|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ზედაპირს მიღმა www.urbanreactor.blogspot.com
ცნობილია, რომ ყოველგვარი ესთეტიკა განსაზღვრული იდეოლოგიის გამომხატველია. შესაბამისად, ამა თუ იმ ესთეტიკის მატარებელი საშუალება: ფერი, შრიფტი, ფორმა, ფაქტურა, მთლიანად სივრცის ორგანიზება, ისევე, როგორც ტექსტი, მეტყველების მანერა, მუსიკა, თეატრალური ხელოვნება და ასე შემდეგ, მისი მაფორმირებელი იდეოლოგიის გზავნილს გადმოსცემს. მეოცე საუკუნის დასაწყისში მოდერნისტ ხელოვანთა ავანგარდი თანამედროვე საზოგადოების შენების ერთ-ერთ პირობად ახალი ესთეტიკის შექმნას მიიჩნევდა და ყოველდღიური მოხმარების საგნების დიზაინსაც კი ამ სულისკვეთებით ქმნიდა. საკმარისია, გავიხსენოთ ბაუჰაუსის ავეჯი, ჭურჭელი და ტექსტილი, კორბუზიეს, გროპიუსის, გინსბურგის და სხვათა არქიტექტურა, გეგმარება და საქალაქო სივრცის ორგანიზების ხედვა. პირველად სწორედ ბაუჰაუსის სკოლამ უარყო ფასადი - როგორც მნახველზე მიმართული დომინანტური ელემენტი და არქიტექტურა, ინტერიერი და გარემო ერთ მთლიან გააზრებულ ორგანიზმად აქცია. საინტერესოა, რომ ფასადის დომინანტური როლი და სანახაობრივი დატვირთვა იგივე გერმანიაში მოგვიანებით უკვე ფაშისტური რეჟიმის იდეოლოგიამ ააღორძინა, რომელიც პომპეზურ ფასადებს, ისევე, როგორც ესთეტიკის სხვა ფორმებს, მესამე რაიხის ძლევამოსილების დასამტკიცებლად იყენებდა. ესთეტიკით მსგავს მანიპულაციას ბევრი სხვა რეჟიმიც საკმაოდ წარმატებით იყენებდა და იყენებს. ახლო წარსულიდან ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა საბჭოთა სოც-რეალიზმიც. ესთეტიკა იყო და არის ძლიერი მედიუმი საზოგადოების პოლიტიკური ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად. ეს განსაკუთრებით საგრძნობია დღეს, მასმედიისა და ინტერნეტის ეპოქაში, როცა ვიზუალური, ტექსტური და სხვა სახის ინფორმაციის უწყვეტ ნაკადში გაუაზრებლად ხდება სხვადასხვა არაპირდაპირი დატვირთვის იმპულსების ათვისება. საქართველოში დღეს ესთეტიკურ რეჟიმს, ისევე, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ბევრ სხვა ასპექტს, უმეტესწილად ერთობლივად განსაზღვრავს თავისუფალი ბაზარი და პოლიტიკური იდეოლოგია. კონსერვატიულ-ნაციონალური ღირებულებები და საბაზრო ეკონომიკა შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს და ფსევდოისტორიულისა და ულტრათანამედროვეს საინტერესო კოლაჟს ქმნის. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითების მოძიება არქიტექტურისა და გარემოს დიზაინიდან შეიძლება. მაგალითად, სარკისებური შემინვა და ცათამბჯენები დომინანტური კულტურის მიერ თანამედროვეობის აღმნიშვნელ აუცილებელ ელემენტად არის შერაცხული, ამავდროულად, ფსევდოისტორიული დიზაინი ურბანული სივრცისა და არქიტექტურის ასევე ლამის სავალდებულო კომპონენტია. აქ ცალკე აღნიშვნას იმსახურებს საკულტო ნაგებობების არქიტექტურა და დიზაინი, სადაც ტრადიციული ფორმების კოპირებამ, უკვე დიდი ხანია, მკაცრად რეგლამენტირებული კონვეიერული სახე მიიღო. გიგანტურობისა და გამორჩეულობის კომპლექსით დაავადებული ეგრეთ წოდებული ულტრათანამედროვე პროექტები საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროექტები თავისი საბაზრო ესთეტიკით შესანიშნავად აკმაყოფილებს პოტენციური კლიენტების მცირე მაგრამ გავლენიან ფენას, რომელიც არქიტექტურულ "საოცრებებს" გლობალურ კულტურულ და ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანების აუცილებელ ნიშნად მოიაზრებს. სამაგიეროდ, ფსევდოისტორიულობა კარგად ერგება კონსერვატიული უმრავლესობის შეხედულებებს, თუნდაც ეს დიდი დოზით სიყალბეს მოითხოვდეს. ცოტას თუ აქვს დრო, ფული და მოთმინება, რომ ისტორიულ სიძველეებს ელოლიავოს. მეორე მხრივ, ისტორიული ნივთები, ისევე როგორც თავად ისტორიული გარემო იმდენად კარგად "იყიდება" ქართველ თუ უცხოელ მომხმარებელზე, რომ დიდ მკრეხელობად არ მიიჩნევა სინამდვილის ყალბი მულაჟებით შელამაზება-ჩანაცვლება. ავთენტური სიძველეები - ელიტურ სალონებში, მასკულტურა კი უპრეტენზიოდ მოიხმარს ყველაფერ დანარჩენს: "გადაკრამიტებულ" სიღნაღს, თბილისსა თუ მცხეთას, არქაულ და პომპეზურ მონუმენტებს, "გაჯაზებულ" თუშურ მელოდიებს და ა.შ. საინტერესოა დაკვირვება, რომ ფსევდოისტორიციზმის ამ ტენდენციაში განსაკუთრებული აღფრთოვანება კონკრეტული პერიოდების მიმართ შეინიშნება. გავიხსენოთ თუნდაც მე-19 საუკუნის მიწურულის ევროპა, ან რუსეთის იმპერიის დროინდელი საქართველო, სადაც თურმე პარიზული მოდა მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით აღწევდა, კეთილშობილი არისტოკრატები ულამაზეს ბანოვანებს უძღვნიდნენ რომანსებს და სიმდიდრე და სალონური ცხოვრება ჩქეფდა. იმ ეპოქის სულისკვეთება დღეს მრავალი მოდური კაფესა თუ სალონის დიზაინში იგრძნობა. ასეთივეა ისტორიაც, რომელსაც გვამცნობს, მაგალითად, წინანდალში ახალგარემონტებული ჭავჭავაძისეული სასახლე. აქ ინტერიერები თანამედროვე დიზაინის კატალოგიდან გადმოხატულს ჰგავს - გაშიშვლებული ქვის კედლების ფონზე გამოფენილი ძველებური ნივთები პრესტიჟული საგამოფენო სალონის (ინგლ. Showroom) შეგრძნებას ამძაფრებს. გიდი კი დაბეჯითებით გვიხსნის თითოეული ნივთის ევროპულ წარმოშობას, ნაკეთობის სინატიფესა და სიძვირფასეს. ყურადღების მიღმა რჩება საინტერესო ისტორიები პატივმოყვარე ქართველ არისტოკრატიაზე, იმპერიულ რეჟიმსა და იმდროინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე. აქ, ისე როგორც არსად, ცხადად იგრძნობა საზოგადოების პოსტსაბჭოთა კომპლექსები და ნოსტალგია იმ ეპოქის