|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
შენი შვილი რომ წარმოიდგინო ...
თებერვალი 17, 2012 ავტორი ია მერკვილაძეტელევიზორი ჩართულია და CNN დღე და ღამ სირიის ამბებს აჩვენებს. ამბებს კი ძალიან მოკლედ ასე ჰქვია: „ომი“. უფრო კონკრეტულად კი – „სამოქალაქო ომი“. ტელეარხი შიგადაშიგ ვალენტინობის დღესა და ადელის წარმატებას მახსნებს და უფრო ხშირად – უითნი ჰიუსტონის სიკვდილს; კიდევ – რესპუბლიკელების საპრეზიდენტო რბოლას. სირიის რომელიღაცა ქალაქის დაბომბილ ქუჩაზე პატარა ბავშვი მიდის. ზურგიდან ჩანს. უცებ ტყვიების წუილი იწყება, კომენტატორი აზუსტებს, რომ ეს სნაიპერის ტყვიებია. ვიღაც კაცი თავქუდმოგლეჯილი მორბის, ბავშვს აიტაცებს და უსაფრთხო ადგილას გაჰყავს. როგორც ჩანს, ბავშვს ფეხსაცმელი დაუვარდა. კაცი ისევ მორბის, დაგდებულ ფეხსაცმელს იღებს, ბავშვთან ბრუნდება, იცუცქება და პატარას ფეხსაცმელს აცმევს. კომენტატორი: „ნახეთ, ეს კაცი ბავშვის ფეხსაცმლისთვის დაბრუნდა!“... დარწმუნებული ვარ, თავისი ფეხსაცმლისთვის – არ დაბრუნდებოდა. ბავშვისთვის – მექანიკურად, გაუცნობიერებლად. არ ამბობენ, მამაა თუ უბრალოდ, უცნობი. მამაკაციო, ასე თქვეს. ეკრანის ქვევით ერთწინადადებიანი „ნიუსები“ მოძრაობენ და, აი, ერთ–ერთი: იანვრიდან მოყოლებული სირიაში 400 ბავშვი მოკლესო ... „იუთუბზე“ სიტყვებს „სირიას“, „ბავშვსა“ და „სნაიპერს„ თუ აკრებთ, სნაიპერის მიერ მოკლული პატარა არსების „ვიდეოს“ ამოაგდებს. მაგიდაზე ასვენია. თვალი არა აქვს, მარჯვენა თვალის მაგივრად სისხლიანი ხვრელია და საყელოსთან – შედედედებული სისხლის გუბე. ვიღაც კაცი ხვრელში შიგნით თითს უყოფს... ბაშარ ასადის სახელს ახსენებს. ბავშვს ნაქსოვი ზედა აცვია. რუხი ფერის. ვცდილობ რაც კი რამ ფანტაზიის უნარი ოდესმე გამაჩნდა, ამჟამად გამაჩნია ან თუკი მომავალში რამენაირად კიდევ შემრჩება, ტვინი ნეირონების აფეთქებამდე დავძაბო და სნაიპერის სახე წარმოვიდგინო... და იქნებ როგორმე სნაიპერის შვილიც წარმოვიდგინო. მშობელიც და შვილიც. ერთად. აი, თუნდაც, სასადილო ოთახში სხედან, სადილობენ ანდა ხელიხელჩაკიდებული მიდიან... ქუდს ახურავს ან ხელთათმანს აცმევს. ვერაფრით. ვერ. რაღაც შავი ლაქა მიჩნდება თვალწინ, მერე პატარა ლაქებად, მერე წერტილებად ნაწევრდება და საიდანღაც შორიდან წითელი წერტილი ნელ – ნელა მიახლოვდება, დიდდება, ლამის თვალებს მტკენს. პიცა მქონდა შეკვეთილი. ახლახანს მომიტანს. ცხელი, გამდნარი ყველის, ზეთისხლის, სოკოსა და პომიდვრის ოხშივარი ასდის, მაგრამ ვინმემ იცოდეს როგორ მეზიზღება ახლა: პიცაც, ზეთისხილიც, სირიაც, ნობელიც თავისი „კეთილშობილური დენთითა“ და ფსევდომშვიდობის ნობელიანტებითურთ; ის კაციც, რომელიც ბავშვის არარსებულ თვალს თვალსაჩინოებად იყენებს; შავი და პომიდორის ფერიც და ჩემი ფანტაზიაც... მახსენდება „ალ – ქაიდას“ თავკაცის ბინ ლადენის ანდერძი, სადაც იგი თავის შვილებსა და შვილიშვილებს ჯიჰადს უკრძალავს და სთხოვს: „წადით ამერიკასა და ევროპაში, მიიღეთ კარგი განათლება. თქვენ უნდა ისწავლოთ, მშვიდობიანად იცხოვროთ და არ გააკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებ ან ვაკეთებდი“. მართალი გითხრათ, გამიკვირდა. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს ადამიანურობის ნაკუწი ჰქონია – შვილებისადმი დამოკიდებულება. ძალადობის სისტემაც კი ხანდახან „გამონაკლისებს“ უშვებს, აქილევსის ქუსლიც ჰქონია... რაღაც ჰქონია დასაკარგი. ღირებული. და აქვე ტელევიზორი კვლავ ახალ ამბავს ტრანსლირებს: ორი წლის წინ 25 დეკემბერს ამსტერდამ–დეტროიტის ავიარეისზე ნიგერიელ ტერორისტს უმარ მუტალაბს ასაფეთქებელი ნივთიერება საცვალში ჰქონდა დამალული. ჰოდა, რომ არა ერთ–ერთი მგზავრის სიყოჩაღე, ახლა სამყაროში 290 ადამიანით ნაკლები იქნებოდა. თავად ტერორისტიც არ იქნებოდა ცოცხალი. მისი თვითნაკეთი „ბომბი“ საცვალშივე აფეთქდა და, ბუნებრივია, მამაკაცს სასქესო ორგანო დაუზიანა. სასამართლოზე მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ადვოკატმა გააპროტესტა. სამართალმა არ იმუშავა, პრინციპში, ამ შემთხვევაში რეალურად ფიზიკური ზიანი ხომ მხოლოდ ტერორისტმა მიიღოო... საინტერესოა, რა არგუმენტით გააპროტესტებდა იურისტი განჩინებას, იმ დღეს იმ თვითფრინავში მისი შვილი რომ მჯდარიყო... ცხადია, „პროფესიონალის მუნდირი“ ამგვარ სენტიმენტებს გამორიცხავს, მაგრამ მაინც...
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
მიდიმოადე (შეუმოწმებელი), მარტი 10, 2012, 11:37:48
კობაშ მოკრძალებით შეგახსენებთ ერთ ქართველ დედას, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელიც შტერ ბიჭებს შეიარაღებისა და სისხლისღვრისკენ მოუწოდებდა, თავის ანზორიკოს კი სხვაგვარად ხედავდა ამ „ბრძოლაში“. და ეს ქალბატონი გამონაკლისი არაა, ქართველი დედები მხოლოდ საკუთარ შვილებს „ინდობენ“, სხვისი სხათა პრობლემად მიაჩნიათ
კობა (შეუმოწმებელი), თებერვალი 26, 2012, 23:28:59
ხელისუფლებაში ქალები რო იყვნენ ნახევარი, ალბათ ამდენი უბედურება არ მოხდებოდა. ამაზეც დაწერე ია. ამომრჩეველთა დიდი უმრა ვლესობა ყველგან ქალია და ბარემ დედები აირჩიონ, მათ მეტად აქვთ გამახვილებული პასუხისმგებლობის განცდა შვილების სიცოცხლეზე.
natiku (შეუმოწმებელი), თებერვალი 19, 2012, 12:21:34
თუკი ძალადობის წინაღმდეგ გამოდიხარ ნათლად უნდა დაანახო არსებული პრობლემა და ხალხის სააშკარაოზე გაოიტანო, ის ხალხი ვინც საკუთარ შვილს ნაგავში აგდებს ამ სნაიპერისაგან ბევრად განსხვავდება? ფორმა სხვადასხვაა შინაარსი იგივე!! ძირს ძირს ძალადობა ანგელოზებზე დრო მოვა და პასუხს ვაგებთ ამათ სევდიანი თვალების მზერას როგორ გავუძლებთ. ყველა ვართ დამნაშავე ის დედებიც კი ვინც საკუთარ შვილზე დასასჯელად ხელს ასწევს თუნდაც ყურის ასაწევად!!
გიორგი (შეუმოწმებელი), თებერვალი 18, 2012, 14:20:54
თამარია, თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადამიანს უფლება, წეროს იმაზე, რაც მას სურს?
თამარია (შეუმოწმებელი), თებერვალი 18, 2012, 12:36:57
ია, ადრეც მითქვამს და ეხლაც მიმაჩნია, რომ ასეთი ხედვების საკუთარ და სხვის თავზე მოხვევა ემოციური ძალადობის მანიპულაციის საზღვრებში მშვენივრად ჯდება...
david andghuladze (შეუმოწმებელი), თებერვალი 18, 2012, 06:18:43
დიდი მადლობა ია. ძალიან კარგი წერილია.
ახლახანს გავიღვიძე და თქვენი წერილით დავიწყე დღე.
კარგი იქნებოდა, ასეთ მძიმე წერილების წერა არ გვიწევდეს, მაგრამ რეალობას ვერ და არ გავექცევით.
long wolf (შეუმოწმებელი), თებერვალი 17, 2012, 22:33:32
pacefisturi statiaa. tumca bavshvebi codoebi arain martali xar
დატოვე კომენტარი