ცეკვავენ ვარსკვლავები

მარტი 23, 2012 ავტორი გიორგი ხასაია


 

varskvlavebi

აღმოვაჩინე, რომ „იმედზე“ არსებობს გადაცემა, სადაც ესტრადისა და სხვა ვარსკვლავები  ცეკვავენ.  ცეკვავენ, ოფლიანდებიან, ტაკოს აქიცინებენ, კამერების წინ რაღაცეებს ლაპარაკობენ. სასაცილო სანახაობა გამოდგა. ბოლომდე ვუყურე. ასე ხშირად ვიქცევი-ხოლმე, მაგ.: 9 საათიან კურიერს ვუყურებ გასახალისებლად, წამყვანების ხათრით,  სასწაულები არიან. თვალებს მოჭუტავენ და დაბოხებული ხმით ამბობენ მარაზმებს. ჩემი პატარები. რა ქნან.

არჩილ მეფარიძის  ლამისაა საიქიოდან გამოხმობა მავნებლური საქციელია, ამაზე დიდხანს შეჩერება არც ღირს. დააკვირდებოდით, რომ ამ მოცეკვავეთა მნიშვნელოვან ნაწილს საავტორო გადაცემა აქვს, ან წამყვან/თანაწამყვანია. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ არ ყოფნით საკუთარი გადაცემები, არ ყოფნით ამ გადაცემების ქრონომეტრაჟი უწყების მოსატანად. მათ რაღაც მნიშვნელოვანი აქვთ სათქმელი, ჩვენ ბოლომდე არ აღმოგვიჩენია ისინი, ბოლომდე არ გაგვიხსნია მათი შესაძლებლობები. ამიტომ არ ასვენებთ მამაზეციერი, ამიტომ ახალ-ახალი სივრცეების ოკუპაციისკენ მიუწევთ გული და ახორციელებენ მცოცავ ანექსიას.

მედია-სფეროში დაკავებულმა ადამიანმა იცის, რომ არც „იმედი“ და არც „რუსთავი 2“ არ არიან ბაზარს მინდობილები, თავისუფალი ბაზრის პირობებში ისინი ფრთას ვერ გაშლიდნენ თუნდაც სარეკლამო ბაზრის სიმცირის გამო, არ გეგონოთ, თითქოს მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაფინანსებდეთ, ზემოთ ნახსენებ ორივე ტელევიზიას მნიშვნელოვანწილად ჩვენ ვუხდით. ჩვენი მეოხებით არიან ასეთი ღონიერები, მაძღრები, მხიარულები, ჩვენი დამსახურებაცაა, რომ ახლა უკვე ჩვენს ცოცხალ-მკვდარ სოციალურ სხეულზე როკვას ვნახავთ ოთხშაბათობით.

თავის დროზე ფრანგი სოციოლოგი პიერ ბურდიე ამტკიცებდა, რომ პოპულარული ესთეტიკა, პოპულარული გართობა უზრუნველყოფს მაყურებლის მაქსიმალურ ჩართულობას,მის გაბრუებას,მონაწილეობას კოლექტიურ დღესასწაულში.  თავისთავად ცხადია, ფერადი კოსტუმები, ლაპლაპა დეკორაცია, ცოცხალი მუსიკა, ახდენს გავლენას, აბრუებს მაყურებელს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ მეტი მოგვეთხოვება - კერძოდ კი, ჩვენ „ჟიურის მეექვსე წევრი„  უნდა გავხდეთ, გავუგზავნოთ sms ჩვენს რჩეულს. ეს „რჩეულები“  როგორც წესი ცბიერებით გამოირჩევიან, ფლობენ ძალაუფლებისთვის კუდის ქიცინის ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიას. იმავე ბურდიეს „აგენტის“ კონცეპტს თუ მოვიშველიებთ, აღმოვაჩენთ, რომ მათი დიდი ნაწილი „ორმაგი აგენტიც“ არის, რადგან სოციალურ სივრცეში არსებულ ერთდროულად რამდენიმე ველზე  პოზიციონირებს (როგორც წესი სახელმწიფო და ეკლესია). მაგ. ჟიურის წევრი ნანუკა ჟორჟოლიანია  ტიპური ორმაგი აგენტი.

ვინმე იტყვის, რატომ უნდა ვუგზავნოთ სმს-ები ამ პარაზიტებს? ადამიანებმა, რომელთაც თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ, რატომ უნდა გაუგზავნონ სმს ადამიანებს, რომელთა ამ უნიჭობის დღესასწაულზე ერთ გამოსვლაში დახარჯული ფული , შესაძლოა ბევრის მთელი წლის შემოსავალს უდრიდეს? მაგრამ რომ ვაგზავნით მაინც? ჩვენც კარგი ხვითოები ვართ, თან ამათ ვუგზავნით და თან მეორე ხელით რომელიმე წმინდანის სახელობის მშენებარე ტაძარს ვურიცხავთ ფულს. არსებობს პროექტი borani.org, ასევე ცალკეული აქტივისტები ცდილობენ დაეხმარონ ხელმოკლე ოჯახებს, მაგრამ ჩვენ მაინც გვირჩევნია ამ უვიცობის აგენტების სიახლოვეს ვიგულოთ თავი, მათი ოფლი ვიპკუროთ. მერე მთავრობაზე რო გავბრაზდებით და ქუჩაში გავალთ, ესენი იმავე ან სხვა ტელევიზიის ეთერებში ტრაკებს დადებენ და იქიდან დაგვწყევლიან და შეგვაგინებენ. იტყვიან, რომ ძლივს ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსა და ა.შ.  თუ მარხვა დაემთხვევა, კურთხევას აიღებენ გაბრაზებაზე. შევეშვათ ამ პარაზიტებს, ირგვლივ მიმოვიხედოთ, მშიერი მეზობლებიც ბლომად არიან და ნაცნობებიც. ეს "რჩეულები" მაინც იცეკვებენ, არ იცეკვებენ და მათი აჯობებს.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@