|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
სექსი და სიკვდილიარაბი მწერალი ქალების სახიფათო თამაშები
სადღაც, ექვსი წლის წინათ, როდესაც მოთხრობის "ფიდაი, ანუ ამინა 3-დან 5-მდე"-ს წერა დავიწყე, არაბი ტერორისტი ქალების სასამართლო პროცესების დაკითხვის ოქმებს გავეცანი. ბუნებრივია, ეს ის ქალები იყვნენ, რომელთაც ტერორისტული აქტის განხორციელება ვერ მოახერხეს და სტენოგრაფიულ ჩანაწერებში თითოეული მათგანი მწარედ ნანობდა ამას. ისინი საუბრობდნენ პოლიტიკაზე, ამქვეყნიურ უსამართლობაზე, საკუთარ მოტივაციებზე, და რაც განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა, ტერაქტისთვის მზადების პროცესზე. ისე ჩანდა, რომ სიკვდილისწინა პერიოდი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მათთვის, ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც, ვთქვათ, სასიყვარულო პაემანის ან პირველი საქორწინო ღამის მოლოდინი... ეს მაშინ ამ ქალების რელიგიური ფანატიზმითა და ექსტრემიზმით ავხსენი. მაშინ თავად აღმოსავლეთი იყო ჩემთვის ეგზოტიკა, ხოლო აღმოსავლელი ქალები ამ ეგზოტიკის ნაწილი. ეგზოტიკა კი, ხშირ შემთხევევაში, სწორედ ის საბურველი, ჩადრი, ბურქაა, რომლის უკანაც ნამდვილი სახეები და ამბები იმალება.
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ვცდილობ, ამ ქალებს პოლიტიკური და რელიგიური მოტივაციების ჩადრი ჩამოვხსნა და უფრო ქალური, ანუ უფრო მნიშვნელოვანი მოტივები ვეძებო. იქნებ იქ, ნამდვილ აღმოსავლეთში ეს ერთგვარი გამოსავალია? იქნებ ეს მათი ერთგვარი სურვილია, ვნებაა, იქცნენ შურისმაძიებლად, იქცნენ საბედისწერო ქალად, სახიფათო და, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვან არსებად, რომელიც აალაპარაკებს საკუთარ ქუჩას, ქალაქს, მსოფლიოს... იქცნენ, ვთქვათ, "თამილელი ვეფხვების" ან "სიკვდილის ანგელოზების" (ლამაზი სახელები ჰქვიათ, არა?) წევრად, რომელთაც მოაქვთ ტერორი. ტერორი, როგორც რობესპიერი იტყოდა, "ღირსების აქტი, რომლის შედეგი მკაცრი, სწრაფი და შეუქცევადი სამართლიანობაა." იქცნენ ქალად, რომელსაც მოაქვს სიკვდილი. სიკვდილი, როგორც თავისუფლება, გარდასახვა. როგორც განაცხადი. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არაბი მწერალი ქალების შემოქმედებას მივმართე. იმათ ტექსტებში ჩავიხედე, რომელთათვისაც აღმოსავლეთი ეგზოტიკა კი არა, სამშობლოა. თუმცა, ამავე დროს, დიდი იმედი არ მქონდა, რომ იქ მათ მიერ გულწრფელად აღწერილ შეულამაზებელ ცხოვრებას დავინახავდი. ვფიქრობდი, რომ უმეტესად სტრიქონებს შორის კითხვა მომიწევდა. გარდა ამისა, არაბული ლიტერატურა ხომ, ძირითადად, სტილური თამაშებია, სადაც უმთავრესი ენობრივი ქსოვილი და მისი დეკორატიული მაქმანია და ამ დროს მეტი რისკია, ეს ისედაც რთულად მოსაყოლი ამბები მხატვრულ ფორმას შეეწიროს. მაგრამ არაბმა ქალებმა, როგორც ჩანს, უკვე ყველა აკრძალვა და ტაბუ დაარღვიეს (თუ რეალურ ცხოვრებაში არა, ლიტერატურაში მაინც) და ისეთი გულწრფელობით და სიმართლით წერა