საბედისწერო პრემია

ილუსტრაცია

მთელი ცხოვრება დარწმუნებული ვარ, რომ 23 ოქტომბერი გამორჩეული დღეა. მეჩვიდმეტე საუკუნეში ანგლიკანური ეკლესიის არქიეპისკოპოსმა ჯეიმს აშერმა თავის წიგნში „ძველი აღთქმის ანალები, გამოყვანილი სამყაროს პირველქმნისაგან", ბიბლიის ბუკვალური წაკითხვით დაადგინა, რომ სამყარო შეიქმნა კვირას, ძვ.წ. 4004 წლის 23 ოქტომბრის საღამოს. ესაა ე.წ. აშერის ქრონოლოგია, სამყაროს შექმნის ზუსტი დათარიღების ერთ-ერთი ვერსია. ვერსიების გარეშე კი ამ დღეს დაიბადნენ გენიალური ფეხბურთელი პელე და გენიალური ფილოსოფოსი ლეშჩეკ კოლაკოვსკი, ხოლო უნგრეთში ეს ნაციის მთავარი დღესასწაულია; ამ დღეს იხსენებენ 1956 წლის რევოლუციასაც.

1958 წლის 23 ოქტომბერიც მსოფლიო მნიშვნელობის დღე აღმოჩნდა. სწორედ ამ დღეს, 1958 წლის 23 ოქტომბრის დილას შვედეთის სამეფო აკადემიის ნობელის პრემიის ფონდის მდივანმა, ანდერს ესტერლინგმა სახელგანთქმულ რუს პოეტს, ბორის პასტერნაკს ტელეგრამა გაუგზავნა, რომლითაც მიულოცა მას ნობელის პრემიის ლაურეატობა და ოფიციალურად მიიწვია სტოკჰოლმში პრემიის მისაღებად 10 დეკემბერს. ბუნებრივია, მსოფლიომაც ამ დღეს შეიტყო ლიტერატურის დარგში ახალი ნობელიანტის სახელი. საპასუხოდ ფრანგულად მიწერილ ტელეგრამაში პასტერნაკმა  ექვსი სიტყვით გამოხატა თავისი დამოკიდებულება: Immensément reconnaissant, touché, fier, étonné, confondu - „უსაზღვროდ გემადლიერებით, ვღელავ, ვამაყობ, მიკვირს, მერიდება". როგორც ხედავთ, ეს არ არის უბრალო ტელეგრამა, რომელსაც უბრალო ადამიანები აგზავნიან ხოლმე; ეს არის იმ დიდი პოეტის მიერ დაწერილი ტელეგრამა, რომელსაც ნებისმიერი მწერლისთვის საოცნებო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში საბედისწერო განსაცდელად დაატყდა თავს. აშკარად არასატელეგრამო სიტყვაა „მიკვირს" (არა მგონია, რომ პასტერნაკს „გაუკვირდა" ნობელის პრემიის მინიჭება ამ ჯილდოსთან თავისი არათანაზომადობის გამო, ბოლოს და ბოლოს, ის არც პირველად იყო წარდგენილი ამ სასახელო ჯილდოზე და არც მეორედ; არა, როგორც ჩანს, იგი გააკვირვა შვედეთის აკადემიისა და ნობელის პრემიის ფონდის სიმამაცემ; ფონდში იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირში სულ სხვა რუსი  მწერლის, მიხეილ შოლოხოვის დაჯილდოებას ელოდნენ). და მაინც, პასტერნაკის ამ პოეტურ ტელეგრამაში მთავარი სიტყვაა confondu, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც „მერიდება", „მრცხვენია" ან „დაბნეული ვარ". მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გალაკტიონივით შესანიშნავად და ზუსტად იცოდა საკუთარი თავისა და შემოქმედების ფასი, ჩვენი გალასგან განსხვავებით, მოკრძალებულობა მისი გენიის ბუნებრივი ნაწილი იყო.

ამ მართლაც და ამაღელვებელი ტელეგრამის შემდეგ ერთი კვირაც არ გასულა და ექვსი დღის შემდეგ, იმავე წლის 29 ოქტომბერს ბორის პასტერნაკმა ნობელის პრემიის ფონდს, კვლავ ანდერს ესტერლინგს გაუგზავნა სხვა ტელეგრამა, რომელიც დაწერილია სხვა ენით და რომელშიც მან ჩაატია მთელი საბჭოთა ჯოჯოხეთი: „იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც ამ ჯილდოს მიანიჭეს საზოგადოებაში, რომელსაც მე მივეკუთვნები, უარი უნდა ვთქვა მასზე. გთხოვთ წყენად ნუ მიიღებთ ჩემს ნებაყოფლობით უარს".

უკვე მეორე დღეს, 30 ოქტომბერს, სახელმოხვეჭილმა ამერიკელმა კარიკატურისტმა, პულიტცერის პრემიის ლაურეატმა ბილ მოულდინმა შექმნა თავისი განთქმული პოლიტიკური კარიკატურა, რომელმაც მას მსოფლიო ჟურნალისტებისთვის სანუკვარი ეს პრემია მოუტანა. კარიკატურაზე გამოხატულია ორი კატორღელი ციმბირში, მოშორებით ჩანს საბჭოთა ჩაფარი ავტომატით ხელში. ყველაფრიდან გამომდინარეობს, რომ ძალიან ცივა. კატორღელები მოჭრილ ხეს ამუშავებენ და ერთი ეკითხება მეორეს: „მე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მივიღე და შენ რისთვის ზიხარ?"

1958 წელს საბჭოთა კავშირში მიმდინარეობს „ყინულის დნობის" პერიოდი, ე.წ. „ოტტეპელი" (ტერმინი ეკუთვნის ორგზის სტალინის „უბრალო" პრემიისა და ერთგზის სტალინის საერთაშორისო პრემიის ლაურეატს, ორგზის ლენინის ორდენოსან მწერალსა და მთარგმნელს ილია ერენბურგს, რომელმაც ამ სათაურით 1954 წელს მოთხრობა გამოაქვეყნა); ესაა ლიბერალიზაციის პირველი ტალღა, რომელსაც სიმპათიით შეცქერის მთელი მსოფლიო; დასავლეთ ევროპის კომუნისტურ პარტიებს საერთოდ თავი სამოთხეში ჰგონიათ: ხრუშჩოვმა სტალინის კულტი ამხილა, ბერია განეიტრალებულია, ჟურნალ „ნოვი მირში" რაღაც-რაღაცეები იბეჭდება, კომუნიზმი საბჭოთა კავშირშიც კი თითქოსდა ადამიანურ სახეს იღებს. მოკლედ, ფრანგ და იტალიელ მემარცხენეებს კომუნისტობისთვის საკუთარ ქვეყანაში უკვე თითქმის აღარავინ აგინებს, საბჭოთა კოლეგებთან შედარებით ხომ ისინი ფრთიანი ანგელოზები არიან! სწორედ იტალიელი კომუნისტების წრეში დაიბადა ეს იდეა: მას შემდეგ, რაც ჟურნალმა „ნოვი მირმა" უარი უთხრა პასტერნაკს „ექიმი ჟივაგოს" გამოცემაზე, თავად გამოეცათ საბჭოთა კავშირში ჯერარგამოცემული რომანი და ამით ხელი შეეწყოთ საბჭოთა ლიბერალებისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, მათაც გამოეცათ საბჭოთა კავშირის ახალი, ლიბერალური იმიჯისთვის სასარგებლო ეს წიგნი.

პირველად რომანის ხელნაწერი საბჭოთა კავშირიდან საიდუმლოდ გაიტანა პასტერნაკის მეგობარმა, მომავალში ბრიტანეთის აკადემიის პრეზიდენტმა, მეოცე საუკუნის მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ერუდიტმა და ინტელექტუალმა, სოციალური და პოლიტიკური თეორიის სუპერექსპერტმა, ისაია ბერლინმა. 1957 წლის 23 ნოემბერს რომანი მულტიმილიონერმა იტალიელმა გამომცემელმა ჯანჯაკომო ფელტრინელიმ გამოსცა საკუთარ გამომცემლობაში, მილანში, ჯერ იტალიურად, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ჰოლანდიაში რუსულად გამოცემულ წიგნს საკუთარი გრიფი მისცა. მანამდე იტალიელი მილიონერი თავისი შუამავლების მეშვეობით პასტერნაკს დაუკავშირდა. როდესაც ფელტრინელის აგენტს, იტალიის კომპარტიის წევრს, სერჯიო დ'ანჯელოს ვარშავაში ხელნაწერს გადასცემდა, პასტერნაკს უთქვამს, თქვენ მე საკუთარ სასჯელზე მეპატიჟებითო (ნაბოკოვ-პასტერნაკის დაპირისპირების კიდევ ერთი მაგალითი, Приглашение на казнь „სასჯელზე მიპატიჟება" ხომ ვლადიმირ ნაბოკოვის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, დაწერილი ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში; პასტერნაკისთვის ცნობილი იყო, რომ ნაბოკოვს საშინლად არ მოეწონებოდა „ექიმი ჟივაგო" და ის თავის ვარაუდში მართალიც აღმოჩნდა). დიახ, ბორის პასტერნაკმა იცოდა, წიგნის გამოცემას რაც მოჰყვებოდა, მაგრამ მას, როგორც ავტორს, არ შეეძლო თავისი შვილივით ნაზარდი წიგნი, რომელზე მუშაობა მან ჯერ კიდევ ათიან წლებში დაიწყო, გამოუცემელი, ანუ დაუბინავებელი დაეტოვებინა. გამომცემლის წერილზე საპასუხოდ პასტერნაკმა რომანის დასტამბვის ნებართვა გასცა, თუმცა გააფრთხილა, რომ „თუკი მრავალი ჟურნალის დაპირების მიუხედავად, რომანის გამოცემა აქ შეფერხდა და თქვენ დაასწარით, ჩემი მდგომარეობა ტრაგიკულად მძიმე იქნება; მაგრამ აზრები იბადებიან არა იმიტომ, რომ ისინი დამალონ და საკუთარ თავში ჩაახშონ, არამედ იმიტომ, რომ გამოთქვან".

ალბათ, არც არაფერი მოხდებოდა, წიგნის გამოცემას რომ ჩვეულებრივ ჩაევლო: დიდი ამბავი! გამოიცა წიგნი სადღაც მილანში, იტალიაში; ზოგმა იყიდა, ზოგმა - არა, ზოგს მოეწონა, ზოგს - არა, ზოგმა თქვა კარგიაო და ზოგმაც, ჰემინგუეის და პრისტლის ვერ გაუტოლდებაო და ზოგმაც, შოლოხოვი სჯობსო (ერთი ასეთი პუბლიკაცია მართლა იყო იტალიაში, სადაც „წყნარი დონი" „ექიმ ჟივაგოზე" განუზომლად მაღლა იყო დაყენებული) და ა.შ.; მაგრამ მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა. მსოფლიომ ერთბაშად აღფრთოვანებით აიტაცა პასტერნაკის რომანი. პასტერნაკის დიდი წიგნი საუკუნის ბესტსელერი გახდა. ამ წიგნმა თვითონ შექმნა თავისი საუკუნე. კრემლის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათთვის საძულველი რომანი დაუყოვნებლივ იქცა არა მხოლოდ არაკომუნისტური სამყაროს მთავარ საერთაშორისო სენსაციად, არამედ კომუნისტურ ქვეყნებშიც შეაღწია (ჯერ პოლონეთში გამოიცა ნაწყვეტები წიგნიდან, შემდეგ - უნგრული და პოლონური სრული თარგმანები, მართალია, არა საკუთრივ უნგრეთსა და პოლონეთში).

პოლიტიკურ დათბობას საბჭოთა კავშირში ტრადიციული აცივება მოჰყვა (ამ ცუდ ტრადიციას უკვე არასაბჭოთა რუსეთიც გაიმეორებს). კომუნისტური პარტიის ისტორიულ XX ყრილობაზე ხრუშჩოვის თამამ და ეიფორიულ გამოსვლას სტალინის კულტის წინააღმდეგ მოჰყვა ის, რაც მოჰყვება ხოლმე ეიფორიას - ნაბახუსევზე უსიამოვნო გამოფხიზლება. საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა სპეციალური მასალები, თუ როგორ უნდა გაეგო მოსახლეობას XX ყრილობის გადაწყვეტილებები და როგორ არ უნდა აჰყოლოდა იგივე მოსახლეობა „ცალკეულ დამპალ ელემენტებს", რომელთაც „პიროვნების კულტის გაკიცხვის საბაბით პარტიის პოლიტიკის სისწორეში შეაქვთ ეჭვი". ამას მოჰყვა სსრკ კომპარტიის ცეკას სამდივნოს დადგენილება ჟურნალ „ნოვი მირის" შესახებ, რომელშიც გაკიცხული იყო ალექსანდრ ტვარდოვსკის პოემა „ტიორკინი საიქიოში" და „ჟურნალის არასწორი ხაზი ლიტერატურის საკითხებში".

სწორედ ამის შემდეგ, სექტემბერში, „ნოვი მირმა" უარი თქვა რომანის პუბლიკაციაზე. წერილ-რეცენზიაში, რომელსაც ხელს აწერდნენ ცნობილი მწერლები ბორის ლავრენიოვი, კონსტანტინ სიმონოვი, კონსტანტინ ფედინი და რედკოლეგიის სხვა წევრები, ნათქვამი იყო, რომ ნაწარმოების გამოცემაზე „საუბარიც არ შეიძლება იყოს". მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა არა ესთეტიკური უთანხმოება ავტორთან, არამედ „სოციალისტური რევოლუციის მიუღებლობის სული", მისი რწმენა, რომ „ოქტომბრის რევოლუციამ, სამოქალაქო ომმა და მათთან დაკავშირებულმა სოციალურმა ცვლილებებმა ხალხს მხოლოდ ტანჯვა მოუტანა, ხოლო რუსული ინტელიგენცია მოსპო როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად".

ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ და მისმა ერთგულმა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (ეს იყო კაგებეს ოფიციალური დასახელება 1954 წლიდან - ამ მათთვის საჩოთირო „მინისტრთა საბჭოსთან არსებულ" დანამატს მონსტრი მხოლოდ 1978 წელს ჩამოიშორებს) თავისი საიდუმლო ფინანსური და ჯაშუშური საცეცები ერთბაშად აამუშავა და არც მთლად საიდუმლო იდეოლოგიური ბერკეტები სრულად აამოქმედა, იტალიელ მარქსისტ-ლენინისტ კოლეგებზე სათანადო ზეწოლა განახორციელა და კომუნიზმისკენ მიმავალ ერთადერთ და უტყუარ გზას აცდენილი ამხანაგი ჯანჯაკომო ფელტრინელი საკუთარ კოლეგებს დაასჯევინა: მულტიმილიონერი ფრონდიორი გამომცემელი სამარცხვინოდ იქნა გარიცხული იტალიის კომუნისტური პარტიის რიგებიდან (ალბათ, იტალიელი კომუნისტები იმ დღეს ბედნიერად არ თვლიდნენ თავს, მათთვის ცუდი არ იყო საკუთარ რიგებში მულტიმილიონერის ყოლა, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან რომ მეტი მილიონები მოსდიოდათ, ეს ცხადია).

რაც მართალია, მართალია, ამით მულტიმილიონერი ფელტრინელის მემარცხენეობა არ დასრულებულა: იგი შემდგომშიც მეგობრობდა ფიდელ კასტროსთან, დასტამბა მისი ნაშრომები, გამოსცა ჩე გევარასა და ხო ში მინის მარქსისტულ-ლენინისტური ნაწერები, ბოლოს „წითელი ბრიგადების" წინამორბედი ტერორისტული მემარცხენე დაჯგუფებაც კი ჩამოაყალიბა; სწორედ ამ იატაკქვეშა მოღვაწეობამ შეიწირა: 1972 წელს მაღალი ძაბვის დენის მავთულით მოკლული ნახეს მილანის მახლობლად (ჭორების ერთი ვერსიით, ის იტალიის სამართალდამცავებმა მოკლეს საიდუმლო სპეცოპერაციის დროს, ხოლო მეორე ვერსიით, მას თავად თავისიანები გაუსწორდნენ ასე დაუნდობლად).

იტალიაში გამოიცა „ექიმი ჟივაგო" და დაიწყო ამ წიგნის საერთაშორისო აღმასვლა. შემდეგ წელს წიგნი ითარგმნა ინგლისურად (მთარგმნელები იყვნენ მანია ჰარარი და მაქს ჰეივორდი - სახელგანთქმული ბრიტანელი დიპლომატი და მეცნიერი, რუსული ლიტერატურის უდიდესი პოპულიზატორი მთელს მსოფლიოში); მას მოჰყვა თარგმანები ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პორტუგალიურ, ჰოლანდიურ, შვედურ, დანიურ, ნორვეგიულ, ფინურ ენებზე (სულ 1958 წლის განმავლობაში წიგნი ითარგმნა თვრამეტ სხვადასხვა ენაზე). ჭეშმარიტად იშვიათად მოიძებნება მეოცე საუკუნეში წიგნი, რომელმაც ასე მოკლე დროში ასეთი არნახული პოპულარობა მოიპოვა.

ამ მოვლენებმა განსაზღვრეს შვედეთის აკადემიისა და ნობელის პრემიის კომიტეტის ხელახალი დაინტერესება პასტერნაკით (იგი მანამდეც რამდენჯერმე იყო წარდგენილი პრემიის მოსაპოვებლად, 1946 წლიდან 1950 წლამდე მისი, როგორც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტის, კანდიდატურა ყოველწლიურად განიხილებოდა ნობელის კომიტეტში. როგორც ჩანს, 1954 წელს ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო მისი დაჯილდოება, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაჟინებით და ჯიუტად ითხოვდა ამ ჯილდოს მართლაც რომ საბჭოთა მწერლისთვის, მიხაილ შოლოხოვისთვის და ბოლოს პრემია პრინციპით „არც შენი, არც ჩემი" ერნესტ ჰემინგუეის ერგო - ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მიმოწერა ჰქონდათ ბორის პასტერნაკს და მის ბიძაშვილს, სახელგანთქმულ ლიტერატორს, ოლგა ფრეიდენბერგს). ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ნობელის პრემიის კომიტეტში ბორის პასტერნაკის მთავარი წარმდგენი და რეკომენდატორი იყო ნობელის პრემიის წინა, 1957 წლის ლაურეატი, ალბერ კამიუ. მის უამრავ ცნობილ გამონათქვამს შორის ერთი საბჭოთა პრესას შეეხო: „თავისუფალი პრესა არსებობს კარგიც და ცუდიც, ეს მართალია. მაგრამ კიდევ უფრო მართალია ის, რომ არათავისუფალი პრესა მხოლოდ ცუდი არსებობს", - ასე გამოიცნო აბსურდის ყველაზე დიდმა თეორეტიკოსმა, „სიკვდილის უახლოესმა მეგობარმა", გენიალურმა ეგზისტენციალისტმა მწერალმა ის ბაკქანალია, რომელიც მალე ატყდა პასტერნაკისა და მისი რომანის  ირგვლივ საბჭოთა, ეგრეთ წოდებულ, პრესაში. სხვათა შორის, ჯერ კიდევ მანამდე, 1958 წლის 9 ივნისს, კამიუ წერდა პასტერნაკს, რომ მასში იპოვა ის რუსეთი, რომელიც ევროპას სულიერ საკვებს და ძალას ანიჭებს. ფრანგმა მწერალმა  რუს პოეტს გამოუგზავნა თავისი „შვედური გამოსვლების" გამოცემა, რომელშიც მას უკვე ჰყავდა ნახსენები „დიდი პასტერნაკი", როგორც მწერალი, რომელიც ნობელიანტობას მასზე მეტად იმსახურებდა.

იმავე დღეს, 1958 წლის 23 ოქტომბერს, როდესაც ნობელის პრემიის კომიტეტმა პასტერნაკს პრემიის მინიჭება მიულოცა და წიგნის მოყვარული მთელი  მსოფლიო აღაფრთოვანა,  სკკპ ცეკას პრეზიდიუმმა თავისი მთავარი იდეოლოგის, რუხი კარდინალის, ასკეტური ცხოვრების მიმდევრისა და იდეური მოწინააღმდეგეების მიმართაც კი ხაზგასმულად თავაზიანი პიროვნების, მიხაილ სუსლოვის წინადადებით, მიიღო დადგენილება „ბ. პასტერნაკის ცილისმწამებლური რომანის შესახებ", რომელშიც პასტერნაკისთვის პრემიის მინიჭება განიხილებოდა, როგორც „ჩვენი ქვეყნისადმი მტრული აქცია და საერთაშორისო რეაქციის იარაღი, რომელიც მიმართულია ცივი ომის გასაჩაღებლად". გაზეთ „პრავდაში" გამოქვეყნდა სარედაქციო სტატია „საერთაშორისო რეაქციის პროვოკაციული გამოხტომა".

კამპანიის ერთ-ერთი პუნქტი იყო სუსლოვის წინადადება „... მწერალ კ. ფედინის მეშვეობით პასტერნაკს აეხსნას ვითარება, რომელიც მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებით ჩამოყალიბდა და ერჩიოს პასტერნაკს, უარი თქვას პრემიაზე და გამოვიდეს პრესაში შესაბამისი განცხადებით".

24 ოქტომბერს პასტერნაკის მეუღლის დაბადების დღე იყო და იუბილარი საზეიმო სუფრისთვის ემზადებოდა. მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მანამდე არც ისე ცუდი კაცი და საშუალო ნიჭის მწერალი კონსტანტინე ფედინი, პასტერნაკის მეგობარი და აგარაკის მეზობელი იყო. იგი მართლაც გამოცხადდა პერედელკინოში, არც მიესალმა პასტერნაკის მეუღლეს, პირდაპირ მეორე სართულზე ავიდა  და ძალიან ხმამაღლა აუხსნა პოეტს, რომ პრემიაზე უარი უნდა ეთქვა. შემდეგ ხმადაბლა მოახსენა, ჩემთან აგარაკზე მობრძანებულია პარტიული ბოსი, ამხანაგი პოლიკარპოვიო. პრემიაზე უარს თუ არ იტყვი, კატასტროფა გარდაუვალიაო. როგორც პასტერნაკის შვილი იხსენებს, პოეტი განსაკუთრებით გაუკვირვებია იმ ფაქტს, რომ ძველი მეგობარი თანამდებობის პირის ენით, ოფიციალური ტონით ელაპარაკებოდა.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.