|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
შიში
იანვარი 18, 2012 ავტორი ნინო ბექიშვილიეს ამბავი ინტერნეტით გავიგე - გორის მე-9 სკოლის მასწავლებელი ია ბჟალავა, რომლის ქმარიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრია, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ია ბჟალავა თვლის, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. სკოლაში, სადაც მუშაობდა, სერთიფიცირებული სულ ექვსი მასწავლებელი იყო. ამ ექვსიდან ერთი - თვითონ. ასეთი ფაქტები საქართველოს სკოლებში უკვე რამდენიმე წელია, ხდება. რეგიონებში, სადაც ხალხი გაცილებით უფრო დაუცველია, ვიდრე თბილისში, პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს დევნიან, ამიტომაც, რეგიონებში ის ადამიანები, ვინც საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულები, ძალიან ფრთხილობენ. ეს ყველაფერი ვიცოდი, როცა ერთ-ერთ პატარა ქალაში მივდიოდი იქაურ საბავშვო ბაღზე სტატიის დასაწერად. სხვაა, როცა ინტერნეტში კითხულობ ან ისე, ვიღაცისგან იგებ, რომ მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან ხსნიან. მაგრამ სულ სხვაა, როცა პირდაპირ ხედავ ამ შიშს. ხედავ დამფრთხალ ადამიანს, რომელიც პატიოსნად ცხოვრობს, არაფერს აშავებს, მაგრამ მაინც ეშინია. ეშინია, რომ სამსახურს დაკარგავს და ულუკმაპუროდ დარჩება. ჩემს მასპინძლებს ხელისუფლებაზე საყვედური არ დასცდენიათ, დამატარებდნენ ოთახიდან ოთახში მეუბნებოდნენ - გვპირდებიან, გვპირდებიანო და მაჩვენებდნენ, როგორ პირობებში უხდებოდათ მუშაობა. აქ არ დავწერ ამ ქალაქის სახელს, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, იგივე ხდება საქართველოს პატარა ქალაქებისა და სოფლების უმეტესობაში და განსაკუთრებული, არც არაფერი - საბავშვო ბაღში გათბობა არ აქვთ, წყალი არ მოდის (ორ დღეში ერთხელ მოდის თურმე), ბავშვები ერთ ოთახში ჰყავთ, სადაც ძალიან ცოტა სივრცეა სამოძრაოდ - ოთახის დიდი ნაწილი პატარა საწოლებს უჭირავს. აქ იძინებენ, აქ ჭამენ, აქვე თამაშობენ, მეცადინეობენ და ამიტომ, ღუმელსაც ისევ საძინებელში ანთებენ. სათამაშოები კიდევ აქვთ, წიგნები - არა. რაც აქვთ, ძველი და გაცრეცილი, ისიც - მასწავლებლების მიერ შინიდან მოტანილი. აღმზრდელები და ბაღის გამგე - შუახნის ქალები, შიშითა და რიდით მიყურებდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება უკეთესი თვალით დამენახა იქაურობა. ზამთარში გვიჭირს, როცა ცივა, თორემ ზაფხულში კარგად ვართო - მეუბნებოდნენ და უხერხულად იღიმოდნენ. არც იმის თქმა უნდოდათ, რა ხელფასზე მუშაობენ, ცხადია, იციან, რომ ძალიან ცოტაა. ორასი ლარი აქვს ბაღის გამგეს ხელფასი. მასწავლებლებს - უფრო ნაკლები. მერე, როცა გავშინაურდით, მაგრძნობინეს, ყველაფერს ვხვდებით, მაგრამ რამე რომ ეთქვათ, სამსახურს დავკარგავთო. „სახელმწიფოს ფული არა აქვს, ჩვენ ეს გვესმის“ - რამდენჯერმე გამიმეორეს. ცხადია, ამ ქალებმა იციან, რომ სახელმწიფოს რისთვისაც სჭირდება, იმისთვის მშვენივრად აქვს ფული - მაგალითად, კონცერტებისთვის, მაგრამ ეს ხმამაღლა არ უთქვამთ. არც ის მგონია, რომ მათ კითხვები არ უჩნდებათ. ეშინიათ და ამიტომაც ამჯობინებენ, ჩუმად იყვნენ. მე ვერ გამოვდგები მათ მსაჯულად - შიმშილს დიდი თვალები აქვს. თანაც, ყველაზე მთავარი, რაც იქ ვნახე ის იყო, რომ ბავშვები უყვართ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ მათთვის. ბავშვებიც ლაღები იყვნენ, თავისუფლები, თამამები - ეგრევე ჩანდა, რომ არავინ თრგუნავთ და აშინებთ. გაბრაზებული და ნირწამხდარი დავბრუნდი იქიდან. სამსახურის დაკარგვის შიში, ხვალინდელი დღის შიში, სიღატაკის და შიმშილის შიში ამ ადამიანებს აიძულებთ, არსებული რეალობა მიიღონ და არაფერი გააკეთონ მის შესაცვლელად. ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი რამის აღიარებაც კი არ შეუძლიათ, იმის, რომ ძალიან ცუდ პირობებში უწევთ მუშაობა. 17 ნოემბერს ახალგაზრდების ჯგუფმა „ლაბორატორია 18-მა“ შრომის კოდექსი გააპროტესტა. მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა, რადგან სწორედ შრომის კოდექსი, რომელიც მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებს ატარებს და არა დასაქმებულისას, უხსნის ხელ-ფეხს ხელისუფლებას და დამსაქმებლებს, სამსახური შანტაჟის მექანიზმად აქციონ და ადამიანები მუდმივი შიშის რეჟიმში აცხოვრონ. როგორ უნდა დაამარცხონ ეს შიში ადამიანებმა, მაშინ, როცა ფასები სულ უფრო და უფრო იზრდება და სამსახურის შოვნა სულ უფრო და უფრო ჭირს? ან აქვთ კი სურვილი, რომ დაამარცხონ? იქნებ შეეგუენ და სხვანაირად ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენიათ? ამ კითხვებზე მე პასუხი არ მაქვს.
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი