warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 11 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

სულ სხვა კოშკი და ისევ ის თეატრი

ვიდრე რეზო გაბრიაძის შეყვარებული "ლოკომოტივები" მაყურებელს შეხვდებიან

ყველა სნეულებზე, სიყვარული ძნელია...

ფოტო: გურამ წიბახაშვილი
გახსოვთ ასეთი პერსონაჟი - ჩიტო, რეზო გაბრიაძის მოთხრობიდან "ექიმი და ავადმყოფი"? ადამიანი-მანქანა, რომელიც ოდესღაც ჩრდილოეთის ფლოტში მსახურობდა და მერე შრომის, ბედისწერისა თუ მარიფათის გამო დაუფლებულ "პაბედას" ცოცხალი ადამიანივით ელაპარაკებოდა. მდიდარი საბჭოთა ბიოგრაფიითა და სახელმწიფო ნომრით гк 49-54, უკვე ლეგენდად ქცეულ ამ ჟანგმოკიდებულ ავტომობილში, რომლის ისტორია, ავტორის აზრით, ზოგიერთი ადამიანის ბიოგრაფიაზე უფრო საინტერესოა, რადიო განუწყვეტლივ გადმოსცემს მუსიკას მსმენელის თხოვნით. ერთხელაც, შოსტაკოვიჩის სიმფონიის მოსმენისას ("გულობიზა", როგორც გაბრიაძე წერს) მგრძნობიარე ჩიტოს მრავალჯერ დალეწილი "პაბედით" კინაღამ მოქალაქე კუპრავა შემოაკვდება.

რაღაც ამდაგვარი დამემართა ნოემბრის ერთ მშვიდ და თბილ დღეს, როცა მარიონეტების განახლებული თეატრისა და უკვე გაბრიაძის ახალი სიმბოლოს - "დახრილი კოშკის" "გულობიზა", ლამის ერთი პატიოსანი და ხანდაზმული მოქალაქე "ვიმსხვერპლე". იმ დღეს, ზუსტად დღის თორმეტ საათზე, ახალგახსნილი კოშკის თავზე, ოქროსფრთიანი ანგელოზი უნდა გამოჩენილიყო, რომელიც ზარს ფაქიზად შემოჰკრავდა და სამყაროს უკვე მოქანდაკე რეზო გაბრიაძის ფანტაზიით შექმნილი ახალი, "არტისტული დროის" დაწყებას ამცნობდა.

რადგან ღირსშესანიშნავ მოვლენას ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა, ანჩისხატისა და შავთელის ქუჩის მიმდებარე პატარა ქუჩებიც დაცვას გადაკეტილი ჰქონდა. შესაბამისად, ყველა მიპატიჟებულ სტუმარს თუ ცნობისმოყვარე ადამიანს საგანგებოდ ჩხრეკდნენ. უკვე გაჩხრეკილი და დაგვიანების გამო ოდნავ გავეშებულიც, ისეთი ძალით მოვრბოდი, რომ ქუჩის მოსახვევში მოულოდნელად მოხუცს დავეჯახე და წავაქციე... საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა არც ჩიტოს "პობედა" გამხსენებია და არც მოქალაქე კუპრავა.

ახლად გახსნილი კოშკის თავზე 12 საათზე გამოჩენილ ანგელოზს ვეღარ მივუსწარი. მხოლოდ შორიდან მომესმა უცნაური, მუსიკალური ზარდახშის მსგავსი საამო იმერული მოტივი: "ყველა სნეულებაზე, სიყვარული ძნელია"... და თვალი მოვკარი როგორ გაუჩინარდნენ მუსიკის რიტმში მოსრიალე გაბრიაძის ახალი მარიონეტები კოშკის შიგნით, კოხტა და ფერადი კარის მიღმა. ეს პატარა წარმოდგენა შუადღის ზღაპარს ჰგავს. ის ყოველ დღე ზუსტად თორმეტ საათზე იწყება და დღის განმავლობაში მეორდება.

შავთელის ქუჩაზე, სადაც მარიონეტების თეატრი და "დახრილი კოშკი" მეზობლობენ, თვალში საცემია საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა თუ უმცროსკლასელთა ექსკურსიები. ნავარჯიშევი საფორტეპიანო ეტიუდივით გესმით თინეიჯერი გოგონების ფრაზაც: "აუ, ჩქარა რა, დავაგვიანებთ, ანგელოზი გამოვა..." ტურისტები ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ, "ნარინჯისფერი" მეეზოვე ჩქარობს, შავთელის ქუჩა ზუსტად 12-ზე დაგავოს.

გაბრიაძის დახრილ კოშკთან უკვე ნოემბრიდან ლამის საექსკურსიო-ესთეტიკური გაკვეთილები ტარდება. თუმცა ყველამ იცის, რომ ის არც პიზის მოხდენილი კოშკის კონკურენციისთვის აშენებულა და არც პრაღის გიგანტურ გოთიკურ მასშტაბს შეედრება. ის, უბრალოდ, ძველი თბილისის ძველი აივანივით დახრილია და მისივე დრამატული, მაგრამ დახვეწილი ბიოგრაფიით აღბეჭდილი.

 

კოშკი, როგორც თეატრის მეტაფორა

კოშკი, რომელსაც არტისტული (და არა მხოლოდ) საზოგადოება კარგა ხნის განმავლობაში ელოდა, გაბრიაძის სპექტაკლების გაგრძელებას ჰგავს. რაღაცით ის ავტორის შემოქმედებით გზას, მის ფილოსოფიას, აზროვნების სტილს, სიკვდილ-სიცოცხლის მუდმივი მონაცვლეობის მეტაფორას იმეორებს. ავტორისათვის დამახასიათებელი ზღაპრულ-იგავური ხატებით და რბილი ირონიით. კოშკის "სიუჟეტი" ერთი შეხედვით უბრალო, თითქმის შეუმჩნეველი იუმორით გაჯერებულ დეტალებშია გაბნეული. განსაკუთრებულ განწყობას ქმნიან გამომწვარი, მომწვანო თუ ზურმუხტისფერი მოზაიკურ-კერამიკული ფილები; მასზე ამოტვიფრული ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების პატარა, გულისამაჩუყებელი ფიგურებით. უცნაურად პოეტურია დაქანებულ კოშკზე დამაგრებული რომაულ ციფერბლატიანი საათის "გაფუჭებული" ისრებიც; ან ცხაური კოშკის "სარდაფის" ფანჯარაზე.

თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ სადღაც შემომდგარ ფერად კერამიკულ ქოთნებს და აუცილებლად გაგეცინებათ გვერდიდან შეყენებული რელსის დანახვაზე, რომელიც დახრილ კოშკს "ამაგრებს". კოშკის კენწეროზე ნატვრის ხეა, რომლის გვერდით ბროწეულის პატარა ბუჩქებია. ფანჯრიდან მოულოდნელად ამოჩრილ პატარა, საკვამურ მილსაც დაინახავთ, რომელიც უფრო ზღაპრულ და ინტიმურ ატმოსფეროს ანიჭებს კოშკს. იგი ძველი თბილისის უსწორმასწორო ქუჩების მეტაფორადაც აღიქმება და გაბრიაძის ფანტაზიით შექმნილ, ოდნავ სიურრეალისტურ- თეატრალურ ზღაპარსაც მოგაგონებთ.

დახრილი კოშკის ავტორი გადაღლილი და ოდნავ დეპრესიული გვეჩვენება. თვალზე გადატანილი რამდენიმე ურთულესი ოპერაციის შემდეგ, თითქოს ჩაკეტილი და სიტყვაძუნწი გახდა. ცხადია, მშენებლობამ დიდი დრო და ენერგია წაართვა - დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდა დახრილი კოშკის მშენებლობასა და განახლებული მარიონეტების თეატრის რეკონსტრუქციას. სამშენებლო მასალად, ძირითადად, დანგრეული სახლების ძველ აგურსა და, ნაწილობრივ, ქვასაც იყენებდა.

კოშკის გახსნაზე შემოსეულ, დაინტერესებულ ჟურნალისტთა ინტერესი გაბრიაძემ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა: "კარგი იქნება, ყველა ქალაქს რომ თავისი სილუეტი ჰქონდეს, რომელზეც გამოყვანილი იქნება ლოგო. მთელი ევროპა ასეა... რაც შეეხება კოშკს, ძველი ტექნოლოგიით არის ნაშენი. უმთავრესად კირს, სილას და ძველ აგურს ვხმარობდით. ამ კოშკზე იმდენი რამ შემიძლია გითხრათ, რამდენიც არაფერი. კარგია, რომ ჩვენი თეატრი აღდგა და სპექტაკლების ჩვენებას გააგრძელებს. იმედი მაქვს, მაყურებლით ისევ გაივსება დარბაზი და ისევ გიხილავთ ჩვენს პატარა თეატრში".

ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, რეზო გაბრიაძე ინტერვიუზე მაინც ვერ დავითანხმეთ. ამიტომ ათასჯერ მოსმენილი თუ ნანახი სპექტაკლებით, ფილმებით და წაკითხული წიგნებით ან საინტერესო ადამიანების კომენტარებით შემოვიფარგლებით. თუმცა ზოგჯერ საკუთარ ფანტაზიასაც უნდა დავეყრდნოთ. როგორც ჰაინრიხ ბიოლის რომანში "ჯგუფური პორტრეტი ქალბატონით", სადაც მთავარი გმირის შესახებ მხოლოდ სხვები ლაპარაკობენ, ავტორი კი კომენტარებით და ვარაუდებით შემოიფარგლება.

 

"ჯგუფური" პორტრეტი, ანუ გაბრიაძე გარედან

როგორია შორიდან და ახლოდან (ანუ შინიდან და გარედან) დანახული გაბრიაძის "ჯგუფური" პორტრეტი? სად გადის ზღვარი ხელოვანის სამყაროსა და შემფასებელთა თუ მაყურებელთა კრიტერიუმებს შორის? რა უხილავი თუ ხილული მიზეზები განსაზღვრავს მის პოპულარობას; იმას, რომ ამდენმა განსხვავებულმა ხელოვანმა, მაყურებელმა თუ მკითხველმა რეზო გაბრიაძის შემოქმედებაზე ასეთი განსხვავებული შეფასებები გამოთქვას?

მისი მეგობარი და ცნობილი მწერალი, ანდრეი ბიტოვი ამბობს, რომ "რეზო გაბრიაძე რენესანსული ტიპის ადამიანია, რომელშიც ღმერთმა ხელოვნება, ფილოსოფია და აზროვნება გრძნობათა დახვეწილი ბუნებით შეაერთა".

კინორეჟისორი ირაკლი კვირიკაძე (მისი შემოქმედება სწორედ გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაღებული "ქვევრით" დაიწყო) გაბრიაძეს "მდიდარი, ულევი ფანტაზიის საბადოს მფლობელსა და პატარა ფორმების დიდ ხელოვანს" უწოდებს.

მსახიობი კახი კავსაძე პარადოქსულ აზრს იშველიებს: "როცა მის საოცარ სცენარებს კითხულობ, რეჟისორიც რომ არ იყო, დადგმა ან გადაღება მოგინდება, ხოლო მსახიობისათვის მისი პერსონაჟების თამაში საოცნებოა".

რეზო გაბრიაძის მეგობრის, მწერლისა და ფოტოგრაფის, იური როსტის აზრით, "მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან ხშირად ხმარობენ სიტყვა "გენიოსს" და შესაბამისად, მომრავლდნენ გენიოსები, მათ შორის გაბრიაძე მაინც ნიჭიერი გენიოსია."

პიანისტი და მისი სპექტაკლების მუსიკალური გამფორმებელი, ნანა ავალიშვილი გვეუბნება: "რეზო გაბრიაძეს ისეთი ფანტაზია აქვს, რომ ნებისმიერი ნივთის, მცენარის ან ცხოველის შესახებ ისტორია იგავად შეუძლია აქციოს, ან სრულიად ჩვეულებრივი ამბავი - ტრაგიკომიკულ პიესად".

თეატრმცოდნე მარინა დმიტრიევსკაია, რომელმაც რეზო გაბრიაძის შემოქმედებას ვრცელი წიგნი უძღვნა, მიიჩნევს, რომ "გაბრიაძემ დასაბამი დაუდო ვიზუალურ პოეზიას, კოსმიური განცდების თოჯინების ხატებსა და მრავალგანზომილებიან, უნივერსალურ თეატრს".

ცნობილმა რუსმა მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ, რომელიც მხოლოდ ჭიანჭველას ახმოვანებდა რეზო გაბრიაძის ერთ-ერთ საუკეთესო მარიონეტულ სპექტაკლში "სტალინგარდის ბრძოლა", თქვა, რომ ამ "როლმა" მისი შემოქმედება და ცხოვრებაც კი შეცვალა.

კრიტიკოსი და ლიტერატორი მალხაზ ხარბედია მახვილგონივრულად აღწერს "გაბრიაძის "საშობაო მოთხრობას": "ის სავსეა პარადოქსული პოეტური გაელვებებით და ამგვარი ქროლვა მანამ გაგრძელდება, ვიდრე წიგნის ბოლოს მოკრძალებული საშობაო სუფრა არ გაიშლება... და გამთენიისას ზარების ხმით განწმენდილი და განათლული ჰაერი არ წამოუბერავს მკითხველისაკენ".

და ბოლოს, სახელოვანი რეჟისორის, პიტერ ბრუკის შეფასება, რომელიც რეზო გაბრიაძეს უდიდეს ხელოვანს უწოდებს: "დიდი გამოცდილება და ცოდნა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, საშუალებას აძლევს გაბრიაძეს მიაღწიოს გორდონ კრეგის იდეალს, როცა მარიონეტი და მსახიობი, რეალობა და გამონაგონი ერთმანეთს ავსებს, ერთმანეთის ტოლფასია. თეატრში ასეთი რამ იშვიათია და ეს ნამდვილი ტრანსცედენტული რეალიზმია".

სტუმარი, მარტი 11, 2011, 01:19:11

მშვენიერი წერილია! ერთი სული მაქვს როდის ვნახავ დახრილ კოშკს და განახლებულ მარიონეტებს თავისი სპექტაკლებით!
ნენე გიორგაძე
p.s. ბაბუაჩემის საყვარელი სიმღერა იყო "ყველა სნეულებაზე", ბავშვობაში სულ მამღერებდა ხოლმე და ჩემი ბავშვობის ჰიმნად იყო ლამის ქცეული :)

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.