|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ფრანკფურტის ბაზრობის შემოგარენისაინტერესო ის იქნებოდა, დონ კიხოტი რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მოხვედრილიყო. ალბათ, ესპანეთის პავილიონში მივიდოდა და იქ ერთგვარი განსჯის შემდეგ არტურო პერეს-რებერტეს რომანების კითხვას შეუდგებოდა. ჩამოჯდებოდა იქვე, ადგილის პოვნა ყოველთვის შეიძლება. თუმცა, იმ ძველი საუკუნის კაცს, ალბათ გარშემო ჩამომდგარი თითქოს სამუდამო ხმაური მეტად შეაწუხებდა. მეორე მხრივ კი, დარბაზების განათებით იქნებოდა კმაყოფილი, მოგეხსენებათ, იმ ძველი დროის მკითხველებს სანთლის შუქზე უხდებოდათ წიგნების ფურცვლა. ხმაური კი მართლაც, ო-ჰო-ჰო, გვარიანი დგას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. გასაკვირიც არაა, ათიათასობით ადამიანი მოძრაობს უშველებელ დარბაზებში და მათ შორის ისე, რომ შიდა ავტობუსებიც კი მოიხმარება. ყოველ ოქტომბერს ფრანკფურტი არის ადგილი, სადაც მთელი მსოფლიოს გამომცემლები და წიგნით მოვაჭრენი შეიკრიბებიან ხოლმე და დარბაზებში მოხეტიალე, მორბენალი, თუ უბრალოდ მთვლემარე წიგნის მკითხველთა და მოყვარულთა თვალწინ, დიდ საქმეებს აგვარებენ. დიდი საქმეები ახალი წიგნების გამოცემის უფლებების ყიდვა-გაყიდვაა. მსოფლიოში უამრავი წიგნის ბაზრობაა, მაგრამ იმათ შორის ყველაზე დიდი ფრნაკფურტისა გახლავთ, დიდი საქმეებიც, როგორც ამბობენ, იქ იჩარხება ხოლმე. საქმეთა ჩარხვის გარდა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა კულტურულ ღონისძიებებსაც უხვად წარმოადგენს ხოლმე, იქ, ყოველ ქვეყანას თავისი პავილიონი აქვს და იქავე ცალ-ცალკე კუთხეებს აწყობენ იმ ქვეყნების გამომცემლები. რახან ბაზრობა მაინც წიგნისაა და რაც არ უნდა ვაჭრობა მიმდინარეობდეს გამომცემელ-აგენტთა შორის, წიგნი მაინც კულტურას ნიშნავს და ამიტომ იქ ლამის ყოველ ორმოცდაათ ნაბიჯში კლუბია გამართული, სადაც რაგინდარა საწიგნე, თემაზე საუბრობენ. იქავეა განთქმული ლურჯი სავარძელი, სადაც იმ სავარძელზე მეტად განთქმულ საერთაშორისო მწერალს ჩასვამენ ხოლმე და მასთან საუბარი ტელეარხებით გადაიცემა. ავტოგრაფების მაგიდებიცაა და მთელი ამბებიც. ორომტრიალია, მოკლედ, მწერალი ლაპარაკობს ხალხი კი გადი-გამოდის და ეს, რაღაცით, იარმარკებსაც გაგვახსენებს, თეატრის ნაკუწსაც და ათას სხვა ძველ ევროპულ ამბავსაც. თუმცა, იქ, ევროპა კი არა, მთელი მსოფლიოა გამოფენილი. მრავალ ასეთ თავშეყრათა და დაგეგმილ ამბავთა შორის ერთ-ერთი ცნობილია წლის პატივდებული სტუმარი ქვეყნის წოდება, თითქმის არასდროს ყოფილა რომ სტუმარი გამეორებულიყოს. გარეგნული იერითაც, სტუმარი ქვეყანა გამორჩეულია ხოლმე და ღონისძიებათაც ყველაზე მეტს მართავს, არამხოლოდ ბაზრობაზე, არამედ ქალაქშიაც. ეს საპატიო ამბავია, კაი დიდი ფულიც ჯდება და მხოლოდ იმ ქვეყნის საზოგადო იერზე კი არ მოქმედებს კარგად, არამედ იმის მწერლებსა და გამომცემლებს ძალიან წაადგება ხოლმე. არავინ ამბობს, რომ ესა თუ ის ქვეყანა საპატიო სტუმრად რომ არ ყოფილიყო, მის წიგნებს და სამწერლო და საგამომცემლო კულტურას ვერავინ გაიცნობდაო, მაგრამ ბევრი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადრეც რომ ვყოფილვარ ფრანკფურტის ბაზარზე, იქ წლის სტუმრად თურქეთი იყო. ახლა უნდა ნახოთ თქვენ თურქეთის სტენდები და იმათი ფართობი. ერთ-ერთი საუკეთესოა და თურქ ავტორებსაც იმას აქეთ კაი ხნის გარღვეული აქვთ საერთაშორისო საგამომცემლო კედელი. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ პატივცემული სტუმრობით არ ხდება, არამედ ქვეყნის შიგნით მწერლობის მოხმარების აუცილებელი პროგრამებითაც, რაც უამრავ ქვეყანაში მოქმედებს. წლეულს ასეთი სტუმარი იყო ისლანდია. ისლანიდია განთქმულია ძველი მწერლობით და არის პატარა ქვეყანა დედამიწის კიდეზე. ევროპის მკითხველებში კი ისლანდია ცნობილია თავისი დეტექტიური ლიტერატურით, რომელიც ბოლო ხანს ძალიან წამოიქაჩა, რახანღა მოხერხებულად აედევნა სკანდინავიურ დეტექტიურ ლიტერატურას, ახლა მეტად მოდაში მყოფს. იმავე დროს, ისლანდია არის ქვეყანა, სადაც დანაშაული თითქმის არ ხდება და დეტექტიური ლიტერატურა კი უფრო მოგონილია, ვიდრე ნამდვილი ცხოვრებიდან გამომდინარე. ეს უცნაურობა იმაზეც მიგვანიშნებს, რომ მწერლობა კვლავაც გამონაგონის ამბავია, თუმცა კი დღევანდელ მწერლობაში და მასთან ერთად საგამომცემლო და სავაჭრო საქმეში მეტი და მეტი მოთხოვნაა არაგამოგონილ წიგნებზე, ნონ-ფიქშენზე. ამის შესახებ ფრანკფურტშიაც ბევრს ლაპარაკობდნენ და მიანიშნებდნენ და ეგ ამბავი ისედაც ცნობილია, ევროპის წიგნის დახლებს რომ გადახედავ, ანდა მეტროში გადაშლილ წიგნებს, დაინახავ, რომ ნონ-ფიქშენი ინტერესის საგანია. ოღონდ, ეს ნამდვილია, რომ მოვაჭრენი და გამომცემლები უფრო, სწორედ ნონ-ფიქშენისკენ უბიძგებენ ახალ ავტორებს. ისლანდიას რომ მივუბრუნდეთ, იმათთვის ფრანკფურტის საპატიო სტუმრობა დიდი ამბავი ჩანდა. იმ პატარა კუნძულზე ლიტერატურულად წერას სკოლაშივე ასწავლიან, ისევე როგორც, ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში და ბავშვი რომ მეხუთე კლასიდან მოთხრობის წერას სწავლობს, დიდი საქმეა. მხატვრული ლიტერატურის გამოცემის მხრივ ისლანდია პატარა ქვეყანად ითვლება, სულ 1500 მხატვრული წიგნი გამოდის წელიწადში. მაგრამ ეს წიგნები, თარგმნილი და გამზადებული უკვე მეტ და მეტ ადგილს იკავებს ევროპის წიგნის მაღაზიებში. ამ ისლანდიისას იმიტომ მოგახსნებთ, რომ ოთხ წელიწადში, ალბათ, საქართველო იქნება ფრანკფურტის ისეთივე სტუმარი, როგორიც წელს ისლანდიაა და საქართველოც არის ისლანდიაზე კიდევ უფრო ძველი მწერლობის ქვეყანა, ისევე პატარა და თუმც კი დანარჩენში ჩვენი ქვეყნები არაფრით ჰგვანან ერთმანეთს, იმათი გამოცდილება სასარგებლო იქნება. ესეც არის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის განვითარებული ჟანრული ლიტერატურა, რომელსაც მიაქვს დღევანდელი წიგნის მაღაზიის მხატვრული ლიტერატურისთვის განკუთვნილი თაროების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ვინ იცის, ეგებ, ეგ კარგიც იყოს, რომ დიდად არ აჰყვე საერთო მდინარებას და ის აკეთო, რაც უფრო უკეთ გამოგდის და თავიც იმით დაანახო. ამ ამბების ლაპარაკი და თხრობა სულაც არ მეხალისება, იმიტომ, რომ მაინც გამოყოლილი მაქვს ის განცდა, რომ წიგნი კარაქისგან განსხვავდება და მისით ვაჭრობა ცოტა სხვანაირი უნდა იყოს, ვიდრე კარაქით ვაჭრობა, მაგრამ პირად ლაპარაკში გამოცდილ წიგნით მოვაჭრეთაგან გამიგონია, რომ სხვაობა სულაც არ არის დიდიო, ორივე გასაყიდიაო. ეგეთი ცნობილი ფრაზაც არსებობს, Publishing is not about writing, it’s about marketing. იმდენად ბიზნეს გამოთქმაა, რომ ქართულად ვერც გადმოვთარგმნე ხეირიანად. ფრანკფურტიც ამის ადგილია. თუმც კი, მაინც ყველანაირ გამომცემელს და აგენტს შეხვდები. იმიტომაც არის ასეთი უკიდეგანო, რომ ყველა დაიტიოს. იქაურ წიგნის ბაზრობაზე ცალკე დგას ინგლისურ-ამერიკული შენობა. იქავე არიან სხვა ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებიც. ცხადია, შენობა ერთადერთია, რომლის შესასვლელშიც ჩანთებს გიმოწმებენ. ჰოდა, მთავარი ამბებიც იქ ხდება ხოლმე. ამ ქვეყნებს არა მხოლოდ ყველაზე ძლიერი გამომცემლობები და სააგენტოები აქვთ და არა მხოლოდ ყველაზე ფართო მკითხველი, თუნდაც მხოლოდ მათი ენიდან გამომდინარე, არამედ მათი ავტორებიც ყველაზე ცნობილნი არიან მსოფლიოში. ბევრი კითხულობს, ნიშნავს, ბევრი ყიდულობს. ამიტომაც, იქ მთელი ვეშაპობა-ზვიგენობაა თავშეყრილი და მიდის საქმეთა ჩარხვა. ისინი ძალიან ბევრგან ყიდიან უფლებებს და თავადაც ბევრს ყიდულობენ ერთმანეთისას. სხვას, ცოტა არ იყოს, ნაკლებად და ნაკლები და დიდი შერჩევით. ამ ანგლო-ამერიკულ შენობაში რომ შემოხვალ, გინდა თუ არა, მაინც გაიფიქრებ, გსურს, თუ არა, რომ იყო ამ მოძრაობის ნაწილი. რაღაცნაირად გსურს, იმიტომ, რომ წიგნის არსი ეგაა, რომ წაიკითხონ და მწერლის სურვილიც ესაა, რომ თავისი წიგნით იშოვოს სარჩო-საბადებელი, მაგრამ რაღაცნაირად არ გინდა, იმიტომ, რომ ფიქრობ: იმასთან რის გამოც ვწერ, ამას რა კავშირი აქვსო. მერე ეგეც არი, ვინ გეძახის რო? იმათ თავზე საყრელი აქვთ თავისი და შემოწმებული და ჩაწიკწიკებული. თანაც ისეთი, რასაც მილიონები კითხულობენ, მეტროში, თვითმფრინავში, სახლში, რა ვიცი, კიდევ სად, კაფეშიც კი. შენ კიდევ ვერ კითხულობ. თანდათან ხვდები, რომ ხარ სადღაც, სადაც თითქოს არ უნდა იყო და არც ხარ შეიძლება ითქვას, რადგან ფრანკფურტის ბაზრობაზე უსაქმოდ ყოფნა თავისთავად ტურიზმია და მეტს არაფერს ნიშნავს, საქმე კი იქ არაფერი გაქვს, იმიტომ, რომ არავის დაუძახია, მოდი, ერთი შენი წიგნი მოვსინჯოო. შეგრძნება საინტერესოა, იმიტომ, რომ რაღაცის ახლოს