|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ხმა ღვთისა და ხმა ერისა
"რაც სიმართლეა, მაგრამ ძნიად დასაჯერელი, ხამს კაცმა არც კი გახსნას პირი სათქმელად, რომ უსამართლოდ არ ჩავარდე თავად სირცხვილში, მაგრამ ამჟამად აღარ ძალმიძს დუმილის დაცვა..." დანტე "ჯოჯოხეთი" XVI 124-127
მითოსი ძველ რომაელ ავტორს გაიუს სალუსტიუს კრისპუსს (ძვ.წ. I საუკუნე) ეკუთვნის მითოსის ერთ-ერთი ყველაზე ლაკონური და, ჩემი აზრით, ზუსტი განმარტება: "მითი არის თხრობა იმ ამბის შესახებ, რომელიც არასდროს არ მომხდარა და თანაც მუდამ ხდება". ასეთი განმარტება პარადოქსზეა აგებული: რაღაც თან არ არსებობს და თან არსებობს; ვიცით, რომ არ მომხდარა, მაგრამ მას როგორც მომხდარ ფაქტს ისე ვაღიარებთ. ეს ეხება არა მარტო ღმერთებზე, გმირებზე, წმინდანებსა და ბოროტ ურჩხულებზე ლეგენდებს, არამედ თანამედროვე მითებსაც, რამდენადაც მითოსი არაა მხოლოდ საზოგადოებრივი განვითარების არქაულ საფეხურებზე მდგომი ადამიანების სამყაროს აღქმის სურათი, არამედ აზროვნების თავისებურება, რომელიც რეალობას სასურველი ფანტაზიით გვინაცვლებს. მითოსის არსი სწორედ არმომხდარისა და არარსებულის დაჯერებაა. თუ რატომ ვიჯერებთ იმას, რაც ვიცით, რომ არ მომხდარა, ამისი ახსნაც შესაძლებელი უნდა იყოს. XX საუკუნეში მითოსის ალბათ ყველაზე ცნობილი მკვლევარი მირჩა ელიადე თავის დღიურებში ერთ თანამედროვე მითს იხსენებს. საქმე ეხება ვაჟიშვილების მიერ მამის მკვლელობის მითს, რომელიც ფროიდმა აღწერა და გააანალიზა თავის ნაშრომში "ტოტემი და ტაბუ". ელიადეს თქმით, პრიმიტიულ და არქაულ მითოლოგიებში ასეთი მითი არსად არ დასტურდება და ის უშუალოდ ფროიდის ფანტაზიის ნაყოფია. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ეს მითი ფროიდის თანამედროვე მსოფლიო ინტელექტუალურმა ელიტამ, მათ შორის ანთროპოლოგებმა და ეთნოლოგებმაც, დაიჯერეს და მომხდარ ფაქტად მიიღეს. ელიადეს აზრით, ამისი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ეს მითი XX საუკუნის ადამიანებისათვის მათსავე რეალობას, სიმართლეს შეესაბამებოდა. მითოსი, განსხვავებით, მაგალითად, ლოგიკური აზროვნებისაგან, საკმაოდ "დემოკრატიული" სააზროვნო ფორმაა და მას მხოლოდ კოლექტიურ წარმოდგენად შეუძლია იარსებოს. მითს შეიძლება კონკრეტული ავტორიც ჰყავდეს, მაგრამ მის დასაჯერებლად ავტორის ვინაობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. მითი არაინდივიდუალური, "არასაკუთრივი" ნააზრევია და მის ავტორსაც მხოლოდ ამ კოლექტიური ფანტაზიის გახმოვანებაღა შეუძლია. ანუ "ავტორი" აცხადებს, წარმოთქვამს იმას, რისი სურვილიც უკვე მოცემულია საზოგადოებაში, თუმცაკი არასდროს მომხდარა. მითი იბადება მაშინ, როდესაც მასზე მოთხოვნილებაა და, ამდენად, იგი ერთგვარი "საზოგადოებრივი დაკვეთაცაა". სამაგალითოდ ერთი მითის გახსენება მინდა, რომლის თანამონაწილე მე თვითონ ვარ და თანაც, ჩემი აზრით, უკანასკნელი ოცწლეულის ყველაზე ეფექტური და სახასიათო შინაარსის ქართული მითია.
14. 09. 1993 ეს დღე, რომელიც შემდგომში ჩემთვის ყველაზე უსიამო მოსაგონებელ თარიღად იქცა, ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. მე ორი კვირის ჩამოსული ვიყავი გერმანიიდან, სადაც ზაარბრუკენის უნივერსიტეტში სამი სემესტრი გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი. თბილისში დაბრუნებული ვცდილობდი სიტუაციაში გარკვევას, უფრო სწორად, ახალ რეალობასთან შეგუებას, რომელიც მშვიდი და მოწესრიგებული გერმანიის შემდეგ საკმაოდ არამარტივი იყო. მოკლედ, სახლიდან გამოვედი და ვაკის მიმართულებით მიმავალ ტროლეიბუსს შევახტი. გოკა გაბაშვილთან უნდა მივსულიყავი, რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე ცხოვრობდა. ვაკის პარკთან ტროლეიბუსიდან ჩამოვედი და სანამ საპირისპირო მხარეს გადავიდოდი, ჩემ წინ მანქანა გაჩერდა, რომელშიც გოკა გაბაშვილი იჯდა. გოკამ, - ჩაჯექი, სახელმწიფო გადატრიალება მოხდაო. გზაში გავიგე, რომ პარლამენტის სხდომაზე ჯაბა იოსელიანმა და შევარდნაძემ იჩხუბეს და შევარდნაძე გადადგა. მოგვიანებით უკვე შევარდნაძის სიტყვის ვიდეოჩანაწერიც ვნახე, სადაც ის დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს, - მე არც ხელისუფლება არა მაქვს და საერთოდ ამ ქვეყანაში არაფერს აზრი არა აქვს, სრული ანარქიაა და მე მივდივარო... "იმელის" შენობის წინ, რომელშიც მაშინ საქართველოს პარლამენტი იყო, უკვე ხალხი ირეოდა. ერთ-ორ საათში მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ქალაქში პანიკა იყო. პარლამენტის შენობაში კი წავიდა დაყოფა შევარდნაძის მომხრეებად და მის მოწინააღმდეგეებად. ეს უკანასკნელნი, რომლებიც არანაკლებად დაბნეულები იყვნენ, უფრო მესამე სართულზე ტრიალებდნენ, სადაც ჯაბა იოსელიანის კაბინეტი მდებარეობდა. დაბნეული ხალხი გარეთ იდგა და არ იცოდა, რა ექნა. ჰოდა, მე ჩემ სტიქიაში აღმოვჩნდი და სრულიად სპონტანურად ძალიან პათეტიკური სიტყვა წარმოვთქვი, რომ დღეს თუ პარამილიტარული გაერთიანებები ძალაუფლებას აიღებენ და "სამხედრო საბჭოს" დროში დავბრუნდებით, მაშინ ქართული სახელმწიფოებრიობა შეწყვეტს თავის არსებობას... ძალიან მიჭირს იმის აღდგენა, თუ რა მოტივაცია მალაპარაკებდა. ვიცი, რომ წარმატებულად ვაიძულებდი თავს, დამეჯერებინა შევარდნაძის გადადგომით მოახლოებული აპოკალიფსი. ყოველ შემთხვევაში, არჩევანი შევარდნაძეს, პარამილიტარებსა და გამსახურდიას შორის რომ იყოს, მე კვლავაც პირველ ვარიანტს დავუჭერდი მხარს, თუმცა იმგვარი სახის საკუთარი თავის დარწმუნებისა და პათეტიკის გარეშე, რომელიც 23 წლის ასაკში მქონდა. ამის შემდეგ ვიღაცამ შენობაში შემიყვანა. მეორე სართულზე ხალხი ირეოდა, ძირითადად - შევარდნაძის მომხრე დეპუტატები და მთავრობის წევრები. განსაკუთრებით ირინა სარიშვილი აქტიურობდა. გადაწყდა მიტინგის