|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ვთამაშობთ ლტოლვილებსდოკუმენტური თეატრი რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
არაერთი რეჟისორისა თუ მსახიობისგან გამიგონია, რომ "დოკუმენტური თეატრის" შექმნა გაცვეთილი თეატრალური რეალობის ჩანაცვლების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა რეჟისორთა მცდელობა, გარკვეული სუბკულტურის ან იზოლირებულ გარემოში მოქცეული პერსონაჟების ენა მაქსიმალურად ზუსტად გაეცოცხლებინათ სცენაზე, წარმატებული მაინც არ აღმოჩნდა. შესაძლოა, იმის გამოც, რომ რეალობით "გატანჯულ" მაყურებელს სულაც არ სურს ორი საათის განმავლობაში ისევ საკუთარი პრობლემები იხილოს.
მიმდინარე სეზონში რუსთაველის თეატრის ექპერიმენტულ სცენაზე გაბედული პროექტი განხორციელდა: ბრიტანელმა რეჟისორმა ქალბატონმა ალეკ ბლაითმა 2008 წლის ომის შემდეგ, ცხინვალიდან ლტოლვილი კონკრეტული ადამიანების შესახებ ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ საინტერესო დოკუმენტური ფორმის სპექტაკლი დადგა. სხვათა შორის, ეს წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში უჩვენეს და მაყურებლისა თუ უცხოელი სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია. "ვგავართ ახლა, ჩვენ ლტოლვილებს?!" არის ვერბატიმის ფორმით შექმნილი სპექტაკლი, რომელიც რუსთაველის თეატრის, ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტის ნაწილია. ეს პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება კომპანია BP-ის მხარდაჭერით. ვერბატიმი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს "სიტყვა-სიტყვით", "ზუსტად". ეს ერთგვარი ინოვაციური ფორმაა, სადაც რეჟისორი რეალური ადამიანების საუბარს ეცნობა, მათ შეხედულებებს, ემოციებს და დამახასიათებელ ფრაზებს აღწერს. შემდეგ კი მათ ისტორიებს დოკუმენტურ-მხატვრული ფორმით აცნობს მაყურებელს. ვერბატიმის ფორმით სპექტაკლის შექმნის იდეა პირველად 2009 წლის გაზაფხულზე გაჩნდა. ეს უნდა ყოფილიყო ახალი და განსხვავებული ჟანრი როგორც ქართველი მაყურებლისათვის, ისე თეატრში მომუშავე მსახიობებისათვის. ახალი ფორმის სპექტაკლის შექმნის მიზნით, ბრიტანეთის საბჭომ საქართველოში ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პოპულარული რეჟისორი ალეკ ბლაითი მოიწვია, რომელიც ამ ჟანრს კარგად იცნობს. რეჟისორი საქართველოს პირველად 2009 წლის შემოდგომაზე ეწვია და თავისი სპექტაკლისათვის შეარჩია დევნილები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ აგვისტოს ომის გამო სახლ-კარი მიეტოვებინათ. ერთი კვირის განმავლობაში რეჟისორი გორსა და წეროვანში დევნილებისაგან ინტერვიუებს იწერდა. შედეგად შექმნა ცოცხალი შთაბეჭდილებებით სავსე ისტორიები, რომლებიც ამ ადამიანების იმედებსა და პრობლემებს ასახავს. პრემიერა სახელწოდებით "ვგავართ ახლა, ჩვენ ლტოლვილებს?!" რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში გაიმართა: მსახიობები სცენიდან იმეორებენ ლტოლვილთა ისტორიებს, რომლებსაც ყურსასმენებით ისმენენ. წარმოდგენაში რუსთაველის თეატრის ცნობილი და ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ: მარინა ჯანაშია, თემიკო ჭიჭინაძე, ქეთევან სვანიძე, ლაშა ოყროშიძე, ედმონდ მინაშვილი. გამოყენებულია ქართული ხალხური და ლელა თათარაიძის სიმღერები. ვიზუალური მასალა და ომის ამსახველი ფოტოები კიდევ უფრო ამძაფრებენ და აზუსტებენ სათქმელს. მსახიობები ცდილობენ, გაიმეორონ არა მარტო სიტყვები, არამედ საუბრის მანერა - იქნება ეს პაუზა, აქცენტი, ჩახველება თუ ხმის ტემბრი. ამ ერთი შეხედვით მარტივმა მიბაძვამ, რასაც თეატრალურ ენაზე შეიძლება "ეტიუდები" ვუწოდოთ, კიდევ უფრო გააცოცხლა დევნილთა ცხოვრების ამსახველი სცენები. სპექტაკლი "ვგავართ ახლა, ჩვენ ლტოლვილებს?!" ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით 2010 წლის ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე სპეციალური პროგრამის ფარგლებში უჩვენეს და ბრიტანელი მაყურებლისათვისაც კი გასაგები აღმოჩნდა. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი