საბრძოლო ხელოვანება
warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 11 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

თებერვალი 19, 2012 ავტორი მირანდა ლაზაშვილი

 

ავტორები

მირანდა ლაზაშვილი

გრიგოლ ტურაბელიძე

 

მიამოტო მუსაში

„ცხოვრება მეტისმეტად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ სერიოზულად აღიქვა.“  ოსკარ უალდის ეს ფრაზა ძალიან მოსწონს ჯიმ ჯარმუშს. 1999 წელს გადაღებული ფილმის „ძაღლის აჩრდილი: სამურაის ცხოვრების გზა“ მთავარი პერსონაჟიც ამგვარი განწყობით ცხოვრობს. ის სიმსუბუქით უდგება სერიოზულ საქმეებს, დეტალებს და უმნიშვნელო მოვლენებს კი, მაგალითად ისეთს, როგორიც ტანსაცმლის ან მანქანის შერჩევაა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.  ალბათ სიგიჟეა დღეს ისე იცხოვრო, როგორც ჯარმუშის გმირი ცხოვრობს, იდეალებით, ჰაგაკურეთი, საკუთარი გადამრჩენელის მიმართ გაუგონარი ერთგულებით, ერთი სიტყვით ისე, როგორც ოდესღაც უკვე ლეგენდად ქცეული სამურაები ცხოვრობდნენ. ის მაფიის მკვლელია, სახურავზე მტრედებთან ერთად ბინადრობს და ჰიპ-ჰოპს უსმენს. მეგობრობს ერთ ჰაიტელ მენაყინესთან, რომელიც მხოლოდ ფრანგულად საუბრობს  და  კიდევ ერთ პატარა გოგონასთან. ძალიან მომწონს ბოლო სცენაც, აი, ის, პატარა გოგო ლუის, „ჩვენი“ სამურაის „ბოსს“ რომ ესვრის. იარაღში ტყვია არ დევს და უფრო მაგიტომაც არის ეგ მომენტი მაგარი, ლუი გასროლილზე წაიფორთხიალებს.

კიდევ ერთი გმირი რეალურია, ისტორიული, მისი თავგადასავალიც საინტერესოა ჩემთვის. ის მიამოტო მუსაშია. 13 წლის რომ იყო, არ დაფიქრებულა საბრძოლო ხელოვნების მთავარ პრინციპებზე, სულიერებასა და პიროვნულ განვითარებაზე. ჰო, მიამოტო მუსაში სწორედ ამხელა იყო, მკვლელი რომ გახდა. 30 წლისამ საკუთარ განვლილ ცხოვრებას თვალი გადაავლო და მიხვდა, ადამიანების ხოცვა არ იყო საბრძოლო ხელოვნება. მას შემდეგ არც ერთ ორთაბრძოლაში მონაწილეობა აღარ მიუღია. მომდევნო 20 წლის განმავლობაში  ცდილობდა საბრძოლო ხელოვნებას სიღრმისეულად შეხებოდა. 1643 წელს მუსაში თავისი გამოცდილების, განვლილი ცხოვრებისა და აღმოჩენილი ჭეშმარიტებების მკითხველისთვის გაზიარებას შეუდგა. 60 წლის ოსტატმა თავისი „ხუთი ბეჭდის წიგნი“ იაპონური  საბრძოლო ხელოვნების სტრატეგიას, ტაქტიკასა და ფილოსოფიას მიუძღვნა.

ერთ-ერთი ლამაზი ლეგენდა საბრძოლო ხელოვნებაზე ბუდისტ ბერს - ბოდჰიდჰარმას უკავშირდება. შაოლინის მონასტერში დაბინავებული ბოდჰიდჰარმა თურმე 9 წელი მედიტირებდა, ცოტა უცნაურად, მაგრამ ლეგენდაში ასეა აღწერილი: ცხრა წლის მანძილზე მას თვალი არ მოუშორებია მის წინ აღმართული კედლისთვის. მისმა მზერამ კედელზე პატარა ჩაღრმავება გააჩინა. მოგვიანებით ბერებმა იმ ჩაღრმავებაში რკინის სკივრი აღმოაჩინეს, სადაც ორი წიგნი ინახებოდა.

ერთი თვითდისციპლინისა და შინაგანი სიძლიერის განვითარებაზე მოუთხრობდა მკითხველს და მეორეში აღწერილი იყო სხავდასხვა სუნთქვითი ვარჯიში გამძლეობის განსავითარებლად. პირველი წიგნი ბოდჰიდჰარმას მოწაფემ წაიღო და გაუჩინარდა. მეორე წიგნი კი შაოლინის ბერებმა ეგოისტურად საკუთარ ქმნილებად გაასაღეს, წიგნში აღწერილი პრაქტიკაში დანერგეს და სახელიც გაითქვეს. 

ეს არის ჩემი ლიტერატურულ-მხატვრული შეხედულებები საბრძოლო ხელოვნებაზე, ფილმებში ნაჩვენები, კიდევ უფრო სხვა ჭრილში წარმოდგენილი ლიტერატურაში, მაგრამ რა არის რეალური საბრძოლო ხელოვნება?  ჩემთვის საინტერესო იყო მომესმინა იმ ადამიანის შეხედულებაც, რომლისთვისაც უკვე ორი ათული წელია საბრძოლო ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა. 

არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ საბრძოლო ხელოვანება უბრალო ორთაბრძოლამდე არ დაიყვანება. თუმცა იგი არც განყენებული სიბრძნისმეტყველებაა და სავარაუდოდ, საბრძოლო ხელოვანებას სწორედ რომ ბრძოლის და მოწინააღმდეგის დაძლევის ცოდნა უდევს საფუძვლად. უბრალო ორთაბრძოლის დაუფლებიდან თვითშემეცნებამდე საბრძოლო ხელოვანებამ მრავალსაუკუნოვანი თუ ათასწლოვანი განვითარება განიცადა. დღეს ის მებრძოლს კაცობრიობის სულიერი მწვერვალების დაპყრობისაკენ მოუწოდებს და ამ გზაზე შემდგარს საუკეთესო ზნეობრივი თვისებების განხორციელებაში ეხმარება. 

ის, რაც ამ ერთ აბზაცში მოვაქციე, წიგნებადაა დაწერილი და ისტორიულ მიმოხილვასთან ერთად ლაო ძის „დაო დე ძინიდან“ უმშვენიერესი თვალმარგალიტებია დამოწმებული. უამრავ ლიტერატურაში საოცარ აღწერილობებს წააწყდებით, როგორ უმკლავდება ერთი ვინმე ჩია მოხუცი ძლიერ და ახალგაზრდა თავდამსხმელებს, რაოდენ გონივრულია უხეშ ძალას ფაქიზი ენერგიით დაუპირისპირდე და მრავალათწლეულების მანძილზე დაუღალავი ვარჯიშობით ზღაპრული სამყაროდან ჩი (ცი)  ენერგია წამოიღო და მისით აღივსო. ერთი სიტყვით, საბრძოლო ხელოვანებაზე ლიტერატურა ჭარბადაა, მაგრამ როგორ ერთიანდება სიბრძნე და ბრძოლის უნარი, კონკრეტული მაგალითებით ნაკლებადაა გამოვლენილი. 

ჩემი სურვილია საბრძოლო ხელოვანების ერთ-ერთი სახეობის მაგალითზე წარმოვაჩინო ზოგადად ამ ხელოვანებისთვის დამახასიათებელი თუ მხოლოდ ამ სტილში გამოკვეთილი განსაკუთრებული ნიუანსები, შტრიხები, როგორაა შესაძლებელი სხეულებრივი მოძრაობებით, ვარჯიშებით, ილეთებითა თუ მოძრაობათა რთული მწყობრით ის უნარები განივითაროს მებრძოლმა, რომელიც მას არ გააჩნია და რომელიც ამ მოძრაობებში არაა მოქცეული. 

საბრძოლო ხელოვანების სკოლაში მისულს პირველ რიგში კონფრონტაცია ამ სკოლის თუ სკოლის ირგვლივ არსებულ ლეგენდებთან მოუწევს. კუნ-ფუს სამყაროში ყველაზე ძნელად გასატეხი კაკალი საიდუმლოების ლეგენდაა. ლეგენდის თანახმად საბრძოლო ხელოვანების ამ სტილის საიდუმლოს მთლიანად და მხოლოდ მასწავლებელი ფლობს. სინამდვილეში არანაირი საიდუმლო არ არსებობს. საიდუმლო არ შედგება გასაიდუმლოებული ილეთებისა თუ სხვა რაიმ საბრძოლო ხელოვანებასთან დაკავშირებული ცოდნისგან, თუ რაიმე საიდუმლო არსებობს, ეს მხოლოდ ის საიდუმლოა, რაც ცოდნის გათავისებასა და შესისხლხორცებას წარმოადგენს. მასწავლებელი, როგორც აღმზრდელი გიზიარებს საკუთარ გამოცდილებას. სწავლების პროცესში მოწაფე ხშირად ვერც ხედავს, რას ემსახურება ესა თუ ის ვარჯიშობა, საით მიჰყავხარ მასწავლებელს. საიდუმლოება არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჯერ ვერ ფლობ შენთვის სრულიად ახალ და უცხო სამყაროს, თავისი სრულიად უცხო და „არაბუნებრივი“ მოძრაობებით, ლოგიკით. თუმცა გარდაუვალია ის დრო, როცა საიდუმლო შეწყვეტს არსებობას, ეს დრო ძლიერადაა მასწავლებელზე დამოკიდებული, თუ, რა თქმა უნდა, მოწაფე იმ ელემენტარულ წინაპირობას აკმაყოფილებს, რომ ბეჯითად ვარჯიშობს. მაგრამ საიდუმლოების გაქრობა შეიძლება იყოს წვდომის ან გაწბილების შედეგი. გაწბილება კი მაშინაა გარდაუვალი, თუ ჩვენს კომერციალიზებულ სამყაროში მასწავლებელი ცალკეულ მოძრაობებსა და თუ ილეთებს სკოლისა და სტილის საიდუმლოებად ასაღებს და თითოეული „საიდუმლოს“ განდობაში შესაფერ ანაზღაურებასაც ითხოვს.

მიუხედავად ზემოთთქმულისა, საიდუმლო მაინც დიდ როლს ასრულებს საბრძოლო ხელოვანების დაუფლებაში, რადგან ის უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ არის რაღაც დაფარული, რომელიც ზედაპირულად არ ჩანს, მას ჩაღრმავება და ვარჯიშობით ჩაწვდომა-დაუფლება, გაშინაგანება ესაჭიროება. როცა ეს საიდუმლო, ფარული სამყარო მებრძოლის მთელ სამყაროს მოიცავს, საიდუმლო აღარ იარსებებს.

მოწაფე ამ საიდუმლო სამყაროში მასწავლებელს შეჰყავს და ეს პროცესი მცირედი გარეგანი რიტუალების გაცნობით იწყება. ესაა მასწავლებლისა და სკოლის, სავარჯიშო დარბაზის მიმართ პატივისცემით განწყობა, თანასკოლელების და-ძმებად მიჩნევა და საკუთარი თავისადმი წესრიგის დაცვის მოთხოვნა. ამას უშუალოდ ვარჯიში მოსდევს.

ვინ-ჩუნის სკოლებში მოწაფე ისევე, როგორც კუნ ფუს თითქმის ყველა სტილის სკოლაში, სწავლას ფორმის დასწავლითა და მეცადინეობით იწყებს. ფორმა ერთ სტილს შესაძლოა ერთი ან რამდენიმე ჰქონდეს, ზოგიერთ სტილს რამდენიმე ასეულიც კი. ვინ-ჩუნი ერთ-ერთი უიშვიათესი სტილია, რომელიც მოძრაობათა მაქსიმალური ეკონომიურობითა და სიმცირით გამოირჩევა და აქედან გამომდინარე ფორმათა შეზღუდული რაოდენობითაც.

ვინ ჩუნი ჩინურად „მარადიულ გაზაფხულს“ ნიშნავს.

ნგ მუი

 

ლეგენდის მიხედვით წეროსა და გველის (ზოგან წერო და მელა არის ნახსენები) შერკინება საფუძვლად დაედო კუნ ფუს ერთ-ერთი მიმდინარეობის, ვინ ჩუნის, ჩამოყალიბებას. ნგ მუი შაოლინის უხუცესთა შორის ერთ-ერთი უხუცესი ქალბატონი იყო. ბუდისტი მონაზონი ქალი უკვე ხანდაზმული გახლდათ, როცა საბრძოლო ხელოვნების ახალ ფორმებზე დაფიქრდა. ისეთზე, რომლითაც უკვე მოხუცი და დასუსტებული ქალი ახალგაზრდა და ძლიერ მოწინააღმდეგეს დაამარცხებდა.  

ნგ მუისთვის სწორედ წეროს მოძრაობები იქცა შთაგონების წყაროდ. მათ ორთაბრძოლაზე დაკვირვების შემდეგ ბუდისტმა ქალმა საბრძოლო ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობა - ვინ ჩუნი ჩამოაყალიბა.

უშუალოდ სახელი ვინ ჩუნი  გოგონას ერქვა, რომელსაც არ სურდა ერთ მთავარსარდალზე დაქორწინება. არასასურველი საქმრო ბრძოლაში გამოიწვია და ადვილად დაამარცხა ნგ მუის ნასწავლი მეთოდებით. მოგვიანებით კი ამ მიმდინარეობას კუ ნფუში სწორედ ამ გოგოს სახელი დაერქვა.

 სამი უიარაღო და უხელსაწყო ფორმიდან პირველი ფორმა ერთ ადგილზე დგომით სრულდება. ფორმა თავის თავში სწორი დგომის ვარჯიშსა და ხელებით მოძრაობის თითქმის სრულ სპექტრს შეიცავს. დამწყებისთვის ნათელი ხდება დგომითა და პირველივე მოძრაობებით, რომ ეს მოძრაობები „არაჩვეულებრივია“, ანუ ჩვეულებრივი ადამიანური მოძრაობებისგან მკვეთრად განსხვავდებიან. თუმცა ვინ ჩუნი ის ერთ-ერთი უიშვიათესი სტილია, სადაც მებრძოლის მოძრაობები იმდენად ეკონომიური და „ჩვეულებრივია“, რომ  არც გამოირჩევიან სანახაობრივად. თვით ვინ ჩუნის სკოლიდან გამოსული ბრუს ლიც კი ვერ იყენებდა ფილმებში ვინ ჩუნის ილეთებს, რადგან სანახაობრივი თვალსაზრისით ეს მოძრაობები ძალიან შეზღუდულია სივრცის მოცვით და „ელეგანტურობით“. ამ მოძრაობათა ელეგანტურობას მოგვიანებით მივუბრუნდებით.  კუნ ფუს სამყაროში მოძრაობათა „არაჩვეულებრივობის“ წარმოშობასა და მნიშვნელობას თავისი ისტორია გააჩნია.

ძველი დროიდან მოყოლებული, თვით წინა რამდენიმე საუკუნის ჩათვლით საბრძოლო ხელოვანების დიდოსტატები, სკოლისა და სტილის ფუძემდებლები არა მხოლოდ იღებდნენ ცოდნას მასწავლებლისგან, არამედ ცოდნის გაუმჯობესებასა და ჩაღრმავებაზეც ირჯებოდნენ. ამის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება ყოფილიყო: სხვა ოსტატი ბრძოლისას იყენებდა უცნაურ ილეთებს, რომლის საწინააღმდეგოდ უკვე ნასწავლი და ცნობილი, საკუთარი ილეთები გამოუსადეგარი აღმოჩნდებოდა, ან დაუფლებული ხელოვანება ვერ ჭრიდა უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან, ან უფრო სწრაფ თუ მოქნილთან, თავს იჩენდა უამრავი წვრილმანი, რომელიც ცალ-ცალკე უამრავ კითხვას ბადებდა, ამოხსნა კი ერთიანი, სისტემური უნდა ყოფილიყო. სწორედ ასეთ ერთიან სისტემურ პასუხს დიდი ოსტატები ბუნებაში აღმოაჩენდნენ. ბუნების სამყაროში ცხოველთა, ფრინველთა, მწერთა, თუ გამოგონილ არსებათა მოძრაობებში იმ პრინციპებს პოულობდნენ, რომლებიც პასუხს იძლეოდნენ დასახული მიზნის მისაღწევად.

