warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 16 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ზოგი ჭირი მარგებელია

სალმან რუშდი მეუღლესთან ერთად
თხუთმეტწლიანი ფატვას მიუხედავად, რუშდიმ გასულ წელს უკვე მეოთხედ იქორწინა. როგორც ჩანს, ირანელ ფანატიკოს-მუსულმანთა მუქარებს ეს კაცი აღარაფრად აგდებს და მაშინ, როცა მისი "სატანური სურების" მთარგმნელებს იაპონიაში, შვედეთსა თუ რუსეთში საშინლად უსწორდებიან, რუშდი მშვენიერი პადმა ლაკშმის აყვავებული მკერდის ჩრდილქვეშ "განიგრილებს სულს". ეს ქალი 24 წლითაა უმცროსი სახელგანთქმულ მწერალზე და უკვე თავადაც საკმაოდ გაითქვა სახელი, როგორც ტოპ-მოდელმა, ტელე-კინო ვარსკვლავმა და კულინარიული წიგნების ავტორმა.

რუშდი პირველად კლარისა ლუარდზე დაქორწინდა. მისი მეორე რჩეული მარიანა უიგინსი იყო, 1990 წელს კი "ბუკერის ლაურეატი" ელიზაბეტ უესტს გადაეყარა, ვისთან ერთადაც თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლები გაატარა. მაგრამ დადგა 1999 წელი და ნიუ იორკში, სრულიად შემთხვევით, პადმა პარვატი ლაკშმი გაიცნო და მის ცხოვრებაში ახალი, რომანტიკული სიუჟეტის დროც დადგა. ასეთ ქალებზე რუშდი ბევრს წერდა, ჯერ კიდევ პირველი რომანებიდან მოყოლებული. ასე რომ, როგორც იქნა, გამონაგონი და რეალობა ერთმანეთს შეხვდა.

პადმასთან შეუღლებით რუშდი საკუთარ ძირებსაც დაუბრუნდა. როგორც მიხვდით, ლაკშმი ინდოელია და მისი სახელი ინდურ ნაყოფიერების ქალღმერთს უკავშირდება, სულ მალე, კი ეს ნომინალური ნაყოფიერება შესაძლოა რეალობადაც იქცეს; ამაში მალე დარწმუნდებით, თუკი ახლად დაქორწინებულთა სასიყვარულო ჟღურტულს მოუსმენთ და წაიკითხავთ - ინტერნეტი ხომ სავსეა ასეთი ურთიერთკომპლიმენტებით. მაგალითისთვის პადმას ერთი ფრაზაც საკმარისი იქნებოდა, სადაც იგი ამბობს: "სალმანი უფრო ცეცხლოვანი და სექსუალურია, ვიდრე ბრედ პიტი"-ო.

ისინი შარშან დაინიშნენ, 20 თებერვალს, 17 აპრილს კი "ქორწილიც ქნეს", ნიუ იორკში. ვარდებით მოფენილ დარბაზებში სიტარისა და ტაბლების ხმა ისმოდა და წყვილს 250-ზე მეტი სტუმარი ულოცავდა, უნივერსიტეტელი პროფესორებითა და ცნობილი მწერლებით დაწყებული - სტივ მარტინითა და ლუ რიდით დამთავრებული.

ქორწილის შესახებ ბევრს ყვებოდნენ და იმასაც ამბობდნენ, რუშდის მეგობარი ბებერი მწერლები პადმას დაქალებს "ნამეტანი" უჟუჟუნებდნენ თვალებსო. დაველოდოთ, იქნებ რომელიმე მათგანმა მაგარ გოგოსაც გამოკრას ხელი.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.