ტყვიები VS შიშველი ხელები

ავტორი, ფოტო: ალექსანდრე კვატაშიძე

ფოტო: ალექსანდრე კვატაშიძე

კიევი, 2007

სტივ იორკი
სტივს 2003 წლის დეკემბერში შევხვდი. როცა ჩამოვიდა და კითხვების დასმა დაიწყო, ვარდების რევოლუციის სურნელი ჯერ კიდევ ტრიალებდა ჰაერში. პირველი, რამაც გამაოცა, მისი ეკიპირება იყო - ოთხი ჩემოდანი განათების აღჭურვილობით. როგორც წესი, არც ქართველები და არც უცხოელები ინტერვიუს ჩასაწერად, ამდენი წვრილმანის თრევით, თავს არ იწუხებენ. მალევე აღმოვაჩინე, რომ სტივს ბრწყინვალე ტექნიკური ცოდნა ჰქონდა და ამიტომ შესვენებისას ხშირად ვესაუბრებოდი ჩემთვის საინტერესო (ზოგადად მოსაწყენ) თემებზე, მაგალითად, ფერის კოდირების სიხშირეზე ან პიქსელების პროპორციებზე ვიდეო ფორმატებში.
სტივის კითხვებს მრავალი ადრესატი აღმოაჩნდა - "კმარელები" და სხვა აქტივისტები, ვისაც ვარდების რევოლუციაში რაიმე როლი ეთამაშა. იყვნენ მთავარი მოქმედი გმირებიც - ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე და თავად ედუარდ შევარდნაძეც. ამ პატიოსან ხალხთან ინტერვიუების წერის დროს მე კამერასთან ვიდექი, ყურებზე აუდიო მონიტორები მეკეთა და ხმის დონეს ვაკონტროლებდი, თუმცა, ჩემდა უნებლიედ, საუბრის შინაარსმაც გაიარა ჩემს ყურებში. სტივი ბევრ დროს უთმობდა თითოეულ რესპონდენტს და მათ ვრცელ მონათხრობს გულისყურით უსმენდა. ცოტა ხანში მივხვდი - უნდოდა გაერკვია, რა სტრატეგია ედო საფუძვლად ამ რევოლუციურ მოძრაობას და რამდენად ცნობიერად მოხდა ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ არაძალადობრივი მეთოდების გამოყენება.
სტივი საქართველოში მეორედაც ჩამოვიდა და მეც კიდევ ერთხელ, როგორც ოპერატორს, საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამუშაო მერგო.

ფორმულა ნაპოვნია!
როდესაც რევოლუციის ქარმა უკრაინას დაუბერა, სტივისგან შემოთავაზება მივიღე კიევში მემუშავა მასთან ერთად.
კიევი საპროტესტო აქციებით, კარვებით, სუსხით და ლამაზი ქალებით იყო გაჯერებული, თუმცა, ჩვენს გადამღებ ჯგუფს ამ ოთხიდან მხოლოდ სამისთვის ეცალა. ლამაზ ქალებთან ურთიერთობა კი პოლიტიკურ აქტივისტებთან ინტერვიუების ჩაწერამ ჩაანაცვლა და მეც ახლა უკრაინული სტრატეგიების მესაიდუმლე გავხდი.
უკრაინას სამჯერ ვესტუმრე გადასაღებად. სტივი სულ უფრო ხშირად მესაუბრებოდა არაძალადობრივ ბრძოლებზე და, თუკი მე ეს ყველაფერი დასაწყისში მშრალ თეორიად მიმაჩნდა, მან თანდათან დამარწმუნა არაძალადობრიობის სიძლიერეში, თანაც, ამას ხომ ჩემ თვალწინ მომხდარი უკვე ორი ქვეყნის მაგალითი ადასტურებდა. სინამდვილეში მაგალითები ბევრად მეტია: მაჰათმა განდის მარილის მარში ინდოეთში, რომელმაც ამბიციური ბრიტანეთი კუდამოძუებული განაშორა ინდოეთის მიწა-წყალს; სამხრეთ აფრიკის ბრძოლა თანასწორობისთვის, რამელმაც აპარტეიდი დაამარცხა…- ეს ძალიან ცნობილები. ამას გარდა, უამრავი არაძალადობრივი მოძრაობა მომხდარა თუ ახლა ხდება ათობით ქვეყანაში. უკვე დიდი ხანია არსებობს სწავლება იმის შესახებ თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას არაძალადობრივი გზით, და რაც მთავარია (და ამასთან გასაოცარი), თუ რატომ არის შიშველი ხელები ტყვიებზე უფრო ძლიერი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ მთავრობამ აურია, უფრო სწორად, თუ ძალიან აურია, ოპოზიციის ლიდერებმა, უბრალოდ, უნდა წაიკითხონ ეს სახელმძღვანელოები და კორუმპირებული ხელისუფლება უმტკივნეულოდ გააძევონ.
ფორმულა ნაპოვნია!

