|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
სექსუალურად კორექტული საზოგადოებაwww.azrebi.ge
-Бабушка, почему у тебя токой большой нос?
-Ты на свои нос посмотри, дура! "წითელქუდა", ალტერნატიული ვერსია თბილისის მერობის კანდიდატი რომ ვყოფილიყავი, ჩემს საარჩევნო პროგრამაში აუცილებლად შევიტანდი კარპატების მიუვალ მთებში ჩაკარგულ ქალაქ - ტრანსილვანიასთან თბილისის დაძმობილების პროექტს. ამ ორ ქალაქს მთაგორიანი რელიეფისა და იდუმალების გარდა - ერთმანეთის სისხლის სმისაკენ მათი მოქალაქეების დაუოკებელი ლტოლვა აერთიანებს - მხოლოდ, რუმინელ აჩრდილთა პრინცებისაგან განსხვავებით, ჩვენს ჯანმრთელობაზე მზე და ნიორი მშვენივრად მოქმედებს: 24სთ/24სთ-ზე აქტიურად და მადიანად ვსვლეპთ ერთმანეთის სისხლს - სქესის, ეროვნების, პოლიტიკური, რელიგიური, სექსუალური თუ კულინარიული ორიენტაციის მიუხედავად - რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებაში, შინ თუ გარეთ, გრძელფეხებიანები დიდცხვირიანებს ვუშრობთ სისხლს, დიდცხვირიანები - მოკლეფეხებიანებს, ეს უკანასკნელნი - სქელტრაკებს, სქელტრაკები - "უტრაკოებს", ისინი, თავის მხრივ - აყლაყუდებს, მელოტ მემარცხენეებს ან ღიპიან მემარჯვენეებს... პრინციპში. აქ დიდად გასაკვირი არაფერია - ადამიანებს ერთმანეთის გარეგნობაზე უკეთესი გასართობი ჯერ არაფერი შეუქმნიათ. მხოლოდ სიტყვა "გართობა" დასვენებასთან, უსაქმურობასთან ასოცირდება, გამუდმებული გართობა კი არაზრდასრულობასთან - იდიოტიზმთან. გასაკვირი არც აქ არის რაიმე - უსაქმურებისა და იდიოტების მეტი რა არის ქვეყანაზე. ჩვენი შემთხვევის უნიკალურობა ისაა, რომ ჩვენში ამით ბეჯითი, მშრომელი და ძალიან სერიოზული ხალხია დაკავებული; პოლიტიკური უმაღლესი იერარქიიდან დაწყებული უთვალავი და ათასნაირი ექსპერტით, პოეტებით, ჟურნალისტებით დამთავრებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ფეისბუკის "ინტელექტუალურ" სამზარეულოში ახალგამოჩეკილ საკუთარ სნობურ ფანტაზმში გზააბნეულ, მაგრამ ძალიან აქტიურ პატარა ჭორიკანა სპამ-ასისტენტებზე და სტაჟიორებზე . 1960-63 წლებში იელის უნივერსიტეტში ფსიქოლოგმა სტენლი მილგრიმმა ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის შედეგები დღემდე შოკისმომგვრელია. უფრო მეტიც, როგორც ახლახან, საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ამ ექსპერიმენტის რეკონსტრუირებისას აღმოჩნდა, შედეგები "ევოლუციას" განიცდის. მილგრიმის ექსპერიმენტი მას შემდეგ სხვადასხვა წლებში მრავალ ქვეყანაში განმეორდა, და ყველგან თითქმის ერთი და იგივე შედეგით დასრულდა: სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან ამორჩეულ არაფრით განსხვავებულ ადამიანთა 62-65% პროცენტი ავტორიტეტული მეთვალყურისაგან მიღებულ არალეგიტიმურ ბრძანებას ემორჩილება და მას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად აცნობიერებს ბრძანების ამორალურობას. როგორც თავად მილგრიმმა ახსნა, ინდივიდი ავტონომიური მდგომარეობიდან გადადის ერთგვარ "აგენტიკურ" მდგომარეობაში, სადაც სრულად ინარჩუნებს შინაგან მორალურ თვისებებს, დაძაბულობას, სულიერ მდგომარეობას, ბოროტების გააზრების უნარს. თუმცა, თავს გარე ავტორიტარული სურვილის შემსრულებელ უბრალო აგენტად გრძნობს. ექსპერიმენტი წარმოდგენილი იყო როგორც დასჯის ეფექტურობის მეცნიერული შესწავლის ცდა - კონკრეტულ შემთხვევაში ელექტროშოკით მოქმედება მახსოვრობის უნარზე, მის განვითარებაზე. მონაწილეებს საათში 4 დოლარს უხდიდნენ, აგრეთვე 50 ცენტს - გზის ფულს, რაც იმ დროისათვის საკმაოდ სარფიანი პატარა სამუშაო გახლდათ - ამერიკაში საშუალო დღიური შემოსავალი 1960 წელს 25 დოლარი იყო, ამიტომ ექსპერიმენტში მონაწილეთა არაფრით გამორჩეული საშუალო ტიპაჟების პოვნა, მსურველთა დიდ არმიაში სირთულეს არ წარმოადგენდა. თავად ექსპერიმენტი შემდეგნაირად ვითარდება. ორი მონაწილე (გრაფიკულ ნახატზე A და S პერსონაჟები) ფალსიფიცირებული ლატარიის გათამაშების შედეგად ინაწილებს A მოსწავლისა და S მასწავლებლის როლებს. სინამდვილეში A - მოსწავლე და ყოველთვის წინასწარ შერჩეული მსახიობია, ისევე როგორც E მეთვალყურე, ყველაფერი დადგმულია, ერთადერთი ნამდვილი მონაწილე ექსპერიმენტისა არის S მასწავლებელი, თუმცა ის, რა თქმა უნდა, თვლის, რომ როლები შემთხვევის წყალობით გადანაწილდა. შემდეგ მათ ათავსებენ ერთმანეთისაგან იზოლირებულ ოთახებში, სადაც ერთმანეთთან რადიოკავშირის საშუალება აქვთ, S "მასწავლებელი" ცდილობს, A "მოსწავლეს" დააზეპირებინოს სიტყვების გარკვეული ჩამონათვალი. ყოველ დაშვებულ შეცდომაზე ის ელექტროშოკით სჯის მოსწავლეს. ამასთან, თავიდან ძაბვა მხოლოდ 75 ვოლტია, თუმცა ყოველ ახალ შეცდომაზე ძაბვა მატულობს, 80, 100, 140, 200 ვოლტი... A "მოსწავლეს" უფრო და უფრო მეტად "უჭირს" ელექტრო შოკის ატანა, მალე ის ყვირილს იწყებს მეზობელი ოთახიდან, ითხოვს, რომ გაათავისუფლონ, ემუდარება S "მასწავლებელს" შეწყვიტოს ექსპერიმენტი. S "მასწავლებელი" დაბნეულია. თითქოს უნდა, რომ შეჩერდეს, მაგრამ მას ექსპერიმენტის მონაწილე მესამე პირი E "მეთვალყურე", მოდერატორი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს, ცივი, მოკლე და ავტორიტარული ხმით არწმუნებს, რომ გააგრძელოს, და ისიც მორჩილად აგრძელებს... 250, 300, 350 ვოლტი... ექსპერიმენტის შედეგმა შოკში ჩააგდო მსოფლიო - 62 მონაწილე ბოლომდე, 450 ვოლტამდე ავიდა, მას შემდეგაც კი, რაც მოსწავლემ ყვირილი შეწყვიტა, ანუ სავარაუდოდ მოკვდა, ისინი ყოყმანის შემდეგ, "მოდერატორის" არგუმენტების გავლენით, მაინც აჭერდნენ უფრო და უფრო მაღალი ძაბვის ღილაკს... მხოლოდ 37-მა მონაწილემ შეწყვიტა ექსპერიმენტი პრინციპულად.... გასულ 18 მარტს საფრანგეთის ტელევიზიის საზოგადოებრივმა არხმა იგივე ექსპერიმენტი გაიმეორა - ამჯერად, იელის უნივერსიტეტისგან განსხვავებით, 50 წლის შემდეგ ექსპერიმენტის შეწყვეტის სურვილი მხოლოდ ოცმა S "მასწავლებელმა" გამოთქვა,17-ით ნაკლებმა... 