თეზისები პაატა შამუგიას პოეზიაზე

ივლისი 1, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

paata shamugia

 

#.          პაატა შამუგიას პოეზია პოსტ-საბჭოთა საქართველოს სანაგვეზე ამოზრდილი ყვავილია. სანაგვეზე, რომელიც წესით, მხოლოდ სამშენებლო მასალისთვის თუ ივარგებდა. პაატას პოეზიას არაფერი აქვს საერთო ეკოლოგიზმთან, ნაგავი აქ გამოდის, როგორც  მგრძნობელობის და ამ მგრძნობელობის ორგანიზების  ფორმების ერთიანობა, რომლებიც  დომინანტურებად რჩებიან, შავ ხვრელად გადაქცეულები  ყველაფერს შთანთქავენ. პაატა შამუგიას პოეტური პროექტი არ გულისხმობს ნაგვის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას, მისი განზრახვა მიმართულია ნაგვის თანდათანობითი, სრული გარდაქმნისკენ, ამდენად მისი პროექტი რადიკალურია.

#.          ღმერთთან მიახლოვების ერთადერთი გზა მკრეხელობაზე გადის, ყველა სხვა გზა, გამჭოლ ღმერთის სხეულის, კანალიზაციის მილებს უერთდება. მადლობა უფალს

#.          პაატა შამუგია მიმართავს წერის ისეთ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებულია   უართან – ის  ენობრივ დაუმორჩილებლობას უცხადებს პოეტურის ტრადიციულ გაგებას ქართულ პოეზიაში. ამ ტექსტების სახით ჩვენ გვაქვს პოეტური გამოთქმის ტიპი, რომელიც  ჩამოყალიბებულია, როგორც განსხვავებული ენების საკუთარ სამოქმედო არეალში მოქცევით და გადათამაშებით,  ისე კიჩის ინსტრუმენტალიზებითა და პოეტური იმიჯების (პოეტი-ექსპერტი, , პოეტი-ტრიბუნი, პოეტი-მლოცველი, პოეტი დემიურგი...) განუწყვეტელი ცვლით, რაც ვლინდება რელიგიური თემატიკის დამუშავებაში, ლექსების ყოველდღიურ თემებზე ორგანიზებაში ან პოლიტიკურ კომენტარებში

#.          პოეტური გამოთქმის ეს ტიპი ნათესაურ კავშირს ამჟღავნებს ერთის მხრივ   თანამედროვე ამერიკელ პოეტ შეინ ელისონთან, მეორეს მხრივ - თანამედროვე რუს პოეტ, ვალერი ნუგატოვთან. ჩემი დაკვირვებით პაატასთან მათ ანათესავებთ: 1. პოეტური იმიჯის ხშირი ცვლა  2. საგნების, მოვლენების ჩამონათვალში  შეტანის, აღნუსხვის ვნება  3. პოპ-კულტურის ელემენტების გადმონერგვა

#.         შამუგიასთვის ლექსი ქცევის  ფორმაა. მას ახასიათებს სამი ძირითადი ქცევა : შია.  ეჩქარება.  წერს.  როცა შია, უნდა რომ წერდეს. როცა წერს, უნდა რომ გაიქცეს, როცა ეჩქარება, უნდა რომ შიოდეს, მაგრამ წერდეს...

#.         თუ  ახლაგაზრდა ქართველი პოეტების დიდი ნაწილი ქართული პოეზიის ტრადიციის გაგრძელების განზრახვით, მის ყველაზე უარეს გამოვლინებებს და ფიგურებს აიტაცებენ, შამუგია ხშირად (არა ყოველთვის) პირიქით - ყველაზე უარეს ტრადიციასთან მუშაობას ამჯობინებს, განიხილავს რა მას ინსტრუმენტარიის ნაწილად. კიჩის ინსტრუმენტალიზება ამასაც გულისხმობს. 

#.        პაატა შამუგიასთვის სოციალური და პოლიტიკური თემებით დაინტერესება არ არის ბანალური პოსტმოდერნისტული პოპულიზმი. მართალია, ის როგორც წესი ირონიულია და მისი ირონია მიმართულია ყველაფრის წინააღმდეგ, რაც საკუთარ თავს სერიოზულად აღიქვამს. მაგრამ ეს "მებრძოლი ირონიაა", რომელიც ალბათ "ნეო-კინიზმის" ტრადიციას უკავშირდება.

#.        შამუგიას სიტყვიერი აქტები როგორც წესი, პერფორმატიულია (დამნიშვნელი), და არა დესკრიპტული (აღწერითი). ერთის მხრივ, მისი საყვარელი საქმიანობაა დახვეწილი, თითქმის შეუმჩნეველი ციტირება და ალუზიები, მაგრამ მეორეს მხრივ  საგნების, მოვლენებისა და სახელების გადაადგილება/დანიშვნა მას ვიზუალურ არტისტებთან აახლოვებს.  სახეზეა "ავტორის სიკვდილით" გაცნობიერებული თამაში, რომელიც  შეთავსებულია უმეტესად ვიზუალური ხელოვნებისთვის დამახასიათებელ, დიუშანიანურ პერფორმატიულ პრაქტიკასთან. ოღონდაც, პაატასთან ეს ემსახურება არა რაღაცის ხელოვნებად დანიშვნას , არამედ რაღაცისთვის/ვიღაცისთვის  (ხელ)ახალი მნიშვნელობის მიცემას, ადგილის მიჩენას.

#.        არსებობს ერთი მსჯელობა, რომლის თანახმადაც ქრისტე რედი-მეიდ ღმერთია. ლოგიკა ასეთია: ჩვენ არ გვაქვს კრიტერიუმი, რომლითაც ქრისტეში ქრისტეს შევიცნობდით. ანუ ღმერთს ადამიანში. ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები, რომლითაც შეგვიძლია მხოლოდ ადამიანში შევიცნოთ ადამიანი. ამ მსჯელობის თანახმად, ქრისტიანობა დგას ქრისტეს, როგორც ღმერთის შეცნობის შეუძლებლობაზე. ქრისტეს შემხედვარე მისი თანამედროვე ადამიანი, გარეგნული ნიშნებით ვერ მიხვდებოდა, მის წინ ორიგინალია თუ ასლი, ღმერთია  თუ ადამიანი. შესაბამისად, ქრისტე რედი-მეიდ ღმერთია ღმერთებს შორის, ისევე, როგორც დიუშანის პისუარია რედი-მეიდი ხელოვნების ნაწარმოებთა შორის. სწორედ ამით თამაშობს პაატა შამუგია, როცა ადგილს უცვლის ღმერთს, ან მისი ადგილიდან ლაპარაკობს და ა.შ. გარდა ამისა, საგალობლების ფორმებთან (იკოსი, კონდაკი...) თამაშით  სურს პოეზიის, როგორც ლოცვის შეუძლებლობის ჩვენება.

 გაიზიარე, თუ პაატა შამუგია ოდესმე დაგხმარებია.

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@