|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ტულიშსა და წულიშს შორისორი დღე ფოცხო-ეწერის დასახლებაში
“აი, აქედან რომ იყურები, თითქმის მთელ წყალსაცავს ხედავ. როცა ქარი არაა, კაშხალზე დგომას არაფერი სჯობია. 270 მეტრია, ხომ იცით? ჰოდა, დგახარ ამ ორ თაღს შორის, ზედა კიდეზე და მთელ ხეობას ჩაჰყურებ. ეს ენგურის მდინარის ზედა ნაწილია, ყველაზე წყალუხვი. ზაფხულში წყალი თითქმის პირამდე ადის. მოჩანს კიდეც წყლის ზედა ზღვარი თაღზე და ქედებზე, კლდეს ფერი აქვს შეცვლილი. 30 კილომეტრში უკვე გალის საზღვარია. იმ მწვერვალის პირდაპირ კი, ფოცხოა, ადგილი, რომელიც ძალიან შეიყვარეთ ბოლო დროს ჟურნალისტებმა”, - ამბობს გიორგი, ენგურჰესის თანამშრომელი და ჩვენი მასპინძელი. ფოტოგრაფი და მე, გიორგისთან ერთად, კაშხალზე ვდგავართ. ფოცხო-ეწერში რომ მოვდიოდით, ენგურჰესზე ასვლა არ გვიფიქრია. იქ რომ ხვდები, მისკენ, უბრალოდ, უნებურად მიდიხარ, ენერგიას წყაროსკენ მიჰყვები. გრძნობ, ეს ერთადერთი დინამიკაა გარშემო. წყალვარდნილი თუ ღიაა, წყლის ხმაური მთელ ხეობას ედება. სხვა დროს შიშველი ტულიშისა და წულიშის მთებს შორის მოქცეულ ხეობაში გამაყრუებელი სიჩუმეა. ჩვენ აქ მედიის ისტერიას გამოვყევით. გვინდოდა გვენახა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები ადგილას, რომლის შესახებ ყველა ურთიერთგამომრიცხავი ისტორია ერთად არსებობს. რომელიც ხან უხვმოსავლიანი მიწაა და ხან სალი კლდეები და ქვა-ღორღი, ხან თანამედროვე სტანდარტის საცხოვრებელი სახლებია და ხან ჩამოქცეული “რემონტი”, ხან განვითარების პერსპექტივა და ხან სამყაროს დასასრული. რაც მთავარია, გვინდოდა გვენახა ხალხი, ვისაც უკვე ოცი წელია მხოლოდ საკუთარი სტატუსი ჰქვია და ახლა აქვს შანსი, ბოლოს და ბოლოს, იქცნენ დამოუკიდებელი საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. გადასახვევთან, გზის შუაგულში, პატარა მოედანზე რკინის ძველისძველი, დაჟანგული ტრაფარეტი დგას. კარგად თუ დააკვირდი, აქა-იქ გაცრეცილ ასოებს შეაკოწიწებ და “ფოცხო-ეწერს” წაიკითხავ, იქვე კოპწია საბჭოთა კავშირის გერბსაც მოჰკრავ თვალს. მზიანი ამინდია. ქუჩის მარცხენა მხარეს დაბალი ღობით შემოსაზღვრული ენგურჰესის სასტუმრო დგას, ცარიელი დაცვის ჯიხურით. მარჯვნივ ქუჩა სამად იყოფა. ორივე მხარეს ფერადი ოთხსართულიანი საერთო საცხოვრებლები დგას, ალაგ-ალაგ შეურემონტებელი შენობებიც გვხვდება. ეს დასახლება 60-იანი წლების დასაწყისში აშენდა. მაშინ, როდესაც ნიკო ნიკოლაძის ოცნების პროექტის, “ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრის” ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა დაიწყო. უზარმაზარ მშენებლობას სამი ათასზე მეტი მუშახელი სჭირდებოდა. დასახლების გასაშენებლად კაშხალთან ახლოს, ტულიშის მთის ძირი შეირჩა, ძლიერი ქარებისგან შედარებით მოფარებული ადგილი. “წამობრძანდით, ნანა კვაშილავას გაესაუბრეთ, ჩამოსახლებული დევნილების გასაჭირს, პრობლემებს, ყველაფერს ის მოგიყვებათ, - გვირჩევს ახალგაზრდა კაცი, პირველი, ვისთანაც გამოლაპარაკებას ვცდილობთ. ოთახი, სადაც ნანა კვაშილავას ვესაუბრებით, ნელ-ნელა ხალხით ივსება. დასაჯდომი ადგილი აღარ არის, ამიტომ ნაწილი ფეხზე დგას და ნანას საუბარს ყურადღებით უსმენს. ნანას ოჯახი ერთ-ერთია თვრამეტიდან, რომელიც დევნილების განსახლების პირველ ტალღაში მოჰყვა და აგვისტოში თბილისიდან ფოცხო-ეწერში ჩამოასახლეს. მეშვიდე თვეა, აქ ცხოვრობენ. “მე რასაც ვლაპარაკობ, იმას უარყოფითი დებატები არ უნდა მოჰყვეს. ეს ორივე მხარისთვის - ოპოზიციისთვის და მთავარი ღერძისთვის - მთავრობისთვის კარგი უნდა იყოს. მე რომ ვიცი ისე, მაპატიეთ, მაგრამ ბევრმა არ იცის, - იწყებს საუბარს ნანა, - ეს ოთახი ყურადღების ცენტრშია, - ახლა ვხვდები, რომ ოთახი მეც მეცნობა, ტელე და ფოტორეპორტაჟებში მაქვს, ალბათ, არაერთხელ ნანახი, - დახმარება რომ მოდის, აქ ვიყოფთ ყველა. დახმარება აგვისტოში ჩამოსულ, “ახალ” დევნილებს გვჭირდება. თორემ, ვინც თითქმის ოცი წელია აქ ცხოვრობს, აიწყო უკვე ცხოვრება. შიმშილით მიკვდება დედა და ძმისშვილი. სხვები მოპირკეთებული სახით და ინსცენირებული ცრემლით ცდილობენ ხალხის მოტყუებას. მაპატიეთ, მაგრამ არის ორი მხარე, ვინც მართლა შიმშილობს და ისინი, ვინც ზედმეტ ლუკმას ელოდებიან, - ჩქარა და დამაჯერებლად საუბრობს, წინ, მაგიდაზე საბუთები უწყვია, პერიოდულად ფურცლებს ხელში ათამაშებს, - ცოტა ხნის წინ, ტიმო მაჯასარიც, გაეროდან, ამ ოთახში იყო. ასე თქვა, ფოცხოს შესახებ პირველად ახლა გავიგეთო. ლტოლვილთა სამინისტროში გვითხრეს, ადრე მითვისებულ ოთახებში ცხოვრობდნენ. ჩვენ კი ხალხი სამეგრელოს დავუბრუნეთო, - ასე თქვა ტიმომ, სამინისტრო თავს ამით იმართლებსო”.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი