warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 16 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ზამთარია

ანა კორძაია-სამადაშვილი

ძალიან ადრე დაზამთრდა. უაღრესად ორიგინალური დასაწყისია, მაგრამ რა ვქნა, ასეა. და იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარი, ზოგადად, მძულს, მაინცდამაინც აღტაცებული არა ვარ.

მრავალი ჩემი მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობს, და მათი წყალობით სრულიად განსაცვიფრებელი კითხვარები მაქვს ნანახი, ზოგი - შევსებულიც. ყოველთვის მხიბლავდა კონფორმიზმის გამარჯვება - სავარაუდო პასუხები: „კი“, „არა“, „უფრო კი, ვიდრე არა“, „უფრო არა, ვიდრე კი“.

მე არ ვარ ფრეკენ ბოკი და არ მიმაჩნია, რომ ნებისმიერ კითხვაზე შეიძლება პასუხი „კი“ ან „არა“ იყოს - ხომ გახსოვთ, შესანიშნავ რამეს ეკითხება კარლსონი: „დილდილობით ისევ ურტყამ კონიაკს?“ გასაგებია, რომ შავის და თეთრის გარდა, სხვა ფერებიც არსებობს, მაგრამ ერთი, მითხარით, რა პასუხი უნდა გასცეთ კითხვაზე; „გქონიათ სექსი ფულის სანაცვლოდ?“  რომელ პასუხს შემოხაზავდით - „უფრო კი, ვიდრე არა“ თუ „უფრო არა, ვიდრე კი?“

ზამთართან დაკავშირებითაც ზუსტად ვიცი: არა. არ მიყვარს, არ მომწონს და მისი ხიბლი არ მესმის. ვერც ვერავინ გამაგებინა.

არანაირად არ მსიამოვნებს, „აი, თბილად რომ ჩაიცვამ და...“ „აი, გარეთ რომ ცივა და სახლში რომ თბილა...“ „აი, სიცივეში რა, თბილად ჩაიცვამ, და რომ დაგცხება, რა უნდა ქნა?“

რა - რა უნდა ქნა?! უნდა გაიხადო! მიეფიცხო მზეს! ჩახტე წყალში! მოიკიდო ზურგჩანთა და მთაში მოუსვა!

მე არ მომწონს საახალწლოდ განათებულ ქუჩებში ხეტიალი - მირჩევნია, გვიან ბნელდებოდეს. არ მომწონს, რომ დილით სომნამბულასავით მივეხეტები სამსახურში. არანაირად არ მახარებს, რომ მაცვია ჩექმა, პალტო, თავზე მახურავს კუნკულა - ჰა, რა სიტყვაა? - და სულ მემუქრება საფრთხე, რომ პერიფერიული მხედველობა მიღალატებს და სახლისხელა ჯიპის საჭესთან მჯდომი აღგზნებული გოგონა გადამივლის.

ეს ჩემი პრობლემებია - გეთანხმებით. რის შესახებაც ახლა გიამბობთ, ის სხვისი პრობლემაა, რომელთან შედარებითაც მე არამცთუ არაფერი მიშავს, საერთოდ, ვარდის ბუჩქში ვზივარ. გიამბობთ:

კინოში ვიყავი, „რუსთაველში“. ვნახე ფილმი, რომელიც უფრო არ მომეწონა, ვიდრე მომეწონა, და გავბრაზდი, რომ 14 ლარი და ჩემი არაჩვეულებრივი ცხოვრების უძვირფასესი საათნახევარი სხვათა ნევროზებს შევწირე. იქიდან გამოსულმა გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავისთვის პატივი უნდა მეცა, და მეგობრებთან ერთად სავახშმოდ გავეშურე.

გზად თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი უნდა გამევლო. ჩასულხართ მიწის ქვეშ, თერთმეტის მერე? ცოტა შეგეშინდებათ, მაგრამ საშიში არაფერია - იმ ადამიანებს, რომლებიც იქ სხედან, თქვენთვის არ სცხელათ. მათ, საერთოდ, არ სცხელათ, იყინებიან, რადგან „აი, თბილად რომ ჩაიცვამ“ და „აი, გარეთ რომ ცივა და სახლში რომ თბილა“ მათ არ ეხებათ. ისინი უსახლკაროები არიან და ძონძებში გამოხვეულები სხედან ყუთებზე, თავისუფლების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში. იცით, რა უცნაური რამაა - ბრჭყვიალებს წმინდა გიორგი, ციმციმებს „მერიოტი“, მალე ახალი წელი დადგება, ვაშა! ქვემოთ კი დუმილია. ისინი არ ლაპარაკობენ. ალბათ, დაღლილები არიან და უკვე სძინავთ, ან სალაპარაკო არაფერი აქვთ, არ ვიცი.

ერთმა ბრძენმა კაცმა ერთხელ მითხრა: ვიღაცა ძალიან რომ გესაზიზღრება, გაიხსენე, რომ პატარა როცა იყო და ცუდ სიზმარს ხედავდა, ვინმეს - დედას ან ბებოს -  ლოგინში გადაუგორდებოდა, დამშვიდდებოდა და გაღიმებული იძინებდაო.

თქვენ ასე არასოდეს მოქცეულხართ? კი, კი, როგორ არა...

მაშ, ასე - მოგწონთ ზამთარი? შემოხაზეთ:

კი

არა

უფრო კი, ვიდრე არა

უფრო არა, ვიდრე კი

mari (შეუმოწმებელი), იანვარი 17, 2012, 20:41:58

miyvarsss ana k.s :))))))))))))))

ანა კორძაია-სამადაშვილი (შეუმოწმებელი), იანვარი 15, 2012, 00:22:24

არ ვიცოდი, თუ ამდენი ხალხი კითხულობდა... დიდი, დიდი მადლობა!

ოჩილა (შეუმოწმებელი), იანვარი 12, 2012, 02:58:37

ანას ,,ზამთარს" უფრო კი, ვიდრე უბრალო კი! ზამთარს კი უფრო არა, ვიდრე ჩვეულებრივი არა

salo-salo (შეუმოწმებელი), იანვარი 12, 2012, 01:42:23

ufro ki, vidre ara <3

tata (შეუმოწმებელი), იანვარი 12, 2012, 00:53:34

რათქმაუნდა, არა :)

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.