|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
როცა თვრამეტი წლის ვიყავი...თუ 18 წლის ხარ, იმათ გულჩვილობაზე გეცინება, ვინც ფაქიზი ასაკის გამო გითანაგრძნობს, წლების მერე თანაგრძნობის მიზეზი იცი, მაგრამ იმ წლების სიმძაფრე გენატრება. აქ, ჩვენს ნაწერებში ისეთი დრო - ადამიანის დრო - შევქმენით, სადაც მოლოდინი, დაუცველობა და მეხსიერება ერთმანეთს ხვდება. აი ასაკი, როცა ცხოვრება თავს პირველად გაცნობს და საზოგადოებას, გავლენებს, პასუხისმგებლობებს, სქესს თვალს უსწორებ. თუ გინდა, ადამიანი გახდე, შეეჯახე ამათ და შეჯახებაში საკუთარ თავს თანაუგრძნე, თუ შეგრძნებების სიმძაფრის დაკარგვა არ გინდა, ისევ, ისევ და ისევ, ეს ყველაფერი მეხსიერებაში გაიმეორე.
როცა თვრამეტი წლის ვიყავი... ზურაბ ქარუმიძე მე რომ თვრამეტი წლისა ვიყავი, მაშინ "ზასტოის" ეპოქა იდგა - 1970-იანი წლების შუაგულში. ცხოვრება იყო მდორე და უდარდელი - სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ცხადია, თორემ - ეგზისტენციალურ ამბავში ყველას თავისი პატარ-პატარა "საზრუნავი" გააჩნდა.
პურ-მარილი, ხელოვნება და ფეხბურთი - ეს გახლდათ ის სამი ვეშაპი, რომელზეც ჩემი და ჩემი მეგობრების მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების ტერიტორია იდგა; ხოლო ეს ტერიტორია, თავის მხრივ, იმ სამყაროს ნაწილი იყო, რომელსაც "კომუნისტების და უპარტიოთა ბლოკის" აქტივისტები ქმნიდნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და სხვა რამ ჯგუფურ-კოლექტიური ძალისხმევით. დანტე ალიგიერისა არ იყოს, იმ სამყაროსაც სიყვარული ამოძრავებდა, რომლის სრულყოფილ იკონოგრაფიულ განსხეულებას წარმოადგენდა უზენაესი ხვევნა-პროშნის სურათი: ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი პირდაპირ ტუჩებში ჰკოცნის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს, ერიხ ჰონეკერს... მუსიკას ვუსმენდით, ბევრს ვუსმენდით. მუსიკის მოსმენა უფრო სალაღობო რამეა, ვინემ ინტელექტუალური ძალისხმევა - აქ მთავარია გემოვნება გქონდეს. ჰოდა, მე და ჩემს მეგობარ-ნაცნობებს იმ ხანად რა გემოვნებაც გვქონდა, იმითი იოლას გავდიოდით. არა და საკმაოდ რთულ მუსიკას ვუსმენდით: მონკს, კოლტრეინს, დოლფის, ჯაზ-ავანგარდს (არ ვპოზიორობ, მართლა ეგერ იყო), მერე ჯონ მაკლაფლინიც შემოვიდა და Weather Report-იც - ფრიად გაგვაოცეს. საიდან შემოდიოდა? შავი ბაზრიდან: საბჭოურ რკინის ფარდას მაშინ ხვრელები გაუჩნდა - პერფორირებული გახდა და იმ პერფორირებული ალაგებიდან მოძვრებოდნენ ფირფიტები და სხვა რამ დასავლურ-კაპიტალისტური მასკულტურული წარმონაქმნები. ერთ-ერთი ასეთი არალეგალურ-მუსიკალური საინფორმაციო არხი გახლდათ რადიო "ამერიკის ხმა" და იმათი ყოველდღიური (თანაც ორჯერადი) გადაცემა Time for Jazz, რომელიც უილის კანოვერს მიყავდა თავისი ხავერდოვანი ხმით. (ამ ამბავში ერთი კაი კაციც უნდა ვახსენო - ევგენი მაჭავარიანი, რომელსაც სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემა ჰქონდა: "ეს ესტრადაა!" და ალაგ-ალაგ ჯაზურ ვიდეომასალასაც გვაპარებდა.) ავსტრო-გერმანულ კლასიკასაც ვუსმენდით და იტალიურ ოპერასაც (ამ უკანასკნელს მამაჩემი მასმენინებდა და თანდათან შემაყვარა კიდევაც). არა, როკსაც ვუსმენდით - Jimmy Hendrix, Cream, Led Zeppelin, Pink Floyd და ა.შ. მაგრამ აქაც უფრო "პროგრესულ" ხალხსა ვყვარობდით: ფრენკ ზაპას, Jethro Tull-ს და მისთანებს. იმხანად მეც ვაწვალებდი ელექტროგიტარას და სტუდენტურ "კაფეებზე" სწორედაც რომ მარტივი ბლუზის და როკის დაკვრით "ვმარიაჟობდი"... თუმცა, მაშინდელი თბილისელი გოგოები, რუსებთან შედარებით, მიუკარება პერსონაჟები იყვნენ; "ქალიშვილობის ინსტიტუტს" რკინის ფარდაზე არანაკლებ რკინის კანონები ამოძრავებდა, მაგრამ - აქაც შეინიშნებოდა პერფორაციის შთამბეჭდავი ელემენტები... ჩვენი თეატრი და კინო მაშინ რა ფორმაშიც იყო, ყველამ იცის: "კავკასიური ცარცის წრე", "შერეკილები", "ქალაქი ანარა" და ა.შ. აი ეგეთსავე ფორმაში იყო თბილისის "დინამოც" - ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად რომ ყალიბდებოდა; სახელები - "ყიფო", "ვოვა", "ფარსადანოვიჩი" ყველას პირზე გვეკერა... შექსპირი ისე მიყვარდა, რომ ხელობად ლიტერატურა ავირჩიე - თსუ დ/ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ინგლისურს კაი ხალხი მასწავლიდა, ამათგან კიდევ არისტოკრატ ქალბატონ მერი ციციშვილს გამოვარჩევდი, რომელმაც ინგლისური ენის სილამაზესთან ერთად, ბრიტანული ყოფა-ცხოვრების განუმეორებელი ხიბლი გამიხსნა. იყო მიხეილ კვესელავა, ნახევრად-აკადემიური ნახევრად-ექსცენტრიკული სტილით, კაცი, რომელსაც ყველა დიდ პატივსა სცემდა. იყო ნიკო ყიასაშვილი, თავისი განუმეორებელი ოსკარ უაილდით და ჯეიმზ ჯოისით, შექსპირზე რომ აღარაფერი ვთქვა; ბ-ნი ნიკო წლების განმავლობაში მმენტორობდა. და მაინც, უმთავრესი სალიტერატურო განათლება ერთი პრივატ-დოცენტის ხელში მივიღე, მისი სახელი გახლდათ თომას მანი. "ტონიო კრიოგერი", "სიკვდილი ვენეციაში", "დოქტორ ფაუსტუსი", "ჯადოსნური მთა", ესეები ვაგნერზე, ნიცშეზე, დოსტოევსკიზე - ამათ კითხვაში იძერწებოდა ჩემი გრძნობაც და გონებაც; ასე ჩამოვყალიბდი სრულფასოვან დეკადენტად და პესიმისტად. "კლასგარეშე საკითხავიც" გვქონდა - ჟურნალები "ინოსტრანნაია ლიტერატურა", "ხომლი" და "საუნჯე". სწორედ იმ "ინასტრანკიდან" გვიტარდებოდა დასავლური ლიტერატურის სპეცკურსები: ფოლკნერის "ხმაური და მძვინვარება", ჰესეს "ტრამალის მგელი", დოქტოროუს "რეგტაიმი", თომას ვულფი, და ა.