warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 22 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ფრინველებზე დაკვირვება

იმოგზაურე საქართველოში
ივრის ჭალაში იშვიათი ფრინველების სანახავად ავსტრალიიდანაც ჩადიანო, - და გულმა ჩვენც ვეღარ გაგვიძლო. უცხოელების შემოტევის მიზეზი ჭაჭუნას აღკვეთილში ნაპოვნი ბუდე იყო, რომელიც ბექობის არწივს და მის მართვეს ეკუთვნოდა.

ეს სახეობა ბუნებას მხოლოდ 11-15 წყვილი შემორჩა. აქედან კახეთში სამი წყვილი ბინადრობს, მათ შორის ორი - სწორედ ჭაჭუნას აღკვეთილშია. მთის არწივისგან ის ზომითაც განსხვავდება, ფერითაც და ფრენის მანერითაც. ზრდასრული არწივი ზურგის მუქი შეფერილობით და მხრის თეთრი ლაქებით ხასიათდება. მისი ადგილსამყოფელი მშრალი ნათელი ტყეები, ბარის სტეპები და ჭალების მახლობლად მდებარე ნახევრადუდაბნოებია. სხვა ადგილებში მხოლოდ სეზონური გადაფრენისას გვხვდება.

ჩვენი ექსპედიცია მძღოლისგან, ოთხი ჟურნალისტისგან, ორი რეინჯერისგან და ერთი ნატურალისტისგან შედგებოდა. ჯგუფის ხელმძღვანელობა აღკვეთილის დირექტორმა აიღო. კახელ რეინჯერებს და მათ შეფს, ბოლო პერიოდში ფრინველების გარდა, უცხოელების დაკვირვებაც რომ უწევდათ, დროც ბევრი ჰქონდათ და ჩვენთვის მოსაყოლი ისტორიებიც:

"ჩვენთვის რა, ყოველდღიურად კაცს ხაშლამაც მოგწყინდება, უცხოელებს კი ჩიტების ყურება, მგონი, ხაშლამის ჭამასაც ურჩევიათ. ეგენი ჩიტებს უყურებენ, ჩვენ კიდევ - მაგათ ვუყურებთ და ყველანი კმაყოფილები ვართ".

"ერთი გაეფრთხილებინათ, - საქართველო კრიმინალებითაა სავსეო. როცა ნახა, რომ ზედ გადავყევით, გული აუჩუყდა, - მეც მინდა პატივი გცეთო, - და შარვლის გახდა დაიწყო. გულები გადაგვიქანდა, სანამ გავარკვევდით, შარვალში რასაც მალავდა და პატივისცემაში რასაც გულისხმობდა - კრიმინალებისგან შეშინებული თურმე იმ სიცხეში ორი შარვლით დადიოდა და ფულს შიდა შარვლის ჯიბეში ინახავდა".

"ბელგიელებმა სვავი დაიჭირეს, ფრთის ძირში სპეციალური მოწყობილობა დაუმონტაჟეს და მისი მარშრუტი შეისწავლეს. გადაიარა აზერბაიჯანი, გადავიდა ირანში, ზამთარი იქ გაატარა, გაზაფხულზე დაბრუნდა და ჭაჭუნაში ორი კვირა დარჩა. ამის შემდეგ დაღესტანში წავიდა და ახლაც იქ არის".

"მალე ორბებისთვის რესტორანს გავხსნით და უსაფრთხო ლეშით გავუმასპინძლდებით. მოდით მერე და უღეთ სურათები".

"ჭაჭუნაში კავკასიის ექვსი ქვეყნის მეცნიერები შეიკრიბნენ და ბექობის არწივის ბუდეც მაგათ იპოვეს. გაგვაფრთხილეს, - ახლოს არ მიხვიდეთო და ჩვენც შორიდან ვუთვალთვალებთ".

ლაპარაკ-ლაპარაკში დანიშნულების ადგილსაც მივუახლოვდით და აპარატურა გავმართეთ. სულ ტყუილად, ბუდე ადგილზე არ დაგვხვდა. ჭალაში ჩავედით. ბუდე აღარ იყო.

"სად ჯანდაბაში წავიდა? ეს არწივი მარტო მე ხომ არ ვნახე? მთელი ევროპა დურბინდით უყურებდა", - ვიშვიშებდნენ მასპინძლები.

ობიექტი ვერ მოიძებნა და კითხვაც - სად გაქრა ბექობის არწივი, პასუხგაუცემელი დარჩა. მეტ-ნაკლებად ზუსტი პასუხი ცვლაზე აღკვეთილისკენ მიმავალმა რეინჯერმა გაგვცა, რომელიც ხელმოცარულებს უკანა გზაზე გადაგვეყარა - შააღონეს და წავიდოდა, მაშ რა იქნებოდაო.

რამდენიმე ხანში დედოფლისწყაროდან სასკოლო კონფერენციაზე გამარჯვებული ნამუშევრები გამოგვიგზავნეს. ერთ-ერთი - ბექობის არწივის მართვეზე იყო, რომელსაც სახლში ზრდიდნენ. არწივის უცნაურ გაუჩინარებასაც ფარდა აეხადა. ამჯერად ქიზიყის გზას სერიოზული მისიით - არწივის გადასარჩენად გავუდექით. თუმცა, რაღა დროს.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.