უბინძურესი სადარბაზოები, უსუფთავესი ფურცლები

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

"აი, თქვენ უკვე შორს ხართ სანაპიროსგან. დიდი ხნის განმავლობაში გჯეროდათ, რომ მეორე ნაპირიც არსებობს, მაგრამ ახლა არ გჯერათ. თითქმის არაფრის. და მაინც ჯიუტად აგრძელებთ ცურვას, თუმცა ყოველი თქვენი მოძრაობა სიკვდილთან გაახლოებთ. თქვენ დაიღალეთ, სუნთქვა სულ უფრო გიჭირთ და ფილტვები გტკივათ. წყალი სულ უფრო ცივი გეჩვენებათ და, რაც მთავარია, სულ უფრო მარილიანი. თქვენ უკვე ახალგაზრდა აღარ ხართ და საკუთარი არარაობის განცდა უფრო ცხადად გეუფლებათ - სწორედ ახლა, მარტოს, ღია ზღვაში. არაცნობიერი თითქოს გამხნევებთ, რომ სადღაც, ძალიან შორს მეორე ნაპირი მაინც არსებობს - ყვითელი ქვიშით და სანაპიროზე მდებარე ბარში კონიაკით, რომელსაც სტუდენტობაში წრუპავდით. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, როცა ჯაზი მაგნიტივით გიზიდავდათ და როცა სიცოცხლე უსასრულო გეჩვენებოდათ"...
მიშელ უელბეკის დრამატული ირონიით გაჯერებული ეს ტექსტი კარგად ერითმება რეჟისორ ალექსანდრე ქვირიას 48-წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერაც კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართა. ფილოსოფოსისა და პოეტის, მამუკა ლეკიაშვილის პოეტური კრებულის სათაური - "უბინძურესი სადარბაზოები" კონკრეტულად და პირდაპირაა გაცხადებული ფილმის სათაურშიც. მთავარი და ლამის ერთადერთი პერსონაჟი თავად პოეტია, რომელიც დემიურგიცაა და მთხრობელიც. რეჟისორის მზერა მაქსიმალურად განტვირთულია. იგი არ თხზავს ნაწვალებ ან მიზანმიმართულად კინემატოგრაფიულ მეტაფორებს და კონცენტრირებულია მხოლოდ გმირზე: მის სახეზე, მეტყველებაზე, რეფლექსიაზე, მოძრაობაზე, ჟესტებზე, სიტყვებზე...
ფილმის დასაწყისი გაცილებით უფრო მრავალმნიშვნელოვანი და დამაინტრიგებელი შეიძლება მოგეჩვენოთ: თბილისის რომელიღაც რიგით და არცთუ "უბინძურეს" სადარბაზოში შედის მამაკაცი, რომელიც კარის წინ დაფენილ, არცთუ "უსუფთავეს" ჯინსებზე ფეხს იწმენდს. კარზე წარწერა - "ლეკიაშვილი 35". მაგრამ კარსა და კადრს მიღმა არანაირი "ექშენ-ჰორორი" არ იმალება. იქ პოეტი და ფილოსოფოსი ლამის განდეგილივით ცხოვრობს. ძველი წიგნები და 70-იანი წლებიდან შემორჩენილი ავეჯი, ისევე, როგორც თხრობის უბრალოება, კადრში მოხვედრილი საგნების შერჩევითი სიზუსტე და ასკეტურობა მიგანიშნებთ, რომ ინტელექტუალები ჯერ არ გადაშენებულან. ემოციას შეგნებულად მოკლებული, მშვიდი და მსხვილი ხედები ნივთებს, ნახატებს და წიგნებს ისეთსავე ტონალობაში ასახავს, რა ტონალობაშიც პოეტი ლექსებს კითხულობს: "არა მარტო მარტი მარტობს, მარტოს მარტო მარტი მართობს..."
