warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 21 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

სარწმუნოება VS სარწმუნოება - ბერლინალეზე

ნინია კაკაბაძე ბერლინიდან

ბერლინში ერთი უსამართლო წესია, გნებავთ კანონზომიერება დავარქვათ და თანაც უსამართლო ვუწოდოთ - როგორც წესი, ყველაზე კარგი ფილმები დილის 9 საათის სეანსზეა ხოლმე ნაჩვენები და ძალიან ბევრჯერ ისე მომხდარა, რომ გამარჯვებული ანუ საუკეთესო ფილმი არ/ვერ გვინახავს. თებერვალში დილის 8 საათზე ბერლინის სუსხი, მენდეთ, საავტორო კინოსაც დაგავიწყებთ და სინეფილურ ვნებებსაც გაგიქრობთ. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ დილის სეანსი არ გამოვტოვოთ. დღესაც, უკვე წარმოდგენილი საკონკურსო ფილმებიდან ყველაზე საინტერესო სუსხიანი და გაყინული დილის ფილმი იყო.

მეტეორა

ბერძენი კინორეჟისორის სპიროს სტატულოპულოს (იმედი მაქვს სწორად გამოვთქვამ გვარს) ფილმი METEORA. ეს არის ბერისა და მონაზვნის სიყვარულის ამბავი. ხომ ხედავთ, უკვე საინტერესოა. თქვენ წარმოიდგინეთ კადრში, მათი, ბერისა და მონაზვნის სექსის სცენაც მოჩანს, თანაც არა კაბებში და "აბჯარასხმულ" მდგომარეობაში, არამედ ფილმის მეორე ნაწილში, სრულიად შიშვლები გამოქვაბულში სიყვარულის ხორციელი ვნებით ტკბებიან. მოქმედება ცენტრალურ საბერძნეთში ვითარდება. ერთმანეთის მოპირდაპირე კლდეზე ბერებისა და დედათა მონასტერი ერთმანეთს უყურებს. რუს მართლმადიდებელ მონაზონს და ბერძენ ბერს ერთამენთი შეუყვარდება და ისინი მოსალოდნელი დილემის წინაშე დგებიან. სწორედ ეს დილემა, ამ ორი სამყაროს დაპირისპირება არის ფილმის მთავარი ხაზი. ფილმი ნახევრად ანიმაციურია. ნახატებით არის მონათხრობი მამა თეოდორესა და და ურანიას ისტორია, რომელიც ბიბლიურ სცენებთან შედარებული და მიახლოვებულია. ფილმის დანარჩენი ნაწილი ციფრული კამერით არის გადაღებული და ეკრანზე საკმაოდ უხარისხოდ მოჩანს, სინამდვილეში ძალიან ლამაზი პეიზაჟები, რომლის ფონზეც მათი სიყვარულის ისტორია ვითარდება. როგორც მხატვრული ნაწარმოები ფილმი არ წარმოადგენს რაიმე ფასეულობას, მაგრამ როგორც გაბედულად გამოხატული მოსაზრება, აქცია დოგმატური მართლმადიდებლური სამყაროს არა წინააღმდეგ, არამედ წინაშე, აშკარად საინტერესოა. მნიშვნელოვანიც სწორედ ეს არის, რომ რეჟისორი არ ცდილობს სკანდალის შექმნას, ის ცდილობს გვაჩვენოს და დასვას კითხვები, რომელიც მისთვის საინტერესოა.

