|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ხელოვნება ქუჩაში
თებერვალი 15, 2012 ავტორი ნინო ლომიძეთუ ფეისბუკი გაქვთ, ეს ვიდეო თავისი ვრცელი კომენტარით აუცილებლად გეცოდინებათ უკვე. მოკლედ რომ გადმოვცე, ვიდეო იმაზეა, როგორ არ შეგვიძლია ყოველდღიურ რუტინაში ჩართულებს მშვენიერების დანახვა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მოსმენა. იმაზეც, რომ დღეს შესაძლოა, სახელი (ფეისი) და პიარი (აგრეთვე კომერცია) სრულად განსაზღვრავდეს ხელოვნებას. მარადიულ და უპირობოდ რიტორიკულ კითხვაზე „რა არის ხელოვნება“ პასუხის გაცემას, ცხადია, არ ვაპირებ. კითხვა ასე მინდა ჩამოვაყალიბო: რა ადგილი აქვს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხელოვნებას? რამდენად ხშირად გვაქვს მშვენიერების გამო შეყოვნების დრო და საშუალება ჩვენ ყოფა–ცხოვრებაში? რა მოხდებოდა მეტროს შესასვლელში ჯოშუა ბელი კი არა, რობი უილიამსი ან ჯასტინ ბიბერი რომ მდგარიყო? ამ კითხვებზე პოსტის თითოეულ მკითხველს საკუთარი პასუხი და მოსაზრება ექნება. და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სულ ბოლო კითხვაზე უმრავლესობის პასუხი დაემთხვევა ჩემსას – მეტროს ფოიეში ჩამოთვლილთაგან ერთ–ერთი რომ მდგარიყო და თავისი უმოწყალოდ პოპულარული რომელიმე პოპ სიმღერა შეესრულებინა, სულაც უაკომპანიმენტოდ, ცოცხლად და თუნდაც უნიჭოდ–ფოიეში სამართალდამცავების მობილიზება გახდებოდა საჭირო. ახლა წინა ორ კითხვას დავუბრუნდები და ისევ არ მოვყვები იმაზე, რაც ყველამ გადასარევად ვიცით – როგორ არ გვქვს დრო, როგორ ვიჭედებით ყოველდღიურ რუტინაში, როგორ ვკარგავთ მშვენიერების შეგრძნებას და როგორ არ გვიტოვებს თანამედროვე ცხოვრების გიჟური ტემპი ხელოვნებით ტკბობის შესაძლებლობას. ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ სწორია, თუკი ხელოვნება სხვა ფორმებისა და საშუალებების ძიებას იწყებს მიზნის მისაღწევად? ხომ არ ნიშნავს ეს ამავდროულად იმას, რომ თუ ადამიანი ვერ მიდის ხელოვნებამდე, საჭიროა ხელოვნება თავად მივიდეს ადამიანამდე? ოღონდ, დავკონკრეტდები – „ მისვლასა“ და მაყურებლამდე, მსმენელამდე, მკითხველამდე, დამთვალიერებელამდე ხმის მიწვდენაში ძვირადღირებულ კონცერტებს ( ბილეთის ფასი მინიმუმ 100$ და ისიც დასწრებაზე) და ვიაიპი არტ–ჩვენებებს და (სადაც უმეტესობა მხოლოდ იმიტომ მიდის, რომ „მთელი ელიტა იქ იქნება და უხერხულია...”) არ ვგულისხმობ. არამედ ვგულისხმობ აი რას – სტრიტ არტს ( გაირითმა, მაგარია J ) ამ სახალისო და მომნუსხველ ვანდალიზმს. საჭიროს, სასურველს და საინტერესოს. ისეთს, რომელიც, დაუკითხავად შემოიჭრება ჩვენს სამოძრაო სივრცეში, (აქ ყველას საკუთარი, ათასგზის დატკეპნილი მარშრუტი სახლი–სამსახური ახსენდება.) გვინდა – არ გვინდა – შეგვაყოვნებს, დაგვაფიქრებს, აღგვაფრთოვანებს, ან სულაც – გაგვაღიზიანებს და თავს დაგვამახსოვრებს. სამწუხაროდ, ჩვენთან ურბანული სოციო–კულტურა ქალაქის ქუჩებში მიმოფანტული გრაფიტით (ასევე სპრეი არტით და სტენსილით – ხშირად, ნაჩქარევი და დაუმუშავებელი), უწმაწური წარწერებით, ზოგიერთი ძალიან კარგი სკულპტურული ინსტალაციით ( ხიდები და რუსთაველის გამზირის ციცქნა სკულპტურები მახსენდება) და იშვიათი არაკომერციული პოსტერით შემოიფარგლება. არადა რა მაგარი იქნებოდა ქალაქის ქუჩებში ამის მსგავსი სამგანზომილებიანი სივრცის ამოყირავებები გარანტირებულად ყურადღებამისაქცევი სანახაობაა, რას იტყვით? ამის შემჩნევას, მოწონებას, ასეთი არტისგან სიამოვნების მიღებას არც დრო უნდა, არც განსაკუთრებული აღქმის უნარი. არც დახვეწილი ესთეტი უნდა იყო და არც მაღალმხატვრული ღირებულებების გურმანი. უბრალოდ, ლამაზია. სანახაობრივი. საინტერესო. უჩვეულო. უპრეტენზიო. თანაც ღრმად მწამს, ხელოვნება დღეს უკვე აღარაა ის, რაც იყო უწინ. დღეს ეს სამყაროს შეცნობის, ახლებურად და მრავალფეროვნად აღქმის, საკუთარ შეგრძნებებში ახალ–ახალი ზღურბლების აღმოჩენის და კათარზისის გზაა. არა – სამუზეუმო ექსპონატი და არა დახვეწილი და უნაკლო ფორმა და შინაარსი. ესეც პასუხი რიტორიკაზე... ოღონდ, ერთი მაგარი ქართველი მწერლისა არ იყოს, ყველას ჩვენ–ჩვენი განმარტება გვაქვს. * ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი