warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 7 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ცნობიერების სტრუქტურული ნაკადი

struqturuli bagi

"სტრუქტურული ბაღი" - ახალგაზრდა არტისტის, თორნიკე ჭაფოძის ავტორობით შექმნილი სტრუქტურული სივრცეა. სხვადასხვა ფორმის სილიკონის სკულპტურებით,  პლსტმასის რეზერვუარებით, ტურბინებით, პოლიეთილენის პარკებითა და სხვა საშუალებებით ავტორი ადამიანის ცნობიერების შესახებ გვიყვება.

სტრუქტურლი ბაღი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ცნობიერების ერთგვარი ლანდშაფტი, ტოპოლოგიური სტრუქტურა, საიდანაც ადამიანის არსებობის განმსაზღვრელი მოცემულობები ამოიზრდება. სისტემა იყოფა ორ პირობით სივრცედ: კარავი, როგორც პერსონალური და პიკნიკი, როგორც საზოგადო სივრცეების სიმბოლიზირება, რომლებზეც იშლება ადამიანის არსებობის, მისი შემოქმედებითი აქტივობის მთელი დიაპაზონი.

სკულპტურების ავტორი ამ პირობით ნაწილებს ასე განმარტავს: “როცა კარავს შლი, მასში შენთვის ძალიან ინტიმურ გარემოს ქმნი. ეს არის ჩაკეტილი სივრცე, სადაც მარტო შენ ხარ შენს პირად ნივთებთან ერთად. ეს შენი ისეთი მდგომარეობაა, რომლის გარეთ გამოტანა რეალურად შეუძლებელია. ის იმედნად მნიშვნელოვანია, იმდენად მოქმედებს შენში და იმდენად განსაზღვრავს რაღაც მდგომარეობას, რამდენადაც ამის გარეთ გამოტანა რეალურად შეუძლებელია... პიკინიკი პირიქითაა, ეს საჯარო სივრცეა, სადაც რაღაცის თქმა და გაზიარებაა შესაძლებელი”.

სისტემის ცენტრალური ადგილას, ჭერიდან რიტმულად ეცემა წვეთი, რომელიც არხების საშუალებით სივრცეში მოწყობილ სხვა რეზერვუარებს უკავშირდება. წყლის წვეთი, რომელიც არხებში მოძრაობს, სისტემის თავისთავად მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან სწორედ ის წარმოადგენს მედიტაციის საშუალებას, რომ ადამიანმა ზემოთ აღნიშნულ ორ სივრცეში “პიკნიკში” და “კარავში” სწორი მანევრირება შეძლოს და არცერთი მათგანის კანონები არ დაარღვიოს.

“სტრუქტურულ ბაღში” ზემოთ აღნიშნულ სივრცით ნაწილებთან ერთად ცნობიერების სისტემის სხვა პირობითი ნაწილებიცაა განთავსებული: “თვითქმნადი”, “ჯაშუში”, “უნიფორმა” და “კომერცია”. ცნობიერების დინების სტრუქტურლად აღქმაში დამთვალიერებელს, საგამოფენო სივრცეში გამოტანილი გრაფიკული ნამუშევრებიც დაეხმარება, რომელიც თავად არტისტმა შექმნა, როგორ ”სტრუქტურული ბაღის” რუკა.

აღნიშნულ ინსტალაციაზე მუშაობა ავტორმა წლების წინ დაიწყო, თუმცა როგორც თვითონ ამბობს მისთვის დროს მნიშვნელობა არ აქვს. თანამოაზრეეებთან ერთად შექმნილი სივრცის შესახებ არტისტს გამოფენის დღემდე მკაფიო წარმოდგენა ჯერ კიდევ არ ჰქონდა. იდეები მუშავდებოდა და საბოლოო შედეგის ნახვას გამოფენის გახსნის დღეს ისიც მაყურებელივით ელოდა.

თორნიკე ჭაფოძის ავტორობით შექმნილ “სტრუქტურულ ბაღში” საკუთარი ცნობიერების ნაკადს მნახველი კიდევ 22 თებერვლამდე გაჰყვება. ცნობიერების ლანდშაფტის ათვისებაში დამთვალიერებელს სპექციალურად დამზადებული გზამკვლევი დაეხმარება, რომელსაც ის საგამოფენო სივრცეში მისვლისას მიიღებს.

 

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.