|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ყელის ტბადიდი სიამოვნებით დავთანხმდი, დამეწერა რამე რუბრიკის ქვეშ "იმოგზაურე საქართველოში". დიდი სიამოვნებით იმიტომ, რომ რაც თავი მახსოვს, მართლა აქეთ-იქით დავეხეტები და არათუ კუთხე, საქართველოში ადმინისტრაციული ერთეული არ მეგულება, რომ არ ვიყო ნამყოფი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ გამიხარდა და თანაც ვიფიქრე, სიამოვნებითაც დავწერ და დიდი ტვინის ჭყლეტაც არ დამჭირდება, რა და როგორ დავწერო-მეთქი. და როცა საწერად დავჯექი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მე ამ ქვეყნის თითქმის არაფერი ვიცი. კი, ბევრი მიხეტიალია და ყველგან ნამყოფი ვარ, მაგრამ ის, რაც მნიშვნელოვანია, ის, რაც განასხვავებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ერთმანეთისგან - ადამიანები - მათ შესახებ არაფერი ვიცი. გარდა იმისა, რომ ამ აღმოჩენამ ძალიან დამამწუხრა, დამაფიქრა კიდეც და თვალიც ამიხილა - დროა გავიცნო ჩემი ქვეყანა და ვიყო უკეთესი ტურისტი, ვიდრე ავსტრიელი კლაუსი, ან შვეიცარიელი მარკუსი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დღეს საქართველოს იმ ნაწილზე მოგიყვეთ, სადაც არავინ ცხოვრობს, გარდა გარეული ცხოველებისა და ზაფხულობით კარვებში დაბანაკებული ტურისტებისა. ამ ადგილს ყელის ტბა ჰქვია და დღეს იქ მოხვედრა თითქმის შეუძლებელია. არა იმიტომ, რომ ზამთარია, არამედ იმიტომ, რომ ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიას დღეს რუსი და ოსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. ყელის ტბაზე მოხვედრა რამდენიმე მარშრუტით არის შესაძლებელი და აქედან ყველაზე პოპულარული თეთრი არაგვის ხეობიდან, გუდამაყრის მარშრუტი და ქსნის ხეობის მარშრუტია. ამბობენ, - ქსნის ხეობიდან ჯობს, უფრო შთამბეჭდავია, ბევრად უფრო ლამაზიაო. ეგ მარშრუტი მე არ ვიცი, მე აქედან, არაგვის ხეობიდან წავედი, ზემო მლეთას ცოტა გავცდი და სერპანტინის პირველივე მოსახვევში ჩამოვედი ტრანსპორტიდან, დანარჩენი ფეხით უნდა გვევლო. ოთხნი ვიყავით - თინიკო, დათო, ძია და მე. თინიკოც და დათოც ტყე-ღრეში გამოცდილი მოგზაურები არიან, მეც, ასე თუ ისე ვქაჩავ, აი, ძიას კი აშკარად ეტყობოდა, რო გამოუცდელი იყო. ამას პირველად მაშინ მივხვდით, როდესაც ტრანსპორტიდან ჩამოსულებმა ბარგის გადანაწილება დავიწყეთ. ძიას ისეთი ზურგჩანთა ჰქონდა წამოღებული, ერთი კილომეტრი ორი კილო ბარგიც რო ეტარებინა, მხარზე მოსაკიდებელი ქამრები მხრებს მოაჭრიდა. ეს პრობლემა მოვაგვარეთ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რო თითქმის ჩუსტებით იყო წამოსული, რაც იმას ნიშნავდა, რო ერთი ათჯერ მაინც გადაუტრიალდებოდა ფეხი და შეიძლება უკან მობრუნებაც კი დაგვჭირვებოდა. ძიას სასახელოდ უნდა ითქვას, რო ყველაზე მაგრად იარა. მაშინ 15 წლის იყო. დავიძარით და პირველი დაბრკოლება იქ შეგვხვდა, სადაც ყაზბეგას სახლი დგას და სახლს კიდევ რამდენიმე ქოფაკი იცავს. ყაზბეგას სახლი არაგვის მარჯვენა ნაპირზე (დინების მიმართულებით) სულ მარტო დგას, შეფენილი მთის ფერდზე. ყაზბეგა სახლში არ იყო, მისმა ქალიშვილებმა კი ძაღლებს ვერაფერი მოუხერხეს, ამიტომაც თითქმის კედელზე მოგვიწია ხოხვა. როგორც იქნა, ავიარეთ ყაზბეგას სახლს უკან მთის ფერდი და გავსწორდით. პირველივე ნახევარ საათში ისე დავიღალე, ვიფიქრე, აქვე გავშლი კარავს-მეთქი. სწორზე მწყემსები შეგვხვდნენ. სალამ-ქალამის შემდეგ, - აბა, საით გაგიწევიათო, - და რო გაიგეს, ყელის ტბაზე მივდიოდით და თან ჩემი ქოშინიც დიდხანს ისმინეს, თავი გააქნიეს და გზა დაგვილოცეს. კი გაგვიკვირდა, უხალისოდ რო აგვიხსნეს გზა, ხელებით და თავის გაწევ-გამოწევით, მაგრამ სამი დღის შემდეგ, როდესაც ტბას მივაღწიეთ, მივხვდით რატომაც გვიხსნიდნენ უხალისოდ - ამხელა გზის ჩვენება შეუძლებელია და განსაკუთრებით მაშინ, როცა თითქმის გზის დასაწყისში ხარ. მიგნებით კი მივაგნებდით, ტოპოგრაფიული სამხედრო რუკაც გვქონდა და თან თბილისიდან ერთი თვით ადრე ყელის ტბაზე ნამყოფი ჯაბა მალაღურაძეც ხაზზე იყო, და თუ სადმე ორიენტირს ვკარგავდით, ეგრევე ზარი ჯაბასთან და, ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა. ორსაათნახევარი ისე ვიარეთ, ერთხელაც არ გავჩერებულვართ და საკმაოდ დიდი და რთული მონაკვეთი გავიარეთ. დასასვენებლად რო დავსხედით, დავინახეთ, რო გუდაური თითქმის მოტოვებული გვქონდა. ისე კი, უცნაური სანახავი იყო ხევის მეორე მხარეს მოტიტვლებული გუდაური. ამის შემდეგ კიდევ ცოტა ვიარეთ, რამდენჯერმე შევისვენეთ და არაგვის სათავესთან მისულებს, იქ, სადაც მიწას მოწყვეტილი მდინარე ჩანჩქერად იქცევა, დავბანაკდით. პირველმა დღემ, რუკის და ჯაბას მონაცემების თანახმად, საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, ანუ მეორე დღეს, დაახლოებით ხუთი-ექვსი საათისთვის უკვე ყელის ტბა უნდა გვენახა. იმ ღამეს დავკრიფეთ დეკა და გზად დათრეული ფიჩხიც მივაყოლეთ და მშვენიერი კოცონი გამოგვივიდა. დავლიეთ არაყი, რომელიც იმდენი გვქონდა, სად წაგვეღო, არ ვიცოდით და დავიძინეთ. უფრო სწორად კი დავეყარეთ კარვებში და გავითიშეთ. მეორე დღე უფრო რთული იყო, ვიდრე წინა ღამით წარმოგვედგინა, ცეცხლის გარშემო მჯდომები არაყს რო ვურტყამდით. პირველად სწორად ყელის ტბაზე გამოვცადე, თუ როგორი მძიმე შეიძლება იყოს "პახმელია". მე და დათო დავიტანჯეთ, რაც შეეხება ძიას და თინიკოს, მათ არაფერი ეტყობოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ძია და თინიკო მკვირცხლად შეუყვნენ ბილიკს, იძულებულნი გახდნენ, ჩემი და დათოს ტემპს მორგებოდნენ, ამიტომაც ყელის ტბა ვერც იმ დღეს ვნახეთ. თუმცა, ერთი ათჯერ მაინც იყვირა წინ წასულმა ძიამ, - ვხედავ, ვხედავო, მაგრამ... ჩვენ ვულკანურ პლატოს მივუყვებოდით, სადაც რამდენიმე ათეული ტბა არის და ალბათ გაზაფხულობით კიდევ უფრო მეტი. ღამე ერთ-ერთი პატარა ტბის ნაპირას გავათიეთ. კარვები ქვიშაზე გავშალეთ და გავიმეორეთ ის, რაც წინა ღამით - კოცონი, ოღონდ ცოტა მოკრძალებული და დალევაც კიდევ უფრო მოკრძალებული. რაშიც თავი არ დავზოგეთ, ჭამა იყო. გემრიელად მივირთვით და მკვდრებივით დაგვეძინა. დათომ დილაუთენია წამოგვყარა. ჩვენ პატარა სანაპიროს ჯერ მზე არ მოსდგომოდა, კერა, რა თქმა უნდა, გაციებული იყო, და ამიტომაც ჩავიცვით ყველაფერი, რაცკი თან გვქონდა, რამენაირად სიცივეს რომ არ ავეტანეთ. დათომ ჯერ დასიებულ სახეებზე შემოგვხედა, მერე კარვების გარშემო და მთელ პლაჟზე ჯერ კიდევ თბილი დათვის ნაკვალევი გვანახა და ხელი ჩრდილოეთით გაიშვირა, - ამ გორას იქით ყელის ტბა არისო. ყელის ტბა მართლაც ულამაზესი სანახაობაა, მით უფრო დილაუთენია, ჯერ კიდევ ჰაერი რო არ იძვრის და ტბას მზის სხივები არ დასდგომია. გგონია, თითქოს უზარმაზარი სარკის ნამსხვრევი გდია და მასში ყველაფერი ჩანს, რაც მას ზევით არის. მზის ამოსვლის შემდეგ ნიავიც დაუბერავს ხოლმე და გარდა იმისა, რო ტბა მზის სხივებს ირეკლავს და მისი სრული სილამაზით დატკბობას ვერ ახერხებ, ტბაც ლივლივს იწყებს, და სარკის ეფექტიც მომავალ დილამდე ქრება. დილაობით ყელის ტბა ყველაზე ლამაზია. გადავიღეთ ფოტოები, ვიბოდიალეთ აქეთ-იქით და ორ საათში ბანაკში დავბრუნდით. ჯერ ათი საათიც არ იყო. გადავწყვიტეთ, მალევე ავბარგებულიყავით, რომ ის მანძილი ერთ დღეში ჩაგვევლო, რომლის ამოვლასაც თითქმის სამი დღე მოვანდომეთ. აქ ცოტათი კანონზომიერების დარღვევა მოვისურვეთ ალბათ, და ამიტომაც მოხდა ისე, რომ მაინც მეორე დღეს ჩავედით. მე მთელი მეორე დღე წელი მაწუხებდა. ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ყოველ ღამე წვიმდა. ჩემ კარავში წყალი შემოვიდა, შესაბამისად საძილე ტომარაშიც და წელი ამიტომაც მტკიოდა - გამიცივდა. წელის ტკივილის გამო, ჩემთვის ადგომა-დაჯდომა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომაც დათოს, თინიკოს და ძიას ვუთხარი, - მე წავალ, არ გავჩერდები, გახურებულზე საერთოდ არ მაწუხებს წელის ტკივილი, და არაგვის სათავესთან დაგელოდებით, იქ, სადაც პირველი ბანაკი გვქონდა-მეთქი. ძიამ, - მეც წამოგყვებიო. საათნახევარი-ორი საათი იყო, რაც გზაში ვიყავით, მე და ძიამ სროლის ხმა რომ გავიგეთ. ძალიან შორს, დაახლოებით 40 წუთის სავალში ქვევით დავინახეთ, წერტილები მოძრაობდნენ. ძიას ფილოსოფიურად ვუთხარი, - მწყემსები, მათთან შევისვენოთ და იქ დაველოდოთ დათოს და თინიკოს-მეთქი. თან გამორიცხული იყო, დათო და თინიკო აგვცდენოდნენ - უკანა გზაზე ვიღაც ღვთისნიერის მიერ აგებულ ყორღანებს მოვყვებოდით. დაახლოებით 40 წუთში ადგილზე მივედით. მანამდე ვხედავდით, რომ მწყემსები რაღაც უცნაურად გადაადგილდებოდნენ. არც რამე ოთხფეხი დაგვინახავს და ცოტა ეჭვი კი შემეპარა - მწყემსებისთვის ცოტა უცნაურად იქცევიან-მეთქი. მერე ვიფიქრე, მონადირეები იქნებიან, აბა, სხვა ვინ უნდა იყოს-მეთქი... Руки вверх! - დიდი ლოდის უკნიდან გამოძვრა ახალგაზრდა ყმაწვილი და ავტომატი მოგვიშვირა მე და ძიას. მას კიდევ ორი დაეხმარა - მოგვიშვირეს რუმინული კალაშნიკოვები; დაგვაგდეს ქვასთან და გვეკითხებიან ათას სისულელეს. ძიას უხარია, ერთფეროვნულ თბილისურ ცხოვრებას მოწყვეტილი ასეთ ამბავში რო გაეხვია. ვერ ხვდება, რამდენად სერიოზულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ამიტომაც რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს, მესაზღვრეებს ელაპარაკება. აღმოჩნდა, რომ ოსი მესაზღვრეები ყოფილან და ჩვენ გვადანაშაულებენ საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ჯაშუშობაში. მე და ძიას (15 წლის არის!). არაფერს არ გვეუბნებიან, გარდა იმისა, რო ცხინვალში უნდა წაგვიყვანონ და ხელისუფლებას გადაგვცენ. გვეუბნებიან, რომ თავის მეგობრებს ელოდებიან და, როგორც კი ისინი მოვლენ, ცხინვალისკენ დავიძვრებით, მაგრამ გამოჩნდა ერთი პრობლემა - როდესაც გვკითხეს, მარტო ხართ თუ არაო, - ვუთხარი, - კი-მეთქი. ამ ჩემმა დაუფიქრებელმა პასუხმა კინაღამ იმსხვერპლა დათო: სანამ მესაზღვრეების მეგობრებს ველოდებოდით, ერთ-ერთი მესაზღვრე, რომელსაც შემდეგში როდოდენდრონი შევარქვით, დურბინდით არემარეს ათვალიერებდა. უცებ შაშხანა (სნაიპერსკი ვინტოვკა რა) მოიმარჯვა და ჩაუჯდა. მეორემ ჰკითხა, - რა ხდებაო, - და როდოდენდრონმა, - ვიღაც ზანგი და ქალი მოდიანო. ზანგი დათო იყო, წვერებში და დამწვარი სახით. ამიტომაც, სანამ ყველაფერს მივხვდებოდი, ინსტინქტმა დაასწრო ჩემ გონებას და სასწრაფოდ იყვირა - не стреляйте, они с нами... სანამ დათო და თინიკო ჩვენამდე მოვიდნენ (გზაში მათაც ეგონათ, რომ მწყემსები დახვდებოდათ), ავუხსენი მესაზღვრეებს, რომ არ მომიტყუებია ისინი, როდესაც ვუთხარი, მარტო ვართ-მეთქი. ჩვენზე წინ იყვნენ და მეგონა, უკვე უნაგირს იქით იქნებოდნენ და ამიტომაც გითხარი, რომ მარტო ვართ, ესენი აქ მოჩანჩალებენ-მეთქი. დათო და თინიკო გაღიმებულები მოვიდნენ, თინიკოს გზად ალპური ყვავილების თაიგულიც კი შეეკრა. როცა მიხვდნენ, რაში იყო საქმე, ისეთივე გაღიმებულები დარჩნენ და გვერდით მოგვისხდნენ. ჰოდა ვისხედით ასე გაღიმებულები, სანამ ის სამი მესაზღვრეც არ მოვიდა. ყველაზე უარყოფითი გმირი ტერორისტი თუ გაგახსენდათ ვინმე, რომელიმე ამერიკული "ბოევიკ"-ტრილერიდან, აი, სწორად ეგ გმირი იყო ერთ-ერთი იმ სამიდან და ამიტომაც მის დანახვაზე ღიმილი ბუნებრივად წამეშალა და საშინელი მწუხარება გამომეხატა სახეზე. ყველაფერზე ვიფიქრე, რაც კი დამიშავებია ცხოვრებაში და ვინანე ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემეძლო და არ გავაკეთე. კბილებამდე შეიარაღებული, ცხენზე ამხედრებული შამილ ბასაევი მოემართებოდა ჩვენკენ დინჯად და ცხენის ყოველი ნაბიჯი მაახლოვებდა ინფარქტთან, არადა ასეთი ახალგაზრდა ვიყავი. საბედნიეროდ, შამილ ბასაევი მხოლოდ "ვიდზე" აღმოჩნდა შამილ ბასაევი და იმ ექვსკაციან ჯგუფში მთავარი და ყველაზე საშიში თურმე სულ სხვა ყოფილა, სახელადაც და გვარადაც "ძედუშკა", რომლის სიტყვაც ისეთივე კანონი იყო დანარჩენი ხუთისთვის, როგორც - ვენესუელის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისთვის უგო ჩავესის სიტყვა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დაგვავლეს ხელი და ნარნარით ჩამოვლილი ეს დაღმართი სულ აღმართად გვიქციეს - ცხინვალისკენ გზას შევუდექით. როცა მივხვდით, რო არ მოგვკლავდნენ, დავიწყეთ ჯერ ტკბილი