"შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!"

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

სპექტაკლი ”სტიქსი”, რეჟისორი რობერტ სტურუა, კომპოზიტორი გია ყანჩელი

დრო, მარად ცვალებადი, წარმავალი. დრო, რომელიც მიდის, თუ მიქრის.. შენი დრო, განგების ძალით შენთვის განკუთვნილი. რომელიც იწურება. 
როგორ გადავარჩინოთ რაღაც ამ დროიდან, რომელშიც არასდროს აღარ ვიქნებით. ეს ადამიანის მარადიული ფიქრებია და ამ ფიქრებიდან ჩნდება სწრაფვა დროის შეჩერებისა. "შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ"! - ამას დიდი მწერალი მოითხოვდა. და თუ ჩაუღრმავდები, შეჩერების ღირსია ყველა წამი, ისიც, რომელიც რაღაც მნიშვნელობით არის სავსე, და ისიც, რომელშიც არაფერი არ ხდება, სულ არაფერი, უბრალოდ - წვიმიან დარში მზის სხივის ერთი გაელვება, ან სულაც პირქუში, ღრუბლიანი დღე, მაგრამ ის მაინც უმაღლესი მნიშვნელობით არის სავსე, რადგანაც ამ დღეში ხარ შენ! შენ არსებობ! შენ ცხოვრობ, სუნთქავ, მოძრაობ, რაღაც გადარდებს, რაღაც გიხარია, და ცხოვრება მიდის და ერთი, იდუმალი მნიშვნელობით, ანუ არსებობით სავსე წამი ცვლის მეორეს... შეჩერდი, წამო, შენ ისეთი მშვენიერი ხარ! მშვენიერი ხარ უკვე იმიტომ, რომ იყავი ერთხელ და არასოდეს აღარ განმეორდები. და დროზე ფიქრი მოულოდნელად ამოატივტივებს გონებაში ახმატოვას სიტყვებს:

მაგრამ გახსოვდეთ, მე გაგაფრთხილეთ,
ამ ქვეყნად ვცხოვრობ უკანასკნელად,
და აღარასდროს მოგევლინებით,
არც ვით მერცხალი და არც ვარსკვლავი,
ზარების რეკვის ხმა გულსაკლავი,
წყარო ჩხრიალა, ღამის ჩრდილები,
ან ეს ლერწამი, ეს მე არა ვარ,
მე გეუბნებით დაუფარავად,
რომ აღარასდროს განვმეორდები,  
და არც ქვითინით და არც გოდებით
აღარ დავუფრთხობ სიზმარს არავის.                                    (ჩემი თარგმანი)

და ისე მინდა ვუთხრა ჩემს ახლობლებს: მაგრამ გახსოვდეთ, მე გაგაფრთხილეთ, ამ ქვეყნად ვცხოვრობ უკანასკნელად, და აღარასდროს მოგევლინებით... იმის იმედიც მაქვს, რომ ეს სიტყვები ირონიულ ღიმილს გამოიწვევს მათში! [pagebreak]

5 მაისის "ლე მონდში" დაიბეჭდა საინტერესო წერილი სათაურით "დატკბი დაუბრკოლებლად". ვფიქრობ, რომ სტატიაში ბევრი რამ არის ჩვენთვისაც საყურადღებო. საზოგადოებას, რომელმაც ისტორიული კანონზომიერების ძალით, გაიარა ტოტალიტარიზმის 70-წლიანი ეპოქა და დღეს ჩაბმულია ლიბერალიზმისა და მონდიალიზაციისათვის დამახასიათებელ საპირისპირო ვნებათა ჭიდილში, ჯერ წინ დიდი და ძნელი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე ნამდვილ თანამედროვე ერთობად ჩამოყალიბდება. ამ გზაზე მნიშვნელოვანია იმათი გამოცდილების გაზიარება, ვინც ეს ძვრები ჩვენზე ადრე გადაიტანა. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში უებარია სიტყვის ძალა. ამის დასტურს დღევანდელ ფრანგულ რეალობაში ვხედავ. სიტყვა! ალბათ, არცერთი ერი არ ანიჭებს მას ისეთ მნიშვნელობას, როგორც ფრანგები. მეფეებს და საზოგადო მოღვაწეებს აქ უმთავრესად საქმეებით კი არ იხსენებენ, არამედ მათი გამონათქვამებით. მაგალითად, ყველა ფრანგმა არ იცის, რა გააკეთა ლუდოვიკო XIV-მ ქვეყნისთვის, ის კი ნამდვილად იცის, რომ მან თქვა, "სახელმწიფო - ეს მე ვარ;" რომ ანრი მეოთხემ თქვა - "პარიზი ღირს მესად", ფრანსუა პირველმა - "ყველაფერი დაკარგულია, ღირსების გარდა", მარი-ანტუანეტამ - "თუ პური არა აქვთ, ჭამონ ფუნთუშა", ფუშემ - "ეს უარესია, ვიდრე დანაშაული, ეს შეცდომაა", ტალეირანმა - "მათ (ბურბონებმა) არაფერი არ ისწავლეს და არაფერი არ დაივიწყეს", და ისევ ტალეირანის გამონათქვამი: "ბატონ შატობრიანს მიაჩნია, რომ დაყრუვდა, თუ მასზე არ ლაპარაკობენ". 1974 წელს, საპრეზიდენტო დებატებისას, ჟისკარ დ’ესტენმა უთხრა მიტერანს: "თქვენ არ გაქვთ მონოპოლია გულზე", და ფრანგები თვლიან, რომ ამ ფრაზამ მოაგებინა ჟისკარს არჩევნები. ისევე როგორც, 1988 წელს, ასევე დებატებისას, შირაქმა უთხრა მიტერანს: "დღეს არც თქვენ ხართ პრეზიდენტი, არც მე - პრემიერ-მინისტრი. ამიტომ ნება მომეცით, მოგმართოთ - ბატონო მიტერან", რაზეც მიტერანმა უპასუხა, "თანახმა ვარ, ბატონო პრემიერ-მინისტრო!" ირონიით გამსჭვალული ფრანგები ამბობენ, რომ ამ ენამახვილობამ განაპირობა მიტერანის გამარჯვება.    
სიტყვა რომ ფრანგებისთვის ბრძოლის და დარწმუნების მთავარი იარაღია, ამას დღევანდელობაც ადასტურებს: დღეს საფრანგეთში წერს ყველა, პოლიტიკოსები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები თუ სხვა ცნობილი ადამიანები, წერენ არაცნობილები, რომლებიც ერთი წერილით და, მით უმეტეს, წიგნით ხდებიან ცნობილები. მერე ამ წიგნებზე იწერება სტატიები, იმართება დისკუსიები ტელეეკრანებზე და ბევრი წიგნი ბესტსელერად იქცევა. ვფიქრობ, გამოსახულების და შოუბიზნესის საყოველთაო მბრძანებლობის ეპოქაში განსაკუთრებულად მისასალმებელია წიგნის და სიტყვის ამგვარი კულტი. მართლაც რომ, პირველად იყო სიტყვა...
მაგრამ დავუბრუნდეთ თავიდან ნახსენებ სტატიას: "დატკბი დაუბრკოლებლად". ავტორი წერს:  
"ჰიპერთანამედროვე ადამიანი, რომლის არსებობის მიზანია ყოველთვის ჰქონდეს მეტი და განსაკუთრებული, ვალდებულია ტკბებოდეს. უცილებლად. ყველაფრით. არაფრით... თავისი ბედნიერებით, და ხანდახან, თავისი უბედურებით, რათა თავი დააღწიოს მას. დაიკმაყოფილოს სურვილები, მოიხმაროს. შენ შეგიძლია მიიღო ის, შეიბრალო, შეებრძოლო, "ჰიპერთანამედროვე" არსებობს თავის "უფრო მეტი ღირებულების" მოპოვების სამყაროში, მღელვარების გამწვავების ატმოსფეროში, რომელიც თან ახლავს ამ "უფრო მეტი ღირებულების" ძიებას."
ფსიქოანალიტიკოსი შარლ მელმანი ხატავს ოცდამეერთე საუკუნის დასავლელი ადამიანის პორტრეტს: "ვინც მოძრაობს უკომპასოდ, არ მიდის არავითარ დათმობაზე, გმობს უკანდახევას, უწონადი არსება, დღეს გამარჯვებული ლიბერალური საზოგადოების პროდუქტი, ის აღმოცენდა ორი კულტურის შეჯახების ნიადაგზე, ერთისა, რომელიც ემყარებოდა სურვილთა დათრგუნვას და წარმოშობდა ნევროზებს და მეორისა, რომელიც გვირჩევს მათ თავისუფალ გამოხატვას. ამ არსების დევიზია: გინდოდეს ყველაფერი, ამ წუთას, აქ და ყოველთვის, და განუსაზღვრელი რაოდენობით.     
თავს ნუ მოიტყუებთ, განსაკუთრებულისკენ მიდრეკილება თავისთავად გულისხმობს სიამოვნების მიღების სიძნელეს. მარკეტინგის (ანუ ყიდვა-გაყიდვის) ცივილიზაცია მიმართავს ჩვენს მიდრეკილებებს ტკბობის უამრავი ობიექტისკენ (ნაწარმი, სამსახური, დაწინაურება), და ეს ლტოლვა ტკბობისკენ არის თავისთად ბიძგი დაუკმაყოფილებლობისკენ. ეს ყველაფერი იწვევს დეპრესიულ მდგომარეობას, რომელიც ყველას განგვიცდია. და რაკი სამყაროში არაფერი იკარგება, აუცილებელი ხდება "კომპენსაციების ძიება". ეს არის ტენდენცია, რომელიც გვაიძულებს დავრეკოთ ან გავგზავნოთ ესემესი, როცა არაფერი გვაქვს სათქმელი, ჩვენი დაუკმაყოფილებლობის გარდა".
დღევანდელი დღის საკმაოდ შემაშფოთებელი სურათია დახატული, არა? და ჩვენც ხომ არ ვადგავართ ამ "სუპერთანამედროვე ადამიანის" ჩამოყალიბების გზას? თუ ის უკვე ჩვენი საზოგადოების ორგანული ნაწილია?

კარგი განწყობის და სიხარულის ერთ-ერთი უებარი წყარო: ჩოგბურთი! ჩავეწერე ერთ მშვენიერ კლუბში ბავშვობიდან საოცნებო ბულონის ტყის განაპირას და ვთამაშობ! შაბათ-კვირას და სხვა დღეებშიც, როცა ჩნდება ამის შესაძლებლობა.
და კორტებზე კი ნამდვილად ყველაფერი გავიწყდება, ასაკიც, ცხოვრებისეული სიძნელეებიც, პირადი წუხილები და, წარმოიდგინეთ, საერთო (ანუ ქვეყნის) ტკივილებიც კი, სულ ცოტა ხნით მაინც! 
პიერ დე კუბერტენი ამბობდა: თხილამურებით სრიალი იქნებ არ არის ნამდვილი ბედნიერება, მაგრამ ის მას ძალიან ჰგავს. ლადო (მესხიშვილი) ხშირად იმეორებდა ამ სიტყვებს პატარა კორექტივით: კუბერტენი ამბობს, რომ თხილამურებით სრიალი ძალიან ჰგავს ბედნიერებასო, მე კი ვფიქრობ, რომ ის არის ნამდვილი ბედნიერება. და მე სრულიად ვეთანხმებოდი კუბერტენის თუ ლადოს ამ განცდას: მართლაც ბედნიერება ხომ სხვა არაფერია, თუ არა გრძნობათა სისავსე და სიმძაფრე, და სწორედ ეს გრძნობები გიპყრობს, როდესაც დგახარ კოხტის წვერზე, გაჰყურებ შენ წინ გადაშლილ, თითქოს მირაჟიდან ამოზრდილ კავკასიონს, სუნთქავ მთის მაცოცხლებელ ჰაერს და მერე ეშვები დაბლა იმისათვის, რომ რამდენიმე წუთში ისევ შეჯდე საბაგიროზე და კვლავ მთელი არსებით შეიწოვო მთის, თოვლის, მზის სამყარო, რომელიც იმ წუთს უკვდავებასთან გაზიარებს. ეს მაშინ იყო, იმ შორეულ დროში, როდესაც ბაკურიანი და თხილამურები ლადოს და ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს შეადგენდა... ალბათ, უცნაურია, მაგრამ დღეს გრძნობათა ისეთივე სისავსის და ინტენსივობის განცდა მეუფლება ჩოგბურთის კორტზე! ხანდახან  თვითონ მიკვირს, რა იწვევს ამ სიხარულს. ალბათ, აქ - ბულონის ტყე, იშვიათი გულმოდგინეობით მოვლილი კორტები, კლუბის მარად მომღიმარი პერსონალი და ასევე მომღიმარი და კეთილგანწყობილი მოთამაშეები, და მერე - თვითონ მოედანი, ხანდახან კარგად დარტყმული ბურთი, მუდმივად - სწრაფვა უკეთესისკენ, სხეულის ფლობა და სირბილი, და - უსათუოდ ახალგაზრდული შემართება, რაც ყველა ასაკის მოთამაშეს ერთნაირად ახასიათებს... თუმცა, განცდა იგივე იყო თბილისშიც, თელავშიც, ბათუმშიც, ყველგან, სადაც კი მითამაშია ეს უმშვენიერესი თამაში, რომელიც  არსებობის წესებსაც გთავაზობს: ანუ ელეგანტურობას, წესიერებას, მოწინააღმდეგის პატივისცემას, სილამაზისკენ სწრაფვას. და კიდევ ერთი: ბულონის ტყის განაპირას გაშენებული ლონგშანის კლუბი კი იწვევს ჩემს აღფრთოვანებას, მაგრამ ნამდვილი სინაზით მიყვარს თბილისში, მტკვრის სანაპიროზე დინამოს საკმაოდ მოძველებული და  მოუვლელი კორტები (თანხების სიმცირის გამო), ჩვენი "სენიორთა" ანუ ასაკოვანთა კლუბი, თავისი მირიანით და ზაზათი, და ავთოთი, თავისი ტრადიციებით და ქართველებისათვის აუცილებელი აყალმაყალით, თავისი შეჯიბრებებით და მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვით! დინამოს კორტები, სადაც ოდესღაც არამ გერასიმოვიჩი (მეტრეველის და კაკულიას ბრწყინვალე მწვრთნელი) მისწორებდა დარტყმებს, სადაც ტარდებოდა უმაღლესი დონის შეჯიბრებები მეტრეველის და ნასტასეს მონაწილეობით, სადაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებდნენ ჩვენი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, დიდი ლადოდან დაწყებული პატარა ანამდე... და როდესაც ერთ დღეს გავრცელდა ხმა, რომ ვიღაცა ყიდულობს ამ ადგილს საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად და  კორტებს სადღაც გარეუბანში გადაიტანენო, ნამდვილად გული გამიჩერდა! მაშინ თანამდებობის ერთ ჩემთვის ახლობელ პირს შევჩივლე, ასეთი საშინელი რაღაც თქვეს-მეთქი, და მან კი ძალიან მშვიდად მიპასუხა: და რატომ უნდა იყოს ჩოგბურთის კორტები მაინცდამაინც ქალაქის შუაგულში, ასეთ მშვენიერ ადგილასო, არ სჯობს, გაიყიდოს და თანხა ქალაქის ბიუჯეტში შევიდესო! გამიკვირდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ პრობლემის ასე შემობრუნება შეიძლებოდა. საკითხის არსი ხომ ისეთი ნათელია! დიახ, კორტები სწორედ აქ უნდა იყოს, კარგ ადგილას, სანაპიროზე,  იმიტომ, რომ ყველაფერი არ უნდა ექვემდებარებოდეს ყიდვა-გაყიდვის კანონებს, იმიტომ, რომ კორტები და პატარა ტყის მსგავსი პარკი მის გარშემო ჰაერივით სჭირდებათ ბავშვებს და უფროსებსაც, რომლებიც აქ მუდმივად დადიან, რომ ის, უბრალოდ, ამშვენებს და ალამაზებს ქალაქს და, ბოლოს და ბოლოს, იმიტომ, რომ ეს თბილისის მშვენიერი ტრადიციაა, სილამაზის და კეთილშობილების დამამკვიდრებელი! ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, თუ ოდესმე, სანამ ცოცხალი ვარ, ეს საკითხი მართლა დაისმება, მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სანაპიროს კორტები თავის ადგილას დარჩეს.
გულუბრყვილო ილუზიაა? ვნახოთ. მე არ დამიკარგავს რწმენა იმისა, რომ ყველა პროგრესული თანამედროვე ტენდენციების დანერგვასთან ერთად, თბილისი თავის განუმეორებელ ტრადიციულ სახესაც შეინარჩუნებს. ანუ იმას, რითიც ის მართლაც უნიკალურია მსოფლიოს უმშვენიერეს ქალაქებთან შედარებითაც კი.[pagebreak]

ცხოვრება ეფემერულია, მაგრამ ის, რომ შენ გაიარე ეს ეფემერული ცხოვრება, არის მარადისობის ფაქტი.
ამ ბოლო დროს ამეკვიატა ფიქრები დაკარგულ დროზე, არა ფილოსოფიურ, არა პრუსტის მიერ უკვდავყოფილ, არამედ კონკრეტულად ყოველი ჩვენგანის მიერ დაკარგულ დროზე. და მენანება ეს დრო, რომელსაც დაუფიქრებლად ვკარგავთ, ვკარგავთ მუდმივად,  ყოველდღიურად, (თუნდაც ზედმეტი, არააუცილებელი ძილის სახით), როცა ვიცით, რომ ის მიდის, და რომ სულ ჩქარა ჩვენ მასში აღარ ვიქნებით.

17

ანა კალანდაძის და სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი საღამო ჰოლანდიაში, 2008

მაია ფანჯიკიძემ, ჰოლანდიაში საქართველოს ელჩმა, მიმიწვია ანა კალანდაძის და სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილ საღამოზე ჰააგაში. საღამო მოაწყო საქართველოს საელჩომ და ჰოლანდიაში არსებულმა ბაგრატიონის ფონდმა.
პირველივე წუთებიდან - დადებითი ემოციები! ჩვენი საელჩო, მშვენიერი ჰოლანდიური სახლი - საქართველოს პატარა ნავთსაყუდელი ნიდერლანდებში. აქაურობას შემოკედლებული ადამიანები, დაკავებულნი თავისი საქმით და საქართველოს პროპაგანდით. მაია, უკვე ნამდვილი პროფესიონალი დიპლომატი და ენთუზიასტი, ნინო თარხან-მოურავი და ეკა მხეიძე, ბაგრატიონის ფონდის ხელმძღვანელები, რომლებიც თარგმნიან ანა კალანდაძეს ჰოლანდიურ ენაზე(!), მაია ჩიჯავაძე, მხატვარი, დამკვიდრებული ამსტერდამში, ამ საღამოსთვის საგანგებოდ ჩამოსული გია ყანჩელი - მთელი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, მისი მშვენიერი მეუღლე - ლულა, ნიკუშა შენგელაია თავისი ოჯახით... 
დარბაზში - ჰოლანდიელები და ქართველები. ბევრი კარგი სიტყვა, ბევრი ემოცია... ნინო თარხან-მოურავმა, რომელიც ჩვენი შესანიშნავი მხატვრის და ჩემი ძალიან ახლობელი რეზიკა თარხან-მოურავის შვილი აღმოჩნდა, წაიკითხა საინტერესო მოხსენება ანა კალანდაძის შესახებ და მისი ლექსების თარგმანები,
გია ყანჩელმა და მე ვილაპარაკეთ სოფიკოზე და ანაზე, წავიკითხეთ ანას ლექსები. აჩვენეს სოფიკოს შესანიშნავი ფოტოების ვიდეოკოლაჟი, სადაც მისი სილამაზე მართლაც გამაოგნებელია, და ნაწყვეტები ფილმებიდან. …
"როდესაც გვტოვებს ის, ვინც თავისთავად ბრწყინვალებაა, შენ წინ უფსკრული კი არ ითხრება, არამედ უეცრად წამოიმართება მწვერვალი", - ეს დაწერა ერთმა მარტინიკელმა მწერალმა ამ დღეებში გარდაცვლილ დიდ მარტინიკელ პოეტზე - ემე სეზერზე. "ზოგიერთების არსებობასთან დაპირისპირებისას, სიკვდილი სხვა არაფერია, აღმომჩენის გარდა და ეს მისი ერთადერთი გამარჯვებაა".
ამ სიტყვებში დიდი და კარგად გამოთქმული სიმართლეა. ანა კალანდაძე დადუმდა და ეს სიჩუმე უეცრად აივსო მისი სტრიქონებით, მისი ტკივილებით და სიხარულით, მისი ნაღველით. რაზე ფიქრობდა ანა, როდესაც წერდა: "მიჯნურმა ჩემმა ჩემს მტერს ბაღის კარი გაუღო და შემოუძღვა ჩემს წალკოტში მონურად, მდაბლად"... იდგა ამ ხატის უკან რეალური პერსონაჟი, ან პერსონაჟები, თუ ეს იყო პოეტის განხიბლვა ზოგადად ადამიანურობისგან, ერთგულებისგან, სიყვარულისაგან? ხატი კი უძლიერესია: მონურად, მდაბლად, ალბათ, წელში მოკაკული და თავწახრილი, ღალატის გზაზე შემდგარი მიჯნური უღებს კარს მტერს და შემოჰყავს პოეტის, (თუ უბრალოდ ადამიანის) წალკოტში, და მაშინვე ირგვლივ ყველაფერი ჭკნება და ხმება და ბოლო ეღება სულის მბრწყინავ ზეიმებს. "არ შეველ ტაძრად უწმინდური სადაც შევიდა"... რამდენი სიმწარეა ამ სიტყვებში! არა მგონია, რომ ანასთვის უწმინდური მტერია, ეს, ალბათ, მიჯნურია, რომელმაც მტერს გაუღო ბაღის კარი, ვინაიდან ღალატი ბევრად უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე მტრობა!
მიჯნურმა ჩემმა ჩემს მტერს ბაღის კარი გაუღო …
და შემოუძღვა ჩემს წალკოტში მონურად, მდაბლად.
დაჭკნა შროშანი, გახმა ვარდი, დამდაბლდა დაფნა,
მოეღო ბოლო სულის ჩემის მბრწყინავ ზეიმთა.
არ შეველ ტაძრად, უწმინდური სადაც შევიდა,
მიჯნურმა ჩემმა ჩემს მტერს ბაღის კარი გაუღო.

ანას ეს სიტყვები და კიდევ ბევრი სხვა თან მდევდა მთელი დღე და განსაკუთრებით ზღვის პირას... ეს ჩრდილოეთის ზღვა რატომღაც უფრო უსასრულო მეჩვენა და უფრო იდუმალი. აქ სივრცეს, მართლაც, არა აქვს საზღვარი... ტალღები წარმოიქმნება შორს, ძალიან შორს და მწყობრად განლაგებულნი, თეთრ, მოძრავ ზოლებად მოქრის ნაპირისკენ...…ალბათ, ასეთ ზღვაზე აქვს ნათქვამი პასტერნაკს:

Передо мною волны моря.
Их много. Им немыслим счет.
Их тьма. Они шумят в миноре.
Прибой, как вафли, их печет.

Гуртом, сворачиваясь в трубки,
Во весь разгон моей тоски
Ко мне бегут мои поступки,
Испытанного гребешки.

დიდი ხანია მივხვდი, ჩემი სამყაროს აღქმა ყველაზე მეტად ზღვასთან არის დაკავშირებული. მიყვარს ის, რაც მუდმივად ცვალებადია და წარმავალი. არასდროს არ მხიბლავდა არაფერი, რასაც აზის მარადისობის დაღი. ახლა დავდივარ ამ ცივ და ოქროსფერ ქვიშაში და უცებ სულ სხვა ზღვა მიდგება თვალწინ. და სულ სხვა, ცხელ და მშობლიურ ქვიშაში მეფლობა ფეხი. ლიძავა. ჩემი ლიძავა. ამას ოდესღაც ახალგაზრდული მიამიტობით ვწერდი:

ლიძავა ჩუმი, ჩუმი ლიძავა,
ნაძვების ჩერო,
ალბათ შავი ზღვა შენი ძიძაა,
ლიძავა ჩემო...

შეხედე, ტყეა ღამეზე შავი,
ბნელი და ქუში,
მერე ზღვა დგება და ჩუმი თრთოლვით
შენ, მე და ლიძავას გვიხუტებს გულში.

ლიძავა. ბიჭვინთა. ახალგაზრდობა. სიყვარული. ტკივილი - პირადი, გადაჯაჭვული საერთოსთან. შეუძლებელია, იმ სანაპიროზე კიდევ ერთხელ არ გავიარო. იმ ზღვაში არ შევცურო. მიყვარს ის ზღვა, ჩვენი, "შავი" და მაინც მყუდრო, და არა ეს, უსასრულობაში გაჭრილი და გაყინული. და პასტერნაკიც ჩვენს ზღვაზე წერდა! მართალია, არა ლიძავის, არამედ ქობულეთის სანაპიროზე, მაგრამ ამას ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა. ორივე შავი ზღვის სანაპიროა და ორივე - ჩვენი![pagebreak]

ამ ბოლო წლებში გია ყანჩელს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ვხვდები და ეს ყოველთვის სიხარულით მავსებს! გია - გარეგნულად ჯმუხი, უკარება, მაგრამ როცა მიუახლოვდები, თბილი და იუმორით სავსე.
ხელში მიჭირავს ასეთი პრეს-რელიზი იერუსალიმიდან: განათლების მინისტრმა, ვოლფის ფონდის თავმჯდომარემ, პროფესორმა იული თამირმა გამოაცხადა, რომ მსოფლიო მუსიკის ორმა გამოჩენილმა პიროვნებამ, ქართველმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა და იტალიელმა დირიჟორმა კლაუდიო აბადომ, გაინაწილეს 2008 წლის ხელოვნების პრიზი (100,000 დოლარი).
გია ყანჩელს უწოდებენ "მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორს, რომლის უნიკალური მუსიკა გამსჭვალულია დაუვიწყარი მშვენიერებით". ჟიურის დადგენილებაში წერია: "მისი შესანიშნავი სიმფონიები მერყეობს სიურრეალისტურ სიმშვიდესა და ინტენსიურობის უმძაფრეს ამოფრქვევებს შორის. ყანჩელის მუსიკა გამოხატავს ადამიანური ემოციების მთელ გამას, ღრმა რელიგიურობიდან უნაზეს ემოციებამდე, ოპტიმიზმიდან პესიმიზმამდე. მისი მუსიკა აერთიანებს მისტიციზმის აურას და რეალისტურ ხედვას. უსასრულო სიღრმეების გამო, ყანჩელის მუსიკა იქცა უდიდესი გავლენის წყაროდ, განსაკუთრებით ახალგაზრდა კომპოზიტორთა თაობებისთვის".   
ამ ცოტა ხნის წინ გიამ მიიღო კოლორადოს სიმფონიური ორკესტრის და ლოს ანჯელესის ორკესტრის მთავარი დირიჟორის, ჯეფრი კაჰანის წერილი, სადაც წერია: "ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ პირველებმა შევასრულეთ შეერთებულ შტატებში თქვენი "სტიქსი", ნაწარმოები, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როდესაც ის, მრავალი წლის წინ, მოვისმინე კანადაში. აუდიტორიამ ძალიან მძაფრად გამოხატა აღფრთოვანება. ჩემი კოლეგები და მე დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის დიდი და საოცრად მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც რაც შეიძლება მეტმა მსმენელმა უნდა მოისმინოს"... და შემდეგ წერილის ავტორი ეპატიჟება კომპოზიტორს "სტიქსის" კიდევ ერთ პრემიერაზე, ამჟამად დენვერში.
ხომ გრძნობთ სიამაყეს იმის გამო, რომ გია ყანჩელი, ჩვენი თანამედროვე ქართველი მუსიკოსი, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად არის აღიარებული!  ამას პოლემიკური ინტონაციით იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას მხოლოდ ბნელ ფერებში ხედავს და საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე ადამიანებს ნეგატიური ნიშნით აღიქვამს! მაგრამ გიამ ხომ თავისი სიმფონიების უმრავლესობა იმ შავბნელ დროში შექმნა, მაშინვე დაწერა რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლების და ბევრი სახელგანთქმული ქართული ფილმის მუსიკა. ვფიქრობ, დადგა დრო ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისას მოვიშოროთ კლიშეები და ყოველი ცალკეული მოვლენა სტერეოტიპების მოხმობის გარეშე გავაანალიზოთ.           
მე კი გიასთან შეხვედრამ ნოსტალგიური გრძნობები აღმიძრა. კინოსტუდია, სამონტაჟო ოთახი, მუშაობა სამონტაჟო მაგიდასთან შუაღამემდე და ხანდახან - მთელი ღამითაც... ჩემი მუდმივი მემონტაჟე - სოფა, სიტყვის უთქმელად რომ გვესმის ერთმანეთის. მონტაჟის მუდმივი თანამგზავრი - ყავა, რომელსაც ჩვენი გოგოები დიდი ენთუზიაზმით ხარშავენ, რომელსაც განუზომელი რაოდენობით ვსვამთ და ამიტომ იმ საამქროში შესვლისას მაშინვე გცემს ყავის სუნი, ფირის სუნთან შერწყმული... გია სამონტაჟო მაგიდასთან, "გაუცინარი ხელმწიფე", მარად შუბლშეჭმუხნილი, მაგრამ ის ისე ზუსტად გრძნობს კინომონტაჟის არსს, რომ ხანდახან, მთელ სცენებს მასთან ერთად ვამონტაჟებ, მისი მუსიკის კვალდაკვალ! და ეს ისეთი წარმტაცი პროცესია! მახსოვს ასეთი მომენტი: ვმუშაობდით "რამდენიმე ინტერვიუს" მონტაჟზე. ვამონტაჟებდით სცენას, როდესაც სოფიკო მიდის ფოტოგრაფის - ჟანრი ლოლაშვილის სახელოსნოში. სცენა უსიტყვოა, ამიტომ მთავარი აქცენტი გადადის ხმაურებზე და მუსიკაზე. ვუყურებთ გამოსახულებას, ერთხელ, მეორედ, მესამედ. გიას დაწერილი აქვს მუსიკა სხვადასხვა სცენებისათვის - სხვადასხვა. დავუდეთ ეპიზოდს მისთვის დაწერილი მუსიკა და მოხდა რაღაც მოულოდნელი: შეიცვალა ტონალობა, სცენამ არასასურველი ჟღერადობა მიიღო. ეს ორივემ ერთნაირად ვიგრძენით, გიამაც და მეც. ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა. და მე უცებ ყურში ჩამესმა სულ სხვა, ეგრეთ წოდებული "ქუჩის მუსიკა", სოფიკოს ქუჩაში გავლებისთვის განკუთვნილი. და მომეჩვენა, რომ ის, ქუჩის ხმაურიანი მუსიკა, კარგად მიესადაგება ამ სრულიად საპირისპირო ემოციებით დატვირთულ, ინტიმურ სცენას. ვუმხელ ამ აზრს გიას, მას კიდევ უფრო ეჭმუხნება შუბლი. მაგრამ, როგორც ნამდვილად შემოქმედი ადამიანი, მეთანხმება, რომ ვცადოთ. და ჩვენ ვიწყებთ ექსპერიმენტს: ნოსტალგიური მუსიკის ნაცვლად, ვდებთ "ქუჩის" მუსიკას, და  ხდება  პატარა სასწაული: ეპიზოდს ემატება დაძაბულობა, ემოციებს - ინტენსიურობა. ჟანრი უყურებს სოფიკოს, სოფიკოს კი თვალები ეხუჭება და იძინებს. ეს ძილი ნდობასაც გამოხატავს, მაგრამ ასევე გულგრილობასაც შეყვარებული კაცის მიმართ... ჟანრი უყურებს, ტკივილით, სასოწარკვეთით. ყანჩელის მძაფრი, რიტმული მუსიკა აძლიერებს ამ განწყობას. და უცებ გია შესძახებს: აი, აქ მაგარი აქცენტი მჭირდებაო!  მე ვიბნევი: სცენა ისეა გადაღებული, რომ არაფერი არ არის აქცენტირებული, მხოლოდ სტატიკური პლანები, ორი ადამიანი, ოთახის სხვადასხვა კუთხეში, ერთი მძინარე, მეორე - კედელს მიყრდნობილი და უმოძრაო. საიდან ვიპოვო მუსიკისთვის საჭირო აქცენტი? და ამ დაძაბულობაში მიჩნდება პარადოქსული აზრი: მივაწებო მძინარე სოფიკოს კადრს სულ სხვა ეპიზოდის კადრი: სოფიკო ყვავილების გვირგვინით თავზე, ვირზე შემჯდარი, ლაღი და მომღიმარე, მოსეირნობს ტყეში ფოტოგრაფთან ერთად... აღელვებული ვეუბნები სოფას, მოძებნოს ის კადრი. ვჭრი ფირს და ოთახის ეპიზოდში, ზუსტად იქ, სადაც მუსიკა აპოგეას აღწევს, მძინარე სოფიკოს გვერდით ჩნდება ვირზე მოსეირნე სოფიკო! და მაშინვე იბადება განცდა, რომ ეს ჟანრის ემოციაა, რომ  სწორედ ის ხედავს სოფიკოს არა დაღლილს, ძალაგამოცლილს, მიძინებულს, არამედ ლაღს და მომხიბლავს! გიას ეხსნება შუბლი, ის, მგონი, იღიმება კიდეც. და მეც... ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ! …          
ამგვარად, გიასთან მუშაობისას და მის მუსიკაში ჩაღრმავებით, დაიბადა ფილმის ის მონტაჟი, რომელზეც მომავალში ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. კერძოდ მაშინაც, როცა ფილმმა სან რემოში "გრანპრი" მიიღო.

19

ვლადიმერ ნაბოკოვი

"დაწვას გადარჩენილი ნაბოკოვი", ან "როგორ გადაურჩა ლაურა, ნაბოკოვის ბოლო ქმნილება, ცეცხლს" - ამგვარი სათაურებით იბეჭდება წერილები ფრანგულ პრესაში. ისტორია კი ასეთია: სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ნაბოკოვმა დაიწყო წერა რომანისა, რომელიც პირობითად ასე შეიძლება ითარგმნოს: "ლაურა, ანუ სიკვდილი გასართობია".
სიკვდილის წინ, საავადმყოფოში, ნაბოკოვმა ინტერვიუ მისცა "ნიუ-იორკ ტაიმსის" ჟურნალისტს. მწერალი ამბობს, რომ ეს რომანი (იგულისხმება "ლაურა") 50-ჯერ მაინც აქვს სხვებისთვის  წაკითხული: "ჩემს ბოდვაში მე მას ხმამაღლა ვუკითხავდი პატარა წარმოსახულ აუდიტორიას, შეკრებილს შემოღობილ ბაღში. იქ იყვნენ ფარშევანგები, მტრედები, ჩემი დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მშობლები, ორი კვიპაროსი, რამდენიმე მუხლმოყრილი მოწყალების და, და ოჯახის ექიმი, ისეთი მოხუცი, რომ ის თითქმის უხილავი იყო". აი ასე, სულ უფრო და უფრო მეტად მოძალებული ავადმყოფობის პაროქსიზმში დაიბადა ეს რომანი, რომელიც ავტორმა ჯერ ვიზუალურად დაინახა და ცალკეული თავები ჩაწერა ფანქრით პატარა, დანომრილ მუყაოებზე. ის მათ აღიქვამდა, როგორც ფილმის ნეგატივს, რომელსაც მხოლოდ ქაღალდზე გადატანა აკლდა. ეს უნიკალური ტექნიკა აძლევდა ნაბოკოვს საშუალებას დაეწერა რომანი თანმიმდევრულად, თუ პირიქით, არეულ-დარეულად, თავისი ფანტაზიის მიხედვით. მერე ის ამ მუყაოებს კარტივით ათამაშებდა და ასე ყალიბდებოდა რომანის საბოლოო კომპოზიცია.
ეს კი მწერალმა ვეღარ მოასწრო. "ნაღველი შეწყვეტილი სიცოცხლის გამო არაფერია იმ ნაღველთან შედარებით, რომელსაც იწვევს შეწყვეტილი ხელნაწერი", ამბობდა ნაბოკოვი. და, ალბათ, ამიტომაც დაუბარა თავის მეუღლეს გაენადგურებინა ნაწარმოები, თუ ის ვერ მოასწრებდა საბოლოო წერტილის დასმას. ქალმა ვერ აიღო თავის თავზე ეს მისია და მისი აღსრულება მათ ერთადერთ შვილს - დიმიტრის დააკისრა. დედის გარდაცვალების მერე დიმიტრიმ ამ უცნაური დილემით იცხოვრა: შეესრულებინა მამის უკანასკნელი ნება, თუ "შეეცვალა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობა", როგორც წერს "ლე მონდი".
თითქმის 30 წლის მანძილზე, ეს ხელნაწერი ინახებოდა შვეიცარიის ბანკში. მისმა რამდენიმე მკითხველმა დადო სიჩუმის ფიცი. დიმიტრი იღებდა ასობით წერილს მუდარით - არ გაენადგურებინა ნაწარმოები. მას ახსენებდნენ, რომ ნაბოკოვმა ორჯერ თვითონ კინაღამ დაწვა "ლოლიტა", რომელიც უკანასკნელ წუთს მისმა ცოლმა - ვერამ გადაარჩინა.
დიმიტრი კი მაინც ყოყმანობდა. საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს,  კაფკას მემკვიდრეობის მაგალითმა მიაღებინა. "პროცესის" ავტორი ასევე მოითხოვდა დაეწვათ მისი ხელნაწერები. როგორც ცნობილია, მაქს ბროდმა არ შეასრულა მწერლის ნება...            
დღეს დიმიტრი ნაბოკოვი აცხადებს: "ახლა კი შემიძლია წარმოვიდგინო მამაჩემი, რომელიც თვალს მიკრავს,  მიღიმის შორიდან და ქირქილებს, ხო, კარგი, კარგი, შეგიძლია დაბეჭდო". 
თვითონ დიმიტრი თვლის, რომ "ლაურა" არის უზარმაზარი ორიგინალობის ნაწარმოები, ალბათ, ავტორის გენიის ყველაზე უფრო ბრწყინვალე გამოვლინება". რომანის პერსონაჟები არიან - შესანიშნავი ნევროლოგი, დიდი ნიჭის და გაქანების, ძალიან, ძალიან მსუქანი და კომიკურობამდე უშნო კაცი, და მისი ახალგაზრდა თავქარიანი მეუღლე. კაცი გადაწყვეტს თავის მოკვლას, მაგრამ ეს ნამდვილი თვითმკვლელობა კი არ არის, არამედ იუმორით სავსე თვითგანადგურების თამაში. თავისებური შექცევადი თვითმკვლელობა. და კიდევ, როგორც ამბობენ და რაც მე ყველაზე უფრო მიზიდავს, წიგნი შეიცავს "თავბრუდამხვევ ფიქრებს სიკვდილზე". 
რომანის ბედი გადაწყდა. და ნაბოკოვის უამრავ მკითხველთან ერთად, მეც დიდი ინტერესით დაველოდები მის გამოსვლას.

