უხამსი წინადადება

ივნისი 21, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

 

 

orgy

 

შარლოტა როშე (როუჩი?) გამახსენდა, გერმანელი მწერალია, ერთი თითქმის ნორმალური წიგნი აქვს დაწერილი - "სველი ადგილები" , ალბათ ასე ერქმევა. ეპატაჟური წიგნია გოგოზე, რომელიც მასტურბაციის გასაოცარ პრაქტიკებს მიმართავს. ამ გოგოს ანუსი აქვს გაღიზიანებული. გარეთ გამოწეულ ანუსს მოფერებით ყვავილოვან კომბოსტოს ეძახის. დაჭირდება ოპერაცია, გაუკეთებენ. თითქმის განკურნებული პალატაში წევს, მაგრამ ხელახლა ძალით იღიზიანებს ყვავილოვან კომბოსტოს, რომ საავადმყოფოდან არ გამოწერონ, მიზეზიც აქვს საამისო - ჯერ ერთი, უნდა დაცილებული მშობლები ერთმანეთს შეახვედროს მის პალატაში და შეარიგოს და კიდევ, ერთ იქაურ ექიმზე უსველდება. სახალისო ამბავია, ცოტა სევდიანიც. მოკლედ, არ არის უნიჭო გოგო, არც სულელია. ორი წლის წინ ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა ქალმა, როცა ვკითხე, შარლოტა რას შვრება მეთქი, მიპასუხა : She isn’t stupid.

მერე აღმოვაჩინე, რომ  შარლოტა გაქანებული აქტივისტია, მაგ. გერმანიაში ატომური ელექტროსადგურებისთვის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების წინააღმდეგ გამოდიოდა. ერთი-ორი წლის წინ, გერმანიის პრეზიდენტს შეუთვალა, ხელს თუ არ მოაწერ კანონს, რომელიც ატომური ელექტროსადგურების ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს, შენთან სექსით დავკავდებიო. ჩემ ქმარს უკვე შევუთანხმდი, შენ შენი ტატუებიანი ცოლი დაითანხმე, ისე ტატუები მეც მაქვსო.

არ ვიცი ეს ამბავი როგორ დამთავრდა, სიმართლე გითხრათ, ის უფრო მაინტერესებს, ამგვარი აქტივობების შუქზე როგორები ჩანან ქართველი პოლიტიკოსი ქალები. როგორები და მოსაწყენები. არცერთი მათგანი არ გაიშიშვლებს მარცხენა ძუძუს ჩიჩოლინასავით, მემარცხენე იდეებისადმი ერთგულების დასტურად. არც მარჯვენას. რა ქნან, კიდევ კარგად არიან ამდენი თავყლე მამაკაცის გარემოცვაში. არადა, როგორ გვჭირდება ეს ვარდისფერი სიო, თანასწორობისა და მზრუნველობის სურნელს რომ აყენებს. ქალები ისე ცოტანი არიან პოლიტიკაში, რომ კი ვერ იმსგავსებენ, იქით ემგვანებიან მამაკაცებს, მათსავით მუდოები ხდებიან. ხშირ შემთხვევაში საერთოდ ბუტაფორიისთვის ჭირდებათ პატივცემულ თავყლეებს.

ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ჯობია შარლოტა როშეს მაგალითს ჩვენთან პირველებმა კაცებმა მიბაძონ. მაქვს იდეა, მაგ. ზაზა გაბუნიამ პორნოგრაფიის შესახებ კანონის მიღების სანაცვლოდ, ერთი ღამით სექსი შეთავაზოს მაგ. პარლამენტის თავმჯდომარეს. ხო წარმოგიდგენიათ? აკანკალებული ხმით გამოაცხადებს მიკროფონში, რომ მზადაა საკუთარი ერის სულიერი ხსნისათვის გააკეთოს ეს. ან, ბენდუქიძე იგივეს შეთავაზებს ძიძიგურს, ოღონდ ივანიშვილმა პენსიის გაზრდის დაპირება არავითარ შემთხვევაში არ გასცეს და ა.შ. და ა.შ. დანარჩენი როგორც დათო ბარბაქაძის "ტრფობა წამებულთა" - შია.

 

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@