შ. კაფკას "მეტამორფოზა" პარტ-ისტორიის ლექციაზე გადავსანსლე, თუმცა ბოლომდე ვერ მოვასწარი, ლექტორმა გამომიჭირა და გამაგდო - დანარჩენი დერეფანში ჩავახრამუნე, საუნივერსიტეტო ბუფეტის პურმრავალი ქაბაბივით, რომელიც ძალიან მიყვარდა... ელექტროგიტარის მსგავსად, იმ ხანად კალმის წვალებაც დავიწყე. ჩემი უგვანი ინგლისურით ერთი მცირე პიესაც დავწერე ("Alma Mater"), რომელიც თანაკურსელებთან ერთად უნდა დაგვედგა: ეს იყო ალეგორიული ლაზღანდარობა ჩვენს საუნივერსიტეტო სწავლა-განათლების თაობაზე, აბა ინტელექტუალური ლაზღანდარობის გარეშე უნივერსიტეტი ვის გაუგია?! მაგრამ დეკანატმა პიესის დადგმა კატეგორიულად აგვიკრძალა, დედაჩემიც კი დაიბარეს - მიხედეთო! მერე კიდევ, რამდენიმე მეგობარ-თანამოაზრესთან ერთად, "სამიზდატის" ამბავში, ერთი ჟურნალიც შევკარით, რომელსაც "კენტავრი" ერქვა. ამ "კენტავრის" გამო, მოგვიანებით, სუკ-ში ამოვყავი თავი - ვიღაცამ, დღესაც არ ვიცი ვინ და რატომ, დამასტუკა: "ეგ ბიჭი ზვიად გამსახურდიას ჟურნალებს ავრცელებსო..." ჩემივე ხელით მივიტანე "კენტავრი" სუკ-ში და გამომძიებელს წასაკითხად გადავეცი. ცოტა ხანში შემომითვალა: "ჩვენა, შვილო, პოლიტიკურ დისიდენტებს დავდევთ, შენნაირ გიჟებთან კი საქმე არა გვაქვსო!" ეგე იყო და ეგ... არა, დისიდენტი მართლა არა ვყოფილვარ - დეკადენტი ვიყავი, როგორც ზემოთ ვთქვი. თუმცა, ჩვენში მთლად უდისიდენტობაც არა ყოფილა - სამზარეულოებში და სუფრასთან ვდისიდენტობდით. უფროსი თაობის ხალხი დაგვიჯდებოდა ხოლმე (აჩიკო ჩხეიძე, ჯუმბერ ჭუმბურიძე) და ნაციონალისტური დისკურსიც გაიჟღერებდა, პოლიტიკური ანეკდოტებით გაჯერებული. "კაგდა ვაში პრედკი ვ ლესუ ბრადილი, მაი ევანგელიე პერევადილი!" - კაკი წერეთელმა როგორც უთხრა რუსეთის სათათბიროს ერთ დეპუტატს და საბჭოურ-ქართული ნაციონალიზმის მთავარი ნარატივიც ეგ იყო. მერე, თანდათან, ღვინო თუ კონიაკი რომ მოგვეკიდებოდა, სიმღერას დავიწყებდით - ქართულ პოლიფონიას ვეჯაჯგურებოდით, რუსულსაც ვიტყოდით, "ბელაგვარდეისკის" - "პარუჩიკ გალიცინ", "კრესტი" გინდა თუ სააღდგომო "კრესტუ ტვაემუ პოკლონიაიემსია ვლადიკო"... მაგრამ, ყველაზე უკეთ მაინც ინგლისის ჰიმნი გამოგვდიოდა - სამ ხმაში! პერმანენტული შეყვარებულობის მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ გოგოსთვის გული ალალად გადამეშალა, ჩემს გრძნობას ესთეტიკური ფანტაზიების ისეთ არტახებში ვაქცევდი, რომ გულის გადასაშლელი ალაგი აღარა მრჩებოდა. საერთოდ, ეგოცენტრიკი ვიყავი, ჩემსა და სხვას შორის ჩემივე პერსონა აღმოიმართებოდა ხოლმე; ვიყავი მაზოხისტი ცნობიერად და ნარცისისტი არაცნობიერად - საკუთარი თავის სიყვარულით საკუთარი თავის დამთრგუნველი: From great love of self himself he slew! ("თავისი დიდი სიყვარულით თავი მოიკლა კაცმა!") - ვისია ეს სიტყვები, აღარ მახსოვს, მაშინ თვრამეტი წლისა ვიყავი... |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი