warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 22 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

რაფაელის სახარება

www.paatakourdadze.blogspot.com

Raphael Gluksmann -Mikheil Saakashvili

საქართველოში  წიგნებზე  ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არაფერს. ამიტომ ქართული ლიტერატურა ნელ-ნელა კარგად ბალზამირებულ მიცვალებულს ემსგავსება, რომელიც  თავის უკანასკნელ და სამუდამო სარეცელში არცთუ ისე ცუდად გამოიყურება.

რაფაელ გლუქსმანისა და მიხეილ სააკაშვილის, "მე თქვენ თავისუფლებაზე გესაუბრებით",  იმ წიგნების რიცხვს განეკუთვნება, რომელზეც, საქართველოსი არ იყოს, არ საუბრობენ, არ წერენ, არც კარგს, არც ცუდს... ეს ის  წიგნია, რომლის მსგავსებსაც გამოცემიდან ორიოდე წლის შემდეგ ბუკინისტების შესასვლელებში იმ კალათებში წააწყდებით, რომელსაც აწერია " ყველაფერი 2 ევროდ", რაც გასაკვირი ალბათ თავად ბატონი გლუქსმანისთვისაც არ უნდა იყოს; იქნებ გულში ოცნებობდეს კიდეც, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა გაიგოს საფრანგეთში იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავა კალამმომარჯვებულ მდივნად საქართველოს ვარდისფერ  პრეზიდენტთან... უკვე წინასიტყვაობაში თვითონვე თადარიგს იჭერს:

"ზოგიერთი ალბათ პროპაგანდის მცდელობაში შეიტანს ეჭვს. მე  ასეთებს ვეტყვი, რომ ჩემი "ფერადი რევოლუციების" მხარეს ანგაჟირებამ არა მხოლოდ იმის საშუალება მომცა, პირველს მიმეღო გულახდილი ახსნა-განმარტებები, არამედ აგრეთვე  საშუალება მომცა, დამესვა უხერხული და გამაღიზიანებელი კითხვები არასრულყოფილი, არადამაჯერებელი და კრიტიკას დაქვემდებარებადი დემოკრატიის პრეზიდენტისათვის. თქვენ შეგიძლიათ არ ჩათვალოთ დამაჯერებლად ზოგიერთი მისი პასუხი, მაგრამ მოსმენას ისინი უდავოდ იმსახურებენ". (რაფაელის სახარება. წინასიტყვაობა)

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორასგვერდიანი თავისუფლების ბიბლია  2008 წლის ნოემბერში გამოიცა. ომიდან სამ თვეში. მე ყოველთვის მაკვირვებდნენ ადამიანები, რომლებიც ასე სწრაფად, პატარა ნამცხვრებივით აცხობენ წიგნებს...

ჩემთვის ამ ნაწარმოების მთავარი ინტრიგა წინასიტყვაობის ეს აბზაცია.  მართლაც საინტერესოა, როგორ მოახერხა რაფაელ გლუქსმანმა გამაღიზიანებელი კითხვების დასმა კაცისთვის, რომელსაც  საქართველოს ჟურნალისტთა მთელი არმია ასეთი კითხვებით უიმედოდ  დასდევს, უკვე 5 წელია. და საერთოდ, საინტერესოა, რას თვლის გლუქსმანი არასასიამოვნო და გამაღიზიანებელ კითხვებად?  სწორედ ეს ინტრიგა გახდა მიზეზი, რის გამოც, ერთ-ერთი იშვიათთაგანი გავხდი, ვინც ეს წიგნი ბოლომდე წაიკითხა.

იშვიათად მინახავს, ადამიანს ასე ხალიჩასავით გაეფინოს კითხვები ინტერვიუერისთვის. ამას უდავოდ საბჭოთა ჟურნალისტიკის დიდი  გამოცდილება სჭირდება, რაც რაფაელ გლუქსმანს არანაირად არ შეიძლება გააჩნდეს, ამიტომ პასუხი მარტივია. ჩემი აზრით, ის გარკვეული დროის განმავლობაში უბრალოდ იწერდა პრეზიდენტის საუბრებს, რომლებიც შემდეგ "დაამონტაჟა" და ბოლოს კითხვებიც შეუსაბამა. შემიძლია ალალბედზე გადავფურცლო წიგნი და რამდენიმე შემთხვევით მოხვედრილი კითხვა გადაგითარგმნოთ. თავად დარწმუნდებით, რომ მათგან არც ერთი არ არის ისეთი, რომელიც სააკაშვილს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა.

აი, მაგალითად, ამონარიდი წიგნის სულ პირველი გვერდებიდან, თავიდან, რომელსაც "ომი" ჰქვია.

რ.გ. შეგიძლიათ დეტალურად გაიხსენოთ დღეები, რომლებიც კონფლიქტს წინ უძღვოდა? რა მომენტში იფიქრეთ, რომ ომი მზადდებოდა?

მ.ს. მანამდე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გადამწყვეტი დარტყმა აფხაზეთიდან წამოვიდოდა. წინა თვეებში, რუსების მზადების შემხედვარე, ყველა ვვარაუდობდით, რომ აგვისტო ცხელი თვე იქნებოდა; ასევე - იალტის სამიტზეც, სადაც ბევრი რუსი იყო წარმოდგენილი, პუტინისტიც და ანტიპუტინისტიც, ყველა საქართველოსთან გარდაუვალ ომზე ლაპარაკობდა. ისე მესალმებოდნენ, როგორც სიკვდილმისჯილს. და ბოლოს, რუსების  მიერ აგვისტოში კრიზისების შექმნის მიდრეკილება, როცა დასავლეთში ყველა არდადეგებზეა. თუმცა ასეთ მღელვარებებს მიჩვეულნი ვიყავით.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.