warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 22 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ხელოვნება და "პერვერსიები"

აკრძალული სურვილები

2
"ჩვენ ვისჯებით იმიტომ, რომ სექსი ვიღაცამ ოდესღაც ცოდვად გამოაცხადა".

მიშელ ფუკო

 

ღრმადმორწმუნე რუს ფილოსოფოსს ვასილი როზანოვს ასეთი აზრი ეკუთვნის: თუკი სექსი სიყვარულის უმაღლესი ხორციელი გამოხატულებაა, მაშინ რატომღა უნდა გვიკვირდეს ინცესტი? - ის ხომ ადამიანის უკეთილშობილეს ლტოლვას განასახიერებს...

ინცესტი, ანუ სექსუალური კავშირი საკუთარი ოჯახის წევრებთან, კაცობრიობის ისტორიის ალბათ ყველაზე დიდი და უძველესი ტაბუა, რომლის გაჩენასაც ანთროპოლოგები კულტურის წარმოშობას, ადამიანთა ჯოგის - საზოგადოებად, ცივილიზაციად ქცევას უკავშირებენ. "კულტურა" და "ცივილიზაცია" კი ადამიანის არა მხოლოდ განვითარებულობის, არამედ მისი თავისუფლების ჩახშობის სიმბოლოებიცაა. ფილოსოფოსი ჰერბერტ მარკუზე წერდა, რომ "თუკი თავისუფლების არქეტიპი ჩახშობის არარსებობაა, ცივილიზაცია ამ თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლად შეგვიძლია განვიხილოთ". თუმცა, თავისუფლების აღმნიშვნელი უძველესი სიტყვა, რომელიც შუმერულ ენაშია მოცემული, ერთგვარ "ინცესტუალურ" შინაარსს გადმოგვცემს, რომელიც სიტყვა-სიტყვით "დედასთან დაბრუნებას" ნიშნავს და ამ მეტაფორით მზის ღმერთის ღამღამობით საკუთარ დედის წიაღში შესვლა და დილით მისი საშოდან კვლავდაბადება იგულისხმება.

დავუბრუნდეთ ისევ მარკუზეს დებულებას, რომელიც ცივილიზაციისა და ჩახშობის, ანუ "რეპრესიის" ურთიერთმიმართების ფსიქოანალიტიკურ სურათს გადმოგვცემს: ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა ინცესტის თემა გასაღებად გამოიყენა ადამიანის არაცნობიერი ფსიქიკის უხილავ სამყაროში შესასვლელად და ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული გმირის მეფე ოიდიპოსის ფიგურით ფსიქოანალიტიკური მეტაფორა "ოიდიპოსის კომპლექსი" შექმნა, რომელიც პატარა ბავშვის სასიყვარულო ლტოლვას განსხვავებული სქესის მშობლის მიმართ გამოხატავს. ამასთანავე, საკუთარი სქესის მშობელი ბავშვისათვის კონკურენტად აღიქმება და ასეთი გაორებული დამოკიდებულება სიყვარულისა და სიძულვილის პირველადი ობიექტებისადმი განსაზღვრავს ადამიანის ფსიქო-სექსუალურ ბუნებას. ფროიდის თანახმად, არაცნობიერი ფსიქიკა განდევნილი და ჩახშობილი სურვილებისაგან შედგება, რომლებიც ადამიანს ნევროზების, ფსიქოზებისა და სხვა ფსიქიკური უსიამოვნებების სახით უბრუნდება. წარმოშობისთანავე ჩახშობილი სურვილები კი არაცნობიერშივე "პერვერსიებად" გარდაიქმნება, რომლებსაც ფროიდი ფოტოგრაფიულ ტერმინ "ნეგატივს" ადარებს: პერვერსიები ნევროზების ნეგატივებია. თავად "პერვერსია" კი ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ქართულად "გაუკუღმართებად" ითარგმნება და მასში, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივად მიღებული ნორმებიდან გადახვევა იგულისხმება. სექსოლოგიაში კი ეს ტერმინი სექსუალობის გარკვეულ მარგინალურ ფორმებს აღნიშნავს, როგორებიცაა, მაგალითად, სოდომია, ანუ სექსუალური ლტოლვა ცხოველების მიმართ, ან კოპროფილია - სექსუალური აღგზნება განავალზე, აგრეთვე ნეკროფილია - გვამების სიყვარული და ა. შ. პერვერსიათა ყველაზე გავრცელებულ ფორმებად კი სადიზმი, ანუ პარტნიორისათვის სექსუალური აქტის დროს ტკივილის მიყენება და მისი საპირისპირო ფორმა - მაზოხიზმი, ანუ სასიყვარულო გრძნობის ტკივილთან და ტანჯვასთან გაიგივება მიიჩნევა. ეს უკანასკნელი, რომელიც სამედიცინო ტერმინად XIX საუკუნეში გაჩნდა და რომელიც ავსტრიელი მწერლის ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხის სახელს უკავშირდება, უკვე XX საუკუნის მეორე ნახევარში არაერთი თეორეტიკოსის მიერ შემოქმედებითი პროცესის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ იმპულსად გამოცხადდა: ხელოვანი, რომელიც საკუთარი სურვილებისა და ლტოლვების განხორციელების შეუძლებლობას აცნობიერებს, მათ რეალიზებას მხატვრული ფანტაზიების მეშვეობით ცდილობს. ხელოვნების ნაწარმოები კი ავტორის მიერ განცდილი ტკივილების გამოსახვა და წარმოსახვის გზით მათი ხელახალი განცდაა. ამდენად, ხელოვნება პირდაპირ კავშირშია "პერვერსიებთან".

"პერვერსია" არის აკრძალვის, ნორმების დაწესების შედეგი და არა ადამიანის ფსიქიკის "პირვანდელი" მდგომარეობა. იმისათვის, რომ აკრძალვამ "იმუშაოს", არქაულ და ტრადიციულ საზოგადოებებში მას რელიგიური შინაარსი აქვს და ის ღმერთის ან ღმერთების ნებად ცხადდება. ღმერთის სახელით ლაპარაკის მონოპოლია კი რელიგიურ ინსტიტუციებსა აქვთ, რომელთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფუნქციაც არა "ჭეშმარიტების" სამსახური, არამედ სწორედ რეპრესიული, ჩამხშობი და სადამსჯელო მექანიზმების ლეგიტიმაციაა. წინარემოდერნულ საზოგადოებებში კანონმდებლობა, რომელიც საზოგადოებრივ ურთიერთობათა დასარეგულირებლად იქმნება, საკრალური, რელიგიური შინაარსისაა და მისი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი იერარქიებისა და ძალაუფლების სისტემების განმტკიცებაა, რომლებსაც ადამიანთა თავისუფლება ეწირება მსხვერპლად. ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ ყველა ჰუმანისტური თუ საგანმანათლებლო და განმათავისუფლებელი მოძრაობის კრიტიკის მთავარი სამიზნე რელიგიური ინსტიტუციებია, რამდენადაც რელიგია, რაოდენ ამაღლებულ და კაცთმოყვარე იდეალებიდანაც უნდა იყოს წარმოშობილი (ამის თვალსაჩინო მაგალითია ქრისტეს მოძღვრება), საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ინსტიტუციად ქცევისთანავე, სადამსჯელო და ტოტალიტარული იდეოლოგიების სათავედ გვევლინება. რელიგიის სიახლოვე ტოტალიტარიზმთან იმდენად დიდია, რომ თვით ყველაზე მეტად ათეისტური ტოტალიტარიზმებიც კი საკუთარ იდეოლოგიებს რელიგიების ანალოგიით ქმნიან და მათ მსგავსად რეპრესიებითა და შეჩვენებით დგანან "უბიწობისა" და "მორალის" სადარაჯოზე. თუმცაკი სახელისუფლებო და რელიგიურ ინსტიტუციათა ისტორია იმასაც გვაჩვენებს, რომ ხშირად სწორედ მორალისა და ზნეობის ამ დარაჯებს ხელთ ეპყრათ მონოპოლია იმაზე, რასაც ისინი თავად ცოდვად და გარყვნილებად აცხადებდნენ. ძალაუფლება, რომელიც მის არმქონეთა დამორჩილებითა და დაქვემდებარებით ხორციელდება, სიამოვნებაზე უფლების გარანტიცაა და, ამდენად, მართებული მგონია ის მოსაზრება, რომ რევოლუციები სწორედ ამ უფლების მოსაპოვებლად ხდება.

