რეპრესირებული სექსუალობა

3
რამდენიმე თვის წინ, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოში" მეგობრის სანახავად მისულმა, მის სამუშაო მაგიდაზე საქაღალდის სახით შეკრულ ნაბეჭდ და შიგადაშიგ ხელნაწერ ფურცლებს მოვკარი თვალი. თაბახის გვერდები საგულდაგულოდ იყო შეკოწიწებული, ვიღაცას არ დაზარებია და დაკარგული ტექსტი ხელით აღუდგენია. მაგრამ მთავარი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია არა დოკუმენტის ვიზუალური მდგომარეობა, არამედ სათაური იყო: "The Vagina Monologues", Eve Ensler (2000).

როდესაც ჩემმა მეგობარმა რამდენიმე აბზაცი წამიკითხა, შევცბი, არა იმიტომ, რომ კითხვისას ხშირად ფიგურირებდა ქალის გენიტალიის სახელი, შემაცბუნა იმ მოულოდნელმა გულწრფელობამ, რითაც მთხრობელი ქალბატონები ამ თემაზე საუბრობდნენ.

 

"საკუთარ ვაგინაზე ფიქრი გვაღელვებს, უფრო სწორად, ის გვაღელვებს, რომ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. არადა, ვაგინა არსებობს, მასზე უნდა ვიფიქროთ; არსებობისთვის მას სხვა ვაგინების კონტექსტი სჭირდება, ვაგინის ერთგვარი კულტურა. ეს თემა ისეთ წყვდიადში და საიდუმლოების ბურუსშია გახვეული, რომ ბერმუდის სამკუთხედს მაგონებს. თუნდაც უსასრულოდ ელოდო, ხმას არავინ მოგაწვდენს."

 

ეპიზოდური პიესა "ვაგინა მონოლოგები" ყოველ წელს ახალი ტექსტებით ივსება. ავტორი, ივ ენსლერი, ამ პიესისთვის ობის პრიზით (ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრიზი აშშ-ში) დაჯილდოვდა. თარგმნილია ოცდაოთხ ენაზე და ინსცენირებულია ოცზე მეტ ქვეყანაში (მათ შორისაა ბულგარეთი, თურქეთი, კოლუმბია, ეკვადორი, ინდონეზია, სლოვაკია, ხორვატია, სერბეთი, კორეა, ისრაელი, პაკისტანი, იაპონია). პიესა ძალიან პოპულარულია როგორც შუაგული ევროპის ქვეყნებში, ასევე ტერცო მონდოში. თუმცა, საქართველოში, თვალების ჯიბეში შენახვის ქვეყანაში (აკა მორჩილაძე), ის ჯერ არავის უთარგმნია, ინსცენირებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმდეტია.

"ვაგინა მონოლოგები" ძალიან საინტერესო და ეფექტური ტექსტია არა მხოლოდ მთხრობელ ქალთა ღიაობის, არამედ იმ გამბედაობის გამოც, რითაც პიესის ავტორი მწვავე თემატიკას უდგება. ეს გამბედაობა უთუოდ გაახსენებს მკითხველს ამერიკელი და ევროპელი მწერალი ქალების შემოქმედებით გამოცდილებას, გაახსენებს შეზღუდვებში შექმნილ გენიალურ ნაწარმოებებს, ერთი შეხედვით უნიადაგო სივრცეში დაბადებულ ტექსტებს, რომლებსაც ქსენოფობურ და პატრიარქალურ გარემოში ქალები ხელისცეცებით ქმნიდნენ.

ენსლერმა მონოლოგების პირველი სამუშაო ვერსია 1996 წელს შექმნა, 200 ქალთან აღებული ინტერვიუს მიხედვით. საუბრის თემა სექსს, ურთიერთობებსა და ქალების მიმართ ძალადობას უკავშირდებოდა. როგორც წერენ, თავდაპირველად, ინტერვიუებს მეგობრული საუბრების ფორმა ჰქონდა. შემდეგ წრე თანდათანობით იმით გაფართოვდა, რომ მთხრობელი ქალები საკუთარი ისტორიების გარდა, სხვა ქალების ისტორიებზეც ალაპარაკდნენ.

ენსლერი ამბობს, რომ ვაგინების თემამ იმიტომ შეიპყრო, რომ ის ძალადობრივ საზოგადოებაში გაიზარდა: "ქალების დაქვემდებარებულობა ღრმად არის დაკავშირებული მათ სექსუალობასთან", შეიძლება ითქვას, რეპრესირებულ სექსუალობასთან. "ვაგინა მონოლოგები" არ ითვლება ისეთ რევოლუციურ ისტორიულ ფაქტად, როგორიც ადამიანის მრავალფეროვანი სექსუალობის შესახებ ექიმ ალფრედ ქინსის მიერ ჩატარებული კვლევები და ამ კვლევების შედეგებია, მაგრამ თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ამავე თემის გადახედვამ ახალ ეპოქასა და ახალ კონტექსტში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი აქტუალობა.

ახალგაზრდა, ასაკოვანი, გათხოვილი და გაუთხოვარი ქალები, ლესბოსელები, პროფესორები, მსახიობები, სექსოლოგები, აფრო-ამერიკელი, აზიელი, ისრაელელი თეთრკანიანი და შავკანიანი ქალები სექსუალობასთან, გენიტალიებთან დაკავშირებული შეგრძნებებისა და ტრავმების შესახებ მოგვითხრობენ. თავიდან მათ ეძნელებოდათ და ეჩოთირებოდათ მოყოლა, მორცხვობდნენ კიდეც, მაგრამ შემდეგ მათი შეჩერება შეუძლებელი ხდებოდა. "ქორწინება კომპრომისზე წასვლაა", "სექსუალური აქტის დროს, შუქი უნდა ჩააქრო", "ქვემოთ სარდაფია - საშიში, წებოვანი და ნოტიო - იქ ნურასოდეს ჩახვალთ, მერწმუნეთ, ავად გახდებით, გული აგერევათ"... ეს ის სტერეოტიპებია, რომელთა ტყვეობაშიც ქალების მოქცევას ცდილობდნენ, ან რომლებითაც ეს ქალები თვითონ ხელმძღვანელობდნენ.

ხანდახან ტრავმირებული ქალები სახელითაც არ მოიხსენიებენ ვაგინას, აგრესიითა და ზიზღით ეკიდებიან მას, რადგან ეს ის არის, რაც მათ არცხვენს, უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.

ერთ-ერთ ესსეში ივ ენსლერი გვეუბნება: "მე მწამს საგნების სახელდების ძალა და საიდუმლო. ენას ჩვენი ჩარჩოების ტრანსფორმირების, ქცევის ნასწავლი მოდელების გადახედვის და ფიქრების ახლებურად წარმართვის შესაძლებლობა აქვს. მჯერა იმის სახელდების, რაც ჩვენს წინაშეა, რადგანაც ხშირად უხილავი სწორედ ის არის. იფიქრეთ სიტყვაზე "ვაგინა". მჯერა, რომ ყოველი წარმოდგენისას, 128-ჯერ ამ სიტყვის გამეორებით, ჩემი სირცხვილის დასახელებით, ჩემი საიდუმლოებების გამჟღავნებით, ჩემი მისწრაფების გამოვლენით მოხდა ის, რომ საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს დავუბრუნდი. საკმაოდ ხშირად და საკმაოდ ხმამაღლა მისი თქმით ისეთ ადგილებში, სადაც ეს მოსალოდნელი არ იყო, ამის გაჟღერებას ერთდროულად პოლიტიკური და მისტიკური ხასიათი ჰქონდა და მან ქალების მიმართ ძალადობის დასრულების მსოფლიო მოძრაობას მისცა დასაბამი."

საკუთარ გენიტალიასთან გაუცხოებისას, მისი სხეულის ნაწილად აღქმაც არ ხდება. ლოგიკურია, როცა ეს ომგამოვლილ ბოსნიელ ქალებს ემართებათ (იუგოსლავიის ომის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში, 500 000 ქალი გააუპატიურეს). საინტერესოა, რატომ გვაქვს იგივე სურათი ადამიანებთან, რომლებსაც არც ომის საშინელებები გამოუვლიათ და არც რაიმე ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ ცხოვრება? ანუ რითი შეგვიძლია ავხსნათ პრობლემის წარმოშობა სოციალურად და პოლიტიკურად მოწესრიგებულ გარემოში? ძალადობის რა მექანიზმები მოქმედებენ ასეთ დროს?

პიესაში ნახსენები და ჩამოთვლილია დაახლოებით 37 მოფერებითი სახელი, რითაც ამერიკის სხვადასხვა შტატში ვაგინას მოიხსენიებენ. ჩვენში როგორც კაცის, ასევე ქალის გენიტალიის ჟარგონული სახელწოდება სალანძღავ სიტყვად გამოიყენება. ამ შემთხვევაშიც, ენაში ის შეფასებითი მნიშვნელობებია კოდირებული, რომელსაც ადამიანები მას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ანიჭებენ. ეს, თავისთავად, ხაზს უსვამს არამარტო სიტყვასთან, არამედ, ზოგადად, სექსუალობასთან საზოგადოების მიმართებასაც. საქართველოში, როცა ამ სიტყვას ხმამაღლა ამბობენ, ილანძღებიან ხოლმე; როცა ჩურჩულებენ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის ერიდებათ. ნიშანდობლივია, რომ ძირითადად მამაკაცები ყვირიან, ხოლო ქალები ჩურჩულებენ. ამიტომ მოჩურჩულე ქალბატონებზე ანუ მათზე, ვისთვისაც ვაგინაზე საუბარი არადელიკატურობასთან ასოცირდება და ვისშიც მისი ნომინალური არსებობაც უხერხულობის, დისკომფორტის განცდას იწვევს, ეს პიესა თერაპიულად ზემოქმედებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ენსლერი ამბობს: ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში სპექტაკლით მოგზაურობისას, მისი ნახვის შემდეგ, ასობით ქალი მელოდებოდა საკუთარი ისტორიის მოსაყოლად. სპექტაკლი ხელახლა აღძრავდა მათ მოგონებებს, ტკივილსა და ვნებებს. ქალები ხელახლა პოულობდნენ იმ სამყაროს, რომელთან მისასვლელიც დიდი ხნის წინ დალუქეს.

სანამ ვინმე პიესის ინსცენირებულ ვერსიას თბილისში იხილავდეს, ქალების თვითშეფასების, საკუთარ სექსუალობაზე მათი წარმოდგენის შეცვლაში, მორალური შეზღუდვებისგან გათავისუფლებაში "ვაგინა მონოლოგების" ქართული ვარიანტის წაკითხვა ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა.

 

ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე ლიტერატურულ მთარგმნელს, დათო გაბუნიას, რომელიც დიდი ხანია ოცნებობს, "ვაგინა მონოლოგები" ქართულად თარგმნოს. "ამ პიესამ თავიდანვე მომხიბლა თავისი გაბედულებით, აქტუალობით. სიმართლე გითხრათ, წაკითხვამდე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ გარწმუნებთ, წაკითხვისთანავე შემეცვალა აზრი და დღემდე უძლიერეს შთაბეჭდილებად მახსოვს.

პიესის ქართულად თარგმნას ბევრი სიძნელე უკავშირდება. პირველ რიგში, იგულისხმება ენობრივი სიძნელეები - ძნელია მოძებნო ისეთი მრავალფეროვანი ლექსიკა, რომელიც შესაბამის ინგლისურ ეკვივალენტებს სრულად გადმოსცემს. ჩვენს ენობრივ გარემოში ავტომატურად ხდება სექსუალობის აღმნიშვნელი ყველა სიტყვის პერიფერიაში განდევნა, ყველაფერს შეურაცხმყოფელი ელფერი აქვს, რაც ძალიან კარგად ასახავს რეალობას: სექსზე ცივილიზებულად არ ვლაპარაკობთ და ეს თემა მთლიანად მამაკაცური გინების მონოპოლიად გადაქცეულა.

შესაბამისად, ძნელია თარგმნო ქართულ ენაზე ტექსტი, რომელიც ქალის გენიტალიებზე ასე ღიად და მოურიდებლად ლაპარაკობს და თან პიესის მთავარი სათქმელი - ქალის "აკრძალული" სექსუალობის გათავისუფლება - არ დაკარგო, შაყირად არ გადააქციო, რაც ჩვეულებრივ ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თუმცა, ქართულ ზეპირსიტყვიერებაში უხვად არის ეროტიკულ-სექსუალური მოტივები, შესაბამისი ტერმინოლოგიით. ამ მხრივ ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ გამოცემული "მოუკრეფავნი" ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

ქართული სკაბრეზული პოეზიის პირველი კრებულის წინასიტყვაობაში ვახუშტი კოტეტიშვილი წერს: "თუ გადავხედავთ წარმართობის ხანის არქეოლოგიურ მასალას, ფალოსისა თუ ვაგინის უტრირებულ გამოსახულებებს, ჩვენს თვალწინ გადაიშლება უმრავალფეროვნესი გამა მაგიური ეროტიკისა, რაც შეუძლებელია უკვალოდ გამქრალიყო საზოგადოებაში. ქრისტიანული ზნეობრიობის საყოველთაო გამარჯვების შემდგომ წარმართული ეროტიკა კარგავს რელიგიურსა თუ მაგიურ დატვირთვას და არსებობას განაგრძობს სახეცვლილი, მსუბუქი იუმორის სახით".

 

ქალო, შენ გახარებასა,

რა გაქვ მა ფეხთშუაშია?

ამ ჩემსა ჩამოკიდულსა

სჯობავა მარიფათშია?

 

ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას აზრით, დღეს ჩვენს კულტურაში მართლაც არსებობს აკრძალული და ტაბუირებული თემები: "საქართველოში იმდენად ბევრი პრობლემატიკაა დაგროვილი - სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, წმინდა მატერიალური პრობლემები, რომ სექსუალობაზე ფიქრი და ამ თემის აქცენტირება ფუფუნებად არის ქცეული. თუმცა, პარადოქსულია ის, რომ სექსუალობა თავისთავად არის ბიოლოგიური ფუნდამენტი, რომელზეც ნებისმიერი ცოცხალი არსება დგას და მიუხედავად ამისა, ხდება მისი იგნორირება. არანაკლებ მნიშვნელოვანი თვითანალიზის პროცესია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს დაფიქრდეს იმაზე, რითაც მისი გონებაა მოცული, რაც მის სხეულს სჭირდება და რაც შინაგანი კომფორტის მოსაპოვებლადაა აუცილებელი.

ქალის სოციალური როლიდან გამომდინარე, რომელიც ისტორიულად ყალიბდებოდა, ჩვენი ფსიქიკიდან სექსუალობისა და ეროტიკის - ამ მდიდარი და საინტერესო სფეროს - აბსოლუტური მიჩქმალვა, ერთგვარი ატროფიაც კი ხდებოდა. მთელი პატრიარქალური კულტურა ინსტინქტთა დამორჩილებას, ფანტაზიებისა და ემოციების მოკვეთას ეფუძნება. ამიტომ, სანამ საზოგადოებაში მამაკაცის კულტი იარსებებს, ქალის როლი ფსიქოლოგიურად დაკნინებული იქნება. ის, რომ ქალი არის პარლამენტის თავმჯდომარე, არსობრივად არაფერს ცვლის".

 

ფეხებს შორის რაღაც მაქვს, თუმცა არ ვიცი - რა. არ ვიცი, სად არის ის. არ ვეხები. არც ახლა. არც აღარასოდეს. არც იმ დღიდან მოყოლებული.

 

პიესაში საკმაოდ ვრცელი ადგილი ეთმობა პირველი მენსტრუალური გამოცდილებების აღწერას. ბევრისთვის ეს უკავშირდებოდა საოცარი შიშის განცდას - "დარწმუნებული ვიყავი, რომ სისხლისგან ვიცლებოდი და ნელ-ნელა ვკვდებოდი"; რადგან ისინი მოულოდნელად ეჯახებოდნენ აუხსნელ ფენომენს, რომელთან შეხებაც ზოგიერთს დანაშაულის გრძნობასაც კი უვითარებდა. რუსუდან მირცხულავა ამბობს, რომ "ძალიან გამაღიზიანებელია ქალის ასაკის აგდებით მოხსენიება, აგრეთვე მისი ფიზიოლოგიის (კლიმაქსი, ალები, მენსტრუალური ციკლი) ირონიზება. ქალი მშვენიერია მთელი თავისი ფიზიოლოგიით, ასაკობრივი ცვლილებებით". თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც თავად ქალები აუგად იხსენიებენ თავიანთ ფიზიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც მათში შიშს იწვევენ. თავის დროზე, ფრანგებმა მენსტრუალურ ციკლს ძალიან პოეტური განმარტება მოუძებნეს - საშვილოსნოს ტირილი.

მოზარდობის ასაკში, საკუთარი სხეულის არაადექვატური აღქმა და მოგვიანებით, საკუთარი სექსუალობის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ტრავმები ხშირად არცოდნის შედეგია. "ვაგინა მონოლოგებში" არის ერთი ეპიზოდი, სადაც 72 წლის ქალბატონი ფიგურირებს. მას არასოდეს განეცადა ორგაზმი და არასოდეს ენახა საკუთარი გენიტალია. ტრავმა, რომელმაც მას სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება დააკარგვინა, სწორედ მის არაინფორმირებულობას უკავშირდებოდა.

ასეთი მაგალითები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სწორი ინფორმაციის დროულად მიწოდება. ამ პრობლემის არსებობას თავისთავად მივყავართ კითხვამდე, თუ რატომ არ ისწავლება სკოლებში სექსოლოგია - მეცნიერება, რომელიც სქესობრივ ურთიერთობებს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ფიზიოლოგიურ ასპექტებში განიხილავს. თუმცა, ამასაც მოეძებნება პასუხი, თუკი გავიხსენებთ, რა უშფოთველად ახერხებდნენ მასწავლებლები სკოლაში იმ თავის გამოტოვებას, სადაც საუბარი ადამიანთა განაყოფიერებაზე იყო. მოზარდების მხრიდან საკითხის დამახინჯებულად აღქმის ალბათობა ყოველთვის დიდია, რადგან დიდია არაზუსტი ინფორმაციის მიღების შანსი.

პიესაში აღწერილია ვაგინისადმი მიძღვნილი ვორქშოფიც, რომლის მონაწილეებსაც საკუთარი გენიტალიის დახატვა სთხოვეს. ამ დავალებამ ქალბატონები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგანაც ბევრ მათგანს ნანახიც არ ჰქონდა ის, რაც უნდა დაეხატა. კვირები, თვეები და ზოგჯერ წლებიც გადის ისე, რომ არ ვუყურებთ მას - ამბობდნენ ქალები. ამის მიზეზად ისინი დროის დეფიციტს ასახელებდნენ, მაგრამ რეალურად, აღმოჩნდა, რომ უმეტესობას ამის კეთება, უბრალოდ, არასდროს მოსვლია აზრად. არც ამ ქალებს და არც მათ მეუღლეებს, შეყვარებულებს და სექსუალურ პარტნიორებს არასდროს მიუციათ ერთმანეთისთვის ეს უფლება. მონოლოგებში წარმოდგენილი სხვა ფაქტებიც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად დაბალი შეიძლება იყოს ადამიანების მიერ სხეულის არახილული მხარეების შეფასება და რამდენად მნიშვნელოვნად ცვლის ასეთი მიმართების ხელახლა გააზრება არამხოლოდ მათი სექსუალური ცხოვრების, არამედ, ზოგადად, ცხოვრების წესს.

შეიძლება მსგავსი აღმოჩენები თვითკრიტიკულ ფონზე მიმდინარეობდეს და გარშემო მყოფთა მხრიდან რეპრესიული განწყობაც თან ახლდეს, მაგრამ თვითანალიზი და ურთიერთობების ანალიზი ის ერთადერთი გზაა, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავში საყრდენის პოვნას შეძლებს.

აკი ერთ-ერთ ინტერვიუში ივ ენსლერიც ამბობს:

"საგნების სახელდება, ტაბუების ნგრევისა და უარყოფის მეშვეობით, ყველაზე საშიში, შემაშფოთებელი და კრიტიკული სამუშაოა. ეს უნდა მოხდეს პოლიტიკური კლიმატის და ძალადობის, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვედრის საშიშროებისა და განდევნის მიუხედავად; მიუხედავად იმისა, რომ არ ეყვარებით".

 

 

@