თეა წულუკიანი კანონის მხარეს

თეა წულუკიანი

თიანეთში, ორსართულიანი, თეთრი სახლის ეზოში 30-მდე ადამიანია შეკრებილი. შენობაზე კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს დროშებია გამოფენილი. მიუხედავად იმისა, რომ ეზო თოვლითაა დაფარული და ცივი ქარიც უბერავს, კოალიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, ოფისის გახსნის ცერემონია მაინც გარეთ გამართონ. ცნობილ ოპოზიციურ სახეებს შორის შეამჩნევთ პატარა ტანის ქალბატონს, რომელიც ერთდროულად მკაცრი და ცოცხალი გამომეტყველებით, თითქოს, უცხოსავით აკვირდება ფუსფუსს - ლიდერები მსჯელობენ, სად დადგან დროშა, როგორ განაწილდნენ, ის კი ჩუმადაა. სიცივის მიუხედავად, შილიფადაა ჩაცმული - თოვლიანი ამინდისთვის, აშკარად, შეუფერებლად. თხელი ქურთუკი აცვია და ქარისგან დასაცავად კისერზე თხელ, ჭრელ ფერებში გაწყობილ შარფს ისწორებს შიგადაშიგ. პრეზენტაცია იწყება. ტრიბუნასთან გამომსვლელები ერთმანეთს ცვლიან. მჭექარედ და ხაზგასმული პათეტიკურობით მიმართავენ შეკრებილებს. მერე მისი ჯერიც დგება და იწყებს:

„არ ვიცი, ყველას გესმით თუ არა ჩემი ხმა, - არადა, სიჩუმეს გარშემო მხოლოდ თოვლის ხრაშუნი თუ არღვევს, - მადლობა მინდა გითხრათ თანადგომისთვის! მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ოცნება სამართლიანობისთვის, ოცნება, რომ სოფელი არ დაიცალოს, ქართველი გლეხი და ოჯახი გაძლიერდეს, ოჯახიდან სხვა წევრების სარჩენად არავინ იყოს გადახვეწილი. ჩვენი ოცნება არ არის მხოლოდ უკეთესი მომავალი. უნდა ვიმოქმედოთ, დავძლიოთ შიში და ჩვენ, ქალები, მოგცემთ მაგალითს შიშის დასაძლევად!“ - მის გამოსვლას შინაარსი კი აქვს ემოციური, მაგრამ თვითონ ისე მშვიდად და გაწონასწორებულად მეტყველებს, რომ მაოცებს - 2009 წლის შემდეგ რამდენი აქციაც გამართულა, უმეტესობა გამიშუქებია, მაგრამ ტრიბუნიდან ასე მშვიდად და დამაჯერებლად მოსაუბრე გამომსვლელი იშვიათად მინახავს.

ახლა მახსენდება, თეამ მაშინაც გამაოცა, როცა პირველად გავიგე მისი სახელი. საინფორმაციო გამოშვებაში თქვეს, რომ ვინმე თეა წულუკიანმა, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასამართლოში იურისტის კარიერა მიატოვა და 12-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, პოლიტიკაში მოსვლის მიზნით. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს რეალობა იყო.

“მე იმედი მაქვს, რომ ჩემი მაგალითი, ადამიანის, რომელმაც მივატოვე კარიერა, და ჩამოვედი საქართველოში, ბიძგს მისცემს სხვა ადამიანებს, პროფესიონალებს, რომ დაბრუნდნენ და ააშენონ ეს ქვეყანა”, -  2010 წლის 15 მაისს თეა პოლიტიკოსის რანგში ამ სიტყვებით პირველად გამოვიდა საზოგადოების წინაშე. ის შვიდი თვით ადრე დაფუძნებული ოპოზიციური პარტიის, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პარტიის მრჩევლად დაასახელა.

ცხადია, ირაკლი ალასანიას პარტიისა და მისი მხარდამჭერებისთვის თეას არჩევანი საამაყო იყო - ევროპული სამართლის შესანიშნავი სპეციალისტი; ქალი, რომელიც ევროპის სასამართლოში პირადად განიხილავდა ყველა იმ საქმეს, რომელთაც ოპოზიციური პარტიები ხშირად იყენებდნენ ხელისუფლების პოლიტიკის გასაკრიტიკებლად, აქტიურ პოლიტიკურ კარიერას იწყებდა. ეს საზოგადოების ნაწილისთვის ზურგის გამაგრება იყო, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების სისწორეში კიდევ ერთხელ დარწმუნების საშუალება.