თუმცა არსებობს სფერო, რომელშიც უფრო დიდი რევოლუციური ძვრებია შესაძლებელი, ვიდრე ნებისმიერ შეიარაღებულ აჯანყებაში, სახელმწიფო გადატრიალებასა თუ "ხავერდოვან" რევოლუციებში. ესაა შემოქმედება, რომელშიც და რომლის მეშვეობითაც ადამიანი იმის განცდას, თუნდაც გამოხატული წარმოსახვის დონეზე მაინც ახერხებს, რისი რეალობაში განხორციელების უფლებაც მას ზნეობის ანაფორიანმა თუ სხვა უნიფორმიანმა დამცველებმა წაართვეს და სათავისოდ მიისაკუთრეს.

 

ხელოვნების დაბადება "ცოდვის" სულიდან

თავის პირველ წიგნში - "ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან" ნიცშე მეფე ოიდიპოსის დანაშაულს - მამის მკვლელობასა და დედაზე ქორწინებას ბუნებრიობის საწინააღმდეგოდ მიმართულ იმდენად დიდ ქმედებას უწოდებს, რომელიც თავად ბუნებას აიძულებს, მისი იდუმალებანი გასცეს. ნიცშესთვის ოიდიპოსი ფილოსოფოსის პროტოტიპია, რომელიც აკრძალულ სფეროში შესვლით სამყაროს იდუმალ კანონებს იმეცნებს. იგი მის საქციელს პრომეთეს გმირობას ადარებს, რომელმაც ღმერთებს ცეცხლი მოჰპარა და, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანებს "ღვთაებრივი ხელობები" ასწავლა. ძველ ბერძნულ ენაში "ხელობა" და "ხელოვნება" ერთი და იგივე სიტყვით გადმოიცემა. შემოქმედი ადამიანის პირველხატება ღმერთების მიერ დაწესებული კანონების დარღვევა, ამ კანონების წინააღმდეგ სვლაა. "საიდუმლოებები" კი, რომლებიც აკრძალვებითა და ხელშეუხებლობითაა ყადაღადასმული, განდევნილ და ჩაკლულ სურვილთა ის სფეროა, რომელში ცოტა ხნით მაინც ჩახედვის უფლება ანტიკური საზოგადოებების ადამიანებს წელიწადში ერთხელ მაინც მისტერიების დროს ეძლეოდათ. ამ რელიგიური დღესასწაულების ზენიტი ინიციაციის ანუ ზიარების რიტუალები იყო. ასეთ რიტუალებს კი ხშირად სრულიად ღიად სექსუალური ფორმა ჰქონდა, რომელსაც თან ახლდა ორგიები და სქესობრივი როლების აღრევა. მათი მეშვეობით კი ადამიანი იმას ეზიარებოდა, რისი უფლებაც მას ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში არ ეძლეოდა. მაგრამ ანტიკური ხანის ადამიანმა ისიც იცოდა, რომ სიამოვნების ამ ფორმებზე მონოპოლია მხოლოდ ღმერთებისთვის იყო განკუთვნილი. ღმერთები ადამიანების შეუზღუდავ უფლებას სიამოვნებასა და განცხრომაზე განასახიერებდნენ. ეს იყო მათი ზეადამიანური ძალის, ღვთაებრიობის გამოხატულება. ადამიანები კი, რომლებიც საკუთარი ძალაუფლებით თავს ღმერთებს უტოლებდნენ, ასეთ ძალაუფლებას ხშირად სწორედ სექსუალური აღვირახსნილობით გამოხატავდნენ.

მისტერიების თანმხლები ძველ საბერძნეთსა და რომში თეატრალური სანახაობებიც იყო, საიდანაც თავისუფალი ხელოვნების პირველი ფორმები დაიბადა. "თავისუფალი ხელოვნება" ამ შემთხვევაში სწორედ რელიგიური ნორმებისაგან თავისუფლებას ნიშნავს. მაგალითად, როდესაც ბერძენი ტრაგიკოსი პოეტი ესქილე თავსი ტრაგედიაში "მიჯაჭვული პრომეთე" მეამბოხე ტიტანს ათქმევინებს, რომ უზენაესი ღვთაების - ზევსის ხელისუფლება დაემხობა, ყოფით სიტუაციაში ასეთი განცხადება ღვთის გმობა იქნებოდა, ლიტერატურულ თხზულებაში კი, რომელიც მისტერიების დროს თამაშდებოდა, ხელოვანს იმის საშუალება ეძლეოდა, რომ საკუთარი "მკრეხელური" მოსაზრება საჯაროდ გამოეთქვა.

მაგრამ ამგვარი "შემოქმედებითი თავისუფლება" მონოთეისტური რელიგიების გამარჯვებისთანავე მოისპო. სახელმწიფო რელიგიის რანგში აღზევებულმა ქრისტიანობამ ერთმანეთზე მიყოლებით აკრძალა ოლიმპიური თამაშობები, ანტიკური თეატრი, ფილოსოფოსთა აკადემიები, თვით საჯარო "ბიბლიოთეკებიც" კი. მიუხედავად ამისა, თვით ამ "ბნელ ხანად" წოდებულ შუა საუკუნეებშიც კი არსებობდა სფეროები, რომლებშიც ეკლესიამ და ძალაუფლების სტრუქტურებმა თავისი რეპრესიული აპარატის ამუშავება ბოლომდე ვერ შეძლეს. პირველ რიგში, ეს იყო ქრისტიანული მისტიკა, რომელიც საეკლესიო დოგმატიკის ჩარჩოებში ვერ ჯდებოდა და მის აკრძალულ საზღვრებსაც აბიჯებდა. რამდენადაც მისტიკოსების უმრავლესობა თავად სასულიერო პირი იყო, აზრს მოკლებული არ უნდა იყოს ის მოსაზრება, რომ მათ სრულიად შეგნებულად შექმნეს წერისა და საუბრის "გაუცნაურებული" სტილი, რომელსაც ისინი ეკლესიისა და ოფიციოზის სხვა ჩინოვნიკებისაგან უნდა დაეცვა. მიუხედავად ამისა, არაერთი შუა საუკუნეების მისტიკოსი ან მათი ნაწერი მაინც აღმოჩნდა ეკლესიისა და ღმრთის სახელით დანთებულ კოცონზე.

მისტიკა ღვთაებრივ სიყვარულს ექსტატურ ფორმას აძლევს. ქრისტიანული მისტიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ფსევდო-დიონისე არეოპაგელი (სწორედ ის პიროვნება, რომელიც საქართველოში ქართული წარმომავლობის ღვთისმეტყველ პეტრე იბერთანაა გაიგივებული), ღვთაებრივ სიყვარულზე საუბრისას ხმარობს ბერძნულ სიტყვა "ეროსს", რომელიც ხორციელ სიყვარულს ნიშნავს და არა ქრისტესმიერი სიყვარულისა თუ სათნოების აღმნიშვნელ "აგაპეს". ამასთანავე, ეს მისტიკოსი ეროსს კიდევ ერთ წინაქრისტიანულ ბერძნულ ტერმინ "ექსტაზიასთან" აკავშირებს, რომელიც ექსტაზს, თავდავიწყებას გამოხატავს. სასიყვარულო თავდავიწყება ღმერთს სამყაროს აქმნევინებს.

