უკმარისობა

აგვისტო 1, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

         

 

klaviatura








მაიკლ პალმერისთვის.

მაიკლ პალმერის ერთი ლექსის მოტივზე.

 

                                                      მშობლიური ენა

მე არ ვიცი ქართული.

მე არ ვიცი ქართული და ამიტომ ყოველთვის, როცა მსურს ჩემ ტკივილზე ვისაუბრო, ხელს მუცელზე ვიდებ.

მე არ ვიცი ქართული და ვერ ვამბობ, რატომაა ძვირფასი ეს სიღარიბე, რომლითაც გემოს ვატან გადასახადების გადახდის დროს  მობილიზებულ ბოლო თეთრებთან დამშვიდობებისას  გადაყლაპულ ნერწყვს.

ჩემმა სიტყვებმა ხმოვნები გადმოაფურთხეს, რომელიღაც მკვდარ ენაზე ავლაპარაკდი.

საცაა გასრესენ ტირეებს მრგვალი თანხმოვნები მუცლებით.

მე არ ვიცი ქართული, მე დავიბადე აფხაზეთში, იქ იცოდნენ მეგრული და ცოტა რუსული.

მე არ ვიცი ქართული, მე ენაში ფესვი არ მიდგას, ჩემი დახრჩობა ადვილია.

მე არ ვიცი ქართული და ვერაფერს ვამბობ მშიერ მუშებზე. გარდაცვლილ მუშებზე. მიაღწევს მათი სისხლი პარლამენტარების ონკანებამდე? დაიბნევა  მათი ოფლის მარილი პატივცემულ გვამთა სასადილო მაგიდებზე?

ეს ენა წინასწარ ითხოვს გამოზოგილ სიტყვებს, რომლებსაც ვინახავთ ღრმა მწუხარების გამოსათქმელად.  

ის ითხოვს შორისდებულებს, რომლებსაც ვზრდით  იმ წუთისათვის, როცა სიხარული ენას დაგვიწვავს.

                                             

                                                       სიტყვები

 აიღე ეს სიტყვები  გაწმინდე მტვრისგან

 არ შემოგემსხვრეს  სულ გახსოვდეს მათი სიმყიფე.

 აიღე ეს სიტყვები, ადრე ისინი ქვები იყვნენ მერე პურები. . .

ჭამე ეს სიტყვები, არ შეიმჩნიო სისხლი ღრძილიდან

მიატანე სისხლი ამ სიტყვებს

დაღეჭე ეს სიტყვები. საცვალში ჩაილაგე ეს სიტყვები

იღლიაში ამოიდე. გაჟღინთე ისინი ოფლით და ცრემლით

სისხლით და სპერმით

გაზარდე ეს სიტყვები

ამოგანგლე ეს სიტყვები სისხლსა და მტვერში

დაე, სხვებმა აიღონ ეს სიტყვები

სხვებმა დაბანონ ეს სიტყვები. პაუზები შეუვსონ დორბლით და კისრის ძარღვებით

დაიბრუნე ეს სიტყვები

მონახე ეს სიტყვები ძველი კარადის თავზე

იპოვე ეს სიტყვები ნახმარ საფენზე

იპოვე ეს სიტყვები ღარიბთა საყვედურში

იპოვე ეს სიტყვები მშიერთა შვილების ჭუჭყის მძივის მარცვალთა შორის

დაუდარაჯდი ამ სიტყვებს მამის დუმილში

მოსვი ეს სიტყვები დილის ყინვაში

უპოვე ეს სიტყვები მანეკენებს მეტყველ თვალებში

თუ გინდა, მარხვად ჩაგეთვალოს ეს დაოსება.

 

                                              ენის ბორძიკი

          http://soundcloud.com/user2599633/gaupatiureba

 

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@