სამოთხის აღმოსავლეთი

ინტერვიუ სუზან შილინგლოუსთან

სუზან შილინგლოუ

„რუსეთში, სადაც კი მივედით, საქართველოს ჯადოსნური სახელი მუდამ წინ გვხვდებოდა. ისინი, ვინც იქ არასოდეს ყოფილან და ისინიც, ვინც შეიძლება იქ ვერასდროს მოხვდნენ ,საქართველოზე ერთგვარი ვნებითა და დიდი აღფრთოვანებით ლაპარაკობდნენ. ნამდვილად ვიფიქრეთ: რუსების უმეტესობას ეტყობა, იმედი აქვს, რომ თუ წესიერი და ღირსეული ცხოვრებით იცხოვრებენ, გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მოხვდებიან.“ -  ვკითხულობთ ჯონ სტეინბეკის „რუსული დღიურის“ ერთ-ერთ თავში, რომელიც საქართველოს ეძღვნება. 1947 წელს ჯონ სტეინბეკმა ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად საბჭოთა კავშირში იმოგზაურა. თითქმის სამთვიანი მოგზაურობის შედეგად დაწერილი წიგნი, ისევე როგორც კაპას უნიკალური ფოტოსურათები, დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტურ მასალად ითვლება იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის რეალური ყოფის შესახებ.

სტეინბეკისა და კაპას ვიზიტიდან 64 წლის შემდეგ საქართველოს მწერლის შემოქმედების მკვლევარი, პროფესორი სუზან შილინგლოუ ესტუმრა. შილინგლოუს  საქართველოში ვიზიტი ჯერ კიდევ 2007 წელს დაიგეგმა, როდესაც ის სან ხოსეში ქართველ კინოდოკუმენტალისტ ოლიკო ჟღენტს შეხვდა. რეჟისორი ფილმს იღებდა სტეინბეკის „რუსულ დღიურზე“. პროფესორის  ვიზიტი საქართველოში 4 წლის შემდეგ, ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით შედგა.

პროფესორო შილინგლოუ, თქვენ უკვე 20 წელზე მეტია სტეინბეკის შემოქმედებას იკვლევთ. როგორ დაინტერესდით მისი ლიტერატურით და რას მიიჩნევთ სტეინბეკის, როგორც მწერლის მთავარ ღირსებად?

სან ხოსეს უნივერსიტეტში ვასწავლიდი, სადაც სტეინბეკის შესახებ უამრავი მასალა ინახება: წიგნები, სტატიები, წერილები... ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული. 1987 წელს სტეინბეკის ცენტრის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს. სიამოვნებით დავთანხმდი. სტეინბეკი დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა წაკითხული, ამიტომ თავიდან დავიწყე მისი კითხვა და შესწავლა. ჩავწერე ინტერვიუები  ადამიანებთან, რომლებიც მას იცნობდნენ და რომლებთანაც მწერალი მეგობრობდა. სხვანაირად დავიწყე  ფიქრი კალიფორნიაზე, ადგილზე სადაც სტეინბეკი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი შემოქმედება დამეხმარა  შემეყვარა ეს ადგილი, მისი სილამაზე, ადამიანები, ისტორია, კულტურა, ბუნება.  თითქოს მისი თვალებით ვუყურებდი ყველაფერს. 

სტეინბეკის შემოქმედებაში, რაც  ყველაზე მეტად  მომწონს და მაოცებს, მისი წიგნების თემატიკაა. ის წერს ისეთ თემებზე, რაც ადამიანებს მართლა აღელვებს, რეალურ ცხოვრებაზე წერს, რაც ყველასთვის საინტერესოა.  მისი პროზა ძალიან ზუსტი და გასაგებია, ამიტომ ადამიანებს ყველგან ესმით და მოსწონთ ის, არ აქვს მნიშვნელობა ამერიკაში იქნებით თუ საქართველოში. ავიღოთ თუნდაც „მრისხანების მტევნები“, - ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სახლიდან ასახლებენ, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა, ისევე, როგორც იქ ასახული სხვა სოციალური პრობლემები.

ეს წიგნი - „მრისხანების მტევნები“, რომელმაც სტეინბეკს მსოფლიო აღიარება და პულიცერის პრემია მოუტანა,  მისი სოციალური კონტექსტის გამო, საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.  თუმცა, თავის დროზე,  წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში წიგნი ამერიკის სასწავლებლებსა და ბიბლიოთეკებში აკრძალული იყო. რატომ იყო ამერიკაში პირველი რეაქცია ასეთი ნეგატიური?

ადამიანების ნაწილმა იფიქრა, რომ სტეინბეკი იტყუებოდა, რადგან ასეთი სიღარიბე და ასეთი პრობლემები არ შეიძლებოდა ყოფილიყო ამერიკაში, მით უმეტეს კალიფორნიაში. „დაუჯერებელია, არ შეიძლება ასე ცუდად იყოს საქმე“-ამბობდნენ მაშინ წიგნის კრიტიკოსები. კალიფორნიელები გაბრაზდნენ, რომ ასეთ ხარბებად იყვნენ გამოყვანილები. ზოგს წიგნის ენა არ მოეწონა, - სტეინბეკი ისე წერდა როგორც სინამდვილეში ლაპარაკობდნენ ადამიანები. თუცმა ძალიან მალე ჯონ ფორდის ეკრანიზაციაც  გამოვიდა და ფილმმა და იქ ასახულმა რეალურმა კადრებმა  დაადასტურა, რომ სტეინბეკი არ ტყუოდა. 

გარდა ამისა, წიგნში  კოლექტიური მუშაობის მაგალითები და მისი უპირატესობა იყო ნაჩვენები, რაც ინდივიდუალისტურ ამერიკაში, ცოტა არ იყოს, სოციალისტურად  მოეჩვენათ. 

სტეინბეკი და კაპა საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის დასაწყისში ჩამოვიდნენ. ეს, პრაქტიკულად, დასავლეთში პირველი რეპორტაჟი იყო საბჭოთა კავშირზე. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს მათ ზუსტად იმ პერიოდში ჩამოსვლა? 

1947 წელი იყო პერიოდი, როცა ამერიკამ ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა საბჭოთა კავშირთან. ისინი მოკავშირეები იყვნენ ომში, მაგრამ ომი უკვე დამთავრდა და რუსეთმა სრულიად განსხვავებული მიმართულებით განაგრძო განვითარება. რკინის ფარდა, ცივი ომი - ამ ყველაფერმა საბჭოთა კავშირი მოკავშირიდან მტრად გადააქცია. მგონია, რომ სტეინბეკისა და კაპასთვის ეს მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. მათ უბრალოდ აინტერსებდათ ენახათ, როგორი იყო ცხოვრება საბჭოთა კავშირში. მით უმეტეს, სტეინბეკიც და კაპაც თავის დროზე  სამხედრო რეპორტიორები იყვნენ და სხვადასხვა კონფლიქტის გაშუქების გამოცდილებაც ჰქონდათ. 

წიგნში სტეინბეკი ამას არ აღწერს,  მაგრამ,  საბჭოთა კავშირში ყოფნისას, ხომ არ შეხვედრიან ისინი პოლიტიკოსებს?

არა, მათ ამის სურვილი არც ჰქონიათ. მათ არ უნდოდათ სტალინთან ან სხვა მაღალ ჩინოსნებთან შეხვედარა, არც  განსაკუთრებულ პატივს და ყურადღებას ითხოვდნენ, მათ უბრალო ადამიანების ცხოვრების ნახვა სურდათ, მუშებთან, არტისტებთან, მწერლებთან საუბარი უნდოდათ, რომ ამ ქვეყნის და მისი ხალხის შესახებ  რაც შეიძლება მრავალფეროვანი შთაბეჭდილება შექმნოდათ.  

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.