ვთქვათ ასე: ქიქოძეები

ფოტო: არჩილ ქიქოძე

ზალიკო ქიქოძე

ცხადია, ყველა ქიქოძეზე ვერასოდეს დავწერ. მე მხოლოდ იმ მამაკაცების შესახებ გიამბობთ, ვისზედაც, ალბათ, ისედაც იცით რამე - ან მათი წიგნები წაგიკითხავთ, ან მათი ნამუშევრები გინახავთ, ან მათი თავგადასავლების შესახებ გაგიგონიათ.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ქიქოძეების ქალების წყენინება ან მათი უგულებელყოფა აზრადაც არ გამივლია. ისინი შესანიშნავი ქალები არიან, თუნდაც იმ ნიშნით, რომ სხვაგვარად ასეთი მამაკაცები ვერ ეყოლებოდათ - ასეთებს არ ეყვარებოდათ და ასეთებს ვერ გაზრდიდნენ. უბრალოდ, მე ქიქოძეების მამაკაცებს უკეთ ვიცნობ და თან, რა დასამალია და, მამაკაცები ისედაც უფრო მაინტერესებს.
იცით, "იოსები და მისი ძმები" ვერასოდეს წავიკითხე. არადა, მინდოდა. ოთხჯერ დავიწყე, დათვლილი მაქვს, და მესამასე გვერდს ვერაფრით გავცდი. ერთი ხეირი ისაა, რომ დასაწყისი ძალიან კარგად მახსოვს და ამ მასალის წერისას სწორედ ის წამომიტივტივდა: "წარსული ენით უთქმელი სიღრმის ჭაა. ხომ არ აჯობებს, უბრალოდ უძირო ვუწოდოთ? ... ამა თუ იმ ადამიანთა ერთობის, ეროვნების თუ ოჯახის ისტორიის დასაწყისი პირობითი ამოსავალი წერტილით განისაზღვრება..."
იმ ჭაში ჩახედვა არ გამომივა და არცაა საჭირო, თორემ მე თომას მანს ვერ გავუძელი და თქვენ რას გახვიდოდით ჩემი ნაწერის ბოლოში. არადა, გულდასაწყვეტი იქნებოდა - ჩემი გმირები არიან... აფსუს, რად არ ვარ თომას მანი!
მაგრამ ცოტა მაინც მივბაძავ ბატონ მანს და ამოსავალ წერტილად გამოვიყენებ არა დროს, არამედ ადგილს: კარსანს.
ისე, ხომ შესანიშნავი პარალელი გამომივიდა, ჩემო მკითხველო? როგორია: თომას მანი - ანა კორძაია-სამადაშვილი, იოსები და მისი ძმები - ქიქოძეები!
კარსანში
"სოფელი კარსანი მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთით დაქანების ერთ-ერთ ბოლო ნაწილზე, რომელიც მთავრდება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ზაჰესის წყალსაცავთან. საავტომობილო გზის პირიდან სოფლამდე 5 კმ მანძილია. სოფელს ჩრდილოეთის მხრივ ბაგინეთის ქედი ესაზღვრება და ჩასდევს დასავლეთის მხრიდან აღმოსავლეთისაკენ, მტკვრის პირამდე. ამ ქედის უმაღლეს მწვერვალზე, სულ ზემოთ, დგას წმინდა ნინოს საყდარი. დასავლეთით გოდორივით მოდგმული სადიღმო ქედის ტყიანი ზოლი გასდევს, სამხრეთით კი - სადავალებად წოდებული დაქანება სოფელ მუხათგვერდამდე. ამ ორ ქედს შორის ჩაედინება თვით კარსნის ხევი. ხეობას სათავეში ერთმანეთისგან 1,5 - 2 კილომეტრით დაშორებული წყალშემკრები ორი ხევი აქვს. ისინი ეშვებიან მახვილი კუთხით მტკვრისაკენ, ერთიანდებიან სოფლის ქვევით ერთ კილომეტრში, და ამ სამკუთხედს შორის ბუნებრივად შექმნილია ტყიანი, სახნავ-სათესიანი და სათიბებიანი, კონცხივით ტერიტორია, რომელზედაც განლაგებულია თვით სოფელი."
კარსანს ასე ბატონი ქუჩუკი აღწერდა, ჩემს ნაცნობთაგან ყველაზე უფროსი ქიქოძე. ჩემეული აღწერილობა ბევრად უფრო მარტივია: გადაუხვევთ მცხეთის ტრასიდან და რამდენიმე წუთში სულ სხვა მხარეში მოხვდებით. იწყება სერპანტინი, მოკირწყლული გზა საბავშვო წიგნის ილუსტრაციასავით ლამაზ, ყვავილებიან გორებზე მიიკლაკნება. ასეთ ადგილებს "ახლოს, მაგრამ შორს" ჰქვია, იმიტომ, რომ თბილისიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მდებარე კარსანში დრო, ცოტა არ იყოს, გაჩერებულია და ისეთი ამბები ხდება, ხუთი კილომეტრით ქვემოთ რომ მხოლოდ ფილმებში ხედავენ ადამიანები.
სოფლის განაპირას, ზედ ტყესთან, ცხოვრობს უშანგი ქიქოძე. როგორც ჩანს, კარგად ცხოვრობს: აქვს დიდი სახლი, რომლის წინაც ცეცხლივით მწველი წიწაკის ჩითილებია ჩამწკრივებული, მოვლილი კარ-მიდამო, ვენახი, ბაღი, ბოსტანი. ადრე ძროხებიც ჰყოლია და თავადაც ამოჰყავდა ისეთი ყველი, როგორითაც გაგვიმასპინძლდა - ზრდილობის ამბავია, თორემ მუსრს გავავლებდი... სოფელში დენი არაა, უშანგის კი აქვს: მზის ბატარეა თორმეტვოლტიან ნათურას ამუშავებს. უშანგის ხშირად ჰყავს სტუმრები, რომლებიც ამბებს უყვებიან და მისას ისმენენ და მასთან ერთად წმინდა ნინოს სალოცავზეც ადიან ხოლმე - საყდრის გასაღები ჩვენს მასპინძელთან ინახება. მოკლედ, უშანგი ქიქოძე კარსანში ჩინებულად გრძნობს თავს და თბილისში დაბრუნება სულ არ უნდა. მოჰყვა, როგორი ლამაზი სანახავია ხოლმე გარიჟრაჟზე დედაქალაქის თავზე გაწოლილი სადაფისფერი გველეშაპი - გამონაბოლქვი, რომელიც ნელ-ნელა ზაჰესისკენ მიიზლაზნება. აქედან ლამაზი სანახავია, მაგრამ სხვა სიკეთეებისა რა გითხრათ... ამიტომ და კიდევ მრავალი მიზეზის გამო, კარსანში ჯობს ცხოვრება.
უშანგისთან ერთად აქ ცხოვრობს ძაღლი, რომელსაც დათვის ბეწვი და მგლის ცხვირ-პირი აქვს და მკერდს თეთრი ჯვარი უმშვენებს. თავიდან მას სამსონი ერქვა, მაგრამ მერე ერთ მღვდელს უთქვამს უშანგისთვის, რაღა ბიბლიური სახელი დაარქვიო, და სამსონი სამსუნგად გადაინათლა - რა მნიშვნელობა აქვს... შესაბამისად, მის მიერ საიდანღაც მოყვანილ სატრფოს ტოშიბა დაარქვეს. ერთია, ტოშიბას სოფელში საშიში კონკურენტი გამოუჩნდა - ნაგაზი. "ბეკი ჰქვია. უდედოდ გაიზარდა, საწყალი, ბეკუნის ვეძახით," აგვიხსნა უშანგიმ. ბეკუნა, სატვირთო მანქანისხელა.
კაცმა რომ თქვას, სამსუნგს კარსანში არაფერი ესაქმებოდა. უბრალოდ, ერთ დღეს ეზოში აღმოჩნდა. საიდან მოვიდა - არავინ იცის. უშანგიმ უთხრა, წადიო. სამსუნგმა, არაო. უშანგიმ, მოუსვი აქედანო. სამსუნგმა, მე აქ მინდაო. უშანგიმ თოფი გადმოიღო და ისროლა. სამსუნგი სიცილით მოკვდა, შენ ვისი მომკვლელი ხარო - და დარჩა. ახლა ის კარსანში ცხოვრობს, ზამთარში ღობესთან მოსულ მელაკუდებს და ჩეჩნეთიდან ლტოლვილ მგლებს ურჩევს საქმეს და სტუმრად ასულ უცხოებს ერთობ გულგრილად ხვდება.
რომ დაამთქნარა, ისეთი კბილები გამოუჩნდა, იქვე მოგვიკლა ფამილარობის ყოველგვარი სურვილი.

კაკო (შეუმოწმებელი), დეკემბერი 8, 2009, 15:00:39

"თან მეც "ჩემი" ბატონი ზალიკოს გახსენება მინდოდა." :))))))))))))) ალბათ ეს"ჩემი" ყველას ექნება ვინც კი იცნობდა ზაალ ქიქოძეს , მართალია სულ ერთი სემესტრი გვასწავლიდა, მაგრამ დაგვამახსოვრდა როგორც კარგი ლექტორი კარგი სპეციალისტი უბრალოდ კარგი კაცი, კაცი–ლექტორი რომელიც მაგიდაზე შეხტა და იქიდან დაიწყო ლექციის კითხვა :))))))))))))))))))

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
view counter
@