მიმართ, როცა არისტოკრატთა ფუფუნება ღვთის მიერ დადგენილ ნორმად იყო მიჩნეული. ცხადია, ნოსტალგია ცოტ-ცოტა ყველაფერს აზვიადებს და რომანტიკული საბურველით მოსავს, საჩოთირო ელემენტებს კი ზრდილობიანად ივიწყებს. სხვაგვარად ვერ იმუშავებს წარსულით ტკბობის დამათრობელი ეფექტი, რომელიც აწმყოთი გაბეზრებულ ადამიანს დროებით მაინც წარმოსახვით კომფორტს უქმნის და ცვლილების სურვილს უკარგავს. ასეთი წარმოსახვითი კომფორტის შექმნას ანთროპოლოგი დევიდ ჰარვი "საზოგადოების კაპუჩინოთი დამშვიდებას" (ინგლ. pacification by Cappuccino) უწოდებს. არის თუ არა ქართული საზოგადოება კაპუჩინოს არომატით გაბრუებული, ძნელი სათქმელია. ის კი ცხადია, რომ როცა მისი ერთი ნაწილი მსუბუქი ჯაზის ფონზე კაპუჩინოს წრუპავს, მეორე ნაწილი საარსებო მინიმუმს დაეძებს. შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია - შემოქმედებითი და ინტელექტუალური მუხტი ნეიტრალიზებულია და გარემო ისევ რჩება როგორც მზა ესთეტიკური ფორმულების უსასრულო რეპროდუქცია. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა განსხვავებული ესთეტიკური რეჟიმის, როგორც ალტერნატიული ხმის შექმნა. ქართულ საზოგადოებაში არსებობს ის შემოქმედებითი და ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ესწრაფვის, დაინახოს შეულამაზებელი რეალობა, რათა მისი გაუმჯობესების გზები ეძებოს. დროა, მოიძებნოს ეს რესურსი, ვიდრე თვალი მიეჩვევა უსასრულოდ კოპირებულ ვიზუალურ-სივრცით მანიპულაციებს, ვიდრე "არისტოკრატულ-ელიტური" უსაგნო ისტორიებით დამძიმებული გონება დაკარგავს კრიტიკული აღქმის უნარს, ვიდრე წარმოსახვა მსუბუქი ჯაზისა და კაპუჩინოს არომატით გაიჟღინთება.... 20 სექტემბერი, 2009 |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
alan123 (შეუმოწმებელი), მარტი 11, 2010, 10:46:11
მიყვარს, ჭკუა მეკეტება,ვაფრენ, მეგემრიელება, მეკრუსუნება და მენიამნამება ემენდემსებს როცა ვხედავ.
100 გრამიანი შეფუთვა მიყუარს, თავს რო მოახევ, ხელს ჩაყოფ და კბილების კაწკაწით ამოიღებ პირველ ბურთულას…. როგორ მიხარია მწვანე როცა შემხვდება ხოლმე…. : ))))))
თეფშზე მიყვარს დაყრა და გართობა, სხვადასხვა ფერის ბურთულების გორაკებად დაქუჩება, მერე ისევ არევა, მერე რამეების ხატვა, ხელისგულზე რამდენიმეს მოთავსება და ფერების შეხამება, მწკრივებში სიმეტრიულ ფერებად და ზოლებად ჩალაგება, უბრალოდ მთელი ამ გემრიელი ფერადოვნების ყურება, ბურთულაკის ორად გახლეჩაზე წვალება და თითო ნახევრიდან გარსის დაზიანების გარეშე შოკოლადის ამოსვლეპანამ…ccna wireless practice test. და რატომ არაა ჩვენთან იასამნისფერი ფერის? აი ემ პროტესტინგ!!!!რომ არ არსებულიყო ესენი, ალბათ მე გამოვიგონებდი,ისე ჩემიანია ეს ბურთულიკოები, მხიარული, ბავშვური და უდარდელი….
გიორგი ბერუჩაშვილი (შეუმოწმებელი), თებერვალი 14, 2010, 13:11:23
წინა კომენტარის შინაარსობრივი გაგრძელება:
ბ–ნი აკაკი ბაქრაძის თხზულებათა მე–8 ტომი, გვ.417–423. ჩვენი აზრით, მეტად საყურადღებო წერილი სათაურით – ,,სიტყვამ აზრი დაკარგა" (ბლოკნოტში ჩაწარილია 1999 წ.):
,,ახლა ყველა ლაზღანდარულად წერს ... ერთმანეთის სიძულვილი გამოსჭვივის ნათლად და აშკარად. ... ყველაფერი იბეჭდება ... მალე კვეხნას დავიწყებთ, ისეთ დემოკრატიას მივაღწიეთ, მსოფლიოს რომ არ უნახავსო. იმასაც ვიტყვით, სიტყვის თავისუფლება ქართველებისგან ისწავლა მსოფლიომო ... სიტყვის გაუფასურებამ საზოგადოება დაშალა. ახლა ჯოგია საქართველოში. საზოგადოებას თავისი ესთეტიკური სახე აქვს. ჩვენ ვიცით ანტიკური ეპოქის, რენესანსის და სხვა ეპოქების ესთეტიკური სახე. დღევანდელი საზოგადოების ესთეტიკური სახე არ ვიცით. მოწაფეს რომ მელანი დაეღვრება და რვეულის ფურცლები დაიდღაბნება, ვეღარ გაარჩევთ, რა ეწერა. ასეა ახლა დადღაბნილი საზოგადოების ესთეტიკური სახე. იგი არ ჩანს. მის ნაკვთებს ვერ ამოიცნობ. ესთეტიკური უსახობა შეიძლება დავარქვათ ამას".
გიორგი ბერუჩაშვილი (შეუმოწმებელი), თებერვალი 11, 2010, 16:41:21
,,განსხვავებული ესთეტიკური რეჟიმის, როგორც ალტერნატიული ხმის", ,,შემოქმედებითი და ინტელექტუალური რესურსის" თემებზე მერაბ ღაღანიძის აზრი გავიხსენოთ აკაკი ბაქრაძის თხზულებათა(2006 ,,ნუკერი", ,,ლომისი") მე–8 ტომის წინასიტყვობიდან:
,,საქართველო ჯერ კიდევ და ისევ გზაჯვარედინზე დგას ... გზა ისევ ასარჩევია...
თუ საქართველო ეროვნული მემკვიდრეობის გაღვივებისა და ევროპულ სულიერ–კულტურულ ფასეულობათა გათავისების, გადაწყვეტილებათა პასუხისმგებლობისა და შინაგანი თუ საზოგადო მოწესრიგების, ბეჯითი შრომისა და წიგნიერების, გუშინდელი დღის საღი შეფასებისა და ხვალინდელი დღის გონივრული განჭვრეტის გზაზე სიარულს გადაწყვეტს, მან თავის მეგზურად აკაკი ბაქრაძე უნდა გაიყოლოს".
გულდაწყვეტილი აკაკი ბაქრაძე – ,,ჩამომდაგარი მარტოობის მიუხედავად, იგი, მაინც, ბოლომდე, თავდაუზოგავად თავისი მრწამსის მარტოხელა მეციხოვნედ დარჩა" (იქვე).
თავისი მრწამსის მარტოხელა მეციხოვნენი – ილია, აკაკი, ნიკო ნიკოლაძე (ხონჩით რომ მიართვა საქართველოს დამოუკიდებლობა ეროვნულ საკითხში უმეცარ ნ.ჟორდანიას და კომპანიას),იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა, მიხაკო წარეთელი, არჩილ ჯორჯაძე, დიდი ივანე, გრიგოლ წერეთელი, დიდი ექვთიმე, პავლე ინგოროყვა ("Избавьте меня от встречи с этим националистом" - ცკ–ს პირველი მდივნის გამონათქვამიდან), გერონტი ქიქოძე, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე და ათეულობით ცნობილი და დღემდე უცნობი მამულიშვილები . . .
მიხაკო წერეთლის წიგნის – ,,ერი და კაცობრიობის" გამოცემიდან ასი წლისთავი არათუ არ აღნიშნულა, ერთი სტატიითაც კი არავინ გამოხმაურებია ამ თარიღს! (ჩვენი უგულველყვეს).
შორს, შორს წავალთ ქართველები აზროვნებისა და საზოგადოებრივი ეთიკის ამგვარი სიმაღლით . . .
დატოვე კომენტარი