ამის საწინააღმდეგოდ, "ოფიციალურ" ქრისტიანობაში სხეულებრივ სიამოვნებათა უარყოფამ და გმობამ იმდენად ტოტალური სახე მიიღო, რომ ძალაუნებურად მისი შედარება ერთ ნევროტულ მექანიზმთან შეიძლებოდა, რომელსაც "უარყოფა" ეწოდება: ნევროზები, რომელთა ნეგატივებიც პერვერსიებია, თავიანთ ფარულ შინაარსს მისი ამოჩემებული უარყოფით, ნეგაციით გამოხატავენ. შინაარსი, რომლის გამომზეურებასაც ნევროტული პიროვნება მთელი თავისი ძალისხმევით ეწინააღმდეგება, საკუთარ თავს ჰყიდის ამ შინაარსის არცთუ იშვიათად სრულიად უკონტექსტო და აგრესიულ უარყოფაში. ასეთი "უარყოფების" ყველაზე ცნობილი და ბანალური მაგალითია: "იცით, მე არა ვარ ჰომოსექსუალი... მე ჰომოსექსუალი არ გეგონოთ"... ამაზე ფსიქოანალიტიკოსის პირველივე რეაქცია იქნებოდა: "მაშასადამე ეს პიროვნება ჰომოსექსუალია". არსებობს "უარყოფის" უფრო მძაფრი მუხტის მატარებელი, აგრესიული ვარიანტებიც: "მე მძულს ჰომოსექსუალები... პიდარასტების დედა"... - ამგვარი ფორმულების ანალიზით მიღებული ყველაზე მარტივი დიაგნოზი ასე შეიძლება გამოიყურებოდეს: ნევროზის შინაარსი ჩახშობილი და განდევნილი ჰომოსექსუალური სურვილის სადო-მაზოხისტურ პერვერსიად გარდაქმნაა. ადამიანის სიძულვილის ობიექტი საკუთარი თავია, რომელიც განდევნილ სურვილს გაუკუღმართებული, ანუ პერვერსიული ფორმით ისრულებს, როდესაც მას სძულს ის ადამიანები, რომლებსაც ამ სურვილის ასრულება შეუძლიათ. ამ შემთხვევაში მისი აგრესია ეროსის, სიყვარულის გაუკუღმართებული, შებრუნებული ფორმაა და იგი ამ ფორმით ამყარებს თავისი გრძნობების ობიექტთან ეროტულ კავშირს. ამასთანავე, იგი განიცდის მაზოხისტურ სიამოვნებას საკუთარი თავის დასჯით, პირვანდელი სურვილის ცოდვად და მანკიერებად შერაცხვით.

სტუმარი, მაისი 1, 2011, 08:54:09

გიორგი, შენ ასე ამთავრებ: "...გასაგებია ავტორიტარული იდეოლოგიური ორგანიზაციების, როგორიცაა ეკლესია, ხელოვნებისადმი შიში და ზიზღი, რამდენადაც ხელოვნებას, ზოგჯერ შოკური, ზოგჯერ კი უფრო შეფარული და შენიღბული ფორმით ადამიანებში სიცოცხლისა და თავისუფლებისაკენ ლტოლვის იმპულსების გამძაფრება შეუძლია. ეს კი ადამიანის ნებისა და სურვილების დამთრგუნველ ინსტიტუციებს დასაყრდენსა და ძალაუფლებას აცლის".

ის აზრი, თითქოს ეკლესიას ხელოვნებისადმი შიში და ზიზღი აქვს, უმართებულოა. არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, სიტყვიერი ხელოვნება, მუსიკა... ამათ გარეშე განა ეკლესია ეკლესია იქნებოდა?! ნუ ჩამომათვლევინებ, რა რანგის ხელოვანები მუშაობდნენ ეკლესიისთვის! ეკლესიასაც და ხელოვნებასაც (თუ ისინი თავიანთ მოწოდებას არ ღალატობენ) ერთი მიზანი აქვთ – ფსიქოთერაპიული, – ანუ ორივეს მეშვეობით მიიღწევა კათარსისი, ნევროზებისაგან გათავისუფლება, სულიერი განწმენდა. ზოგი ადამიანი ერთის მეშვეობით უკეთ აღწევს კათარსის, ზოგი – მეორის მეშვეობით. გაგახსენებ გოეთეს ლექსს:

„Wer Wissenschaft und Kunst besitzt,
hat auch Religion;
Wer jene beiden nicht besitzt,
der habe Religion.“

ლევან ბრეგაძე

Anonymous (შეუმოწმებელი), აგვისტო 26, 2010, 15:28:05

---- pirwel rigshi minda wtqwa rom am statias araferi ,, masturbatoruli" ar gaachnia da srulaid mecnierul monacemebse agebuli subiekturi azria (Azris gamotqmis tawisufleba da gabeduleba).