მუსულმანური და ქრისტიანული სამყაროს დაპირისპირებას ასახავს ფილიპინელი კინორეჟისორის, ბრილიანტ მენდოზას ფილმი CAPTIVE  "ტყვე". მენდოზას ნამუშევრები უკანასკნელი წლების მანძილზე არ ცილდება საერთაშორისო კინოფესტივალებს - კანი, ვენეცია, ბერლინი და სხვა. მაგრამ არავინ იცის რა დამსახურებისთვის. უკანასკნელ ნამუშევარში მუსულმანი ტერორისტები მძევლად აიყვანენ ადამიანთა ჯგუფს, რომელთაგანაც უმეტესობა ქრისტიანია. ზუსტად 120 წუთის მანძილზე ფაქტიურად განუწყვეტლივ ისმის ავტომატის კაკანის ხმა და ისინი ველურ ტყეში, ჯუნგლებში დარბიან. გზადაგზა სხვადასხვა ტყვეები კვდებიან, ზოგს კლავენ, ზოგს ერთმანეთი უყვარდება, მეგობრდებიან და ა.შ. ერთი სიტყვით, რომ არა ტერორიზმის თემა და მუსულმანური და ქრისტიანური რელიგიების დაპირისპირების სპეკულაციური თემები, მენდოზას ეს ნამუშევარი ტელესერიალი LOST-ის მოკლე, მაგრამ ცუდი ვერსიაა. დარწმუნებული ვარ ბერლინის ფესტივალის საკონკურსო ჩვენებაში ფილმი, სწორედ იმ კონიუქტურის გამო მოხდა, რომელსაც თანამედროვე ხელოვნება და კინოფესტივალები ვერ გაურბიან. რელიგიების დაპირისპირება და ამის შედეგად მიღებული ტერორიზმი, რომელიც ფილიპინელი რეჟისორის ნამუშევარში ისლამური სამყაროს დემონიზების ხარჯზე ისახება.

ანჯელინა ჯოლი გადასაღებ მოედანზე

არასაკონკურსო, მაგრამ ასევე მთავარ პროგრამაში არის განთავსებული ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლის პირველი მხატვრული ფილმი "სისხლისა და თაფლის ქვეყანა", სადაც ბოსნიის ომი და მის ფონზე მუსულმანური და ქრისტიანული სამყაროს კონფლიქტია. ეს უკანასკნელი უკვე დიდი ხანია მსოფლიო მედიის ინტერესის საგანი გახდა. ბუნებრივია ერთ-ერთი ფაქტორი მსახიობის სარეჟისორო დებიუტია, მეორე კი ფილმის თემა. იუგოსლავიის დაშლის პერიოდი, ბოსნიის ომი, სერბებისა და ბოსნიელების დაპირისპირება და 1992 წლის სამოქალაქო ომი. ჯოლის ტენდენციურობაში სდებენ ბრალს და ანტისერბულ პოზიციაში ადანაშაულებენ სერბი ნაციონალისტები. მის წინააღმდეგ ემირ კუსტურიცამაც გამოთქვა მოსაზრებები და მის ფილმს ტიპიური ჰოლივუდის პროპაგანდაც უწოდა. როდესაც ამ ფილმზე შეფასებებს თუ უბრალოდ გამოხმაურებას ეცნობით, ამ მოსაზრებების პათოსი აუცილებლად მოგაგონებთ "აგვისტოს 5 დღის" ისტორიას და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ეს მართლაც არ არის ჰოლივუდური კინოპროდუქცია, "აგვისტოს 5 დღისაგან" განსხვავებით. სამწუხაროა, რომ ჯოლის სარეჟისორო დებიუტი გაცილებით უფრო სრულფასოვანია, ვიდრე გამოცდილი და მეტნაკლებად ცნობილი რენი ჰარლინი. მაგრამ ახლა ჩვენ მასზე არ ვსაუბრობთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ანჯელინა ჯოლის ფილმი, მართლაც ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს ჰოლივუდის მოთხოვნებს. კი, ის ნამდვილად ატარებს პროპაგანდისტული კინოს იერს და არა აქვს მნიშვნელობა რატომ შეიქმნა ეს ფილმი. გადაიღო ფილმი კონფლიქტზე და მხოლოდ ერთი მხარე, სერბები წარმოაჩინო მოძალადედ, მკვლელად, ბოროტად და დამნაშავედ, იმდენად ზედაპირული პრიმიტივიზმია, რომ ჰოლივუდის დრამატურგიული ოინებიც ვერაფერს შველის ფილმს. თუმცა, სულ ვფიქრობ, (ეს რომ გვცოდნოდა)  რა კარგი იქნებოდა "აგვისტოს 5 დღე" ჯოლის გადაეღო, სექსუალობის ამბავში არც შერონ სტოუნის ჩამოყვანა დაგვჭირდებოდა და ორ (და კიდევ უფრო მეტ) კურდღელს ერთად დავიჭერდით. უკეთესად გადაღებულ კინოს მივიღებდით, მსახიობის დებიუტი ჩვენთან შედგებოდა, ანჯელინას ახლოდან ნახავდა ბატონი კობა ნაყოფია და ბერლინის ფესტივალზეც წარვდგებოდით.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.