სამურაები კავკასიის თვალუწვდენელი სტეპებიდან

ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე

ბინა მაღლაა, ვერაზე. მისაღებ ოთახს ერთი ფანჯარა აქვს, რომელიც პირდაპირ ფუნიკულიორს უყურებს. რომ გაიხედავ, მარტო ეშმაკის ბორბალი ჩანს. როდესაც დაღამდება, მთელ ოთახს ბორბლის ციმციმი ავსებს.

ნისლის დროს განსაკუთრებით მაგარია, - ამბობს ნიკა, - შეგიძლია უბრალოდ იჯდე და უყურო. ელესდესავითაა, გაყავხარ სადღაც.

ტელევიზორი ოთახში არ დგას. 

ვიდრე ინტერვიუს „ოფიციალურ“ ნაწილს დავიწყებდეთ, ქვეყნის ამბებზე ვლაპარაკობთ - ქანდაკებებზე  და ივანიშვილზე და ჯეოსტარზე და  ეგეთებზე.

ტუსია ამ დროს მეორე ოთახშია გასული და შუა ლაპარაკში შემოდის. ნიკა განათლების სისტემას განიხილავს

ტუსია კითხულობს -  შაშკინი ვინ არის?

- აი, ის, ბლანჟეიანი რომაა - უხსნის ნიკა.

- არ ვიცი.

- მინისტრი, რა.

- შაშკინი?

- ხო.

- მოიცა, რუსია? - უკვირს ტუსიას.

ახალ ამბებს საერთოდ არ უყურებთ? - ვეკითხები.

- არა. ომის დროს მეტისმეტი მოგვივიდა და პერედოზიროვკა გვაქვს.

 - აბა, რას უყურებთ?

- ნისლი თუ არის, ეშმაკის ბორბალს.

 

* * *

ნიკამ და ტუსიამ ეს ბინა  ორიოდე კვირის წინ იქირავეს, თუმცა, ერთი შეხედვით ამას ვერ მიხვდებოდი. უკვე სათავისოდ აქვთ გადაკეთებული. კარგა ხნის ნაცხოვრებს ჰგავს. ყველა კედელი მორთულია, ერთგან იაპონური ნახატების პოსტერი კიდია. მეორე კედელზე თაროებია, სადაც  გრეის ჯოუნსის ფირფიტა Island Life დევს. გვერდით Depeche Mode-ის დისკია მიყუდებული. მეორე თაროზე წიგნები აწყვია. ერთ-ერთის გარეკანზე ნიკა მაჩაიძეა გამოსახული.  შავ-თეთრი პორტრეტია. კარგი ფოტოა, ეფექტური.  ნიკას ნიკაპზე უკიდია ხელი და ჩაფიქრებული სადღაც, ქვევითკენ იცქირება. წიგნს სათაური ივრითზე აწერია.

- წიგნი დაწერეს შენზე?

ისრაელში გამოცემული რაღაც თრილერი ყოფილა. ნიკა ზედ უბრალოდ სილამაზისთვისაა. ფოტო უნახავს სადღაც გამომცემელს და მოსწონებია. მერე სააგენტოსგან იყიდა და წიგნის გარეკანზე დასვა.

ნიკას და ტუსიას ფოტოებს და მუსიკას ყოვლად უცნაურ ადგილებში შეხვდები ადამიანი.

 

ცოცხალი

ნიკა მაჩაიძის და ნატალია ბერიძის მუსიკა მსმენელთან მისვლამდე ზუსტად ისეთივე გზას გადის, როგორსაც მცირე ზომის ევროპული ლეიბლების ასობით სხვა მუსიკოსის.

მუსიკას ორივე მთლიანად კომპიუტერში, პროგრამა Ftuiry Loops-ში აწყობს (ტუსია მღერის, ნიკა - არა.). როდესაც ალბომისათვის საკმარისი მასალა დაგროვდება, მას ხმის ჩამწერი სტუდია გამოსცემს (კომპაქტ დისკის ან ვინილის სახით). პატარა ლეიბლების მუსიკოსებს დიდი ტირაჟი ვერასოდეს ექნებათ - ძალიან, ძალიან კარგ შემთხვევაში 20 ათასი გაიყიდება. ცხადია, ტრეკების შეძენა ინტერნეტითაც შეიძლება.

შემდეგ ლეიბლი ალბომებს სხვადასხვა ჟურნალებს უგზავნის - შესაფასებლად. თან მცირე ახსნასაც მიაყოლებენ, თუ ვინ არიან ეს მუსიკოსები და რა გაუკეთებიათ მანამდე. უხსნიან, მაგალითად, რომ  ნიკა მაჩაიძე ნიკა მაჩაიძეც არის, ნიკაკოიც  და ერასტიც. ნატალია ბერიძე კი, პირველ რიგში, TBA-ს სახელითაა ცნობილი, მაგრამ ის ასევე ნატალი ბერიძეც არის, ტუსია ბერიძეც და, იშვიათად, ნეიტ ფიშერიც.

ნიკას და ტუსიას ალბომებზე ყოველთვის კარგს ან ძალიან კარგს წერენ ხოლმე. სასიამოვნოა, მაგრამ მეტიც არაფერი - ფულზე არ აისახება. დისკების გაყიდვები კი იმატებს, მაგრამ მცირედით და ცოტა ხნით. ამასთან, გაყიდვებით თავს მაინც ვერ შეინახავ...

ლეიბლი მუშაობას აქ არ ამთავრებს. ისინი დისკებს სხვადასხვა პროდიუსერებსა და პრომოუტერებს უგზავნიან. თუ ვინმეს რომელიმე ტრეკი მოეწონა და კომპილაციაში ჩასვა, ეს მუსიკოსისათვის დამატებითი, არცთუ ურიგო შემოსავალია.

უფრო მთავარი კი ისაა, რომ კლუბების, თეატრებისა და ფესტივალების მესვეურებმა შენიშნონ. მუსიკოსისთვის თავის რჩენის ყველაზე კარგი გზა დაკვრაა. აქ კი, ნიკაც და ტუსიაც, ევროპელებთან შედარებით წამგებიან მდგომარეობაში არიან.

ნიკა მაჩაიძე: ინტერესი ბევრსა აქვს ხოლმე, მაგრამ როგორც კი ესმით, რომ თბილისიდან უნდა ჩახვიდე, მაშინვე ყოყმანს იწყებენ.  იქ რომ ცხოვრობ, გაცილებით უფრო ადვილია. გერმანიაში რომ ვიყავი, მაშინ ყოველ კვირას მქონდა ლაივები. ყველა პარასკევი და შაბათი დაკავებული მქონდა. ფულიც ბლომად შემოდიოდა.

-  გენატრება ეგ დრო?

- არა, რას ამბობ. მაგარი დამღლელია. დაფრინავ ძალიან ბევრს. მერე ერთი კვირა გჭირდება, რომ აზრზე მოხვიდე და მერე იგივე იწყება თავიდან. მე საერთოდ აღარ ვუკრავ.

დაკვრა აი, რას ჰქვია - ნიკას კომპიუტერში ის პროგრამა აქვს გახსნილი, სადაც მუსიკას აკეთებს. ერთ  ტრეკს უშვებს და ამ დროს იქვე, ცოცხლად ამზადებს შემდეგი კომპოზიციის ვარიაციებს - ან რიტმს ცვლის, ან რამე ეგეთს - იმპროვიზაციას აკეთებს.

სანახავად დიდი არაფერია, - ამბობს ნიკა - უნდა უყურო ტიპი როგორ დგას ლეპტოპთან. მოსაწყენია. ზოგი ამ დროს ცდილობს, რომ ლაივი დამატებითი მოძრაობებით გაახალისოს - იქ ღილაკს თითს დააჭერს, რაღაცას აუწევს, რაღაცას ჩაუწევს. რომ აი, მუშაობს. მე ეგრე არ გამომდის, ამიტომ ჩემთვის მთავარი მუღამი იყო აუდიტორიის განწყობა შემეფასებინა და შესაბამისი მუსიკა გამეშვა.

ტუსია მღერის. შესაბამისად, მის ლაივებზე სანახავი ცოტა მეტია. თუმცა, მისთვის სანახაობაზე უფრო მნიშვნელოვანი განწყობაა.

 - უფრო ინტიმური სახის კონცერტებს ვაწყობ ხოლმე. პატარა განათება მაქვს. კუთხეში ვიკავებ ადგილს და ისე ვმღერი. ვართ მე, ჩემი მიკროფონი და კომპიუტერი. ყველაზე კარგი გამოდის, როდესაც ეგეთი, ინტიმური განწყობა იქმნება. სხედან და გისმენენ.

 

TBILISI DEAD

- თბილისში უკრავ ხოლმე?

- არა, ნამდვილი ლაივი თბილისში არასოდეს დამიკრავს. ნიკას ჰქონია ერთი-ორჯერ. მე - არა.

 - რატომ? პუბლიკა არ არის?

- არც ვიცი პუბლიკა არის თუ არა. აქ, ძირითადად, კლუბები გიწვევენ ხოლმე. უნდათ, რომ ხალხი აცეკვო. სხვანაირი შემოთავაზება არც მქონია. მე კიდევ ეგეთი მუსიკა არა მაქვს - მაგისი ადგილი კლუბში არ არის. არც ვგრძნობ თავს კომფორტულად. იდეაში კი გავაკეთებდი რაღაცას, მაგრამ მაგას ფულიც მეტი სჭირდება - სცენა რომ გააკეთო შესაბამისი, კონტექსტი რომ ჰქონდეს, რაღაცა რომ მოიფიქრო....

 - თუ არც კონცერტები  გაქვთ მაინცდამაინც და გაყიდვებითაც ფული არ შემოდის, თავს რითი ირჩენთ?

ნატალია ბერიძე: მე ამ წუთას ზაზა რუსაძის ფილმის საუნდტრეკზე ვმუშაობ. ეგ სასიამოვნო საქმე უფროა, ვიდრე შემოსავლიანი. თავის სარჩენი საქმეები ეხლა ძირითადად ნიკას აქვს. რეკლამის მუსიკა, ეგეთები...

ის, რომ ვერც ერთი და ვერც მეორე თავისი მუსიკით ფულს ვერ შოულობს, ნაწილობრივ სისტემის ბრალია, ნაწილობრივ კი თავისიც.

ნიკა მაჩაიძე: ჩემს მუსიკას “ფეშენ ტივი” კარგა ხანს, ლამის ყოველდღე იყენებდა. მარტო ჩემსას კი არა, ტუსიასასაც, გოგი ძოძუაშვილისასაც... კიდევ “ევროსპორტზეც” ედო ჩემი მუსიკა რაღაც რეკლამას ორი წლის განმავლობაში. მანდედან კაპიკი არ მინახავს.

 - ეგრე შეიძლება?

- კი. ეგენი ყოველთვე უგზავნიან ხოლმე GEMA-ს (მუსიკოსების საავტორო უფლებების დაცვის გერმანული ორგანიზაციაა) სიას, თუ რა ნაწარმოები გამოიყენეს და რაღაც თანხას რიცხავენ. მერე ამ ფულს ეს ორგანიზაცია ანაწილებს. მე კიდევ მაშინ მაგათი წევრი არ ვიყავი და, შესაბამისად, არც არაფერი მხვდებოდა.

ადრე ნიკა ჰყვებოდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გრძნობა მაშინ დაეუფლა, როდესაც “გარბუშკაზე”, დისკების მოსკოვურ ბაზრობაზე, პირველად გადააწყდა საკუთარ ნაპირატალ დისკს. ალბათ, ნამდვილ მუსიკოსად თავს ვერ იგრძნობ, ვიდრე შენს დისკს მეკობრეები არ გაყიდიან. მაგრამ, ეგ კარგა ხნის წინ იყო (“გარბუშკა” 2001 წელს დახურეს). ისიც, შენს ნამუშევარს პირატულად რომ ყიდიან, სულ აღარ არის სასიამოვნო.

მით უმეტეს, როდესაც შენს მუსიკას ვიღაც ფანი კი არ ქაჩავს მეკობრული საიტიდან, არამედ ტელევიზია იყენებს თავის პრომოში (ამას, ცხადია მარტო “ევროსპორტი” არ აკეთებს. ქართულ ტელევიზიებშიც ბევრ რამეს ადევს ნიკას მუსიკა).

ნიკა მაჩაიძე: ეგ კიდე რა უბედურებაა, ქართულ რეკლამებში რომ უცხოურ სიმღერებს იყენებენ. ზოგს “ბითლზი” ადევს, ზოგს “ქუინი”... გეგონება უფლება ჰქონდეთ. ეგ რომ აეკრძალოთ, მოუწევთ ხოლმე, რომ ქართველ მუსიკოსებს დაუკვეთონ უფრო ხშირად და ამათაც, შემოსავალი მეტი ექნებათ...

 - შენც მეტი საქმე გექნება, არა?

ნიკას ცოტა უკვირს.

 - მე რა. მე ისედაც სულ მიკვეთავენ.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
view counter
@