80-მა პროცენტმა, სხვისი ბრძანების გავლენით, 450 ვოლტის აღმნიშვნელ ღილაკს დააჭირა და "მოსწავლე" სასიკვდილოდ გაწირა. მხოლოდ ამჯერად ყველაფერს სატელევიზიო შოუს ფორმა ჰქონდა და ამდენად ბევრად უფრო შემზარავი საყურებელი იყო, ვიდრე მილგრიმის ლაბორატორიის მიზანსცენა. ეს ექსპერიმენტი ადამიანის ფსიქიკის უამრავ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, ყოველ მათგანზე მსჯელობა ძალიან მიმზიდველია; შესაძლებელს ხდის, აიხსნას ბევრი ენიგმატიკური ფენომენი, მაგალითად - საყოველთაო ნაცისტური ბარბაროსობა გასული საუკუნის 30-40 იანი წლების გერმანიაში. აი, ექსპერიმენტის ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი - ტელე-შოუს მსვლელობისას ზედამხედველი მონაწილეებს მარტო ტოვებს, ავტორიტარული გავლენისგან განთავისუფლებული S "მასწავლებელი" "მოსწავლის" პირველი მოთხოვნისთანავე ფაქტობრივად მყისიერად წყვეტს "თამშს". ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ბუნებით არ არის სადისტი - მას საკუთარი მორჩილი ბუნების მანიპულირებით აიძულებენ იყოს ინსტრუმენტი ვიღაც ავტორიტეტის ხელში - 450-ვოლტიან ღილაკს დააჭიროს ხელი, მეზობელი ებრაელები გესტაპოში დააბეზღოს, ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდოს, საკუთარ ქვეყანას ტელევიზიით ომის დაწყება და ნახევარ საათში მისი წაგება ამცნოს... ადამიანის მორჩილებისადმი დაქვემდებარების ამ მიდრეკილების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, თუმცა სხვადასხვა მეთოდით და ხარისხით. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ცხადია, მასებთან ავტორიტარული ურთიერთობის ფორმა აღიქმება როგორც ტირანია, ამიტომ ვერც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი ვერ გაბედავს თავს ასეთი ტონის უფლება მისცეს, სამაგიეროდ "ნახევრად დემოკრატიულ" ქვეყნების ხელისუფალთათვის გარე, თუ შიდა საფრთხე სწორედ ის ნიშაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, ავტორიტარული ტონი გამოიყენოს მოსახლეობასთან საურთიერთოდ. გასაგებია- სამხედრო რეჟიმი, ან ასეთი რეჟიმის იმიტაცია ყველაზე კომფორტაბელური გარემოა "ტირანული დემოკრატიისათვის" - ომის მოლოდინი განსაკუთრებულ ორგანიზებულობას მოითხოვს, ორგანიზებულობა კი შეუძლებელია ორგანიზატორების, სწორედ ისეთი E "მეთვალყურეების" გარეშე, რომლებიც მილგრიმის ექსპერიმენტისას მასწავლებლებს დემონებივით ჩასჩურჩულებენ ყურში და 450 ვოლტის ღილაკზე თითის დაჭერისაკენ აქეზებენ, უფრო კი აიძულებენ. არველაძისა და მისი მოადგილის საუბარი სწორედ მილგრიმის ექსპერიმენტის E "ანიმატორსა" და იმ S "მასწავლებელს" შორის დიალოგს წააგავს, რომელსაც თამაშიდან გასვლა სურს, მაგრამ ავტორიტარული ხმა არწმუნებს, დარჩეს... როგორც ცნობილია, ადამიანს დედამიწის ბინადარი სხვა ძუძუმწოვრებისაგან განასხვავებს სამყაროს ვიზუალურად აღქმის მეტად განვითარებული უნარი. მხედველობა და მგრძნობიარობა ჩვენში განსაკუთრებულად არის ერთმანეთთან კავშირში. მაგალითად, ძაღლი ძუკნას სულაც არ ირჩევს მაღალი თეძოების ან მომხიბლავი თვალების გამო - მისთვის მთავარი "სპეციფიკური" სუნია. ჩვენი ბუნებრივი პულსაციები პირდაპირ მიერთებულია ვიზუალურ აღქმაზე, პროპაგანდა, ან თუ გნებავთ რეკლამა სწორედ ადამიანის პულსაციის ხელოვნურად აღგზნებულ მდგომარეობაში მოყვანას ცდილობს, რადგან კარგად იცის, რომ მისი გააქტიურება სწორედ თვალის საშუალებით ხდება. ამიტომაც ტელევიზია დღემდე არსებულ ყველა სხვა პროპაგანდის საშუალებათა შორის ყველაზე უნივერსალურია, ის სწორედ ვიზუალურ რეცეპტორზე მოქმედებს. გარდა ამისა, შეიცავს ფონო ზემოქმედების საშუალებებსა და ერთგვარ კლასიკური დრამის პრიმიტიულ ელემენტებსაც კი. 1999 წლიდან მოყოლებული, როდესაც BBC-ის პროგრამამ "როგორ მოვიგოთ მილიონი", მოგვიანებით კი Big Brother-სმა, ახალი სული შთაბერეს ტელევიზიას, ჩვენ ადამიანის ბუნებრივი პულსაციებით მანიპულირების ეპოქაში შევედით. თუმცა მაშინ, 10 წლის წინ, არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ კაცობრიობა ასე სწრაფად ჩაეფლობოდა თავიდან ფეხებამდე ტელე ექსტერმინაციის ეპოქაში. მით უმეტეს, 20 წლის წინ, როდესაც ამერიკელებმა პირველი "ლაივ ომი" მოაწყვეს სპარსეთის ყურეში, საერთოდ წარმოუდგენელი იყო . უნდა ითქვას, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში სატელევიზიო აღვირახსნილობას ბევრი ევროპული დიდი არხი პატიოსნად ეომა, სანამ ისინი გაკოტრებამდე არ მივიდნენ, როგორც მაგალითად, ფრანგული ТV1 და M6 და საბოლოოდ, ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინეს. 80-იანების დასაწყისში ვიდეოკლიპების ბუმის გამო, თითქოს საფუძვლიანად იქნა დავიწყებული სატელევიზიო შოუს უბოროტო ჟანრი, სადაც ძირითადად კლოუნები და ჩამქრალი პოპ ვარსკვლავები გამოდიოდნენ. ლაივ ტელეთამაშებმა არა მარტო მკვდრეთით აღადგინეს ეს ჟანრი, არამედ მისი ნამდვილი რენესანსი მოიტანეს: დღეს მთელი მსოფლიო თამაშობს. და ეს თამაშები, ფაქტობრივად, ნებისმიერი არხის ფინანსური წარმატების გარანტიაა. ისინი დაფუძნებულია პრინციპზე: ჩვენ ვიგებთ არა იმიტომ, რომ სხვაზე უკეთესნი ვართ, არამედ იმიტომ, რომ სხვაზე უფრო ცუდნი, სასტიკნი, უფრო მეტიც - ტერმინატორები ვართ! მილგრიმის ექსპერიმენტის ფრანგული ტელევერსია სწორედ ტელევიზიის გავლენების შესწავლის მიზნით ჩატარდა. დღევანდელი ტექნოლოგიური ბუმის პირობებში, ცხადია, ზემოთ ხსენებული მასობრივ E "მეთვალყურეთა" როლი მედიასაშუალებებს აკისრიათ, განსაკუთრებით ტელევიზიას, და უფრო და უფრო მეტად - ინტერნეტს, რომელშიც, როგორც ცნობილია, ტელევიზიის სრული ინტეგრირება ძალიან მალე მოხდება. გასაკვირი იქნებოდა, რომ ასეთი სრულყოფილი E "მეთვალყურეები" პოლიტიკოსებს ხელიდან გაეშვათ. ამ საქმის პიონერად და ჯერჯერობით ყველაზე ცნობილ მეტრად, რა თქმა უნდა, დიდი ბერლუსკონი შეგვიძლია ჩავთვალოთ თავისი საკუთარი არხებითა და სატელევიზიო პოპ-პოლიტიკური მოღვაწეობით. სწორედ ბერლუსკონის პირველი ტვ წარმატებების შემდეგ აღდგა რუსეთში ნამდვილი საბჭოთა ტვ პროპაგანდა, საქართველოში კი ტვ რეალობაში ცხოვრებამ საერთოდ არნახულ მასშტაბებს მიაღწია - თითქოს მისი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ემიგრაციას გადაურჩა, საკუთარ ტელევიზორის ყუთებში შეძვრა და ცხოვრებას "კურიერში", "მოამბეში", "მაესტროსა" და "კავკასიის" ერთგვარ "ტელე ორმოცებში" აგრძელებს: როდესაც მიცვალებული უკვე დასაფლავებულია, აღარავინ ტირის, დოლ-გარმონიანი წლისთავი კი ჯერ შორს არის, ამიტომ სხედან, რაღაც უმადოდ ილუკმებიან, ზედ წყალწყალა ღვინოს აყოლებენ, და უგულო სადღეგრძელოებს ამბობენ. თანაც დღეში რამდენიმეჯერ. თუ მილგრიმის ქართულ ვერსიას წარმოვიდგენთ, აქ ჯერჯერობით მთავარ E "მეთვალყურედ" მაინც პოლიტიკოსი რჩება. მისი გონებრივი მონაცემები და მორალი 100 პროცენტით განსაზღვრავს ძაბვას პროპაგანდისტულ ქსელში. საუბედუროდ, ჩვენში პოლიტიკოსები ჯერ კიდევ იმ ბავშვებივით არიან, რომლებისთვისაც, წესით და რიგით, დენთან თამაში კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს. ისინი თვითონვე ყოფენ თითებს საკუთარი უგუნურებით გაბმულ დახლართულ ელექტრო სადენებში, საბოლოო ჯამში, თავადაც იღებენ ელექტრო შოკს. მერე კი A "მოსწავლეებთან" და S "მასწავლებლებთან" ერთად კარგა ხანს ფართხალებენ, საცოდავად წუწუნებენ და ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს. თავად დიდი ამერიკელი ფსიქოლოგი ალბათ ძალიან გაკვირვებული დარჩებოდა მისი ექსპერიმენტის ასეთი ხეპრული უსარგებლო "მოდელირებით", რომლის შედეგი გაცილებით შთამბეჭდავი, მასშტაბური და ამასთან ბრიყვული აღმოჩნდა, ვიდრე ყველაზე აღვირახსნილ ოცნებაში შეეძლო წარმოედგინა - მხედველობაში, რა თქმა უნდა, ტვ "იმედის" ცნობილი ექსპერიმენტი მაქვს, რომლის ავტორებმაც საერთოდ უარი თქვეს როგორც თამაშის ზოგად კლასიკურ პრინციპზე, ასევე მეცნიერულ ექსპერიმენტზე - და მილგრიმის მასწავლებლის სავარძელში, ელექტრო შოკის პულტთან "პარანოიკი ბავშვი" დასვეს, იქიდან გამოსული ასობით ათასი ბოლოგაშიშვლებული ელექტრო სადენი საქართველოს მთელ A მოსახლეობას დააჭერინეს ხელში და მორჩილ S"მასწავლებელს" პირდაპირ 450 ვოლტის ღილაკზე თითის დაჭერა "ურჩიეს" მკაცრი ტონით - რის შედეგად, როგორც ვიცით, საქართველოს მთელი A მოსახლეობა ნახევარ საათს პანიკისაგან ცახცახებდა, მთელი დანარჩენი მსოფლიო, განსაკუთრებით კი რუსეთი - სიცილისგან. ამ გადაცემის ამორალურობა ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე "ბიგ ბროზერ", "ლოფტი", "კუნძული", და ყველა სხვა თამაში ერთად აღებული. რადგან, როგორც აღვნიშნე, აქ არ თამაშობენ - აქ პირდაპირ გთავაზობენ რეალობას 2, 3 და თვით 4 განზომილებაშიც კი, თანაც - სპეციალური სათვალის გარეშე. მაყურებელს ნახევარი საათით ამ რეალობის სრულ მონაწილედ გხდიან - როგორც მორალურად, ისე იურიდიულად: თქვენ შეგიძლიათ გახდეთ გმირი, მოღალატე, ბრმა ტყვიის, კასეტური ბომბის, ან საკუთარი "სიმხდალის" მსხვერპლი - უბრალოდ ინფარქტით მოკვდეთ შიშისაგან...
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
სტუმარი, ოქტომბერი 31, 2010, 15:46:39
бабушка,бабушка,-почему у тебя такой длинный хвост?
это не хвост,-сказал волк и густо покроснел,
სახელი დამავიწყდა (შეუმოწმებელი), ივნისი 23, 2010, 01:10:36
WOW. ვისიამოვნე ამ წერილით. ძალიან დიდი მადლობა.
რაც დრო გადის, ამ წერილის მერეც, უფრო და უფრო ვრწმუნდები ამ სიტყვების გენიალურობაში: "A Working class hero is something to be"
დატოვე კომენტარი