სევილიური ვორკშოპი

ფორმულის ავტორებს ანდალუზიის დედაქალაქში შევხვდი, რაღა თქმა უნდა, სტივის მორიგი ზარის წყალობით. ფილმი, უფრო სწორად, ეპიზოდი ფილმისა, ეგრეთ წოდებული "ვორკშოპის" გადაღებას ითვალისწინებდა, სადაც ვეტერანი რევოლუციონერები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ აქტივისტებს არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებს ასწავლიან. თუ რატომ შეირჩა შეხვედრის ადგილად სევილია, არ ვიცი, ალბათ, ამერიკის კონტინენტიდან და აზიიდან ჩამოსულ სტუმრებს თანაბარი მანძილი რომ გამოევლოთ. იყვნენ ფილიპინებიდან, ნეპალიდან, გვატემალიდან, მალდივებიდან და საიდან აღარ. რაც შეეხება ლექტორებს, მათი ძირითადი ბირთვი სერბი ახალგაზრდები იყვნენ, ვინც თავის დროზე შექმნეს ორგანიზაცია "ოტპორი" და დაამარცხეს დიქტატორი სლობოდან მილოშევიჩი. სხვათა შორის, სწორად ამ "ოტპორის" გამოზრდილია ქართული "კმარა", უკრაინული "პორა" და ბევრი სხვა. სერბებს ტრენინგების ჩატარებაზე, მოთხოვნები დედამიწის ყველა კითხიდან მოსდით და ძალიან ბევრს მოგზაურობენ, უფრო სწორად, აეროპორტებში უფრო მეტჯერ სძინავთ, ვიდრე საკუთარ ბალიშებზე. გარდა თავიანთი გამოცდილებისა, მათ შეისწავლეს კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარების სხვა ქვეყნების მაგალითები, შექმნეს მეთოდოლოგია და გამოსცეს სახელმძღვანელოები. ჰო, ალბათ, იკითხავთ, თუ ვინ აფინანსებს ამ ყოველივეს. არის ასეთი კაცი, სახელად პიტერ აკერმანი, ამერიკელი, დაბადებული 1946 წელს, რომელმაც ბევრი ისწავლა თუ ცოტა, გადაწყვიტა თავისი ცოდნა (და არა მარტო ცოდნა) დედამიწის ზურგზე დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის მიეძღვნა. პიტერი ბიზნესის მართვაშიც ნიჭიერი კაცი აღმოჩნდა და ბევრი ფულიც იშოვა, ჰოდა, როგორც იდეალისტებს სჩვევიათ, თავის საკუთარ დანაზოგს ახმარს არაძალადობრივი მეთოდებით დიქტატორული რეჟიმების შეცვლის სტრატეგიის განვითარებას და გავრცელებას. თურმე, სტივის ფილმებსაც ის აფინანსებს.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.