ჩატარება. მე მიტინგების მოწყობის თითქმის ხუთწლიანი სტაჟი მქონდა და ამიტომაც ინიციატივა საკუთარ თავზე ავიღე. პირველი სიტყვაც მე წარმოვთქვი და გავიმეორე, რომ უნდა ავირჩიოთ შევარდნაძეს, შეიარაღებულ ფორმირებებსა და გამსახურდიას შორის და ისიც დავამატე, რომ შევარდნაძე ერთადერთი გამოსავალია იმისათვის, რომ სრულ იზოლაციასა და ქაოსში არ აღმოვჩნდეთ... დეპუტატები, მინისტრები, თბილისის მერი, სამხედრო პირები - ყველა, ვინც შევარდნაძეს მხარს უჭერდა, სიტყვით გამოვიდა. განსაკუთრებული ოვაციები თავდაცვის მინისტრის გია ყარყარაშვილის გამოჩენამ გამოიწვია. ამასობაში დაღამდა და სულ ბოლოს შევარდნაძეც გამოვიდა. მან გაიმეორა, რომ მისი გადაწყვეტილება მტკიცეა და ის მას არ შეცვლის და სთხოვა ხალხს, - დაიშალეთო; რომ აზრი არა აქვს აქ დგომას, - "მე ჩემს გადაფურთხებულს არ ავლოკავო"... ამაზე ატყდა ყვირილი, ვიღაცამ ქუჩიდან დაიძახა, - "ჩვენ ავლოკავთ"! ხმაურში ცალკეული შეძახილების გარჩევა შეუძლებელი იყო, მაგრამ შინაარსი მაინც ასეთი მახსოვს: არ წავალთ, არ დავიშლებით! და უცებ დაიწყეს ასფალტზე დასხდომა. მე ფანჯარასთან ახლოს ვიყავი და ასე დავინახე და ეჭვიც არ შემპარვია, რომ დასხდნენ, რადგანაც ეს მაშინ ძალიან გავრცელებული სამიტინგო-საპროტესტო ფორმა იყო, რომელიც უკვე 1988 წლიდან დამკვიდრდა. ამ დროს შევარდნაძემ შეწყვიტა სიტყვა და ფანჯარას მოშორდა. აი, სწორედ ამ მომენტში შემოვიდა ილია მეორე და თქვა ის, რისი ნახვაც Yოუთუბე-ზე მოთავსებულ არაერთ ვიდეოზეც შეიძლება: "მე მაქვს უფლება, როგორც საქართველოს სულიერი მამას, და პირადად თქვენს სულიერ მამას, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური". ამის შემდეგ გადაკოცნეს ერთმანეთი, შევარდნაძემ თქვა, - "ხმა ღვთისა და ხმა ერისაო", - და მიტინგიც დამთავრდა. მე ყოველთვის მიტინგის შემდეგ ცუდ ხასიათზე ვიყავი ხოლმე და ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა იყო. ყოველი საჯაროდ წარმოქმული სიტყვის შემდეგ ცოტა გულის რევის შეგრძნება და მსუბუქი დეპრესია მქონდა. სახლში რომ მივედი, ტელევიზორში უკვე გვიან შევარდნაძის ინტერვიუ აჩვენეს, სადაც მან თქვა, რომ ხალხმა დამიჩოქაო... მე ის ჩაჯდომის სცენა გამახსენდა და ვიფიქრე, რომ დაიჩოქეს. თანაც მეორე დღიდანვე ყველა იმას იძახდა, რომ შევარდნაძეს დაუჩოქეს. ამაზე დავიწყე სტატიის წერა "დაჩოქილი ქართველი ერი და ქართული სახელმწიფოებრიობა", რომელშიც ვამბობდი, რომ დაჩოქება ჩვენი პოლიტიკური აზროვნების არქეტიპია, რომ დაჩოქების გარეშე არ შეგვიძლია პოლიტიკური არტიკულაცია... სტატია არ გამოქვეყნებულა... ორ დღეში აფხაზებმა ზავი დაარღვიეს და შეტევაზე გადმოვიდნენ. 