შეძლეს, რომელზეც, ალბათ, კიდევ დიდხანს ვიოცნებებთ თუნდაც ჩვენს სამამულო ლიტერატურაში. ამ უკიდურესად მწვავე, ბასრი სამართებლის პირზე დაწერილ ამბებში ქალები უმეტესად საკუთარ თავზე, საკუთარ ვნებებსა და სასოწარკვეთაზე წერენ, წერენ საოცარი სიცხადით, სითამამით, წერენ გამუდმებით, შეუსვენებლად, შეპყრობილივით... ეს არც არის გასაკვირი, მაგალითად, ალიფა რიფათისგან. ეგვიპტელი მწერლისგან, რომელსაც 15 წლის მანძილზე წერას უკრძალავდნენ, ქალისგან, რომელიც 15 წლის განმავლობაში ქმარს უმალავდა ფურცლებს, კალმებს, რვეულებს, საკუთარ სურვილს. სანამ რიფათის პროზას შესანიშნავი მთარგმნელის იზოლდა გრძელიძის მიერ ნათარგმნ წიგნში "ღიმილი წყლის ბაგეზე" გავეცნობოდი, ჟურნალ "აშ-შაჰიდიდან" გადმოთარგმნილი მისი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ის საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობდა. საუბრობდა, როგორ დაუპირისპირეს მშობლებმა მის სურვილს, ესწავლა ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე - გათხოვება, ხოლო წერის სურვილის ჩაკვლას უკვე პოლიციელი ქმარი ცდილობდა და "დანაშაულზე" წასწრება ხანგრძლივი შინაპატიმრობით სრულდებოდა. რიფათიც საბოლოოდ ქმრის ნებას დამორჩილდა, წერა მიატოვა და შვილების აღზრდას მისცა თავი, მაგრამ ღრმა სულიერ დეპრესიაში ჩავარდა, რომელიც ორი წლის მანძილზე გრძელდებოდა და რომლის მიზეზიც ექიმებისთვის ბოლომდე აუხსნელი დარჩა. ეს რაღაც სიყვარულის ავადმყოფობას წააგავდა, ან აუცილებელი სასიცოცხლო არტერიის გადაკეტვას. რიფათის მდგომარეობა უარესდებოდა მანამ, სანამ ქმარმა ცოლს წერის ნება არ დართო და მწერლის შემოქმედებამაც ბოლო-ბოლო დღის შუქი იხილა. თითქმის ასეთივე ბარიერების გადალახვა მოუხდა ყველა არაბ მწერალ ქალს. ასეთი ქალებისთვის წერა საქმე და პროფესია კი არა, ბედისწერაა... ალბათ, არც ის უნდა მოგვეჩვენოს ძალიან უცნაურად, რომ ამ ღრმად რელიგიური ქალების ნოველების მთავარი თემა სექსი და სიკვდილია. მათი პერსონაჟი სექსუალურად დაჩაგრული ქალია. თავად რიფათი ამბობს, რომ "ქალი დაჩაგრულია სოციალურად და სექსუალურად. თავის ქმართან ურთიერთობაშიც კი. ეს უკანასკნელი მისგან გრძნობების დათრგუნვას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ სექსუალური სურვილების გამოვლენის შესაბამისად ქალი თავისუფლების და პიროვნული დამოუკიდებლობის გასაღებს იგდებს ხელთ. არადა, სიყვარული ყველას უფლებაა, სექსი კი ის ურთიერთობა, რომლის დროსაც სულის, გრძნობების და ხორცის გაყოფა შეუძლებელია. სექსი სულიერ-ფიზიკური მდგომარეობაა და, ალბათ, ის ერთადერთი ჯილდოც, რომელიც ამ წარმავალ წუთისოფელში გვერგო". მოთხრობის პერსონაჟებს სწორედ ამ ჯილდოს მიღება აქვთ აკრძალული. მათ სამყაროში თავიდანვე კასტრირებულია ქალობა, ხორცთან ერთად მოკვეთილია გრძნობა, აღკვეთილი - ყოველგვარი სურვილი. არადა, თავიდან თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, სამყარო მშვენიერია და მოთხრობის დასაწყისიც სკოლის მოსწავლე გოგონას გულუბრყვილო ჩანახატს წააგავს, რომელიც ყოველ დილით მზის ამოსვლის მშვენებას უცქერს, ჩიტების მხიარულ ჭიკჭიკს უსმენს, ხარბად სუნთქავს მინდვრის არომატს შეზავებულს ფურნეში საუზმისთვის გამომცხვარ პურის სურნელთან. "იმ დილით კი, ვიდრე ბუნების ცქერით დავტკბებოდი, სარკმელთან მომწვდა მათი უხეში ხელი. ჩემს დას, საფიას კი - ლოგინში. გაგვახვიეს რწყილებით სავსე გალაბიებში და წაგვიღეს სასტუმრო ოთახში... საფია მაგიდაზე დააწვინეს, მე კი სამუჰას თავის ძლიერ მკლავებში ვყავდი მომწყვდეული. ქალებმა ჩემს დას წრე შემოარტყეს და ფეხები ჰაერში ააწევინეს. ალ ჰაჯა-ვარდამ, სოფლის ბებიაქალმა, ღმერთი ახსენა და საფიასკენ გაემართა; თავისი გაძვალტყავებული თითებით სხეულის სათუთ ნაკეცებში დაუწყო ქექვა. ცოტა ხანში ხორცის პატარა ნაჭერი ეკავა ხელში და თითებით სრესდა. "გოგო კურთხეულია, განწმენდილია. ანგელოზმა განწმინდა, მისი კოკორი კი ჩემს ხელში კვდება"... ცოტა ხანში მეც უდიერი ხელის დასმა ვიგრძენი. დავინახე როგორ მიახლოვდებოდა მოელვარე სამართებელი და ვიყვირე.. ვიყვირე, როცა მან ცხლად და ჩამიარა სხეულზე და ხორცი მომჭრა. ვყვიროდი და ღმერთს შველას ვთხოვდი. ალ ჰაჯა-ვარდამ სპირტი დამასხა, რომელიც მოგიზგიზე ცეცხლად მექცა. ამ დროს გამოჩნდა ტანადი დედაჩემი. გავიგე როგორ დაჰკივლა: "ვაიმე! გოგო სისხლისგან იცლება. დაუჩქარე! ისედაც სუსტია და არც შენ აკლებ." (ალიფა რიფათი "ვინ იქნება ის მამაკაცი") წინადაცვეთა, რომლის შესახებაც მწერალი წერს, ეგვიპტის ფარაონთაგან მოდის და დღემდე სრულდება ეგვიპტესა და სუდანში. ბოლო წლების მიღწევად ის უნდა ჩაითვალოს, რომ მაღალი და საშუალო წრის წარმომადგენლები საავადმყოფოებში უტარებენ შვილებს ამ ოპერაციას. დაუცვეთელი გოგონა კარგავს გათხოვების უფლებას. სუდანის ქალების 98% დაცვეთილია მშობლების განათლების, კლასობრივი წარმოშობის და შეგნების მიუხედავად, ამათგან 85% დაცვეთილია უმკაცრესი ფარაონული წესით (კლიტორის, პატარა და დიდი ბაგეების მოკვეთა.)
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
სტუმარი, აგვისტო 30, 2011, 23:29:38
დავითრგუნე...
სტუმარი, ივნისი 27, 2011, 02:18:41
ძალიან აქტუალური თემაა და შესანიშნავი სტატია.. ეს პრობლემა საქართველოში ცოტა სხვა გვარი ხასიათით და ხარისხით მჯღავნდება. ყველაფრის თავი და თავი უმეცრება და ფსევდო ტრადიციების დაცვაა.
ლევან მ.
სტუმარი, ივნისი 24, 2011, 19:51:51
ძალიან აქტუალური თემაა, მართალია საქართველოში ამ ზომამდე არ მივსულვართ. ჩვენტან მხოლოდ ახალგაზრდობის სქესობრივი განათლების აკრძალვით არიან დაკავებულნი ფანატები
სტუმარი, ივნისი 16, 2011, 05:30:10
თეონა! დძალიან საინტერესოდ გადმოეცი თემა რომელიც რეალურად არსებობს...ასეთ საშინელებაზე უფრო აქტიურად უნდა იწერებოდეს...საუბედუროდ მე ვერ ვხედავ გამოსავალს...
სტუმარი, ივნისი 7, 2011, 03:55:51
dzlieri statiaa.. dzalian didi shtabechdileba iqonia.. davicyeb am saintereso mcerlebis nacarmoebebis modziebas dgeidanve !
დატოვე კომენტარი