• warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 1 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 22 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.
  • warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 34 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი და სხვა დანაშაულები

5

”სიყვარული და სხვა დანაშაულები”

მსოფლიოში საუკეთესო კინო, ქართული კინოა. ჰოდა, 9 დეკემბერს გახსნილ თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალს მანანა არჩვაძე-გამსახურდისტების არმია რომ დაესხა თავს, სულ არ მიკვირს. უფრო ის მიკვირდა, ამდენ ხანს რომ არ უსახელებიათ თავი 10 სიტყვით შემოფარგლული ლექსიკურ-მარაგიანი მიტინგებით, დემონსტრაციებითა თუ სხვა სახის წივილ-კივილით. ეს პატივცემული ადამიანები ჯიუტად აეფარნენ კინოთეატრ "ამირანის" მთავარ შესასვლელ კარს და "მკვლელო-მკვლელოს" უყვიროდნენ დარბაზში შესვლის ყველა მსურველს. თუმცა, თქვენს მონა-მორჩილს ერთობ დისკრიმინაციულად მიაჩნია ამგვარი განურჩეველი შეფასება... იქნებ ზოგიერთი სტუმარი უფრო მეტს იმსახურებდა, არჩვაძე-გამსახურდისტებმა კი მხოლოდ "მკვლელი" აკმარეს. აბა, ეს სამართალია? ერთი სიტყვით, მიუხედავად აურზაურისა, ფესტივალი მაინც გაიხსნა და არა ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმით, როგორც ამას მისი ქვრივისტები ითხოვდნენ, არამედ ჯო რაითის გახმაურებული ფილმით "სინანული", რომელიც ქართულ ეკრანებზე "მონანიების" სათაურით გავიდა.  ჯო რაითი, ბრიტანელი რეჟისორი, ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. 10 საკონკურსო ფილმს 4 დღის განმავლობაში აფასებდა საერთაშორისო ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
ჟიურის თავმჯდომარე: ლანა ღოღობერიძე - კინორეჟისორი (საქართველო); მიქელე პანელა - ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალის "ინტერსიტის" ერთ-ერთი დირექტორი (იტალია); რობერტ სმაიგერტი - კინორეჟისორი, პროდიუსერი (გერმანია); სერჟ სობჟინსკი - კანის კინოფესტივალის პროგრამის "მსოფლიო კინო" ხელმძღვანელი 2004-07 წლებში, არტ-მენეჯერი (საფრანგეთი); ჯო რაითი - კინორეჟისორი (დიდი ბრიტანეთი)
ფესტივალი, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მაინც შედგა: მაყურებელმა 60-მდე ფილმი იხილა სხვადასხვა პროგრამაში. ტრადიციულად, გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით, წარმოდგენილი იყო ახალი გერმანული ფილმების პროგრამა "Made in Germany" , ალექსანდრ დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით კი ფესტივალზე 3 პროგრამა წარმოადგინეს: "თანაცხოვრება" - ფილმები ემიგრანტების შესახებ; "68 წლის მაისი" - ლეგენდარული მოვლენების ამსახველი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები და ანიეს ვარდას მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელთა დიდი უმრავლესობის ხილვის საშუალება გენიალური ფრანგი რეჟისორის ქართველ თაყვანისმცემლებს პირველად მიეცათ.
ამას გარდა, ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე სპეციალური ჩვენებაც მოეწყო (ალექსეი გერმან უმცროსის, ტატო კოტეტიშვილის, ჯო რაითის, ინეკე სმიტსის, დივიდე ფერარიოს ფილმები), ქართული კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა კი ფესტივალის 4 საღამო ნამდვილ კინოდღესასწაულად აქცია 4 ქართული უხმო ფილმის სპეციალური ჩვენებით. თუმცა, მოდით, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

საერთაშორისო კონკურსი
წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართული იყო რეჟისორების პირველი ან მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. როგორც ფესტივალის ხელმძღვანელებმა - გაგა ჩხეიძემ და ნინო ანჯაფარიძემ განაცხადეს, ასეთი პროგრამა მაყურებელს საშუალებას აძლევს, იხილოს მომავლის კინო, კარგად დაიმახსოვროს ჯერ კიდევ უცნობი გვარები და ვინ იცის, იქნებ შემდეგში იამაყოს კიდეც, რომ მსოფლიო კინოს მომავალი ცნობილი სახელები მისთვის უკვე უცხო აღარ იქნება. ამგვარმა მიდგომამ ნამდვილად გაამართლა, მე პირადად, როგორც ერთ-ერთი რიგითი მაყურებელი, საერთაშორისო კონკურსის მონაწილე რამდენიმე რეჟისორის დამახსოვრებას ნამდვილად გირჩევთ, ხოლო თუ ფესტივალზე მათი ფილმები ვერ ნახეთ, იქნებ სხვაგან მაინც სცადოთ. საკონკურსო ფილმების მიმოხილვას ცუდიდან კარგის მიმართულებით მივყვები.

"ქალთევზა"
რეჟ. ანა მელიქიანი (რუსეთი)
ეს არის გახმაურებული "ამელის" რუსული ვერსია, მაღალბიუჯეტიანი, უსაშველოდ გაწელილი მუსიკალური კლიპი (მთელი 114 წუთი!), რომელიც ლამის არასოდეს არ მთავრდება. მთავარ პერსონაჟს ალისა ჰქვია, დიდი უცნაური და ახირებული გოგონაა, პატარა ზღვისპირა სოფელში იბადება და ზებუნებრივ უნარს ფლობს: რაიმე ძალიან თუ მოუნდება, ყურადღებას მოიკრებს და სასწაულებრივი გზით უსრულდება კიდეც. "ქალთევზა" ერთადერთი საკონკურსო ფილმი იყო, რომელმაც მაიძულა, ჩემი პატიოსანი ჟურნალისტური მოვალეობა ბოლომდე არ შემესრულებინა და დარბაზიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვქცეულიყავი. უგემოვნობის ზეიმი, იაფფასიანი საბჭოთა ანეკდოტური კომედიების ტიპაჟები (ჩასუქებული და კაცებზე შეშლილი მარტოხელა დედა, მთვრალი მამაკაცები), ახალრუსული "გლამური" - მდიდარი და სიმპათიური მანიაკალურად დეპრესიული მამაკაცი, რომელიც ალისას უიმედოდ უყვარდება და რომელსაც გარს უამრავი ლამაზი ქალი ახვევია. ერთი სიტყვით, თუ თქვენთვის რუსული MTV-ს ესთეტიკა ახლობელი და საყვარელია, ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ, სხვა შემთხვევაში კი, ტყუილად დაკარგავთ 2 საათს. საკონკურსო პროგრამის ყველაზე ცუდ ფილმს რომ აჯილდოებდნენ, ვეჭვობ, ანა მელიქიანი პრიზის გარეშე არ დარჩებოდა.

"ოთხშაბათი, ხუთშაბათის დილა"
რეჟ. გჟეგოჟ პაცეკი (პოლონეთი)

ამ ფილმის მთავარი ღირსება მისი ქრონომეტრაჟი უფროა (სულ რაღაც 71 წუთი), ვიდრე სხვა რამ. პირველი 50 წუთის მანძილზე ვესტიბულარული აპარატის მომშლელი კამერის ყანყალის და ორი ახალგაზრდას - გოგონასა და ვაჟის ქუჩებში "ცელქობის" შემდეგ ხელთ მარტივზე მარტივი ისტორია გვრჩება. თურმე ნუ იტყვით და, გოგონა საავადმყოფოდან გამოქცეულა, ლეიკემიით არის დაავადებული და მალე მოკვდება; ამ ამბის გაგებით თავზარდაცემულ, მასში შეყვარებულ ბიჭს ნარკოტიკების ამპულებსაც მიაჩეჩებს, - მომკალიო. მოდი და ნუ გაგახსენდება ქშიშტოფ ზანუსი... ერთი სიტყვით, ეს არის მორიგი პრიმიტიული ფილმი სასიკვდილოდ განწირულ ადამიანზე, რომელიც მთელი სიმძაფრით შეიგრძნობს დარჩენილი, ხანმოკლე სიცოცხლის მშვენიერებას. თემას თავისთავად არაფერს ვერჩი, აი, ფილმი კი საშუალოზე სუსტი და უინტერესოა - ვერც მსახიობები გხიბლავენ და ვერც მათი ძალად გიჟი პერსონაჟები. პაცეკს კი ძალიან ბევრი უკლია თავის ლეგენდარულ თანამემამულე რეჟისორებამდე, რომელთაც ასე აფასებენ საქართველოში.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.