27-ში სოხუმი დაეცა და ეს ამბავი ყველას გადაავიწყდა. დაახლოებით ერთი-ორი თვის შემდეგ კი, აღარ მახსოვს საიდან გაიგო ამ ჩემი არგამოქვეყნებული სტატიის შესახებ თეიმურაზ სტეპანოვმა, რომელიც შევარდნაძის თანაშემწე და წლების მანძილზე მისი უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. თემო სტეპანოვი ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანი იყო, ვინც შევარდნაძის უახლოეს გარემოცვაში ოდესმე მინახავს. ჰოდა იმ საღამოს მან ჩემი სტატიის შინაარსის გამო მისაყვედურა და მითხრა, რომ ჩემი ამოსავალი წერტილი სიცრუეზე დგას და, ამდენად, უკვე დამახინჯებული ფაქტების რეპროდუქცია გამომდის: 14 სექტემბერს პარლამენტის წინ მიტინგზე ხალხმა არ დაიჩოქა და დაჩოქების ისტორია იმ საღამოსვე შეითხზა! ყველაზე პარადოქსულიც ის იყო, რომ იქ მყოფი ხალხიდან, რომელთა შორის არაერთი ჩემთვის ცნობილი სახე იყო, თვით ყველაზე მეტად "შევარდნაძისტებსაც" კი, არავის არ უთქვამს, რომ მან პირადად დაიჩოქა ან ვინმე დაჩოქილი საკუთარი თვალით ნახა. მაგრამ თვით ასეთებიც კი იმ დღეს ხალხის დაჩოქებაზე ლაპარაკობდნენ. დაჩოქების ამბავი ისე მყარად დამკვიდრდა ხალხის მეხსიერებაში, რომ, როდესაც ადრე, ზოგი ხუმრობით, ზოგი კი ჩემი "დისკრედიტაციის" მიზნით მახსენებდა ხოლმე ამ ამბავს, იმის დამატებითაც, - ხალხი რომ დააჩოქეო, - რაზეც მეც გაღიზიანებანარევი ღიმილით ვპასუხობდი და არ ვეწინააღმდეგებოდი, მიუხედავად იმისა, ვიცოდი, რომ დაჩოქების დრამა შევარდნაძის მოგონილი მითი იყო. ადრე ძალიან განვიცდიდი იმას, როდესაც ასეთ ფრაზებს მომაძახებდნენ ხოლმე და მრცხვენოდა იმის გახსენება, რომ ზუსტად 6 თვე და 13 დღე მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. პოლიტიკაში ჩემმა ინსაიდერულმა ინტერმეცომ კი პოლიტიკოსობისა და პოლიტიკის რეალურ მოტივაციებსა და მოტივებზე დამაფიქრა, რომელთა გააზრება-გახმოვანებაც ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე თავად პოლიტიკურ სპექტაკლებში მონაწილეობა. ახლა, უკვე 17 წლის შემდეგ ამ ამბავს როცა ვიხსენებ, ისეთი განცდა მაქვს, რომ იმ დღეს ლამის გამოცხადების ტოლფასი რამ მოხდა, ყოფიერებამ საკუთარი სახე გამოაჩინა და მე მის ეპიცენტრში აღმოვჩნდი. ამ დღეს ჩემ თვალწინ ახალი მითი დაიბადა, რომელიც, როგორც ყველა სახის მითი, გარკვეულ სხვა არქეტიპულ ფენომენსაც შეგვაცნობინებს. ვინაიდან მითი, როგორც სალუსტიუსი ამბობდა, ისაა, რაც არასდროს მომხდარა, მაგრამ მუდმივად ხდება, მეც ამ არმომხდარზე, როგორც ხდომილებაზე მინდა ვისაუბრო. ანუ ბევრად უფრო საინტერესო მგონია არა ის, რაც სინამდვილეში მოხდა, არამედ ის, რა სახითაც იგი მეხსიერებაში ჩაიწერა. ფაქტებს თავისთავად არანაირი ღირებულება არა აქვთ, თუკი მათგან რამე სხვა არ შეიქმნა, რაც საზოგადოების ცნობიერებაში აისახებოდა ან თავად ამ ცნობიერებას არ აირეკლავდა.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი