"სტალინური სიების" გამოფენა გოეთეს ინსტიტუტში

1937–38 წლების რეპრესიების დეტალები საქართველოში

სტალინური სიები

„ხომ იცი რომ დღეს უდანაშაულო კაცს არასოდეს არ დასჯიან, მაშასადამე შენ დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რომ როგორც კი გაირჩევა ჩემი საქმე– სიმართლეც გამოჩნდება და გამათავისუფლებენ. შენთვის 14 წლის განმავლობაში ტყუილი არასოდეს არ მითქვამს და მაშასადამე სიმართლეს გელაპარაკები. არავითარი, ერთი გრამი დანაშაული არ მიმიძღვის პარტიისა და ხელისუფლების წინაშე. ყოჩაღად იყ“–  აქ წყდება წერილი, რომელიც 1937 წელს რეპრესირებულმა გიორგი ახვლედიანმა პატიმრობისას თავის შვილს მისწერა. მაშინ წერილი შინსახკომის თანამშრომლებმა დაუხიეს,  თუმცა ნაგლეჯები მაინც შემორჩა და მოგვიანებით მაინც მიაღწია ოჯახის წევრებამდე.  გიორგი ახვლედიანი რამდენიმე თვეში დახვრიტეს.  მისი ეს წერილი კი დღეს უკვე აღდგენილი სახით,  სხვა წერილებთან, ფოტოებთან და ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად, გოეთეს ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზშია  განთავსებული. გამოფენა სახელწოდებით „ 1937–38 წლების რეპრესიები: „სტალინური სიები“ საქართველოზე“– აქ ორი დღის წინ გაიხსნა. გამოფენა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) ინიციატივით მოეწყო. მასალების მოპოვებაში და გამოფენის მოწყობაში ორგანიზაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, შვეიცარისის საელჩო  და ჰაინრიხ ბიოლის ფონდი დაეხმარა.

[video:http://www.youtube.com/watch?v=-g1tAa7X080]

სახელმწიფო ტერორი, რომელიც საქართველომ და საბჭოთა კავშირის  სხვა ქვეყნებმა 1937–38 წლებში გადაიტანეს, ერთ-ერთი უსასტიკესი მოვლენა იყო მეოცე საუკუნის ისტორიაში. ნახევარ მილიონზე მეტი რეპრესირებული და ასი ათასზე მეტი დახვრეტილი ადამიანი– ასეთია იმ პერიოდში გატარებული პოლიტიკის შედეგი და ეს ციფრები კიდევ არაა ბოლომდე დაზუსტებული. დიდია ალბათობა, რომ საბჭოთა ტერორს რეალურად ბევრად მეტი ადამიანი ემსხვერვლა.

საქართველოში ამ წლებში მარტო ერთმა სასამართლო ორგანომ– შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიტთან შექმნილმა განსაკუთრებულმა სამეულმა დაახლოებით 21 000 ადამიანი გაასამართლა. მათ ნახევარზე მეტს კი დახვრეტა მიუსაჯა.

ქართული საზოგადოების  გარკვეულ ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ სტალინმა ამ რეპრესიების დეტალებზე ბევრი არაფერი იცოდა და თვითონ ამ პროცესში უშუალოდ არ იყო ჩართული. თუმცა, თუ ისტორიულ ფაქტებს კარგად ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ უშუალოდ  სტალინის და პოლიტბიუროს მაღალჩინოსნების ხელმოწერებით მარტო საქართველოში 3629 ადამიანი გაასამართლეს. აქედან 3000–ზე მეტს კი სასჯელის უმაღლესი ფორმა– დახვრეტა მიუსაჯეს. გოეთეს ინსტიტუტში მიმდინარე გამოფენაზე სწორედ ამ ადამიანების სიები, ფოტოები და მოკლე ბიოგრაფიული ცნობებია წარმოდგენილი. აქვე ნახავთ რეპრესირებულთა წერილებს ოჯახის წევრებთან და მოგონებებს იმის თაობაზე, თუ როგორ აწამებდნენ მათ დაკითხვისას.

გამოფენა, სადაც მთლიანობაში 100–ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი,  ძალიან საინტერესო, ინფორმატიული და რა თქმა უნდა, ემოციურად დამთრგუნველია. ძნელია გულგრილად წაიკითხო ისტორიები, რომლებსაც ეს ადამიანები ყვებიან.

რეპრესირებულთა ფოტოებთან ერთად აქვე იმ ადამიანების ფოტოებს და სიებსაც გაეცნობით, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ოპერაციებს.  ე.წ. ტროიკის წევრები და შინსახკომის თანამშრომლები– ეს ალბათ ერთ–ერთი პირველი გამოფენაა საქაღთველოში, სადაც მათი ფოტოები და დეტალური სიებია წარმოდგენილი.

გამოფენის შესახებ  „ ცხელ შოკოლადს“  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წევრი, ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი ესაუბრა, რომელიც  კვლევებში და მასალების მოპოვების საქმეში უშუალოდ იყო ჩართული:

[video: http://www.youtube.com/watch?v=DY5nu3niSTM]

IDFI  რამდენიმე თვეში „ სტალინური სიების“ თემაზე წიგნის გამოცემასაც გეგმავს, სადაც ბევრად  უფრო დეტალური ინფორმაცია და  მეტი მასალა შევა ამ თემაზე. წიგნი ქართულ და რუსულ ენებზე გამოიცემა.

@