად ვიყიდი. კაპიტალდაბანდებაა. დარწმუნებული ვარ, ოდესმე ძალიან ძვირი ეღირება, ჰენრი მილერის ნახატებივით.

მისი ნამუშევრები მოთხრობების ერთგვარი გაგრძელებაა. ამ პატარა გროტესკულ ფიგურებში და ნაივიზმის ესთეტიკის ტილოებში გასაოცარი ამბები იკითხება. ზოგჯერ სასტიკი, ზოგჯერ კომიკური ამბები. სახელწოდებებიც მთელი ნარატივია: "დირიჟორი ფეხზე ეამბორება მევიოლინე ქალს ვირტუოზული დაკვრისთვის", "კონტროლიორი ქალი სელეზნიოვა შიდაგანაწესს არღვევს - გასეირნების დროს ქვედაბოლოს ისწორებს". ისევე, როგორც მოთხრობებში, აქაც, ზურაბ ლეჟავა დეტალების ხარჯზე აღწევს ექსპრესიულობის მაღალ დონეს. პატარა დეტალები აცოცხლებენ ამბავს. არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ ხანდახან ისეთ დეტალს ან მეტაფორას მოხევს, სადაც არ ელი, რომ ერთი მხრივ, სახტად დაგტოვებს, მეორე მხრივ კი, განანებს - ეს აქამდე მე როგორ ვერ დავინახეო.

***

ბერნარდინთა ორდენის გოთიკური მონასტერი. აქა-იქიდან საკნებში გამომწყვდეული ადამიანების გმინვა ისმის. სარკმლიდან დღის შუქი ძლივ-ძლივობით აღწევს. აქ მზე ვარდს და ნეხვს სწორად არ მოეფინების. აქ მზე სტატიკურად ერთ ალაგს ეცემა, ისიც - დღის მცირე მონაკვეთში. თითქოს კედელზე გიგანტური ლოკოკინა გაცოცდა, ისე ბრჭყვიალებს ეს ერთი ზოლი. ვირთხა გვერდს უვლის მზიან ადგილს, როგორც რაღაც უცხოს და საშიშს. დერეფანში ელექტრონათურები ბჟუტავენ; გვირაბში აწყვეტილად მიმავალი მატარებლის ვაგონში გეგონება თავი. შემდეგი გაჩერება - ჯოჯოხეთი.

გარედან გასროლის ხმა აღწევს. სახელდახელოდ გამოჩარხული ტყვია მიფრინავს. მიფრინავს, როგორც უნდა მიფრინავდეს თავისუფლების სიმბოლო - ჯიუტად და უმიზნოდ. დერეფანში მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის. რკინის ჟღარუნი. ის წინ მოიწევს. სადაცაა, ლოკოკინის ბილიკზე გაიელვებს. ნახევარ მეტრზე გრძელი მისი ხმლიდან არეკლილი სინათლე ობიექტივს ეცემა. ნელ-ნელა გამოიკვეთა უცხოს სილუეტი. მხარზე მბოლავი ფოლადის მილი. მაიაკოვსკის ენასავით ბასრი სატევარი. მეორე კიდური ფარსუკან შეუმალავს. მუხლები და მხრები რეზინის აბჯრითაა დაცული. უცხოს ზურგს ნაჭერი უფარავს, რომელზეც ჯვარია ამოქარგული. საინჟინრო ჩაფხუტსა და აირწინაღს შორის მხოლოდ ორი თვალი მოჩანს. უპეებში შეხიზნული თვალები, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს გეუბნებიან - დაგენძრა!

განგაშის გამაყრუებელი ხმა. დერეფანში ორი ფორმიანი შემორბის. უცხო ერთ-ერთ მათგანს მაშინვე დაიფრენს. მეორეს ხმლით სახეს უსერავს. მას პირიდან ოთხი ოქროს კბილი ცვივა, როგორც საზამთროს კურკები. სისხლის შხეფის და მფრინავი კბილების შენელებული კადრი მსხვილი პლანით. ფორმიანი ძირს ეცემა, გოჭივით ჭყვიტინებს და ფეხებს იქნევს. ხმლის ერთი მოქნევა და მის ფეხსაცმელს ძირი ესხიპება ლურსმნებიანად. უცხოს მომხდურის თავზე აღუმართავს სიკვდილის იარაღი. იგი ჰგავს ჯოშუას იერიქონთან, ან საჰელოუინოდ დარტანიანის სამოსში გამოწყობილ დართ ვეიდერს, რომელმაც, ეს-ესაა, ობი ვან კინობი უნდა განგმიროს. თვალს თუ დაახამხამებ, ყველაფერს გამოტოვებ და....

ეს არ არის რობერტ როდრიგესის მომდევნო პროვოკაციული ბლოკბასტერის სცენარი. ეს ზურაბ ლეჟავაა, გაიცანით! ამ გენიალური პერფორმანსისთვის მას თავდაპირველი განაჩენი თითქმის გაუორმაგეს. ბერნარდინთა ორდენის აშენებული და შემდგომში საბჭოთა ხელისუფლების მიერ განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმის საპყრობილედ მოდიფიცირებული, როგორც ზურამ თქვა - ოთხი სვეტიცხოვლისხელა ნაგებობა - უკრაინაში მდებარეობს. ბერნარდინთა მონასტერში დღე ასე დასრულდა: "ის პრაპორშიკი კარგი კაცი იყო. ცუდი არ იყო. სამწუხაროდ, მაინცა და მაინც კაი კაცი გხვდება, რა. რაღაცნაირად შემეცოდა ადამიანი, ვერ გავიმეტე. გადავაგდე ხმალი. ოქროს კბილები რომ გავაყრევინე, რაღაც სხვანაირად იმოქმედა. მე რომ იმისთვის და მეორესთვის თავი მომეჭრა... აბა, რა აზრი ჰქონდა. ის კაცი არაფერ შუაში იყო. ის ჩემს წინაშე არ იყო დამნაშავე. თავიდან გგონია, იმას ვერ მივწვდები, მაგრამ ამას დედას ვუტირებო. მერე დაინახავ ფეხებს როგორ იქნევს და, არ გამოდის, რა!" - ამბობს და ლუდს იყუდებს.

ხმალი რომ გადააგდო სამზარეულოში შევარდა და ჩაიკეტა. სპეციალურად ახალი ბოტასები ჰქონდა ნაყიდი, რომ კარგად ერბინა. მაგრამ სტრატეგიული სვლით მოახლოებულ სპეცრაზმს დაუტენავი თვითნაკეთი თოფით დიდხანს ვერ შეაყოვნებ. დანარჩენი უკვე დროის ამბავი იყო.

სასტიკად გაუსწორდნენ: "მოგდის სისხლი, გაჭრილი არ გაქვს, არც დალურჯებული, მაგრამ კანიდან ჟონავს სისხლი და რაღაც სითხე. თან აპრილი იყო და რომ გავიღვიძე იზოლატორის იატაკზე მიწებებული ვიყავი". თვითონაც არ იცის, რატომ არ დაამტვრიეს ხელ-ფეხი და მიუგდეს საჯიჯგნად ევრაზიულ ავჩარკა ნელმას. "ვიცი, ჯვრის მიმართ ცოტა სხვა დამოკიდებულება აქვს თქვენს თაობას, მაგრამ მე, მაგალითად, შველა მიგრძვნია. დიდი მორწმუნე არ ვარ, მაგრამ მქონია შემთხვევები, ჯვარს უშველია. ამ შემთხვევაშიც ჯვარმა მიშველა". არა, მართლა ძალიან კეთილია ზურა. ბოლოს თქვა, მაგრად ხომ მცემეს, მაგრამ იმ ხალხს მაინც პატივს ვცემ, ხელსაც ჩამოვართმევ და ერთ-ორ ჭიქაზეც დავპატიჟებ თუ შემხვდნენო.

ეს ამბავი 1990 წლის 11 აპრილს მოხდა. 9 აპრილის წლისთავს უმიზნებდა. რამდენიმე თვის მანძილზე ემზადებოდა. პრომზონაში აბაჟურისგან ფარს ჩარხავდა, სამართებელივით ბასრ ხმალს დრეკადი ფოლადით, 9 მმ ნახვრეტს მილში თვითნაკეთი თოფის, ე.წ. "სამაპალის" დასამზადებლად, ამ თოფის ერთადერთ ტყვიას, სამუხლეებს "ტრანსპორტიორის ლენტისგან", სამხრეებს რბილი რეზინისგან. ჯვარიც კი მოიქარგა, რომ მოესხა.

ქვეყანას გაუბრაზდა. "როგორც ჩვენთან პოლიცია მიემხრო ხალხს, იქ ხალხი მიემხრო პოლიციას. ლაპარაკობდნენ - "ვოტ ბლიაძი! პიდარასტი! ტაკ ი ნადაო!" 9 აპრილს ვაპირებდი ამის გაკეთებას. გამოვიცვალე, კაი სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი. ცხრაში ვერ გავბედე, ათშიც ვერ გავბედე, თერთმეტში გავბედე".

ამ და სხვა "დარღვევების" გამო, ზურას, საბოლოო ჯამში, 23 წელი მიუსაჯეს. ათწლიან განაჩენს კიდევ ცამეტი წელი დაემატა. 22 წლის იყო, როცა დაიჭირეს. კავკასიური გარეგნობის ბიჭის გაჩხრეკა მოინდომა ერთმა მილიციონერმა. ზურამ იუკადრისა, შელაპარაკების დროს რკინა მოუქნია და თავში მოარტყა. ალალბედად მაინცდამაინც თავში მოხვდა. პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფა გაუფორმეს. თექვსმეტი წელი მოიხადა.

ციხეში შეამჩნიეს. 1994-95 წლებში მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში, რომელიც სოროსის ფონდმა ჩაატარა პატიმრებისთვის. კონკურსში რომ გაიმარჯვა, ციხის ადმინისტრაციას ზევიდან მითითება მიუვიდა. ზურას სახელოსნო გამოუყვეს, სადაც უკვე ხეზე მუშაობა შეეძლო. კიევის გალერეებში დღემდე ინახება მისი 50-მდე ნამუშევარი. მერე საბჭოთა კავშირი დაიშალა, კანონი გამოვიდა, პატიმრები სამშობლოს ციხეში გაამწესეთო და ზურაც საქართველოში გამოამგზავრეს.

გაზეთს მიწვდის, "გაზეთები, რომელშიც ჩემზე ეწერა, მანსარდაზე მეწყო. ვირთხამ შეჭამა. ქართულს პირი არ დააკარა და უკრაინული ყველა შეჭამა. ერთი იყო, "ზდრასტვუი ზურაბ ილი რაფაელ ზა რეშოტკოი-ო".

ქართულ გაზეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მიმართვაა ედუარდ შევარდნაძისთვის, თხოვნით ზურაბ ლეჟავას შეწყალებაზე. 1998 წლის გამოცემაა. "პატიმარი კი ხარ, მაგრამ / "შვილო ზურაბ, სადამდი?" / ნუ შეკრთები იყავ მაგრად / გამოგიყვანთ ვადამდი"-ო, - წერს ჯანსუღ ჩარკვიანი.

ასე ჩამოაკლდა ექვსი წელი ზურაბ ლეჟავას განაჩენს. 1998 წელს ის ციხიდან გამოვიდა. ბუნება უყვარს და ციხეშიც პატარა, იაფფასიან მიწის ნაკვეთზე ოცნებობდა, სადაც სოფლის ცხოვრებას მიჰყოფდა ხელს. "დაახლოებით ასე კი ვარ. პატარა ეზო, პატარა სახლი. მაგრამ არც ისე ადვილია. სათქმელადაა ადვილი. ძროხა კვდება, ქათმებსაც ჭირი ემართებათ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. რაღაც საშუალო გამოინახა. რამდენიმე ქათამი მყავს და ხეები - ათასნაირი".

ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. უფროსი რვა წლისაა, უმცროსი - ოთხის.

წერისთვის დრო აღარ რჩება. დიქტოფონი სჭირდება, რომ ის ზღაპრები ჩაიწეროს, ბავშვებს რომ უგონებს ძილის წინ. "რადიო თავისუფლებიდან დისკი გამომიგზავნეს. ჩემს შესახებ რაღაც გადაცემა ყოფილა. ორი წიგნიც მოაყოლეს - "თავისუფლების დღიურები". იქაა ცნობილი პიროვნებების ჩანაწერები, აი, ორშაბათს წავედი რაღაც სიმპოზიუმზე, სამშაბათს წავედი რაღაც ფონდში, რომელიც ამას აფინანსებს. მწერალია, იქიდან რაღაც, აქედან რაღაც... მერე ის კაცი ზის და წერს. ეს რაღაცები ჩემთვის არის, როგორც ბნელი ტყე. რომ წერო ხომ უნდა იარსებო, ოჯახი უნდა არჩინო. უბრალოდ არ მრჩება ამის დრო".

აი, ასეთი გახლავთ ზურაბ ლეჟავა. საინტერესო ავტორი და ჩემი მოკრძალებული აზრით, რაც უფრო მთავარია, საინტერესო პერსონაჟი. მხატვარი, მოქანდაკე, მწერალი, რომელიც აღწერს სამყაროს, სადაც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, მაგრამ რატომღაც, იშვიათად ვხედავთ. სწორედ ეს აღწერა აკლია დღეს ყველაზე მეტად ქართულ კულტურას. მაგრამ სინამდვილეს, რომელიც ფანტაზიაზე უცნაურია, ავტორებიც და მკითხველებიც სიმულირებულ რეალობას ამჯობინებენ. მწერლები ცდილობენ, ამერიკელებს საქართველოში გამომცხვარი ჰამბურგერი მიჰყიდონ. მხატვრები დასავლური თუ აღმოსავლური კონტექსტების კალკირებას ეწევიან. ავიწყდებათ, რომ ლექსიც, მათემატიკური ფორმულაც და საერთოდ, სილამაზე, უკვე არსებობს. ავტორი მათ არ იგონებს და არ ქმნის. ქმნის ღმერთი, კოსმოსური კანონზომიერება, თუ ბუნებრივი ევოლუცია. ავტორი უბრალოდ ხედავს და აღწერს. ამისთვის, ლოკალური კონტექსტი კი არ უნდა დააიგნორო, როგორც საზიზღარი, ბანჯგვლიანი უფროსის ხალი, არამედ დაინახო და გაისიგრძეგანო. როგორც ჩემი საყვარელი ქართველი მწერალი იტყოდა: "თუ ხარ მარტო, თუ უბედობა დაგბედებია, თუ სამყოფლად გრგებია ადგილი, რომელსაც ყველა გაურბის, თუ შენ გარშემო შეკრებილ, ერთი შეხედვით, შენნაირ არსებათა შორისაც ვერ გიპოვნია შენი ადგილი და ცოტაოდენი ცვალებადობაც კი გაფრთხობს, ჩაქნეული გაქვს ხელი წარსულზე, აწმყოსა და, რაც მთავარია, მომავალზე, მაშინ შენ ბედნიერი კაცი ხარ, რამეთუ შეგიძლია დაინახო ის, რაც შენამდე ჯერ შეიძლება, არავის დაუნახავს, რის დანახვაც შენს გარდა არავის ძალუძს, რადგან მხოლოდ ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, შეიძლება დანახვა ყოველივე ამის!"

ჰო, კინაღამ დამავიწყდა. მთელი გულით ვულოცავ ზურას. მისი მოთხრობა "მაცივარი სექსისა წილ" შევა საუკეთესო ევროპულ მოთხრობათა კრებულში, რომელიც შეერთებულ შტატებში გამოიცემა.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.