ხარ და აკვირდები, ამბებს იგებ, ტენდენციებს, მიმართულებებს, მოგიყვებიან ლეგენდებს ამ სამყაროს სიხისტის შესახებ, მრავალმილიონიანი ხელშეკრულებების ამბებს, გრიშემებს, როულინგებს, კინგებს, კლენსიებს, პრეჩეტებს, ყველაფერს აგიხსნიან, ჩემპიონთა ლიგის ისტორიებს. სასარგებლო წიგნიც შეიძლება იყიდო: "როგორ დავწეროთ ბესტსელერი?" და როგორ დავწეროთ? მხოლოდ ჟანრულზე არ მოგახსენებთ, ისეც, ჩვეულებრივსაც, ჯენერალ ფიქშენს რომ ეძახიან. გააჩნია, როგორ უდგები საქმეს. თუ წერა უფრო ხატვას და სპექტაკლის დადგმას ჰგავს შენთვის, მაშინ ეგ წიგნი არ გამოგადგება, თუ-სახლის შენებას, ეგებ გამოგადგეს კიდეც. მოკლედ, სურათები ასეთია. არ ვიცი, დონ კიხოტი რას იფიქრებდა ამის შესახებ, ალატრისტეს ამბები კი მოეწონებოდა, ალბათ, იმ წიგნებში, ესპანურ პავილიონებში რომ ნახავდა, მაგრამ აი, კომიქსები რომ ეთვალიერებინა, რას გაუგებდა, არ ვიცი. ვაჭრობასა და აღებ-მიცემობაზე ლაპარაკი შეაწუხებდა. ნამდვილად შემაწუხებელია და იმიტომ. საერთოდ, ეს ფრანკფურტი არ არის სადონკიხოტე ადგილი. ამ ადგილს, მგონი, რაბლე მოუხდებოდა. უ, რაებს ჩაახვევდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რაებს ააწყობდა და ააბობოქრებდა, ნამდვილ ფოიერვერკს გამართავდა თავისი რვეულის ფურცლებზე. სწორედ ის უნდა ყოფილიყო აქ და მისი თვალით უნდა შეგეხედა აქაურობისთვის. ფრანკფურტის ბაზრობას კი კარგი ისიც აქვს, რომ ამდენი წიგნის შემხედვარე, ცუდ ხასიათზე ვერ იქნები. ფურცვლაც არ უნდა, სიარულიც ყოფნის. მიდიხარ და ბოლო არა აქვს, გადადიხარ ხიდებზე, შედიხარ ისევ წიგნებში, გამოდიხარ, ადიხარ, ჩადიხარ. სულ წიგნები და წიგნები. თუ დაიღალე და, გახვალ შიდა ეზოში, სადაც გემრიელი ფრანკფურტერები იყიდება, რომელსაც ჩვენ ივერია-სასისკის სახელით ვიცნობთ. იქაც ლუდი, იქაც ჰა, ყავა, პაპიროსი, ამბავი, ლიტერატურაზე ლაპარაკი, ლიტერატურის შორიახლო ამბებზე ლაპარაკი. და თანდათან კიდეც გაგახსენდება, რომ მწერალი ხარ და მთელი წელიწადი ათასი რამით იყავი დაკავებული, წიგნი კი არ დაგიწერია. არც დაგიწყია. ვერც დაიწყებდი, რახან შენი ხელობა წერაა, ათას სხვა რამეს წერ, რომ როგორმე წიგნის საწერი დრო იყიდო, იმიტომ რომ წიგნით ძნელად რომ იშოვო საცხოვრებელი ფარა, სულ არ გინდა იმეების წერა, მაგრამ აბა, მიეჩვიე და თანდათან კიდევ გითრევს. ჰოდა, ფრანკფურტი გადასარევია მაგისთვის, უცებ გახსენდება, რომ შენი ხელობა თავიდან მთლად ხელობა არ იყო, არამედ გულისთქმა, ან რამე ასეთი და გინდა, რომ სასწრაფოდ მიუბრუნდე იმას. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, შიგ ბაზრობაზე ხარ, თუ მის შემოგარენში, თუ მოსაძებნია, მოგძებნიან და თუ არა და, შენ ხომ უკვე გაგახსენდა, რომ წიგნების წერა გიყვარს და გენატრება. ამიტომ მომწონს ფრანკფურტი. რაბლე კი მაინც საჭიროა. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი