|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
The Mother of Invention
იანვარი 18, 2012 ავტორი ზურაბ ქარუმიძეამას წინათ აქციაზე „გაამაგრე გუდიაშვილი,“ ერთმა ახალგაზრდა ქალმა, ნატალია ნებიერიძემ –– მეძუძურმა დედამ –– ორიგინალური პერფორმანსი აღასრულა: პატარა ტუმბოს მეშვეობით ძუძუდან რძეს იწველიდა, პლასტმასის ერთჯერად ჭიქებში ასხავდა და (50 თეთრად) პუბლიკას სთავაზობდა. ეს ქმედება დამსწრეთა ნაწილს მოეწონა, ნაწილს –– არა, ნაწილი აღაშფოთა კიდევაც. მერე, „ფეისბუკში“ რამდენიმე პოსტიც დაიდო და კომენტარებიც დაერთო, ამას კიდევ ორიოდ ბლოგი დაემატა... ვეცდები, „გუდიაშვილზე“ გათამაშებული ეპიზოდის ჩემეული ინტერპრეტაცია შემოგთავაზოთ. ჯერ კვაზი–სახუმროდ: ეს პერფორმანსი (ხოლო მე მას უფრო „სიტუაციონალისტურ ინვენციას“ დავარქმევდი) იყო მკვებავი დედის ფენომენის დესაკრალიზაციის აქტი. მოგეხსენებათ, დედის ძუძუ, განსაკუთრებით ქართველთათვის, მისტიკური და საკრალური რამ საგანია. ეს ჩანს ფოლკლორშიც, თუ სხვა რამ კოლექტიურ ნარატივებში, და –– ინდივიდუალურშიც. ნატალია ნებიერიძის აქციაში მკვებავი დედის საკრალურმა სიმბოლომ განიცადა მექანიზაცია (ტუმბო) და კომერციალიზაცია (ფასის დადება და გაყიდვა) და სწორედ ამ ხერხებით მოხდა მისი დესაკრალიზაცია. მეტიც, ეს სცენა თამაშდებოდა მოედანზე, ფოლორცზე –– ანუ იქ, სადაც ხდებოდა კარნავალი (ბახტინისეული გაგებით), სადაც ხალხი ხუმრობდა, ღადაობდა, ცეკვავდა, მღეროდა და, რაღა თქმა უნდა, ქალაქის მესვეურთა უგვან საქციელს აპროტესტებდა. კარნავალურ ქრონოტოპში ამგვარი გათამაშების მეშვეობით ნატალია ნებიერიძემ მოახდინა ქართვლის დედის ძუძუს კარნავალიზაცია. ხოლო კარნავალი, მოგეხსენებათ, დესაკრალიზაციის ძირძველი ფორმაა. თუმცა, ეს არ იყო არსებული არქეტიპისა თუ სტერეოტიპის (არქე–სტერეო–ტიპის) პირდაპირი დესტრუქცია, პოლიტიკური ეპატაჟის მიზნით, როგორც, ვთქვათ, უკრაინული „ფემენის“ აქციებში ხდება. ნებიერიძის პერფორმანსს მე უფრო ჰეგელისეულ „მოხსნა–შენახვას“ დავარქმევდი, ან დერიდასეულ „დეკონსტრუქციას“: დედის ძუძუს, როგორც სტრუქტურის, ცენტრმა მხოლოდ მარგინალიზაცია განიცადა, სულ არ გამქრალა... ახლა კი უფრო სერიოზულად: პირველი, რაც ნებიერიძის სიტუაციონალისტურმა ინვენციამ გამახსენა, გახლდათ ეჟენ დელაკრუას უცნობილესი ტილო „თავისუფლება ბარიკადებზე“ –– მკერდმოშიშვლებული ქალი მიუძღვება ამბოხებულ მამაკაცთა ჯგუფს. არა, ამბოხებისკენ არავის მოვუწოდებ! უბრალოდ, მჯერა, რომ „გუდიაშვილის მოედნაზე“ ჩატარებული აქციებით ჩვენში რაღაც ახალი იბადება, შესაძლოა უკვე დაიბადა კიდევაც. სპონტანურად, ყოველგვარი „დაპროექტებისა“ და „გრანტო–ფაგიის“ გარეშე. რატომღაც მგონია, რომ ეს რაღაც ახალი არის ის, რასაც „სამოქალაქო საზოგადოება“ ერქმის (სიც!). დიახ, ეს მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება არაა, სხვებსაც იგივე გაუჩნდა: ის, რაც 90–იან წლებში იშვა და განვითარდა, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ შთანთქა და მოინელა, დღეს ხელახლა იბადება. გამოჩნდა ხალხი, ვისთვისაც გარემოზე და ჰაბიტატზე ზრუნვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი და სხვისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვა, და ა.შ. –– აქ ახლა არ შევუდგები „სამოქალაქო საზოგადოების“ ანალიტიკას. მთავარი ისაა, რომ ამ ხალხში ახალგაზრდობა ჭარბობს –– შინაგანად თავისუფალი და ჯანსაღად ირონიული ხალხი. არა, ძველგაზრდებიც იქა ვართ, მაგრამ ჩვენ უფრო „ვაკომენტებთ,“ ვიდრე „ვპოსტავთ“... ჰოდა, თუ „გუდიაშვილზე“ პირმშო იბადება, მაშინ მას კვებაც სჭირდება და სწორედ ეს სიმბოლიკა გათამაშდა ნებიერიძის პერფორმანსში –– „სამოქალაქო საზოგადოების მკვებავი დედა, რომელიც ყიდის დემოკრატიის რძეს,“ ვინაიდან დემოკრატია კაპიტალიზმის ელემენტების გარეშე არ არსებობს... და კიდევ, ნებიერიძის ამ „სიტუაციონალისტურმა ინვენციამ“ ფრენკ ზაპპა გამახსენა, რომლის პირველ ანსამბლს ერქვა „გამოგონების დედები“ (Mothers of Invention). ხოლო ამათ კიდევ კარნავალური დეკონსტრუქციაც მაგარი იცოდნენ და სოციალურ–პოლიტიკური ღადავიც ერთობ ეხერხებოდათ –– ეს ზაპას მოყვარულებს კარგად მოეხსენება...
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
თორნიკე (შეუმოწმებელი), იანვარი 31, 2012, 14:59:25
პირველი, რაც ნებიერიძის სიტუაციონალისტურმა ინვენციამ გამახსენა, გახლდათ ეჟენ დელაკრუას უცნობილესი ტილო „თავისუფლება ბარიკადებზე“ –– მკერდმოშიშვლებული ქალი მიუძღვება ამბოხებულ მამაკაცთა ჯგუფს.
Irakli (შეუმოწმებელი), იანვარი 24, 2012, 23:53:18
da ra sainteresoa , batono zurab, vin gvichvenebs mamakazis asos kapitalizazia-desakralizazis shemdgomshi? vgulismob ONANIREBIS gakomerzialebas? teslis gayidwa, anu momawlis komezializazia. .. droze torem nazionalebi amasz agvikrdzalaven. amxela kulturul gaqanebas 90 tslebshi shewardnadzis periodshi agordzinebuls mivbxedot qwartvelno!!... qartvelo xeli y..s ( dzvel droit xmals) ikaro, mgeroda zinapari...
დატოვე კომენტარი