თუმცა, როცა თეას ვეკითხები, რა იყო მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ქართულ პოლიტიკაში მოსვლას უფრო პირადულ ახსნას უძებნის: „ხშირად მემართება ხოლმე ასე, მიჭირს, ბოლომდე შევირგო ის, რასაც მაძლევს ცხოვრება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გამიმართლა. ბევრი რამ მივიღე ცხოვრებაში და სულ მიღების პროცესში ვერ ვიქნები. რაღაც უნდა გასცე და დათმო კონკრეტულ მომენტში. ამდენი „სულ მიღება“ არ არის სწორი!“

სამსახურიდან რომ მიდიოდა, ამის შესახებ, ორი თვით ადრე უნდა ეცნობებინა ხელმძღვანელებისათვის. როგორც წესი იყო, შესაბამის დეპარტამენტს შეატყობინა. შეტყობინების შინაარსმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განცვიფრება გამოიწვია. 10 წლის განმავლობაში ეს  იყო მეორე შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო მოხელის თანამდებობაზე უარი კონკრეტულმა პირმა საკუთარი ნებით თქვა. როგორც წესი, თეას თანამდებობაზე იურისტები ოცნებობდნენ. ეს გულისხმობდა არამხოლოდ ძალიან ნაყოფიერ იურიდიულ პრაქტიკას, არამედ ბევრ მატერიალურ სიკეთეს და სტაბილურად მზარდ კარიერასაც: თვეში 8 ათასი ევრო ხელფასი, ნორმირებული შვებულება - 43 დღე წელიწადში, სტანდარტული სამუშაო დღე, რომელიც საღამოს 6 საათზე სრულდება და საშუალება - საერთაშორისო მოხელედ 65 წლის ასაკამდე იმუშაო და უზრუნველად იცხოვრო.

2000 წლიდან თავის სამუშაო ოთახში დაგროვებულ ნივთებს, ძირითადად, წიგნებს, საქართველოში წამოსაღებად სამი დღის განმავლობაში არჩევდა, შემდეგ კი მანქანაში ალაგებდა. სამსახურიდან წამოსვლამდე კოლეგებმა გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყვეს. გული დასწყდათ, თუმცა სამშობლოში დაბრუნების მიზეზებს არ ჩაძიებიან - ეს მის პირად არჩევანად მიიჩნიეს და ზედმეტი კითხვებისგან გაათავისუფლეს, ერთადერთი - საქართველოში წარმატებები უსურვეს. რამდენიმე დღეში თეა უკვე ახალ, თბილისურ სამსახურში წავიდა. დილით ადრე “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამოცხადდა. მან წინასწარვე განსაზღვრა სამუშაო სფეროები. დასაწყისისთვის რამდენიმე კონკრეტული მიმართულება ჩაიბარა - უნდა ემუშავა თვითმმართველობის ორგანოებში დასავლური გამოცდილების დანერგვასა და სამართლებრივ საკითხებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

ირაკლი ალასანია, რომელმაც თეა წულუკიანის შესახებ ამერიკელი მეგობრისგან გაიგო და მაშინვე თანამშრომლობა შესთავაზა, ამბობს, რომ თეა მისი “პოლიტიკური საყრდენია”; ასეთი კვალიფიციური სპეციალისტი, თანაც, ქალი, მნიშვნელოვანი შენაძენია პარტიისთვის, რომელიც ჯერ სულ ახალი დაფუძნებულია, ახლა ყალიბდება და არც ისე ბევრი, საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი, სახე ჰყავს.

2010 წლიდან მოყოლებული “თავისუფალი დემოკრატების” ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში თეას აზრი ალასანიასთვის უმნიშვნელოვანესია. ცხადია, წულუკიანი მონაწილეობდა იმ შიდაპარტიულ განხილვებშიც, როდესაც ალასანიამ ივანიშვილის გარშემო შეკრებილ კოალიციაში გაწევრიანება გადაწყვიტა. პირველი შეხვედრა ივანიშვილსა და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს შორის 2011 წლის ოქტომბერში გაიმართა. ალასანია უკან, პარტიაში, უკვე თითქმის მიღებული გადაწყვეტილებით დაბრუნდა. ახალ ამბავს პარტიის წევრები, როგორც თეა იხსენებს, “დადებითად” შეხვდნენ. “გაგვიხარდა, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო, ბიძგი მიეცა ცვლილებებისთვის. რატომაც არ უნდა დავდგომოდით გვერდით?!“. პირველი შეხვედრიდან ზუსტად 6 დღეში, უკვე საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას გეგმავდნენ.

ალასანია ამბობს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, თეასგან თანხმობის მაშინვე მიღება ზოგიერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მტკიცე არგუმენტების გარეშე უჭირდა.  ამას თვითონ თეაც ადასტურებს და იხსენებს, რომ იყო ორი შემთხვევა, როდესაც პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებას ბოლომდე არ იზიარებდა, მაგრამ მაინც დათანხმდა. ამ შემთხვევებზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ მეუბნება: “მომავალი გვიჩვენებს, გაამართლა თუ არა ჩემი, ან ირაკლის მოლოდინმა. მთავარია, რომ გუნდში ნებისმიერ ნაბიჯს ერთმანეთთან შეთანხმების შემდეგ ვდგამთ და კოორდინირებულად ვმოქმედებთ”.

თეა ყოველთვის ასი პროცენტითაა დარწმუნებული იმ აზრის სისწორეში, რომელსაც საჯაროდ გამოთქვამს. თემები, რომლითაც ალასანიას პარტიის ლიდერი პოლიტიკურ დებატებში ერთვება, როგორც წესი, ყველაზე მეტად ადამიანის უფლებების საკითხს ეხება, თუმცა სხვა თემებზეც უწევს პარტიული მოსაზრებების და ინტერესების დაცვა. მაგალითად, ტელედებატებში დაპირისპირებულ მხარეს ბათუმში, აზიზიეს მეჩეთის შესახებ ედავება, ან კონტროლის პალატის საქმიანობას აპროტესტებს. მსჯელობისას თეა გაწონასწორებული და მშვიდია. ოპონენტს სიტყვას იშვიათად აწყვეტინებს. ვიდრე საწინააღმდეგო აზრს უმტკიცებენ, მოთმინებით უსმენს, ხოლო როცა თეას ჯერი დგება, ლაპარაკობს მხოლოდ ფაქტებით და ისეთი სიმტკიცით, რომ გრძნობ - ოპონენტის არგუმენტების სრული გაბათილება აქვს მიზნად დასახული. რაც მთავარია, თეა წულუკიანი არ იყენებს ქართულ პოლიტიკურ დებატებში ყველაზე მეტად გავრცელებულ “საბრძოლო ტექნიკას” -  შეურაცხმყოფელ ფრაზებსა და მიმართვებს. ეს არც სჭირდება, სამართლის სპეციალისტი თითქმის ყველა სადავო თემას სამართლებრივ კონტექსტში განიხილავს და მომხდარის უსამართლობას კანონის ენით ამტკიცებს.

თეა წულუკიანისგან თანამშრომლობაზე თანხმობის მიღებას “თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელი ერთი წლის განმავლობაში ელოდა. 2009 წლის ზაფხულისთვის თეა უკვე ფიქრობდა უკან, საქართველოში დაბრუნებაზე. მიზეზი იყო არა მხოლოდ მზარდი პოლიტიკური უკმაყოფილება საქართველოში შექმნილი მდგომარეობით, არამედ სტაბილური, წყნარი, პროგნოზირებადი მომავლისადმი ერთგვარი შიშიც. “ვუყურებდი ჩემს კოლეგებს, რომელთაც ჩემს ასაკში დაიწყეს სასამართლოში მუშაობა და ახლა უკვე 60-ს იყვნენ გადაცილებულნი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: მინდა მე ასეთი ცხოვრება, დალაგებული, საინტერესო, მშვიდი, მაგრამ საკუთარი ქვეყნისგან შორს?”

ამ კითხვაზე პასუხად - რომელსაც გონებაში ყოველდღიურად, თვეების განმავლობაში ამუშავებდა - ირაკლი ალასანიას შეთავაზებას ბოლოს მაინც დათანხმდა. მით უფრო, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთან სკაიპში გამართული პირველი საუბრის შემდეგ მიხვდა - მათი ღირებულებები, მიზნები, სურვილები ზედმიწევნით ემთხვეოდა ერთმანეთს. თუმცა, იმ დროისთვის “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის მიღწევაში თეა პარტიას გვიან შეუერთდა - როცა პარტიაში გაწევრიანდა, თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ 2 კვირაღა იყო დარჩენილი.

როგორც თვითონ ამბობს, ეს არჩევნები ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მის პირველ იმედგაცრუებადაც იქცა. ყველაზე მეტად, მაინც როგორც ამომრჩეველს, „გულუბრყვილო მოქალაქეს, მეტკინა გული. არჩევნების დღემდე ველოდი, რომ ლევან გაჩეჩილაძე გამოვიდოდა და ირაკლი ალასანიას გამოუცხადებდა მხარდაჭერას. მაგრამ ასე არ მოხდა”. არადა, დარწმუნებული იყო, რომ თუკი გაჩეჩილაძე ალასანიას დაუდგებოდა მხარში, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი უფრო მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის მიმხრობას შეძლებდა.

გაჩეჩილაძის მხარდაჭერა თბილისის არჩევნებზე მისთვის მნიშვნელოვნი იყო, რადგან - 2008 წლის 5 იანვარს უმწვავესი პოლიტიკური დაპირისპირების განსამუხტად დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თეამ ხმა მას მისცა. როდესაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგიდან პარიზში მიდიოდა მატარებლით, ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. “არჩევანი რომ მქონოდა და იქ მესამე კანდიდატი ყოფილიყო - ჩემი თანმხვედრი ღირებულებების მატარებელი, რა თქმა უნდა, მას მივცმედი ხმას, მაგრამ რეალურად არჩევანი ორ ძალას შორის იყო. გაჩეჩილაძე კი ჩემთვის იყო კანდიდატი, რომლის უკან მდგარი ძალებიც ხელისუფლების ულაგამო ცხენივით სვლას დააბალანსებდნენ და პოლიტიკურ პროცესს სწორ გზაზე დააბრუნებდნენ”, - მეუბნება და მტკიცე, დაჟინებული მზერით ცდილობს, საკუთარ სიმართლეში დამარწმუნოს. თითქოს, ჩემთვის ისედაც გასაგები უნდა იყოს, რას გულისხმობს ხელისუფლების “ულაგამო ცხენივით სვლაში”.

მიამბობს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის გულწრფელობასა და ქმედებების სისწორის შესახებ ეჭვი პირველად ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე გაუჩნდა. 2000 წელს, სტრასბურგში ერთ-ერთ არაფორმალურ შეხვედრაზე გაიცნო მაშინდელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი. იმ პირველ შეხვედრაზევე გამოიკვეთა, რომ მათი მოსაზრებები და მისწრაფებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამიტომ სრულიად გაცნობიერებულად უთხრა უარი სააკაშვილს შეთავაზებაზე - გამხდარიყო მისი, როგორც იუსტიციის მინისტრის, მოადგილე. 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” დროსაც საზოგადოებაში სუპერპოპულარულ სააკაშვილს კი არ გულშემატკივრობდა, არამედ - ზურაბ ჟვანიას. ახლაც უკვირს, როგორ ვერავინ დაარწმუნა ახლობლებიდან, სააკაშვილისთვის არ დაეჭირათ მხარი. “საკუთარმა მშობლებმაც არ დამიჯერეს”, - მეუბნება დანანებით.

თეამ, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე უარი, იმავე მიზეზით, 2004 წელსაც თქვა. მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა მას თანამშრომლობა შესთავაზა. შეეძლო, აერჩია საქართველოს ელჩის თანამდებობა საფრანგეთში, ან დათანხმებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობას კადრებისა და ფინანსების დარგში. თუმცა, სალომე ზურაბიშვილისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, იცოდა, რომ “ყველა გზა მიდიოდა მიშასთან, მე კი არ მინდოდა მისი ხელისუფლების სამსახურში ვყოფილიყავი. მათი ახალგაზრდული გაბედულება, ყოველდღიური სიგიჟმაჟე და თან იმის გაცნობიერება, რომ დამბალანსებელი ძალა არ არსებობდა ქვეყანაში, მაშინებდა”.

2000 წლიდან სტრასბურგიდან ადევნებდა თვალს  საქართველოში მიმდინარე პერიპეტიებს. თუმცა, თეასთვის იქიდანაც მკაფიოდ ჩანდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველომ “საბოლოოდ გადაუხვია ქვეყნის სწორი განვითარების გზიდან. მიშამ, როგორც მემანქანემ, რელსებიდან გადაიყვანა მატარებელი”. პირველ რიგში, თეა წულუკიანისთვის ამის ნიშანი იმ საქმეების სიმრავლე იყო, რაც სტრასბურგში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადიოდა.

თეა, ძირითადად, საქართველოდან და რუსეთიდან შესულ საჩივრებზე მუშაობდა. მისი უშუალო მოვალეობა, მოსამართლესთან ერთად, ამ საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა და დასკვნის მომზადება იყო. მის ხელში გაიარა გირგვლიანის, ასანიძის, ბათიაშვილის, მირცხულავას, ალიმონაკის, ასევე, ჩვენთვის უცნობი სხვა მოქალაქეების საქმეებმა. თითოეული მათგანი თეასთვის საინფორმაციო ქრონიკის მოვალეობას ასრულებდა - სწორედ ამ სასამართლო დოკუმენტაციიდან ეცნობოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დასკვნებსაც აკეთებდა.

“კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის საქმე რევოლუციური უკანონობის ნიმუში იყო. ეს ადამიანი იმ ქმედებისთვის დასაჯეს, რაც არ იყო დანაშაული. ეს განაჩენიდანაც ჩანს - მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენში არის ფაქტები და შემდეგ სასჯელი, აღწერილობა და სამოტივაციო ნაწილი კი, უბრალოდ არ არის. რეალურად ის პოლიტიკური პატიმარი იყო”. თეა მსგავს უზუსტობებს პოულობდა სხვა საქმეებშიც. ამბობს, რომ ირაკლი ბათიაშვილი ის ადამიანია, ვინც გამოთქმა, „გამაგრდი, ძმაო“ შეიტანა ჩვენი იურისპოდენციის ისტორიაში, როგორც „სისხლის სამართლის“ დანაშაული. ამ ფრაზის გამო, ოპოზიციური მოძრაობა “წინ საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი, ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და დანაშაულის დაფარვაში დაადანაშაულეს. “მის საქმეშიც მთელი კასკადია უკანონობის, აბსურდულობის. საქმეს რომ ეცნობი, არ იცი, იტირო, თუ იცინო, იმიტომ რომ აბსურდია“.

როდესაც სტრასბურგის საქმეებზე მიყვება, თვალები ენთება, ცოტა ცხარობს კიდეც, საუბრისას ხელებს იშველიებს და ცდილობს, საქმის დეტალები ჩემთვის გასაგები ტერმინებით ამიხსნას. ამ საქმეების ბედს დღემდე განიცდის. განსაკუთრებული ემოციურობით კი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღძრულ საქმეს გულშემატკივრობს. ეს, ალბათ, იყო ერთადერთი გამონაკლისი ასეულობით საქმეს შორის, რომელმაც თეა წულუკიანი საშინლად დააბნია და ჩვეული სიმტკიცე და თავდაჯერებულობა დააკარგვინა. 2008 წლის 11 აგვისტოს, საღამოს, შინ ბრუნდებოდა მანქანით, როცა საჭესთან მჯდომს, დავით თომაძემ დაურეკა - იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა, რომელიც  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მხარეს წარმოადგენდა.

