|
|
|
|
|
უმცროსკლასელის მოგონებებიპირველი რაღაცეები პირველი გაზეთი, რომელიც მახსოვს, გაზეთი "პრავდაა". მის პირველ გვერდზე ბრეჟნევის ფოტო იყო, გვარიანად დიდი, მაგიდასთან იჯდა და ჩასცქეროდა თავის ქაღალდებს. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, ვინ იყო ეს კაცი, ბებიაჩემს ვკითხე. ბებიაჩემმა მითხრა, რომ ბრეჟნევია. მეტი არაფერი. ააა-ჰააააააააააა!...ეს ის კაცია, მჟავანაძე რომ მოხსნა, ვიფიქრე მე. კარგად მახსოვს, ზუსტად ასე ვიფიქრე. იმიტომ, რომ მანამდე დიდად გამიკვირდა, სახლში რომ ლაპარაკობდნენ, მჟავანაძე მოხსნესო და ვიკითხე, მჟავანაძე როგორ მოხსნეს, თავისი ნება არ იყო, მოხსნიდნენ, თუ არა თქო? ესე იგი, ვიცოდი რო მჟავანაძე ყველას უფროსია და ისიც ვიცოდი, მოხსნა რასაც ნიშნავს. არაო, მამაჩემმა მითხრა, მაგის ნება არ იყო, ბრეჟნევის ნება იყოო. ეტყობა, კარგად ამიხსნა ეს ამბავი, იმიტომ რომ ბრეჟნევი დავიმახსოვრე. საერთოდ, მამაჩემმა კარგი ახსნა იცოდა. ჩვენი ეზოს კარს რომ გამოაღებდი, ქვემოთ მთელი თბილისი ჩანდა. ეზოს წინ სკამეიკა იდგა და იქ ვიჯექი ხოლმე, ქვემოთ არ მიშვებდნენ. ეს ბებიაჩემის სახლი იყო: ნახალოვკის ერთ-ერთ გორაზე, ეზოთი და უკან კიდევ ბაღით. ჩვენი სახლი შენდებოდა და იქ ვიყავით. ხო, ამ სკამეიკაზე რომ დაჯდებოდი, ჩანდა, როგორ ჩადიოდა მზე თბილისის თავზე. ცოტათი მეშინოდა კიდეც, ისე კარგად ჩანდა. ერთხელ, მამაჩემი სამსახურიდან მოდიოდა და მე კი, იმ სკამეიკაზე ვიჯექი. ბებიაჩემი ყოველი მხრიდან ხიფათთა მომლოდინე ბებია იყო და მარტოდ დიდხანს არ დამტოვებდა ხოლმე, ამიტომ ჩამოვიდოდა და მომიჯდებოდა გვერდით. ანდა, რაიმე ხილს ჩამომიტანდა სახლიდან. მაშინ ვაშლი ჩამომიტანა. ისე კარგად მახსოვს ის ვაშლი, ხატვა კარგად რომ მესწავლა, ახლაც უზუსტესად დავხატავდი. მე კიდევ, თუ რამე არ მიყვარს ცხოვრებაში, ვაშლის კბეჩაა. იმ ვაშლს არც შევჭამდი: შინ რო შევბრუნდებოდი, სადმე მივმალავდი და ეგ იქნებოდა. ჰოდა, მამაჩემი ამოდიოდა ჩვენს აღმართ ქუჩაზე და გვერდითაც მომიჯდა. მახსოვს რო ვუთხარი: - მზე ჩადის... მან კი მომიგო, რომ მზე არ ჩადის და დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და რომ დედამიწა მრგვალია. დახედა ჩემს ვაშლს და მითხრა: - აი, ასეთია.. მიავლო ყუნწში ხელი და ნელა დაატრიალა. ვააააახ... მე ახლაც არ მჯერა, რო დედამიწა მთლად მრგვალია, მაგრამ მაშინ გვარიანად დავიბენი. ამას მაშინ ნამდვილად ვერ გავიგებდი, იმიტომ, რომ მერეც ვერ გავიგე, მაგრამ ეს დაბზრიალებული ვაშლი და ჩამავალი მზე კი სამუდამოდ დამამახსოვრდა. კიდევ რა მახსოვს იმ დროიდან? გამრავლების ტაბულას რომ ვერ ვსწავლობდი და რომ რამაზ ჩხიკვაძეს ჰქონდა წარმოუდგენლად თეთრი, პირადად ჩემთვის შემაშფოთებლად მოულოდნელი სახე და ფეხშიშველი დადიოდა სცენაზე. ჰო, თეატრში წამიყვანეს. ასევე პირველად. წითელი ფეხსაცმელები მეცვა, დღევანდელი ინსპექტორებისნაირი, ოღონდ, წითელი. იდგმებოდა "ყვარყვარე". მგონი, საერთოდ აღდგომა იყო და თეატრშიც იმ დღეს წავედით. ვიღაცამ მითხრა, რომ ჩემხელებს თეატრში არ უშვებენ და ძალიან კარგად უნდა მოვიქცე, რომ იქედან არ გამომაბუნძულონ. ამიტომ გვარიანად მეშინოდა. აბა, თუ არ შემიშვეს და დავრჩი იქ მარტო, რაღა ვქნა? ის აღარ მიფიქრია, რო მარტოს არავინ დამტოვებდა. რამაზ ჩხიკვაძე იყო ფეხშიშველი და ძალიან თეთრი სახით. შევშფოთდი. მანამდე მგონი ჰიტლერივით ეცვა და იყო ყვითელი სახით. საერთოდ, ბევრს მოძრაობდნენ და გადი-გამოდიოდნენ და თეატრი მომეწონა, თანაც სცენაზე გადახდილი მანქანაც შემოაგორეს, ოღონდ, არ მომეწონა, რომ ნამდვილი ბორბლები არ ჰქონდა. ვგიჟდებოდი გადახდილ მანქანებზე. ოღონდაც, მეგონა, რომ ფეხშიშველი სიარული არ შეიძლებოდა და ვფიქრობდი, ასე როგორ გამოუშვეს ეს კაცი სცენაზე, ეტყობა, გამოპარულია-მეთქი. თანაც, გამიკვირდა, წარამარა ტანსაცმელს იცვლიდა და ისე გამოდიოდა და თუ მაგდენი ტანსაცმელი აქვს, ერთი ფეხსაცმელი რა გახდა-მეთქი. მოკლედ, ბავშვისთვის თეატრში სულ სხვა რამეებია საინტერესო. საერთოდ კიდევ, თუ სკამეიკაზე არ ვიჯექი, ბებიაჩემის ბაღში ყოფნა მიყვარდა. ბაღს საერთო ღობე ჰქონდა ჩვენი მეზობლის, გოგიას ბაღთან. რახან სულ იმ ბაღში ვიყავი, იქაურობის ბევრი რამე მახსოვს და დიდადაც მენატრება, ოღონდ, ის ამბავი წასულია: იქ ვეღარასდროს მოვხვდები. გოგიას ლეღვის ხეები ედგა ეზოში, ღობის კიდეზე იყო ჩამწკრივებული, მაგრამ მერე გოგიამ ცისფერი 21 იყიდა, ანუ ძველი ვოლგა და ლეღვები გარაჟს შეეწირა. ბებიაჩემს კი ვარდები ჰქონდა, ვარდები და უზარმაზარი იასამანი, ცოტა ყურძენი და ეგ იყო. ბაღში პატარა სათავსოც იყო, რომლის გვერდითა მხრიდან შეშის საწყობი იყო. შეშა, მაშ რა. დიდ ოთახში უშველებელი კაფელის ფეჩი იდგა, აქეთ, შუშაბანდში, ჩვეულებრივი. მახსოვს, ამ ფეჩის გარშემო მსხდომი ბაბუაჩემის დები, ვერიჩკა და პელაგია, სულ შავებში. მგონი, ეს იმის შემდეგ იყო, ბაბუა რომ გარდაიცვალა. ბაღში კი, კიდევ ერთი რამ იყო: დიდი ფიჭვი. ის დუძიკას დაერგო. დუძიკას მე აღარ მოვსწრებივარ, მაგრამ მის შესახებ ყვებოდნენ და ხშირად ახსენებდნენ. ჩვენი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდნენ მისი დედა და და. ისინი, მგონი, ბებიაჩემის მდგმურებად ითვლებოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროიდან, თუმცა, მდგმურობა ფრიად სიმბოლური იყო. ასე მახსოვს. საერთოდ, ჩვენი და გოგიას სახლების პირველ სართულებზე მდგმურები ცხოვრობდნენ, ეზოში კი იდგა თუთის ხე და საერთო ონკანი. მე ამ პირველი სართულების უფანჯრო სახლებში სრულიად გაჩვეული ადამიანი გახდით. ის კარგად მახსოვს, რომ არცერთ კარს საკეტი არ ჰქონდა. არც ჩვენსას, და არც იმათსას. პირდაპირი მნიშვნელობით არ ჰქონდა, ისე კი არა, ახლა რომ ამბობენ, თბილისში კარი არ იკეტებოდაო და რაღაც გადატანითი მნიშვნელობის იერი რომ დაჰკრავს. მართლა არ ჰქონდა. ანჯამები ჰქონდა და ერთადერთხელ ვნახე, რომ დაკეტეს: ზაფხულში ქალაქგარეთ მივდიოდით და შინ საერთოდ არავინ რჩებოდა მთელი ორი თვით. ჰოდა, ბებიაჩემმა, საიდანღაც ძველებური ბოქლომი გამოაძრო და იმით დაკეტა. სხვა დროს, იქ დასაკეტი არაფერი იყო, ის ავეჯიც მახსოვს და საერთოდ, ვინ უნდა შემოსულიყო? უცხო იქ არავინ დადიოდა. ანდაო, ესეც მახსოვს, მერე ამბობდა ბებიაჩემი, დუძიკას გამო აქეთ ვინ გამოიხედავდაო. დუძიკას ფოტოც მახსოვს. აი, 50-იანი წლების ფილმებში რომ ბიჭები არიან, იმათ ჩამოჰგავდა. ულვაში, ღიმილი, უკან გადავარცხნილი თმა... დუძიკა ერთხანს ნახალოვკელ ქურდებს მეგობრობდაო, მერე კი სამსახურიც ეშოვნა, ძალიან ეცადა ყველა, რომ ამ წრეს მოშორებოდა. მეგობრები ღამით შემოუვლიდნენ ხოლმე. დედაჩემი მეუბნებოდა, პატარები რომ ვიყავით, ძილში ხშირად ჩაგვესმოდა მოგუდული დაძახილი: დუძიკ, დუძიკ...
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
keti (შეუმოწმებელი), დეკემბერი 17, 2009, 10:58:49
თბილი იყო, ღიმილიანი დავრჩი :)
გმადლობთ.
დატოვე კომენტარი