თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალი

1

წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ოქტომბრის ნაცვლად დეკემბერში გაიმართა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები, ნინო ანჯაფარიძე და გაგა ჩხეიძე ამბობენ, საერთაშორისო კინოფესტივალების კალენდარი წელიწადის ამ დროს ნაკლებად დატვირთულია. გასულ წლებში თბილისში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა დიდი იყო, მაგრამ ბევრი მათგანი უფრო ცნობილ და პრესტიჟულ კინოფესტივალზე ამჯობინებდა წასვლას, შესაბამისად, მოგზაურობდნენ ფილმებიც და თავისუფალი ასლების მოპოვება რთულდებოდა.
თუმცა, თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალის წარმატებით ჩატარება მხოლოდ თარიღის გადაწევით არ იყო განპირობებული. წლევანდელ ფესტივალს, ბევრ საინტერესო სტუმართან ერთად, უპრეცედენტოდ ბევრი მაყურებელიც დაესწრო. საფესტივალო ფილმები კინოთეატრი "რუსთაველის" სავსე დარბაზებში გადიოდა. საბჭოთა ეპოქის შემდეგ, კომერციულ კინოთეატრს (მის ფოიეში არსებულ კაფეს თუ არ ჩავთვლით) ამდენი სტუმარი პირველად ჰყავდა. არადა, ფესტივალის გახსნამდე ერთი კვირით ადრე მისი ჩატარების საკითხი მოულოდნელად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
მუნიციპალური კინოთეატრის არარსებობა და რუსეთის მიერ კინო-გაყიდვებში საქართველოზე ნაყიდი უფლებები კინოფესტივალს ტრადიციულად უქმნის პრობლემებს. ამ მიზეზით მაყურებელმა წელს ვერ იხილა ულრიჰ ზაიდლის "იმპორტ/ექსპორტი", პიტერ გრინუეის "შუაღამის შემოვლა", პოლ ვერჰოვენის "შავი წიგნი", ირჟი მენცელის "ინგლისის მეფის სამსახურში", რომელთა ჩვენება ორგანიზატორთა მიერ დაგეგმილი იყო. ქართული სადისტრიბუციო ქსელის შექმნის უპერსპექტივობასთან შედარებით, პირველი პრობლემა სახელმწიფოს კინო-პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში უფრო იოლად მოგვარდებოდა.
წლევანდელ ფესტივალზე მხოლოდ რაოდენობრივი ცვლილებები არ მომხდარა. შეიცვალა კონცეფციაც საკონკურსო პროგრამასთან მიმართებაში. ამიერიდან კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ დებიუტანტი რეჟისორები პირველი ან მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევრით.
ასევე, დეკემბრის დასაწყისში თბილისში მსოფლიო კინემატოგრაფის ცნობილმა და წარმატებულმა ადამიანებმა მოიყარეს თავი. თუკი შარშანდელი ფავორიტი სტუმრები ოსკაროსანი რეჟისორი ჰიუ ჰადსონი და ქართველი გენერლის შთამომავალი მსახიობი მარიამ დ’აბო იყვნენ, წელს სწორედ მათი რეკომენდაციით, ფესტივალს ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი – ბობ რაფელსონი ესტუმრა მასტერკლასით "რეჟისორის აღსარება". სერბეთის მაგალითის გათვალისწინებით, სადაც მასტერკლასს ათასი მსმენელი დაესწრო, რეჟისორმა და მისმა აგენტმა ფესტივალის ორგანიზატორებს მიმართეს თხოვნით მასტერკლასისათვის მხოლოდ 200-300 ადგილიანი დარბაზი შეერჩია. საქართველოში, კინოგურმანებს და კრიტიკოსებს თუ არ ჩავთვლით, ბობ რაფელსონს ძირითადად მისი ორი ფილმით იცნობენ - "ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს ზარს" და "სისხლი და ღვინო" (უკანასკნელს ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობის წყალობით). ამიტომ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გადავსებულ დარბაზში კიბის საფეხურზე მომიწია ჯდომა. საბჭოთა პერიოდის საქართველოში კი მაყურებლები მის სრულმეტრაჟიან დებიუტს ანიჭებდნენ უპირატესობას, ფილმს - "ხუთი მსუბუქი პიესა", ფილმს, რომლითაც რაფელსონმა ახალი ჰოლივუდის ერთ-ერთ ლიდერად და კონვენციების უარმყოფელ რეჟისორად დაიმკვიდრა თავი. ქართველი მასპინძლების მხრიდან მისი ჰოლივუდის ვარსკვლავად მოხსენიება რაფელსონმა გახსნის საღამოსვე გააპროტესტა: "იმიტომ, რომ ჰოლივუდის წარმომადგენელი ვარ, ისე ნუ მიყურებთ, თითქოს უცნაური ცხოველი ვიყო. ჰოლივუდიდან არც ვარ, მე კოლოდაროს წარმოვადგენ". ფაქტია, რომ ფილმებთან ერთად მაყურებლები რაფელსონის ექსცენტრიკითაც მოიხიბლნენ - მას მეორე ლექციის ჩატარებაც გადაჭედილ დარბაზში მოუწია. [pagebreak]
ფესტივალს წელს მეორედ ეწვია რუსული საპროდიუსერო კომპანიის "კინო ბეზ გრანიც" პრეზიდენტი სემ კლებანოვი. შარშან სწორედ მისი კომპანიის მხარდაჭერით მოხერხდა მოსკოვიდან შვედეთის გავლით თბილისში ფილმების ჩამოტანა ევროპული კინოს ფორუმის სექციისთვის. "Прорвём блокаду!" - ასეთი იყო საზღვრებს გარეშე მოქმედი კინემატოგრაფის მსახურთა მოწოდება 2006 წელს: "რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ შემოღებულმა სატრანსპორტო ბლოკადამ ფესტივალი არაერთი პრობლემის წინაშე დააყენა. ფილმების მნიშვნელოვანი რაოდენობა რუს გამქირავებლებს უნდა გამოეგზავნათ’’...). ჩანს, საქართველოსთან თანამშრომლობას კულტურის მოღვაწეთათვის დისიდენტობის მომხიბვლელი სუნი უდის. თბილისში ის თავისი ფილმით ჩამოვიდა, თუმცა, ფილმს "გზა გალესკენ – მოხალისეთა დღიურები" ისევე, როგორც ფესტივალზე წარმოდგენილ სხვა დოკუმენტურ ნამუშევრებს, აუდიტორია ნაკლებად სწყალობდა. არადა, დოკუმენტური ფილმების განყოფილებაში წელს რამდენიმე შესანიშნავი სურათი მოხვდა, მათ შორის, ლაილა პაკალნინას ლატვიური ფილმი "თეოდორსი" და "ჩეხური ოცნება" (რეჟისორები: ფილიპ რემუდა, ვიტ კლუსაკი)...
სწორედ დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციას და დოკუმენტალისტიკის განვითარებას ისახავს მიზნად კინოკომპანია "საქდოკი", რომლის პრეზენტაციაც საფესტივალო დღეებში შედგა. "სანამ დროა" - ასეთია სლოგანი კომპანიისა, რომელიც "დოკუმენტის შექმნისკენ" მოუწოდებს კინემატოგრაფისტებს. კომპანიის წევრები უკვე სამი დოკუმენტური ფილმის პროექტზე მუშაობენ. ამასთან ერთად, ისინი მზად არიან კონსულტაცია და დახმარება გაუწიონ ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებს პროექტების განვითარებასა და საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობაში. "საქდოკი" დაკავებულია რეკლამების დამზადებითაც, თუმცა, დამფუძნებლებს (ანა ძიაპშიპა, სალომე ჯაში, გიორგი წიქარიშვილი) მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი სარეკლამო კლიპის ბიუჯეტით სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებაც შესაძლებელია.
დოკუმენტური ფილმებისგან განსხვავებით, მაყურებლების თქმით, ფესტივალის ფავორიტი იუნიფრანსის მიერ შემოთავაზებული ფრანგული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა გახდა, რომელიც ორ ნაწილად იყოფოდა: "ოსტატების კოლექცია" და "ახალი კოლექცია". იუნიფრანსის პროგრამის კოორდინატორის, ანა ძიაპშიპას თქმით, ფილმების ფირების ასლების მოპოვებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მორის პიალას, ფრანსუა ტრიუფოს, ჟან-ლუკ გოდარის, ერიკ რომერის, ჟაკ დონიოლ-ვალკროზის პირველი ნამუშევრების დიდ ეკრანზე ხილვა კინოს მოყვარულისთვის საქართველოში თითქმის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.    
თუმცა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის აზრით, არსებობს მიზეზები, რომლის გამოც ფესტივალი მხოლოდ ფუფუნება ვერ იქნება: "საერთაშორისო კინოფესტივალი ის ფორუმია, რომელზეც ინფორმაციის გაცვლა, პოტენციური პარტნიორების მოძიება და ერთობლივ პროექტებზე ფიქრი იწყება. ამ თვალსაზრისით, კინოფესტივალი ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა".
ფესტივალს, ტრადიციისამებრ სამი ჟიური ჰყავდა: ოფიციალური, ფიპრესის და ფარაჯანოვის, რომელთაც 11 ფილმისგან დაკომპლექტებული საკონკურსო პროგრამიდან თავისი ფავორიტები უნდა აერჩია. მთავარი პრიზი "ოქრის პრომეთე" და ფარაჯანოვის პრიზი " მინანქრის ბროწეული" პოლონურ ფილმს გადაეცა, ანჯეი იაკიმოვსკის - "ხრიკებს". ფილმს, რომლის პატარა გმირი რა ხრიკებს აღარ იგონებს, ოჯახიდან წასული მამა სახლში რომ დააბრუნოს. ვერცხლის პრომეთე გადაეცა ალექსეი პოპოგრებსკის ფილმს "მარტივი საგნები". ფიპრესის პრიზით, ისრაელელი რეჟისორი დევიდ ვოლახის პირველი ნამუშევარი დაჯილდოვდა - "ჩემი მამა, ჩემი ღმერთი", რომლის სიუჟეტი ულტრა ორთოდოქსულ ოჯახში ვითარდება და აბრაამის და ისააკის ისტორიის თანამედროვე ინტერპრეტაციას გაგონებს. 
საკონკურსო ფილმებში მშობლისა და შვილის ურთიერთობის თემა ფიგურირებდა (ფილმები "მამაჩემი - ჩემი ღმერთი", "მაგნუსი", "ყველაფერი, რაც ვიცი ლოლას შესახებ", "პინგ-პონგი", "ხრიკები"), რაც სიმბოლურად დაემთხვა სპონსორთა რიგებში პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის სახით "ახალი მშობლის" შეძენის ფაქტს. სააკაშვილმა მთავარი პრიზის სპონსორობა გასწია და ფულადი ჯილდოს გადაცემას დახურვის საღამოზე თავად აპირებდა. ამის გამო კინოთეატრ რუსთაველში საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა – შენობა მთლიანად დაცვის თანამშრომლებმა აითვისეს. დახურვაზე მოწვეულ ადამიანებს ე.წ. საკონტროლო პუნქტებზე ჩანთებს საგულდაგულოდ უმოწმებდნენ. ზოგიერთმა მაყურებელმა ამ ფაქტის გამო უარი თქვა დასწრებოდა დახურვის ცერემონიალს. ასეთი ვითარება ფესტივალის უცხოელი სტუმრებისთვისაც უჩვეულო აღმოჩნდა. თუმცა, განგაში არაფრის გამო ატყდა - სპონსორი არ მოვიდა.

@