--- meorec zalian saintereso statiaa da chems moconebasac imsaxurebs
--- sxwata shoris aq agmashfotebeli araferia, ubralod mtawaria realobas twali gawuscorot da sagad azronebas miwechwiot: twalis daxuchwa da problemisgan tawis dazwrena gamosawals ar carmoadgens!
--- am statiis kitxiwisas gamaxsenda sigmund freudis ert-erti texti, romelic sedmicewnit esadageba kartul realobas, romelic sheizleba am statiastan srul kawshirshi ar ikos. miuxedawad amisa mainc wurchew kwelas rom caikitxos.
--- textis saxelcodeba: ,,"kuturit" ganpirobebuli sexualuri morali da tanamedrowe nevrotuloba"(sakutari targmani) ,,Die "kulturelle" Sexualkmoral und die moderne Nervosität" In: Freud, Siegmund, nacarmoebta krebuli. cigni7.1906-1909 clebs shoris shesrulebuli nacarmoebebi.
wimedowneb/darcmunebuli war rom qartuli targmani arsebobs :-)

ნენე (შეუმოწმებელი), ივლისი 27, 2010, 23:59:20

ეს ნაწყვეტი დოსტოევსკის წერილიდან "გარემო" - თქვენი წერილის დიდ ნაწილს, ჩემი აზრით, ოპონირებას უწევს.

"სინამდვილეში, თუკი ჩვენ (ნაფიცი მსაჯულები) ვთვლით, რომ გაცილებით უარესნი ვართ, ვიდრე დამნაშავე, მაშინ ვაღიარებთ, რომ ნაწილობრივ მონაწილე ვართ მის დანაშაულში. თუკი მან გადააბიჯა კანონს, რომელიც მისმა ქვეყანამ დაუწერა, მაშინ ჩვენ თვითონ დამნაშავე ვართ, რომ იგი ახლა ჩვენს წინაშე დგას. ჩვენ ყველანი რომ უკეთესნი ვყოფილიყავით, ის ახლა ჩვენს წინ არ იდგებოდა.
- და ახლა გავამართლოთ?
არა, პირიქით, სწორედ აქ უნდა ვთქვათ სიმართლე და ბოროტებას ბოროტება დავარქვათ; მაგრამ დანაშაულის წილი საკუთარ თავზე ავიღოთ. შევიდეთ სასამართლო დარბაზში იმ აზრით, რომ ჩვენც დამნაშავე ვართ. ეს გულისტკივილი, რომლისაც ახლა ყველას ეშინია, და რომლითაც გამოვალთ სასამართლო დარბაზიდან, იქნება სწორედ ჩვენი სასჯელი. თუკი ნამდვილი და ძლიერია ეს გულისტკივილი, მაშინ ჩვენ იგი განგვწმენდს და უკეთესს გაგვხდის. და ჩვენ რომ უკეთესნი გავხდებით, ამით გარემოსაც გამოვასწორებთ და უკეთესს გავხდით. მხოლოდ ამგვარად შეიძლება მისი გაკეთილშობილება. ხოლო გაქცევა ტკივილისგან და საკუთარი თავის შეცოდებისაგან – დამნაშავეს გამართლებით – ეს ხომ ადვილია. ასე თანდათანობით მივალთ დასკვნამდე, რომ დანაშაული არ არსებობს და ყველაფერში “გარემოა” დამნაშავე. იქამდე დავალთ, რომ დანაშაულს ჩვენს ვალად მივიჩნევთ, კეთილშობილ პროტესტად “გარემოს” წინააღმდეგ. “იმდენად, რამდენადაც საზოგადოება საზიზღრადაა მოწყობილი, ასეთ საზოგადოებაში ვერ იცხოვრებ პროტესტისა და დანაშაულის გარეშე”. “იმდენად, რამდენადაც საზოგადოება საზიზღრადაა მოწყობილი, ამგვარი საზოგადოებიდან ვერ გამოხვალ დანის ხელში აღების გარეშე”. აი, რას ამბობს გარემოს შესახებ სწავლება საპირისპიროდ ქრისტიანობისა, რომელიც აღიარებს რა გარემოს წნეხს და გვთავაზობს ცოდვილის შეწყალებას, – აყენებს ადამიანის ზნეობრივ მოვალეობად გარემოსთან ბრძოლას, და ადგენს საზღვარს თუ სად მთავრდება გარემო და სად იწყება მოვალეობა."

ნენე (შეუმოწმებელი), ივლისი 27, 2010, 20:10:22

საინტერესო წერილია. ჩემს კომენტარს რამდენიმე პუნქტად დავყოფ:

1. შუასაუკუნეების ინკვიზიციას საერთო არაფერი ჰქონდა ქრისტიანულ ღირებულებებთან, მეტიც, იგი დაუპირისპირდა მას.

