|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ტაბადან, სიყვარულითპოლიტიკა არ მესმის, არ მაინტერესებს და არ მინდა. მაგრამ ის მაინც სულ მეხება და ცხოვრებას მიფუჭებს. მისგან ხეირი არ მახსოვს, წყენა - უთვალავი.
ახლაც ასე მოხდა. ჩემს ცხოვრებაში პირველად თავზე ხელი ავიღე, "ინტერკონტინენტალში" შესანიშნავი საგზური ვიყიდე და ეგვიპტეში გავემგზავრე, არც "მასალისთვის", არც სამუშაოდ, არც სათარჯიმნოდ, არამედ დასასვენებლად. ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი და მსგავსები. არ შემერგო. არა, ძალიან კარგი იყო, ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ ჩემი სამოთხე სამი დღით ადრე დამატოვებინეს ქალებმა, რომელთაც თავიანთი "ბაოები" მოენატრათ, მამაკაცებმა, როგორებსაც დიდი გერმანული ენა Kლუგსცჰეისსერ-ებს უწოდებს და, რაც მთავარია, პოლიტიკურმა მოვლენებმა, რომლებიც არანაირად არ მეხებოდა, მაგრამ მაინც შემეხო. არადა, იცით, რამდენი რამის მოსწრება შეიძლება სამი დღე-ღამის განმავლობაში? მაგალითად, სინას მთაზე ასვლა. ან წმინდა ეკატერინეს მონასტრის დათვალიერება. ან ფარაონის კუნძულთან წითელ ზღვაში ყვინთვა. ან ქვიშაში წოლა და ბუტბუტი: "რა კარგია... რა კარგია... რა კარგია..."
"ძაან წყნარად, ძაან ჩოტკად" 27.01.11 დღეს ამ კარგი დღეების პირველი დღეა. უკვე _ ღამე. ტაბაში, წითელი ზღვის სანაპიროზე. აქეთობას დრო ვატარე _ ნუ იტყვი. არ ვიცი, ჩემი სისხლივით წითელი, თარსი თავის ბრალი თუ იყო _ შენ არ გინახავს, შევიღებე და ამიერიდან შეგიძლია „ბანდერა როსა" დამიძახო. ასე თუ ისე, ფაქტია, რომ საზღვარზე ქამარი შემხსნეს, მხოლოდ მე შემხსნეს, და თან ქამარი, რომლის წყალობითაც ჯინსი მუხლებამდე არ მვარდება. და ეს უშველებელი შარვალი ორივე ხელით წელთან რომ მქონდა ჩაბღუჯული, მითხრეს, ფეხზე გაიხადეო. აი, როგორ? მოვახერხე, მაგრამ როგორ ვისიამოვნე, ხომ წარმოგიდგენია. კაი, გავიცინე და დავივიწყე. თურმე, სად ხარ!? თვითმფრინავი არასოდეს აფრინდა, აეროპორტში გაუგებრობაა რაღაცო, და ერთი საათის მერე _ რაღა დაგიმალო და არც გამიგია, ღრმა ძილით მეძინა, _ გამოაცხადეს, მისტერ კორძაია, ერთი, აქ მოდიო. მგზავრები აქოთქოთდნენ და დამანჯღრიეს. ვაი? თავზე დავაბიჯე მძინარე გუგას და გამცილებლებთან მივედი. გამიყვანეს თვითმფრინავიდან და მიმიყვანეს ჩემს ჩანთასთან. თქვენიაო? მეთქი, კი. მერეო? მერე რა-მეთქი? შიგ რა დევსო? მეთქი, ტანსაცმელი. მართლაო? მეთქი, მე მოვკვდე. კარგი, ბოდიში, ქალბატონოო. რა იყო ესა? დასკვნის სახით, ჩემმა ახალმა, ბიომეტრულმა თუ რაღაც უბედურმა პასპორტმა ეგვიპტის საზღვარზე თავი მოიჭრა. ვერაფრით ვერ გაატარეს. „სისტემა ვერ მკითხულობს," როგორც მავანნი იტყოდნენ, ამოსაწყვეტები. კარგახანს ვუღიმე არაბ მესაზღვრეს, მანაც მიღიმა _ ვაი და რას ჰგავდა! თხუთმეტი წუთი მაინც მაყურყუტეს „გაუცხოების ზონაში". მერე კი გამოვედი უდაბნოში და მივხვდი, რომ ყველაფრის მოთმენა ღირდა, იმიტომ რომ ძალიან კარგ ადგილას ამოვყავი თავი. თავად განსაჯე: ახლა ვერანდაზე ვზივარ და სამ ქვეყანას _ ისრაელს, იორდანიას და საუდის არაბეთს ერთად ვუყურებ მეოთხე ქვეყნიდან, ეგვიპტიდან. ზაფხულის ღამეა, სანდლები მაცვია, და ჩემი საწყალი სხეული ცოტა დაბნეულია _ ამხელა სიხარულს ნამდვილად არ ელოდა: შესანიშნავი ამინდი, ქვიშიანი სანაპირო, ვახშამი, როგორიც, რა ხანია, არ ღირსებია, და კახი და გუგა _ აი, მეტი რა? გასაგებია, ზემოდან ერთი ჯონი დეპიც არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ, პატარა უფლისწულის მელაკუდასი არ იყოს, „ეჰ, სრული ბედნიერება არ არსებობს..." კახიმ, რომელიც ეგვიპტეში რამდენიმე თვე ცხოვრობდა, მოგვახსენა, რომ თორმეტი დღე ასე ვიცხოვრებთ, „ძაან წყნარად, ძაან ჩოტკად". წავალ ახლა, დავგორდები. ძალიან გრძელი დღე გამომივიდა. მე მგონი, კარგი წიგნი მაქვს თან, „სარაგოსაში ნაპოვნი ხელნაწერი" _ წაკითხული გაქვს? ვნახავ ერთი, რა ხდება. ანა კ.ს.
"მაყვალს არ ენდო!" 28.01.11 წიგნმა გაამართლა. სულ მაქციების, სახრჩობელაზე მოქანავე ყაჩაღების და ორ-ორ გრძნეულთან მოსიყვარულე რაინდების ამბებია. სამაგიეროდ, სხვა რამეში მაგრად არ გამიმართლა. ქალები! ანგელოზი ნია და ოქრო თამარა კი არა, ქალები. გუშინ ვიფიქრე, რომ სულელი ქალების საზოგადოება სასიამოვნოც კია _ თავისთვის კაკანებენ რაღაცას „ყველაფერი ყირამალას" ჟრუნა დედლებივით... თურმე, შევცდი. დღეს დედა მიტირეს, სულ სუნთქვითი ვარჯიშები ვატარე, რომ რამე უზრდელობა არ მეთქვა. კახიმ კი მაინც თქვა: „კარგი გოგოა. აი, ძაან." საერთოდ, სიამოვნებით დავწერდი ტრაქტატს თემაზე „ლამაზია გურჯი ქალი", ოღონდ ლასი ოთხფეხიანი თუ ოთხთავიანი უნდა იყოს, არა ლაზურ-ჭანური, არამედ გაღმური. მერწმუნე: განსაკუთრებული საფრთხე რამე მოგზაურობის დროს მზეთუნახავთა მეზობლობაა, თუ დანებდი, მოგინელებენ. გადავუხვიე. ტაბა ჰეითსის შესახებ უნდა მომეყოლა. ტაბა ჰეითსი ჩვენი სასტუმროდან, რომელსაც „მზესუმზირა ლაჟვარდოვანი" ჰქვია, დაახლოებით ოცი წუთის სავალშია. გზა ასეთია: ერთ მხარეს _ წითელი კლდეები, მეორე მხარეს _ ზღვა, გზაზე კი თვითმკვლელი მძღოლები, საბედნიეროდ, ცოტანი, საათში ათას კილომეტრს ფარავენ. თავად დასახლების აღწერა მე არ შემიძლია, რომელი კაფკა მე ვარ. არა, მაინც ვეცდები. წარმოიდგინე სიცხე, ცა, რომელიც ორი წუთის წინ ლურჯი იყო, ახლა კი შავია, ქვიშის უდაბნოში _ პალმების მეჩხერი, ძუნწად განათებული ხეივანი, და აქა-იქ _ წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი, პატარა სახლები, რომელთა ფანჯრებიდანაც შუქი არ გამოდის და ვერც შიგ შეიხედავ, დარაბები მხოლოდ ალაგ-ალაგაა გახვრეტილი. დასახლებაში სიჩუმეა. სულ რამდენიმე ადამიანი დავინახე, მამაკაცები. ისინი სახლების წინ დგანან, მარტონი, სიბნელეში. რატომ _ კაცმა არ იცის. ალბათ, გიყურებენ. ან არ გიყურებენ. მიდი და გაიგე.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი