|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
რატომ წამოიწყო ისრაელმა ღაზაში ომი ეს არის ომი ორ ფრონტზე. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ისრაელში ღაზას მიმართ უკმაყოფილების ახალი ტალღა გორდებოდა, მათ აღიარეს, რომ ჰამასისა და "ტერორის ინფრასტრუქტურის" განადგურება, რაც პოლიციის განყოფილებებს, კერძო სახლებსა და მეჩეთებსაც გულისხმობს, მათი პირდაპირი მოვალეობა იყო.
ისრაელს ისიც კარგად ესმოდა, რომ, პარალელურად, დანარჩენი მსოფლიო იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ მისი ქმედებები სამართლიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მორგები პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გვამებით გაივსო; ასევე უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს ქმედებები არა ოკუპაციად, არამედ დასავლური სამყაროს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლად და ირანთან კონფრონტაციად აღქმულიყო. 2006 წელს, ლიბანში კრახით დასრულებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რაც ისრაელისთვის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კატასტროფად იქცა, ოფიციალური იერუსალიმი თვეების მანძილზე ცდილობდა, საფუძველი მოემზადებინა ღაზაზე თავდასხმისთვის - უცხოურ ადმინისტრაციებსა თუ დიპლომატებთან უხმაურო, მაგრამ ენერგიული ურთიერთობით, განსაკუთრებით კი ევროპასა და არაბული სამყაროს ნაწილში. გარკვეულწილად, წარმატებით იმუშავა სპეციალურად შექმნილმა საინფორმაციო დირექტორატმა, რომელსაც მედიაზე ზეგავლენა უნდა მოეხდინა. ხოლო როდესაც შეტევა დაიწყო, დიპლომატების, ლობისტთა ჯგუფების, ბლოგერების და ისრაელის სხვა მხარდამჭერების არმიამ დიდი ხმაური ატეხა სხვადასხვა ქვეყანაში; აქტიურად ავრცელებდნენ წინასწარ შემუშავებულ რამდენიმე ძირითად გზავნილს, რომლებიც ისრაელის მსხვერპლად წარმოდგენას ისახავდა მიზნად, მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვების შედეგად 430-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და ამათგან, სულ მცირე, ერთი მესამედი სამოქალაქო პირი ან პოლიციელი იყო. ისრაელმა ღაზას სასტიკი სიმძლავრით შეუტია - საშუალოდ, 20 წუთში ერთხელ ხორციელდებოდა საჰაერო დარტყმები. თუმცა, ამის მიუხედავად, ჰამასი კვლავაც განაგრძობს საპასუხო ქმედებებს, რასაც შეტევის დაწყებიდან დღემდე 4 ისრაელელის დაღუპვა მოჰყვა, ჰამასის ჭურვები კი ებრაული სახელმწიფოს ისეთ სიღრმეში იჭრება, როგორც არასოდეს; ათიათასობით ადამიანი გარბის სახლებიდან. გასულ ღამეს ისრაელმა კიდევ უფრო გააძლიერა შეტევა, მისი ჯარები ნიაღვარივით მიასკდნენ ღაზას საზღვარს, პარალელურად კი მიმდინარეობდა დიპლომატიური ოპერაცია, რომ იმ უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვა გაემართლებინათ, რაც უთუოდ მოჰყვებოდა შეტევას. დენ გილერმანი (რამდენიმე თვის წინ გაერო-ში ისრაელის ელჩი) საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიხმო, რომ მას დიპლომატიური და PR-კამპანიებისათვის ეხელმძღვანელა. მისი თქმით, დიპლომატიური და პოლიტიკური საფუძველი უკვე თვეების მანძილზე მზადდებოდა. "ეს ყველაფერი დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა. მე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომიწვია სამუშაოდ, რომ ისრაელის მცდელობების კოორდინირება მომეხდინა. თუმცა, ამ ურთულესი მექანიზმის ყველა ნაწილი თავადაც არასოდეს მინახავს - იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის აპარატი, პოლიცია თუ არმია - ყველანი ძალიან კოორდინირებულად მუშაობენ, რომ ეფექტურად გაავრცელონ მთავარი გზავნილი." იერუსალიმში, ლონდონში, ბრიუსელსა და ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგებზე ძირითადი გზავნილები რამდენჯერმე გაიმეორეს: ისრაელს სხვა გზა არ ჰქონდა, ის იძულებული გახდა, პასუხი გაეცა ჰამასის სარაკეტო შეტევებისთვის; მისი შეტევა ღაზაზე მხოლოდ "ტერორის ინფრასტრუქტურისკენაა" მიმართული და სამიზნეებს ძირითადად წარმოადგენენ ჰამასის მებრძოლები; სამოქალაქო პირები დაიღუპებიან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჰამასი თავის მებრძოლებსა და შეიარაღებას ქარხნებში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის მალავს. ამ ყველაფერს ფეხდაფეხ მოსდევს სტრატეგია, რომელიც დისკუსიებიდან სიტყვა "ოკუპაციის" ამოღებას ემსახურება. "ღაზა 2005 წელს გათავისუფლდა, როდესაც ებრაელმა მოსახლეობამ და არმიამ დატოვეს მისი ტერიტორია," - აცხადებენ ისრაელის წარმომადგენლები. ამასობაში მას შეეძლო აყვავებულიყო და გამხდარიყო მომავალი პალესტინური სახელმწიფოს საფუძველი, მაგრამ მოსახლეობამ კონფლიქტი არჩია. ისრაელმა ჰამასი, ირანთან და ჰეზბოლასთან ერთად, ისლამისტურ-ფუნდამენტალისტური ბოროტების ღერძის ნაწილად წარმოაჩინა. ჰამასის ქმედებებს, ისრაელის თქმით, არაფერი აქვს საერთო დასავლეთ სანაპიროს გაგრძელებულ ოკუპაციასთან, ღაზას ბლოკადასთან ან იმ ფაქტთან, რომ ისრაელელი ჯარისკაცები, ღაზადან ჯარების გამოყვანის შემდეგაც მრავალ პალესტინელს ხოცავენ. "ისრაელი თავისუფალი სამყაროს ნაწილია და ებრძვის ექსტრემიზმსა და ტერორიზმს. ჰამასი კი - არა," - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა და კადიმას პარტიის ლიდერმა, ციპი ლივნიმ საფრანგეთში ვიზიტისას; მისი ვიზიტი დიპლომატიური შეტევის ნაწილი იყო. ლივნიმ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისეული ტერორიზმთან ომის რიტორიკაც კი გამოიყენა, - "ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის მომენტი, როდესაც თითოეულმა ადამიანმა, რეგიონსა თუ მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი მხარე უნდა აირჩიოს, - განაცხადა მინისტრმა, - ისრაელმა თავისი მხარე დაარსების დღიდანვე აირჩია; ებრაელმა ხალხმა თავისი მხარე მრავალ ათასწლოვანი არსებობის მანძილზე აირჩია; და მშვიდობისათვის ლოცვა არის ის ხმა, რომელიც სინაგოგებში ისმის." ეს გზავნილი მისაღები აღმოჩნდა შედარებით დამთმობი არაბული სახელმწიფოების მთავრობებისთვის, მაგალითად, ეგვიპტისა და იორდანიისათვის, რომელნიც ჰამასისადმი მტრულად არიან განწყობილნი. "მუსულმანური და არაბული სამყაროს დიდი ნაწილი ხვდება, რომ ჰამასი მათთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ისრაელისთვის, - განაცხადა გილერმანმა, - ჩვენ ამის დადასტურება მრავალგზის გვინახავს, მაგალითად, ეგვიპტის პრეზიდენტის მუბარაქის საჯარო განცხადებებში და თავად პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის თუ არაბული სამყაროს სხვა წარმომადგენლების განცხადებებში. ეს სრულიად უპრეცედენტო რამაა." მართლაც, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ აბულ გეითმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ზუსტად იცოდა, რაც მოხდებოდა: "ბოლო სამი თვის განმავლობაში სრულიად ცხადად ჩანდა იმის ნიშნები, რომ ისრაელი ჰამასზე თავდასხმას აპირებდა ღაზაში. მათ ლამის ცას და დედამიწას მოსდეს ეს ამბავი. სამწუხაროდ, ჰამასმა თავისივე ხელით, ოქროს ლანგრით მიართვა ისრაელს ამის შესაძლებლობა." ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რაც არ თქმულა. სულ რამდენიმე თვის წინ ლივნი ჰამასის განადგურების შესახებ ლაპარაკობდა, თუმცა დანარჩენი მსოფლიოსათვის ეს ღაზაზე თავდასხმის გასამართლებლად მიუღებელი მიზეზი იქნებოდა. ამჟამად კი საუბარია ღაზას მთავრობის იძულებაზე, დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას. შიგადაშიგ თუ წამოსცდება ვინმეს "მივიწყებული" მესიჯი. ღაზაზე შეტევის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაერო-ში ისრაელის ელჩმა გაბრიელა შალევმა განაცხადა, - იქამდე გავაგრძელებთ შეტევას, სანამ ჰამასი მთლიანად არ განადგურდებაო. ამის პასუხად აღშფოთებულმა ჩინოვნიკებმა იერუსალიმიდან გააფრთხილეს შალევი, - მსგავსი განცხადებებით დიპლომატიურ შეტევას ძირს უთხრიო. შეტევის დაწყებიდან პირველი რამდენიმე საათის მანძილზე ისრაელი მთელ მსოფლიოს ერთსა და იმავე სათქმელს უმეორებდა. საერთაშორისო ტელემედია ხშირად ციტირებდა ლივნისა და შრომის დაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის სიტყვებს. მთავრობის მიერ შექმნილი საინფორმაციო დირექტორატი ცდილობდა, უცხოური მედიის ყურადღება მთლიანად გადაეტანა გასული 8 წლის მანძილზე ღაზადან ისრაელის მიმართულებით ნასროლ 8 500 ჭურვზე და ამის შედეგად დაღუპულ 20 სამოქალაქო პირზე და ნაკლებად გაემახვილებინა ღაზას სადამსჯელო ბლოკადაზე ან თუნდაც 1700 პალესტინელზე, რომლებიც ისრაელის სამხედრო შეტევების დროს დაიხოცნენ, მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ ისრაელელმა მოსახლეებმა ღაზა დატოვეს. მოხდა ისეთი ლობისტი ჯგუფების მობილიზება, როგორებიცაა, მაგალითად "ისრაელთან კომუნიკაციისა და კვლევის ბრიტანული ცენტრი" (ბიკომი) ლონდონში და "ისრაელის პროექტი" ამერიკაში. ისინი აწყობდნენ ბრიფინგებს, საკონფერენციო ზარებსა და ინტერვიუებს. ისრაელის სამხედროები ვიდეო მასალებს ათავსებდნენ ინტერნეტში, იუთუბზე. ისრაელელმა დიპლომატებმა ორსაათიანი "სახალხო" პრესკონფერენციაც კი გამართეს ნიუ-იორკში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. ამავდროულად, ისრაელმა უცხოელ ჟურნალისტებს აუკრძალა, მისი სტრატეგიის მოწმენი გამხდარიყვნენ.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
NinUkI (შეუმოწმებელი), ნოემბერი 8, 2009, 15:40:05
ninuki
დატოვე კომენტარი