აქედან მომდინარეობს კუნ ფუს უამრავ სტილში ცხოველთა მოძრაობების მიბაძვა. სინამდვილეში აქ უბრალოდ მოძრაობების განმეორება ან გარეგნული მიბაძვაა არაა მთავარი, ოსტატს უნდა ესმოდეს ამ მოძრაობებში გამოვლენილი პრინციპი. აი, ეს პრინციპია მთავარი და გადამწყვეტი და არა გარეგნული დამსგავსება რომელიმე ცხოველის მოძრაობებთან.

 კუნფუს ერთ-ერთი სტილი მაიმუნის სახელს უკავშირდება. ვინმე კაო სის ოფიცერი მოუკლავს. ციხეში ყოფნისას ის ფანჯრიდან მაიმუნებს აკვირდებოდა. 10 წლის შემდეგ როცა ციხიდან გამოსულა, მაიმუნის ქცევებისა და ხასიათის მიხედვით ახალი სტილი შეუქმნია. 

კიდევ ერთი ლეგენდა ჩოქელაზე გვიამბობს. იყო ერთი ბერი შაოლინიდან, ვან ლანი, რომელსაც თავი ყველაზე მაგარი მოჩხუბარი ეგონა და ბერებს მუდმივად ორთაბრძოლაში იწვევდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის იმარჯვებდა, მაგრამ ერთხელაც ერთ უბრალო ბერს მიუბეგვია. ამ ამბავს ვან ლანი დაუფიქრებია და ერთი წლით მთებში განმარტოებულა. იქ უცდია თავისი ტექნიკა გაეუჯობესებინა. როცა უკან დაბრუნებულა, კვლავ გამოუწვევია ბერი ბრძოლაში და ისევ უცემიათ. კიდევ ერთხელ განმარტოებულა ვან ლანი და უფრო ღრმა ფიქრებს მისცემია. ერთ დილასაც ის ჩოქელასა და კუტკალიას ჩხუბს შეესწრო, გონება გაუნათდა და თავისი სტილი ჩოქელას ბრძოლის ილეთებით გაამდიდრა. დაბრუნდა შაოლინში და ყველა ბერი დაამარცხა. მოგვიანებით კი მეთოდები დახვეწა. ასე შეიქმნა კუნფუში ახალი, ჩოქელას სტილი. 

რაც შეეხება წეროს, ის ჩინურ კულტურაში დღეგრძელობის აღმნიშვნელია. წერო ამავდროულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სურათხატია საბრძოლო ხელოვნებაში. აზიურ მითოლოგიაში ფენიქსის შემდეგ წერო ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. მზესთან, ღრუბლებთან, ქვასთან, წყალთან, კუსთან, ფიჭვთან, ბამბუკსა და ატამთან ერთად დღეგრძელ ცხოვრებას აღნიშნავს. ამასთანავე წეროს წარმატების სურვილთან და სულიერ განვითარებასთანაც აიგივებენ. იაპონიაში წერო, როგორც მონოგამურად მცხოვრები ფრინველი, ერთგულების, სიყვარულის, ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინების სიმბოლოა. ამიტომაც თითქმის ყველა საქორწინო სამოსზეა გამოსახული.

წეროს მოძრაობები ბუნებრივი, ელეგანტური და ამავდროულად სიძლიერის გამომხატველია.  ის სიმშვიდესა და არისტოკრატულობას ასხივებს.

ვინ ჩუნის მოძრაობებში გვაქვს წეროს მოძრაობების ადაპტაცია, თუმცა წეროს მოძრაობათაგან მხოლოდ ორი პრინციპია აღებული და აქედან გამომდინარე, ვინ ჩუნის საბრძოლო ხელოვანებაში ამ ფრინველს სხვაგვარად ვერც ამოიცნობთ. ეს ორი პრინციპი კი წეროსა და მელას, ან სხვა ვერსიით, წეროსა და გველს შორის გამართულ ბრძოლაშია ამოკითხული. თავდამსხმელი ცდილობდა წეროსთვის გვერდიდან შეტევას, წერო არ აძლევდა ამის საშუალებას, „სახით“, მკერდით უწყვეტად მტრისკენ ტრიალდებოდა. ეს პრინციპი გადამწყვეტია ვინ ჩუნის ორთაბრძოლაში, თუმცა მოძრაობაში ეს პრინციპი  მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ მებრძოლი მუდამ მკერდით მოწინააღმდეგისკენაა მიმართული, ნებისმიერი ცვლილება, ნებისმიერი მოძრაობა მოწინააღმდეგის მხრიდან ვინ ჩუნის მებრძოლში იწვევს სარკისებურ რეაქციას, შეტრიალება-მობრუნებას  მკერდით მოწინააღმდეგის მიმართულებით და ასევე უმოკლეს საბრძოლო მანძილზე მიახლებას სწორედ ასეთი პრინციპის დაცვით. მეორე პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ წერო საკუთარი თავის დასაცავად ფრთებს საკუთარ თავსა და თავდამსხმელს შორის აქცევდა. ეს პრინციპი ისეა ადაპტირებული ვინ ჩუნის ხელოვანებაში, რომ იდაყვი ყოველთვის მკერდიდან გამომავალი ვირტუალური ღერძის გასწვრივ მოძრაობს. ეს ღერძი მუდამ მოწინააღმდეგისკენაა მიმართული. აი, ამ პრინციპიდან გამომდინარე, ვინ ჩუნის ხელოვანებაში ხელის ნებისმიერი მოძრაობა, იქნება ეს მჯიღის კვრა, გაშლილი ხელით შეტევა, ხელებით საბრძოლო სივრცის მოპოვება თუ სხვა რამ, ყოველთვის იდაყვებით წარიმართება. იდაყვი შედის სხეულის ცენტრიდან, მზისწნულიდან ვირტუალურად გამომავალ ღერძზე და ისე ამოძრავებს მთელს ხელს. მჯიღის კვრის შესწავლისას მოწაფეს შედარების თვალსაზრისით უხსნიან, რომ მას შეუძლია წარმოიდგინოს მეკობრე, რომელსაც ხელის მტევანი აკლია და მტევნის ადგილას დანა აქვს დამაგრებული. აი, ახლა ეს დანა მოწინააღმდეგეს უნდა გაურჭოს. ოღონდ ამ „დანას“, მტევანს კი არ ამოძრავებს მოწაფე, არამედ იდაყვს. თავდაპირველად მოწაფე იდაყვის გრძნობას სწავლობს ხელის მოძრაობისას. მოგვიანებით, წლების შემდეგ, მოწაფე ეუფლება იდაყვში მთელი სხეულის ძალისა და წონის ჩადებას, რომ იდაყვის მოძრაობა დაიწყოს უკვე სხეულის ცენტრიდან, მენჯიდან.

ბუნებრივია, ასეთი „არაბუნებრივი“ მოძრაობები, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობები არ არიან აკრობატული ხასიათისა, საკმაოდ რთულია. დასაწყისში მათი დაუფლება გარკვეულ სიდინჯესა და მოთმინებას მოითხოვს, რომ ფსიქიკამ ეს მოძრაობები მიიღოს.