ბირმის შემზარავი ტრაგედია, 100 000 დაღუპული ადამიანი, მილიონი - დარჩენილი უსახლკაროდ. და მაინც ამ სტიქიურ უბედურებაზე მეტად შემზარავია საქციელი ხელისუფლებისა, რომელიც ყველანაირ დაბრკოლებას უქმნის და ფაქტობრივად არ აძლევს ნებას ჰუმანიტარული დახმარების ინტერნაციონალურ ჯგუფებს შეაღწიონ ქვეყნის შიგნით. კუშნერმა სამხედრო დიქტატურის ამ მანევრებს "კატასტროფა კატასტროფაში" უწოდა. ჰუმანიტარული დახმარებით სავსე ათასობით მანქანა და ამ საქმის პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან უკვე რამდენიმე დღეა დგანან ბირმის საზღვრებთან და ელიან შესვლის ნებართვას, იქ, შიგნით კი იხოცებიან უწყლოდ, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები, განსაკუთრებით, ყველაზე სუსტნი მათ შორის - ბავშვები და მოხუცები. საფრანგეთი ცდილობდა მიეღებინებინა გაეროსთვის კონცეფცია: "მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა", რომელიც შეაღებდა ბირმის კარებს, მაგრამ გადააწყდა წინააღმდეგობას ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რომელთაც ალერგია აქვთ გარედან ყოველგვარი ჩარევის მიმართ. და კიდევ ერთხელ, მსოფლიო ამტკიცებს თავის უსუსურობას რეჟიმის წინაშე, რომელსაც ბევრად უფრო ადარდებს თავისი ძალაუფლების შენარჩუნება, ვიდრე თავისი ხალხის სიცოცხლე.   [pagebreak] 

საფრანგეთში არ ნელდება ინტერესი მიტერანის რთული და წინააღმდეგობრივი პიროვნების მიმართ. მასზე წერენ სტატიებს, წიგნებს, იღებენ ფილმებს. რამდენიმე დღის წინ პირველ არხზე აჩვენეს ბოლო დოკუმენტური ფილმი "მიტერანი. ოჯახის საიდუმლოებანი". ფილმში მიტერანის ბოლო დღეებზეა საუბარი, მაგრამ მათ მიღმა იხსნება პრეზიდენტის ოცდაათწლიანი ფარული ცხოვრება. მისი დიდი, დამალული სიყვარული - ან პენჟო და ასევე მალულად დაბადებული და გაზრდილი შვილი მაზარინი. მიტერანის და ან პენჟოს ერთადერთი ერთად გადაღებული სურათი. რამდენი ემოცია და დრამა იმალება ამ ერთი გაცვეთილი ფოტოს უკან. და საერთოდ, საკვირველი ამბავია: დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუცია ავალებს იყოს გახსნილი თავისი ხალხის წინაშე, 30 წლის მანძილზე ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. საკვირველია ისიც, რომ საზოგადოებამ არცერთ ეტაპზე არ გაკიცხა თავისი პრეზიდენტი. არც მაშინ, მისი ძლევამოსილების ხანაში, როცა ელისეს სასახლიდან ჟონავდა სკანდალური ჭორები, და არც მით უმეტეს, მისი სიკვდილის მერე, როცა ყველაფერს აეხადა ფარდა. როგორც ჩანს, ადამიანები მიხვდნენ, რომ ამ გარეგნულად მსუბუქი საქციელის მიღმა რაღაც დიდი და ნამდვილი იმალებოდა. ისიც სათქმელია, რომ თვითონ ობიექტსაც ყოველთვის განსაკუთრებული ღირსებით ეჭირა თავი. არასდროს არ უცდია ჩრდილიდან გამოსვლა და წინა პლანზე წამოწევა და ამ საყოველთაო და ინტერვიუების და ოჯახური საიდუმლოებების ახდის ეპოქაში არ უთქვამს არცერთი სიტყვა პრეზიდენტთან მისი ურთიერთობის შესახებ. ადვილი წარმოსადგენია, რა თავდასხმები იქნებოდა მასზე ჟურნალისტების მხრიდან! მაგრამ ქალი დუმდა, როგორც მიტერანის სიცოცხლეში, ასევე მისი სიკვდილის მერეც, რამაც, სხვათა შორის, სკეპტიციზმით განთქმული ჟურნალისტებიც კი აღაფრთოვანა. 
ამ ქალთან ერთად განახორციელა მიტერანმა თავისი პრეზიდენტობის უმაღლესი მისია, როგორც თვლიდა თვითონ, - ლუვრის გრანდიოზული რეკონსტრუქცია და განახლება და მის ეზოში შუშის პირამიდის აღმართვა. ანა მუზეუმის თანამშრომელი იყო, მიტერანმა ის პირველი დღეებიდანვე ჩააბა ამ უთამამესი პროექტის განხორციელებაში. დღეს მრავალრიცხოვან კომენტატორებს მიაჩნიათ, რომ ეს პირამიდა არის მიტერანის უდიდესი პოლიტიკური ამბიციების და ასეთივე სიყვარულის განსხეულება და, ამავე დროს, მეფური საჩუქარი ანას მიმართ.
სიკვდილის წინ ერთი თვით ადრე, მიტერანმა განახორციელა უკანასკნელი მოგზაურობა, ფაქტობრივად სიკვდილის გზაზე შემდგარი გაემგზავრა ეგვიპტეში - პირველად თავის სიცოცხლეში - საყვარელ ქალთან და შვილთან ერთად. მერე იყო ბოლო ახალი წელი, თავის კანონიერ ოჯახში. იმ ახალ წელს - ფოტოზე აღბეჭდილი პრეზიდენტის სახე - ტკივილის და ტანჯვის ნიღაბი. მან უკვე დიდი ხანია იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. მიტერანის პირადი ექიმის და მეგობრის მიერ მოთხრობილი ერთ-ერთი უკანასკნელი დიალოგი, სიმკაცრის და სიმტკიცის ერთგვარი მაგალითი. საუბარი მიმდინარეობს მანქანაში, ბოლო ანალიზების აღების მერე. მიტერანი: - მითხარი ზუსტად, რა მელის. ექიმი: - სიმსივნემ თითქმის მიაღწია ტვინს. ჩქარა შეაღწევს შიგნით. - რამდენ ხანში? - ერთ კვირაში, ათ დღეში. - როგორ მოხდება ეს? - ჯერ დაკარგავთ მხედველობას. მერე გადაგვარდება ტვინი. - ამ დიალოგის მერე  მიტერანმა მიიღო გადაწყვეტილება დაეჩქარებინა სიკვდილი. უარი თქვა ყველა წამალზე და საჭმელზე. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. არ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, ტვინმა ვერ მოასწრო გადაგვარება. წავიდა მშვიდად და ნათელი გონებით. ბოლო დღეები გაატარა სახლში, სადაც მხოლოდ ან პენჟოს ჰქონდა მისვლის უფლება. შვილი, ჟან-კრისტოფი ყვება, როგორ მივიდნენ ერთ დღეს იმ სახლში ის და მისი დედა - დანიელი. წინასწარ იცოდნენ, რომ იმ დროს იქ არ იყო ანა. მიტერანმა გადმოსცა, რომ არ უნდოდა არავის ნახვა. შვილი დაემორჩილა ამ სურვილს, ცოლი - არა. და, როგორც მერე თვითონ უამბო შვილს, ის შევიდა ოთახში და დაწვა თავისი მომაკვდავი ქმრის გვერდით. ასე იწვა კარგა ხანს და ეჭირა მისი ხელი... მერე იყო გრანდიოზული დასაფლავება და ამ ტრაგიკულ სიტუაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ოჯახს უნდა გადაეწყვიტა, რა ადგილი მიეჩინათ ან პენჟოსა და მისი შვილისთვის. დაბოლოს, დანიელ მიტერანმა მიიღო მისთვის უძნელესი, მაგრამ ყველაზე ნაღდი და კეთილშობილური გადაწყვეტილება. და მთელმა მსოფლიომ იხილა ამაღელვებელი კინოკადრები და ფოტოები დაკრძალვისა, სადაც გვერდიგვერდ დგანან ჭირისუფლები - დანიელ მიტერანი, მის მარჯვნივ - მისი ორი ვაჟი და მარცხნივ - მაზარინი და ან პენჟო. და მე მგონია, ყველამ აღიქვა ეს კადრები, როგორც ადამიანურობის უმაღლესი გამოვლინების - სიყვარულის ზეიმი.

ივრიში, ბერტელოს ქუჩაზე ელენ ლაროშის სახლის პატარა ბაღს აღვიქვამ, როგორც საჩუქარს, რომლითაც განგებამ დამასაჩუქრა. ალბათ, ასეთ ბაღს შესთხოვდა მარინა ცვეტაევა სიბერეში ღმერთს იმ ჯოჯოხეთის სანაცვლოდ, რომელშიც ცხოვრობდა. ეს კი მართლაც მშვენიერი ბაღია, სადაც ყვავილები სეზონის მიხედვით ცვლიან ერთმანეთს: ჯერ დიდხანს ყვაოდნენ ფერად-ფერადი "ანიუტას თვალები", მერე მთელ ბაღს მოედნენ წითელი, ყვითელი და ჭრელი ტიტები... მერე აყვავდა ვარდის ბუჩქი, მერე - სხვადასხვაგვარი მინდვრის ყვავილები, მერე - თეთრად გადაიპენტა ჩემი ოთახის ფანჯრებს მობჯენილი ჟასმინის ბუჩქი... ბაღი, თავისი კედელზე გასული ხვიარათი, ნაძვის ტოტებდახუნძლული ხით და, რაც მთავარია, ზამთარ-ზაფხულ მწვანე, ხასხასა მოლით. დავდივარ ბალახზე და მახსენდება გალაკტიონის ცნობილი სტრიქონები, რომლებიც ჩემს გონებაში ასე იცვლის სახეს: "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა სიცოცხლე"   (სიცოცხლე მამულის ნაცვლად, ვინაიდან ეს ბალახი ჩემი მამულის არაა). და მეც ამ სიტყვებს ბუკვალურად ვასრულებ, დავდივარ ცვრიან ბალახზე და მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ეს არის სიცოცხლე! სიცოცხლე, ანუ ერთიანობა მიწასთან, ხესთან, ბალახთან, ცვართან, საერთოდ - ბუნებასთან. და არ მშორდება ფიქრი: რა ცოდოა თანამედროვე ადამიანი, რა შესაბრალისი ვართ ჩვენ ყველა, ურბანისტული ცივილიზაციის მკვიდრნი, ბეტონის, ასფალტის, მანქანის სამყაროს ტყვეები, ვისაც, უბრალოდ, შესაძლებლობა არა გვაქვს ცვრიან, ან თუნდაც გამომშრალ ბალახზე ფეხშიშველა სიარულისა! 

საფრანგეთის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი - ტიერი მონბრიალი - ამბობს:    "ყველანაირი გაანგარიშებების მიუხედავად ძნელია თქვა რაიმე გარკვეული კაცობრიობის მომავლის შესახებ, ვინაიდან ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელსაც გვთავაზობს ისტორია, არის ის, რომ სამყაროში მუდმივად ხდება რაღაც - გაუთვალისწინებელი და განუჭვრეტელი" (ჟურნალი "ექო").

@