|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
რძე ყველასთვის
იანვარი 18, 2012 ავტორი გიორგი ხასაიაროგორც ჩანს, გუდიაშვილის მოედანი თანამედროვე ქართული სახელოვნებო აქტივიზმისთვის, როგორც ახალი პოლიტიკური მგრძნობელობისთვის, არა მხოლოდ კარგ ნიადაგს ქმნის, არამედ ცალკეული აქტივისტების ინსპირირებაც შეუძლია. ნატალია ნებიერიძის აქცია (რძის დარიგება) კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო აქტივობამ სადინარი იპოვოს პერფორმანსში, ძალდაუტანებლად, მომხიბვლელად, ეპატაჟურადაც... ზოგიერთი მკვლევარის აზრით (მაგ. გროისი), ჩვენ შევედით ხელოვნების მასობრივი წარმოების ეპოქაში, მაშინ, როდესაც წინა საუკუნე ხელოვნების მასობრივი მოხმარების ეპოქა იყო. ამას თავისი მიზეზები აქვს, სულ -ორი. ამათგან მეორე შემდეგი გახლავთ - ხელოვნების აღქმის ძველი პარადიგმების შეჯანჯღარება, შეცვლა იმ კანონების, რომლითაც ჩვენ ვსაზღვრავდით რა არის ხელოვნება და რა არა. დღეს ხელოვნების ნიმუში არ იდენტიფიცირდება, როგორც მხოლოდ ხელით ნაკეთი ობიექტი, რომელიც არტისტმა დაამზადა. არტისტი ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სურვილისამებრ გათავისუფლებულია შრომისგან და მისი პროდუქტი არ წარმოადგენს ფიზიკური შრომის შედეგს. ეს მოვლენა დაკავშირებულია „რედი-მეიდის“ ცნებასთან - მზა საგნებით ოპერირებასთან, მათ გადატანასთან საგალერეო თუ სამუზეუმო (თუ სხვა) სივრცეში, გარკვეული კონცეპტის ფარგლებში. ამ დიუშანიანურ (რედი-მეიდის) სტრატეგიას, ბორის გროისი უწოდებს რევოლუციას ხელოვნებაში, ანალოგიურს კომუნისტური რევოლუციისა პოლიტიკაში, რადგან „ორივე რევოლუცია მიმართულია კერძო საკუთრების კონფისკაციისა და კოლექტივიზაციისკენ, იქნება ეს ”რეალური” თუ სიმბოლური.“ „არამატერიალური შემოქმედების“, არამატერიალური არტ-პრაქტიკის გავრცელება, თანამედროვე ხელოვნების ერთერთი მთავარი მახასიათებელია. რა ემართება არტისტის სხეულს ამ პირობებში? ის თავად ხდება რედი-მეიდი, არტისტი საკუთარ სხეულს პოულობს რედი-მეიდად, “თანდათან თავად ხდება თანამედროვე ხელოვნების ცენტრიც”… ის შეიძლება მთელი დღე იჯდეს გაშეშებული რომელიმე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (როგორც მარინა აბრამოვიჩი) და ეწეოდეს ოფისებში შესახლებული სხეულების ილუსტრაციას, რომელთა მიზანიც დაახლოებით ესაა – ისხდნენ ერთ ადგილას სამუშაო საათების განმავლობაში, ან ქუჩაში საკუთარი სხეულიდან რძე გამოიდინოს და ბევრს გაუნაწილოს ის, რაც მხოლოდ ერთს ეკუთვნის, მის შვილს – ამ შემთხვევაში ძუძუს რძე, როგორც ეს ნატალია ნებიერიძემ გააკეთა. ორივე შემთხვევაში სახეზეა საკუთარი სხეულის, როგორც რედი-მეიდის გამოყენების პრაქტიკა… (აბრამოვიჩის სახელი საკითხის უკეთ საილუსტრაციოდაა მოხმობილი და არა ნატალიასა და მარინას არტისტული დიაპაზონების შედარებითი დახასიათებისთვის). თანამედროვე ხელოვნებაში საკუთარი სხეულის გამოყენების პრაქტიკის გაუთვალისწინებლად, ჩვენ ვერ გვექნება საჭირო ოპტიკა, რომ ნატალია ნებიერიძის ეს ჟესტი აღვიქვათ. ოპტიკის არარსებობის შემთხვევაში ჩვენ ვნახავთ მხოლოდ გაშიშვლებულ ძუძუს, რაც 1. ქალისადმი ვითომ მოწიწების, სინამდვილეში კი მისი სექსუალობის რეპრესირების ტრადიციულ მარაზმში აღმოგვაჩენს 2. ნატალიას გენიოსობაზე ან პირიქით, ჭკუანაკლულობაზე დაგვაწყებინებს საუბარს 3. გვაფიქრებინებს - ეს ხელოვნება ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეს ყველა ძუძუში რძეჩამდგარ ქალს შეუძლია 4. მხოლოდ ნატალიას გამბედაობაზე აღგვაფრთოვანებს და ა.შ. ვიდეოს ხილვამ, რომელშიც ნატალია ნებიერიძე საკუთარი სხეულიდან რძეს იწველის და ჭიქებში ასხამს, დაბნეულობა, აგრესია, ზიზღიც კი გამოიწვია. გამოიწვია აღფრთოვანებაც, რომელიც უფრო მეტად ახალგაზრდა გოგოს გამბედაობით იყო გამოწვეული, ვიდრე გზავნილის ამოხსნით, მისი დეკოდირებით. უარყოფითი ემოციების დიდი ნაწილი იმითაა განპირობებული, რომ რადიკალური არტ-პრაქტიკები თითქმის უჩვეულოა ჩვენი სახელოვნებო გარემოსთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, ისინი, ვისაც ვენური აქციონიზმის შესახებ სმენია და ოტტო მიულის ან ჰერმან ნიცშის აბსოლუტურად გიჟური ვიდეოები უნახავს, ამაყად იღიმიან და "ასეთები ხომ უკვე იყოს" გამეორებით არ იღლებიან. მათთვის, ვისთვისაც ეს პერფორმანსი ისედაც უაზრობაა, ვერაფერს შეცვლის დიუშანის ალბათ მთავარი მიგნება, რომ ხელოვნება არაა ის, რაც იწარმოება, ხელოვნება ისაა, რაც ინიშნება ხელოვნებად. მაინც რას ამბობს ჩვილისთვის განკუთვნილი რძის ბევრისთვის გადანაწილების სურვილი? იქნებ არტისტმა საკუთარი რძე ინვესტორის ფულის მეტაფორად აიღო და "ყველას" გადაუნაწილა, იმდენად, რამდენადაც გუდიაშვილის მოედანი ეკუთვნის ყველას, როგორც საერთო სივრცე, ახლა უკვე ახალი კონცეპტების, აქციონისტური მოქმედებების სივრცე? * ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი