warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 6 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

რეინკარნაციის APP

ანუ ცნობიერების ატვირთვის ხელოვნება

დილა

უკვდავება რამე ფორმით - ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, თუმცა განუხორციელებელი ოცნებაა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვაგებდით პირამიდებს, ვჩხაპნიდით ჩვენს სახელებს ლოდებსა და ხეებზე, ვცდილობდით, ჩაგვედინა არნახული გმირობა - რათა ჩვენი სახელები ისტორიისთვის მაინც ყოფილიყო უკვდავი. ეს იყო იმორტალიზმის ძველი, პრიმიტიული და არაინტერაქტიული ფორმები.

უკვდავების ამ მარადიულ  ოცნებას მეოცე საუკუნეში ტექნოლოგიური პროგრესის დახმარებით ახალი სუნთქვა გაეხსნა, ფრთები გაეშალა და უფრო კონცეპტუალური სახე მიიღო - ცნობიერების ატვირთვა, ასე ჰქვია "ახალ როკენროლს".

ნაწყვეტი სტუდენტური გაზეთიდან,

კალიფორნია

1993წელი

 

დაბადება

იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

ძველი აღთქმა, დაბამის მაგვარიადება

დაახლოებით 2800 წლის წინ

 

გამოღვიძება ჰგავდა დინამიტის აფეთქებას ტბაში, თევზების ამოტივტივებას სიღრმიდან. ტკივილის, მოლოდინების, სითბოს და შიშის გარეშე.

არარსებობის უცნაური, უხეში შეგრძნება, დროში არეული კადრები, ათიათას ნაწილად დაშლილი, დანაწევრებული ცნობიერება, რამდენიმე წუთის წინ ეს გაყინული, დაბლოკილი ინფორმაცია იყო.

- გილოცავთ გამოღვიძებას - ეწერა კიტჩური ფერადი ნეონის ასოებით დაბალ ჭერზე ჩემი თვალების გასწვრივ.

რამდენიმე ექიმი, თბილი ღიმილით, მზიანი დერეფანი, ტანსაცმელი, ოთახი, რბილი წითელი სავარძელი…  როგორც "დაბადების დღის ვიდეო-ოთახში" მაჩვენეს - ჩემს დაბადებას სამი ადამიანი ესწრებოდა.

- თავს ძალას ნუ დაატანთ - მეუბნება ვიღაც ქალი - დრო არის საჭირო იმისათვის, რომ სხეული და ცნობიერების პროგრამა სინქრონული გახდეს. ნელ-ნელა ყველაფერი გაგახსენდებათ.

…ჩამავალი მზის სხივები ზღვის ტალღებივით იღვრება უზარმაზარი, კათოლიკური ეკლესიებისთვის დამახასიათებელი ფანჯრებიდან და მთელ ოთახს ანათებს, ცა ჟანგისფერია, მზე - შორი, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ის ორი საათის წინ გაჩნდა, თავში სადღაც წაკითხული ფრაზა მიტივტივებს - "ქარი იმიტომ უბერავს, რომ ხეები ირხევიან"

"საყოველთაო გამოღვიძების ცენტრი"

2123 წელი

 

თებერვლის ბეტონისფერ თბილისში ფოთლებჩამოცვენილი  ხეები ირხეოდნენ, მეგობარი გოგოსგან მიტოვებული, ცივ, არეულ ოთახში - მე ვფიქრობდი - შესაძლებელია თუ არა მომავლის დაჰაკვა რამე ხერხით? მაგალითად, ინტერნეტის გამოყენებით?! შეიძლება თუ არა ზეგავლენა "არამატერიალურ" მომავალზე, ასეთივე "არამატერიალური" ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით?

მომავალი საკმაოდ არასტაბილური, ქაოტური სისტემაა, შეუცნობელი მოვლენების უსასრულო ოკეანე, სადაც დიდი ტალღები შეუმჩნეველი წვეთების გროვაა, ხოლო ცუნამები ოდესღაც წყალში ჩაგდებული კენჭების შედეგი. ასეთი ბუნდოვანი სივრცე მშვენიერი მასალაა შესწავლისა და ჰაკინგისთვის.

დილა იმ არსების კოდური სახელი იქნება, რომელსაც შევქმნი მომავლის დასაჰაკად. ის იქნება დეტონატორი, რომელიც ათასი წლის შემდეგ  გამოიღვიძებს და თავის გააქტიურების საათს დაელოდება.

ტიფლისის ერთ-ერთი გეტო

მარტი, 2010

 

ცნობიერების ატვირთვა 

"მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ."

ძველი აღთქმა, დაბადება

რამდენიმე ათასი წლის წინ

 

კიბერნეტიკის ფუძემდებელი, ნორბერტ ვინერი, ჯერ კიდევ 50-იან წლებში გვასწავლიდა, რომ ადამიანი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ინფორმაციული პატერნი, სიგნალი. ნებისმიერი მყარი ინფორმაცია და სიგნალი კი კოპირებადია. შესაბამისად, ამტკიცებდა ვინერი: თუ ჩვენ გვექნება ტექნოლოგია, რომელიც იდეალურად "დააკოპირებს" ან გადააწყობს ამ სიგნალს - ჩვენ შეგვეძლება, ტელეგრაფის კაბელებითაც კი "გადავაგზავნოთ" ადამიანი ერთი ადგილიდან მეორეში.

არის თუ არა ადამიანის ტვინი ბიოლოგიური მანქანა, რომელიც "აწარმოებს" აზრებს და იდეებს? შეიძლება თუ არა მისი მათემატიკური მოდელის შექმნა? შეიძლება თუ არა ცნობიერების "დაკოპირება" და მისი უნიკალური ნეირონული კავშირებისა და მოგონებების ტრანსფერი ერთი ადგილიდან მეორეში? შეიძლება თუ არა ცნობიერების "გადატანა" მისი ბიოლოგიური რეზიდენციიდან არაბიოლოგიურ სუბსტრატში, მაგალითად, რობოტის სხეულში ან კომპიუტერულ ქსელში?

ათეისტები თვლიან, რომ ორგანიზმი [სისტემა] კვდება, როცა წყვეტს ცხოველ ფუნქციონირებას, რელიგია თვლის, რომ არსება განაგრძობს სიცოცხლეს, როგორც არამატერიალური ღვთაბერივი სუბსტანცია [სული], კიბერნეტიკის მიხედვით კი, სისტემა მკვდარია, როცა მისი ინფორმაცია იმდენადაა შერყვნილი და დაკარგული, რომ აღდგენას არ ექვემდებარება.

კიბერნეტიკოსი ვალენტინ ტურჩინი წერს: "ადამიანი, საბოლოო ჯამში, კიბერნეტიკული სისტემაა - მატერიის ორგანიზაციის გარკვეული ფორმა, რომელიც შეიცავს მრავალდონიანი მართვის იერარქიას. ის, რასაც ჩვენ ვეძახით ჩვენს სულს ან ცნობიერებას, ასოცირდება ამ იერარქიის უმაღლეს დონესთან. ამ ორგანიზაციას ძალუძს გაუძლოს საკუთარი სამშენებლო მასალის ნაწილობრივ ან, შესაძლოა, მთლიან გამოცვლასაც კი. ის, რაც გადარჩება, იქნება არა უბრალო მატერიალური სუბსტრატი [სხეული ან ტვინი], არამედ მისი კიბერნეტიკული მოწყობა, შინაგანი "მე"-ს უნიკალური ვარიანტი".

როგორც ცნობიერების ატვირთვის  ამ "რბილი" მიდგომის მომხრეები, ჩვენ ვთვლით, რომ თუ კი ორგანიზმის სამშენებლო მასალა გენებია, ადამიანის "მე"-ს სამშენებლო ბლოკები - ბიმებია-ასოციაციური იეროგლიფები, რომლებიც კონკრეტული ადამიანის მოგონებათა უნიკალურ ჯაჭვებს და კომპლექსებს შეიცავენ.

ადამიანი საკუთარ იდენტობას, საკუთარ მე-ს სწორედ ბიმების საფუძველზე აგებს. ბიმებისგან შედგება მეხსიერება - ის მულტიმედიური არქივი, სადაც ინახება იმიჯები, ხმები, სუნები, სიტყვები, პროექციები და ა.შ. ხოლო ამ ყველაფრის წარმოდგენა ციფრული სახითაც შეიძლება.

კომპიუტერული ტექნოლოგიების შეუფერხებელი განვითარების პირობებში - ახლო ან შორეულ მომავალში, ჩვენ გვექნება წარმოუდგენელი სიძლიერის სუპერკომპიუტერები,  "სენსიტიური", მოაზროვნე ქსელები, ხელოვნური ინტელექტი და საოცარი ტექნოლოგიები, რომლებიც შეძლებენ ადამიანების რეინკარნაციას ციფრულ სამყაროში.

თუ კი ჩვენ შევძლებთ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ტერაბაიტობით ინფორმაციის შეგროვებასა და შენახვას, მაშინ მომავლის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ამ ინფორმაციულ არქივზე დაყრდნობით მას ახალ "სიცოცხლეს" მისცემენ.

ციფრულ გარემოში რეინკარნირების შემდეგ, "მეორედ მოსულებს"  შეეძლებათ ცხოვრება შეცონდ Lიფე-ს მსგავს სამგანზომილებიან ვირტუალურ სამყაროში გააგრძელონ, ან ჩვენ შეგვეძლება ამ გაცოცხლებული ცნობიერებების "ჩამოტვირთვა" ბიო ან არა-ბიოლოგიურ სხეულში.

ამ ფუტურისტული იდეების განსახორციელებლად ჩვენმა თანამოაზრე მოძრაობა "ტერასემმა" უკვე შექმნა ვებ საიტი - უცნაური სოციალური ქსელი, სადაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია  საკუთარი "ცნობიერების ფაილების" შექმნა - ანუ მოგონებების შენახვა მომავლისთვის.

პიროვნების დეტალურ მონაცემთა ბაზის არსებობის შემთხვევაში, მომავლის ხელოვნური ინტელექტის სოფტს შეუძლია "გააცოცხლოს" პიროვნების ცნობიერება. პიროვნების ცნობიერების ფაილი კი შეიძლება ჩაიტვირთოს კომპიუტერიდან - რობოტის ნანოტექნოლოგიურ ან ბიოლოგიურ სხეულში იმისთვის, რომ მან ისეთივე სრულფასოვანი არსებობა განაგრძოს, როგორც ადამიანმა.

ცნობიერების ფაილი უნიკალური "ბიმების" ისეთ რაოდენობას შეიცავს, რომელიც სავსებით საკმარისია, იმისათვის, რომ  პროგრამაში კონკრეტული ადამიანის ცნობიერების სიმულაკრი ჩაეშვას. ასეთი ფაილი კიბერნეტიკული ბიოსტაზის მდგომარეობაში მანამ იქნება, სანამ მომავლის ტექნოლოგიები საშუალებას არ მოგვცემს, ხელახლა გამოვაღვიძვოთ  ოდესღაც გარდაცვლილი ადამიანები.

ნაწყვეტი მოხსენების ტექსტიდან. "ტიურინგის ეკლესიის"

აღმოსავლური ფრთა, თბილისი

2011 წელი

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.