„მითხრა, რომ საქართველო ცუდ მდგომარეობაშია, სამინისტროს ტოვებენ, რადგან ევაკუაციაა გამოცხადებული და უნდა, რომ საქართველოს სახელით რუსეთის წინააღმდეგ ტელეფონით შეიტანოს სარჩელი. მაშინვე ზუსტი დრო ჩავინიშნე, სამსახურისკენ მოვბრუნდი და ვთხოვე, წერილობითი დასტურიც გამოეგზავნა იმეილით. მეილზე მოდიოდა დაბომბილი გორის ფოტოები, საშინელი ფოტოები.  თომაძე ამბობდა, რომ ეს უკვე ბოლო იყო“.

თეამ სტრასბურგის სასამართლოს მთავარი განმწესრიგებელი, მთელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ერიკ ფრიბერგი საკუთარ კაბინეტში იპოვა და გაუგებრად, გაცხარებით მიაყარა საქართველოდან მოსული ამბები: „გაოგნებული მიყურებდა. მიხვდა, რომ ომთან დაკავშირებით ვეუბნებოდი რაღაცას, ვიმეორებდი ერთ ფრაზას - „რუსები მოდიან“, ის კი ვერ ხვდებოდა, საით მოდიოდნენ რუსები - სასამართლოში, სტრასბურგში თუ კიდევ სადმე სხვაგან... ძლივს მოვიკრიბე ყურადღება, რომ გასაგებად ამეხსნა ყველაფერი”. ფრიბერგმა საქმეში იმ წუთასვე სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე,  ჟან პოლ კოსტა ჩართო, საჩივარი ფრანგ იურისტს გადასცეს და გადაწყვეტილება მეორე დღესვე  მიიღეს - რუსეთსაც და საქართველოსაც სასამართლომ “სიცოცხლის ხელყოფისა და მოქალაქეთა დაზიანების შეწყვეტისკენ” მოუწოდა.

გამოძიება ჯერაც არაა დასრულებული. საბოლოო შედეგს თეა უკვე თბილისიდან, პოლიტიკოსის რანგში აკვირდება.

ახლა მთაწმინდაზე მუშაობს - ცნობილ მინისა და ლითონის კონსტრუქციაში. მისი სამუშაო ოთახი, სხვა იურისტებთან ერთად, საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სამუშაო ოთახის გვერდით მდებარეობს. ოთახი ნათელ ფერებშია გაწყობილი, გამჭვირვალე მინებიდან კი თბილისის ულამაზესი ხედი ჩანს. მიუხედავად ყველაფრისა, თეა იქ მაინც არაკომფორტულად გრძნობს თავს, ამბობს, რომ ეს არ არის ოფისი. “ძალიან ლამაზია, მაგრამ მაინც რაღაც სხვაა, ეს უბრალოდ ამ ადამიანის რეზიდენციაა”.

თეა “ქართული ოცნების” ამ საკმაოდ ჭრელ პოლიტიკურ კოალიციაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. თუმცა, აქაც თავისი, ძალიან კონკრეტული მიმართულებით მუშაობს - კოალიციის წევრების და მათი მხარდამჭერების ინტერესების დაცვა უწევს. სამართლებრივად აგვარებს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხსაც, ყველაზე ხშირად კი მაინც კონტროლის პალატასთან უხდება ჭიდილი იმ ადამიანების გამო, ვისაც დასაკითხად იბარებენ. მუშაობს როსტომ მეფის სასახლის თემაზეც. როგორც თეა მიამბობს,  ეს სასახლე სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ ხელშეკრულების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს მისი აღდგენისა და განკარგვის უფლება აქვს, დედაქალაქის მერია კი მშენებლობის დამთავრებისა და შენობის ექსპლუატაციის უფლებას არ აძლევს.

ივანიშვილზე საუბრისას გამუდმებით ერთი კითხვა მიტრიალებს თავში - “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანება თეასთვის ისეთივე გამოსავალია, როგორც 2008 წლის იანვარში გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერა იყო, თუ ამ საკმაოდ ეკლექტური იერსახის კოალიციას ნამდვილ პოტენციალს ამჩნევს? მეუბნება, რომ სიჭრელე - ერთგვაროვან პოლიტიკურ სურათში, პირიქით, კარგია. “ჩვენ ზოგიერთ საკითხზე გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, თორემ ძირითადი პოლიტიკური ღირებულებები, რისთვისაც ვიბრძვით ერთია. ქვეყანას არ უნდა მართავდეს ერთ ჭკუაზე მყოფი ერთი გუნდი, ამის შეცვლა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა”. 

სწორედ ამიტომ მიესალმა თავიდანვე ივანიშვილის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში. თეა ამბობს, რომ მან მნიშვნელოვნად შეცვალა პოზიციები და ადამიანებს ცვლილების იმედი გაუჩინა. ივანიშვილის ფული მისთვის უბრალოდ ბერკეტია იმისათვის, რომ ოპოზიციური ფრთა გაძლიერდეს და სახელისუფლებო ძალებთან ერთად თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. “მათ აქვთ ადმინისტრაციული რესურსები და საბიუჯეტო თანხები, ოპოზიცია კი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, რესურსების ნაკლებობას განიცდის”.

“ქართულ ოცნებაზე” ამაზე მეტად აღარ მელაპარაკება. თუმცა, ვხვდები, რომ თეას ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის უმთავრესი ინსპირაცია კანონი და შესაბამისად - უკანონობაა. სამართალი - ეს ათვლის წერტილია მისთვის; საზომია, რითაც წყვეტს, რა პოლიტიკურ პოზიციაზე უნდა იდგას. ივანიშვილის კოალიციაში ყოფნის დროსაც აბსოლუტურად გულწრფელია. მას სჯერა, რომ ხელისუფლება უკანონო მეთოდებით ებრძვის მდიდარ ბიზნესმენს და მორჩა - ეს უკვე საბაბია იმისთვის, რომ ამ უკანონობის აღმოსაფხვრელად თუ გასაბათილებლად იქ დარჩეს, სადაც დღესაა. სხვებიც მეუბნებიან, რომ თეა წულუკიანი მათთვის პრინციპულობის ეტალონია. ადამიანი, რომელიც ასე ერთგულად იცავს საკუთარ შეხედულებებს, იშვიათად შეხვედრიათ. თვითონ თეა, ისე, ჩემს კითხვაზე პასუხად, რიგით ბიოგრაფიულ ფაქტად მიამბობს, კონტექსტში კი მე თვითონ ვსვამ ამ ამბავსაც: საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა “თავისუფალ დემოკრატებში”. მისი ხელფასი სტრასბურგში გაქირავებული საკუთარი ბინის ქირა იყო (პირველი ხელფასი, როგორც კოალიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, დაახლოებით 6 ათასი ლარი, 2012 წლის მარტში ბიძინა ივანიშვილისგან ჩაერიცხა).

ახლა უკვე მიკვირს კიდეც, როგორ ვერ მიხვდა პრინციპული, პირდაპირი, ცხარე და დაუღალავი მოპაექრე,  მიზანდასახული და ფაქტებით კამათს მოყვარული, თეა წულუკიანი, რომ დიპლომატია მისი საქმე არ იყო. თუმცა, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდა, 17 წლის იყო და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ბევრი ახალგაზრდა დღემდე აკეთებს - რადგანაც თვითონ ზუსტად არ იცოდა, რისი გაკეთება უნდოდა მომავალში, მამის სურვილს მიჰყვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლად გახსნილ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩააბარა.

კურსის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი იყო. ისე გამოვიდა, რომ უნივერსიტეტში სწავლას ყველაზე რთული პერიოდი დაემთხვა - სინათლე ხშირად ითიშებოდა, აუდიტორიები ვერ თბებოდა, სწავლის პირობები არ იყო, მაგრამ ალექსანდრე რონდელი იმ წლებს მაინც სასიამოვნოდ იხსენებს, რადგან სტუდენტების გამორჩეულად კარგი ტალღა მივიდა უნივერსიტეტში. „მათ შორის იყო ერთ-ერთი მარგალიტი - თეა. აუდიტორიაში შესვლისთანავე შეამჩნევდი ანთებულ თვალებს. მომცრო გოგოა. პატარა გოგოს ჰგავს, მაგრამ თვალებში ისეთი ძალა აქვს და ინტელექტი, რომ არ არსებობს, გამოგრჩეს“, - მიამბობს ალექსანდრე რონდელი.

კათედრის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საუკეთესო სტუდენტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ახლად დაარსებულ ცენტრში წაიყვანა სამუშაოდ.

ალექსანდრე რონდელი და მასთან მიღებული გამოცდილება თეას კარიერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, ისევე, როგორც წლებით ადრე საფრანგეთში სასწავლებლად გამგზავრება. 16 წლის იყო, როცა “საბჭოთა ბავშვი”, თეა წულუკიანი საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა AFშ-ით ლიონის საჯარო სკოლაში მოხვდა.

„მახსოვს, პირველად მასწავლებელი რომ შემოვიდა კლასში, ფეხზე ავდექი. შეკითხვებსაც ფეხზე ამდგარი ვპასუხობდი, ისე, როგორც საბჭოთა სკოლაში ვიყავი დაჩვეული. კლასელები ამის გამო დამცინოდნენ. მაშინ საბჭოთა სკოლებში იმასაც გვასწავლიდნენ, რომ სისუსტის გამოჩენა სირცხვილია. სირცხვილია, როცა რაღაც არ იცი. არადა, საფრანგეთში მივხვდი, რომ ყველაფერი პირიქითაა. არ უნდა მოიშტერო თავი და სისულელეები არ თქვა, როცა რაღაც არ იცი“.

პიროვნული ტრანსფორმაცია, რომელიც საფრანგეთში სწავლისას განიცადა, თეასთვის იმდენად ძვირფასი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ დასაბრუნებლად. საკონკურსო გამოცდა წარმატებით ჩააბარა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს დახმარებით, 1998 წელს, თავისი ოცნების სასწავლებელში - საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) ჩაირიცხა. ეს სკოლა, რომელიც შარლ დე გოლმა დააარსა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს.  ყველა ის ევროპელი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში სურს მუშაობა, ამ სკოლაში მოხვედრაზე ოცნებობს.

ENA-დან თეა სტაჟირებაზე საფრანგეთის სარტის დეპარტამენტში გაგზავნეს. ქალაქ ლემანის პრეფექტის კაბინეტში მიიღეს და ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების მოგვარება დაავალეს. ქუჩაში მანქანების დაწვა, მოხუცთა და ბავშვთა სახლების პრობლემები, წყლით მომარაგების სისტემა, გზები - თეა ამ პრობლემებზე ფრანგულ პოლიციასთან და სახელმწიფო მოხელეებთან ერთად მუშაობდა. მეუბნებიან, საფრანგეთის მოქალაქეობა რომ ჰქონოდა, ფრანგულ ხელისუფლებაში თეა დღეს აუცილებლად მაღალ თანამდებობაზე იქნებოდაო. ამას თავადაც ადასტურებს. ერთი პირობა, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება მართლაც სცადა, მაგრამ ვერ გაბედა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შიშით.

ENA-ში სწავლისას თეამ თავი ისე გამოიჩინა, რომ მისი წარმატებების შესახებ საქართველოშიც გაიგეს. როცა მინდია უგრეხელიძემ, რომელიც მაშინ უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობდა, საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ENA-ს რექტორს ჰკითხა, თუ რამ მოანდომა საქართველოში ჩამოსვლა, პასუხად მიიღო: “იმიტომ შეგხვდით, რომ გაგიზიაროთ აღფრთოვანება და მადლიერება გამოვხატო, ასეთ კარგ სტუდენტებს რომ გვიგზავნით. ეს სტუდენტი თეა წულუკიანი აღმოჩნდა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, პირველად გავიგე მის შესახებ“, - მიამბობს მინდია უგრეხელიძე.

ამ შემთხვევის შემდეგ მინდია უგრეხელიძე და თეა წულუკიანი ერთმანეთს სტრასბურგის სასამართლოში შეხვდნენ. „მკაცრი წესების დაცვით შემოვიდა ჩემთან და მაცნობა, გავიგე ქართველი იურისტის ადგილზე კონკურსია გამოცხადებული და მონაწილეობა მინდა მივიღოო. თქვენი აზრი მაინტერესებსო“, - უგრეხელიძე ახლად დანიშნული მოსამართლე იყო, თეას კი ახალი გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დიპლომატია, რომლის სწავლასაც 8 წელი შეალია, მისი საქმე არ იყო. მოლაპარაკებებსა და პროტოკოლზე მეტად სამართლებრივი საკითხები იტაცებდა. ამიტომ, ამ პროფესიაში ბედის საცდელად, სტრასბურგში იურისტის ვაკანსია ზედგამოჭრილი იყო.

კონკურსი გაიარა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. ცოტა ხანში მიიღო უფროსი იურისტის წოდება, იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, ბოლოს - მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე.

„ორგანიზებული, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, კორექტული, პატიოსანი, ღირსეული, სამშობლოს ერთგული, რკინის დისციპლინის მქონე“, - ეს ის ეპითეტებია, რასაც თეას მეგობრები და კოლეგები მასზე საუბრისას ყველაზე ხშირად ხმარობენ. მინდია უგრეხელიძემ კი მას უბრალოდ „რენესვანსი“ უწოდა. როგორც მითხრა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სვანური რკინის ხასიათის მქონე ქართველმა გოგომ, დიდი კონკურენციის მიუხედავად, ძალიან მალე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო ორგანიზაციაში.

თეა წულუკიანის ამ თვისებებს დღეს ყველაზე უკეთ “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ლიდერი აფასებს და იყენებს, რადგან ასეა - თუ ამ პარტიის გვერდითაა, თეა მის საქმეებს უძღვნის მთელ თავის ენერგიას და გამოცდილებას. თუმცა, ალასანია ამასაც მეუბნება:  “ზუსტად ვიცი, თეა ისეთი პრინციპული ადამიანია, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, კოალიციის და პარტიის საქმეებზე მაღლა, ყოველთვის კანონის ინტერესებს დააყენებს“.

არის რამდენიმე გარემოება, რაც ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მუშაობაში უშლის ხელს - ეს ქართული არაპუნქტუალობა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებაა. „ადამიანები ბევრ დროს კარგავენ უსარგებლო რაღაცებში, მაგალითად, ქეიფში“. თუმცა, ამ “ორგანიზებულ ქაოსს” უკვე შეეჩვია.

ახლა თეას სამუშაო დრო არანორმირებულია. ბევრი რამ მის ინიციატივაზეა დამოკიდებული, რისი საშუალებაც სასამართლოში არ ჰქონდა. ზოგჯერ ლექციებს კითხულობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ხან ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად სხვადასხვა კანონპროექტის ფორმულირებაზე მუშაობს. ყოველ ხუთშაბათს „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში მოსახლეობას ხვდება 10-დან 12-მდე. „ხალხთან შეხვედრა „დამიწებაში“ მეხმარება, ჰაერში რომ არ ავიჭრა და ილუზიებში არ ვიცხოვრო. ყველა პოლიტიკოსს სჭირდება ასეთი „დამიწება“, - მეუბნება და მიმეორებს, რასაც აქ ვაკეთებ, ძალიან მომწონს, თუმცა, შინაგანად სულ ვშფოთავო.

„ავტომატივით ვარ, დილით ადრე ადექი. წადი, წამოდი. მშობლები მენატრება, რადგან კვირაში ერთხელ ვახერხებ ნახვას. გადასახადების გადასახდელადაც ვერ ვიცლი ზოგჯერ“, - სამსახურში ყოველდღე სოფელ დიღმიდან დადის. მშობლებთან და ძმის ოჯახთან ერთად “პლეხანოვზე” ცხოვრება არ ისურვა. ერთხელაც ჩემოდნებით სოფელ დიღომში გადაბარგდა - სახლში, რომლის მშენებლობასაც 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტრასბურგიდან. ამბობს, რომ სოფელი უყვარს და იქ თავს უფრო მშვიდად გრძნობს. სიმშვიდეს და სიმყუდროვეს - რასაც საფრანგეთიდან გამოექცა - ბოლო დროს ყველაზე მეტად ეძებს. იოგას ვარჯიშობს ფიზიკური განვითარებისთვის, მაგრამ მეუბნება, რომ მშფოთვარე ხასიათის გამო, ამაშიც ვერ პოულობს წონასწორობას და სიმშვიდეს. უყვარს მთები. ბაბუამ შეაყვარა სვანეთში, როცა პატარაობისას, გოდორში ჩაისვამდა ხოლმე სამუშაოდ მიმავალი. მიამბობს, რომ მოყვარული ალპინისტის სტატუსით იყო ჰიმალაის მთებში. ყველაზე მაღლა 5 ათას მეტრზე, კილიმანჯაროს მწვერვალ უჰურუს (თავისუფლების) პიკზე ავიდა. „ალპინისტი არ ვარ და ჯომოლუნგმაზე ასვლის პრეტენზიაც არ მაქვს“, - მიკონკრეტებს.

ჩვენი საუბრების შემდეგ ვხვდები, რომ თეასთვის მიზანი არც პოლიტიკური მწერვალების დაპყრობაა. „არ გაიშვა ჩემი პოლიტიკოსობა“, - ღიმილით დასძენს. ამიტომ იმ სერიოზულობისა და შინაგანი მობილიზების მიუხედავად, რითაც ახლა “ქართულ ოცნებას” ემსახურება,  პოლიტიკაში მისი უმთავრესი მიზანი საკმაოდ მოკლევადიანია - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგება და ამ გზით, მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში. გეგმა ამ პუნქტზე მთავრდება - გამარჯვების შემთხვევაში საკუთარი თავის წარმოდგენა ნებისმიერ თანამდებობაზე უჭირს. ჩემი ჩაძიების შემდეგ მეუბნება, ალბათ, ყველაზე კომფორტულად თავს კანონშემოქმედებით პროცესში  ვიგრძნობდიო, პარლამენტის რიგით წევრად.

“სიმართლე რომ გითხრა, ამ წუთას ერთ რამეზე ვფიქრობ. ერთი სული მაქვს, როდის მოვა 2012 წლის 1 ნოემბერი, როდესაც ჩავალაგებ ჩემოდანს და ბედნიერი წავალ შინ, სტრასბურგში. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში გავიმარჯვებთ და აქ ჩემს გარდა ისედაც ბევრი ადამიანი იქნება საქმის მკეთებელი. მე საჭირო ნამდვილად აღარ ვიქნები”.

სტრასბურგში დაბრუნების სურვილი გარკვეულწილად მის პირად ცხოვრებასაც უკავშირდება. თუმცა ეს ის თემაა, რაზეც ყველაზე ნაკლებად საუბრობს. საქართველოში ამისთვის დრო უბრალოდ არ რჩება. თუმცა, ისედაც, ზოგჯერ მეჩვენება, რომ როგორი პრინციპულობითაც იცავს კანონსა და სამართალს, ასეთივე მონდომებით იცავს საკუთარ პირად ცხოვრებას გარეშე თვალისგან, მათ შორის, ჩემგანაც. თითქმის ერთთვიანი რეგულარული ურთიერთობის შემდეგ, არასდროს მეპატიჟება შინ - არც ფოტოების გადასაღებად.

„რაღაც პაუზასავით მაქვს აღებული. მუდმივად, ალბათ, ასე ვერ გაგრძელდება. არჩევნებამდე ვიდგები იქ, სადაც ვდგავარ და მერე აუცილებლად ბალანსი უნდა ვიპოვო პროფესიულსა და პირადს შორის. ერთხელ უარი ვთქვი ოჯახის შექმნაზე, შეიძლება ახლა იგივე ნაბიჯი არ გადავდგა. სულ ვხუმრობ ხოლმე: 37 წელი მივუძღვენი ჩემს პროფესიას, ახლა, ალბათ, ოჯახის შექმნის დროა. ყველაზე მეტად ეს ამბავი დედაჩემს გაუხარდება. მას ჰგონია, იმის გამო, რომ ოჯახი არ მაქვს, წარმატებული ადამიანი არ ვარ”, - მეუბნება ღიმილით.

@