შემდგომში, როცა მოწაფე ნაბიჯებსაც სწავლობს, იგი ეუფლება ვინ ჩუნის ყველაზე დიდ „საიდუმლოებას“, შეასრულოს ნაბიჯის (მოწინააღმდეგისკენ მისაახლოვებლად უმოკლეს საბრძოლო მანძილზე) და მჯიღის კვრის ისეთი შეთანხმებულობა, რომ მჯიღში აღმოჩნდეს არა უბრალოდ ხელის გამშლელი კუნთის ძალა, არამედ მენჯიდან დაწყებული სხეულის  მოძრაობის ძალაც.  ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ უმოკლესი ნაბიჯით, უმსუბუქეს მებრძოლსაც შეუძლია გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს უძლიერეს მეტოქესაც, თუ დარტყმა იმ მიზანს მიაღწევს, რასაც სწავლების  მანძილზე მოწაფე სიჯიუტით ეუფლება. ეს მიზანი კი ადამიანის ყველაზე დაუცველი ნაწილია, ყელი ან სახის არე, თვალები. აი, ესაა ის სასწაულებრივი ჩი ენერგია, ეზოთერულ-ზღაპრული ძალა ჩია მოხუცის.

ამ „ელემენტარული“ მოძრაობის სწავლას და დაუფლებას საშუალოდ სამი წელი ინტენსიური ვარჯიში ესაჭიროება. შედარებისათვის, მოკრივე, რომელიც ყოველ დღე ორ-ორი საათი ხელთათმანებით თუ უხელთათმანოდ, ჩამოკიდებულ ქვიშით გატენილ მსხალზე დარტყმებს ვარჯიშობს, ორ-სამ თვეში ივითარებს დარტყმის ძალას, რომელშიც სხეულის ბრუნვითი ძალაცაა ჩადებული და ფეხის გაჭიმვის ძალაც. სხეულის წონის წინ გადანაცვლებით მოკრივეც აღწევს იმ ეფექტს, რომ დარტყმაში მთელი სხეულის წონას დებს. თუმცა ვინ ჩუნის მოძრაობა მოკრივის მოძრაობისგან არსებითად განსხვავდება. მოკრივე დარტყმის სულ სხვა პრინციპს მიმართავს. იგი გარკვეულ დისტანციაზე რჩება მოწინააღმდეგესთან, რომ ეფექტური დარჩეს და მისი წონა გადატანილია წინა ფეხზე.  ვინ ჩუნის მებრძოლი კი იმდენად უახლოვდება მოწინააღმდეგეს, რომ ელტვის სწორედ ის ადგილი დაიკავოს, სადაც მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ იმყოფება, მისი სხეულის წონა ყოველთვის უკანა ფეხზეა. მოკრივე შეძლებისდაგვარად „გრძელ“ მოძრაობას ახორციელებს, მისი იდაყვი ცალსახად სხეულის მხრებს შორის არეს ტოვებს, დარტყმა „გარედან“ ხორციელდება, ერთ ძლიერ დარტყმას მაქსიმუმ მეორეც მიაყოლოს. ვინ ჩუნის მჯიღის კვრა ავტომატური იარაღიდან გასროლას ჰგავს, ორივე ხელი ერთიმეორეს ენაცვლება და ნაბიჯით მოწინააღმდეგის დევნა ხორციელდება. მოძრაობები მოკლეა და სწრაფი.

ვინ ჩუნში და ზოგადად კუნ ფუს საბრძოლო ხელოვანების სხვდასხვა სტილში ცალკეული მოძრაობები სამეტყველო ენის ანბანს შეგვიძლია შევადაროთ. მოძრაობები ხმოვნები და თანხმოვნები არიან და როგორც უცხო ენის შესწავლისას, შეუჩვეველი ბგერების წარმოთქმა ხშირად რთულია. სამეტყველო ენაში ანბანი, ხმოვნები და თანხმოვნები ენის შინაგან ლოგიკას ემორჩილებიან და არა შემთხვევით ნაკრებს წარმოადგენენ, ასევე საბრძოლო ხელოვანების ერთ სტილში მოძრაობებიც აუცილებლად ერთ შინაგან ლოგიკას უნდა ემორჩილებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ილეთების მექანიკურ ნაზავს, რომელსაც შინაგანად ერთიანი, ჰარმონიული ჟღერადობა არ ექნება.

როგორც სამეტყველო ენაში ფონეტიკა, ანუ ბგერათა მწყობრი ჯერ მხოლოდ უმარტივესი საფეხურია ენისა, ასეა ფორმაში მოქცეული მოძრაობები საბრძოლო ხელოვანებისთვის. ფორმაში მოძრაობა არასდროსაა ისე მოცემული, რომ ეს მოძრაობა რამენაირად მიგვითითებდეს, რანაირად შეიძლება მისი გამოყენება.

მოძრაობათა ანბანის შესწავლის შემდეგ იწყება საბრძოლო ხელოვანების „გრამატიკის“ შესწავლა. გრამატიკა კი ყველა ენას თავისი აქვს. გარამატიკა ენის შინაგანი ლოგიკის გამომხატველია და მასზეა დამოკიდებული, რანაირად ახერხებს ენა ამა თუ იმ აზრის გამოთქმას. ასეა საბრძოლო ხელოვანებაშიც. ვინ ჩუნის „გრამატიკა“ აგებულია ოთხ საბრძოლო და ოთხ ძალის პრინციპზე. ეს რვა პრინციპი არასდროს ირღვევა და პასუხს იძლევა ნებისმიერ კითხვაზე. ყოველი მოძრაობა, მოძრაობათა თანმიმდევრობა, უბრალოდ რეაგირება განისაზღვრება და გამომდინარეობს ამ რვა პრინციპით შექმნილი „გრამატიკიდან“, შინაგანი ლოგიკიდან. ეს ლოგიკა კი გენიალურად მარტივი და ჰარმონიულია. სწორედ ეს გენიალურად მარტივი და ჰარმონიული ლოგიკა ხდის ვინ ჩუნს ძალიან ეფექტურ და ელეგანტურ ხელოვანებად. 

ვინ ჩუნის ამ „გრამატიკის“, შინაგანი ლოგიკის შესასწავლად, თავისთავად ცხადია, სრულიად არაა საკმარისი რვა პრინციპის თეორიულად გაცნობა. მაგრამ სწავლა შეუძლებელია, თუ ჯერ ამ რვა პრინციპს თეორიულად არ გაიცნობ. ვინ ჩუნის მომხიბვლელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თუნდაც ყველა პრინციპის თეორიული ცოდნით ვერ წარმოიდგენ, რანაირად შეიძლება ეს ცოდნა სხეულებრივ მოძრაობებში გამოიხატოს და მოწიინააღმდეგესთან ბრძოლაში განხორციელდეს. მაგრამ სწავლების პროცესში მოწაფე საკმაოდ სწრაფად ეუფლება პრაქტიკულ ცოდნას და  იხიბლება, როცა ამ პრინციპებით თავადვე ახერხებს პასუხის პოვნას მისთვის უცნობ სიტუაციაშიც.

ეს რვა პრინციპი და კიდევ რამდენიმე „დამატებითი“, ანუ შემავსებელი პრინციპი ლაო ძის დაო დე ძინს ეხმიანება. აი, ვინ ჩუნის კიდევ ერთი ელეგანტურობა, რომ ასეთი სიბრძნე შეიძლება სხეულებრივადაც შეიმეცნო. ეს რვა პრინციპი კი მოკლედ ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: პირველი ოთხი ბრძოლის პრინციპია - თუ გზა (მოწინააღმდეგისკენ) ხსნილია, შეუტიე; დარჩი მიწებებული (მოწინააღმდეგეს); დიდ ძალას დაუთმე; უკან წასულ მოწინააღმდეგეს მისდიე. მომდევნო ოთხი, ძალის პრინციპი გვამცნობს: გათავისუფლდი საკუთარი ძალისაგან (დაძაბულობისგან); გათავისუფლდი მოწინააღმდეგის ძალისაგან (მოწინააღმდეგის მხრიდან მოქმედი ძალისაგან);  გამოიყენე მოწინააღმდეგის ძალა მისსავე წინააღმდეგ; და მიუმატე მას საკუთარი ძალა.

ის, რაც თორიულად ერთ საათში შეგიძლია დაიზუთხო,  პრაქტიკული დაუფლებისთვის აქტიურ, ბეჯით ვარჯიშს მოითხოვს. ამ მიზნით ვინ ჩუნს მარაგში უმშვენიერესი და უნიკალური სავარჯიშოები გააჩნია. ესაა ჩი საოდ წოდებული ვარჯიშები, რომელსაც მოვარჯიშეები წყვილებში მიმართავენ. ვარჯიში მრავალ კომბინაციას შეიცავს.  წყვილი ვარჯიშს იწყებს კონტაქტით, ორივე მოვარჯიშე პირისპირ დგება. ხელები, რომლებიც საკუთარი სხეულის წინა სივრცეს იკავებს, კონტაქტშია მოწინააღმდეგის ხელებთან. მეორე პრინციპის თანახმად, ხელები კონტაქტში რჩებიან (დარჩი „მიწებებული“). ასე ხორციელდება კონტროლი მოწინააღმდეგეზე. კონტაქტის გაწყვეტა ავტომატურად მოითხოვს პირველი პრინციპის თანახმად შეტევას, რადგან კონტაქტის არქონა წინააღმდეგობის არქონასაც წარმოადგენს, ანუ გზა იხსნება მოწინააღმდეგისკენ. ხოლო ლოდინი მომაკვდინებელი იქნებოდა, რადგან კონტაქტის გამწყვეტი მოწინააღმდეგე სავარაუდოდ თავად ახორციელებს შეტევას. ვინ ჩუნის ერთ-ერთი ფუნდამენტალური პრინციპი კი გვამცნობს, არ დარჩე იქ, სადაც გიტევენ და თავს გესხმიან. აი, ამ პირველი ორი პრინციპით ხორციელდება ვარჯიშის „უმარტივესი“ კომბინაციების შესრულება. ხელები, რომლებიც კონტაქტშია მოწინააღმდეგის ხელებთან, ახორციელებენ უწყვეტ ლტოლვას მოწინააღმდეგისკენ, მაგრამ არა უხეში ძალისმიერი გზით, არამედ მოქნილი, დრეკადი, ელასტიური თვისებით, როგორც ზამბარა, რომელსაც თუ შეკუმშულ მდგომარეობაში ხელს გავუშვებთ, მთელი ძალით გაიშლება. მომდევნო საფეხურებზე ჩი საოს ვარჯიშები რთულდება. ერთი მოვარჯიშე კონტაქტის გაწყვეტის გარეშე იერიშზე გადადის, იყენებს ან ხელის მტევნებს ან იდაყვს მოწინააღმდეგის ხელების გზიდან ჩამოსაშორებლად. ამ შემთხვევაში მეორე მოვარჯიშე იწყებს მესამე საბრძოლო პრინციპის გამოყენების სწავლას, კერძოდ მოწინააღმდეგის  დიდ ზეწოლას „თმობს“.  ხელებისა თუ სხეულის ბრუნვითი ან გასვლითი მოძრაობით „ატარებს“ ამ ძალისმიერ შეტევას სიცარიელეში, ისე, რომ კონტაქტი არ წყდება და თავად ახორციელებს კონტრდარტყმას.

ვინ ჩუნის ასევე ფუნდამენტალური თვისებაა და პრინციპი, მცირედი მოძრაობებით შემოიფარგლოს და არა ასობით ეგზოტიკური მოძრაობით გაიმდიდროს მარაგი, რადგან ყველანაირ სიტუაციაში მაქსიმალურად ერთნაირად იმოქმედოს. მიუხედავად ამ პრინციპისა, მაინც გვაქვს სხვდასხვა სიტუაცია მოწინააღმდეგესთან კონტაქტისა, მოწინააღმდეგის მხრიდან შეტევის განხორციელებისა და აქედან გამომდინარე კონტრრეაქციებისაც, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობის სავარჯიშოებს წარმოშობს, მაგრამ ყველა შემთხვევაში,  ქმედება ხორციელდება მხოლოდ ვინ ჩუნის თითებზე ჩამოსათვლელი პრინციპების ხელმძღვანელობითა და დაცვით.

ეს ვარჯიშები საოცრად ლამაზ თვისებებს  ავითარებს.  სხეული თავისუფლდება დაძაბულობისაგან, მაგრამ იმყოფება შეკუმშული ზამბარას მდგომარებოაში, რომელიც მზადაა ყოველ წამს გაიშალოს და სივრცე მოიცვას. ესაა ასევე ლაო ძის იმ ახალგაზრდა ბალახის მსგავსი მდგომარეობა, როცა ქარბუქმა ძლიერი და მყარი ხეები ძირფესვიანად მოთხარა, სუსტ ბალახს კი ვერა დააკლო რა, იმიტომ რომ ბალახი ქარს კი არ დაუხვდა, გადაიხარა და დარტყმის ძალა  სიცარიელეში გაატარა. ესაა ასევე მშვენიერი განცდა, როცა საკუთარ სხეულს აღიქვამ, როგორც წყალს, რომელიც მიედინება, წინააღმდეგობა ვერ აჩერებს და გზას შემოვლით აგრძელებს. ესაა აგრეთვე წყლის ჭავლის შეგრძნება, როცა ჭავლის ერთ მონაკვეთს მოიგერიებ, მაგრამ მომდევნო ჭავლი მაინც შეგესხმება. ასევეა ვინ ჩუნის მჯიღის კვრის უწყვეტი ჭავლი, მოწინააღმდეგე მოიგერიებს ერთ კვრას, მაგრამ მას ავტომატურად მეორე ხელი მოყვება, რადგან მებრძოლი არ ცდილობს „ძალით“ გაიტანოს თავისი და პირველი მჯიღი თუ ბრკოლდება, თავად მებრძოლი ამის გამო არ ბრკოლდება. 

სწავლის ეს ეტაპი ძალიან მომხიბვლელი და შემოქმედებითია, მაგრამ როგორც ენას ვერ დაეუფლები, თუნდაც რომ ენის ყოველ სიტყვას და გრამატიკულ ნიუანსს ფლობდე, ასევე ვინ ჩუნის ხელოვანების ცოდნა ვერ ამოიწურება ამ ხელოვანების ანბანისა და „გრამატიკის“ ცოდნით. ენა პირველ რიგში მეტყველების კულტურაა. მეტყველება კი გაცილებით მეტია, ვიდრე სიტყვების ცოდნა და მათი გრამატიკულად სწორი გამოყენება. მეტყველებას მოკლედ რომ ვთქვათ, პოეტურობა უნდა ახასიათებდეს, არა გარეგნული ჟღერადობა და ზედაპირული მჭერმეტყველება, არამედ ენის სიღრმისეული, არისტოკრატიული აზროვნება.  მეტყველება ენის უწყვეტი მდინარებაა. ენას თუ დამდგარ წყალს შევადარებთ, მეტყველება მდინარის წყალია, დინამიური, მოძრავი, ცვალებადი, ძალიან ძნელად ფიქსირებადი ნაპირებით, მაგრამ მკვეთრად გამოხატული მიმართულებით. ასეა ვინ ჩუნის საბრძოლო ხელოვანებაც. დახვეწილი და ზუსტი მოძრაობები თავისი მკაცრი „გრამატიკით“ მხოლოდ მასალაა, რომ მოწაფემ ილეთებიდან და ქორეოგრაფიულად დახვეწილი მოძრაობებიდან ხელოვანებისაკენ დაიწყოს სვლა. ამ ეტაპზე მოწაფე ერთდროულად ეუფლება აქტიური და პასიური ქმედების ხელოვანებას. აქტიურია მოწაფე თავის ზრახვებში, სძლიოს შიშს და ყოველგვარი „ნორმალური“ ლოგიკის საპირისპიროდ მოწინააღმდეგეს მიუახლოვდეს უკიდურესად ახლო მანძილზე, ანუ დაიკავოს ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ მოწინააღმდეგე დგას, თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდამსხმელი თავად იწყებს მოძრაობას მებრძოლის მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც მებრძოლი ეუფლება იმ სიბრძნეს, რომ თავის საშველად უკან დახევა ან განზე გასვლა დამარცხების ტოლფასია, მხოლოდ სარკული სისწრაფით თავდამსხმელისკენ მოძრაობა წარმოადგენს ერთადერთ სწორ სვლას. 

თუ ვინ ჩუნის რვა პრინციპიდან ბრძოლის ის პრინციპი გაგახსენდებათ, სადაც საუბარია დათმობაზე, შეგახსენებთ, რომ დათმობა არ გულისხმობს სივრცის დათმობას, ან პოზიციის დათმობას, არც ინიციატივისა თუ ქმედების სურვილის დათმობას. ბრძოლის ეს პრინციპი გულისხმობს,  თუ თავდამსხმელის ძალა  საკუთარ ძალაზე აღმატებულია, ხდება არა სივრცისა და პოზიციის დათმობა, არამედ კონტაქტის გაუწყვეტლად („დარჩი მიწებებული“), სხეულის იმდაგვარი ცვლილება, რასაც თავდამსხმელის ძალის ან სიცარიელეში გატარება მოჰყვება, ან ამ ძალის ნახევრადრკალული ბიძგით მიმართულების შეცვლა და ერთდროულად, მანძილის შესაბამისად მჯიღით  ან იდაყვით (უფრო ახლო მანძილზე) უშუალო თავდასხმა. ამ პრინციპის („დათმობის“) უშუალო საფუძველია ძალის პრინციპი, რომ უნდა იყო თავისუფალი საკუთარი ძალისაგან, რადგან  მოწინააღმდგესთან შეჯახებისას საკუთარმა დაძაბულობამ ხელი არ შეგიშალოს, რომ სხეულმა საჭიროებისამებრ ფორმა იცვალოს. მოწინააღმდეგის ძალისაგან გათავისუფლება გამოიხატება სწორედ სხეულის იმ ტრანსფორმირებით, რომელიც საშუალებას იძლევა მოწინააღმდეგის ძალა სიცარიელეში გავატაროთ.

როგორც ვთქვით, მოწაფე აქტიურ და პასიურ ქმედებას ეუფლება. აქტიურობა მოწინააღმდეგის დამარცხების სურვილიდან გამომდინარე თავდასხმაში გამოიხატება, არა ლოდინში, არამედ უკიდურეს შემთხვევაში, თავდამსხმელთან ერთად ერთდროულ „სარკული“ მოძრაობის დაწყებაში, უკეთეს შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების უნარში, რომ ახლა ბრძოლის დრო დადგა და დაყოვნება სიგიჟეა. გამოიხატება ასევე იმაში, შეიცნო მოწინააღმდეგის წადილი - თავს დაგესხას და აქედან გამომდინარე, თავად დაასწრო თავდასხმა. პასიურობა კი იმაში ვლინდება, რაც ზემოთ აღვწერეთ, როცა კონტაქტში ყოფნისას მოწინააღმდეგე თავისი აღმატებული ძალით „განსაზღვრავს“, როგორ ვიმოქმედოთ. ეს პრინციპი პასიურობისა ზოგადად მოიხსენიება, როგორც „ვუ ვეი“, ანუ ლაო ძისეული „უმოქმედობა“.

რაც უფრო წინწასულია მოწაფე საბრძოლო ხელოვანების გზაზე, მით უფრო მშვიდია იგი, მაგრამ ფხიზელი და ყურადღებიანი. მისი მოძრაობები თავისუფალია კიდურების ნაჯახივით ქნევისგან. სხეული ერთ მთლიანობას წარმოადგენს. თვით უმოკლესი მოძრაობებიც კაუჩუკივით ელასტიურია  და  წყლის უწყვეტ დინებას ემსგავსება. ერთი მოძრაობა მეორეში საჭიროების შემთხვევაში უწყვეტად, დაუჩეხავად გადაიზრდება. საბოლოო ჯამში ყოველი მოძრაობა „ვუ ვეის“ (უმოქმედობის) პრინციპიდან გამომდინარე რეფლექსურ, ავტომატურ რეაქციებად იქცევა, რადგან არცერთ მებრძოლს უშუალოდ ბრძოლისას არა აქვს ფუფუნება, ფიქრი დაიწყოს და გადაწყვეტილებები მიიღოს, თუ რომელი ილეთებით ებრძოლოს და დაამარცხოს მოწინააღმდეგე. (ასეთი სცენები ფილმებისთვისაა დამახასიათებელი, რაც რეალურობისაგან შორს დგას).

მებრძოლი იღებს მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას, სახელდობრ, იბრძოლოს აქ და ახლა. დანარჩენი „ავტომატურად“ ხდება.  არა გონება, არამედ მთელი სხეული მოქმედებს ისე, როგორც მრავალწლიანი ვარჯიშობით დაისწავლა და ეს მის ბუნებრივ, „ჩვეულებრივ“ მოძრაობებად იქცა. 

აქამდე აღწერილი ეტაპი მოიცავს ვინ ჩუნის ექვსიდან სამ ფორმას, პირველ სამ უიარაღო ფორმას. მეოთხე ფორმაა ხის თოჯინის ფორმა. ეს ფორმა სრულდება ხის თოჯინასთან, რომელიც ვინ ჩუნის სხვადასხვა სკოლებში, ოსტატის ცოდნიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, ან უძრავადაა დამაგრებული, ან დრეკად და მყარ ფიცრებზეა ჩამოკიდებული. თოჯინას სამი „ხელი“ და ერთი წინ გადმოდგმული „ფეხი“ აქვს. ასევე სკოლიდან და ოსტატიდან გამომდინარე მოძრაობათა საერთო რაოდენობა 108-დან 116-მდე მერყეობს. ზოგიერთი „ოსტატი“ მოძრაობათა რაოდენობას უსასრულობამდეც ზრდის, იმ იმედით, რომ რაც უფრო მეტ მოძრაობას ჩააქსოვს ფორმაში, მით უფრო „დიდოსტატად“ გამოჩნდება. სინამდვილეში თვით უმოკლეს  108 მოძრაობიან ფორმაშიც ყოველი მოძრაობა ორივე მხარეს, მარჯვნივ და მარცხნივ სარკული სიმეტრიით სრულდება. მოძრაობები სხვადასხვა კომბინაციაში მრავალჯერ მეორდება. ასე, რომ ვინ ჩუნის მოძრაობათა რაოდენობა, ანუ ანბანი, საკმაოდ მწირია და სწორედ ესაა მისი გენიალობა და არა ხმოვანთა და თანხმოვანთა უსასრულოდ დიდი რაოდენობა. 

უბრალო მათემატიკური ცოდნაც საკმარისია, რომ გასაგები გახდეს, თვით ოთხი მოძრაობისგან შემდგარი კომბინაცია  უსასრულოდ დიდი შეიძლება აღმოჩნდეს. თანაც თუ მოძრაობებს არა მხოლოდ დავაწყვილებთ, არამედ მათ სამ-სამად ან უფრო დიდი რაოდენობით შევარჩევთ კომბინაციისთვის.  მთავარი კი თოჯინის ფორმაში  თოჯინაზე ხელ-ფეხის უაზროდ და თვალშისაცემად „გმირული“ ბრახაბრუხი როდია.  სხეულებრივად სუსტი (გამხდარი თუ მოხუცი) მებრძოლი ძალიან ძლიერ (მძიმეწონიან და ახალგაზრდა) მოწინააღმდეგესთან შერკინებისას ვერ მოახერხებს მოწინააღმდეგის სხეულის გადაადგილებას, თვით მისი კიდურების ადგილიდან დაძვრასაც, აღარაფერს ვამბობთ მოქნეული ხელ-ფეხის შეჩერებას ან წინააღმდეგობის გაწევას.  ხის თოჯინა ასეთ მოწინააღმდეგეს განასახიერებს. მასთან ვარჯიშისას მებრძოლი სწავლობს თავად იმოძრაოს თოჯინის ირგვლივ. საკუთარი ძალა, რომელიც ვერ ცვლის მოწინააღმდეგის  სხეულის მდგომარეობას, ბუნების კანონებიდან გამომდინარე,  დამრტყმელს უბრუნდება. ეს უმოკლესი ვიბრაციაა, რომელსაც ხის თოჯინა გადმოგცემს და აი, ამ ვიბრაციის უკან მიღებისა და მისი მომდევნო მოძრაობისთვის გამოსაყენებელ ძალად გარდაქმნას სწავლობს მებრძოლი ხის თოჯინასთან.

ხის თოჯინის ფორმის  დაუფლებით უიარაღო ვინ ჩუნის საბრძოლო ხელოვანება მთავრდება. მებრძოლი ამ ეტაპისთვის ისეთ დიდ ხელოვანებას ეზიარება, რომ მისთვის შინაგან ცოდნად იქცევა დაო დე ძინის უზენაესი საიდუმლოება: „რბილი სძლევს მაგარს. სუსტი სძლევს ძლიერს.“ 

მებრძოლმა სხეული ისე ავარჯიშა, რომ კუნთებისა და მყესების დაჭიმულობა თავიდან აიცილა, მისი სხეული არ გაუხეშებულა და არ გაშეშებულა, როგორც ცხედარი, არამედ ცოცხალი არსების სირბილე შეინარჩუნა, იქცა ერთ მთლიანობად და მოიპოვა რეალური ბრძოლის ცოდნა. ეს რეალური ბრძოლა კი საფუძვლიანად განსხვავდება სპორტულ დარბაზში გამართული ბრძოლისაგან. რეალურ სამყაროში არ არსებობს დანდობა, ყოველი დარტყმა მიმართულია მოწინააღმდეგის სრული განადგურებისაკენ, სასიკვდილოდ, ამიტომ დარტყმა ხორციელდება ყველაზე დაუცველ ადგილებში, ყელსა და თვალებში. მებრძოლმა იცის, რომ შეყოვნება და დანდობა საკუთარი სიკვიდილის  ტოლფასი იქნება. სწორედ ეს ცოდნა აიძულებს მებრძოლს მიმართოს ამ უკიდურეს ზომას, ბრძოლას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა რამ საშუალება სიტუაციიდან გამოსვლისა არ რჩება. რეალურობა ასევე ასწავლის მებრძოლს, რომ სასიკვდილოდ საშიშია თავმომწონეობა ან აგრესიის  უმიზეზოდ გამოხატვა, ხოლო თავმდაბლობა სტრატეგიულ უპირატესობას უქმნის მებრძოლს, რამეთუ მას ასეთ შემთხვევაში უდიდესი შესაძლებლობა ეძლევა, გამოიყენოს ყველაზე სასტიკი იარაღი - მოულოდნელობა. მებრძოლს მტერთან პირისპირ შეხვედრისას არ უწევს ფიქრი, როგორ იმოქმედოს, ეს თემა მისთვის უკვე გადაღეჭილია.

ამის შემდგომ მებრძოლი გრძელი ჭოკის ხელოვანებას ეუფლება. გრძელი ჭოკი დაახლოებით 3,5 მეტრამდე სიგრძის ხის წვრილი ძელია, სისქით ისეთი, რომ ხელში დაჭერისას თითები ბოლომდე ვერ წვდება მტევანს, ხოლო მეორე მხარეს კონუსისებურად ვიწროვდება. ანუ ერთ ბოლოში, რომლითაც ხელში ვიჭერთ, დიამეტრი 2,5 სანტიმეტრია, მეორე ბოლოში კი 1-1,5 სანტიმეტრი. გრძელი ჭოკის ხელოვანება სხვა დიდოსტატს ეკუთვნის. ეს იარაღი ვინ ჩუნის ხელოვანებაში გაცვლითი სახით შემოვიდა, მაგრამ ადაპტაცია განიცადა და ვინ ჩუნის პრინციპებს დაემორჩილა. გრძელი ჭოკი ავითარებს ელასტიურ ძალას, სივრცეში გადაადგილებას და ამ იარაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორხაზოვანი გარღვევის უნარს. ხელისა და მენჯის უმოკლესი მოძრაობებით ბერკეტის პრინციპიდან გამომდინარე გრძელი ჭოკი შორ მანძილზე დიდ ეფექტს ახდენს. 

და ბოლოს, ვინ ჩუნის მეექვსე ფორმაა ორი მოკლე ხმლის ფორმა. ეს ვინ ჩუნის ხელოვანების გვირგვინია. ოსტატი ორი მოკლე ხმლით, უფრო იდაყვის სიგრძის ხანჯლით, ძალიან ეფექტურ და სწრაფ ბრძოლის ხელოვანებას ეუფლება. ეს ფორმა მთლიანად იმეორებს უიარაღო ვინ ჩუნის მოძრაობებს, თითქოს ხმლები ხელის მტევნების დაგრძელება ყოფილიყოს. მოძრაობები საოცრად მოკლეა და მოკლებული ყოველგვარ გარეგან ბრწყინვალებას და ხილვად მშვენიერებას. მისი სილამაზე იმაში მდგომარებს, რომ ისინი ხელის მტევანივით უბრალო მოძრაობებს ასრულებენ ყოველგვარი თვალისმომჭრელი, გადამეტებული ქნევის გარეშე. ორივე ხმალი მუდმივად მებრძოლის სხეულის წინ რჩება და ამ სივრცეს არ ტოვებს.

არსებობს მოსაზრება, რომ ნგ მუი თავდაპირველად ამ ორი მოკლე ხმლის ხელოვანებას ფლობდა და შემდეგ, დევნილობაში კონსპირაციულობის შენარჩუნების მიზნით ამ ხელოვანებიდან უაირაღო ვინ ჩუნის საბრძოლო ხელოვანება განავითარა, სადაც ხმლების მაგივრობას გაშლილი მტევნები და იდაყვი ასრულებდა. თუმცა შეგვიძლია პირიქითაც წარმოვიდგინოთ, რომ ორი ხმლის ხელოვანება უიარაღო ხელოვანების გვირგვინია, მისი დაწმენდილი და გაფილტრული გამოვლინება. მართლაც, ორი მოკლე ხმლის ხელოვანება, მიუხედავად მისი გენიალურობისა, საკმაოდ სადაა, შეიცავს მხოლოდ რვა მოძრაობას და ამ რვა მოძრაობის კომბინაციებით ახოციელებს უიარაღო ვინ ჩუნის ყველა პრინციპს. თუმცა ორი ხმალი კიდევ უფრო აგრესიულია, ვიდრე უიარაღო ხელოვანება, მაგრამ ვფიქრობ, იარაღი უკვე თავადაა აგრესიული და ულმობელი, უიარაღო ბრძოლა კი სასტიკი და დაუნდობელი.

 თუ ამ უმშვენიერესი ხელოვანების დაუფლების შემდეგ ოსტატი არ დეგრადირდება მკვლელად, ან თავმომწონე ბაქიბუქად, მებრძოლს უდიდესი იდუმალებით ცხოვრება ელის. შეუძლებელია სავსე ჭურჭელი ახალი სასმისით შეავსო. ძნელია ვინ ჩუნის საბრძოლო ხელოვანებას დაეუფლო, თუ მანამდე დაგროვილი ცოდნა გვერდზე არ გადადე, არ დაიცალე სხეულისა და გონების ჭურჭელი, რომ აღივსო ახალი სიბრძნით. ის, კი ვინც ამას მოახერხებს, საკუთარ თავში დაო დე ძინის სიბრძნეს განახორციელებს: „ვინც აღივსო სიცარიელით, აღივსო უდიადესი სიმშვიდით.“

ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც მოახერხებს, ყველაფრისგან დაიცალოს, რომ ახალი ცოდნით აღივსოს, ისწავლის დაფარულს ელტვოდეს და არა ზედაპირულ მშვენიერებას. საბრძოლო ხელოვანებაში, ვფიქრობ, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, გასაგები უნდა იყოს, რომ მებრძოლს უმეტესად საკუთარ თავთან აქვს საქმე და შეხება და მხოლოდ მცირედად მოწინააღმდეგესთან. სხვის ძლევას მხოლოდ სიძლიერე სჭირდება, შედარებითი სიძლიერე. გაცილებით ძნელია სძლიო საკუთარ თავს და საკუთარი თავიდან გამოძერწო სასურველი არსება, ადამიანი, რომელიც სულიერად და ხორციელად ფლობს სამყაროს მამოძრავებელ ღვთაებრივ პრინციპებს. ასეთი ძლევა კი საკუთარი თავისა, მძლეთამძლეობის ტოლფასია.

ის, რაც შეძლეს ჩინელმა თუ იაპონელმა მებრძოლებმა, თავისებურად განახორციელეს ქართველმა ოსტატებმაც. ჩვენთან წარმოიშვა და განვითარდა უნიკალური ხელოვანება - ფარიკაობა, ქართული ჭიდაობა, საბავშვო თამაშობანი, რომლებიც საბრძოლო ხელოვანების პრინციპებზეა აგებული და ბავშვში მებრძოლის თვისებებს ავითარებს. ადამიანი უკვე ბავშვობიდან უნდა სწავლობდეს სხვაობას საკუთარი თავის სიყვარულსა და ნარცისიზმს შორის, უკეთესია ბავშვს ვასწავლოთ, რომ ორთაბრძოლაში მთავარი გამარჯვება არაა, არამედ ღირსეული ბრძოლა, რომ არავინაა დაუმარცხებული, მაგრამ დაცემულის წამოდგომა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უძლეველობის გრძნობა.  


images picked from Internet

AttachmentSize
musashi.jpeg12.32 კბ
geschichte3.jpg146.35 კბ
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.

GIA (შეუმოწმებელი), მარტი 13, 2012, 14:45:02

მადლობა ქალბატონ მირანდა ლაზაშვილს და ბატონ გრიგოლ ტურაბელიძეს ასეთი კარგი სტატიისათვის. ყველაფერი რაც წერია სრული ჭეშმარიტებაა, განსაკუთრებით მომეწონა "საიდუმლოს შესახებ". (მართლა არავითარი საიდუმლო არ არსებობს). კიდევ უკეთესი და უკეთესი სტატიები გეწეროთ აღმოსავლურ ირთაბრძოლებზე. მე მქონდა ბედნიერება ჩემი თვალით მენახა და მევარჯიშა უშუ შაოლინის მონასტერში. უბრალოდ ერთი მოკრძალებული შენიშვნა მექნებოდა, თქვენ მოიხსენიებთ კუნგ ფუში შემავალ სტილებად მაიმუნს, ვინ ჩუნს. ესენი ყველა უშუ-ს სტილებია. (ცნობისათვის უშუ-ში 300 მეტი სტილი შედის და მათ შორისაა ვინ ჩუნიც). კუნგ ფუ კიდევ რაიმე სფეროში მიღწეულ უმაღლეს საფეხურს ნიშნავს, ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ "პროფესიონალს".აი მაგალითად მე თქვენი სტატია, რომ წავიკითხე დავინახე კარგი კუნგ ფუ, ეტყობა, რომ ბევრი გიმუშავებიათ სტატიაზე, მართლა პროფესიონალურადაა დაწყობილი და გაანალიზებული ყველაფერი.
კიდევ ერთხელ მადლობა. გია...

BAXVA (შეუმოწმებელი), თებერვალი 29, 2012, 14:24:26

CHEMIS AZRIT SCORED CHESHMARITEBIS MTELI SIDIADE SAKUTARI TAVIS ZLEVASHIA/// ZALIAN MINDA AM BRZOLIS SIDIADES VEZIARO... ZALIAN SAMCUXAROA ROM ARA GVKAVS SAQARTVELOSHI EGREDCODEBULI BERI ROMELIC GVACAVLIS AM BRZOLIS SAXEOBAS...

Sho (შეუმოწმებელი), თებერვალი 26, 2012, 00:58:43

Am zerilshi agmafrtovana Sabrzolo khelovanebis dauflebis gzit etikuri mzvervalisken, absolutur gaznobierebamde, gaskhivosnebisken tanmimdevruli, disziplinirebuli mozraobis khatovanma agzeram.
Didi madloba avtorebs. Lamazi zerilia, uzeb gamomafkhizla koveldgiurobis avtomatizmidan.

lili (შეუმოწმებელი), თებერვალი 21, 2012, 02:29:42

ალბათ თითოეული ჩვენგანი გაცნობია სამურაების და შაოლინის ბერების ცხოვრებას. ვან ჩუნისა და კუნ ფუს სკოლების მოწაფეობაზე ოცნებაც ოცნებად დარჩენილა..საბოლოოდ ჩვენი ინტერესი საბრძოლო ხელოვანებაზე მწირი ინფორმაციით და ძირითადად ფილმებით ამოიწურებოდა. მადლიერების გრძნობით მივმართავ ავტორებს, განსაკუთრებით გრიგოლს.. რომელიც ასე ლამაზად წერს იმაზე რაც იცის, რაც განუცდია.. ინტუიციით ვგრძნობ მისი სიტყვების უკან , განცდილი ჯადოსნური სამყაროს არსებობას, რომელსაც სხვებთან ერთად ალბათ მირანდაც აზიარა.ასე პოეტურად,მარტივად, გასაგები ლექსიკით წერა რჩეულთა ხვედრია ..წარმატებებს გისურვებთ! იმედს ვიტოვებ, სტატიის წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერი ასაკის ადამიანი იგრძნობს შვებას იმის გამო, რომ შეუძლია ეზიაროს სიბრძნეს, რომელიც დაეხმარება ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში. რადგან როგორც ავტორებმა გვითხრეს, სხვის ძლევას შედარებითი სიძლიერე სჭირდება, გაცილებით ძნელია სძლიო საკუთარ თავს და საკუთარი თავიდან გამოძერწო სასურველი არსება

lili (შეუმოწმებელი), თებერვალი 21, 2012, 02:14:53

ალბათ თითოეული ჩვენგანი გაცნობია სამურაების და შაოლინის ბერების ცხოვრებას. ვან ჩუნისა და კუნ ფუს სკოლების მოწაფეობაზე ოცნებაც ოცნებად დარჩენილა..საბოლოოდ ჩვენი ინტერესი საბრძოლო ხელოვანებაზე მწირი ინფორმაციით და ძირითადად ფილმებით ამოიწურებოდა. მადლიერების გრძნობით მივმართავ ავტორებს, განსაკუთრებით გრიგოლს.. რომელიც ასე ლამაზად წერს იმაზე რაც იცის, რაც განუცდია.. ინტუიციით ვგრძნობ მისი სიტყვების უკან , განცდილი ჯადოსნური სამყაროს არსებობას, რომელსაც სხვებთან ერთად ალბათ მირანდაც აზიარა.ასე პოეტურად,მარტივად, გასაგები ლექსიკით წერა რჩეულთა ხვედრია ..წარმატებებს გისურვებთ! იმედს ვიტოვებ, სტატიის წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერი ასაკის ადამიანი იგრძნობს შვებას იმის გამო, რომ შეუძლია ეზიაროს სიბრძნეს, რომელიც დაეხმარება ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში. რადგან როგორც ავტორებმა გვითხრეს, სხვის ძლევას შედარებითი სიძლიერე სჭირდება, გაცილებით ძნელია სძლიო საკუთარ თავს და საკუთარი თავიდან გამოძერწო სასურველი არსება

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.