warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 20 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

სიგარა ზოგჯერ მხოლოდ სიგარას ნიშნავს

ზიგმუნდ ფროიდი 150

2
ცოტა დაგვაგვიანდა; ფსიქოანალიზის მამის იუბილე მსოფლიომ 6 მაისს აღნიშნა.

აღნიშნა. თუმცა ფროიდის ქება-დიდებით თავი არსად მოუკლავთ. თვით პროფესორის სამშობლოში, ვენაშიც კი, დღესდღეობით ყველაზე "ძვირადღირებული პროფესიის", ფსიქოანალიზის გამომგონებლის იუბილე ძალიან მოკრძალებულად იზეიმეს - ფსიქოანალიტიკოსები შეიკრიბნენ, ერთი-ორი სიტყვა თქვეს, შესვეს "ბაბუს" სადღეგრძელო და დაიშალნენ.

ამბობენ, რომ ავსტრიაში "ფროიდისტებს" მოცარტის თაყვანისმცემლებმა შეუშალეს ხელი - ფსიქოანალიზის ფუძემდებლის 150 წლისთავს წელს ხომ მოცარტის იუბილე დაემთხვა.

მოცარტი პროფესორ ფროიდზე არა მარტო ასი წლით უფროსია. მსოფლიოში მას ასჯერ მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს... შეიძლება გაცილებით მეტიც. ძალიან მომგებიანია დღეს თქვა, ვგიჟდები "ჯადოსნურ ფლეიტაზე" და "ღამის სერენადაზეო", ფროიდზე კი... მიყვარსო, იტყვი და რას მოიგებ? "ფროიდი ის არ არის, ყველგან და ყველაფერში სასქესო ორგანოები რომ ელანდებოდა?" - აუცილებლად იკითხავს ვინმე. სხვებმა შეიძლება არაფერი იკითხონ, უბრალოდ გაუკვირდეთ. ფროიდის სიყვარული ხომ იგივეა, კაცს (ან ქალს) თავისი ფსიქოანალიტიკოსი რომ შეუყვარდეს.

კარგი ფსიქოანალიტიკოსი ამას არ დაუშვებს... ეს იქნება - მათი საყვარელი სიტყვა რომ ვთქვათ - "ჩანაცვლება", რაც თითქმის იმას ნიშნავს, რომ პაციენტი ვერ განიკურნა.

ზიგმუნდ ფროიდი კაცობრიობის პირველი ფსიქოანალიტიკოსი იყო. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ იგი არ უყვარდა კაცობრიობას, და, როგორც გაირკვა, არც დღეს ეხატება დიდად გულზე. ეს "კაცობრიობა", როგორც ვიცით, სინდის-ნამუსით არასდროს გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ჭკვიანი ხალხის მიმართ ჰქონდა ალერგია; ფროიდს, მაგალითად, ხან ლანძღვადნენ, ხან მის წიგნებს წვავდნენ, ქილიკობდნენ, ხან ამბობდნენ, რაღა დროს ფროიდიაო (განსაკუთრებით დღევანდელ ინტელექტუალებს უყვართ ეს ფრაზა), მაგრამ მის მოძღვრებას სიამოვნებით იყენებდნენ, როცა საქმეს ჭირდებოდა.

აი, მაგალითად, ახალთახალი ანეგდოტი:

"ფსიქოანალიტიკოსების დასკვნით, ჯორჯ ბუშს მხოლოდ ჰგონია, რომ ბინ ლადენის მოკვლა უნდა; სინამდვილეში, ქვეცნობიერად იგი მამა-ბუშის მოკვლაზე ოცნებობს. რატომ აწვალებს მაშინ მთელ მსოფლიოს, როცა შეუძლია თავის ოჯახში მოაგვაროს ეს პრობლემები?!".

ესაა პოპ-ფროიდიზმი, რომელსაც კარგა მაგრად შეუკურთხებდა პროფესორი ფროიდი (ამბობენ, ხშირად იგინებოდაო). სულ იმას არ იძახდა, სიგარა ზოგჯერ მხოლოდ სიგარას ნიშნავსო? მაგრამ არა - ფორმულებისა და სქემებისმოყვარულმა კაცობრიობამ, რომელსაც, ტრადიციულად, ძალიან ეზარება ფიქრი, ფსიქოანალიზი ერთ მარტივ სქემამდე დაიყვანა. ყველა სხვისი ანალიტიკოსი გახდა.

"ბუშმა თავის ოჯახში მოაგვაროს პრობლემები".

პროფესორი ფროიდი იტყოდა, ბუშმა თავის თავში მოაგვაროს პრობლემები.. უფრო სწორად, პროფესორი ფროიდი გვეტყოდა, თქვენს თავში მოაგვარეთ პრობლემები და მერე ილაპარაკეთ სხვაზე.

საკუთარი თავის შეცნობა ძალიან საშიშია. თვითშემეცნების პროცესში, თითოეულ ჩვენგანს შავბნელი გზის გავლა გვიწევს. ფსიქოანალიტიკოსი მოძღვარი არ არის, მღვდელი არ არის, ეს გზა რომ გაგვინათოს, რათა ისე არ წავიქცეთ, რომ ვერასდროს შევძლოთ ადგომა. პირიქით, ფსიქოანალიტიკოსი კიდევ უფრო გვიბნელებს ამ გზას, წყვდიადში შევყავართ... იმ წყვდიადში, რომელსაც რეალობა ჰქვია. სასტიკი, წინააღმდეგობრივი, ულმობელი რეალობა.

რეალობის შეგრძნების, რეალობაში დაბრუნების გარეშე, თითოეული ჩვენგანი ინსტინქტების, შიშის, ფანტაზიების, ცუდი სიზმრების ტყვე ხდება. ირაციონალური იმარჯვებს საღ გონებაზე. ასეთ შემთხვევაში, ძალიან ადვილი ხდება ჩვენი მართვა; ცუდი მშობლები, ცუდი მასწავლებლები, ცუდი ხელისუფლება (და ცუდი ფსიქოანალიტიკოსებიც) უფრო ადვილად გვინერგავენ მტრის ხატებს, გვაჯერებენ, რომ ჩვენი ნევროზების მიზეზი ვიღაც სხვაში, ვიღაც გადამთიელში უნდა ვეძებოთ - ჯორჯ ბუშში, ვლადიმერ პუტინში, იგორ გიორგაძეში, ჯორჯ სოროსში... ან, თუნდაც, ზიგმუნდ ფროიდში.

იმ სისტემებისთვის, რომელიც საზოგადოებრივი სტერეოტიპების დაცვაზე იგებოდა და სადაც ბელადის გაღმერთება, "ხალხის მამად" ქცევა იდეოლოგიის არსს გამოხატავდა, სადაც ქცევის უნიფორმიზმი რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურებოდა, ფსიქოანალიზი, ცხადია, საშიში იყო. ფსიქოანალიზი ხომ პირველ რიგში ინდივიდუალიზებული საზოგადოების მენტალიტეტს ქმნიდა - ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრება გულისხმობს არა უსახურ მასადქცეულ საზოგადოებას, არამედ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას... ასეთი, "ზრდასრული ადამიანების" კი ყოველთვის ეშინიათ ავტორიტარულ მამებს, ავტორიტარულ დედებს, ავტორიტარულ ბელადებს, ბიუროკრატებს და ბელადების მრჩევლებს, რომლებიც ფროიდიზმში თავიანთი როლის, თავიანთი კეთილდღეობის დაკარგვის საშიშროებას ხედავენ.

ფროიდმა კომფორტი დაურღვია კაცობრიობას, ისე, როგორც თავის დროზე - კოპერნიკმა.

კოპერნიკმა კაცობრიობას სხვა სამყარო, კოსმოსი უჩვენა. ფროიდი უფრო შორს წავიდა და კაცობრიობას საკუთარი თავი დაანახა.

როგორ შეიძლება ასეთი კაცის სიყვარული?!

 

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.