ლექსებში ლიტერატორისთვის საამო და კარგად მიგნებულ სხვა მრავალ შედარებას, მეტაფორას თუ ალიტერაციას მოისმენთ. პოეტი კადრში თითქმის არ იყურება და თითქოს პროზას უფრო კითხულობს. მისთვის მისაღებ აუღელვებელ რიტმში, რომელიც ვიდეოკამერის ოდნავ დამღლელი "მზერის" სინქრონულია. ყოფითი დეტალებისაგან ოთახი სრულიად განტვირთულია. აქ თითქოს კი არ ცხოვრობენ, არამედ ლიტერატურულ საღამოებს აწყობენ. კითხულობენ (სხვებისთვის თუ საკუთარი თავისთვის), ალბათ ვაგნერსაც უსმენენ და ხატავენ (მაყურებლის თვალწინ მამუკა ლეკიაშვილი თეფშზე ქალის პორტრეტს ხატავს). მაგრამ, ამავე დროს, აშკარად იგრძნობა რაღაც უსასოობისა და წარმავალი კულტურის სევდიანი განწყობა.
ლეკიაშვილის პოეტური სამყარო ახლოა ფილოსოფიურ ლირიკასთან და კერძოდ, რილკესთან. ეს არცაა გასაკვირი. მამუკა ლეკიაშვილი 80-იან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და შესანიშნავი ნაშრომები და მოხსენებებიც ჰქონდა თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში. თუმცა ეს უკვე სხვა "ჟანრის" ოპერიდანაა.
პოეტური ტექსტისა და გამოსახულების პროპორცია თანაბრად მნიშვნელოვანია და ეს ფილმის ესთეტიკაზეც აისახება. ლექსებს პოეტი ისე კითხულობს, თითქოს კამერას არც ამჩნევს. დოკუმენტური ფილმი-პორტრეტისთვის დამახასიათებელი სიცხადე და მაქსიმალური უბრალოება რეჟისორს საშუალებას აძლევს, გარემოს უკეთ დააკვირდეს და ნახატები კედლებზე, წიგნები თაროებზე, ყავა თეთრ ფინჯანში თუ ცხელი უთოს ორთქლი ერთ მხატვრულ განზომილებაში მოაქციოს. ამიტომ იდუმალი პოეზია და ხელშესახები საგნები ერთიანდება. და ბოლოს, "უბინძურესი სადარბაზოების" კიდევ ერთი უსუფთავესი ფურცლის შესახებ: "ღამის შაშვი მიიმხრო შავმა ვეშაპმა, ადრე თუ გვიან ჩემამდე მოვა, ის ბნელი ღამე", - ეს ვითომ გაურითმავ-გაურანდავი სტრიქონები სინამდვილეში უფრო პოეტური და მეტაფორულია, ვიდრე სწორად დაწერილი და სწორად წაკითხული მეორეხარისხოვანი რვამარცვლიანი ლექსი. თუმცა, როგორც პოეტი იტყოდა, "ყველას რაიმე აქვს სახსოვარი".
ახალგაზრდა რეჟისორს, ალექსანდრე ქვირიას ჯერ განსაკუთრებული ან ხმაურიანი წარმატება არ ჰქონია. თუმცა უკვე აქვს ამ ჟანრში მუშაობის დიდი გამოცდილება. კინოოპერატორობას სწავლობდა თეატრისა და კინოს ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (დავით ჯანელიძის ჯგუფი). შემდეგ მოსკოვში, სადაც დაამთავრა სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმების სტუდია. მუშაობდა რეჟისორ ინეკე სმიტის ასისტენტად (ფილმი "მაგონია"). გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "ფანჯრები", "აკრძალული ზონა", "სასიყვარულო ისტორიები", "სტივენი", "ჭამე რუხი, შეინახე წითელი". "უბინძურესი სადარბაზოები" ალექსანდრე ქვირიას ბოლო, ყველაზე "მსხვილმეტრაჟიანი" ნამუშევარია.

@