თბილისი strikes back

ივლისი 27, 2012 ავტორი გიორგი მაისურაძე

ილუსტრაცია: გიორგი მაისურაძე

ანგელოზების მეორე შემოსევა

სანამ ზეციური ბულდოზერები გუდიაშვილის მოედნის ნგრევას შეუდგებოდნენ, ერთღმერთიანთა ღმერთმა ორი ანგელოზი გამოგზავნა საიდუმლო მისიით: მათ უნდა გაექროთ ღმერთის უხერხული ქმედების ნივთმტკიცება – განავალიანი პირველქმნილი არსება, რომელიც დელისის ორაკულის სახელით იყო გუდიაშვილის მოედანზე გალიაში გამოწყვდეული და სამოსელგანძარცული და მის უგენიტალო სხეულს ეხახუნებოდნენ ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომელთაც ხუთი წუთით ცნობისმოყვარეობის დასაოკებლად მოსული ტურისტების ამონასუნთქი ოხშივარი წარმოშობდა. ორაკულის მნახველები სოლიდარობას უცხადებდნენ უტანსაცმლო პირველქმნილს და თავადაც შიშვლდებოდნენ. ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა რადიკალურ ფორმასაც მიმართა და შიშველ ტანზე თაფლი წაიცხო და ისე წამოგორდა ორაკულის გალიის წინ. მეორე ჯგუფი კი მიადგა და ლოკვა დაუწყო თაფლიანებს.

სწორედ ამ სანახაობამ შეაფერხა ორი ანგელოზი, რომლებიც მოერიდნენ ალიაქოთს და ხალხის გაფანტვამდე გადაწყვიტეს კოქტეილ-ბარ ლაბორატორიუმში შესულიყვნენ და წყურვილი დაეოკებინათ, თანაც ბარის ფანჯრებიდან თვალი ედევნებინათ შიშველი და თაფლწასმული ადამიანების ქმედებებისათვის. ნანო-ტექნოლოგიების წყალობით, რომელიც, მიუხედავად ოფიციალური გმობისა, ზეცაშიც აეთვისებინათ, ანგელოზებს განსასხეულებლად მოკვდავი ადამიანების სხეულები აღარ დასჭირვებიათ და მათ ფრესკების მიხედვით შეისხეს ხორცი. ამან ჯოვანი მორელის საქმე გაუადვილა და ორ უცხო სტუმარში ფრთების ბუმბულის ანალიზით ამოიცნო ერთღმერთიანთა ღმერთის მსტოვარნი, რომელიც მას პერუჯაში, უმბრიის ნაციონალურ გალერეაში ჰყავდა ნანახი ბერნადინო პინტურიქიოს მიერ განხილვებულნი და ამ ნახატის შინაარსმა იმასაც მიახვედრა თუ რა მისიით უნდა ყოფილიყვნენ ჩამობრძანებული ბერნადინო დი ბეატოს „პიეტას“ ანგელოზები.

ანგელოზემბა მოხიტო მოწრუპეს და გვერდით მაგიდაზე მსხდომ ადამიანებს გაუღიმეს. სულ ორიოდე საათში ანგელოზები ისე გამოთვრნენ, რომ  გადაავიწყდათ საიდუმლო მისია და ადამიანურ ლხენას მიეძალნენ. ბენკენდორფმაც დრო იხელთა და ერთღმერთიანთა ღმერთზე შურის საძიებლად მისი აგენტების აბუჩად აგდება განიზრახა და მორელის შემდეგ კოქტეილში ანგელოზებისათვის ვიაგრა ჩააყრევინა. ვინაიდან ანგელოზებს ერთი განსაზღვრული სქესი არ გააჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ პინტურიქიოს ისინი მამრებად გამოესახა, ვიაგრამ მათში სექსუალური ფუნქციის სრული აღრევა და ქაოსი გამოიწვია: აღგზნებულ ანგელოზებს ერთდროულად ყველა სახის სექსუალური ფანტაზია აუმოქმედდათ და ერთნაირი ვნებით დაერივნენ ლაბორატორიუმში შეკრებილ მდედრ და მამრ არსებებს და მას შემდეგ, რაც კოქტეილ-ბარში გასაუპატიურებელი ერთ-ერთი სტუმრის პუდელიც კი აღარ დარჩა, კაეშანდაუოკებელი ფრთოსანნი გუდიაშვილის მოედანზე გაცვივდნენ და მოედანზე თაფლწასმული და მათი მლოკავი ადამიანებისაკენ გაიწიეს, რომლებიც პარალელურად გლიტვაინს შეექცეოდნენ დელისის ორაკულის სახელზე და დიად სასწაულს ულოცავდნენ განავალიანთა რასის ერთადერთ წარმომადგენელს.    

საქმე ისაა, რომ ორი ანგელოზის მოფრენამდე სამი დღით ადრე ერთი უცნაური ამბავი მოხდა გუდიაშვილის მოედანზე, რამაც ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო მეტად ჩახლართა. იმ ღამეს დელისის ორაკული ახალი ჩაძინებული იყო, როდესაც მის გალიაში მტრედი შეფრინდა და მძინარეს შემოასკუპდა. მტრედს თვალი მოჰკრა ენოტმა, რომელიც გუდიაშვილის მოედნის ტოტემური ცხოველი იყო, და მოღერებული კლანჭებითა და საკბენად გამზადებული ორლესული კბილებით გალიაში შეიჭრა, მაგრამ მტრედი გაფრინდა და ენოტი პირდაპირ თავზე დენარცხა და შუბლი დაუკაწრა მძინარე ორაკულს, რომელსაც, როგორც ყოველ ღამეს, აპოლონი ესიზმრებოდა და საწინასწარმეტყველო ფრაზებს კარნახობდა ტვიტერისათვის. იმ ღამეს კი აპოლონმა, რომელიც სიზმრებში დელისის ორაკულის შეყვარებული იყო, საკუთარ სატრფოს ზეფირთან ერთად მოჰკრა თვალი. ორაკული აპოლონის ნაბოძები პერანგით იყო შემოსილი და ოლიმპიელი შეყვარებულის დასანახად ზეფირს ეღლაბუცებოდა. ამან აპოლონი ისე განარისხა, რომ სიმწრისაგან დისკო ისროლა, რომელიც პირდაპირ შუბლში მოხვდა გამომწვევად მომღიმარ ორაკულს და სული გააფრთხობინა. შეშინებულს გამოეღვიძა ღმერთის განავლისგან პირველქმნილ არსებას და გული აერია. დელისის ორაკულს ღებინება არც მეორე დღეს შეჩერებია, ხოლო მესამე დღეს, ყველას რომ ეგონა, ორაკულს სიზმარში ტვინი შეერყაო, მედიცინა იძულებული იყო სასწაული ეღიარებინა და უგენიტალო და უსქესო ორაკულის ორსულობა განეცხადებინა. 

ორაკულის დაორსულებაში ეჭვმიტანილი ენოტი აღმოჩნდა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც იმ ღამეს ორაკულის გალიაში დალანდეს და თუ ათენა ზევსის შუბლიდან დაიბადა, უგენიტალო ორაკულის შუბლიდან დაორსულებაც ყველამ დასაშვებად მიიჩნია. ეს საპატიო ხვედრი ენოტმაც შეიფერა, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ მტრედის შესაპყრობად შეიჭრა გალიაში და თანაც მის ტოტემურ ერექციას უძუძუებო განავალიანი ვერ გამოიწვევდა.

მტრედი მხოლოდ ერთმა კაცმა დაინახა, რომელიც გუდიაშვილის მოედანზე იდგა ხოლმე და საყვირზე უკრავდა, და შფოთით გამოღვიძებულ ორაკულს აცნობა, შენი შვილი ღმერთისგანააო. ორაკულმა იფიქრა, რომ სიზმარში აპოლონის ნატყორცნი დისკო მისი დეფლორაციის ნიშანი უნდა ყოფილიყო, როგორც ეს ფროიდისაგან სმენოდა. თუმცა ამ ამბის გაშიფრვა მხოლოდ უმბერტო ეკომ შეძლო, რომელიც არხეინად განაგრძობდა ბერნარდო გუის როლის თამაშს და მორელისგან მხილებული, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ბენკენდორფის შეთქმულების თანამონაწილე გამხდარიყო და რუსეთის ჟანდარმერიის უფროსის ნებას დამორჩილებოდა, მით უმეტეს, რომ ეკო თბილისში ჰერბერტ ავრილაკელის ხელნაწერების შესწავლის მიზნით მოემგზავრებოდა და მილანის აეროპორტში ბერნარდო გუიდ გადაიქცა. როგორც თვითონ ეკო გამოუტყდა ჯოვანი მორელის, მან მილანის აეროპორტის მოსაცდელში ჰერბერტ ავრილაკელის ხელნაწერის ფაქსიმილე ამოიღო და ერთი გაუგებარი ფრაზა ხმამაღლა წაიკითხა, რომელიც, როგორც ჩანს, მაგიური შელოცვა აღმოჩნდა და ეკო მის გვერდით მჯდომ დიდ ინკვიზიტორად გადაიქცა.

სწორედ უმბერტო ეკომ დააკავშირა ერთმანეთთან მტრედი და ორაკულის სასწაულებრივი დაორსულება, ხოლო საყვირიანი კაცი, რომელსაც გაბრიელ დაფანჩული ერქვა, მთავარანგელოზ გაბრიელად მიიჩნია და ბენკენდორფთან თათბირის შემდეგ, მისი კოცონზე დაწვა ბრძანა. მაგრამ შეცდა: კაცს თუმცა სახელად გაბრიელი ერქვა და საყვირზეც უკრავდა, არ აღმოჩნდა მთავარანგელოზი, ის მხოლოდ კონსერვატორიის სტუდენტი იყო და თავს გუდიაშვილის მოედანზე მუსიკოსობით ირჩენდა.

არადა, როგორც საბოლოოდ გაირკვა, მტრედი ერთღმერთიანთა ღმერთის ნებართვის გარეშე მოფრენილა და ორაკული დაუორსულებია, რის გამოც ღმერთმა ის ხოხობად აქცია და ორთაჭალის ბაღებში გადაასახლა, საიდანაც მან, როგორც ცნობილია, ვახტანგ გორგასლის ჩახოხბილში დაასრულა თავისი ნაყოფის მომგვრელი ცხოვრება.

ერთღმერთიანთა ღმერთმა სასწრაფოდ ორი ანგელოზი აფრინა თბილისისაკენ დელისის დაორსულებული ორაკულის მოსატაცებლად და მისთვის მუცლის მოსაშლელად, რათა ერთღმერთიანთა ღმერთის ძე განავალიანის წიაღში არ ქცეულიყო ხორცად. მაგრამ მთვრალ და ვიაგრათი აღგზნებულ ანგელოზებს გადაავიწყდათ დავალება და გაშიშვლებულები და ტანზე თაფლწასმულები გუდიაშვილის მოედანზე მდგარ ერთ ხეს მიეჯაჭვნენ და ადგილობრივ კუდუსუნიანებს სადო-მაზოხისტური ტკბობისაკენ უბიძგეს, რომელსაც საღვთო წიგნებში სოდომ-გომორული ვნება ეწოდებოდა.

ამის შემხედვარე ერთღმერთიანთა ღმერთი, რომელიც თავის ოქროს ტახტზე იჯდა და გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე ამბებს ზეციდან უთვალთვალებდა, ისე განრისხდა, რომ კუდუსუნიანთა მოდგმის სრული განადგურება გადაწყვიტა და მის კარზე შემოხიზნულ თბილისის ყოფილ დიდ მოურავს - გიორგი სააკაძეს ლაშქრის შეყრა და თბილისის დალაშქვრა უბრძანა. მაგრამ დელისის ორსული ორაკულის ნახვა იმდენად უშლიდა ნერვებს, რომ ვერ დაელოდა სააკაძის ლაშქარს, რომელიც სტრატოსფეროში შეფერხდა, რომ თავად გადაწყვითა ეგზეკუციაში ჩარეულიყო. ეს დაუჯერებელი ამბავი სიტყვა-სიტყვით აღწერა ფროიდის მოსწავლემ კარლ გუსტავ იუნგმა, რომელიც მასწავლებლის თხოვნით თბილისს ეწვია და ლაბორატორიუმიდან ტელესკოპით აკვირდებოდა მიმდინარე ამბებს და ყველა დეტალს საგულდაგულოდ იწერდა. იუნგის გადმოცემით, ერთღმერთიანთა ღმერთმა თავის ოქროს ტახტი პირდაპირ გუდიაშვილის მოედნის თავზე მოაჩოჩა. შემდეგ ზედ შემოჯდა, ერთი თქვა – „განავალ იყავ და განავლადვე იქეციო“ და კუჭი აიმოქმედა. ვეებერთელა განავლის ასტეროიდი გუდიაშვილის მოედნისაკენ დაიძრა, მაგრამ ამ დროს მოულოდნელად ქარი ამოვარდა და განავლის მასას მიმართულება შეუცვალა, რომელიც პირდაპირ ოქროსგუმბათიან ტაძარს დაეცა და ნაფლეთებად აქცია.

გრუხუნმა ქალაქი შეაზანზარა და ხალხს განკითხვის ჟამის მოახლოება დააჯერა. შეშინებული ადამიანები სახლებიდან გამორბოდნენ და პირდაპირ მტკვარში ხტებოდნენ. „შიში ღმრთისა გადმოვიდა თბილისსა ზედაო“ – დაიწერა ქართლის ცხოვრებაში. მასობრივ პანიკასა და ქაოსში მხოლოდ ბენკენდორფი და მისი შეთქმულები არ დაბნეულან: თავად გრაფმა ნიღაბი ჩამოიხსნა და საჯაროდ განაცხადა, რომ ის თბილისის ჰამქრის, ანუ ტამპლიერების ორდენის დიდი მაგისტრი ალექსანდრე თაუმატურგოსად წოდებული იყო და კუდუსუნიანებს ომის დაწყება აუწყა. ალექსანდრე თაუმატურგოს-ბენკენდორფმა ერთი კვერთხის დარტყმით გააპო გუდიაშვილის მოედანი და ქვესკნელიდან თორნიკე ერისთავი ამოიხმო თავის დეკაბრისტებთან ერთად, რომელიც იმ დროს ბაფომეტს ეთამაშებოდა პოკერს და მისი მიწისქვეშა ტაძრის მთავარი ქურუმიც გამხდარიყო. ბენკენდორფმა თორნიკეს დელისის ორსული ორაკულის ევაკუაცია დაავალა და მეიდნის გარნიზონის კომენდანტობა უბოძა. თორნიკესაც არ დაუყოვნებია: ორაკული ნაბადში გაახვია და თავისი თანამებრძოლი დეკაბრისტების ინფანტერიით მეიდნისკენ დაიძრა, სადაც მან ერთ გამოქვაბულს მიაგნო და იქ გოდოლი აღამართინა, რომელსაც ბუდეს-ციხე ეწოდა. დიდი მაგისტრის ალექსანდრე თაუმატურგოსის წინასწარმეტყველებით, სწორედ ამ ბუდეში უნდა მომხდარიყო სასწაული და თბილისის ახალ ისტორიას ჩაყროდა საფუძველი. თორნიკე მიხვდა, რომ სასწაული მოახლოებული იყო, როდესაც პირველქმნილ განავალიანს ღებინება დაეწყო.

ამასობაში თბილისს გიორგი სააკაძე მოადგა ანგელოზთა ურდოებით და მარტყოფის ველზე დასცა ბანაკი. ერთღმერთიანთა ღმერთი არ ენდო თბილისის ყოფილ დიდ მოურავს და ზედამხედველად მთავარანგელოზი რაფაელი, მოფერებით ყარჩიხა-ხანსაც რომ ეძახდნენ, გამოაყოლა, რომელმაც თბილისს ალყა შემოარტყა, რათა არცერთ კუდუსუნიანს ქალაქიდან გაპარვა არ შეძლებოდა.

დაიწყო თბილისის ბლოკადა.

თორნიკე ერისთავმა თავისი არტილერია ხარფუხის ფერდობზე განალაგა და მტკვარში კრეისერ „ავრორას“ გამოჩენას დაელოდა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ვაკეში იდგა ქვადქცეული ნამდვილი თბილისის დიდებული დროის უკანასკნელ მოწმედ, როდესაც ჭავჭავაძის გამზირი მდინარე ვერეს წყალუხვი დინების სანაპირო იყო. ალექსანდრე ბენკენდორფმა, რომელსაც თაუმატურგოსი უწოდეს, რაც „სასწაულმოქმედს“ ნიშნავს, სული შთაბერა ბეტონად ქცეულ ავრორას, რათა მის ზალპს მთავრობის სასახლეზე იერიშის დაწყება ემცნო. მაგრამ ავრორას გამოჩენამდე კუდუსუნიანთა მთავარი პრიორიტეტი დელისის ორაკული იყო, რომელიც სიცოცხლის ფასად არ უნდა დაეთმოთ ერთღმერთიანებისათვის და ყველაზე დიდი სასწაული აღსრულებამდე მიეყვანათ.

თორნიკეც, ბენკენდორფიც, ფროიდიც, უმბერტო ეკოც და ჯოვანი მორელიც დარწმუნებული იყვნენ, რომ განავალიანის სხეულში სასწაულებრივად ჩასახული ნაყოფი იმავე გზით მოევლინებოდა სამყაროს, რომლითაც ერთ დროს თავად მისი მშობლის პროტოპლაზმამ – განავალმა იხილა ნათელი ღმერთის ანუსიდან. მაგრამ შეცდნენ და შეუცნობელი დარჩათ განავალიანის უგენიტალო სხეულიდან გამომავალი გზანი: დელისის ორაკულმა საკუთარი პირმშო პირიდან ამოაღებინა და ამიტომაც გაჩნდა ქართულ ენაში სიტყვა „პირმშო“, რომელიც განავალიანის მშობიარობის სასწაულის მთავარი მოწმეა. თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სამყარო კიდევ ერთი უფრო დიდი სასწაულის მომსწრე გახდა: განავალიანმა პირიდან საკუთარი თავი შვა, მხოლოდ ამჯერად მას ორივე სქესი ჰქონდა და ამიტომაც პლატონმა ანდროგინი უწოდა.

მაგრამ შეთქმულებს გაოცებისა და განცვიფრებისათვის დრო აღარ დარჩათ: ანგელოზების ურდოებმა ავლაბარი დაიკავეს და მეიდნის დაბომბვა დაიწყეს. გუდიაშვილის მოედანზე კი ერთღმერთიანთა ღმერთის გამოგზანილი ზეციური ბულდოზრები შევიდნენ და ბაფომეტის ტაძარი მიწასთან მოასწორეს. ბუდეს ციხე ალყაში მოექცა და მისი დაცემამდე უკვე წუთებიღა რჩებოდა. არაერთი დეკაბრისტის გმირულად დაღვრილი სისხლით შეიღება მეიდნის მიწა. ამ დროს მეტეხის ხიდზე გამოჩნდა ღმერთის მთავარი იარაღი – ზეციური ქილერი, მეტსახელად მიქელგაბრიელი, რომელიც აუღელვებელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ბუდე-ციხეს. თორნიკე ერისთავმა ამის დანახვაზე მახვილი ჩააგო და აცრემლებული თვალებით ჩაეხუტა ახლადდაბადებულ განავალიანს. დელისის ორაკულიც ატირდა და ტვიტერზე უკანასკნელი წინასწარმეტყველების დაწერა სცადა - „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა...“ – როდესაც ბუდე-ციხის კარიბჭე გაიღო და ცივი სახით მიქელგაბრიელმა შემოაბიჯა და შავი მოსასხამიდან ხანჯალი იშიშვლა, რომლითაც განავალიანი უნდა დაეკლა. მაგრამ სწორედ ამ დროს ბუდე-ციხის ფანჯრიდან არწივი შემოფრინდა, დელისის ორაკულს კლანჭები ჩაავლო და თვალის დახამხამებაში მასთან ერთად გაუჩინარდა.

(გაგრძელება იქნება)

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@