ხელოვნება უკვალოდ

57
ტერმინი "ლენდარტი", ანუ მიწის ხელოვნება, 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, როცა მეამბოხე სტუდენტობამ დამკვიდრებული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა. განსაკუთრებით აქტიური, ცხადია, არტისტები იყვნენ. მათ ბრძანეს, რომ თავად საბაზრო სისტემის არსებობა ფრიად საეჭვო ამბავია, ხოლო ტრადიციული მუზეუმები და გალერეები სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს. მათი აზრით, ნახატი ისეთივე საქონელია, როგორიც ნებისმიერი სხვა ნივთი.
"ტრადიციული ხელოვნება მოკვდა!"
ძნელი სათქმელია, ეს ამბავი წინასწარ გათვლილი იყო თუ დიდი ქალაქის წნეხისგან თავის დაღწევის რომანტიკული მცდელობის შედეგად მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ცოტა სასაცილოდ იდეალისტი გოგო-ბიჭების სურვილი, გარემოსთან სხვაგვარი, არაძალმომრე დამოკიდებულება ჰქონოდათ, აშკარა სიმპათიას იწვევს.
ისინი არაფერს აშავებდნენ - კვალს არ ტოვებდნენ. ისინი ფეხით მოგზაურობდნენ დედამიწაზე და გზად ეფემერულ ქანდაკებებს ქმნიდნენ, რომელთათვისაც მასალა იქვე ეყარა: ქვები, მიწა, მცენარეები და წყალი. ცხადია, ამდენი წლის შემდეგ მათ ვეღარსად ვნახავთ - წვიმამ ჩარეცხა, ხვიარებით დაიფარა, მაგრამ მათ არც ქმნიდნენ მარადისობისთვის - მიწისგან შექმნილი მიწის ხელოვნება მიწადვე იქცა.
ეს მერე, მერე დაიწყო რიჩარდ ლონგმა ბულდოზერებით მუშაობა. ეს მერე გადაიტანა გერმან დე ვრაისმა ქალაქში ხელუხლებელი ბუნების რამდენიმე კვადრატული მეტრი. ეს მერე იყო. მანამდე კი ლენდარტის ხელოვანები, რომელთაც დროის შეჩერება აზრადაც არ მოსდით, გვაჩვენებენ, რომ დავცილდით ბუნებას და ჩვენი საქმიანობით სინამდვილეში მხოლოდ ნგრევას ვიწვევთ.
. . .
ტალახით, პატარა კენჭებით და მსგავსი გაუგებრობებით დაფარული შიშველი მამაკაცი კავკასიონის მწვერვალების ფონზე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური სანახავია. ის მდინარისკენ იღებს გეზს, წყალში ჩადის და სულ მალე ნაპირს უბრუნდება - სუფთა, განწმენდილი, როგორც დაბადების პირველ დღეს.
მერე? მერე - არაფერი. კვალი არ რჩება. ეს ხომ ერთჯერადი ხელოვნებაა, მიწის ხელოვნება, ლენდარტი. მამაკაცი გახლავთ ფრანგი ბრის მატეი, რომელმაც თავისი ქმედება ამგვარად ახსნა: 
"ეს არის დაბადება. მეფის, ან მამის, თუნდაც საზოგადოების განსახიერება. ადამიანი, რომელიც სრულიად დაუცველი იბადება, გაჩენისთანავე მის "კეთებას" იწყებს, პირობითი დამცავით - ტალახით ფარავს. ის უმალვე გამოგონილ ციხე-სიმაგრეში ამოჰყოფს თავს. მე გადავწყვიტე, ჩამომერეცხა ჩემი მოგონილი, პირობითი ციხე-სიმაგრე და პირვანდელ, სუფთა მდგომარეობას დავბრუნებოდი. დავსვი კითხვა და ვეძებ პასუხს: როგორ უნდა დავაღწიო თავი ციხე-სიმაგრეს, რომელიც ჩემი ხელით ავაშენე."
მოქმედება ხდებოდა ხევსურეთში, შატილში, 2005 წელს. ქეთევან კორძახიას მოწოდებას სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები გამოეხმაურენ და შატილში შექმნეს თავინთი ციხე-სიმაგრეები - უკვალო და სწორედ ამის გამო მშვენიერი.
რამდენიმე მონაწილის ნაამბობი:
გერჰარდ შაბელი (გერმანია): "ხევსურეთში ყოფნისას ვნახე და ვიგრძენი ადამიანური ყოფის სიმძიმე, ის აუცილებლობა, რომელმაც ადამიანებს დაუჯერებელი ნაგებობები აღამართინა და თვითგადარჩენისათვის ასეთი გარემო შეაქმნევინა. ეს ხომ უზარმაზარი ადამიანური ძალისხმევის შედეგია!
მე მსურდა პატივისცემა გამომეხატა იმ ხალხის მიმართ, რომელმაც აქ იცხოვრა, იღვაწა, აშენა, ადამიანის თვისებები შეინარჩუნა და განავითარა.
ჩემს ნამუშევარში მინდოდა მეჩვენებინა, რომ ერთმანეთზე დაწყობილი ქვები  ბევრად მეტია, ვიდრე ნაგებობა, სახლი ან თუნდაც ციხე-სიმაგრე. მინდოდა მეჩვენებინა, რას ნიშნავს, იყო ადამიანი, იდგე ფეხზე და ყოველთვის, ყველანაირ პირობებში არსებობდე.
პატივი მივაგე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი სიცოცხლის გაწირვის ფასად ბევრ თანამოძმეს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
როდესაც პირველად გავიგონე ანატორების ამბავი, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რომ მეც ადამიანი ვარ.
ჩემთვის ხელოვნება და ცხოვრება, თუნდაც ცოცხლად ყოფნა, ერთი და იგივეა. მე მჯერა, რომ თავისთავად სიცოცხლეს აზრი არა აქვს. მხოლოდ ჩვენ, ადამიანები ვანიჭებთ მას მნიშვნელობას, თითქმის ყოველთვის, განუწყვეტლივ. და ამ დროს ჩვენი ფიქრით თავად ცხოვრებას სულ უფრო ვცილდებით."
საბინა შიხლინსკაია (აზერბაიჯანი): "პროექტი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობდით, თავიდანვე შოკისმომგვრელი იყო. შოკი იყო ბუნება, გარემო, ადამიანები თავიანთი ისტორიითა და ხასიათებით. ადამიანები, რომლებიც ასეთებად ბუნებამ და გარემომ შექმნა. აქ ყველაფერი ნამდვილია. ჩვენ კი გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ერთად ვართ, გვინდა რაღაცა ვაკეთოთ და გვიყვარს ეს მიწა."

@