warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 11 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

სიბრძნე სიბრიყვისა

www.paatakourdadze.blogspot.com

ამონარიდი პაატა ქურდაძის ესეიდან "სიბრძნე სიბრიყვისა"

"ნებისმიერი სპექტაკლის საფუძველში ჩადებული სისასტიკის ელემენტის გარეშე, თეატრი შეუძლებელია.

დეგენერაციის იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, კანის ფორებიდან უნდა შემოვუშვათ ჩვენს სულებში მეტაფიზიკა."

სისასტიკის თეატრი. ანტონენ არტო

საბჭოთა რუსეთი

გასული საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა კაცობრიობისათვის წერა-კითხვის დემოკრატიზაცია და პოპ-კულტურის შექმნა იყო. უამრავი დრო, ენერგია და სახსრები დაიხარჯა იმისათვის, რომ "უბრალო" სოციალურ ჯგუფს   წერა-კითხვა შეესწავლა და  საკვირაო წირვის შემდეგ ბაზრის ჯამბაზების წარმოდგენებისაგან ნამდვილი სოციო-კულტურული ფენომენი შეექმნა. რასაც  ჯერ პატარა, მერე კი - დიდი ვარსკვლავები მოჰყვნენ. პოპ-კულტურამ, თავის მხრივ, ახალი ტიპის  პოპ-მომხმარებელი აღზარდა. ისინი 90-იანი წლებიდან მსოფლიოს მართვის სადავეებთან, ანუ პოლიტიკაშიც გამოჩნდნენ.  პრეზიდენტებად ისეთი ადამიანები მოგვევლინნენ, რომლებსაც ახალგაზრდობაში მთლად LSD-სა და "ველვეტ ანდერგრაუნდის" თუ არა, მსუბუქი პლანისა და "ბითლზის" გემო გასინჯული ჰქონდათ. ეს თვისობრივად ახალი მოვლენა იყო: როკ-ენ-როლ  გენერაცია პოლიტიკაში: რომელიც თავად შეეცადა, გამხდარიყო  ყველაზე დიდი ვარსკვლავი - მიკ ჯაგერიც და ჯონ ლენონიც... და გახდა კიდეც.

90-იან წლებში წარმოქმნილი პოლიტ-პოპკულტურა კოსმიური სისწრაფით "განვითარდა" - დღეს თვით რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინიც კი, რომელსაც ნებისმიერ სხვა ეპოქაში ტირანს და დიქტატორს დაარქმევდნენ, სწორედ პოპ-ვარსკვლავის სტატუსით აღიქმება, როგორც თავის ქვეყანაში, ასევე, დანარჩენ მსოფლიოში. უნდა ითქვას, რომ არიან კარგი და ცუდი პოპ-ვარსკვლავები. პუტინი ცუდების კატეგორიას მიეკუთნება: ასეთებს დასცინიან, როგორც "აბბას", თუმცა, მათი რეიტინგი მაინც უსწრებს "როლინგებისას."

2000-იან წლებში პოლიტიკური პოპი ნამდვილ პოლიტ-შოუბიზნესში გადაიზარდა. გარდა მეგავარსკვლავებისა,  გაჩნდა უამრავი პატარ-პატარა, ლოკალური ვარსკვლავი, უფრო სწორად - მეტეორი, რომელიც ისე სწრაფად ჩაგიფრენს გვერდით,  თვალსაც ვერ შეავლებ წესიერად. ასეთები განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში მომრავლდნენ, როგორიც ჩვენი ბრჭყვიალა დისკო-სამშობლოა.

საქართველოში რეალობასთან სინქრონიზირებული არაფერია - მათ შორის, პირველ რიგში, ხელოვნება.

იშვიათად თუ უჩვენებია ვინმეს ადამიანების გაბოროტების პროცესი ისე კარგად,   როგორც ამერიკელ რეჟისორ ბობ ფოსს თავისი "კაბარეს" ცნობილ სცენაში, სადაც გერმანული სოფლის პასტორალური სინაზე სულ რაღაც ორ წუთში ჯოჯოხეთურ, სვასტიკიან საშინელებაში გადადის (სცენა - "Tommorow Belongs to Me" - Cabaret. Bob Fosse. 1972).

"ფეისბუკში"  ჩემი "ფრენდების" ძალიან დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ამ ეპიზოდის სრულ იმიტაციას იმეორებს ყოველდღე - დილას ნაზი ხმით იწყებს სიმღერას, ღამე კი გაბოროტებული იძინებს. გესლის გულუხვი ნთხევა იწყება განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რუსეთს შეეხება, ამ დროს გამუდმებით იგრძნობა საკუთარი უხეში გრძნობების გამოფენის ჯერ კიდევ შემორჩენილი ინსტინქტის სიმძლავრე და ერთსულოვნება, ვირტუალური ეშაფოტებისა და გილიოტინების ელვის სისწრაფით აღმართვის საოცარი ხელოვნება.

მორალური თვალსაზრისით, რუსების ლანძღვა ერთადერთია, რაც არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება. კონკორდატი იმის შესახებ, რომ რუსოფობიას, ქსენოფობიასა და ჰომოფობიას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის, საიმედოდ ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია, ფაქტობრივად, ყველა ანტაგონისტი მხარის მიერ. იქ კი, როგორც ჩანს, წერია, რომ კანის ფერის მიხედვით სიძულვილი არ არის მიღებული, არც სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, სამაგიეროდ, მტრის სიძულვილი ნებადართულია, პრინციპში ამ ნიშის გამოყენება თავისუფლად შეიძლება უფასო პარკინგივით ნებისმიერი "ფობიის" დროებით დასაყენებლად, "მორალური პოლიციის" გამჭრიახი თვალის ასახვევად. ეს მეთოდი განსაკუთრებით მოსახერხებელი და კომფორტულია, როდესაც ისეთი უკიდეგანო გეოგრაფიისა და უგუნურების მტერი გყავს, როგორიც ჩვენი ყოფილი ბოროტი დედინაცვალი რუსეთია. როგორც ქართველი თამადები იტყვიან ხოლმე: ჩვენს ხვალინდელ დღეს გაუმარჯოს! - ანუ "Tomorrow belongs to me!"

მაგალითები ფეისბუქიდან:

- რუსი ერი განაგრძობს წრთობასა და ფორმირებას. დღეს ის შებოლილ ერად ყალიბდება!

- დაკაპჩონებული ერი ჯობია...

- აფიციანტ, ერთი ბალტიკა და ერთი კაპჩონი რუსი თუ შეიძლება! :))))))))))))))

ჯარისკაცი Giorgi Magularia შებოლილი ღორი... ჰმ, არ გამისინჯავს, მაგრამ ალბათ კაი რამე იქნება...

- რერო! პოდმოსკოვია გადამწვარა რერო! მთელი რუსეთიანათო რერო.. ჩემო კარგო, ჩემო მშვენიერო და ა.შ..

- აფიციანტ, არ გესმის? ერთი ბალტიკა და ერთი კაპჩონი რუსი-მეთქი!

ჩვენი სასჯელი  ცვალებადი მგრძნობიარობაა...

რა თქმა უნდა, აქ ვინ შემოგედავებათ: მტერი გაზის კამერაში უნდა გაგუდო! რა არის ამაზე ლოგიკური? თავისით  თუ დაიხრჩობა - მით უკეთესი... ხოლო თუ ღმერთი დაახრჩობს, როგორც ეს ქართველ ზეზვებსა და მზიებს გულწრფელად სჯერათ, ნამდვილი მადლი იქნება... ხოლო საერთო ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური ღირებულებების შესახებ ვაჟა-ფშაველას უკვე დაწერილი აქვს ჩვენს მაგივრად...

ეს არ არის რასიზმი; არც ქსენოფობია, არც ჰომოფობია... სრული სიმართლეა - ეს ალ ქაიდას, ჩეჩენი ვაჰაბისტების, ჰამასის, საერთოდ ტერორისტების პრიმიტიული მგრძნობიარე ცრემლიანი ლოგიკა, მათი თეატრია, სწორედ იმ სისასტიკის მარცვლით, რომელზეც არტომ თავისი თეატრი ააგო: რით არიან თქვენი ბავშვები ჩვენებზე უკეთესნი? მე არ ვიცი, რა სიტყვა იხმარება ასეთ შემთხვევაში - როდესაც შენი მტრის ბავშვების შებრალების უნარს კარგავ..

.... დედა-ბუდიანად ამოჟლეტა... "მშვენიერი" გამოთქმაც კი გვაქვს ქართველებს - დედა, ბუდე, ბუდეში ბარტყები... რა ცისფერი სინაზეა, რა ბიბლიური სისასტიკე. სენტიმეტალური ცინიზმი, გრძნობების პათოლოგიური ფანტასმაგორია... ოღონდ ამაზე ავღანეთის ხრიოკ მთებში გათხრილ ორმოებში ჩამალული წერა-კითხვის უცოდინარი, ოპიუმის წევით ჭკუიდან გადასული თალიბი, ან კავკასიელი თუ კაზაკი ბარბაროსი კი არ ოცნებობს... არამედ ჩვენი,  წერა-კითხვის მცოდნე და საზღვარგარეთ სტაჟგამოვლილი "მაშასადამე ევროპელი" ქართველი, რომელსაც მუხლებზე ბაზუკას ნაცვლად ნოუთბუკი უდევს და ანდრე რიუს კრემიანი ავსტრიული ვალსების ფონზე დღითიდღე, თვალსა და ხელს შუა, ისე ბოროტდება, რომ ისტორიაში ცნობილი და უცნობი ყველა სისასტიკე - ტროა, ბართლომეს ღამე, ოსვენციმი, ბესლანი, გაგრა - მასში ჯოჯოხეთის წვეტიან, ბასრ სტალაქტიდებად კრისტალიზდება და სქესის, ასაკის და განათლების მიუხედავად, აღარაფრით განსხვავდება იმ ჩეჩენი მხიარული კაციჭამიასაგან, რომელიც თავის სამწუხაროდ ცნობილ კანიბალურ ვიდეო-კლიპში რუს "დამპყრობელ" ინჟინერს სულ სიცილ-კისკისით აჭრის თავს ხანჯლით...

* სრული ვერსია წაიკითხეთ ”ცხელი შოკოლადის” ახალ, 64-ე ნომერში

სტუმარი, ოქტომბერი 24, 2010, 22:46:06

დღევანდელობის ძალიან პრობლემური საკითხზე აქვს ავტორს ნაფიქრალი, და რაც მთავარია, ჩემეული ხედვა დავინახე და გამეხარდა, ვაჟა-ფშაველამ რომ დაწერა უკვე ჩვენს მაგიერ...ძალიან მომეწონა, ჩვენი ბრჭყვიალა დისკო-სამშობლოც მშვენიერია!..აუცილებლად უნდა წავიკითხო... დიდი მადლობა ბატონ პაატას ”მაშასადამე ევროპელი”-საგან...

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.