2. როცა ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, მართებული იქნებოდა, აღგვენიშნა კონკრეტულად "რომელ ქრისტიანებზეა" ლაპარაკი: მართლმადიდებლებზე, კათოლიკებზე, პროტესტანტებზე, ბაპტისტებზე, ევანგელისტებზე, იეღოველებზე და ა.შ.

3. წერილის წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქრისტიანობა დემაგოგიაა, რომელსაც თავს გვახვევენ, ხოლო ბერიკაობა და ყეენობა და მსგავსი კარნავალური კულტურა - თავისუფლების აღზევევის იმპულსი. მეტიც, პროტესტი "ქრისტიანული დემაგოგიის" წინააღმდეგ მაშინაც ყურადღების ცენტრშია, როცა მარკიზ დე სადმა (ციტატა): "აღვირახსნილი" სექსუალობის დეტალური აღწერით ერთგვარი ჰიპერრეალობა შექმნა, რომელმაც ყოველდღე გილიოტინაზე მოკვეთილი თავების ნახვით ემოციებდაჩლუნგებული ადამიანების შეძრწუნება და მათთვის მგრძნობელობის უნარის დაბრუნება შეძლო." (ციტატის დასასრული).

4. სხვათა შორის, დოსტოევსკის მთელი შემოქმედება მნიშვნელოვან სიღრმეს დაკარგავდა, სწორედ ქრისტიანულ ღირებულებათა პრიზმიდან რომ არ იყოს იგი აღქმული. იქნებ, იმ უხვ ლიტერატურასაც გადახედოთ, რაც ქრისტიანულ რელიგიაზე (და არა მისგან გამოსულ უამარავ სექტაზე) დაწერილა, რომ ამგვარი ტონით აღარ წეროთ მის შესახებ. ეკლესიები რომ ხშირად სწორედ ემიჯნებიან იმ ღირებულებებს, რასაც ქრისტიანობა გვთავაზობს, - და ამის არაერთი მაგალითი ყველაზე უხვად სწორედ დასავლურ ეკლესიათა ისტორიაში მოიძებნება, - არ ნიშნავს, რომ ქრისტიანობა, როგორც რელიგია, "უღირსია".

iobari (შეუმოწმებელი), ივლისი 26, 2010, 13:35:50

avori masturbatoria, mikrifmokrifa informaciebi da gadmoawuwa..

klodeli (შეუმოწმებელი), ივლისი 18, 2010, 01:02:52

jer erti, ar gamodgeba dionise areopageli cheshmariti qristianuli mozgvrebis axsnisatvis magalitad,imitom,rom igi neoplatonisti iko.meore,arc proidis psiqoanalizit aris migebuli adamianis uaryopiti pasuxis "gashiprva" misi ukugma shemotrialebit.proidi bevrs codavda da es didi xania agiares psiqologebma.mesamec,gmertma adamiani samkaros gvirgvinad sheqmna,misca azrovnebis da ganvitarebis unari da ar gacira mxolod instiqtebisatvis. tqven ki,ragac sazizgar,qvena, pirutyvul azrebs qadagebt.regresia es. barem gadit xeze,sdiet dedebs, zmebs.ipiqret invalidi dis gajimvaze(deisadzis shedevri) da axsenit mere kvelaperi "adamianis sasicocxlo energiebis tavisuplebit"... marazmi...

მიხო ბერთლანი (შეუმოწმებელი), ივლისი 2, 2010, 23:51:29

Anonymous, is azri unda gamovitanot, rom xelovneba antikulturaa da ara kultura (tradiciuli gagebit), rogorc chveni profesor-maswavleblebi aswavlian da rogorc yvela mtavrobasa da institucionalizebul religiur organizacias, mat shoris qartul martlmadideblur eklesias surs. amis gacnobiereba arc ise umnishvnelo faqti iqneboda chventvis.

ანა (შეუმოწმებელი), ივლისი 2, 2010, 12:10:20

მაგარი წერილია

Anonymous (შეუმოწმებელი), ივლისი 1, 2010, 18:30:00

უაზროდაა დალაგებული თორე ისე არაფერი უშავს

Anonymous (შეუმოწმებელი), ივნისი 2, 2010, 17:28:43

iqneb upro kargad amixsnas vinmem ra azri unda gamovitano am cerilidan?gtxoooovt

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.