სიტყვით ახსნა, რომ აგენტები არ ვართ, მერე ცოტა წავიწუწუნეთ, მერე მხოლოდ ვწუწუნებდით და ბოლოს როცა ფეხები აღარ გვემორჩილებოდა და არც გონება, ისევ ინსტინქტმა გამოგვიყვანა მდგომარეობიდან და გავბრაზდით. უფრო სწორად კი, თინიკო გაბრაზდა, ჩვენ კი თინიკოზე ვბრაზობდით, - ნუ უყვირი, აქვე დაგვხოცავენ, დაგვჩეხავენ, დაგვყრიან და ეგეთი რამე-რუმეები. თინიკომ თავისი გაიტანა: მაშინ მაღლაფერიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი იყო, ამათ ვუთხარით, გადარეკეთ ცხინვალში, გადარეკონ ვასოსთან და იქ გაარკვევენ, ვინ ვართ ჩვენ. ამან გაჭრა, მირეკვა-მორეკვის შემდეგ გვითხრეს, - დღეს ვეღარ გაგიშვებთ და ღამე ერთად უნდა გავათიოთ, ხვალ კი თქვენ გზაზე მიბრძანდითო. იმ ღამეს ისევ ის გავაკეთეთ, რასაც წინა ღამეებში ვაკეთებდით - ისეთი კოცონი გვქონდა, ჯორდანო ბრუნოსაც კი შეშურდებოდა, არჩვის მწვადები (ამათ იქ უნადირიათ კიდეც), ცოტა არაყი და ცოტაც სპირტში გაზავებული წყალი. მაშინ კი ვინანეთ, სიმძიმის გამო პირველ ბანაკთან ორი ლიტრი არაყი რო დავტოვეთ, მაგრამ ვერაფერს ვიზამდით - ვსვით და ვსვით ეს წყალნარევი სამედიცინო სპირტი. სადღეგრძელოებში ყველამ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკის დედაც და ჩვენ ძმები და დები ვართ, რამ გაგვყო ოსი და ქართველები, რო ორივე მართლმადიდებლები ვართ და დავიძინეთ, მაგრამ ტკბილად ვერა, იმიტომ რომ ისევ გაწვიმდა და ისევ დავსველდი. დილით ფოტოები გადავიღეთ, ძიას ავტომატიც კი მისცეს ხელში და ხელიც გადახვიეს. "ძედუშკამ" თავისი ტელეფონი ჩაგვაწერინა, ჩვენ ჩვენი მივეცით და სახლში მშვიდობით დავბრუნდით. ომამდე "ძედუშკაც" რეკავდა და ჩვენც ვრეკავდით მასთან, ომის მერე კი ჩვენი ტელეფონები დადუმდა. დადუმდა ყელის ტბაც, იმიტომ რომ იქ, ქართველების და საქართველოში ჩამოსული ტურისტების გარდა, არავინ დადიოდა და ისიც ძალიან იშვიათად, ახლა კი ალბათ აღარავინ დადის და, ვინ იცის, კიდევ რამდენი წელი იქნება ასე. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
Giorgi (შეუმოწმებელი), თებერვალი 29, 2012, 11:51:14
"აქედან ყველაზე პოპულარული თეთრი არაგვის ხეობიდან, გუდამაყრის მარშრუტი და ქსნის ხეობის მარშრუტია. "
გუდამაყრის ხეობა საერთოდ სულ სხვა მიმართულებაზე მდებარეობს და ყელის ტბასთან არანაირი შეხება არა აქვს.
მთლიანობაში ძალიან საინტერესო სტატიაა და უღრმესი მადლობა ავტორს!
lasha.20 (შეუმოწმებელი), ივლისი 2, 2010, 00:12:37
ვეთანხმები ana-ს მართლაც კარგი სტატიაა. მოგონებები გამიღვიძა და სინანულის გრძნობა დამეუფლა თავის დროზე მე რომ ვერშევძეი ამ გზის ბოლომდე ავლა და შუა გზიდან მოვბრუნდი იმ იმედით რომ მომდევნო წელს ავიდოდი, მაგრამ უკვე მე-6-ე წელი იწურება და ალბათ კიდევ მრავალი წელი გაივლის.თუმცა იმედს არ ვკარგავ რომ ოდესმე ამ გზას ბოლომდე ავივლი.
ana (შეუმოწმებელი), მაისი 23, 2010, 13:30:14
ძალიან მაგარი სტატიაა, ჟურნალისტური გამოცდილებიდან ვამბობ, მართლა ძალიან მომეწონა. სულით და გულით მომინდა ყელის ტბის ნახვა
დატოვე კომენტარი